არესის ველზე* იდგა მუხა, როგორც დევგმირი
და ცადაღმართულ ხელში ეპყრა ოქროს საწმისი,
ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპი ედგა დარაჯად,
მარადფხიზელი და ვეება, როგორც ფაზისი*.
როგორც კოლხეთი - აიეტის* საბრძანებელი,
ჰელიოსის* ძეს ეკუთვნოდა ოქროს თილისმა,
როგორც სიმდიდრის, ისე სიბრძნის თანამხლებელი.
ორქომენიდან* გაქცეულმა ფრიქსემ* კოლხეთში,
მეფის ასული ქალკიოპე* როცა შეირთო,
ქრიზომალოსი* ზევსს* შესწირა და მისი ტყავი
სიმამრს მიართვა, რადგან მფარველ მამად შეიცნო.
შორს გავარდნია ოქროს საწმისს თურმე სახელი,
ბევრი ვაჟკაცი გველეშაპის გახდა საკბილო,
რადგან ცდუნების გზას დაადგა მისი მნახველი.
თესალიაში იოლკოსის მეფე პელიასს*,
ცალხამლიანი* იასონი* კარს მისდგომია,
ესონის* ვაჟი მამამისის კუთვნილს ითხოვდა,
ქირონის* გაზრდილს თურმე შემწედ ჰერა* ჰყოლია.
დაგიბრუნებო, ერთ საგმირო საქმეს თუ იზამ,
მთელი ქალაქი დაგიფასებს, გაღიარებსო,
კოლხთა ქვეყნიდან ოქროს საწმისს თუ ჩამოიტან.
ჭკვაში დაუჯდა იასონს და არგოსს* მიმართა,
მანაც ათენას* შემწეობით გემი ააგო,
ორმოცდაათი ხოფი ნიჩბით დამშვენებული,
სწრაფად მავალი, ზღვის მკვეთელი ხომალდი არგო.
გზადაგზა ბევრი განსაცდელი გამოიარეს,
ოლიმპოელნი* მფარველობდნენ ელადელ* გმირებს,
პონტოს ზღვის* აქეთ ფაზისიც კი ამოიარეს.
კვიტაიაში* იასონი მეფის წინაშე
წარსდგა და მისი საკადრისი ძღვენიც მიართვა,
თუმცა ისეთი რამ ითხოვა მასპინძლისაგან,
კოლხთა სამეფოს ძველ დიდებას ჩრდილი მიადგა.
სტუმარ-მასპინძლის წესი, ისე ელინთ ქსენია*,
მაგრამ საწმისზე დახარბებულ უტიფარ ბერძენს,
ისეთ პირობას უდებს, ჯერ რომ არვის გვსმენია.
განგების ნებით ვესწრებოდი იმ დარბაზობას,
როგორც სასახლის კარის მცველი, ერთი მებრძოლი,
მე, ამარანთას* მთების მკვიდრი მამულიშვილი,
ჰეკატესა* და აიეტის ასულს ვეტრფოდი.
დედის ტაძარში გამოზრდილი გრძნეულ ქურუმად,
ანდამატივით მიმზიდველი, კალმით ნახატი,
იდუმალებით განვრცობილი ვნების ბურუსად.
და ამ ბურუსში გახვეული გულში ვმალავდი
აბრიალებულ ცეცხლად ქცეულ მტანჯველ სიყვარულს,
მე მხოლოდ მისი სიახლოვის მადლით ვსუნთქავდი
და მისი ხილვა მანიჭებდა ულევ სიხარულს.
გადამეშალა მისთვის გული სრული სიწრფელით,
ის სიყვარულის ისრით დაჭრა თურმე ეროსმა*
და იასონი შეაყვარა თავდავიწყებით.
გულის მურაზი მან ჰეკატეს ტაძარში იხმო*,
და სიყვარულის წმინდა ფიცი ისმინა მისგან,
მაშინ ბალახთა და წამალთა მესაიდუმლემ*
იასონს თავის ჯადოსნური მალამო მისცა.
რა დაბრკოლება დაუდგება დაუძლეველი,
ჰეფესტოს* მიერ გამოჭედილ სპილენძის ხარებს
უღელს დაადგამს რათა მოხნას არესის ველი.
მერე დათესავს გველეშაპის კბილებს და მათგან
აღმოცენებულ გოლიათებს გაანადგურებს,
მაშინ მიხვდება აიეტი მედეას ღალატს
და მამის გულში მჭმუნვარება დაისადგურებს.
არგონავტები ამაღამვე უნდა გაჟლიტოს,
მაგრამ მედეას ბედი უფრო მეტად ადარდებს,
თავის ასული ტანჯვისათვის როგორ გაწიროს.
მეფემ მოიხმო აფსირტე* და ბრძანა ამგვარად:
ვიცი, ამაღამ მოიპარავს ბერძენი საწმისს,
რადგან მედეა გრძნეულებით შეკრავს გველეშაპს
და იოლკოსში თან გაჰყვება კენტავრის გაზრდილს.
გადაიფიქროს მამისა და ქვეყნის ღალატი,
ელინთა ფიცი ნუ ჰგონია ისე ურყევი,
როგორც კოლხების ნაშენები ციხე-ქალაქი.
მარტო წავიდა, ავედევნე მეც აჩრდილივით,
უნდა მიმეგნო მედეასთვის, რადგან მეწადა,
გამომეტაცნა ჩემი სატრფო მინიელთაგან*,
მთას შევხიზნოდი მასთან ერთად, ბედი მეცადა.
მეხოფეები ზედ მოზიდულ მშვილდებად ისხდნენ,
წასვლის დროაო ბუტბუტებდა მეტყველი მორი*,
ათენას მიერ დარჭობილი ხომალდის ცხვირზე.
მედეას მიერ ჯადოქრობით მონუსხულ დრაკონს
ჩასძინებოდა ლეთარგიულ* საღათას ძილით,
ოქროს საწმისი ჩამოეხსნა უკვე იასონს,
აღტაცებული დასცქეროდა მოცინარ პირით.
არგოს სისწრაფეს აიადან* თავდასახსნელად,
მაგრამ მანამდე გზად აფსირტეს წააწყდებიან,
რომელსაც უკან მე მივყვები უჩინარ მდევრად.
გადაეხვევა საყვარელ დას უმრწემესი* ძმა,
გულში ჩაიკრავს, დანაბარებს ეტყვის მამისას,
სამშობლოს იქით არ არსებობს ბედნიერება,
ამაო არის ბრწყინვალება უცხო მხარისა.
და იასონმა საფრთხე იგრძნო რადგან ნამდვილი,
აიეტის ძეს საუბარი აღარ აცადა
და ზურგში ჩასცა მუხანათმა მოკლე მახვილი.
ხმალამოწვდილი, გრიგალივით მივუხტი ბერძენს,
იმან აპსისი* შეაგება ხალიბურ რკინას*,
დავკარ, გამიძლო ჯადოსნური სალბუნის ძალით,
მივხვდი და შველა გამოვთხოვე ღმერთკაც ამირანს.
ვერას აკლებდა იასონის აბჯარ-მუზარადს,
სიბრტყით ვუხეთქე ხმალი შუბლში გავეშებულმა,
გონდაკარგული დაეცა და დარჩა უძრავად.
წელზე მოვხვიე მაშინ ხელი სანატრელ დიაცს,
გავაქანებდი კიდეც უკვე ამარანთასკენ,
მაგრამ გამისხლტა და დაემხო აფსირტეს ცხედარს,
ძმას დასტიროდა კოლხურ წესზე ქალი ქალთამზე.
რა გულით უნდა მომეტაცა ძმამკვდარი ქალი,
ანდა როგორღა გამემხილა, რა ცეცხლი მდაგავს,
მეც ხომ აფსირტეს ვიყავ ახლა ჭირისუფალი.
თუმცა რად უნდა თქმა მედეას, როცა ნიჭი აქვს
უთქმელისა და უხილავის შემეცნებისა,
ერთი ისეთი შემომხედა, გულის გულს ჩასწვდა
და მოზიარე გახდა ჩემი შეგრძნებებისა.
მისი ქსიფოსი* ავიღე და ყელს მივაბჯინე,
იმსახურებდა ჩემი ხელით ამდაგვარ სიკვდილს,
თუმცა მედეას თვალებმა კი გადაარჩინეს.
თუკი გიყვარვარ, ჩემს სიყვარულს ნუ მომიკლავო,
მითხრა და ამით განაჩენიც გამომიტანა,
დამამუნათა, იქეთ მთხოვა, აქეთ უარმყო,
ოცნების კოშკი უმოწყალოდ ჩამომიშალა.
ჩემო ქალღმერთო, სილამაზე შენი მაყრუებს,
კვალდაკვალ დაგდევ მე არა მაქვს შენს იქით სხვა გზა,
ყოვლისმხილველი ჰელიოსი დამიდასტურებს.
შენ ჩემი მზე ხარ, სანატრელო, მე შენი ცა ვარ,
უარს ვერ გეტყვი და რასაც მთხოვ, იმას მიიღებ,
რადგან ასე გსურს, გაგეცლები ჩემი გზით წავალ,
თუმცა ვიცი, რომ უშენობა ბოლოს მომიღებს.
რატომ გგონია დაგიფასებს ვინმე ამ ამაგს,
ეს ქვებუდანი* ძმის მკვლელობას შენ დაგაბრალებს,
წამოგაძახებს მამისა და სამშობლოს ღალატს.
საწმისთან ერთად შენ თან მიგაქვს ქვეყნის სიმდიდრე,
დაფარული და გაუთქმელი ქურუმთა ცოდნა,
კოლხური სიბრძნე ააყვავებს და განადიდებს
ელადას, თუმცა დაუცველი დარჩება კოლხა.
იქ თავის მტრებზე შურსაც კი შენ გაძიებინებს,
ალქაჯ ჯადოქარს დაგარქმევენ უცხოტომელ ქალს
და კანონიერ ცოლად არვინ მოგიხსენიებს.
მერე კი წავა, გიღალატებს შენი რჩეული,
კრეონის* ასულს შეირთავს და გულს რომ მოგიკლავს,
აი მაშინ კი გაიღვიძებს შენში გრძნეული,
კრეუსას* სიკვდილს მოსასხამის ცეცხლით მოიტანს.
ჰერას ტაძარში, სიმწრისაგან ჩამოღვრი ცრემლებს,
დიდი ხნის შემდეგ ევრიპიდეს* მოისყიდიან
და ისევ შენზე შეიწმენდენ სისხლიან ხელებს.
ათენში, როცა ეგეოსის* ცოლი გახდები,
დაგაბრალებენ რომ თესევსის* მოკვლას ცდილობდი,
ბოლოს კოლხეთში დაბრუნდები ისევ მამასთან,
სამარადისოდ პირგახსნილი სულის ჭრილობით.
ისე ახლოს, რომ მე მესმოდა რასაც ფიქრობდა,
უძირო თვალებს ჩავყევი და იქ შევიცანი,
რომ თავის ბედი და იღბალი უკვე იცოდა.
ვერ მოხდებაო სამზეოში* ისეთი რამე,
სულეთში* უკვე რომ არ იყოს გადაწყვეტილი,
ქურუმმა იცის ერთი სული უკიდეგანო,
კაცის სიცოცხლე მასთან მოსჩანს როგორც წერტილი.
ზოგს ცეცხლი მოაქვს ხალხისთვის და ზოგსაც წამალი,
კაცობრიობა ვერ აიტანს უძრავად ლოდინს,
წინსვლა ქვეყნიდან ქვეყანაში დადის ამალით.
მე შენ გიტოვებ კოლხეთსა და შვილმკვდარ აიეტს,
ამ ქვეყანაზე სამუდამოდ ხარ მიჯაჭვული,
მე კი წავალ და ფარულ სიბრძნეს სხვასაც წავუღებ,
რომ ამ სამყაროს შეაშველონ ხელი და გული.
მედეა მიდის საბერძნეთში, საწმისი მიაქვს,
მე კი გულმოკლულს აღმომხდება ისეთი კვნესა,
რომ არგონავტებს ეგონებათ პრომეთეს გმინვა.
-----------------------
ქემო ქავთარი
-----------------------
განმარტებები:
No comments:
Post a Comment