Saturday, September 27, 2025

მედეა

არესის ველზე* იდგა მუხა, როგორც დევგმირი
და ცადაღმართულ ხელში ეპყრა ოქროს საწმისი,
ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპი ედგა დარაჯად,
მარადფხიზელი და ვეება, როგორც ფაზისი*.

იდგა ჭყონდიდი* ისეთივე ძლევამოსილი,
როგორც კოლხეთი - აიეტის* საბრძანებელი,
ჰელიოსის* ძეს ეკუთვნოდა ოქროს თილისმა,
როგორც სიმდიდრის, ისე  სიბრძნის თანამხლებელი.

ორქომენიდან* გაქცეულმა ფრიქსემ* კოლხეთში,
მეფის ასული ქალკიოპე* როცა შეირთო,
ქრიზომალოსი* ზევსს* შესწირა და მისი ტყავი
სიმამრს მიართვა, რადგან მფარველ მამად შეიცნო.

მას შემდეგ თვალს სჭრის ბრწყინვალებით მტერს და მოყვარეს,
შორს გავარდნია ოქროს საწმისს თურმე სახელი,
ბევრი ვაჟკაცი გველეშაპის გახდა საკბილო,
რადგან ცდუნების გზას დაადგა მისი მნახველი.

თესალიაში იოლკოსის მეფე პელიასს*,
ცალხამლიანი* იასონი* კარს მისდგომია,
ესონის* ვაჟი მამამისის კუთვნილს ითხოვდა,
ქირონის* გაზრდილს თურმე შემწედ ჰერა* ჰყოლია.

თანხმობა უთხრა პელიასმა, შენს წილ სამეფოს
დაგიბრუნებო, ერთ საგმირო საქმეს თუ იზამ,
მთელი ქალაქი დაგიფასებს, გაღიარებსო,
კოლხთა ქვეყნიდან ოქროს საწმისს თუ ჩამოიტან.

ჭკვაში დაუჯდა იასონს და არგოსს* მიმართა,
მანაც ათენას* შემწეობით გემი ააგო,
ორმოცდაათი ხოფი ნიჩბით დამშვენებული,
სწრაფად მავალი, ზღვის მკვეთელი ხომალდი არგო.

მერე დაიძრნენ კოლხეთისკენ არგონავტები,
გზადაგზა ბევრი განსაცდელი გამოიარეს,
ოლიმპოელნი*  მფარველობდნენ ელადელ* გმირებს,
პონტოს ზღვის* აქეთ ფაზისიც კი ამოიარეს.

კვიტაიაში* იასონი მეფის წინაშე
წარსდგა და მისი საკადრისი ძღვენიც მიართვა,
თუმცა ისეთი რამ ითხოვა მასპინძლისაგან,
კოლხთა სამეფოს ძველ დიდებას ჩრდილი მიადგა.

ავალდებულებს დიდ აიეტს, როგორც კოლხური
სტუმარ-მასპინძლის წესი, ისე ელინთ ქსენია*,
მაგრამ საწმისზე დახარბებულ უტიფარ ბერძენს,
ისეთ პირობას უდებს, ჯერ რომ არვის გვსმენია.

განგების ნებით ვესწრებოდი იმ დარბაზობას,
როგორც სასახლის კარის მცველი, ერთი მებრძოლი,
მე, ამარანთას* მთების მკვიდრი მამულიშვილი,
ჰეკატესა* და აიეტის  ასულს ვეტრფოდი.

მედეა იყო ჰელიოსის ტურფა ბადიში*,
დედის ტაძარში გამოზრდილი გრძნეულ ქურუმად,
ანდამატივით მიმზიდველი, კალმით ნახატი,
იდუმალებით განვრცობილი ვნების ბურუსად.

და ამ ბურუსში გახვეული გულში ვმალავდი
აბრიალებულ ცეცხლად ქცეულ მტანჯველ სიყვარულს,
მე მხოლოდ მისი სიახლოვის მადლით ვსუნთქავდი
და მისი ხილვა მანიჭებდა ულევ სიხარულს.

სანამ შევბედე მცველად მდგომმა ხელმწიფის ასულს,
გადამეშალა მისთვის გული სრული სიწრფელით,
ის სიყვარულის ისრით დაჭრა თურმე ეროსმა*
და იასონი შეაყვარა თავდავიწყებით.

გულის მურაზი მან ჰეკატეს ტაძარში იხმო*,
და სიყვარულის წმინდა ფიცი ისმინა მისგან,
მაშინ ბალახთა და წამალთა მესაიდუმლემ*
იასონს თავის ჯადოსნური მალამო მისცა.

სიყვარულით და გრძნეულებით გაძლიერებულს,
რა დაბრკოლება დაუდგება დაუძლეველი,
ჰეფესტოს* მიერ გამოჭედილ სპილენძის ხარებს
უღელს დაადგამს რათა მოხნას არესის ველი.

მერე დათესავს გველეშაპის კბილებს და მათგან
აღმოცენებულ გოლიათებს გაანადგურებს,
მაშინ მიხვდება აიეტი მედეას ღალატს
და მამის გულში მჭმუნვარება დაისადგურებს.

არ ემეტება ბერძნებისთვის ოქროს საწმისი,
არგონავტები ამაღამვე უნდა გაჟლიტოს,
მაგრამ მედეას ბედი უფრო მეტად ადარდებს,
თავის ასული ტანჯვისათვის როგორ გაწიროს.

მეფემ მოიხმო აფსირტე* და  ბრძანა ამგვარად: 
ვიცი, ამაღამ მოიპარავს ბერძენი საწმისს,
რადგან მედეა გრძნეულებით შეკრავს გველეშაპს
და იოლკოსში თან გაჰყვება კენტავრის გაზრდილს.

წადი შენს დასთან,  ჩემი სიტყვა მას მოუყევი,
გადაიფიქროს მამისა და ქვეყნის ღალატი,
ელინთა ფიცი ნუ ჰგონია ისე ურყევი,
როგორც კოლხების ნაშენები ციხე-ქალაქი.

მარტო წავიდა, ავედევნე მეც აჩრდილივით,
უნდა მიმეგნო მედეასთვის, რადგან მეწადა,
გამომეტაცნა ჩემი სატრფო მინიელთაგან*,
მთას შევხიზნოდი მასთან ერთად, ბედი მეცადა.

არესის ჭალას მისდგომოდა პენტეკონტერი*,
მეხოფეები ზედ მოზიდულ მშვილდებად ისხდნენ,
წასვლის დროაო ბუტბუტებდა მეტყველი მორი*,
ათენას მიერ  დარჭობილი ხომალდის ცხვირზე.

მედეას მიერ ჯადოქრობით მონუსხულ დრაკონს
ჩასძინებოდა ლეთარგიულ* საღათას ძილით,
ოქროს საწმისი ჩამოეხსნა უკვე იასონს,
აღტაცებული დასცქეროდა მოცინარ პირით.

გადაივლიან ამ ველსაც და მიენდობიან
არგოს სისწრაფეს აიადან* თავდასახსნელად,
მაგრამ მანამდე გზად აფსირტეს წააწყდებიან,
რომელსაც უკან მე მივყვები უჩინარ მდევრად.

გადაეხვევა საყვარელ დას უმრწემესი* ძმა,
გულში ჩაიკრავს, დანაბარებს ეტყვის მამისას,
სამშობლოს იქით არ არსებობს ბედნიერება,
ამაო არის ბრწყინვალება უცხო მხარისა.

ხედავდა როგორ ნებდებოდა ძმის ხმას მედეა
და იასონმა საფრთხე იგრძნო რადგან ნამდვილი, 
აიეტის ძეს  საუბარი აღარ აცადა
 და ზურგში ჩასცა  მუხანათმა მოკლე მახვილი.

ხმალამოწვდილი, გრიგალივით მივუხტი ბერძენს,
იმან აპსისი* შეაგება ხალიბურ რკინას*,
დავკარ, გამიძლო ჯადოსნური სალბუნის ძალით,
მივხვდი და შველა გამოვთხოვე ღმერთკაც ამირანს.

დაბლაგვდა თითქოს ჩემი ბასრი, აღარ მიჭრიდა,
ვერას აკლებდა იასონის აბჯარ-მუზარადს,
სიბრტყით ვუხეთქე  ხმალი შუბლში გავეშებულმა,
გონდაკარგული დაეცა და დარჩა უძრავად.

წელზე მოვხვიე მაშინ ხელი სანატრელ დიაცს,
გავაქანებდი კიდეც უკვე ამარანთასკენ,
მაგრამ გამისხლტა და დაემხო აფსირტეს ცხედარს,
ძმას დასტიროდა კოლხურ წესზე ქალი ქალთამზე.

უკვე აქედან გადახვეწის დრო იყო, მაგრამ
რა გულით უნდა მომეტაცა ძმამკვდარი ქალი,
ანდა როგორღა გამემხილა, რა ცეცხლი მდაგავს,
მეც ხომ აფსირტეს ვიყავ ახლა ჭირისუფალი.

თუმცა რად უნდა თქმა მედეას, როცა ნიჭი აქვს
უთქმელისა და უხილავის შემეცნებისა,
ერთი ისეთი შემომხედა, გულის გულს ჩასწვდა
და მოზიარე გახდა ჩემი შეგრძნებებისა.

გონს მოდიოდა რადგან უკვე საწმისის ქურდი,
მისი ქსიფოსი* ავიღე და ყელს მივაბჯინე,
იმსახურებდა ჩემი ხელით ამდაგვარ სიკვდილს,
თუმცა მედეას თვალებმა კი გადაარჩინეს.

თუკი გიყვარვარ, ჩემს სიყვარულს ნუ მომიკლავო,
მითხრა და ამით განაჩენიც გამომიტანა, 
დამამუნათა, იქეთ მთხოვა, აქეთ უარმყო,
ოცნების კოშკი  უმოწყალოდ  ჩამომიშალა.

ისე მიყვარხარ, ვით წამებულს ნეტარი ტანჯვა,
ჩემო ქალღმერთო, სილამაზე შენი მაყრუებს,
კვალდაკვალ დაგდევ მე არა მაქვს შენს იქით სხვა გზა,
ყოვლისმხილველი ჰელიოსი დამიდასტურებს.

შენ ჩემი მზე ხარ, სანატრელო, მე შენი ცა ვარ,
უარს ვერ გეტყვი და რასაც მთხოვ, იმას მიიღებ,
რადგან ასე გსურს, გაგეცლები  ჩემი გზით წავალ,
თუმცა ვიცი, რომ  უშენობა ბოლოს მომიღებს.

მაგრამ დაფიქრდი, ვის მიჰყვები, ან სად მიდიხარ,
რატომ გგონია დაგიფასებს ვინმე ამ ამაგს,
ეს ქვებუდანი* ძმის მკვლელობას შენ დაგაბრალებს,
წამოგაძახებს მამისა და სამშობლოს ღალატს.

საწმისთან ერთად შენ თან მიგაქვს ქვეყნის სიმდიდრე,
დაფარული და გაუთქმელი ქურუმთა ცოდნა,
კოლხური სიბრძნე ააყვავებს და განადიდებს
ელადას, თუმცა დაუცველი დარჩება კოლხა.

ცოლად შეგირთავს, იოლკოსში როცა ჩაგიყვანს,
იქ თავის მტრებზე შურსაც კი შენ გაძიებინებს,
ალქაჯ ჯადოქარს დაგარქმევენ უცხოტომელ ქალს
და კანონიერ ცოლად არვინ მოგიხსენიებს.

მერე კი წავა, გიღალატებს შენი რჩეული,
კრეონის* ასულს შეირთავს და გულს რომ მოგიკლავს,
აი მაშინ კი გაიღვიძებს შენში გრძნეული,
კრეუსას* სიკვდილს მოსასხამის ცეცხლით მოიტანს.

კორინთოელნი შვილებსაც კი დაგიხოცავენ
ჰერას ტაძარში, სიმწრისაგან ჩამოღვრი ცრემლებს,
დიდი ხნის შემდეგ ევრიპიდეს* მოისყიდიან
და ისევ შენზე შეიწმენდენ სისხლიან ხელებს.

ათენში, როცა ეგეოსის* ცოლი გახდები,
დაგაბრალებენ რომ  თესევსის* მოკვლას ცდილობდი,
ბოლოს კოლხეთში დაბრუნდები ისევ მამასთან,
სამარადისოდ პირგახსნილი სულის ჭრილობით.

მშვიდად მისმინა, წამოდგა და ახლოს მოვიდა,
ისე ახლოს, რომ მე მესმოდა რასაც ფიქრობდა,
უძირო თვალებს ჩავყევი და იქ შევიცანი,
რომ თავის ბედი და იღბალი უკვე იცოდა.

ვერ მოხდებაო სამზეოში*  ისეთი რამე,
სულეთში* უკვე რომ არ იყოს გადაწყვეტილი, 
ქურუმმა იცის ერთი სული უკიდეგანო,
კაცის სიცოცხლე მასთან მოსჩანს  როგორც წერტილი.

ყველას თავისი ორბი ჰყავსო, ღვიძლს რომ უკორტნის,
ზოგს ცეცხლი მოაქვს ხალხისთვის და ზოგსაც წამალი,
კაცობრიობა ვერ აიტანს უძრავად ლოდინს,
წინსვლა ქვეყნიდან ქვეყანაში დადის ამალით.

მე შენ გიტოვებ კოლხეთსა და შვილმკვდარ აიეტს,
ამ ქვეყანაზე სამუდამოდ ხარ მიჯაჭვული,
მე კი წავალ და ფარულ სიბრძნეს სხვასაც წავუღებ,
რომ ამ სამყაროს შეაშველონ ხელი და გული.

წამოაყენებს იასონს და წავა არგოსკენ
მედეა მიდის საბერძნეთში, საწმისი მიაქვს,
მე კი გულმოკლულს აღმომხდება ისეთი კვნესა,
რომ არგონავტებს ეგონებათ პრომეთეს გმინვა.

-----------------------
ქემო ქავთარი
-----------------------


განმარტებები:

არესი* - ომის ღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში.
არესის ველი*- ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით კოლხეთში არესის ველზე დიდ მუხაზე ეკიდა ოქროს საწმისი, რომელსაც მარადფხიზელი დრაკონი იცავდა.
ფაზისი* -  იგულისხმება ძველი კოლხეთის მთავარი მდინარე, რომელიც არესის ველის გვერდით მიედინებოდა.
ჭყონდიდი*- დიდ მუხას ნიშნავს მეგრულად.
აიეტი*- ძველი კოლხეთის მეფე, ჰელიოსის ძე.
ჰელიოსი*- მზის ღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში.
ორქომენი*- ძველი საბერძნეთის ერთერთი რეგიონის, ბეოტიის ქალაქი.
ფრიქსე* - ორქომენის მეფის ათამანტის ძე, რომელიც თავის დასთან ჰელესთან ერთად ქალაქიდან გაიქცა, რადგან დედინაცვალმა ინომ ისინი სასიკვდილოდ გაწირა.
ქალკიოპე* - აიეტის ასული და ფრიქსეს ცოლი.
ქრიზომალოსი* - ოქროსბეწვიანი მფრინავი ვერძი, რომელმაც გადაარჩინა და უვნებლად მიიყვანა ფრიქსე კოლხეთში.
ზევსი* - ძველბერძნულ მითოლოგიაში ცის, ელვისა და ქუხილის ღმერთი, რომელიც მთელ მსოფლიოს განაგებდა. 
თესალიაში იოლკოსის მეფე პელიასს* - თესალია არის საბერძნეთის რეგიონი, მის ჩრდილოეთ ნაწილში, მითოლოგიის მიხედვით მის შემადგენლობაში იყო ქალაქი იოლკოსი, რომლის მეფეც იყო პელიასი.
ხამლი* - ძველებური ფეხსაცმლის ერთგვარი ტიპი.
ცალხამლიანი იასონი* - იასონს მხოლოდ ერთი ფეხსაცმელი ეცვა, როცა პელიასის წინაშე წარსდგა. მანამდე პელიასს დელფოსის პითიამ უთხრა მორიდებოდა ცალხამლიან კაცს.
ესონი* - პელიასის ნახევარძმა და იასონის მამა.
ქირონი* - მითიური ბრძენი კენტავრი, რომელმაც  იასონი გაზარდა.
ჰერა* - უზენაესი ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსის და და ცოლი.
არგოსი* - ხომალდი არგოს ამგები, არგონავტი.
ათენა* - საბერძნეთის ერთერთი უმთავრესი ღვთაება, ზევსის უსაყვარლესი ქალიშვილი.
ოლიმპოელნი* - იგულისხმება მითიური ღმერთები, რომლებიც ოლიმპოს მთაზე ცხოვრობდნენ.
ელადა* - საბერძნეთი.
პონტოს ზღვა* - შავი ზღვა.
კვიტაია* - ძველი კოლხეთის სატახტო ქალაქი, იგივე ქუთაია.
ელინთ ქსენია* - ელინების ანუ ბერძნების სტუმართმოყვარეობის წესი (ქსენია).
ამარანთა* - ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით  ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე ამარანთას მთაზე იყო მიჯაჭვული პრომეთე. ქართულში „ამარანთა“ ასოცირდება „ამირანის მთასთან“.
ჰეკატე* - გრძნეულთა ქალღმერთი და აიეტის მეუღლე ბერძნულ მითოლოგიაში.
ბადიში* - შვილიშვილი.
ეროსი* - სიყვარულის ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში.
გულის მურაზი მან ჰეკატეს ტაძარში იხმო* - მედეა იყო ჰეკატეს ტაძრის ქურუმი, სადაც თავისი გულის სწორი იასონი მიიხმო და შეხვდა კიდეც.
მაშინ ბალახთა და წამალთა მესაიდუმლემ* - მითოლოგიაში მედეა მოხსენიებულია, როგორც ბალახთა და წამალთა მესაიდუმლე.
ჰეფესტო*- ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში.
აფსირტე* - აიეტის ძე და მედეას ძმა.
მინიელები* - იგულისხმება არგონავტები, რადგან მინიელების ტომს ეკუთვნოდნენ.
პენტეკონტერი* - ორმოცდაათნიჩბიანი გემი.
მეტყველი მორი* - როდესაც არგოსმა გემის მშენებლობა დაასრულა ათენამ მის ცხვირში ჩაასო წმინდა ტყეში მოჭრილი მორი, რომელსაც ლაპარაკი შეეძლო და არგონავტებს ღმერთების ნებას აცნობებდა ხოლმე.
ლეთარგია* - იგივეა რაც საღათას ძილი.
აია* - იგივე კოლხეთი.
უმრწემესი* - უმცროსი.
აპსისი* - ბერძნული ფარი.
ხალიბური რკინა* - იგულისხმება ხალიბების გამოჭედილი ხმალი.
ქსიფოსი* - მოკლე ბერძნული ხმალი.
ქვებუდანი* - ჩუმი მტერი, გარეგნულად რომ არ ამჟღავნებს, მაგრამ მტერია.
კრეონი* - კორინთოს მეფე, რომლის ასულიც უნდა შეერთო იასონს.
კრეუსა* - კრეონის ასული, რომელიც ჯადოსნური მოსასხამის ცეცხლში დაიწვა.
ევრიპიდე* -კლასიკური საბერძნეთის უდიდესი ტრაგიკოსი პოეტი, რომელმაც დაწერა ტრაგედია სახელწოდებით მედეა, სადაც მედეა საკუთარი შვილების მკვლელად გამოიყვანა.
ეგეოსი* - ათენის მეფე, მედეას მეორე ქმარი.
თესევსი* - ბერძენი გმირი მითოლოგიაში, ეგეოსის ძე და შემდეგ ათენის მეფე.
სამზეო* - სააქაო, ცოცხალთა ქვეყანა.
სულეთი* - საიქიო, გარდაცვლილ სულთა ქვეყანა.

Sunday, August 3, 2025

დავით გურამიშვილი

 

მირგოროდიდან კრემენჩუგში* მიდის მოხუცი,

თეთრ ცხენზე მჯდომი და შემკული თეთრი თმა-წვერით,

ორი წლის უკან შეუსრულდა უკვე ოთხმოცი

და ცალი თვალით ძლივსღა ხედავს, გზას რომ გასცქერის.

 

მიდის მოხუცი და ფიქრებში წარსულსა ფურცლავს...

ეჰ, ცრუ საწუთრომ რაოდენი ჭირი არგუნა,

შორს გადმოხვეწილს საქართველო სტკიოდა გულს და

სიცოცხლე ისე გაილია, შინ ვერ დაბრუნდა.

 

თავის ბავშვობა აგონდება გორის უბანში*,

მამაპაპური სამყოფელი გურამიშვილთა...

ო, რა სასტიკი ძნელბედობის დრო იყო მაშინ,

გარეშე მტერთა მოძალება, ძმათა სისხლისღვრა.

 

დანაწევრებულ საქართველოს ისე ძიძგნიდნენ

თურქნი და სპარსნი, როგორც სისხლისმსმელი სვავები,

ქართლსა და კახეთს, სათარეშოდ მეტად მიმზიდველს,

ლეკნი და ოსნი ესეოდნენ ვით ჭილყვავები.

 

შაჰის ბრძანებით ქართლის მეფე ავღანთ მუსრავდა*,

ქართლში ძმისწული მისი ვახტანგ ჯანიშინობდა*,

სულხან-საბასგან გამოწვრთნილი თავს არ ზოგავდა*

და საქართველოს აღშენებას გულით ცდილობდა...

 

როგორც გიორგი, ქაიხოსროც* კვდება ავღანეთს,

ხოლო ვახტანგი არ მიიღებს რადგანაც ისლამს,

ქართლის მეფობას შაჰი მის ძმას გადააბარებს,

იასეს*, ანუ მაჰმადიან ალიყული-ხანს.

 

დადგა და მყისვე ძმის ნაშენებს დაუწყო ნგრევა,

მის ხელში ძნიად ასცდებოდა ქართლს გათათრება...

ისევ ვახტანგი დათმობს ქრისტეს სჯულს სიტყვიერად,

რათა შეიძლოს ქრისტიანად ქართლმა დარჩენა.

 

მეფედ დაბრუნდა ტყვეობიდან და უკუაგდო

ნაძალადევად მიღებული მაჰმადის რჯული,

მფარველს ეძებდა და ჩრდილოეთს თვალნი მიაპყრო,

რუსთა ხელმწიფის დაპირებებს დაუგდო ყური.

 

მერე შეფარვით საირანოდ შეკრბა ლაშქარი,

განჯაში რუსთა მოლოდინში ლეკებს ებრძოდა,

სამი თვის შემდეგ მოუტანეს ნასი ამბავი*,

ომის ერთი წლით გადადება მეფეს ეცნობა.

 

მაინც გაცხადდა დაფარული და შაჰ-თამაზთან*

შესმენამ მალე მიაღწია ვერაგულ მიზანს,

დიდად განრისხდა ყაენი და ქართლი გადასცა

კახეთის მეფე კონსტანტინე მამადყული-ხანს.

 

თავიდან თურმე არ ისურვა კახთა ბატონმა

ძმათა სისხლისღვრა და ვახტანგთან სცადა ერთობა,

თუმცა ძმობის ფიცს უნდობლობამ ისევ აჯობა,

რადგან გულმღვრიე იასე კვლავ იბლისს* შეკვროდა.

 

ღვარძლმა იხარა უკუღმართად ნახნავ-ნაფარცხში,

ბრმად ქცეულ კახთა შემოტევა ნახა თბილისმა,

მედგრად დაუხვდნენ ქართლელები ციხე-ქალაქში

და გამარჯვებას ჰქონდა გემო ქართლის ჭირისა.

 

გაბრუნდა უკან კონსტანტინე* გაწბილებული,

იხმო სპარსნი და ჭარის ლეკნი დასახმარებლად,

კვლავ შემოადგა დედაქალაქს განრისხებული,

ქართული სისხლი ღვარა მტრისა გასახარებლად.

 

მერე ოსმალო წამოვიდა ქართლის „საშველად“

დაისაკუთრა თბილისიც და გორის ციხეცა,

ვახტანგი რუსეთს გადავიდა პეტრეს* იმედად,

ხოლო იასეს, აწ მუსტაფას, ქართლი მიეცა.

 

არ გატყდა ქართლი, აჯანყდა და იხმო კახეთიც,

თუშ-ფშავ-ხევსურნიც მოსულიყვნენ თურქთა სამუსრად,

გორის ციხეზე დაიგეშნენ ნაფიც-ნავერცხლნი,

ატენთან* ერთობ სისხლისმღვრელი ბრძოლა გახურდა.

 

პირველით სძლიეს და გაჩენის დღეც აწყევლინეს

შეურაცხმყოფელთ ქართულ მიწის, ქრისტეს სჯულისა,

მაგრამ იასე მტრის მაშველად მოსვლას შეიძლებს,

მოღალატე და გამყიდველი ქართლის გულისა.

 

„ვაი იმ დღისა დამსწრებსა“* და მნახველს დავითსა,

ხმლის ვადას შერჩა მტრის სისხლი და გულს კი სამსალა*,

აწიოკებულ ქართლში გლოვის ტირილი იდგა,

უფალი გვსჯიდა, რადგან ცოდვამ მადლი დასძალა.

 

ახლაც ყურებში უდგას მოხუცს ქართლის გოდება,

ამ მოგონებებს ყოველ ჯერზე ცრემლის გემო აქვს,

ლოცვას აღავლენს, სინანულში გაჰყავს ცხოვრება,

საქართველოსთვის უფლისაგან ითხოვს შენდობას...

 

მიდის მოხუცი, ჩორთით მიჰყავს თეთრი იაბო,

ორმოციოდე ვერსის გავლამ უკვე დაღალა,

ცხოვრების გზაზე ბედისწერამ სად არ მიაგდო,

სოფლის ბოლომდე მუხლის ჩახრაც არ დააცალა.

 

დასასვენებლად დაქვეითდა წყაროსთან მგზავრი,

პური გატეხა და ცოტა ხნით თვალიც მილულა,

წარსულის ნისლი აედევნა ისევ სიზმარში

და ნახა, ლეკნი ჩასდგომოდნენ კვალში მალულად.

 

ეზმანა მისი სიჭაბუკე, ლამისყანაში*

როგორ შეიპყრეს და დაღესტნის გზას გაუყენეს,

ხაროში გდება ოსოქოლოს*, როგორც საფლავში,

ტანჯვა-წამების შავი დღენი რომ გაუთენეს.

 

გაქცევა სცადა, დაიჭირეს, უფრო აწამეს,

არა მისცეს რა, არც საჭმელი, არც ტანსაცმელი,

ტყვედ გაჰყიდიან, თუ იცოცხლა ოღონდ მანამდე,

ყურმოჭრილ მონის ბედი ელის და განსაცდელი.

 

სიკვდილის პირას მისულა და ლოცვად უთქვია:

„მიხსენ ცხოვარი წყმენდილიო“* კეთილო მწყემსო,

სიკვდილ-სიცოცხლე ღვთის განგება არის სრულიად,

მომკალ ხორცითა, ოღონდ სულით ნუ წარმწყმედ ღმერთო*.

 

შემწედ შეექმნენ მზეთა-მზე და მზე სიმართლისა*,

მხნეს და ჩქარს წყაროს განუხეთქავს მთა და გორია,

კვლავ გაქცეულა და უვლია ღამ-ღამ მალვითა,

სანამ თერგის პირს რუსთა სოფელს არ მისდგომია...

 

და რა იხილეს ქრისტიანთა მოყვასი იგი,

მიუსაფარი, დავრდომილი უცხო ტომელი,

არ დაიშურეს მზრუნველობა და სითბო მისთვის,

მოენედ* თურმე იანვარა იხმეს ფხოველი...

 

წასვლა ინება მადლიერმა ხიზანმა* ბოლოს,

თუმცა თერგს აღმა შეჰყოლოდა ვეღარ გაბედა

და მიაშურა ჯერ აშტარხანს*, მერე კი მოსკოვს,

რუსეთში მყოფი ქართველების კვალის საძებნად.

 

ეახლა ვახტანგს, შეუერთდა ქართველთა კრებულს,

ჯაბადარბაშის* უწყალობა მეფემ სახელო*,

იმპერატრიცის* დაპირებით დაიმედებულს

სჯეროდა, ფეხზე დადგებაო კვლავ საქართველო.

 

თუმცა საწუთრო დარუბანდში ჩასულ ქართველებს

აჩვენებს ქართლის ბედის ჩარხის მრუდე საბრუნავს,

უზურპატორი ნადირ შაჰი* იმდენს ახერხებს,

რომ რუსთა ჯარი უბრძოლველად დათმობს დარუბანდს*.

 

შემოეყარა კაეშანი  და გულმჭმუნვარი

ვახტანგ მეექვსე სამუდამოდ დარჩა აშტარხანს,

იმედდაშრეტილს აღარ შერჩა ბრძოლის უნარი,

ქართლის სამეფოს საზრუნავი მიანდო ბაქარს*.

 

დაემშვიდობა მეფე ერთგულ თანამებრძოლებს,

მადლიერებას მოჰყვებოდა კილო ბოდიშის,

ზოგი მათგანი გზას გაუდგა საქართველოსკენ,

ბატონიშვილთან დარჩა ზოგიც რუსთა ლოდინში.

 

ორი წლის შემდეგ, აღესრულა როცა ვახტანგი,

როს ქართლის მეფემ  მიაბარა სული უფალსა,

ქართველნი რუსთა ქვეშევრდომნი გამხდარან მაშინ

და ასეული შეუქმნიათ ქართველ ჰუსართა.

 

ქართული ჟინით ბრძოლა რუსთა იმპერიისთვის,

ხან პრუსიაში, ხან შვედეთში, ხან ოსმალეთში...

ტყვედ ჩავარდნილა პორუჩიკი* გურამიშვილი

და მაგდებურგში* ორი წელი დაჰყო ციხეში.

 

ტყვეობამ, ომმა, ჭრილობებმა თავისი ქნა და

ჯანგატეხილმა სამსახური ვეღარ განაგრძო,

მამული ჰქონდა მირგოროდში და იქ დასახლდა,

მეურნეობა აღადგინა, საქმე ააწყო.

 

ავალიშვილის ქალი ჰყავდა მეუღლედ დავითს,

სრულად ავსებდა სიყვარულით მას ტატიანა,

ბედნიერებას აკლდა ერთი მისხალი მაინც,

უშვილძირობა აკვნესებდა გულს დარდიანად.

 

ვერ გააგრძელა თავის ჯიში, თავის ჯილაგი,

შთამომავლობა ვერ დატოვა ამ ქვეყანაზე,

ვინ დაიტირებს, ვინ იგლოვებს თვალცრემლიანი,

ეპიტაფიას ვინ წააწერს საფლავის ქვაზე?..

 

მიდის მოხუცი, მიუყვება მტვრიან შარაგზას,

კრემენჩუგამდე ორიოდე ვერსიღა დარჩა,

პოტიომკინის* სასახლეში მიდის, რადგანაც

ბატონიშვილი მირიანი* სტუმრობსო გრაფთან.

 

მიდის და მიაქვს გურამიშვილს „დავითიანი“,

საქართველოში რომ გაგზავნოს მოსანათლავად,

თავის ქმნილება, წიგნი იგი სიტყვამზიანი,

არ ემეტება უცხოეთში დასაკარგავად.

 

მას მიაბარა ყველაფერი ბრძენმა პოეტმა,

თავისი ცოდნაც, ნიჭიცა და გამოცდილებაც,

აქ არის ქართლის ჭირიცა და მისი ცხოვრებაც,

მისი ლოცვანი აღვლენილი ღვთის სადიდებლად.

 

არ დაადარა თავის ლექსი რუსთველის შაირს,

სიღრმისეული გააზრებით შექმნილს ბრძენთათვის,

შეუძეძვავი ხე დაგვირგო ამ წიგნის სახით,

რათა იოლი გახდეს სწავლა მოსწავლეთათვის.

 

აქვე საწუთროს სამდურავიც გვითხრა მგოსანმა,

მერე სიკვდილთან პაექრობაც კი გაგვიმართა,

თავის ანდერძში პატიება გვთხოვა ცოდვათა,

და ჩვენს გულებში სიყვარულის სხივი მიმართა.


და როგორც დავით მეფსალმუნემ მისი დავითნი,

გურამიშვილმაც დაგვიტოვა „დავითიანი“

მირგოროდიდან კრემენჩუგში მიდის დავითი,

საქართველოში ჩამოიტანს წიგნს მირიანი.


----------------- 

ქემო  ქავთარი



განმარტებები:

მირგოროდი და კრემეჩუგი * - ქალაქებია უკრაინაში;

გორის უბანი* - სოფელი საგურამოს თემში;

ქართლის მეფე ავღანთ მუსრავდა* - იგულისხმება გიორგი XI,  ქართლის მეფე 1676-1688 და 1703-1709ბწლებში;

ქართლში ძმისწული მისი ვახტანგ ჯანიშინობდა* - იგულისხმება ვახტანგ VI, ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714 წლებში; ქართლის მეფე 1716-1724 წლებში

სულხან-საბასგან გამოწვრთნილი* - სულხან-საბა ორბელიანი იყო ვახტანგ VI -ის აღმზრდელი.

ქაიხოსრო* - ქართლის მეფე 1709-1711 წლებში, ვახტანგ VI -ის ძმა;

იასე* - ქართლის მეფე 1714-1716 და 1724-1727 წლებში, იგივე იესე, იგივე ალიყული-ხანი, იგივე მუსტაფა ფაშა;

ნასი ამბავი* - ცუდი ამბავი;

შაჰ-თამაზი* -. ირანის შაჰი 1729–1732 წლებში (შაჰ-ჰუსეინის ვაჟი);

იბლის* - ისლამური მითოლოგიის სატანა, ბოროტების განსახიერება;

კონსტანტინე* - კონსტანტინე II  (მამადყული-ხანი), კახეთის მეფე 1722-1732 წლებში;

პეტრე* - პეტრე დიდი, რუსეთის იმპერატორი 1721-1725 წლებში;

ატენი* - სოფელი ქართლში, გორის ციხის მახლობლად;

„ვაი იმ დღისა დამსწრებსა“* - ციტატა დავითიანიდან;

სამსალა* - შხამი, ძლიერი საწამლავი;

ლამისყანა* - სოფელი შიდა ქართლში;

ოსოქოლო* - სოფელი დაღესტანში;

„მიხსენ ცხოვარი წყმენდილი“* -ციტატა დავითიანიდან;

„მომკალ ხორცითა, ოღონდ ნუ წარმწყმედ სულითა“* - ციტატა დავითიანიდან;

მზეთა-მზე და მზე სიმართლისა* - გურამიშვილი დავითიანში მზეთა-მზეს უწოდებს მამა ღმერთს, ხოლო მზე სიმართლისას უწოდებს იესო ქრისტეს;

მოენე* - თარჯიმანი;

ხიზანი* - შეხიზნული, შეფარებული ადამიანი;

აშტარხანი* - დღევანდელი ქალაქი ასტრახანი;

ჯაბადარბაში* - იარაღის საწყობის უფროსი;

სახელო* - თანამდებობა

იმპერატრიცა* - იგულისხმება რუსეთის იმპერატორი ანა (1730-1740წწ);

უზურპატორი ნადირ შაჰი* - იგულისხმება ირანის შაჰი 1736 -1747 წლებში, იგივე თამაზ ყული ხანი, რომელმაც უკანონოდ ჩაიგდო ხელში ირანის ტახტი.

დარუბანდი*  - ქალაქი დაღესტანში, დღევანდელი დერბენტი.

ბაქარი* - ვახტანგ VI -ის შვილი;

პორუჩიკი* - სამხედრო წოდება იმდროინდელი რუსეთის ჯარში;

მაგდებურგი* - ქალაქი დღევანდელ გერმანიაში;

პოტიომკინი* - იგულისხმება გრაფი პავლე პოტიომკინი, რომელმაც ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს;

ბატონიშვილი მირიანი* -  ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ძე, შედიოდა იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ერეკლე II-მ გაგზავნა პეტერბურგს 1783 ტრაქტატის დადებასთან დაკავშირებით.