Friday, November 22, 2019

ჯუთა




წამამყევ, ლუხუმო!
ხევს უნდა გადვიდეთ,
ციხიონს ავხედოთ ჯუთას...
ეჰ, ციხე კიარა,
ჯუთელ მენაპირეს
კოშკიც კი აღარსად უდგას...
თეთრონი შაკაზმე!
ჭაუხზე ანთებულ
ალიონს ავუსწროთ,მსურსა,
საქმე საქმედა ვქნათ,
ძმობილსაც განახვებ,
აამებ ზეზვაის გულსა...

იღიმის ლუხუმი,
ფიქრით ატრიალებს
თეთრი ჰაილუქსის „რულსა“:
ნუთუ ისევ წარსულს
მისტირი, ქავთარო,
გარდასულ დროის თუ გშურსა?!
დღეს ვინღა იგონებს
კოშკზე ანთებული
ცეცხლის კვამლსა და შუქსა?!.
დრო გამოიცვალა,
ახლა ტელეფონს და
რადიოს უგდებენ ყურსა...

გამოღმა გავჩერდით,
ხევსურთა სოფელი
გაღმა შეფენილა ფერდზე.
ქვის ლოდზე ჯვარი დგას,
და ნაკურთხ ჯუთისწყალს
პეშვით ჩამოვიღვრი მკერდზე...
გავცქერი კლდის ქიმებს,
ჰკოცნიან მზის სხივებს,
ნათელი ჩამოსდევს ქედებს.
ხევში გადმოხვეწილ
ხევსურთა ბალღები
ადათით უზრდია დედებს...

ჰოდა, ამ ადათით,
სტუმარს გაუშვებენ
სუფრის გაუშლელად განა?..
ვიღაცამ იქნება
იკადროს კიდევაც,
მაგრამ ზეზვაი კი არა...
მით უფრო, უხარის
ბარელი ხევსურის,
ძმობილი ლუხუმის ნახვა,
სახლისკენ მიგვიძღვის,
ხინკალ ჩაყარაო
ჭინჭარაულის ქალმა.

თამადობს ზეზვაი,
ლექსად აჟღრიალებს
ხევსურულ კილოკავსა,
ერთ კოშკ მეც მინდაო
ჩემთვის ავიშენო,
დაუჟინებია მთვრალსა...
რა დროს კოშკიაო,
ბუზღუნებს ლუხუმი,
კარისკენ აპარებს თვალსა...
მძღოლია, ვერა სვამს,
წასვლას ეშურება,
დროზე გავუდგეთო გზასა...
სამჯერ გავიდა და
ყოველ შემოსვლაზე
ზეზვა ფეხზე მდგარი დახვდა,
მოხვე მშვიდობითა?..
კითხვად მიაგება
ადათი წინაპართა.
დაჯე, რას დგებიო,
მოვედ, სად წავალო,
სხვა წესი ჰქონია ბარსა...
ეწყინა მასპინძელს,
სახეზე შევატყვე,
მაგრამ არაფერი არ თქვა.
ხევსურული წესით
ფეხზე უდგებიან
შემოსულ პატარა ბალღსაც...

მერე მე გავედი
და როცა დავბრუნდი,
ისევ იგივე ქნა ზეზვამ,
მე შევეხმიანე,
დამხვდი მშვიდობით თქო,
მშვიდობა მოგცეს თქო ღმერთმა.
სახე გაუბრწყინდა,
მთიულო ქავთარო,
მთაში გაზრდილი ხარ შენცა,
ამ ბარელს რა ვუყოთ,
წესი დაუკარგავს
შორს გაჰქცევიაო მთებსა...
ისევ გარბიანო,
ჯუთასაც სტოვებენ,
უჭირს აქ გაძლება ბევრსა...
მე კი არ წავალო,
აქა ვჭირდებიო
სოფელს და ქვეყანას ჩემსას...

საყველაწმინდოს ვსვამთ,
სახლიდან გასვლამდე
ვხვდებით საკართანოს წესსაც.
კარებში ჩამდგარა
დოქით მასპინძელი,
ფიალას გვაძალებს ერთსაც...
ჭაუხებს კოშკებზე
კოცონი ჩაუქრათ,
ბინდმა მოიტანა სევდა,
არხოტის ყელს იქით
თვითონ არხოტია
შვილებგაფანტული დედა...
ღმერთო, დააბრუნე
არხვატსა შვილები!
ქართველნი ამრავლე ქვეყნად!
საქართველოსათვის
რწმენით დაზრდილები,
ხსნად მოევლინონ და შველად!

მას შემდეგ იდინა
დრომ წუთ-საათებად,
დღეებად, თვეებად, წლებად...
აღარ მყავს თეთრონი
და აღარც საქმე მაქვს,
ხევს გამოვეკიდო მდევრად.
სხვა ცხენი შავკაზმე,
ფიქრები გავრითმე,
გული არ მივეცი სევდას...
წამოდი, ლუხუმო,
ჯუთაში წავიდეთ,
კოშკი აუგია ზეზვას!

----------------
ქემო ქავთარი






No comments:

Post a Comment