გენიოსი მოქანდაკის სტატუსით,
ადრეული რენესანსის წიაღში,
ქვაფენილზე ხის ქოშების ბაკუნით
დონატელო დადის ფლორენციაში...
ამ ქანდაქარს* იცნობს მთელი ტოსკანა,
ლიგურია, უმბრია და ლაციო*,
ქვაში გრძნობის ამღერების ოსტატმა
ბევრი ძეგლი შექმნა თურმე საჩინო.
მარმარილოს და ბრინჯაოს „დავითი“*,
პადუაში მდგომი „გატამელატა“ *,
ხეში ქმნილი „მარიამ ეგვიპტელი“*
კვადროჩენტოს* მწვერვალებად ელავდა.
სწრაფი ხელით, გამჭრიახი გონებით
ირჯებოდა ძალზე ხარისხიანად,
არ ტკბებოდა სიმდიდრით და ქონებით,
ხელოვნებას ეკუთვნოდა მთლიანად.
იმხანად კი ფლორენციის მმართველი
გახლდათ თურმე თვით კოზიმო მედიჩი*,
დონატელოს მეგობარი, მფარველი,
მეცენატი ბევრი შემოქმედისთვის...
და მმართველმა ერთხელ თავის მეგობარს
მიუყვანა გენუელი* ვაჭარი,
ამ სოვდაგარს შეძენა სურს, ეტყობა,
დონატელოს შექმნილ ნაქანდაკარის.
შეუკვეთა ძეგლი წმინდა ლავრენტის*
და ოსტატი თავის საქმეს შეუდგა,
ქვაში მთავარდიაკონის განცდების
კვეთას სულ თვე-ნახევარი მოუნდა...
და როს უკვე სრულქმნილ პორტრეტს უმზერდა
ვაჭარმა მასში შედევრი შეიცნო,
მარმარილოს ბაგე შეკრთა თითქოს და
ნაღვერდალის სიმხურვალეც შეიგრძნო.
ფასი ჰკითხა სოვდაგარმა ოსტატს და
დონატელომ თქვა თანხა მიზერული,
ძვირია, მაგის ნახევარს მოგცემო,
აწუწუნდა ვაჭრობას მიჩვეული.
ძვირიაო?!. გაიკვირვა, იწყინა,
და თვალებში მრისხანება აიმღვრა,
ვერანდიდან დაბლა გადმოგდებული
მარმარილო გულსაკლავად დაიმსხვრა.
სხვა ნახეო უკეთესის შემქმნელი,
ჩემს ნახელავს შენ ვერასდროს შესწვდები,
მე კი ახალს გავაკეთებ ოდესღაც
და მყიდველში ასე აღარ შევცდები.
სოვდაგარი მიხვდა, როგორ მოტყუვდა,
თუმც გვიანი იყო თითზე კბენანი,
წამოვიდა სხვა სკულპტორი მოძებნა
და შეკვეთა მისცა ბანკო დი ნანის*
მუშაობა ექვს თვეზე მეტს გაგრძელდა
და როდესაც დასრულება ეღირსა,
გენუელმა მოითხოვა ჯიუტად,
შეფასება დონატელოს ეკისრა.
ვაჭრის გული ვერ იმეტებს ფლორინებს*,
იმედოვნებს ახლა მაინც მოიგებს,
არ ჰგონია დონატელომ სხვის ნაშრომს
თავისაზე მეტი ფასი დაადოს.
თუმცა ისევ მწარედ შეცდა, რადგანაც
დონატელომ უცნაურად განსაჯა,
ათჯერ ძვირად შეაფასა და ამით
გენუელი კიდევ ერთხელ დასაჯა.
ეგ როგორო, განა შენს ნაქანდაკარს
ეს პორტრეტი ათჯერ აღემატება?..
დონატომ კი უთხრა - არ გეკადრება
მოქანდაკის შრომის არ დაფასება...
იცი, რამდენი იწვალა დი ნანიმ
ამ ლამაზი ქანდაკების შექმნაზე?..
ან რაოდენ მძიმე შრომა დაჭირდა
კომპოზიციის ამგვარად შეკვრაზე?..
განა შენ კი არ წვალობო, კითხულობს
სოვდაგარი მხოლოდ ერთი იმედით,
იქნებ გული მოუბრუნდეს დონატოს,
შეღავათი მისცეს, თუნდაც მცირედი...
მე უფლისგან ბოძებული ნიჭი მაქვს,
აქვე დიდი ვალიც მადევს ამისთვის,
ამიტომაც სულ ღიღინით ვმუშაობ,
კი არ ვწვალობ, ნეტარებას განვიცდი...
და ვპოულობ უზომო აღმაფრენას,
როგორც სული საუფლოში შესვლისას,
არვინაა ისე თავისუფალი,
ვით ნამდვილი ხელოვანი შექმნისას.
კაცობრიობას ვაჩუქებ შედევრებს,
სანამ სიცოცხლე სულმთლად არ ჩაქრება,
ზუსტად ვიცი, დონატელოს სახელი
რომ მსოფლიო ისტორიას დარჩება.
მერე ჩემზე ლეგენდებს მოყვებიან
და ერთ-ერთში შეიძლება შენც მოხვდე,
თუმცა გენუელი ვაჭრის სახელი,
შეიძლება არც არავის ახსოვდეს.
ბოლოს მაინც ორივ იმას მოვიმკით,
რაც მიგვაჩნდა პატივად და ღირსებად,
შენ - აქაურ სიმდიდრეს და ქონებას,
დონატელო - საუკუნო დიდებას...
გენიოსი მოქანდაკის სტატუსით
ადრეული რენესანსის წიაღში,
ქვაფენილზე ხის ქოშების ბაკუნით
დონატელო დადის ფლორენციაში.
_____________
ქემო ქავთარი
განმარტებები:
ქანდაქარი* - იგივეა რაც მოქანდაკე.
ტოსკანა, ლიგურია, უმბრია და ლაციო* - იტალიის რეგიონები
მარმარილოს და ბრინჯაოს „დავითი“* - იგულისხმება დონატელოს ორი ქანდაკება, ორივეს სახელია „დავითი“. აქედან ერთი მარმარილოშია ნაკვეთი, ხოლო მეორე ჩამოსხმულია ბრინჯაოში.
„გატამელატა“* - დონატელოს მიერ შექმნილი ქანდაკება, რომელიც დგას ქალაქ პადუაში.
„მარიამ ეგვიპტელი“* - იგულისხმება დონატელოს მიერ შექმნილი ქანდაკება, რომელშიც მასალად ხეა გამოყენებული.
კვადროჩენტო* - იტალიური რენესანსის ერთ-ერთი პერიოდი (1400 -1499 წწ)
კოზიმო მედიჩი * - ფლორენციის პირველი მმართველი მედიჩების დინასტიიდან.
გენუა* - იგულისხმება გენუის რესპუბლიკა, ქალაქი სახელმწიფო იტალიაში, ახლანდელი ლიგურიის რეგიონი.
წმინდა ლავრენტი* - წმინდა მოწამე მთავარდიაკონი ლავრენტი, რომელიც აწამეს 258 წელს. მრავალ სხვა მეთოდთან ერთად გამოიყენეს გავარვარებულ ნაღვერდალზე დაწვენაც.
ბანკო დი ნანი* - დონატელოს თანამედროვე მოქანდაკე ფლორენციაში.
ფლორინი* - ძველებური ფლორენციული ოქროს ან ვერცხლის ფული.