Monday, December 30, 2019
„1984“
შიშის მომგვრელი მომავალი,
ვით უსულოდ შთენილი ხორცი...
დრო გააჩერა ორუელმა
„ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხში“.
იყო დიდი ძმის ულვაშები,
ღმერთს ებრძოდნენ იმ სამყაროში,
სადაც სიცრუე სიმართლეა
და მშვიდობის აზრი დევს ომში.
იყო დასმენა პარტიისთვის
და შვილები მშობლებს სწირავდნენ...
წარსულის შეცვლა-გადაწერა
არ უჭირდათ წითელ ტირანებს.
იყო და არის კვლავ ორაზრი,
სიძულვილიც ისევ მძვინვარებს,
ხვალ ფიქრის კონტროლს დაიწყებენ,
დაიჭერენ აზრკრიმინალებს.
თუ დავიჯერებთ, ორჯერ ორი
ხან ხუთია და ხანაც სამი,
მზეზეც გავგზავნით კოსმონავტებს,
ჩავლენ კიდეც, ოღონდაც ღამით...
ღმერთმა ნუ ქნას და თუკი დადგა
საღი აზრის ჩაქრობის ჟამი,
ქვეყანა მაშინ „გაბრწყინდება“
უმეცრების დიადი ძალით.
-------------------
ქემო ქავთარი
Labels:
ათსაქეთ,
მიძღვნა,
პოეზია,
ცხრიანი რითმა
Location:
Tbilisi, Georgia
Thursday, December 12, 2019
გურამ დოჩანაშვილს
შენ გამოგონილ სამყაროში დახატე ღმერთი,
კეთილ-ბოროტის ბრძოლას წერდა მზე შუქჩრდილებით,
მიწას შეზელილ რეალობას სუნთქვად შეასხი
თავისუფლების მოპოვების მცირე იმედი.
ალეგორიის დიდოსტატო, პოეტურ პროზით
გაბრუებული მიიყოლე გვერდით მკითხველი,
ასე გაგვანდე საბოლოოდ ღვთითბოძებული
სიტყვა, რომელიც სამოსელი არის პირველი.
-------------------
ქემო ქავთარი
Subscribe to:
Posts (Atom)