Sunday, September 8, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი VI - ვარდოს ნაამბობი, თავი II - მოტაცება

560.  ერთ საღამოს, არემარე
         რომ ისხამდა ბინდის ფერსა,
         სოფლის გზას მივუყვებოდი
         მეზობლის გოგოსთან ერთად.

561.  რატომღაც უკან მრჩებოდა
         და განზრახ ითრევდა ფეხსა,
         ვაჩქარებდი, არ მინდოდა,
         რომ გზაში მოესწრო ბნელსა.

562.  უცებ ვიგრძენ მისი ხელის
         თითები შემეხო ყელსა,
         ნათლობის ჯვარს წაეტანა,
         ხელად შეაწყვიტა ძეწკვსა.

563.  შეტრიალდა და უკანვე
         სირბილით აუყვა სერსა,
         ახსნა ვერსით მოვუძებნე,
         მის უმსგავსო საქციელსა.

564.  გზა განვაგრძე და მალედვე
         შიშისაგან ელდა მეცა,
         როცა ცხვირწინ შევეფეთე
         ჭიჭიას მღვრიე თვალებსა.

565.  ისეთ ადგილას დამიხვდა,
         სულ რომ არ ჩანდა სოფლიდან,
         მივხვდი, ჩემი თანამგზავრიც
         ამ გარეწარს მოესყიდა.

566.  ხელი მტაცა და მაჯაზე
         გამეტებით მომიჭირა,
         კრიჭაშეკრულმა ვერ შევძელ,
         რომ საშველად დამეყვირა.

567.  სილა შემოვკარ და სახე
         ჩამოვახოკე ფრჩხილებით,
         მწარე ღმუილი აღმოხდა,
         გააღრჭიალა კბილები.

568.  სახე იცვალა, მეჩვენა
         ურჩხულის შეხედულებით,
         არსი შევიცან ჩემს თავზე
         დამტყდარი უბედურების.

569.  წინ მედგა ჭინკა-მაქცია
         საზარო აგებულებით,
         გულწასული ძირს დავეცი,
         თვალთ დამიბნელდა სრულებით.

570.  ვიგრძენი, როგორ შეიხსნა
         სულმა სხეულის ხუნდები,
         მეგონა უკვე გათავდა
         ამ სოფლად ყოფნის წუთები.

571.  არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავ
         გრძნობამიხდილდაკარგული,
         რა ძალამ შემომაბრუნა
         ლამის ხიდზე გადასული.

572.  გონს მოვედი ბნელ სარდაფში
         გაკოჭილი, პირაკრული,
         თავი საფლავში მეგონა
         ცოცხლად ჩაფლულ-დამარხული.

573.  მაღლა ხალხი ხმაურობდა,
         კარგად რომ დავუგდე ყური,
         საუბარიც გავარჩიე
         ჭერს ზემოდან ჩამოსული.

574.  ხმა ვიცანი დედაჩემის,
         გაბზარული, დაზაფრული,
         მაჩვენეთო ჩემი შვილი,
         სადა გყავთო დამალული.

575.  უპასუხეს, რომ ჭიჭიას
         არ ვყავდი მოტაცებული,
         თურმე ნებით გავყოლივარ
         სიყვარულით ფრთაშესხმული

576.  და რადგანაც მშობლებისგან
         ვყოფილვარ დაშინებული,
         ჩემი თხოვნითვე აღმოვჩნდი
         სოფლიდან გარიდებული.

577.  გატყუებენ თქო, ვყვიროდი,
         აქა ვარ გამომწყვდეული,
         პირსახვევს ვერა სცდებოდნენ
         სიტყვები ბრაზმორეული.

578.  წავიდა დედა მტირალი,
         უტიფრად მოტყუებული,
         ვაი თუ დაიჯერა თქო,
         ვფიქრობდი შეშფოთებული.

579.  მომაკითხეს ცოტა ხანში
         ჭიჭიამ და დედამისმა,
         კაცის ტყავში გახვეული
         ჭინკები შეიცნო ფიქრმა.

580.  მოვიდა სადედამთილო,
         სკამზე მიბმულს წინ დამიდგა,
         დამცინავად გამიღიმა
         და ნიშნის მოგებით მკითხა,

581.  რად ურჩობო, მწყემსის ქალო,
         ხომ არ მიწუნებო ბიჭსა,
         გაფრთხილებდი თუ გახსოვსო,
         რომ ყოველთვის ვაღწევ მიზანს.

582.  ამ ჯურღმულში დაგალპობო,
         გაყურყუტებ კიდევ დიდხანს,
         სანამ თანხმობას არ იტყვი
         ჩემს ვაჟთან შეუღლებისას.

583.  თუ ისურვებ მის ცოლობას,
         მოიბრუნებ ჩვენსკენ პირსა,
         არაფერი მოგაკლდება,
         გემოს ნახავ ცხოვრებისას.

584.  დამიჯერე, მორჩილებით
         გახდიო ერთგული რძალი,
         ისეთ ქორწილს გადაგიხდით,
         რომ მტერს დაუდგესო თვალი.

585.  წესითა და რიგით უნდა
         შექმნათ ოჯახი ახალი,
         ნებით უნდა დაიწიდნო,
         შეიყვარო შენი ქმარი.

586.  ერთურთს ვერ მიგაკარებთო,
         შეიკავოთ უნდა თავი,
         სანამ არ ჩატარდებაო
         საქორწილო რიტუალი.

587.  ვუსმენდი და მძვინვარებდა
         გულში ზიზღის ქარიშხალი,
         ჭინკა ჭიჭიას სარეცელს
         მახარბებდა ეს ავქალი.

588.  არასოდეს გავხდებოდი
         მისი, თუნდაც მოვეკალი,
         მაგრამ ვფიქრობდი, როგორმე
         მეპოვნა გამოსავალი.

589.  შევეცადე დრო მომეგო,
         თანხმობა ვუთხარ კანკალით,
         ვტიროდი, ცრემლებსა ვღვრიდი
         ძალადობისგან გამტყდარი.

590.  უარს ღვთის სახლში ვიტყოდი,
         დასრულდებოდა კოშმარი,
         ჯვარს ძალით ხომ არ დამწერდა
         ქრისტეს მსახური მოძღვარი.

591.  სამამამთილოს მიმგვარეს,
         როგორც სამსხვერპლო ბატკანი,
         მუშტარის თვალით მსინჯავდა
         თვითკმაყოფილი ვაჭარი.

592.  კარგიაო, ბრძანა, რაკი
         ნებით ხდება ჩვენი რძალი,
         დიდხანს ნუღარ გადავდებთო,
         მომზადდესო რიტუალი.

593.  მერე ვახშმად მიმიწვიეს
         გამაცნეს მთელი ოჯახი,
         მოსასვენებლად დამითმეს
         ერთი პატარა ოთახი.

594.  განვმარტოვდი, მოვიძიე
         ჯვარი შენი ნაჩუქარი,
         გულის ჯიბით რომ დამქონდა
         ანდამატი სანუკვარი.

595.  ვილოცე მუხლმოდრეკილმა,
         უფალს შევავედრე თავი,
         ღამე თეთრად გავათენე,
         შიშით ვერ მოვხუჭე თვალი.

596.  გათენდა და აზუზუნდა
         სახლი ფუტკრების სკასავით,
         დიდი სამზადისი ჰქონდათ,
         მისვლა-მოსვლა და ხავხავი.

597.  მოვიდა დიასახლისი,
         ღიმილს აფრქვევდა ალქაჯი,
         თან თეთრი კაბა მოჰქონდა
         ოქრომკედულით ნაქარგი.

598.  მასთანვე სხვა სამოსელიც,
         ერთიც ბეჭედი ალმასის,
         გამოეწყვეო, მიბრძანა,
         ქმარს რომ შეხვდეო ლამაზი.

599.  ჩავიცვი, ბედმა სარკიდან
         მწარედ დამცინა ქარაგმით,
         გულს შენი ჯვარი მეკიდა,
         ტანს კაბა ჭინკის პატარძლის.

600.  ცოტაც გავძლებ თქო, ვფიქრობდი,
         და როცა მივალთ ტაძარში,
         თავს რომ დავაღწევ ტყვეობას,
         გავცვლი მონაზვნის კაბაში.


(გაგრძელება იქნება)

*************
ქემო ქავთარი



Saturday, September 7, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი VI - ვარდოს ნაამბობი, თავი I - ტაძრისკენ ლტოლვა

529.  ვარდომ მიუგო: „ხომ გახსოვს,
         მამაშენს რომ გაჰყევ მთაში,
         იმ დღეს გამოჩნდნენ ჭიჭიას
         მაჭანკლები ჩვენს ოჯახში.

530.  მოკლედ უთხრა მამამ მაშინ,
         ნაადრევად გარჯილხართო,
         დედისერთა ასული მყავს,
         ჯერ ვერ გავათხოვებ ქალსო.

531.  რომ წავიდნენ, მერე მიხმო,
         შენი აზრის ცოდნა მწადსო,
         თუკი ერთმანეთი გიყვართ,
         გაგაყოლებ ვაჭრის ბალღსო.

532.  ვუპასუხე, ჯერ არავინ
         არ მომწონს თქო მამაჩემო,
         ნუ ინებებ, ძალით შემრთო
         ქმარი და ჯვარი დამწერო!..

533.  გაეცინა, მაშ სასიძოს
         უშენოდ არ ავარჩევო,
         ოღონდაც ამასობაში
         შინაბერად არ დამრჩეო.

534.  მეორედ უკვე ჭიჭიას
         მშობლები თვითონ მოვიდნენ,
         ურცხვად იკვეხდნენ ქონებას,
         ოქრო-ვერცხლითა სწონიდნენ.

535.  დაპირებებით აგვავსეს,
         საიდან აღარ მოგვიდგნენ,
         მამა კვლავ უარზე იდგა
         და ვერაფერზე მორიგდნენ.

536.  შემდეგ მოსვლაზე შემთხვევით
         ჭიჭიას დედას წავასწარ,
         კერაზე ანთებულ ცეცხლში
         ჰყრიდა დაძონძილ ნაბადსა.

537.  არ დაუმალავს, იქ მითხრა,
         ჯადოს ვკრავო იმდაგვარსა,
         თავბოლოს ვერვინ გაუგებს,
         ვერ გახსნისო ჩემს ნახლართსა.

538.  ვერასდროს შეეყრებიო
         ჭიჭიას გარდა სხვა ქმარსა,
         ყველა მოკვდებაო, ვისაც
         უწილადებ ტრფობის ალსა.

539.  შემეშინდა, დედას ვუთხარ,
         არ დამიჯერა, გაბრაზდა,
         სასიძოს დასაწუნებლად
         ჰყვებიო ასეთ ზღაპარსა...

540.  ვატყობდი, რომ ჯადო უკვე
         თავის საქმეს აკეთებდა,
         მშობლებიდან დაწყებული
         ყველა ჭიჭიას მიქებდა.

541.  წავედი, მოძღვარს შევჩივლე,
         მომისმინა, გამამხნევა,
         უფლის მიმართ ვილოცოთო,
         შევთხოვოთო ხსნა და შველა.

542.  წამომყვა, სახლი აკურთხა,
         ევედრა სამყაროს გამჩენს.
         ებრძოდა ბოროტი ძალა
         აიაზმასა და სანთელს.

543.  ღმერთმა აცხონოს, ემსხვერპლა
         უანგარო კეთილ საქმეს,
         დილით სენაკში ბერებმა
         თურმე გარდაცვლილი ნახეს.

544.  ისევ მოადგა მზაკვარი
         სადედამთილო ჩვენს ეზოს,
         მშობლების უჩუმრად მკითხა,
         რატომ მარიდებ თვალებსო.

545.  რომ იცოდე, იმ საწყალი
         მღვდელის ცოდვა შენ გადევსო,
         ყველა, ვისაც შველასა სთხოვ,
         მის ბედს გაიზიარებსო.

546.  შიშმა შემიპყრო, დამთრგუნა,
         მიზეზს კი ვერსად ვამბობდი,
         მამასაც ვეღარ შევბედე,
         მის სიცოცხლეზე ვდარდობდი.

547.  ჭიჭიას დედის მუქარას
         მინდოდა სადმე გავცლოდი
         და მაჭანკლების მოსვლაზე
         უკვე სახლიდან გავრბოდი.

548.  გული ტაძრისკენ მიწევდა,
         მონასტერში მოვდიოდი,
         მონაზონ დედებთან ერთად
         გულმხურვალედ ვლოცულობდი.

549.  გადავწყვიტე, რომ მონასტერს
         სამუდამოდ შევხიზნოდი
         და ასკეტური ცხოვრების
         სირთულეებს შევდგომოდი.

550.  დამეთრგუნა ყოველგვარი
         ხორციელი სიხარული,
         უთქმელ გრძნობად შემენახა
         გულში შენი სიყვარული.

551.  ამიტომაც განზრახ ცივად
         შეგხვდი, როცა დამიბრუნდი
         და ტყუილით გაიძულე,
         შეგექცია ჩემთვის ზურგი.

552.  არაფერი დამვიწყნია,
         თუმც იმ დღეს სხვაგვარად გითხარ,
         ახლაც კი შენახული მაქვს
         შენი ნაჩუქარი ტიტა.

553.  რომ მოგწამლეს, იმ დღეს თვითონ
         კუდიანმა ჯიბრით მითხრა,
         შენი ტიტე სულს ღაფავსო,
         ვეღარ გააწევსო დიდხანს.

554.  უფლის მადლით, მე შევძელი
         მაშინ შენი გადარჩენა,
         ჩემი თხოვნით დაგიმალეს,
         დაგტოვე ჩემზე ნაწყენად.

555.  მერე ერთხელ გთხოვე კიდეც,
         ისევ შენს გადასარჩენად,
         დაეხსენ თქო, არ მაწუხებს
         ჭიჭიასგან კუდში დევნა.

556.  წახვედი და დავრჩი ობლად,
         მფარველობას მოკლებული,
         მარტოდმარტო, ვით ყვავილი
         კლდის ნაპრალში ამოსული.

557.  ბოროტებით გავსილიყო
         ცა საავდროდ მოქუფრული
         და წალეკვას მიპირებდა
         დელგმა ჩემზედ წამოსული.

558.  საფრთხეს ვგრძნობდი, ჭიჭიასთან
         შეხვედრას ვერიდებოდი,
         მარტო სიარულს ვუფრთხოდი,
         მეშინოდა, არ ვიმჩნევდი.

559.  ვესწრაფვოდი ტაძრად მისვლას
         სამონაზვნე მორჩილებით,
         მაგრამ სხვაგვარად საზღვრავდა
         ჩემს ბედს თურმე შემოქმედი.

(გაგრძელება იქნება)

*************
ქემო ქავთარი

Friday, September 6, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი V - დაბრუნება, თავი II - შეხვედრა


504.  მოხუცის სტუმრობის შემდეგ
         შვიდი დღე ოთხჯერ გავიდა,
         ღერძის ირგვლივ ოცდარვაჯერ
         გადაგორდა დედამიწა.

505.  ამასობაში კი მთვარემ
         ერთი სრული წრე აღრიცხა,
         ჯერ დარდისგან გაილია,
         მერე ივსებოდა დიდხანს.

506.  ბოლოს ისე გაიბადრა,
         სიხარულით ცას ეწია,
         ბაღისკენ მიმავალ ტიტეს
         შუა გზაზე დაეწია.

507.  უკან გაჰყვა ფეხაკრეფით,
         შარაგზაზე გაეფინა,
         ხეთა კორომში გამოძვრა
         ათინათად დაებნია.

508.  ბაღში შეჰყვა და ყვავილებს
         ჩაეკონა, ჩაეხვია,
         საფლავის წინ შემდგარ ტიტეს
         მოგონებად დაეფრქვია...

509.  აქ დაიწყო ყველაფერი,
         ნორჩ გულებს გრძნობა ეწვია
         და უთქმელი სიყვარული
         ერთ კოცნაში ჩაეტია.

510.  იდგა ვაჟი მთვარის შუქზე
         ცრემლი ედგა თვალებშია,
         სადაც იყო მოვიდოდა,
         ის ვინც სიცოცხლეს ერჩია.

511.  მთვარე მიხვდა მიჯნურთ შორის
         მისი ყოფნა ზედმეტია,
         მორიდებით განზე გადგა
         და ღრუბლებში გაეხვია.

512.  გაირინდა არემარე,
         ირგვლივ ჩქამიც არ ისმოდა,
         ნიავმა სუნთქვა შეიკრა,
         ფოთოლიც კი არ იძვროდა.

513.  დრო შეჩერდა თითქოს წამით,
         რა ეფიქრა არ იცოდა,
         გრძნობდა, ოცი წლის წინანდელ
         წყევლას ყავლი გასდიოდა.

514.  ბილიკზე ქალი გამოჩნდა
         მონასტრის კარიბჭის მხრიდან,
         ყელმოღერილ ირემს ჰგავდა,
         ბაღნარში რომ შემოვიდა.

515.  შეამჩნია ვაჟმა, უმალ
         შესახვედრად წამოვიდა,
         ქალმაც ნაბიჯს აუჩქარა
         და ჩრდილიდან გამოვიდა.

516.  ვარსკვლავები აწრიალდნენ,
         ლამის ჩამოცვივდნენ ციდან,
         საროსტანას ყვავილების
         მთელი გუნდი ქედს უხრიდა.

517.  მთვარეს სულმა წასძლია და
         ქალის სახეს მოეფინა,
         სხივმოსილმა სილამაზემ
         მისი ნათელი დაჩრდილა.

518.  აუჩქროლდა ვარდოს გული,
         მკერდში ვეღარ დაეტია,
         თავის ტოლსწორი შეიცნო,
         ტანმაც მისკენ გაიწია.

519.  მივიდა, ნოტიო თვალნი
         ვაჟს სახეში შეაფრქვია,
         მკერდს ჩაეკრა და მკლავები
         ყელ-კისერზე შემოხვია.

520.  სუნთქვა სუნთქვას შეერია,
         მკერდმა მკერდი რომ გაათბო,
         ტუჩთან ტუჩი შეერთდა და
         ჟრუანტელი აჰყვა ამბორს.

521.  ძარღვებში სისხლს შეერია
         და ვნების ცეცხლი დაანთო,
         მთელ სხეულში ჩაიღვარა,
         გულმა გულს გრძნობა გაანდო...

522.  და აღმოხდა მაშინ ტიტეს:
         „მიყვარხარო, ჩემო ვარდო,
         ჩემთვის ქმნილო ბედისწერავ,
         ჩემო ოცნებავ და დარდო!..

523.  ახლობელო, შორეულო,
         გულო გრძნობამორეულო,
         ჩემსავით გადარეულო,
         ჩემი სულის ორეულო,

524.  წყევლა ჰკლავდა ჩვენს სიყვარულს,
         მაგრამ გადარჩა, გაუძლო.
         ახლა, გინდა მიწა გასკდეს,
         შენს თავს არავის დავუთმობ...“

525.  ქალმა უთხრა: „მეც მიყვარხარ,
         მე შენში ვარ, შენ კი ჩემში,
         შენს გარეშე ეს სიცოცხლე
         ტანჯვა არის მხოლოდ ჩემთვის.

526.  ბედნიერი მაშინ ვიყავ,
         როცა შენ მედექი გვერდში,
         მუდამ ვგრძნობდი, რომ გიყვარდი,
         ვკითხულობდი შენს ფიქრებში.“

527.  ნათქვამი ეამა ტიტეს,
         შემოხვია წელზე ხელი,
         იქვე ძელსკამზე ჩამოსხდნენ,
         სასაუბრო ჰქონდათ ბევრი.

528.  მერე სთხოვა: „მომიყევი,
         როგორ მოხდა ყველაფერი!..
         როგორ აღმოჩნდა ჭინკების
         ხელში ქალი მშვენიერი?..“

(მეხუთე ნაწილის დასასრული)
(გაგრძელება იქნება)

*****************
ქემო ქავთარი




Thursday, September 5, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი V - დაბრუნება, თავი I - გაციებული ღადარი


482.  დაბრუნდა ტიტე სოფელში,
         მდუმარედ დახვდა სახლ-კარი,
         უჟამურ სევდას ებრძოდნენ
         კედლები ტკივილჩამდგარნი.

483.  ეზოში მწვანედ ღელავდა
         მოზღვავებული შამბნარი,
         უკაცურობის დასტური
         ებრაულ წყევლის მაგვარი.

484.  კერიას შემორჩენოდა
         გაციებული ღადარი,
         აბლაბუდებში გახვეულ
         ოთახს გაჰქონდა კანკალი.

485.  კარგახანს იდგა უსიტყვოდ
         დროისშეგრძნებაგამქრალი,
         უსმენდა როგორ კვნესოდა
         სახლი სიცოცხლეჩამკვდარი.

486.  მერე ნელ-ნელა დალაგდა
         მთლად არეული ჟამკარი,
         ადგა და საქმეს შეუდგა,
         გამრჯედ გაშალა მხარ-მკლავი.

487.  გაასუფთავა, გაწმინდა
         წლების მტვერი და ნაცარი,
         ცეცხლი აანთო, საღამოს
         მარტოკამ ჭამა ვახშამი.

488.  დილით კი ცელი გამართა,
         ეზოს დაატყო გზა-კვალი,
         გარეთ მერეღა გავიდა,
         იკითხა სოფლის ამბავი...

489.  დიდი ხნის წასულს ბევრი რამ
         დაუხვდა განსხვავებული,
         მის არყოფნაში მომხდარი,
         შექმნილი, დაბადებული.

490.  ბევრიც იმქვეყნად წასული,
         შავ მიწას მიბარებული,
         ბევრისთვის თვითონ აღმოჩნდა
         უცხო და დავიწყებული.

491.  გალაღდნენ ბიძაშვილები,
         რომ ნახეს დაბრუნებული,
         სამღვთო თქვეს, საკლავი დაკლეს
         ტიტეს სახელზე შეთქმული.

492.  სუფრა გაშალეს, ალხინეს
         სოფელი სტუმრად წვეული,
         აწმყომ დალია წარსული
         ღვინოში გადარეული.

493.  სოფელს თავისი წესი აქვს,
         თავის ცხოვრების ფერხული,
         აფასებს კეთილ მეზობელს
         გლეხკაცი მიწის ერთგული.

494.  მხარში უდგანან ერთმანეთს
         შრომის უღელში შებმულნი,
         ახალმოსახლეთ შველასაც
         არიან შეპირებულნი.

495.  მოსწონდათ კარგი მებრძოლი,
         კაცი ღირსებით შემკული,
         მით უფრო, ახლახანს იყო
         ომიდან დაბრუნებული.

496.  თავად რომ ყველას შველოდა
         სხვის დარდით შეწუხებული,
         კეთილი საქმის კეთებით
         რჩებოდა გახარებული.

497.  არ აწუხებდა არავის
         სიმდაბლით გამორჩეული,
         დიდად არც სტუმრიანობდა
         მარტო ცხოვრებას ჩვეული.

498.  გულს დარდი შემოსჩვეოდა,
         ფიქრს შერეოდა სამსალა,
         ვერსად ვერ შეხვდა გულისსწორს,
         იღბალმა ისევ აწვალა.

499.  შემთხვევით არვის წამოსცდა,
         განგებ ეკითხა, არ სწადდა,
         და ალალბედზე ეძებდა
         ვარდოს ასავალ-დასავალს.

500.  ყოველ კვირა დღეს ტაძრისკენ
         გზას მიჰყვებოდა, რადგანაც
         იმედი ჰქონდა, წირვაზე
         მისულს მაინცა ნახავდა.

501.  მერე კი ბაღში კარგახანს
         იდგა მებაღის საფლავთან,
         გულს მოლოდინი სტანჯავდა,
         ვარდო კი მაინც არ ჩანდა.

502.  ყოველღამ ცას შესცქეროდა,
         მთვარის გავსებას ელოდა,
         მებაღის სულის ნათქვამი
         ქვეშეცნეულად სჯეროდა.

503.  ნაკლული მთვარე სირცხვილით
         ღრუბლებში ემალებოდა,
         თავს ზემოთ ძალა არ მაქვსო,
         გულწრფელად ეუბნებოდა.

(გაგრძელება იქნება)

************
ქემო ქავთარი



     


     

Wednesday, September 4, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი IV - თეთრი აჩრდილი, თავი IV - იმედის წისქვილი


461.  ტიტე შესძრა მონაყოლმა,
         ჩააფიქრა ამ ამბავმა
         და იკითხა: „თუ ასეა,
         მაშინ რატომ დამიმალა?

462.  ან ჭიჭიას რად იცავდა,
         ფარად რატომ აეფარა,
         როცა მზად ვიყავი მისთვის
         დამემსხვრია თავის ქალა?..“

463.  ჩაეღიმა მებაღის სულს,
         უთხრა: „მხოლოდ შენ გიცავდა,
         არც კი იცი ეგ ნაბიჯი,
         რა განსაცდელს მოგიტანდა.

464.  დაემუქრნენ, დააშინეს,
         ყველას მოვკლავთ, ვინც გიყვარსო,
         შენი ტიტეთი დავიწყებთ,
         ვეღარავინ დაგიცავსო.

465.  საწამლავი შეგაპარეს
         და სიკვდილს ებრძოდი გახსოვს?
         მაშინ შენი განკურნება
         უფლის ნებით შესძლო ვარდომ.

466.  ცრემლებით დაგემშვიდობა,
         უგრძნობი კოცნა გაგანდო,
         დედაშენი დააფიცა,
         ჩემს შესახებ არ უთხრათო.“

467.  რა ისმინა ეს სიტყვები
         ტიტეს ცრემლი მოეძალა,
         საკუთარ თავზე გაბრაზდა,
         თქვა: „ასე რამ დამაბრმავა?..

468.  რად ვერ მივუხვდი, რომ ტყუილს
         ამბობდა ჩემს დასაცავად
         და თავისი ბედ-იღბალი
         ჩემს სიცოცხლეს ანაცვალა?

469.  ეს სიცოცხლე უიმისოდ
         აღარ მიღირს არცა ჩალად,
         დროა ჭიჭიას კისერზე
         მოვსინჯო ჩემი ხმლის ძალა!“

470.  მშვიდად მიუგო მოხუცმა:
         „სჯობს ცხელ გულზე არ იჩქარო,
         გირჩევნია, რომ მეტოქე
         სათანადოდ შეისწავლო!

471.  თუმცა ბრძოლის ოსტატი ხარ,
         ვშიშობ ხმლით ვერ დაამარცხო,
         არც იფიქრო, მისი სახით
         ღირსეული მტერი ნახო!

472.  ცივი გონებით განსაჯე,
         თუ გსურს ზუსტად შეაფასო,
         ჭიჭიასთვის ბევრი ჭინკა
         გამოიდებს ალბათ თავსო.

473.  შენ კი ვინ გყავს მოკავშირე?
         ერთი მე და ერთიც ვარდო...
         სხვასთან სიტყვაც კი არ დაგცდეს,
         აღარავინ არის სანდო!

474.  სოფელში უნდა დაბრუნდე,
         კერაზე ცეცხლი აანთო,
         სავსემთვარეობას მოდი,
         ჩემს საფლავთან ნახავ სატრფოს.

475.  დანარჩენს თვითონ ის გეტყვის,
         როგორ იტანჯა და რას გრძნობს,
         შენც შენ ამბავს მოუყვები,
         სათქმელი ბევრი გაქვს, გატყობ.

476.  ჩემი წასვლის დროც მოსულა,
         უნდა გავყვე ცისკრის მნათობს,
         ერთ თვეში ისევ შევხვდებით,
         ღმერთმა ხელი მოგიმართოს!“

477.  ესა თქვა და ისე გაქრა,
         რომ დაეჭვდა ოდნავ ტიტე,
         ცხადში ვნახე, თუ მძინავსო
         და უცნაურ სიზმრებს მივდევ?!.

478.  ირიჟრაჟა, აღმოსავლეთს
         წითლად ეწვოდა ცის კიდე,
         ახალი დღე წყალს ასხამდა
         ტიტეს იმედის წისქვილზე.

479.  მხრებიდან ჩამოიბერტყა
         უთქმელი ტვირთის სიმძიმე,
         სატრფოსთან შეყრის სურვილი
         არ ასვენებდა მის ფიქრებს.

480.  წავიდა სამეფო კარზე,
         პატივისცემით მიიღეს,
         წასვლა ითხოვა, გაუშვეს,
         გზა დაულოცეს შინისკენ.

481.  მიჰყვება ჩქარი ლაფშურით
         ტიტეს თეთრონი ბილიკებს
         და ბედისწერა უქარგავს
         მომავლის უცნობ გვირისტებს.

(მეოთხე ნაწილის დასასრული)
(გაგრძელება იქნება)

*************
ქემო ქავთარი
                         

Tuesday, September 3, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი IV - თეთრი აჩრდილი, თავი III - ეშმაკის თხები


438.  უსმინა მებაღის სულმა
         შესაშური მოთმინებით,
         მერე ისევ ამეტყველდა
         მოსაუბრე ენამჭევრი:

439.  „უნდა გითხრა, ციხისთავო,
         შენ არ იცი კიდევ ბევრი,
         ამ საქმეში ურევია
         ბოროტი ძალების ხელი.

440.  კაცთა მოდგმას გვიჭირს ვლეწოთ
         ცხოვრება სიკეთის კევრით,
         სადაც სიკეთე გვაკლდება,
         ბოროტებაც იქა მღერის.

441.  ჩვენს შეცდომებს ის იყენებს,
         რომელი ვართ უცოდველი?
         დამიჯერე, იმ სოფლიდან
         უკეთ მოსჩანს ეს სოფელი!

442.  სიკვდილს იქით თვალებს ვახელთ,
         იქ სხვა ხედვას გვაძლევს ღმერთი,
         ახლა ვხედავ იმას, რასაც
         სიცოცხლეში ვერ ვამჩნევდი.

443.  ეშმაკეული სულ ცდილობს,
         რომ გვატაროს მრუდე გზებით,
         ბევრს აცდუნებს ფუფუნებით
         და იოლი წარმატებით.

444.  ზოგნი სულსაც კი ჰყიდიან,
         რათა მოიხვეჭონ მეტი,
         ცოდვის მორევში ჩაფლულნი
         ვერ ძღებიან ძარცვა - გლეჯით.

445.  მათი სახით მრავლდებიან
         ქვეყნად ჭინკა - მაქციები,
         კაცის ტყავში გახვეული
         ეშმაკის ერთგული თხები.

446.  ბოროტ ზრახვებს ისრულებენ
         შავბნელი რიტუალებით,
         ორმაგი სახით ცხოვრობენ
         ჩვენს გვერდით და ვერც კი ვხვდებით.

447.  მხოლოდ სავსე მთვარის შუქზე
         შიშვლდებიან მაქციები,
         დემონურ სახეს იღებენ
         კუდიანი მახინჯები.

448.  დაცქვეტილი ყურები აქვთ,
         წითლად უელავთ თვალები,
         ბინძურ სიმყრალეს აფრქვევენ
         დუჟმორეული ლაშებით.

449.  ორ ფეხზე დგანან უკუღმა,
         დაბაკუნობენ ჩლიქებით,
         საზარლად იღრინებიან
         სისხლში მოთხვრილი კბილებით.

450.  ხელებზე ბასრ იარაღად
         აქვთ ალესილი ბრჭყალები,
         თავს რქები ადგათ, წოდების
         და ძალის განმასხვავები.

451.  თუ შეძლებ, ნახო ამ სახით
         და თვალში გაეჩხირები,
         მოგკლავენ, თუკი მათსავით
         ეშმაკს არ მიეყიდები.

452.  ასეთ ჭინკებს მოეწონათ
         შენი სატრფო თურმე სარძლოდ,
         ჭინკა ჭიჭიას გულშიც კი
         დაუნთია ცეცხლი ვარდოს.

453.  დატრიალდნენ, გამოცდილი
         მაჭანკლები ნახეს სანდო,
         ქალის სათხოვნად მისულან,
         შენ რომ მთაში იყავ, მაგ დროს.

454.  დედა ჭინკამ მონდომებით
         დიდხანს ჩხიბა თურმე ჯადო,
         სტუმრად მისულმა უჩუმრად
         კერიის ცეცხლში ჩააგდო.

455.  ბედის კლიტე ისე შეკრა,
         საქმე იმგვარად მოაწყო,
         რომ ჭიჭიას გარდა სხვისთვის
         თანხმობა ვერ ეთქვა ვარდოს.

456.  განზრახ ხმებიც დაუყარეს,
         რომ ერთმანეთი უყვართო,
         მშობლებსაც კი არწმუნებდნენ,
         თქვენს ქალს ჩვენი ბალღი სწადსო.

457.  მაგრამ, როცა ნახეს მაინც
         უარზეა საპატარძლო,
         მოიტაცეს მაშინ ძალით,
         დაატყვევეს უსამართლოდ.

458.  ჭიჭიაზე გათხოვება
         სასჯელია მისთვის მარტო,
         ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში
         ცხოვრობს და სიკვდილსა ნატრობს.

459.  ტყვედქმნილია ჭინკებისგან
         შენი გულისსწორი ვარდო,
         დღესაც ისევ შენ უყვარხარ,
         წრფელი გულით შენზე დარდობს.

460.  ახლა, როცა შეგიძლია
         რეალობა დაინახო,
         დროა, მხსნელად მოევლინო
         და ჭინკებზე გაილაშქრო.“


(გაგრძელება იქნება)

*************
ქემო ქავთარი

Monday, September 2, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი IV - თეთრი აჩრდილი, თავი II - მონანიება


407.  თქვა მოხუცმა: „ვხედავ გიკვირს,
         მსგავსი არ გინახავს ადრე,
         მე გარდაცვლილი სული ვარ,
         უხორცოდ გამოგეცხადე.

408.  ჩემო ტიტე, ერთმანეთთან
         გვაკავშირებს ბევრი რამე,
         მეც იმ სოფლად მიცხოვრია,
         რომელშიც შენ გაიზარდე.

409.  ბავშვობიდან მიზიდავდა
         სიკეთე და სილამაზე,
         კარგ მებაღედ ვითვლებოდი,
         ვაშენებდი ყვავილნარებს.

410.  ერთხანს ბედნიერიც ვიყავ,
         როს სიყვარულს ვეზიარე,
         ადრე დავქვრივდი, მას შემდეგ
         გულს ვერავინ მივაკარე.

411.  უშვილძიროდ ჩამოვბერდი,
         მარტოობის ცრემლი ვღვარე,
         მხოლოდ ჩემს ბაღს შევხაროდი,
         წალკოტად რომ ავაყვავე.

412.  დღე შრომაში გადიოდა,
         ლოცვაში ვათევდი ღამეს,
         გულში უფლის ხმა მესმოდა,
         განა სხვა მინდოდა რამე?..

413.  სხვაც მომეცა, ერთ დღეს ჩემი
         ბაღის შუაგულში ვნახე,
         მშობიარე დედამიწა
         ვარდს და ტიტას როგორ ბადებს.

414.  სიხარულით მივიღე და
         შვილებივით გამოვზარდე,
         უფლის საჩუქარი იყო
         ეს ზღაპრული სილამაზე.

415.  ენით ვერ აგიწერ, მაგრამ
         შენც ხომ შენი თვალით ნახე
         მშვენიერების მწვერვალზე
         სხივმოსილი სიდიადე.

416.  თქვენ ბავშვური უმეცრობით
         მათ სიცოცხლე მოუსწრაფეთ,
         სიკვდილის წინ გამხელილი
         გრძნობა გულით დაიტაცეთ.

417.  ის სიყვარული გადარჩა,
         შეიცვალა იერსახე,
         შემთხვევით არ შეხვედრია
         შენი ტუჩი ვარდოს ბაგეს.

418.  ცხოვრების აზრი წამართვით,
         მერჩია, რომ მოგეკალით,
         არც სიცოცხლის ძალა შემრჩა
         უკვე ვიყავ ცოცხალ - მკვდარი.

419.  მთელი გულით ვთხოვე უფალს,
         ესმინა ჩემი ნათქვამი,
         წყევლა დამცდა საშინელი,
         გავბოროტდი ალბათ წამით.

420.  მას შემდეგ წლები გავიდა,
         ერთმანეთის ტრფობით იწვით,
         მაგრამ თქვენი სიყვარული
         არასოდეს თქმულა სიტყვით.

421.  სულიც იქვე განვუტევე
         ხორცი დარჩა წილად მიწის,
         იქ წარვსდექი სამსჯავროზე
         სამოთხეში შესვლის ფიქრით.

422.  მაგრამ ღმერთმა მეც დამსაჯა,
         რადგან სიტყვა დავძარ ავად,
         აგერ უკვე ოცი წელი
         სასუფევლის კართან ვდგავარ.

423.  მთელი ცხოვრება ვცდილობდი
         კეთილი საქმის ქმნას თავად,
         ყველაფერი გადაწონა
         ბოროტების ერთმა წამმა.

424.  ვერა ჰპოვებს საიქიოს
         დატანჯული სული შვებას,
         სანამ თქვენი სიყვარული
         ბოლომდე არ გაბრწყინდება.

425.  იმ ქვეყნიდან სააქაოს
         მომავლინეს, მომცეს ნება,
         ეს ტანჯვა რომ დავასრულო
         პატიებას ვითხოვ თქვენგან.

426.  მიტევება ერთადერთი
         სწორი გზაა, ჩემო ტიტე,
         შურისგება მეც ვისურვე
         და უფალი განვარისხე.

427.  თქვენც დაგტანჯეთ, ჩემი სულიც
         სამოთხის გზას ვერ ვაღირსე,
         გულით ვნანობ შეცოდებას,
         უგუნურად ნათქვამ სიტყვებს.

428.  თუ შესძლებთ და მომიტევებთ,
         წყევლაც გაქარწყლდება ასე,
         ერთ არსებად შექმნილნი ხართ,
         თქვენ ერთმანეთს ისე ავსებთ.“

429.  ამ სიტყვების მოსმენაზე
         ტიტეს მოექუფრა სახე,
         ტუჩის კუთხეებში იგრძნო
         ხანმოკლე ღიმილი მწარე.
                     
430.  უთხრა: „ერთობ გვიანია,
         მოხუცო, შენი აქ მოსვლა,
         იქ არ ვიცი, მაგრამ აქ კი
         უქმად არ უვლია დროსა.

431.  ახლა, ვარდოს გული სხვისი
         სიყვარულით ფეთქავს როცა,
         აღარ ახსოვს არც ის ბაღი
         და აღარც პირველი კოცნა.

432.  ნუთუ ფიქრობ, კიდევ რამედ
         მიღირს მე მაგ წყევლის მოხსნა?!
         როგორ გავუმჟღავნო გრძნობა
         სხვა კაცის მოყვარულ ცოლსა?..

433.  წამოვედი, გავერიდე,
         გადვიხვეწე ასე შორსა,
         მაგრამ მაინც ვერ ვივიწყებ,
         მასზე ფიქრი მირევს გონსა.

434.  მინდა იყოს ბედნიერი,
         ამისთვის აღვავლენ ლოცვას,
         მე კი ალბათ სიკვდილამდე
         ვზიდავ მდუმარების ლოდსა.

435.  ახლა ვხედავ, მიზეზი მაქვს,
         მაგ წყევლისთვის გაზღვევინო,
         მაგრამ არ მსურს შურისგებას
         სათნოება ვათელინო.

436.  გაპატიებ, უფრო მეტიც,
         პატიებას აქეთ ვითხოვ,
         შენს წინაშე ცოდვა მეც მაქვს,
         არანაკლებ მძიმე, ვფიქრობ.

437.  ვარდოს ნაცვლად ვერას გეტყვი,
         ალბათ უნდა ჰკითხო თვითონ,
         გისურვებდი, მარადიულ
         სასუფეველს დაემკვიდრო!“


(გაგრძელება იქნება)

*************
ქემო ქავთარი               

Sunday, September 1, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი IV - თეთრი აჩრდილი, თავი I - გამოცხადება


386.  დრო მუდმივად მიდიოდა,
         ვისთვის - ნელა, ვისთვის - მალე,
         ზოგს ტანჯავდა, ზოგისთვის კი
         სულ არ ტოვებდა ნაკვალევს.

387.  დრო დგებოდა, გადმოჰფენდა
         ცივ ზამთარში თოვლის საბნებს,
         გაზაფხულზე ყვავილებად
         აფეთქებდა ნუშს და ატმებს.

388.  ზაფხულობით მთას და მდელოს
         ფოთლებად ასხამდა მწვანეს,
         ოქროსფრად აბიბინებდა
         შემოდგომის პურის ყანებს...

389.  გაზაფხული მოსულიყო,
         გადაევლო თოვლს და ნამქერს,
         გუთნეულის ოროველა
         ხნულებად ავლებდა ნამღერს.

390.  მშობელ მიწას შეჰხაროდა,
         შრომობდა გლეხკაცი გამრჯე,
         მაგრამ მტერი არ აცდიდა,
         ცალი ხელი ედო ხმალზე.

391.  იმხანად ტიტეს მხედრობა
         იდგა ერთ ციხე-სიმაგრეს,
         მარბიელთაგან იცავდა
         ირგვლივ საზღვრისპირა მხარეს.

392.  მათ იმედზე სოფლის მკვიდრნი
         უფრო მშვიდად გრძნობდნენ თავებს,
         უმალ მაშველს უგზავნიდნენ,
         სადაც შემოჰკრავდნენ ზარებს.

393.  ქართულ მიწას სდარაჯობდნენ,
         ხმლის ქნევაში ღლიდნენ მკლავებს,
         თუ მშვიდობით ღამდებოდა,
         დილისთვის იკრებდნენ ძალებს.

394.  ერთ ღამესაც, როს მშვიდობით
         ამოგორდა ცაზე მთვარე,
         ციხეს თავზე წამოადგა,
         გაანათა არემარე.

395.  ციხიონს მშვიდად ეძინა
         ასვენებდა დაღლილ თვალებს,
         მხოლოდ მორიგე გუშაგნი
         ფხიზლობდნენ და ტეხდნენ ღამეს.

396.  არ ეძინა არც ციხისთავს,
         ფიქრებმა კვლავ გააწამეს,
         დამფრთხალიყო ძილის რაში,
         გასულიყო გაღმა მხარეს.

397.  ციხის ქონგურებზე ისხდნენ
         ვარსკვლავები მოკამკამე,
         ტიტეს სარკმელში შემოძვრა
         გაბადრული სავსე მთვარე.

398.  უთხრა, ვიცი, არ გძინავსო,
         გამოიხედეო გარეთ,
         ერთი მოხუცი სტუმარი
         მოსდგომიაო შენს კარებს.

399.  გულს ახარებს სტუმრის მოსვლა,
         მაგრამ როგორ შესძლო ნეტა,
         დაცულ ციხე-სიმაგრეში
         ასე შეუმჩნევლად შესვლა?!

400.  იქნებ მართლაც არ სძინავსო,
         არც ეშმაკს და არცა მტერსა?..
         წამოფრინდა არწივივით,
         ხმალი აჰყვა ტიტეს ხელსა.

401.  ფართოდ გამოღებულ კარში
         თვალი ჰკიდა თეთრ თმა-წვერსა,
         კაცი თეთრი სამოსელით
         აფრქვევდა უცხო ნათელსა.

402.  ვინა ხარო, ჰკითხა მოხუცს,
         არა ჰგავხარ ხორციელსა,
         რა ჯადოქრობით გამოსცდი
         ციხე-გალავანის მცველთა?..

403.  სასიკეთოდ მოვსულვარო,
         საქმე მაქვსო მხოლოდ შენთან,
         ამბავს გეტყვი იმისთანას,
         შენს ცხოვრებას უცვლის ფერსა.

404.  თქვა მოხუცმა და თვალებში
         მიაჩერდა მასპინძელსა,
         სასიამოვნო ხმა ჰქონდა,
         ბგერებად შლიდა ხავერდსა.

405.  სიკეთის ნაკადსა ღვრიდა,
         არა ჰგავდა ავის მქმნელსა,
         ტიტემ სახლში მიიწვია,
         მადლობა შესწირა ღმერთსა.

406.  გათენებამდე ჰყვებოდა
         სტუმარი თავის ამბებსა,
         ჩუმად იჯდა მასპინძელი,
         ფიქრით სჯიდა მონასმენსა.


(გაგრძელება იქნება)

*************
ქემო ქავთარი

Saturday, August 31, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი III - თორმეტწლიანი სიშორე, თავი III - ეული ობოლი


359.  ტიტეს სოფელშიც ამღერდა
         ზარების ხმაზე სამრეკლო,
         მაგრამ, ვაი, რომ მის სახლში
         კერაზე ცეცხლი არ ენთო...

360.  წინ შეხვდნენ ბიძაშვილები,
         ტიტეს მოსვლა რომ გაეგოთ,
         ცუდი ამბების მთხრობელთა
         თავები მხრებში ჩაერგოთ.

361.  უთხრეს: „აღარ გყავს მშობლები,
         უმუხთლათ წუთისოფელმა,
         ღმერთმა არგუნოთ მათ სულებს
         იმ ქვეყნად ნათლის მოფენა.

362.  შარშანწინ მთაში მამაშენს
         თურმე გზად კლდე ჩამოექცა,
         იმსხვერპლა ზედ დაცემულმა
         ქვის ლოდმა, ვერ გამოექცა.

363.  დაქვრივებული მეუღლე
         გულს ასკდებოდა, ტიროდა,
         ქმარმკვდარი ომში წასული
         შვილის ბედს უფრო ჩიოდა.

364.  ერთ წელს გაუძლო ამ ვარამს
         ძაძით მოსილმა იგლოვა,
         წლისთავზე უფლის წინაშე
         სულის ცხონება ითხოვა.“

365.  თითქოს ასპიტმა დაგესლა,
         გულს ისე მოხვდა ნათქვამი,
         ტიტეს ძარღვებში ჩაგუბდა
         სისხლის მაგიერ ბალღამი.

366.  ერთი თვე დარჩა სოფელში
         დარდს გაუშალა კარავი,
         მარტოობაში გლოვობდა,
         არ გაიკარა არავინ.

367.  მწარე სიმართლეს აყრიდა
         თავზე მშობლების საფლავი,
         უმშობლოდ ვეღარ თბებოდა
         ეს მშობლიური სახლ-კარი.

368.  ისიც შეიტყო, რომ ვარდოს
         ქმრად აერჩია ვაჭარი,
         ჭიჭიას კერას ათბობდა
         მისი სიტურფის ღადარი.

369.  მიხვდა, რომ ვერ იცხოვრებდა
         ამ სოფლის აღმართ-დაღმართით,
         სახლის კარები აფიცრა,
         აიკრა გუდა-ნაბადი...

370.  და ისევ წასვლა არჩია
         პატარა კახის ლაშქარში,
         ბრძოლას ნაჩვევი მახვილი
         ვერ ისვენებდა ქარქაშში.

371.  ამასობაში ერეკლე
         კახეთის მეფედ აკურთხეს
         და ისევ ხმლით დაერია
         მტრის საცეცებს და მარწუხებს.

372.  მოუხმო თანამებრძოლებს,
         სამშობლოს ერთგულ მსახურებს,
         მტერს რა დაულევს ქართველებს,
         ან ბრძოლას ვინ დაასრულებს.

373.  ტიტეც იქ იყო ყოველთვის,
         სადაც სამშობლოს უჭირდა,
         მამის ნაჩუქარ ხმალივით
         ჭკუა-გონებაც უჭრიდა.

374.  ცოდნა და გამოცდილება
         ნიჭს გზას აძლევდა, ფურჩქნიდა,
         მეფის ერთგული რაინდის
         წინსვლა არავის უკვირდა.

375.  დაოსტატებულს ციხეთა
         აღება-დაცვის საქმეში,
         ციხისთავობას ანდობდნენ
         ხშირად სხვადასხვა მხარეში.

376.  სასურველ სასიძოდ თვლიდნენ,
         სტუმრად იწვევდნენ სახლებში
         და ხშირად გრძნობა კრთებოდა
         ტურფა ასულთა თვალებში.

377.  თავს აწონებდნენ ციხისთავს,
         ან დასაწუნი რა ჰქონდათ?..
         მაგრამ გული კი ურჩობდა
         ვარდოს სიყვარულს არ თმობდა.

378.  თავს არ აკადრა ტყუილი,
         არცერთს ცოლობა არ სთხოვა,
         თუმცა იოლად შეეძლო
         მათი გულების დაპყრობა.

379.  უსიყვარულოდ ოჯახში
         არ ექნებოდა თანხმობა
         და მარტოხელა მგელივით
         ისევ ეულად დაძრწოდა.

380.  რადგანაც ჰორმონთა ჯარი
         მის ორგანიზმზეც ლაშქრობდა,
         დროდადრო მასაც უწევდა
         ლამაზმანებში გართობა.

381.  როდესაც ქალის ალერსში
         სხეული ვნებას აცხრობდა,
         გრძნობამორეულ გონებას
         სატრფოს ხატება აკრთობდა.

382.  ვნებადაშრეტილს თვალნათლივ
         ახსენდებოდა ბავშვობა,
         პეპლების შეფარფატება
         მის ტუჩებს ისევ ახსოვდათ.

383.  უთქმელი გრძნობა სასჯელად
         მთელი ცხოვრება დაჰქონდა,
         თორმეტწლიანმა სიშორემ
         სევდასთან დააახლოვა.

384.  დაღონებული ღვინოში
         ცდილობდა დარდის დახრჩობას,
         ისევ იმ კოცნას მისდევდა
         და სიყმაწვილეს ნატრობდა.

385.  მაგრამ დროს უკან, წარსულში
         წასასვლელი გზა არ ჰქონდა,
         დღე დღეს მისდევდა, წელი - წელს,
         დრო მომავლისკენ გარბოდა.


(მესამე ნაწილის დასასრული)
(გაგრძელება იქნება)

*************
ქემო ქავთარი

Friday, August 30, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი III - თორმეტწლიანი სიშორე, თავი II - ხალიბური ხმალი


324.  განგებამ ტიტეს და ვარდოს
         ცხოვრების გზებიც გაჰყარა
         და წლები ისე გავიდა,
         ერთმანეთს არ გააკარა.

325.  ზოდიაქოთა ხომლებმა
         მრავალჯერ შეჰკრეს კამარა
         და თორმეტი თვე თორმეტჯერ
         მზემ ცის თაღს შემოატარა.

326.  მოკლედ გიამბობთ, რა მოხდა
         ამ თორმეტი წლის მანძილზე,
         შემდეგ კი ზღაპრის დასასრულს
         ერთად შევუხსნათ საკინძე.

327.  საქართველოს ხომ ოდითგან,
         ჟამთასვლის ყოველ ნაბიჯზე,
         მტერი ეხვია გარშემო,
         სულის მოთქმას არ აცდიდნენ.

328.  იმხანად თურქნი და სპარსნი
         მამულს ხელიდან გვაცლიდნენ,
         ლეკთა თარეშიც გახშირდა,
         ქართლ-კახეთი მთლად აიკლეს.

329.  შეგროვდა მცირე ლაშქარი
         ბატონიშვილის ძახილზე,
         მოთარეშეთა რაზმები
         ამოირჩია სამიზნედ.

330.  დასდევდა პატარა კახი
         მარბიელ ლეკთა აჩრდილებს,
         ებრძოდა ხმალშემართული,
         აყრევინებდა თავ-კისერს.

331.  მორიგე ჯარის საქმენი
         ტიტეს ყურამდეც მივიდა,
         თავის გზაც იქით დალანდა
         სიკვდილთან შეყრის ჟინითა.

332.  ფიქრობდა: „წავალ, იქნება
         სულს შვება მივცე იმითა,
         რომ ვემსახურო სამშობლოს
         მახვილით ამოწვდილითა.

333.  იქნებ მტრის სისხლში ჩავახრჩო,
         ბოღმა რომ დამაქვს გულითა,
         გავერიდები ამ სოფელს,
         თორემ ვივსები შურითა.

334.  ვერ გადავიტან, ვხედავდე,
         ანდა ვისმენდე ყურითა,
         ჩემს ნაცვლად სხვა რომ ათბობდეს,
         ვარდოს გულს სიყვარულითა.

335.  ამგვარად უნდა გავექცე
         სატრფოსთან შეყრის წყურვილსა,
         დრო მოვა, სიკვდილს შევხვდები
         ბრძოლაში სიხარულითა.“

336.  მშობლებს გაანდო განზრახვა,
         წასვლის ნებართვა ითხოვა,
         დედას ცრემლები მოადგა
         და გულში დარდმა ითოვა.

337.  მამა ჩაფიქრდა მცირე ხანს,
         სიმშვიდე გამოიზოგა,
         ფიქრებში კარგად წონიდა,
         სანამდე რამეს იტყოდა.

338.  მერე ჩამოხსნა კედლიდან
         პაპის ნაქონი მახვილი,
         მრავალგზის ბრძოლამოვლილი,
         მტრის სისხლის ღვრაში დაცდილი...

339.  და უთხრა ტიტეს: „აქ არის
         ქართული გენი ჩაღვრილი,
         ეს ხალიბური ხმალია,
         რკინისმკვეთელი ნამდვილი.

340.  ჩვენს დიდ წინაპარს აჩუქა
         თვით სააკაძე გიორგიმ,
         მეც მემსახურა პირნათლად,
         შენ გჩუქნი მამაშვილობით.

341.  ღირსეულ კაცად გაზრდილხარ,
         კურთხევას ითხოვ ზრდილობით,
         წადი, შენც გაწევს კისერზე
         ვალი მამულიშვილობის!

342.  მე, რაც შემეძლო, გასწავლე,
         ვხედავ, რომ მეტი გჭირდება,
         სამშობლოს უნდა შესწირო
         ცოდნაც და გამოცდილებაც!

343.  თუკი ერის ხსნა მოითხოვს
         და თუ უფალმა ინება,
         მამულისათვის სიცოცხლეც
         სიამით გაიწირება!..“

344.  ეს თქვა და ცოლს გადახედა,
         თითქოს მის დასტურს ელოდა,
         დედის თვალებს კვლავ ცრემლების
         სისველე შემორჩენოდა.

345.  წამოდგა ხელებგაშლილი,
         რომ პირმშოს გადახვეოდა,
         ცდილობდა, ხმაში ჩამდგარი
         კანკალი არ შემჩნეოდა.

346.  უთხრა, ძნელია დედისთვის
         ამ დარდთან გამკლავებაო,
         მაგრამ შვილებს ხომ სამშობლოს
         უზრდის ქართველი დედაო.

347.  მამულს თუ დაცვა სჭირდება,
         ერს უნდა გამრავლებაო,
         მე მხოლოდ იმას ვინატრებ,
         შენს შვილს მომასწროს ღმერთმაო!..

342.  გახსოვდეს, მუდამ მოგელის
         ეს მშობლიური კერაო!
         წადი, უფალი გფარავდეს,
         აღსრულდეს მისი ნებაო!

349.  მეორე დღესვე აკრიფა
         თოფ-იარაღი, აბჯარი,
         გაუდგა გზას და მოძებნა
         ბატონიშვილის ლაშქარი.

350.  მივიდა, უთხრა: „მეც მერჩის
         გული, არა ვარ ჯაბანი,
         თქვენთან ერთად მსურს გავწიო
         მტერთან ბრძოლაში ჭაპანი.“

351.  მიიღეს მორიგე ჯარში,
         მალე გაითქვა სახელი,
         კაცს ჯაჭვიანად ჰკვეთავდა
         იმისი ხმალის ნამღერი.

352.  მთლად დახელოვნდა ბრძოლაში
         ლეკთა თავზარის დამცემი,
         გულისხმიერი რაინდი,
         გაჭირვებულთა მაშველი.

353.  მერე კი, როცა ერეკლე
         ნადირ-შაჰს მძევლად ხლებოდა,
         ტიტეც მის ათასკაციან
         ლაშქარში ირიცხებოდა.

354.  მალედვე, როცა სპარსელთა
         ჯარი ინდოეთს ებრძოდა,
         სხვის ომში წინამბრძოლობა
         ისევ ქართველებს რგებოდათ.

355.  ისე იომეს გურჯებმა,
         რომ მტერს მოსთხარეს თვალები,
         ბევრ ციხე-ქალაქს უმტვრიეს
         რკინით ნაჭედი კარები.

356.  სხვისთვის იპყრობდნენ და მაინც
         არ დაუზოგავთ თავები,
         აქ სჭირდებოდა სამშობლოს
         მათი ხმლები და ფარები.

357.  დრო გავიდა და დაბრუნდნენ
         შინ იღბლიანი მგზავრები,
         უცხო მიწაზე წანწალით
         დაქანცულ-დამაშვრალები.

358.  ვინც ვერ დაბრუნდა, მათ წილად
         ცრემლებსა ღვრიდნენ ქალები
         და სევდანარევ ხმაწყობით
         ტაძრებში რეკდნენ ზარები.

(გაგრძელება იქნება)

*******************
ქემო ქავთარი

Thursday, August 29, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი III - თორმეტწლიანი სიშორე, თავი I - უფლის განგება


302.  თავიდან, როცა ჯერ კიდევ
         სამყაროც არ არსებობდა,
         სიტყვა ყოფილა უფალთან
         და მასთან ერთად ზეობდა.

303.  სულ ერთ სიტყვაში იტევდა
         ღმერთი სამყაროს ერთობას,
         იმ პირველყოფილ ქაოსში
         უტყვი უკუნი მეფობდა.

304.  მერე ითქვა და აღსრულდა...
         სიტყვა ღვთის ნებას შერწყმოდა,
         იქმნა ნათელი, მნათობთა
         სხივი მიწასა სწვდებოდა.

305.  დღე ღამისაგან განსხვავდა,
         ცას მიწა განშორებოდა,
         შეიქმნა არსი ყოველი,
         თვისი სახელი ეწოდა.

306.  ზეცაში ანგელოზების
         გუნდი ღვთის გვერდით დგებოდა,
         ამპარტავნობდა ზოგი და
         ქვესკნელს დაცემაც ხდებოდა.

307.  ხიბლში ჩავარდნილ ლუციფერს
         თავი ღვთის დარი ეგონა,
         მას შემდეგ მოყოლებული
         კეთილს ბოროტი ებრძოდა.

308.  ედემის ბაღში აცდუნა
         ევა ბოროტმა ქვემძრომმა,
         ღვთის სახე-ხატად შექმნილმა
         ადამმაც მაშინ შესცოდა.

309.  შერისხულ ადამის მოდგმას
         სამოთხის კარი დაეხშო,
         ცოდვილი წუთისოფელი
         მძიმე სასჯელად დაედო.

310.  ამქვეყნიური ცხოვრების
         საზღვრად სიკვდილი გაევლო,
         მის იქით სულის ცხონება
         იმედის ცეცხლად დაენთო.

311.  ღმერთია უკიდეგანო
         სიკეთე ყოვლისმომცველი,
         უზენაესი მსაჯული,
         სასჯელ-შენდობის მომცემი.

312.  ამქვეყნად კეთილი საქმე
         ღვთის ნებით ხდება ყოველი,
         თუმცა მისივე დაშვებით
         ბევრი რამ ცუდიც მოგველის.

313.  რუსთაველს უთქვამს, რაც უფალს
         არ სწადდეს, არ იქნებისო,
         არცარა საქმედ მოხდება,
         არც სიტყვად არ ითქმებისო.

314.  მე მითქვამს, თუკი ამ სიბრძნეს
         ჭეშმარიტებად შევიცნობთ,
         რწმენას სიღრმეში ჩავწვდებით
         და უფალს გულით შევიგრძნობთ.

315.  შოთას სიტყვებში ჩამდგარა
         ნათელი უფლის ნებისა,
         თუმცაღა ხშირად გვაკვირვებს
         უკუღმართობა ბედისა,

316.  ღირსეულ კაცთა დაჩაგვრით,
         უტიფართ აღზევებითა...
         ნუთუ ღვთის ნებით დგინდება
         ბოროტმა სძლიოს კეთილსა?!

317.  თუ ღმერთი სიყვარულია,
         თუ სიყვარულით ვცხონდებით,
         მაშინ რად სტანჯავს მიჯნურთა,
         გრძნობას რად უკლავს გონებით?!.

318.  ზოგჯერ, მართალ კაცს რომ უჭირს,
         ორპირი ხარობს ქონებით,
         ესეც კი უფლის დაშვებით
         ხდება და მხოლოდ დროებით...

319.  ღმერთს ნუ ვგმობთ, თუნდაც ვხედავდეთ
         რომ უსამართლოდ ვისჯებით!
         ნუ განვსჯით უფლის სამართალს
         ამ ქვეყნის განზომილებით!

320.  ღვთისათვის კაცნი ისე ვართ,
         როგორც მამასთან შვილები
         და თუ განსაცდელს მოგვივლენს,
         სულს გვიწრთობს გამოცდილებით!

321.  ამქვეყნად თუ არ მოგვეზღო
         დამსახურების მიხედვით,
         იქ ვერ ავცდებით სამართალს,
         იმქვეყნად გარდაცვლილები!..

322.  უფალი მეფობს, განაგებს
         მისგანვე შექმნილ სამყაროს,
         მან უკეთ იცის, ვინ ვისთან
         შეჰყაროს ანდა გაჰყაროს!

323.  როდის ატიროს ცრემლითა,
         როდის სიამით ახაროს...
         სუყველას თავის ჯვარს აძლევს,
         რომ სიკვდილამდე ატაროს.

(გაგრძელება იქნება)

*************
ქემო ქავთარი


Wednesday, August 28, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი II - უთქმელი გრძნობა, თავი VIII - უგრძნობი კოცნა


276.  დარდით ლოგინად ჩავარდა,
         გულს გლეჯდა უხმო ვარამი,
         სული ბორგავდა ბედკრული,
         სხეულს გაჰქონდა კანკალი.

277.  სულმთლად გათანგა ხურვებამ,
         ოჯახს დაეცა თავზარი,
         მამა სიმწრისგან გმინავდა,
         დედა მოსთქვამდა საწყალი.

278.  უგონოდ იწვა სნეული,
         თითქოს ამ ქვეყნად არ იყო,
         სულში ქარიშხალს ებრძოდა,
         გული მღელვარე ზღვა იყო.

279.  ერთ დღესაც ტიტეს ოთახის
         კარი ჭრიალით გაიღო,
         თბილი გრძნობა რამ შემოჰყვა
         მოსულს და სახლი გაივსო.

280.  მივიდა ვარდო ტიტესთან,
         თავსასთუმალთან დაუჯდა,
         ცხელ შუბლზე ხელი დაადო,
         თითები გრძნობდნენ ალმურსა.

281.  ჯერ მაჯისცემა გასინჯა,
         ქუთუთოები გაუხსნა,
         დიდხანს უცქირა გუგებში,
         თვალებში ცრემლი გაუკრთა.

282.  მერე შვილსნეულ დედისკენ
         მიბრუნდა, გულში ჩაეკრა,
         ნუგეშისცემას ცდილობდა,
         მაგრამ ტირილს ვერ გაექცა.

283.  ერთხანს უსიტყვოდ იტირა,
         ჩუმად იწმენდდა თვალებსა,
         თავს იკავებდა, თუმცაღა
         ტკივილს ითმენდა მწარესა.

284.  კრძალვით თქვა, როცა ვსწავლობდი
         ტაძარში მედიცინასო,
         ერთ წიგნში ვნახე, თუ როგორ
         კურნავენ ამ სატკივარსო.

285.  თუ ნებას მომცემთ, წავალო,
         იქნება იმ წიგნს მივაგნო,
         იქ მოვამზადებ მალამოს,
         ვუწამლებ რომ მოვიტანო.

286.  წადიო, უთხრეს, ღმერთმა ქნას,
         იპოვნო რამე საშველი,
         გული შეგტკივა ტიტესთვის,
         დაგლოცავს ქვეყნის გამჩენი!..

287.  მეორე დილას მოვიდა
         მთლად თეთრად ღამენათევი,
         მარტო დარჩენა ითხოვა,
         აანთო წმინდა სანთელი.

288.  ჯერ გულმხურვალედ ილოცა,
         შველა ითხოვა უფლისგან,
         მერე მალამოს შეზელვა
         დაიწყო ფართო შუბლიდან.

289.  ქვემოთ ჩამოჰყვა სახეზე
         ღაწვებს, ცხვირსა და ტუჩნიკაპს,
         ეფერებოდა გაშლილ მკერდს,
         გულით ალერსსა სჩუქნიდა.

290.  მორჩა კურნებას და თრთოლვით
         ცხელ ბაგეებზე აკოცა,
         ნეტა კი გრძნობდე მიჯნურო,
         სატრფოს ნაჩუქარ ამბორსა!..

291.  წასვლისას უთხრა დედამისს:
         „ხვალ სააქაოს წამოვა,
         ნუ ეტყვით, ჩემს აქ ყოფნასა,
         თორემ უკუღმა გამოვა!..“

292.  მეორე დღესვე მოვიდა
         გონზე და ფეხზე წამოდგა.
         წამალმა ქნა თუ კოცნამა?
         ღმერთმა გაიგოს, რა მოხდა!..

293.  გამოჯანმრთელდა, გულში კი
         დარდს გაეშალა კარავი.
         არ ინახულა ვარდომ და...
         ნუთუ არ უთხრა არავინ?!.

294.  მოკეთდა, სოფლად გავიდა,
         იქვე გაიგო ამბავი,
         ჭიჭიასაგან უტიფრად
         ვარდოს კვალდაკვალ წანწალის.

295.  კვირას წირვაზე წავიდა,
         ვარდოს უცდიდა გზაშია,
         თავისი თვალით იხილა,
         ჭიჭია ედგა კვალშია...

296.  და უთხრა ვარდოს, არ მომწონს,
         დაგდევს და სახელს გიტეხსო,
         მითხარი, თუკი გაწუხებს,
         ეხლავ დავუმტვრევ თითებსო.

297.  თუ გიყვარს, ეგეც მითხარი!
         იქნება აძლევ იმედსო?..
         შენმა მზემ, არ მემეტები,
         მაგას უზრდიდე შვილებსო!..

298.  პასუხი ესმა, ნუ მკითხავ,
         ნურც დაიფიცებ ჩემზეო,
         თუ ჩემი ხათრი კიდევ გაქვს,
         გთხოვ, თავი დაანებეო!..

299.  ცოცხლად გათავდა... უკვირდა,
         როგორღა ვდგავარ ფეხზეო...
         იქნებ სიკვდილი სჯობია,
         რომ არ ვიფიქრო შენზეო?..

300.  სულში ჩამოწვა ტკივილი,
         დუმილის ლოდი მოგორდა
         და ამ წუთიდან დაიწყო
         ტიტესთვის სულით ობლობა.

301.  დრომ ისევ ჩამოიქროლა,
         თან ვარდის მტვერი მოჰქონდა,
         ეშმა სიყვარულს ებრძოდა,
         ის წყევლა ისევ ცოცხლობდა.


(მეორე ნაწილის დასასრული)

*************
ქემო ქავთარი

Tuesday, August 27, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი II - უთქმელი გრძნობა, თავი VII - ამაო რისხვა


257.  შინ მისულს დედის ნათქვამმა
         მთლად აუწეწა ფიქრები,
         ეჭვი გაღვივდა, მოაწყდნენ
         გულს მრისხანების ზვირთები.

258.  თურმე გაღმელი ქორვაჭრის
         უფროს შვილს ჭიჭიასაო,
         თვალი დაუდგამს ვარდოსთვის
         და ცოლად შერთვა სწადსაო.

259.  მოსულან ქალის სათხოვნად,
         მამა იქებდა თავსაო,
         დიდძალ ქონების პატრონი
         რას გავუჭირვებ რძალსაო?..

260.  არც გოგო არის გულგრილი,
         თუ დავუჯერებთ ბალღსაო,
         რაკი ერთურთი ინდომეს,
         ჩვენ ნუ შევუკრავთ გზასაო!..

261.  უსმენდა ტიტე დედას და
         ბოღმა ხელს ყელში უჭერდა,
         სისხლი მიაწვა საფეთქლებს,
         გული ძალუმად უცემდა.

262.  რისხვამ იფეთქა თვალებში,
         მტრის სახე ნათლად უჩვენა
         და ამღვრეული გონება
         ჭიჭიას მოკვლას ურჩევდა.

263.  ცოტაღა უკლდა, ეხუვლა
         მთას მოწყვეტილი ზვავივით,
         სახლთან მისჭროდა ჭიჭიას,
         გარეთ გაეხმო ძახილით:

264.  „სამტროდ მოვსულვარ, თან მახლავს
         სიკვდილის შავი აჩრდილი,
         არა ყოფილა ამ ცის ქვეშ
         ორივესათვის ადგილი!

265.  ერთერთმა დღესვე შევავსოთ
         სამარე ჩვენთვის გათხრილი,
         გამოდი, თუ კაცი გქვია,
         თუ არ გახურავს მანდილი!“

266.  თუ არ გამოვა, მიუხტეს
         შემოუჩეჩქვოს თავ-პირი,
         გამოათრიოს წკმუტუნით
         წუნკალი ძუკნა ძაღლივით!

267.  გაჰკიდოს ხელი ფეხებში,
         ათრიოს ჯღაბის ტყავივით,
         ფეხით გასრისოს უგულოდ,
         მურდალი ბეღლის თაგვივით!..

268.  ასეც იზამდა გულფიცხი,
         მუქარად შემართულიყო,
         ისევ ვარდოზე ფიქრი რომ,
         მაშველად არ მოსულიყო.

269.  მხოლოდ მის გამო ცდილობდა,
         ზღვარს რომ არ გადასულიყო,
         მის იქით, თუნდაც ქვეყანა
         ამ წუთას დაქცეულიყო.

270.  ფიქრობდა, ნეტავ რას იზამს,
         ვის შველას შესთხოვს ღმერთსაო?
         ვის გადარჩენას ინატრებს?..
         ვის მკერდზე დაღვრის ცრემლსაო?

271.  იქნება მართლა ის უყვარს,
         მისთვის იღერებს ყელსაო,
         მას უძღვნის თავის გრძნობებსა,
         არ ემდურება ბედსაო.

272.  მაშინ როგორღა ავღმართო
         იმის რჩეულზე ხელიო?!.
         თუ უყვარს, როგორ მოვუკლა,
         ვარგუნო სიმწრის დღენიო?..

273.  ვაჟკაცმა, როგორ ვადინო
         სატრფოს თვალთაგან ცრემლიო,
         ჩემს თავს არ ვჩივი, ოღონდაც
         ეგ იყოს ბედნიერიო.

274.  ჩამოუბნელდა ფიქრებში,
         ვეღარ აანთო ლამპარი
         და უპასუხოდ დარჩენილ
         კითხვებს მობეზრდათ წანწალი.

275.  იმ დღეს დამთავრდა ტიტესთვის
         ბედნიერების ზღაპარი,
         ვარდომ განგმირა თავისი
         გულმავიწყობის ლახვარით.

(გაგრძელება იქნება)

*************
ქემო ქავთარი

Monday, August 26, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი II - უთქმელი გრძნობა, თავი VI - მწარე ტყუილი

238.  მეორე დილას, ის იყო
         ადგა და წასვლას ფიქრობდა,
         სატრფოს ოჯახში გაგზავნა
         თვით მამამისმა ინდომა.

239.  წესადა ჰქონდა, ამ წესის
         შესაბამისად იღწვოდა,
         ნანადირევის მიტანა
         მეგობრისათვის იცოდა.

240.  წავიდა ტიტე, მეცხვარეს
         მამისგან ძღვენი მიართვა.
         შინ მხოლოდ ვარდო დაუხვდა,
         გულს ცეცხლი აუბრიალდა.

241.  შეიპატიჟა ასულმა
         სადილად ხალისიანად,
         საუბარს შეჰყვნენ და გრძნობა
         გონების კედლებს მიაწვა...

242.  და გადაწყვიტა ჭაბუკმა,
         ახლა უნდა თქვას სათქმელი,
         თუნდ ფეხქვეშ მიწა გაუსკდეს,
         არ არის მეტის დამთმენი.

243.  გულჯიბეს ამოარიდა
         სათუთად თან ნატარები,
         ვარდი სრულიად გამხმარი,
         ყვავილურ გარდაცვალებით.

244.  გახსოვსო?.. ჰკითხა გულისწორს,
         წლების წინ მისახსოვრეო,
         მაშინ მე ტიტა გაჩუქე,
         სიტყვა ვთქვით ფიცის სწორეო,

245.  რომ შეგვენახა ორივეს
         იმ ძვირფასი დღის სახსოვრად
         და დაბრუნებაც გვენება,
         როს შევიცნობდით ამ გრძნობას...

246.  ვარდომ კი უთხრა, არ მახსოვს
         არც ტიტა და არც ვარდიო,
         განა რა სიტყვას ვიტყოდით
         ორი უჭკუო ბალღიო?!.

247.  ტიტე შეაკრთო ნათქვამმა,
         თუ ვარდოს მართლა არ ახსოვს,
         მაშინ ტყუილად მოსდევდა
         მთელი ცხოვრება ამ ამბორს.

248.  ჩასდია თაფლის მორევში,
         თვალები ტყუილს ამხელდა,
         გული გაიპო ორად და
         ნაპრალში რისხვა გახელდა.

249.  ნუთუ, ვერც წვიმას იხსენებ
         მუხის ქვეშ გრძნობად დაღვრილსო?!.
         მახსოვს და ისე დავსველდით,
         გასახსენებლად არც ღირსო!..

250.  ამ სიტყვებს როცა ამბობდნენ,
         გულში ოცნება კვდებოდა,
         ალბათ მათ გრძნობას გამხელა
         არასდროს ეღირსებოდა.

251. სიმწრით მომუშტულ ხელებში
         ვარდი დაიფშვნა ბედშავი,
         ბასრი ეკლებით დაფხრიწა
         სულის სიმშვიდის ზეწარი.

252.  ჯიუტი იყო ვარდო და
         არ ღირდა კითხვა თავიდან.
         ამაყი იყო ტიტე და
         ადგა, უსიტყვოდ წავიდა...

253.  ნისლი ჩაუდგა თვალებში,
         ძარღვებში სისხლი გაცივდა,
         გული უკანა რჩებოდა,
         ფეხის გადადგმა გაჭირდა.

254.  მიდიოდა და თან მძიმე
         დუმილის ლოდი მიჰქონდა,
         ფიქრებს მისდევდა გონება,
         კითხვებზე პასუხს ითხოვდა.

255.  მიხვდა, რომ ქალმა, რატომღაც,
         სიმართლის თქმა არ ინდომა,
         სიცრუის ანარეკლი ხომ,
         თვალებში მუდამ იგრძნობა.

256.  ვერ გაერკვია ბოლომდე
         ამგვარად ქცევის მიზეზში,
         აქამდე მისთვის ტყუილი
         არ უთქვამს ვარდოს მისდღემში.


(გაგრძელება იქნება)

*************
ქემო ქავთარი

Sunday, August 25, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი II - უთქმელი გრძნობა, თავი V - გამხმარი იმედი


215.  განთიადისას მზის სხივებს
         დაასწრო ხარიპარიამ,
         ციდან უჩუმრად გარეკა
         ვარსკვლავთა ქარავანია.

216.  დილით შეუდგნენ სამზადისს
         მონადირენი ადრიან,
         ტიტეც მიჰყვება მამამისს,
         მთაჭიუხებში გადიან.

217.  ადრეც დალაშქრა მრავალჯერ
         ჯიხვთა დევნაში ჭიუხნი,
         არ აშინებდა ბრგე ჭაბუკს
         დაბრკოლებები სიუხვით.

218.  სულ მუდამ იქით იწევდა,
         სადაც ხიფათი დიდია,
         სადაც სიკვდილი თან დაგდევს,
         სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია.

219.  ახლა კი, როცა სიყვარულს
         გაევსო მისთვის ირგვლივ ცა,
         გული სატრფოსკენ უწევდა,
         ნახვამდე წუთებს ითვლიდა.

220.  მაგრამ რუსთველის სიბრძნეზე
         გაზრდილს ნასწავლი ჰქონია:
         „სჯობს საყვარელსა უჩვენე,
         საქმენი საგმირონია.“

221.  წავიდა, ნადირობაც ხომ
         ვაჟკაცობა და ომია,
         მთელი თვე ნადირს დასდევდა,
         როგორც მშიერი ლომია.

222.  მგლისმუხლას კლდეზე ცოცვაში
         ვერვინ დაუდო ტოლია,
         მიზანს ხვდებოდა, რამდენიც
         მის ხირიმს გაუსროლია.

223.  გულით დაჰქონდა ტკივილი
         და სიტკბო ჩუმი ტრფობისა,
         ქარაფებს ეფინებოდა
         ზმანება გულისწორისა.

224.  ფიქრი დამძიმდა ქვასავით,
         დარდი ნაყოფად მოისხა.
         ოცნებად გადაჰქცეოდა
         ამოთქმა უტყვი გრძნობისა.

225.  მწვერვალებიდან ჩამოჰყვა
         დრო საცალფეხო ბილიკებს
         და დადგა ჟამი მშვიდობით
         მობრუნებისა შინისკენ.

226.  სოფელში ღამით დაბრუნდნენ,
         ცხენურემდატვირთულები,
         დააბინავეს ნადავლი,
         საქმე სჯობს განასრულები.

227.  გაახალისეს ჯალაბნი
         უვნებლად შინ დაბრუნებით,
         დაწვნენ და ძილად მივიდნენ
         თბილ ლოგინს დანატრულები.
 
228.  ტიტემ კი, სანამ სასთუმალს
         თავს მიანდობდა დაღლილი,
         მონახა მცირე ზარდახშა,
         ნაჩუქურთმები, გათლილი.

229.  შიგ ვარდის ნეშტი ესვენა,
         სიცოცხლის სუნთქვას გაყრილი,
         იმ სიდიადის ხატისგან
         დარჩენილიყო აჩრდილი.

230.  გახსნა ზარდახშა, გამხმარი
         ცხედარი ხელში აიღო,
         მოგონებები გაცოცხლდა,
         ფიქრმა წარსულში წაიღო.

231.  ზღაპარიყო და რადგანაც
         თან იყო, თანაც არ იყო,
         გამხმარმა ვარდმა შესძლო და
         ლაპარაკიც კი დაიწყო...

232.  და უთხრა ტიტეს, მე ვიცი
         შენს გულს რა ცეცხლი სდაგავსო,
         ეგ სიყვარული ძლიერ ჰგავს
         ჩემს თავს გადამხდარ ამბავსო.

233.  მეც ხომ უთქმელად ვუყვარდი
         იმ ტიტას, შენებრ ტანადსო,
         ვგრძნობდი ქალური გუმანით,
         თუმცა არ უთქვამს არასდროს.

234.  სანამ ის დღე არ დაგვიდგა,
         საბედისწერო, საზარო,
         თქვენთან რომ ბედმა შეგვყარა,
         ჯადოსნურ მწკრივში დაგვაწყო.

235.  მანდ გაცხადდაო სათქმელი,
         სიკვდილის ჩრდილქვეშ გამანდო.
         მივხვდი, თურმე მეც მიყვარდა,
         კი მივხვდი, მაგრამ რაღა დროს...

236.  თქვენც იგივე გჭირთ და თუ გსურს,
         გრძნობის გამხელას ეღირსოთ,
         იმ მწკრივში ჩავდგეთ ხელახლა,
         ოთხივე უნდა  შეგვკრიბო!

237.  ტიტე მიხვდა, რომ დრო დადგა,
         დანაპირები აღსრულდეს,
         ეს ვარდი ვარდოს აჩუქოს,
         ის კი იმ ტიტას აჩუქებს.


(გაგრძელება იქნება)

*************
ქემო ქავთარი