Friday, June 9, 2017

ლომისობა


ალევის ქედზე დგას ამაყად ძველი ტაძარი,
ნაგები ქვით და წინაპართა რწმენა-შრომითა,
არაგვისა და ქსნის ხეობებს თავს წამომდგარი,
საუკუნეთა საბურველში ზეობს ლომისა.

მთას შესევია ორივ მხრიდან მლოცველთა ჯარი,
გზადაგზა ფანდურს აჩხაკუნებს მთიული ბიჭი,
სიმღერით გეტყვის გფარავდესო ლომისის მადლი,
წყალობა მოგცეს, დაგლოცოსო წმინდა გიორგიმ.

კოცონს ანთებენ, კარვებს შლიან ღამისმთევლები,
ხატში მოსულებს დეკანოზი დაამწყალობნებს,
სანთელს აანთებს, საკლავს დაკლავს, ქადას გასერავს,
ყველას უსურვებს, რომ ლომისა მუდამ სწყალობდეს.

სუფრას გაშლიან მდელოზე და მიუსხდებიან,
ქვაბებში ხორცი იხარშება, ყანწებს ავსებენ,
დიდი ლომისის სადიდებელს პირველს იტყვიან,
პურს გატეხენ და ჯამებიდან ხორც-წვენს დახვრეპენ.

თეთრი თმა-წვერით დაბერებულ მოხუც დეკანოზს
სანთლების კონა აუნთია და პირჯვარს იწერს,
„ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულს ..“ ომახით ამბობს,
 მთიულთ  დალოცვას  დაიწყებს და აყოლებს რითმებს.

უსმენს მლოცველი და დროდადრო გუგუნებს: ამინ!..
სიტყვების ძალას სისხლში გრძნობენ ლომისის ყმები,
მთლად ვერ ჩასდიეს, მაგრამ სიღრმეს ჩახედეს წამით,
აღფრთოვანებას ვერ მალავენ უცხო სტუმრები.

აინტერესებთ ისტორია ამ ეკლესიის
და ამიტომაც მასპინძელი ჰყვება ლეგენდას,
თურმე მთიულეთს შემოჭრილა ჯალალ-ედ-დინი,
შვიდი ათასი არაგველი ტყვედ გაურეკავთ.

გაუტაციათ მგზოვნის წმინდა გიორგის ხატი,
ამ ხატს შეუკრავს ხორასნელთა მხარე ერთთავად,
გაბერწებულა ყველაფერი მისი მიზეზით,
დაღუპვის პირას მისულაო მთელი ქვეყანა.

მიხვდნენ, რა იყო სათავე ამ უბედურების,
უმალ ჩააგდეს საკირეში, რათა დაეწვათ,
მაგრამ უვნებლად ამოფრინდა და ამის გამო
იკადრეს ხატი ხალხთან ერთად უკან გაეშვათ.

იქვე მოვლენილ ლომა ხარის რქებზე დაბრძანდა
და არ დაიძრა სანამ ყველა ტყვე არ იახლა...
გაუძღვა ლომა, რქებზე ხატით, დახსნილ ქართველებს,
ასე იარა, სანამ მლეთის მთას არ მიადგა.

გზადაგზა, სადაც შეისვენა, ნიში აუგეს,
აქ კი ტაძარი აუშენეს, სადაც დამკვიდრდა.
ლომისის წმინდა გიორგია ხატის სახელი
და აქ აღმართულ ეკლესიას ჰქვია ლომისა.

ბერები ტაძრის შესასვლელთან ზარებს რეკავენ,
საკურთხეველში წირვა-ლოცვას აღავლენს მღვდელი,
ვიწრო დარბაზი სავსეა და ყველას ვერ იტევს,
სამხრეთის კართან რიგს იკავებს მოსული მრევლი.

წირვა დასრულდა, ქადაგებას იწყებს მოძღვარი,
გმობს მსხვერლთშეწირვას, არ არისო ქრისტიანული,
ღმერთს არ სჭირდება აქ დაღვრილი სისხლი არაფრად,
მთავარი სულის საზრდოა და არა სხეულის.

აქ სალოცავად მოვდივართ, თუ საქეიფოდო?..
ვიღაცა ძალზე აღშფოთდება და განიკითხავს...
მოგვიანებით მიიწვევენ მასაც სუფრასთან,
ღვინოს დალევს და იმ ზვარაკი ცხვრის ხორცს გასინჯავს.

სამრეკლოს კედლებს ეფერება ჩია მოხუცი,
ჩამოშლილ ბურჯებს გააყოლებს ცრემლიან მზერას,
აკლდამის კართან ისტორიის სუნთქვას შეიგრძნობს,
და მეცნიერულ ვარაუდებს გაუმხელს ყველას.

ქრისტემდეც მდგარა აქ ტაძარი, ხარის კულტს თურმე
უხსოვარ დროში თაყვანს სცემდნენ მიწათმოქმედნი,
მშრომელ-მებრძოლი, მონადირე კერპი ლომისა
მთვარის ღვთაებას შერწყმიაო მოგვიანებით.

მითოსით იგი ღვთისშვილია და დევებს ებრძვის,
უძლიერესი ხატი არის მთიულეთისა...
გაქრისტიანდა მთა და მაშინ როგორც სხვა ბევრი
ლომისის კულტიც ქრისტეს მხედარს დაუკავშირდა.

სამასსამოცდასამი არის წმინდა გიორგი,
თითოეული კი მის წმინდა ნაწილს აღნიშნავს...
გამორჩეულად ძლიერი და მუდამ მებრძოლი,
მთავარმოწამის მკლავი არის თურმე ლომისა.

ესიამოვნა ყურადღება  ახალგაზრდების,
მოხუცი რიგში ჩასადგომად დინჯად დაიძრა,
რათა ეახლოს სანთლით ხელში წმინდა გიორგის,
ლომისის ჯაჭვი კიდევ ერთხელ ქედზე დაიდგას.

ბილიკებს ისევ მოუყვება ხალხი ქვემოდან.
ღმერთმა გამრავლოთ, მომლოცველნო, მართლა ბევრნი ხართ!..
რწმენით მოდიხართ თქვენ სრულიად საქართველოდან,
ღმერთმა დაგლოცოთ, შეგეწიოთ დიდი ლომისა!..

ქემო ქავთარი
--------------------