- გამარჯობა, კეთილო კაცო!..
- ღმერთმა სიკეთე მოგცეს!.. რომელი ხარ, რომ ვერ გიცანი?..
- მართლა ვერ მიცანი?.. შენი ახალგაზრდობა ვარ, პაპა!..
- ჩემი ახალგაზრდობა?... აბა ერთი ახლო მაიწი, ბალღო... ეს ოხერი სიბერე, პირველ რიგში თვალის ჩინს ართმევს თურმე კაცსა...
- აჰა... ვერც ეხლა მიცანი?..
- ძაან კი მეცნობი, მარა... ვისი ხარ, ბალღო?
- ვისიც შენა...
- რა გქვია?
- რაც შენა...
- ვისი გორისა ხარ?..
- შენი გორისა...
- ეეე... კაი ჯეელი კი ჩანხარ, მარა ცუდი ხუმრობა გცოდნია, ღმერთმანი...
- არა ვხუმრობ, კაცო, მართალს გეუბნები...
- დიდება შენდა ღმერთო!.. ამ ხნის კაცი ვარ და ესეთი არაფერი მინახავს... მართლა მგავს, კაცო, უფრო სწორად, ჩემს ჯეელობასა ჰგავს, ხო იცი?..
- რა გჭირს, კაცო, საკუთარ თავს ვეღარა სცნობ?
- ვაა... ეგ არი, რა... ხმაც იმისი აქვს, გარეგნობაც, მიხვრა-მოხვრაც... რანაირად?.. ჩემი შვილიშვილები ხო არ მაშაყირებენ, ჰა?.. არა, არა, ღირსებით სავსე ყმაწვილები არიან, მაგას არ იკადრებენ!..
- რა მოგივიდა, საკუთარ თავთან არასოდეს გილაპარაკია?..
- მაგის მეტი რა მიკეთებია, კაცო, მარა ეს საკუთარი თავი ხო ჩემში უნდა იყოს შიგნითა, არა?..
- ჰო, აქამდე ეგრე იყო, შენში ვიყავი, შიგნით... დღეიდან სხვანაირად იქნება, მე მივდივარ, გეყრები...
- რახან შენ იტყვი... მე აღარაფერს მეკითხები?... ვაა, მგონი მთლად კარგად ვერა ვარ... მეჩვენება?..
- არ გეჩვენები, მართლა ვარსებობ, აი ხელი ჩამომართვი...
- ვაა... ხორციელია, კაცო... ვიღაცა ცუდად მეხუმრება, ნამდვილად... ტყუილში უნდა გამოვიჭირო... მისმინე, ჩემი ახალგაზრდობა ხო ხარ, არა?..
- ვარ.
- მაშინ ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი „სეკრეტები“ ხო უნდა იცოდე?..
- ახალგაზრდობისაც ვიცი და ახლანდელიც...
- მიდი, აბა, ერთი ისეთი გამოუშვი წესით მარტო მე და შენ რომ უნდა ვიცოდეთ!
- კი ბატონო... გახსოვს, ცოლს რომ შენს მდივანთან ღალატობდი?.. ჩუმჩუმად ისევ რომ მოიკითხავ ხოლმე ტელეფონზე...
- გაჩუმდი, გაჩუმდი... რეებს როშავ?.. ცოლმა არ გაიგოს, მართალი ეგონება... ვაა, საიდან გაიგო, ამ ოხერმა?.. ეგენი არ გვინდა... აბა, ჩემი ფიქრები და ახალგაზრდული შეხედულებები გამახსენე!
- რის შესახებ?..
- ცხოვრების შესახებ...
- ეს ცხოვრება უსასრულო სიბნელეში მიმავალი უსახელურო და ვიწრო კიბე არისო... ასე ამბობდი ხოლმე მაშინ.
- ეგრეა, ღმერთმანი...
- შემდგარან ადამიანები ამ კიბეზე და მიდიან...
- ჰოო... ზოგი შენსავით ზემოთ მიიჩქარის, ზოგიც ჩემსავით ქვემოთ ეშვება.
- შენნაირი ხანში შესულები...
- ანუ ბებრები, არა?..
-ჰო, ბებრები... დაღლილან უკვე აღმა სიარულით, ასულან ბოლომდე და დამშვიდებულნი ნელ-ნელა ჩამოდიან დაბლა.
- დამშვიდებისა რა გითხრა... ალბათ უფრო დაქანცულნი...
- იყოს დაქანცულნი, ან ქანცგაწყვეტილნი, ანდა არაქათგამოცლილნი... სულ ერთია...
- აი შენნაირი ახალგაზრდები კი, მუდამ სადღაც რომ ეჩქარებათ , თავქუდმოგლეჯილნი გარბიან მაღლა...
- ამ ცხოვრების კიბეს კი საფეხურები ალაგ-ალაგ მოლაყლაყებია და ზოგგან ჩამტვრევია კიდეც...
- სიჩქარეში ახალგაზრდებს საფეხურზე ფეხი უცდებათ, ძირს ვარდებიან და შთაინთქმიან სიბნელისაგან...
- ჩვენ ამ საშინელ კიბეზე მივდივართ, ვცდილობთ, წონასწორობა შევინარჩუნოთ და უაზროდ გადადგმული ნაბიჯის მსხვერპლნი არ გავხდეთ.
- მაგრამ ერთხელაც მოგვიდუნდება ყურადღება, ანდა ნებისყოფა აღარ გვეყოფა და სიბნელეში გადავეშვებით ...
- იმ სიბნელეში, ადრე თუ გვიან ყველა მოვხვდებით...
- ჰოო...ზოგი ადრე და ზოგიც გვიან...
- ანდა სადამდე უნდა ვიაროთ? ამ კიბეს ხომ არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული...
- ჰოო... უთავბოლო კიბეა, შენმა მზემ...
- ვინც ადის, იმან არ იცის სადამდე შესძლებს ასვლას...
- და ვინც ჩამოდის, ის სადღაც უკვე დაიღალა ჩემსავით, უკან მობრუნდა და ასე ივლის სანამ არ გადმოვარდება.
- ზოგი ისე იღლება, თვითონ ხტება სიბნელეში.
- კიბე სიცოცხლეა, სიბნელე სიკვდილი...
- „ეს ცხოვრება კიბე არის, ზოგი ადის ზოგი ჩადის...“
- გახსოვს ეგ სიმღერა?..
- რათქმაუნდა... რომელი სპექტაკლიდან არის?..
- „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“... რაფიელ ერისთავის პიესა ყოფილა, იცოდი?...
- რაღათქმაუნდა... დამდგმელი რეჟისორი?..
- გიორგი კახაბრიშვილი... კომპოზიტორი გახსოვს?
- გიორგი ცაბაძე, სიმღერის ტექსტების ავტორი კი პეტრე გრუზინსკი...
- მართალია, მსახიობები?.. გენიალური დასი...
- ვასო გოძიაშვილი
- ოსეფას როლში...
- გივი ბერიკაშვილი აპოლონს თამაშობს.
- მურმან ჯინორია სერგოს...
- დარეჯან ჯოჯუა „ბატონი ელისაბედის“ როლში და მარინა ვეფხვაძე მაშიკოს როლში.
- ყოჩაღ, ყმაწვილო!.. მსახურებს ვინ თამაშობდნენ ისიც გახსოვს?..
- ბადრი კაკაბაძე და ზაზა ლებანიძე...
- ეგ როგორ?..
- რა როგორ?
- ერთი მსახური ხომ ქალია?..
- კი ნამდვილად ქალია... მოიცა, შენ ზაზა ლებანიძე კაცი ხომ არ გეგონა?
- ჰო... არა?!.
- ქალია, ზაზას მოფერებით ეძახიან, ნამდვილი სახელი ზაირა ჰქვია...
- ეჰ, სიბერეს რა ვუთხარი... ამომივარდა გონებიდან...
- რას წუწუნებ, როდინდელი ამბები გახსოვს, მაგარი მეხსიერება გაქვს...
- როდინდელი?.. გუშინ „დავგუგლე“ და დღეს უკვე აღარ მახსოვს...
- „დაგუგლე?..“ ეგ რა არის?..
- რანაირი ახალგაზრდა ხარ? „გუგლი“ არ იცი რა არის?.. კაი, მაგას მერე გასწავლი... ეეეჰ, ამ ცხოვრებას რა ვუთხარი...
- ჰოო... ცხოვრებაზე ვლაპარაკობდით... ახლა რას ფიქრობ?..
- რაზე?..
- ცხოვრებაზე?.. ისევ კიბედ აღიქვამ?..
- კი, თუმცა ზოგიერთი დეტალი შეიცვალა...
- კონკრეტულად?..
- სიცოცხლე ისევ კიბეა და სიკვდილი ისევ სიბნელე. უბრალოდ კიბე ხის აღარ არის აღარც ძველია...
- აბა როგორია?
- ახალია, მეტალის და მოძრაობს... უსასრულო ესკალატორს ჰგავს... კიბე სიბნელიდან სინათლემდეა გადაჭიმული, მაგრამ სიბნელეც უსასრულოა და სინათლეც...
- მოძრაობს?..
- ჰო, მოძრაობს... სინათლიდან სიბნელისკენ მოძრაობს და სინათლისკენ რომც მიდიოდე, კიბის სიჩქარეს თუ ვერ გადააჭარბე, მაინც სიბნელისკენ წაგიყვანს თვითონ...
- კიდევ?..
- ისევ უსახელუროა ეს კიბე და ამას კიდევ რა უჭირდა, ადამიანები რომ მოწესრიგებულად დადიოდნენ ამ კიბეზე...
- აბა, როგორ დადიან?..
- ქაოსურად... ერთმანეთს ხელს ჰკრავენ, აგდებენ, აქცევენ, ზედ გადაუვლიან და გადათელავენ...
- ყველა?..
- თითქმის... ათასში ერთი თუ შეაშველებს ხელს წაქცეულს, წამოაყენებს და თავისზე წინ გაატარებს ... ზოგჯერ სწორედ ის გადაგივლის და გადაგჩეხავს, ახლახან ხელი რომ გაუწოდე და ადგომაში დაეხმარე...
- მაშ კიბე სიცოცხლეა?..
- კი, სიცოცხლეა...
- სიბნელე სიკვდილი?..
- ასეა...
- სინათლე?..
- სინათლე ღმერთია.
- და ღმერთს გაურბიან ადამიანები?..
- არა, ცხოვრებას მიჰყავს სხვა მიმართულებით, სიკვდილისაკენ...
- ვერავინ აჭარბებს კიბის სიჩქარეს?..
- როგორ არა, ბევრი ახერხებს, თუმცა დროებით... კიბე ხომ უსასრულოა...
- სინათლეს ვერავინ აღწევს?..
- კიბის გავლით ვერა...
- აბა, როგორ?..
- სიბნელის გავლით.
- სიკვდილის შემდეგ?..
- ჰო...
- ყველა?
- ამბობენ, ცოტა ხნით ყველა ნახულობსო სინათლეს...
- რამდენად ცოტა ხნით?
- სანამ გაირჩევა სად დამკვიდრდები, ნათელში თუ ბნელში?..
- რითი გაირჩევა?..
- კიბეზე როგორც ვიარეთ იმის მიხედვით...
- სინათლისკენ რამდენად მივისწრაფოდით?..
- არამარტო... სხვებს რამდენად ვთელავდით და ვიცილებდით გზიდან, ესეც მნიშვნელოვანია...
- სულ ასე იქნება?..
- სანამ ჟამი მოვა.
- და ჟამი რომ მოვა?..
- კიბის მოძრაობის მიმართლულება შეიცვლება...
- როგორ?..
- სინათლისკენ წავა...
- ანუ ყველას ღმერთისკენ წაგვიყვანს?..
- ჰო, თუ საპირისპიროდ კიბის სიჩქარეს არ გაასწარი...
- ღმერთმა გისმინოს!..
- ღმერთი სულ გვისმენს...
- ახლაც?
- ახლაც... წეღან რას ამბობდი, სად მივდივარო?..
- ჰო, მივდივარ, გეყრები...
- მიზეზი?..
- ჩემი აღარ გესმის, ერთმანეთს ვეღარ ვუგებთ...
- ხუმრობ?..
- არა...
- აბა, შენი ახალგაზრდობა ვარო?..
- ვარ კიდეც, მაგრამ შენ გასხვანაირდი... შენ მე აღარა ხარ...
- კაი, კაცო, პიროვნების გაორება ვის არ დამართნია?.. ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება!..
- რა იქნება კარგად, პაპა?..
- თუ ძმა ხარ, პაპას ნუ მეძახი, თავი მართლა ბებერი მგონია...
- არა ხარ რო?..
- შენ უფრო ბებერი ხარ!..
- რანაირად?..
- შენ ხომ უფრო ადრე იყავი, ვიდრე მე?..
- რას გულისხმობ?..
- ჯერ ხომ ახალგაზრდობაა და მერე სიბერე?
- ჰო... ეგრეა...
- ჰოდა, ახალგაზრდობა სიბერეზე ასაკოვანი ყოფილა...
- ეგ როგორ?..
- მაგას ახლა ვერ გაიგებ...
- რატომ?
- ჯერ უნდა დაბერდე...
- მე ახალგაზრდობა ვარ, მე ვერ დავბერდები...
- მაშინ ვერ გაიგებ... იცი რატომ არის სიბერე ბრძენი?..
- რატომ?
- უფრო ბევრი აქვს ნანახი...
- აბა ახალგაზრდობას რატომ მისტირის?..
- ჰე, ჰეეე... ჯეელობა ენატრება... ახალგაზრდობაში განცდილის განმეორება უნდა...
- რატომ?
- უყვარს ვნებებით და შეცდომებით სავსე ახალგაზრდობა, უყვარს...
- ახალგაზრდობას?..
- იმასაც უყვარს... ბრძენი სიბერე უყვარს... ერთმანეთს ავსებენ...
- დარწმუნებული ხარ?..
- აბსოლუტურად... წამო ჩვენი შერიგებისა დავლიოთ, ბალღო... ჩვენ უერთმანეთოდ ყოფნა არ შეგვიძლია!..
- წამო!.. ოღონდ ბალღს ნუ მეძახი, არც ისე პატარა ვარ...
- ჰოო?!. კაი, როგორც გინდა...
- ღმერთო შენ გვიშველე!..
- სიკეთე მოგვცეს!..
- ამინ!
-----------------------------------------------------------------------------
ქემო ქავთარი
No comments:
Post a Comment