Tuesday, March 3, 2020

დიალოგი საკუთარ თავთან (პოეზიისა და პროზის შესახებ)



- მოგესალმებით პოეზიის დიდო კორიფევ
- მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, პროზის ჯადოქარო!
- ხომ კარგად ბრძანდებით, ველურ მუზათა უბადლო მომთვინიერებელო?..
- აჭარბებთ თქვენო უპროზაულესობავ!..
- ვაჭარბებ?!. რას გულისხმობთ, სწორუპოვარო მელექსევ?
- რას უნდა ვგულისხმობდე, თუ არა ჩემთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ტიტულების მონიჭებას, დიდო მეიგავევ!..
- რას ბრძანებთ ბატონო ქემო?.. განა თქვენნაირი ტკბილმოუბარი მგოსანი არ იმსახურებს აღიარებას?!
- აქ მთავარი ის არ არის მე რას ვიმსახურებ, სახელოვანო მეზღაპრევ...
- აბა, რა არის მთავარი?
- გულწრფელობა, ქავთარ ბატონო.
- ნუთუ ფიქრობთ, რომ გულწრფელი არ ვარ?!
- თქვენ სწორად ჩასწვდით საქმის არსს, პროზაულო მთხრობელო!
- აბა, რა მრჯის მაშინ, როცა ამ ტიტულებით გამკობთ, რითმების მბრძანებელო?
- იგივე რამ, რაც მე მაიძულებს მსგავსი წოდებებით მოგიხსენიოთ, ურითმოდ წერის დიდოსტატო.
- ირონია?
- თქვენ, როგორ ფიქრობთ?..
- დიახ, ირონია იღვრება თქვენი თვალებიდან.
- თქვენი ღიმილიც ორაზროვნად  ელვარებს, ნამდვილად.
- როგორ დათაფლულად ენამწარეობთ?!.
- არც თქვენს ნაუბარს აკლია სარკაზმი.
- ვცდილობდი ზრდილობიანი ვყოფილიყავი...
- და შეფარულად დაგეცინათ?
- დაცინვას თქვენ კადრულობთ, მე ეტიკეტი არ დამირღვევია.
- რომელი ეტიკეტი?.. ტყუილის თქმაა თქვენი ეტიკეტი?
- სიმართლის თქმა გერჩიათ?
- რათქმაუნდა...
- რომ გემწაროთ?..
- არ იდარდოთ!.. ჩემგანაც მწარე სიმართლეს მიიღებთ.
- დიდი კორიფე კი არა, პოეტის საერთოდ არაფერი გცხია, შე თვითმარქვია...
- ჯადოქარი კი არა პროზის ჯადო ხარ, შე საცოდავო...
- მუზათა მომთვინიერებელი კი არა, ორ ბატს ვერ მოგაბარებს კაცი...
- სახელოვანი კი არა უბადრუკი მუცლით მეზღაპრე ხარ...
- შე რითმნაკლულო მოშაირევ...
- შე უნიჭო მთხზველო...
- შე უგუნურო...
- შე გონგაცლილო...
- შე...
- შე...

- იცი რა?..
- რა?
- იცი, რა მაინტერესებს?
- არ ვიცი!..
- რატომ მთავრდება ჩვენი საუბარი ყოველთვის კამათით?!.
- ალბათ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს.
- არც უმაგისობაა...
- მგონი ორივეს გვსიამოვნებს ჩვენი ეგოცენტრული იდეების გამოვლენა.
- ანუ?..
- ჩვენეული ჭეშმარიტების მტკიცება.
- მერე რა გვაჩხუბებს?
- საჭიროა... ჭეშმარიტება ხომ კამათში იბადება.
- სისულელეა... ეგ ამნაირ კამათზე არ არის ნათქვამი...
- მართალი ხარ, კამათი არგუმენტირებული უნდა იყოს.
- არ შეიძლება სხვა ვინმეს ვუმტკიცოთ ეს ჭეშმარიტებანი?..
- სხვა ვინ მოგვისმენს?
- მგონი არავინ...
- და ამ დროს შენ მწერლობას იბრალებ?..
-  შენ კი  პოეტობას?..
- არავინ გვისმენს, ანუ მკითხველი არ გვყავს...
- რა გიკვირს?! არ იცი, რომ დღეს წერა უფრო ბევრს ეხალისება ვიდრე კითხვა?..
- სამწუხარო რეალობაა...
- გამოდის მხოლოდ ერთმანეთისთვის გვიწერია მე და შენ...
- გამოდის, ისევ ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ ბატონო ქავთარ!..
- ვესაუბროთ!.. ოღონდ, კინკლაობის გარეშე...
- რაზე ვისაუბროთ?
- საინტერესო თემებს რა გამოლევს ჩემო ქემო...
- თქვენ აირჩიეთ!
- ჯერ ეს ოფიციალური, სარკაზმით გაჯერებული ტონი ხომ არ მოვიშოროთ  ორივემ?
- კარგი აზრია!
- დავიწყო?
- მიდი!

- თუ გახსოვს, წეღან ურითმოდ წერის დიდოსტატი მიწოდე...
- იმედია არ გწყენია!
- არა, პროზაიკოსისთვის კომპლიმენტადაც შეიძლება გამოდგეს.
- დიდოსტატობამდე ბევრი გიკლია ჩემო ქავთარ...
- ეგ ვიცი... შენ ეს მითხარი, პოეზიაში როგორ არის ამ მხრივ საქმე?..
- რა მხრივ?
- ურითმოდ წერის დიდოსტატობა პოეტისთვის გამოდგება კომპლიმენტად?
- გააჩნია რას წერს.
- ლექსებს... სხვა რამეს წერთ კიდევ პოეტები?
- კი, როგორ არა...  პოემა გაგიგონია?
- ეგაც ხომ დიდი ლექსია...
- კარგია, ერთი განსხვავება გიპოვია... ვერბლანი ან ვერლიბრი თუ წაგიკითხავს ოდესმე?
- წამიკითხავს...
- იცი, რომ ვერბლანი იგივე თეთრი ლექსია, ხოლო ვერლიბრს სხვაგვარად თავისუფალ ლექსს უწოდებენ?..
- ვიცი... ფრანგული წარმომავლობა აქვს ორივეს.
- მართალია... და რა საერთო აქვთ ერთმანეთთან?
- ორივე ურითმოა... ისევე, როგორც ჰაიკუ...
- ვხედავ, იაპონური პოეზიის ურითმო მარგალიტებიც გიხილავს...
- რამოდენიმე...
- როგორ ფიქრობ, ეს თეთრი და თავისუფალი, მაგრამ ურითმო ლექსები, ან თუნდაც ჰაიკუ, განა პოეზია არაა?
- პოეზიად ითვლება, თუმცა...
- მოიცა... ის თუ იცი რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან?
- ვერბლანის ტაეპებში მარცვალთა რაოდენობა ერთნაირია, როგორც ჩვეულებრივ რითმიან ლექსში...
- ვერლიბრში?..
- სხვადასხვაა... თავისუფალ ლექსში ეს შეზღუდვაც მოხსნილია...
- აი შეზღუდვებიც ვახსენეთ... გამოდის, რომ არც რითმა და არც ტაეპებში მარცვალთა ერთნაირი რაოდენობა  არ ყოფილა მთავარი განსხვავება პოეზიასა და პროზას შორის...
- აბა, რა არის მთავარი განსხვავება?
- იქნებ რიტმი?..
- განა პროზაში არ გვხვდება რიტმი?.. ნუთუ ლექსი პროზად ან რიტმული პროზა არ წაგიკითხავს ჩემო ქემო?..
- წამიკითხავს, მაგრამ... შენ თვლი რომ ეს პროზაა?
- განა არ ითვლება პროზად?
- ჩემი აზრით უფრო საინტერესოც კი არის ვიდრე ჩვეულებრივი პროზა.
- ალბათ იმიტომ, რომ პოეზიისკენ იხრება...
- რათქმაუნდა...
- მაგ ლოგიკით ჩემთვის ვერლიბრი უფრო საინტერესო უნდა იყოს რითმიან ლექსთან შედარებით.
- სწორი მსჯელობაა...
- ხომ არ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გარდამავალი ფორმებია პოეზიასა და პროზას შორის?
- უფრო კონკრეტულად?
- ერთი მხრივ ვერლიბრი, ვერბლანი, ჰაიკუ...
- ანუ მთელი ურითმო პოეზია?
- დიახ... ეს ხომ პროზისკენ გადახრილი პოეზიაა?
- ასეა...
- რაც შეეხება რიტმულ პროზას...
- ეგ უკვე პოეზიისკენ გადახრილი პროზაა და ამიტომაცაა უფრო სინტერესო...
- ვისთვის როგორ!..
- ამ გარდამავალ ფორმებში ჩანს სინკრეტიზმის ეპოქის ჩრდილები...
- ეპოქა, როცა პოეზია და პროზა არ განირჩეოდა?..
- დიახ... იცი, როდის მოხდა მათი განცალკევება?
- როდის?
- როცა შეზღუდვები გაჩნდა...
- რა შეზღუდვები?..
- პოეზიის მახასიათებელი შეზღუდვები.
- მაგალითად?
- რითმა, რიტმი, მარცვლების რაოდენობა, ტაეპები, მუხლები, ტერფები, მეტრი, კონკრეტული სალექსო ფორმები...
- ეს ყველაფერი შეზღუდვაა?
- რათქმაუნდა!
- ამ დროს კი პროზა დარჩა ყველაფრისგან თავისუფალი...
- მე ვიტყოდი, უფრო შეუზღუდავი... წერე რაც გინდა, როგორც გინდა...
- შენ ამბობ რომ პოეზია არ არის თავისუფალი?..
- არა, მე ვამბობ რომ პოეზია ქმედებაში შეზღუდულია... აქ ყველაფერი არ მოსულა, როგორც პროზაში...
- თუ ასეა, არც თავისუფალი ყოფილა...
- ცდები, პოეზია გაცილებით თავისუფალია ვიდრე პროზა!
- რანაირად?!
- დაახლოებით ისე, ზოგჯერ საპყრობილეში მყოფი პატიმარი რომ თავისუფალია და გარეთ ფუფუნებაში მცხოვრები კი მონა...
- ანუ ფიქრობ, რომ რაც მეტია შეზღუდვა მით უკეთესი?
- მთლად ასეც არ არის, მაგრამ  შეზღუდვები ერთგვარი დაბრკოლებებია, რომელთა გადალახვაც უნდა ვისწავლოთ... ეს გვათავისუფლებს...
- გამოდის რომ ვერლიბრი სულაც არ ყოფილა თავისუფალი ლექსი.
- შეუზღუდავი უფრო შეეფერება...
- მხოლოდ რითმიანი პოეზია ყოფილა შეზღუდვებით დატვირთული.
- არც ასეა საქმე...
- როგორ?
- აი, მაგალითად ავიღოთ ჰაიკუ... რითმა არ წარმოადგენს მისთვის შეზღუდვას, მაგრამ არანაკლებ რთული შეზღუდვა აქვს.
- რომელი?
- მცირე მოცულობა...
- რამდენად მცირე?
- სულ ერთი ტერცეტია...
- ეგ რას ნიშნავს?
- ერთი სამტაეპიანი სტროფი... ჯამში ჩვიდმეტი მარცვალი...
- ყველა ჰაიკუ?..
- ყველა... ეს ნორმაა... თუ ჰაიკუს წერ ამ სამ ტაეპში უნდა ჩაეტიო.
- კიდევ რა შეზღუდვებია?..
- ყველა სალექსო ფორმას კონკრეტული შეზღუდვები აქვს.
- მაგალითად?
- ავიღოთ თუნდაც სტროფების რაოდენობა ან თითოეულ სტროფში ტაეპების რაოდენობა...
- რამდენ ტაეპიანი სტროფია ყველაზე გავრცელებული?
- ოთხტაეპედი ანუ კატრენი...
- სამტაეპიანი მხოლოდ ჰაიკუა?
- არა, ტერცეტი, ანუ იგივე ტრისტიქი, სტროფის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა.
- ორტაეპედიც არსებობს?
- არსებობს, დისტიქი ჰქვია...
- ხუთტაეპიანი სტროფი?
- რათქმაუნდა, მუხამბაზი და ტანკა გახლავს ამის მაგალითები...
- ტაეპების ნებისმიერი რაოდენობა შეიძლება იყოს სტროფში?
- შეიძლება, რატომაც არა... მაგრამ სხვა საკითხია რამდენად გავრცელებულია ასეთი სტროფები.
- კიდევ რომელია გავრცელებული?
- მაგალითად ათტაეპედი დეციმა...
- ქართულ პოეზიაშიც?!
- ქართულში ნაკლებად.
- შენ რომელი დაგიწერია?..
- რაც ჩამოვთვალე აქიდან ყველა.
- კიდევ?
- ექვსტაეპედი და რვატაეპედიც მაქვს დაწერილი...
- რვატაეპედი ალბათ ორი ოთხტაეპედია რეალობაში... ჩაწერის ფორმაზეა დამოკიდებული?..
- გააჩნია, რითმები როგორ ნაწილდება შიგნით.
- სტროფების რაოდენობაც განსაზღვრულია?..
- ზემოთ ჩამოთვლილ ფორმებში არა, მაგრამ არსებობს უფრო მკაცრად განსაზღვრული სალექსო ფორმებიც...
- მაგალითად სონეტი?
- დიახ, სონეტში ოთხი სტროფია განსაზღვრული, სულ თოთხმეტი სტრიქონი...
- ორი ოთხტაეპედი და ორიც სამტაეპედი?..
- იტალიურ და ფრანგულ სონეტში ასეა.
- შექსპირისეულში?
- სამი კატრენი და ერთი დისტიქი... რითმებიც სხვაგვარად არის განაწილებული.
- კიდევ?
- მუშაკური გაგიგია?
- ქართული ლექსის სახეობაა, თუ არა ვცდები...
- არ სცდები, მუშაკური ხუთი ოთხტაეპიანი სტროფისგან შედგება.
- გამოდის, რომ სალექსო ფორმები იმისდამიხედვით განირჩევა თუ რამდენი და რამდენტაეპიანი სტროფისგან შედგება?..
- მხოლოდ ამით არა... ზოგიერთ ფორმაში მკაცრად  განსაზღვრულია რითმა და სტრიქონში მარცვლების რაოდენობაც.
- რითმა როგორ?...
- განსაზღვრულია სტროფში რომელი ტაეპი რომელს უნდა ერითმებოდეს.
- რომელ ფორმებსა აქვს სტრიქონში მარცვლების რაოდენობა ნორმად დადგენილი?
- ბევრია ასეთი, მაგალითად მუშაკურს თერთმეტმარცვლიანი სტრიქონი აქვს. შავთელური, ჩახრუხაული და ფისტიკაურიც ოცმარცვლიანია, თუმცა რითმების განაწილებით განსხვავდებიან.
- უფრო კონკრეტულად?..
- შავთელურის და ჩახრუხაულის ორივე მუხლი თავისმხრივ ორ ტერფს მოიცავს.
- მუხლში ათი და ტერფში ხუთი მარცვალი?
- დიახ... წინა მუხლის ტერფები კი აუცილებლად ერითმება ერთმანეთს.
- შიდა რითმა?
- დიახ, რაც ფისტიკაურს საერთოდ არ ახასიათებს.
- მხოლოდ გარე რითმა აქვს?
- რათქმაუნდა, ამ ფორმაში შიდა რითმები არ არის სავალდებულო.
- მგონი, იგივე სიტუაციაა ვეფხისტყაოსანშიც...
- სწორი შენიშვნაა, მხოლოდ გარე რითმაა სავალდებულო, სტროფში ოთხივე ტაეპი ერთმანეთს ერითმება.
- ტაეპში თექვსმეტი მარცვალი, რვამარცვლიანი მუხლები და ოთხმარცვლიანი ტერფები?
- ყოველთვის არა... სამმარცვლიანი და ხუთმარცვლიანი ტერფებიც გვხვდება.
- ამ თექვსმეტმარცვლიან ფორმას რა ჰქვია?
- შაირი... თუმცა რვამარცვლიანი შაირიც არსებობს, ძირითადად ხალხური ლექსებია ამ ფორმით დაწერილი.
- ვაჟა-ფშაველაც ხომ რვამარცვლიანს წერდა?..
- კი, ვაჟა ძირითადად ხალხური შაირის სალექსო ფორმას იყენებდა... თუმცა, სხვა საზომით დაწერილი ლექსებიც აქვს.
- ჩემი აზრით შემთხვევით არ ჰქვია ორივე ფორმას შაირი.
- რას გულისხმობ?
- იმას, რომ რუსთაველის თექვსმეტმარცვლიანი შაირი ფაქტიურად იგივეა, რაც ვაჟა-ფშაველას რვამარცვლიანი შაირი... მხოლოდ ჩაწერის მანერაა განსხვავებული.
- საიდან დაასკვენი?
- ახლავე აგიხსნი... ავიღოთ ვეფხისტყაოსნიდან ერთი სტროფი და გადავწეროთ ისე, რომ თითოეულ სტრიქონზე განთავსდეს მხოლოდ ერთი მუხლი... აი რას მივიღებთ:

„იყო არაბეთს როსტევან,
მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი,
ლაშქარ-მრავალი, ყმიანი.

მოსამართლე და მოწყალე,
მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი უებრო,
კვლა მოუბარი წყლიანი.“
-  საინტერესო მიგნებაა... ორი სტროფი მივიღეთ, სადაც რვამარცვლიანი სტრიქონები გვაქვს და მეორე ტაეპი ერითმება მეოთხეს.
- ახლა ვაჟას „ალუდა ქეთელაურიდან“ ავიღოთ ორი სტროფი და ისე გადავწეროთ, რომ ერთ სტრიქონზე ორი ტაეპი ჩაიწეროს. ცხადია ერთ სტროფს მივიღებთ:

„მაცნე მოიდა შატილსა: – ქისტებმა მოგვცეს ზიანი,
დაგვიწიოკეს მწყემსები, ავნია, ავი-ზნიანნი.
ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი,
საფიხვნოს თავში დაჯდების, სიტყვა მაუდის გზიანი...“
- დიახ...  ეს უკვე თექვსმეტმარცვლიანი ტაეპი იქნება, ორი რვამარცვლიანი მუხლით.
- ყველა ტაეპი გარითმულია, როგორც ვეფხისტყაოსანში.
-  გამოდის რომ თექვსმეტმარცვლიანი ტაეპი რვამარცვლიანზე დაიყვანება.
- ყოველთვის არა...
- მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის რვამარცვლიანი მუხლებისგან შედგება?
- დიახ, ჩემი აზრით ასეა.
- სხვა მოსაზრებებიც არსებობს?
- ბევრი ფიქრობს, რომ შენი „აღმოჩენა“ მხოლოდ ცეზურის ამბავია და მეტი არაფერი...
- ცეზურა რა არის?
- ტაეპის რიტმულ-ინტონაციური პროცესის გამყოფია.
- პაუზა?
- უფრო ბუნებრივი შესვენება...
- და ტაეპი ორ ტოლ ნაწილად იყოფა?
- მხოლოდ მთავარი ცეზურის შემთხვევაში...
- სხვანაირიც არსებობს?
- კი, მცირე ცეზურები.
- რა განსხვავებაა?
- მთავარი ცეზურის ადგილი ტაეპში მკაცრად განსაზღვრულია, მცირე ცეზურებისა - არა.
- ანუ მთავარი უფრო მნიშვნელოვანია?
- რათქმაუნდა... მთავარი ცეზურა ზოგჯერ ძალიან გამოკვეთილია...
- როგორც ვეფხისტყაოსანში?
- ჰო... სწორედ ამიტომ ორი ნახევარტაეპედი ორი ტაეპი გვგონია...
- ანუ ილუზიაა?..
- ჰო, ასეთი შთაბეჭდილება იქმნება.
- შენ ფიქრობ, რომ ჩაწერის მანერაა გადამწყვეტი?
- მე არა, ისინი... ზემოთ...
- რატომ?
- იმიტომ, რომ დღეს, როცა  არსებობს ლექსი პროზადრიტმული პროზა და თუნდაც  ვერლიბრი, ლექსის ძირითად ნიშნად ითვლება გრაფიკა.
- გრაფიკაში რას გულისხმობ?
- ტექსტის ტაეპებად დაწერა-განლაგება.
- უცხო ლექსს, რომ მოუსმინო, ვერც გაარჩევ  რვა მარცვალია ტაეპში თუ თექვსმეტი.
- ეგ მგონი ავტორის გადასაწყვეტია, რა ფორმითაც დაწერს ისე უნდა მივიღოთ!
- რამდენ მარცვლიანი სტრიქონებია უფრო გავრცელებული?
- ოთხიდან ოცამდე.
- ოთხზე ნაკლები და ოცზე მეტი არ არსებობს?
- ოოო, ეგ უკვე ძალიან საინტერესო შეკითხვაა.
- რითია საინტერესო?
- მაგ კითხვამ იქამდე მიმიყვანა, რომ მე თვითონ დავწერე.
- რა დაწერე?!.
- პირველ რიგში ოცდახუთმარცვლიანი.
- ოცდახუთმარცვლიანი?!.
- დიახ... ერთ სტროფს გეტყვი:

„პატარა გოგო გრძელი ნაწნავებით სახლის წინ იჯდა კიბეზე და იცრემლებოდა.
რა გატირებს თქო, ვკითხე,მოვეფერე, ცრემლი მოვწმინდე ღაწვებზე რომ ჩამოსცვენოდა.
მამას ველიო, წაისლუკუნა და სველი თვალები მომანათა მორცხვად ქვემოდან.
სად არის მეთქი, დავინტერესდი. ციხეშიაო, ისე მითხრა, თითქოს რცხვენოდა.“
- ტაეპი ორი მუხლისგან შედგება?
- დიახ,  ერთი თერთმეტმარცვლიანი  და ერთიც თოთხმეტმარცვლიანი...
- მუხლებიც იყოფა?
- დიახ,  პირველი მუხლი ხუთ და ექვსმარცვლიან ტერფებად...
- მეორე მუხლი მგონი სამტერფიანია...
- ასეა, ორ ხუთმარცვლიან და ერთ ოთხმარცვლიან ტერფს  მოიცავს.
- გამოდის, რომ ყველაზე მეტმარცვლიანი ლექსის ავტორი ხარ?
- არა... აღმოვაჩინე, რომ ერთი კაცი კიდევ დაინტერესებულა ამ საკითხით.
- ვინ?
- ვინმე შალვა საბაშვილი.
- ასტროფიზიკოსი?.. პროფესორი შალვა საბაშვილი?!.
- დიახ, ამავე დროს რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორიც!..  იცნობ?
- რათქმაუნდა,  ჩემი ლექტორი იყო ოდესღაც... მაგის ლექსები გამოქვეყნებამდე მაქვს წაკითხული...
- ასეთი ახლო ურთიერთობა გაქვთ?..
- არა, სტუდენტობის დროს მაგის კაბინეტში ვნახე ლექსების რვეული, სულმა წამძლია და გადავიკითხე...
- გასაგებია... ხოდა ბატონ შალვას კალამს ეკუთვნის ორმოცდარვამარცვლიანი ლექსი...
- საინტერესოა...
- დიახ, თუმცა, ჩემი აზრით სამმარცვლიანი, ორმარცვლიანი და ერთმარცვლიანი ლექსები უფრო საინტერესოა.
- ეგ ლექსებიც  ბატონ შალვას ეკუთვნის?..
- ყველა არა...
- შენც დაწერე?
- კი, დავწერე და მერე აღმოვაჩინე რომ ასეთი ლექსები სხვასაც ჰქონია დაწერილი.
- შეგიძლია რამდენიმე სტროფი მითხრა?
- რომელი?
- ჯერ სამმარცვლიანი.
- სიამოვნებით:

ჩემებურ
სიყვარულს
მოგიტან
მთებიდან,

მთიულურ
გაზაფხულს
ვამსგავსებ
ჩემს განცდებს,

გრძნობა დუღს
და ჩემს გულს
ყოველდღე
აწამებს,

ეულ სულს,
დატანჯულს,
სიცოცხლეს
აძალებს.

- ვიცი ეს ლექსი, მაგრამ ექვსმარცვლიანი მახსოვდა...
- გრაფიკას ნუ მიაქცევ ყურადღებას!  ჩასაწერად სამმარცვლიანი, ორმარცვლიანი და განსაკუთრებით ერთმარცვლიანი ტაეპები ძალზე მოუხერხებელია.
- კი, ნამეტანი გრძელი გამოდის.
- გეთანხმები, ალბათ ამიტომაც არავის მოუვიდა თავში აზრად ასეთი ლექსები დაეწერა.
- შენი და იმ ასტრონომი პროფესორის გარდა... იქნებ ორმარცვლიანი ლექსის პატარა ნაწყვეტიც გეთქვა!..
- რატომაც არა:

ცაზე
მთვარე
ღამეს
ათევს

და ვრცელ
ბაღებს
ნათელს
აფენს.

აქ მე
დავკრეფ
ნარჩევ
ვარდებს

და შენს
გზაზე
დავფენ
ასე...

- საოცარია... ერთი სტრიქონი ერთი ტაეპი, არანაირი დაყოფა მუხლებად და ტერფებად.
- თუკი დაიყოფა უკვე ერთმარცვლიან მუხლებს მივიღებთ.
- როგორც ვხვდები თავისუფლად შეიძლება ჩაიწეროს ოთხ, ექვს ან თუნდაც რვამარცვლიან ტაეპად.
- სადაც მუხლები და ტერფები გამოიყოფა...
- და შიდა რითმებით იქნება გაჯერებული.
- ძნელი არ იყო ასეთი ლექსის შექმნა?
- განსაკუთრებით ძნელი იყო ერთმარცვლიანი...  აი, ნახე:

დღეს
ხომ
ეს
ბრბო,

ღმერთს
რომ
ვერ
სცნობს,

ხეს
სპობს,
ბევრს
ფლობს,

მეტს
სთხოვს
ერთ
გონს...

- გამოდის, რომ  საბაშვილის ჩატარებული ექსპერიმენტები შენც უკლებლივ გაიმეორე?
- მე კიდევ უფრო შორს წავედი.
- რა მხრივ?
- შეზღუდვები გავამკაცრე ერთმარცვლიან ლექსებში.
- როგორ?
- ისეთი ლექსების შექმნა გადავწყვიტე, სადაც ყველა ერთ მარცვლიან სიტყვაში, მხოლოდ ერთი ხმოვანი იქნებოდა გამოყენებული.
- მერე გამოვიდა?
- გამოვიდა... სხვა ენებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ქართულში ეს ნამდვილად შესაძლებელია.
- ყველა ხმოვნისთვის?
- დიახ, მე ყველა ხმოვნისთვის დავწერე ასეთი ლექსი.
- მგონი ადვილი არ იქნებოდა შესაბამისი სიტყვების მოძებნა.
- სიტყვები თითქოს მართლაც არ გყოფნის...
- შინაარსობრივად თუ არის გამართული?
- ანუ სიტყვების უაზრო რახა-რუხი ხომ არ გამომივიდა?..
- ჰო,  აზრის გადმოცემა თუ შესძელი?
- თავად განსაჯე! ლექსი „დრო ბჭობს“ ისეთი ერთმარცვლიანი სიტყვებითაა დაწერილი, რომლებიც მხოლოდ ხმოვან „ო“-ს შეიცავენ.

„სწორ გონს როს ფლობ,
ხომ ჰგმობ ღრძო ბრბოს,
დროს რომ ომს სთხოვს,
ჯგროდ რომ სპობს ნორჩს?..

ხომ გრძნობ, რომ სჯობს,
როს ზრო შობს შტოს?..
დრო ორ თოკს ქსოვს,
შნოს გთხოვს, ჩმორს გმობს...

დრო შორს ჭორს ბჭობს,
ზოგს სთხოვს სწორ როლს,
ჯორს - ფლოქვს, ღორს - რკოს,
ხბოს - ხორცს, ქოხს - კომლს,

ლოთს - ბოთლს, ჟმოტს - გროშს,
ცხორს - დოლს, ქორს - გნოლს...
დრო თოვს, დრო ბჭობს,
დრო შობს, დრო სპობს.

- ეს რათქმაუნდა ერთმარცვლიანი ლექსია, მაგრამ ჩაწერის ფორმით სტრიქონში ოთხი მარცვალი გვაქვს...
- შეგვიძლია იმდენი მარცვალი გვქონდეს სტრიქონში, რამდენიც მოგვინდება...
- დიახ... ამით მხოლოდ გარეგნობა იცვლება. ასეთ ჩანაწერში ერთი სტრიქონი რეალურად ერთი სტროფია.
- ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლექსი ოთხი ოთხტაეპედისგან შედგება. ტაეპი ორი ორმარცვლიანი მუხლისგან, ხოლო მუხლი ორი ერთმარცვლიანი ტერფისგან შედგება.
- თუმცა სხვაგვარად ჩაწერის შემთხვევაში, სხვა სურათი გვექნებოდა..
- მაგალითისათვის ლექსი „ზღვა“ განვიხილოთ:

„ცამ თქვა, ამ ზღვას რა სწადს ამ წამს?..
არ ჰგავს კარგ კაცს და არც წყნარ ტბას,
ქარს ჰკრავს ავ ფრთას, წყალს ძრავს, მთად დგამს,
გზად სვამს და ნთქავს წყალს, ქვას და სხვას...

ავს ან და კარგს, ხან კაცს, ხან ქალს,
ცხრა ძმას, სამ დას, ათ ტახს, რვა ზღარბს.
შავ თვალს და წარბს, თავს, ტანს და თმას,
ძვალს, ტყავს და მხარს კლავს, ჭამს და ხრავს...

ცამ თქვა, ზღვა სხვა წყალს სვამს ამ წამს.
ამ ქალს ტანს ბანს, რწყავს და არ კლავს...
ქალს ცა სწამს და ზღვა სწადს, რა ქნას?
ზღვა თმას ბანს და მთვრალ კაცს არ ჰგავს...“

- აქ უკვე სამი ოთხტაეპედი გვაქვს, ტაეპში რვა მარცვლით, მუხლში ოთხი და ტერფში ორი მარცვლით.
- გეთანხმები, თუმცა მუხლების და ტერფების სხვაგვარად განსაზღვრაც შეიძლებოდა.
- თუმცა მთავარი შეზღუდვა ის არის, რომ ერთმარცვლიან სიტყვებში მხოლოდ ხმოვანი „ა“ არის გამოყენებული.
- ახლა ლექსი „ბუ დუმს“ განვიხილოთ, რომელიც ამგვარადაც შეიძლება ჩაიწეროს:

„ბუ დუმს, სულ დუმს, თუმც სწუხს, თუ ქუხს... სძულს უტყვ, ჩუმ ბუს ბუმ, ბუხ...
ბუ სწუხს... ბრუხგრუხ, ჩუხ, ჩუხ... თუ ქუხს, რუ დუღს, მუნ ხნულ ღრმულს გუბს,
გულ ბრუნს ჭუჭყს, დუჟს... გულს შურს, თუ სულს? ტუჩს სურს, თუ ყურს? კუჭს სძულს, თუ წყლულს, ურჩ კუნთს, თუ ღრუს? თუ შურს, სულ სძულს მრუდ ბუჩქს, ყრუ ჭუპრს,
ბლუ ფურს, ურცხვ ბუზს, ტლუ გნუს, კუტ კნუტს, უქმ ფუნჯს, ცრუ ტუზს, ცუდ კრუხს,
რუხ ლურჯს, სუსტ ქუსლს, ფუჭ ცურს, თუ სძულს, სულ შურს...გულს დუღს, თუ დუღს!
ნუ სწუხ უხვ ფულს! ნურც ქურქს, ნურც რუჯს! ნუ გსურს ხუთ წუთს! თუ ქუხს,
რუ დუღს, ბუ დუმს, ყრუდ სწუხს. ნურც დუმთ, ნურც სწუხთ! ნუ გძულთ, ნუ გშურთ!

- ეს რა ფორმაა?!. ასეთი სალექსო ფორმაც არსებობს?
- შეიძლება გავრცელებული არ არის, მაგრამ ჩვეულებრივი შვიდტაეპედია, ტაეპში თოთხმეტი მარცვალით.
- თითოეული სიტყვა თითო მარცვალია და მხოლოდ „უ“ ხმოვანია გამოყენებული.
- მგონი ცოტა რთული წასაკითხია...
- რატომ?
- ენის გასატეხს ჰგავს...
- გეთანხმები, მაგრამ განა აზრი არ არის გადმოცემული?..
- არის... თუმცა მგონი ოთხმარცვლიან ტაეპად ჩაწერა აჯობებდა...
- დიახ, მხოლოდ მაგალითისთვის წარმოგიდგინე ამ ფორმით.... აგერ ხმოვან „ე“-ზე დაწერილი ლექსიც ნახე და მერე განსაჯე:

„ღმერთს ერთს ეს ნებს,
მზე ქმნეს ცხელ წრედ,
ძევს ხმელს, წყლებს ზედ,
ბნელს ჰკვეთს, ჩქეფს დღედ.

მხნედ ძგერს ბევრ წელს,
მზე ცხელ წნელს გრეხს,
წრფედ ჰფენს თეთრ ფერს
მთებს, ზღვებს, კლდეს, ტყეს...

ბრგე მთებს მზე სცემს,
თეთრ თხემს, ქედ მხრებს,
ბეჭ ბრტყელ დევს კბენს,
ხევ ხევ ცრემლს თხევს...

წვეთ წვეთ კრეფს წყლებს,
ხევს, ფშებს, ტბებს, ზღვებს,
რგებს ხეს, ტყეს, თესლს,
შველს ცხვრებს, მწყემსს, გლეხს.

ჩვენ ვშველთ ჩვენს მწეს?
ტყეს ვჩეხთ, ხეს ვგლეჯთ...
დღეს ჩვენ გესლს ვთესთ,
ბევრს ვყეფთ, ვღრენთ, ვკბენთ.

მტერს ვძვლევთ?.. ჯერ ვთვლემთ,
ერთ პეშვ ვერცხლს ვდევთ.
ვერ ვთესთ, ვერც ვკრეფთ,
ვერ ვცემთ გრდემლს კვერს...

ვერ ვჭედთ ჩვენს ბედს,
ჩვენს ხვედრს ვერ ვძლევთ.
მე ვჭვრეტ ერთ მხსნელს,
ჩვენს მწეს ძე ღმერთს.

ეს დღეც სხვებს სდევს,
ქერს ვთეს, ქვებს ვკრეფ,
ცრემლს ვწმენდ ჩემს ბედს,
დღეს მე ლექსს ვწერ.

- ეს უკეთესად ჟღერს... რომელი ხმოვნისთვის უფრო ძნელი იყო ლექსის დაწერა?
- ყველას აქვს თავისებური სირთულე... თუმცა „უ“ და „ო“ ხმოვნების შემცველი ერთმარცვლიანი სიტყვების მარაგი უფრო მწირია.
- „ი“ ხმოვანზე თუ გაქვს ასეთივე ლექსი?
- რათქმაუნდა... „ის“.
- „ის“?
- დიახ, ერთერთი საუკეთესოა ჩემი შემოქმედებიდან:

„ის, ვინც იქ ზის,
შვიდ გზის ცის პირს,
ის თვით ჰქმნის თქმით
დღის თბილს, ცივ ჩრდილს,

ცის რიტმს, მზის ციკლს,
მის სხივს ბინდს ჰყრის,
წყლის რიგს მთის მხრით
სჭრის, ვით ხმლის კვრით.

მით წვიმს, მით ქრის,
ცივ ფიფქს ძირს შლის,
ის ზრდის ვით ჩვილს,
თვის ქმნილს თვით სჯის...

ის, ღვთის ძის გზით,
სხვის წილ ჭირს სტირს,
მით სცდის ჯვრის ტვირთს,
იქ ღვრის ხსნის სისხლს.

ვინც ძრწის ძის კვლით,
ვის ფიქრს შიშს ჰგვრის,
ის იქმს ცით ლხინს,
იქ ზის ღვთის მხრით.

ღვთის ნიშს, მის შვილს
იმ მხრივ ღირს ხდის,
ვით ქნის მის ნიჭს,
ვით სჭირს მის ჟინს.

- ბევრი გაქვს ასეთი ლექსები?
- არა, ყველა ხმოვნისთვის მხოლოდ თითო ლექსი დავწერე.
- კიდევ აპირებ?
- მგონი ამ მიმართულებით სათქმელი ამოვწურე...
- გამოდის, არ ყოფილა საინტერესო მიმართულება?..
- როგორ გითხრათ... მე ექსპერიმენტი ჩავატარე, რომლის მიზანიც იმის ჩვენება იყო, რომ ქართულ ენაზე ასეთი მკაცრი შეზღუდვებითაც კი შესაძლებელია სრულფასოვანი ლექსის დაწერა.
- მერე მიაღწიე მიზანს?
- ეგ მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს...
- საოცარია...
- რა?
- რატომ მოგინდა ასეთი ლექსის დაწერა?
- არ ვიცი... განა როდესმე იცი, რატომ იღებ კალამს ხელში?
- ისევ კალმით წერ?
- ხშირად... შენ?
- მე კლავიატურას ვამჯობინებ.
- კალამს სხვა ეშხი აქვს...
- მაინც როგორ დაწერე?
- როგორც სხვა ლექსები...
- ანუ?
- მაგის ფორმულა არ არსებობს.
- დარწმუნებული ხარ?
- განა ვინმემ იცის როგორ იწერება ლექსი, ან მოთხრობა?..
- ზოგი ამბობს ვიღაცა, ან რაღაცა მაწერინებსო...
- ზებუნებრივი ძალები?.. არც ეგ მგონია მართალი.
- რაიმე პრინციპი მაინც გექნება, რასაც მიჰყვები წერის პროცესში?
- ერთი პრინციპია, რომელსაც ყველა პოეტი და მწერალი უნდა მიჰყვეს, ჩემი აზრით.
- რა პრინციპია?
- გულში უნდა გაატაროს სათქმელი და ისე გადმოღვაროს ქაღალდზე...
- გულიანი ნათქვამი რომ გამოვიდეს?
- ჰო, გულში გავლილ სიტყვას სხვა ძალა აქვს. 
- მართალია, შენ შენი გულისა უნდა სთქვა, სხვამ თავის გულისა... 
- სათქმელი თუ ბოლომდე არ განიცადე, მაშინ ყალბი გამოდის ნათქვამი.
- სიყალბე ისედაც არ აკლია დღევანდელ რეალობას!..
- ეგრეა... ჩვენ რაღაზე დავამძიმოთ!

- შემოგვათენდა საუბარში, ჩემო ქემო!
- ატყობ, რომ აღარ ვკინკლაობთ?..
- ჰო, ასე არ ჯობია?..
- ჯობია... რა გვაქვს გასაყოფი?
- საინტერესო საუბარი გამოგვივიდა.
- შემდეგში პროზაზე ვილაპარაკოთ!
- შენი ნებაა.
- კარგი, დავიშალოთ ახლა!
- აბა, დილამშვიდობისა და კარგად იყავი!
- ძილინებისა!
- ღმერთი შენსკენ!
- შენსკენაც... გაიხარე!