Wednesday, November 4, 2020

სიყვარულის ზღაპარი (პოემა)

       

       ნაწილი I - ყვავილების ბაღი

         თავი I - დაბადება

    1.  ზღაპრად მოგიყვებით ამბავს,
         ამგვარად გავრცელდა ხალხში,
         თუმცა რეალურად მოხდა
         ერთხელ ყვავილების ბაღში.

   2.   ყოფილა მებაღე ერთი,
         მოხუცი, მშრომელი კაცი,
         ტყის პირას ცხოვრობდა მარტო,
         ხით ნაგებ პატარა სახლში.

   3.   სახლის წინ ჰქონია ბაღი,
         კოხტა ყვავილების ტევრი,
         შრომობდა, ცხოვრობდა ჩუმად,
         ღვთის სიყვარულით და რწმენით.

   4.   წამი მიჰყვებოდა წამებს,
         წვეთს ემატებოდა წვეთი,
         წალკოტს ედრებოდა ბაღი,
         შრომას უფასებდა ღმერთი.

   5.   დრო ისე მიჰქროდა, როგორც
         ნაბდით დაჭედილი ცხენი,
         ხშირად უბრწყინავდა მოხუცს
         თვალში სიხარულის ცრემლი.

   6.   სასწაულს ახდენდა თურმე,
         დაკოჟრილ ხელების მადლი,
         შრომა ამშვიდებდა ისევ,
         მებაღეს შრომისგან დაღლილს.

   7.   თმაწვერდათოვლილი თეთრად
         ბაღში სილამაზეს ზრდიდა,
         მიწა თუ აძლევდა ძალას,
         ღვთიურ მადლს იღებდა ციდან...

   8.   ერთხელაც გადაღლილ მოხუცს,
         პირდაპირ წალკოტის ცენტრში,
         ქვისთვის წამოუკრავს ფეხი
         და ძირს დაბნევია თესლი.

   9.   წამოუკრეფია ხელით,
         არ დაზარებია გარჯა,
         მაგრამ შემოქმედის ნებით,
         ორი მარცვალი ძირს დარჩა.

  10.  ობლად დარჩენილნი თურმე,
         შეუფარებია მიწას,
         მასვე უჭმევია პური,
         წყალი უსმევია წვიმას.

  11.  მზის სხივს მიუცია სითბო,
         ნანა უმღერია ნიავს
         და უფლის შეწევნით, ობლის
         კვერი გამომცხვარა გვიან.

  12.  განგებამ ინება ასე,
         მადლი მოუვლინა ციდან
         და დაფეხმძიმებულ მიწას
         უშვია ვარდი და ტიტა.

  13.  არ გამოჰპარვია მოხუცს
         ამ ახალშობილთა სუნთქვა
         და როცა იხილა თვალით,
         მადლობა შესწირა უფალს.

  14.  იქვე ჩაიმუხლა, რადგან
         სხვაგვარად არა ქნა გულმა,
         სიამით მიიღო წესად
         ამ ჩვილ ყვავილებზე ზრუნვა.

  15.  დრო ისევ ითვლიდა წამებს,
         შრომობდა მებაღე კვლავაც,
         სიკეთეს თესავდა ბაღში
         და ღმერთი აძლევდა ძალას.

  16.  აქვე იზრდებოდნენ ერთად
         ჯერ ნორჩი ვარდი და ტიტა,
         გულს რომ უხარებდნენ გამზრდელს,
         ვინც მათ დასდგომოდა ძიძად.

  17.  დიდად აოცებდნენ მნახველს,
         მსგავსი არ ენახათ სხვა დროს,
         იდგნენ სხვებისათვის შორს და
         ერთმანეთისათვის ახლოს.

  18.  ისე ახლოს იყვნენ თურმე,
         რომ იკარგებოდა ზღვარი,
         ფოთლებს შემოხვევდნენ ერთურთს
         და ერთად სუნთქავდნენ ლამის.

  19.  სწრაფად იზრდებოდა ტიტა,
         სიცოცხლის სიმბოლოდ ქმნილი,
         არსით უკვდავების ხატი,
         აზრით სიყვარულის ჩრდილი.

  20.  ტანად ჩამოჰგავდა ალვას,
         მხარფოთოლგაშლილი განზე,
         უფროსი ძმასავით სწუხდა,
         ზრუნავდა ტანმორჩილ ვარდზე.

  21.  მერე კი გამოხდა ხანი,
         ბაღში გადამწვანდა მდელო,
         ვარდმაც აიყარა ტანი
         და მოუძლიერდა ღერო.

  22.  წალკოტის მშვენებად იქცა,
         თვალგულწარმტაცი და ტურფა,
         სილამაზე იყო თვითონ
         და სურნელოვანი სუნთქვა.

  23.  წითლად აფეთქებულ კოკორს
         ენთო სიდიადის ცეცხლი,
         ფურცლებად გახსნოდა ბაგე
         სიყვარულისათვის შექმნილს.

  24.  უნაკლო, უმანკო ვარდი
         ეკეკლუცებოდა მზის სხივს,
         ღამით შესცქეროდა მთვარეს,
         ბულბული მღეროდა მისთვის.

  25.  როცა ონავარი სიო
         ჩამოუქროლებდა გვერდით,
         ამაყად გაშლიდა ფოთლებს
         და თავს შეიქცევდა ცეკვით.

  26.  სიო ჩურჩულებდა ჩუმად,
         მრავალი გეტრფისო შორით,
         ბევრმა დამაბარა თვითონ,
         ბევრიც გავიგეო ჭორით.

  27.  ვარდი არ აძლევდა პასუხს,
         მხარზე ეყრდნობოდა ტიტას,
         ტუჩებს მიუტანდა ყურთან,
         ეჭორავებოდა დიდხანს.

  28.  ტიტა კი უსმენდა წყნარად,
         აძლევდა გონივრულ რჩევას,
         უნდა დაფიქრდეო კარგად,
         ნუ მიენდობიო ყველას.

  29.  რჩევით კი ურჩევდა, მაგრამ
         გული ევსებოდა დარდით,
         თვითონაც ვერ მიხვდა ტიტა,
         როდის შეუყვარდა ვარდი.

  30.  მასთან სიახლოვე სითბოს,
         სიხარულს უღვრიდა სულში,
         ტანჯავდა უთქმელი გრძნობა,
         სიყვარულს მარხავდა გულში.

  31.  დროდადრო ჰკითხავდა ფრთხილად,
         იქნება გიყვარსო ვინმე...
         არაო, ეტყოდა ვარდი,
         თავს გადააქნევდა მძიმედ.

  32.  გულში კი ფიქრობდა: ნუთუ
         ტიტა შეფარულად მეტრფის?!.
         რატომ მიყურებსო ისე,
         თითქოს თავს სწირავდეს ჩემთვის.

  33.  ხანდახან ბრაზობდა მასზე,
         ეკლებით ჩხვლეტავდა განზრახ,
         წყენას ივიწყებდა ტიტა
         და უხმოდ იტანდა ტანჯვას.

  34.  თვალყურს ადევნებდა მშვიდად
         გამზრდელი მებაღე გაზრდილთ
         და მათი შემყურე გრძნობდა
         წმინდა სიყვარულის აჩრდილს.

  35.  გულწრფელად ხარობდა, რადგან
         არ ჰქონდა მიზეზი დარდის.
         ერთხელაც იტყოდა ტიტა,
         ოდესღაც იგრძნობდა ვარდიც,

  36.  როგორ უფეთქავდა თურმე
         გული სიყვარულის ძალით,
         ერთმანეთისათვის იყვნენ
         დაბადებულები მაინც.

  37.  ბაღის შუაგულში იდგნენ,
         გვერდიგვერდ არხევდნენ ფოთლებს.
         დროის ბედაური სცემდა
         გზას ნაბდით დაჭედილ ფლოქვებს.

         თავი II - გარდასახვა

  38.  დრო მიდიოდა და მგონი
         ცოტა ხნით შეყოვნდა გზაში,
         მზე სხივებს აყრიდა მიწას,
         ქარი ნავარდობდა ცაში.

  39.  დილით წასულიყო სადღაც,
         მებაღე არ იყო სახლში,
         როდესაც მოადგა წალკოტს
         ორი ონავარი ბავშვი.

  40.  ბაღნარში ჩაფლული სახლი
         არ იყო სოფლიდან ახლოს,
         შემთხვევით გავლილი მგზავრი
         აქ ვერ მოხვდებოდა ამ დროს.

  41.  არ ჰგავდნენ ბავშვები მგზავრებს,
         არც მოხუც მებაღის სტუმრებს,
         სოფლიდან მოსდევდნენ მარდად
         ფერადი პეპლების გუნდებს.

  42.  ბავშვური სიცელქით ხტოდნენ,
         ერთმანეთს ასწრებდნენ გზაში
         და ვერც კი შენიშნეს, ისე
         აღმოჩნდნენ ამ ზღაპრულ ბაღში.

  43.  დარბოდნენ, დასდევდნენ პეპლებს,
         გარშემო აფრქვევდნენ სიცილს,
         ყორნისფერთმიანი გოგო
         და ქერაკულულა ბიჭი.

  44.  ფრთაჭრელი პეპელა, მათ წინ
         რომ მიფარფატებდა ლაღად,
         დანებდა მათრობელ სურნელს,
         დაეშვა თვალწარმტაც ვარდთან.

  45.  ბავშვებიც შეჩერდნენ იქვე,
         მკვირცხლად ჩაიმუხლა ბიჭმა,
         პეპლისკენ წაიღო ხელი
         და თითქმის ფრთაზეც კი მისწვდა.

  46.  ყვავილებს გადაჰკრა გულზე
         მოთეთრო აჩრდილმა შიშის.
         ვარდს გადაეფარა ტიტა,
         უხმოდ მოკვდებოდა მისთვის.

  47.  გაექცა პეპელა საფრთხეს,
         ძლივს კი შეელია სურნელს,
         მაღლა მიიწევდა, თითქოს
         სურდა შერეოდა ღრუბლებს.

  48.  უმზერდა მშვენიერ ყვავილთ
         ორი დაბნეული ბავშვი.
         თერთმეტის ყოფილა ბიჭი,
         ხოლო გოგონა კი ათის.

  49.  მაგრამ აღმოაჩნდა მათაც
         უძღები ბუნება კაცთა,
         ტურფა სილამაზის ფლობის,
         ტაცება ყოველთა კარგთა.

  50.  ისე მოიხიბლნენ მაშინ,
         სულ მთლად დაებინდათ გონი
         ცდუნებას ვერ სძლიეს ყრმათა,
         თუმცა არც უცდიათ, მგონი.

  51.  ცუდის მოლოდინში შეცბა,
         სამყარო დადუმდა წამით,
         მზე ამოეფარა ღრუბელს,
         წალკოტს მოარიდა თვალი.

  52.  მიწას კი აღმოხდა გმინვა,
         იხილა სიკვდილის ლანდი,
         როდესაც მოწყვიტა ბიჭმა
         ტიტა და გოგომ კი ვარდი.

  53.  ბაღი გაიყინა თითქოს,
         ჩაქრა სიხარულის ფერი,
         შორს მყოფი მებაღის გულმა
         შეიგრძნო ტკივილი მწველი.

  54.  არ ვიცი, განგების ძალით,
         თუ შემთხვევით მოხდა ისე,
         რომ გოგოს ეძახდნენ ვარდოს
         და ბიჭს კი რქმევია ტიტე.

  55.  სოფელში ცხოვრობდნენ იქვე,
         გზა რომ ჩაუყვება ფერდობს,
         ერთი შედარებით მაღლა,
         მეორე ცოტათი ქვემოთ.

  56.  ერთად იზრდებოდნენ, რადგან
         ოჯახებით იყვნენ ახლოს,
         მონადირის ბიჭი ტიტე
         და მწყემსის გოგონა ვარდო.

  57.  სიცოცხლით აღსავსე ბავშვებს
         უყვარდათ მინდორში ქროლვა,
         სამყაროს შეცნობის ხიბლი,
         სიახლის ძიების ლტოლვა.

  58.  მერე კი, ბედ-იღბლის ჩარხი
         ასე დატრიალდა რადგან,
         ჯადოსნურ ბაღნარში მოხვდნენ,
         თვითონ გადაიქცნენ ზღაპრად.

  59.  ფესვებს მოწყვეტილი ვარდი
         აფრქვევდა ჯადოსნურ სურნელს
         და აღტაცებული ვარდო
         ნაზ კოცნას ჩუქნიდა ფურცლებს.

  60.  ტიტე შეჰყურებდა, ტიტას
         როგორ ეცვლებოდა ფერი,
         გვირგვინად შესხმოდა კოკორს
         ოქროსფრად მბრწყინავი მტვერი.

  61.  საამოდ გაუთბა ხელი,
         გულში ჩაეღვარა სითბო,
         უცხო ჟრუანტელის ტალღა
         მთელ სხეულს მოედო, იგრძნო.

  62.  სხივჩამდგარ მომწვანო თვალებს
         რატომღაც მოადგა ცრემლი,
         უმზერდა, აფრქვევდა ალერსს
         ვარდოს დათაფლული ტბები.

  63.  ნაზად მოეხვია გოგოს,
         გულში ჩაიხუტა ფრთხილად,
         ღაწვზე დაუპირა კოცნა,
         ადრეც ხომ კოცნიდა ხშირად.

  64.  ამ დროს ამოხედა ვარდომ,
         სახე მოაბრუნა მისკენ
         და ტიტეს ტუჩები თრთოლვით
         ვარდისფერ ბაგეებს მისწვდნენ.

  65.  აფარფატებული კოცნა
         გოგონას დაადნა ტუჩზე,
         ნაზი და საამო გრძნობა
         თბილად დაეღვარა გულზე.

  66.  მის გამთბარ პატარა ხელში
         ტრფობით გაიფურჩქნა ვარდი,
         გაბრწყინდა ნათელი გრძნობით
         თვითონ სიყვარულის ხატი.

  67.  ნამდვილ დედოფალსა ჰგავდა
         სიდიადითა და განცდით,
         გრძნობდა, რომ უყვარდა ტიტა,
         როდესაც კარგავდა მაშინ.

  68.  როცა სიკვდილამდე უკვე
         ძალიან ცოტა დრო დარჩა,
         ბედნიერი იყო ტიტაც,
         რადგან შეიყვარა ვარდმა...

  69.  და არ გაატანა სიკვდილს
         დიდი სიყვარული ღმერთმა,
         უმანკო ბავშვების სულში
         დათესა სიკეთის თესლად.

  70.  ჯერ ვერც კი ხვდებოდნენ, ტრფობა
         როგორ შეეპარათ გულში,
         დღეს რაღაც გაიგეს, რისაც
         არა უწყოდნენ რა გუშინ.

  71.  ბოლომდე ვერ ჩასწვდნენ ოღონდ
         და ვერ გაიაზრეს სრულად,
         სიხარულს, საამურ გრძნობას
         რად ემატებოდა ჭმუნვა.

  72.  ან ეს მიმზიდველი ლტოლვა
         რად ჰგავდა ამ ვარდის სურნელს?!.
         სახელს ვერ არქმევდნენ გრძნობას,
         მათ რომ უჩქროლებდა გულებს.

  73.  ჯერ კიდევ უცნობი გრძნობის,
         უტყვი სიყვარულის ნიშნად,
         ბიჭს ვარდი აჩუქა გოგომ
         და ტიტა აჩუქა ბიჭმა.

  74.  მე შევინახავო ამ ვარდს,
         ვარდოს ასე უთხრა ტიტემ,
         რომ გავიზრდებიო მოვალ
         და შენ გაჩუქებო ისევ.

  75.  მან კი დაუქნია თავი,
         კარგიო, დათანხმდა ვარდო,
         მეც დაგიბრუნებო ტიტას,
         დაველოდებიო მაგ დროს.

  76.  რადგანაც გიყვებით ზღაპრად,
         არ გაგიკვირდებათ მაშინ,
         თუ გეტყვით, რომ კიდევ ერთი
         სასწაული მოხდა ბაღში.

  77.  მას შემდეგ, რაც ტიტის გრძნობამ
         ბავშვების სხეული განვლო,
         ასე მიაღწია ვარდთან
         და მისი ფიქრები ამცნო,

  78.  სულით დაახლოვდნენ თურმე
         და ღმერთმა უბოძა ნიჭი,
         ჩასწვდნენ ერთმანეთის აზრებს,
         ერთგვარად იფიქრონ თითქმის.

  79.  ხელი ხელს ჩასჭიდეს, ასე
         მდუმარედ გაუყვნენ ბილიკს,
         აქ ზედმეტი იყო სიტყვა,
         საკმარისი იყო ფიქრი.


         თავი III - წყევლა

   80.  ბავშვებმა დატოვეს ბაღი,
          დრო მიჰყვა ცარგვალის ტრიალს,
          დღეს რომ ჩაენაცვლა ღამე,
          მებაღე დაბრუნდა გვიან.

  81.  დაღლილ-დაქანცული გზისგან
         მაინც ვერ გაჩერდა სახლში,
         ვეღარ მოუთმინა გულმა,
         რომ არ გასულიყო ბაღში.

  82.  ცაზე ვარსკვლავების გუნდებს
         ბჭობა გაემართათ ჩუმი,
         ბნელი, დაბურული ტყიდან
         მთვარეს ამოეყო ყური.

  83.  მოხუცი უხმობდა ყვავილთ,
         ჰკითხავდა დღევანდელ ამბებს,
         თავს იმძინარებდა ზოგი,
         ზოგიც არიდებდა თვალებს.

  84.  რა სჭირთო, უკვირდა ძლიერ,
         რად არ მპასუხობსო არვინ,
         გული ცუდს უგრძნობდა, მოთქმით
         ტიროდა სიჩუმე ღამის.

  85.  შუაგულ ბაღნარში შედგა,
         ნანახმა თავზარი დასცა,
         ნავარდალ, ნატიტარ ტოტებს
         მხრები დაეხარათ დაბლა.

  86.  მუხლი მოეკვეთა მოხუცს,
         დაემხო მიწაზე პირქვე,
         მდუმარედ ატირდა ცრემლით,
         ჩაჰყვა ტკივილიან ფიქრებს.

  87.  რა დავაშავეო, ღმერთო,
         ვინ გამიმეტაო ასე,
         ბაღის მაოხრებელ მძარცველს,
         ნუთუ არ დაუდებ სასჯელს ?!

  88.  ძველ დროში ხომ ამის ჩამდენს
         აკრავდნენ სირცხვილის ბოძზე,
         ფეხებზე უწვავდნენ თითებს,
         ან კისრით კიდებდნენ თოკზე.

  89.  მოხუცის გულითად ლოცვას
         სწვავდა შურისგების ცეცხლი,
         სიკეთით განწმენდილს, სპეტაკს
         ზეცაში უსმენდა ღმერთი.

  90.  ინება უფალმა, უთხრა,
         ღირსად შეგმოსავო მადლით,
         მაგრამ ნუ მომთხოვო დასჯას
         ორი უცოდველი ბავშვის.

  91.  რწმენა შერყეოდა მოხუცს,
         სულმა ვერა ჰპოვა შვება,
         გაზრდილებდაკარგულ გამზრდელს
         მაინც დასცდენია წყევლა:

  92.  მათ ბედზე იაროს, ვინაც
         წარმტაცა, მომისპო შვილნი,
         მათსავით იტანჯონ დიდხანს
         უტყვი სიყვარულის ჩრდილით.

  93.  ეს თქვა და დადუმდა მყისვე,
         ზეცას მიაშტერა მზერა,
         დასტურად ელოდა ნიშანს,
         ღრუბლებს გაურბინა ელვამ.

  94.  მერე კი სიკვდილის ლანდმა,
         ბაღში რომ დაძრწოდა იქვე,
         თვალი გაუყარა თვალში,
         გაუხსნა იმ ქვეყნის სივრცე.

  95.  მოვიდა ჟამიო, უთხრა,
         გულზე მოუჭირა ხელი,
         მომაკვდავს აღმოხდა, ღმერთო,
         ნება აღსრულდესო შენი.

  96.  ვარსკვლავებს ეძინათ უკვე,
         მთვარეს მორეოდა რული,
         მოხუცმა მებაღემ დილით
         ბაღში განუტევა სული.

  97.  მოკვდა მარტოსული ისე,
         რომ არ უთხოვია შველა,

         ეძებდა კითხვებზე პასუხს
         მისი გაყინული მზერა.

  98.  ვის გულს შეიპყრობდა სევდა?
         ვინ გადაუხდიდა ქელეხს?..
         აღარავინ დარჩა ქვეყნად,
         ვინც მისთვის დაღვრიდა ცრემლებს.

  99.  ბუნებამ იგლოვა იმ დღეს,
         ცამ წვიმა აპკურა დიდხანს,
         საღამოს იპოვა მწყემსმა,
         იქვე მიაბარა მიწას.

100.  დრო ისევ ითვლიდა წუთებს,
         საათი მისდევდა საათს,
         ყვავილებს აფენდა ბაღი
         მოხუცი მებაღის საფლავს.


       ნაწილი II - უთქმელი გრძნობა

         თავი I - ჟამსაბრუნავი

101.  სამყარო ბრუნავს, ტრიალებს,
         არაფერია უძრავი,
         ჟამთა სვლას, დროის მსვლელობას
         თვალყურს ადევნებს უფალი.

102.  ოქროსფერ ეტლში შეუბამს
         დროს დარახტული რაშები,
         ნაბდით დაჭედილ ფლოქვებით,
         ქაფმოდებული ლაშებით.

103.  დრო დაჰქრის მთელ სამყაროში,
         თან დააქვს თავის საზომი,
         ეტლში დევს ქვიშის საათი,
         დროის მთვლელი და გამზომი.

104.  ქვიშას ჩამოსდევს წამები,
         სხდებიან სამოც-სამოცად,
         წუთებად შეჯგუფებულნი
         ერთმანეთს ჰგვანან საოცრად.

105.  სამოცად დგანან წუთებიც,
         ამგვარად ქმნიან საათებს,
         წესად აქვთ, ამ წესის გარდა
         არ დაგიდევენ არაფერს.

106.  საათთა რაოდენობა,
         როცა მიაღწევს ოცდაოთხს,
         დღეღამედ გადაგორდება
         ცარგვალის ბრუნვა დროდადრო.

107.  დღე ღამეს ცვლის და ღამე დღეს
         ოცდაათ-ოცდათერთმეტად,
         ერთ რიგში ჩამწკრივებულნი
         გზას აგრძელებენ თვეებად.

108.  სამი თვე მოაქვს გაზაფხულს,
         ზაფხული ითვლის სამსაცო,
         სამს შემოდგომა პატრონობს,
         სამიც რგებია ზამთარსო.

109.  ოთხივ სეზონი თორმეტ თვეს
         წლად შეჰკრავენ და მოდიან,
         წლებიც მისდევენ ერთმანეთს,
         ყველა ერთგვარი როდია...

110.  ზოგჯერ დღე წლებად მიღოღავს,
         ზოგჯერ წლები წამს ასწრებენ,
         მიჰქრიან ბედაურები,
         თვალებიდან ცეცხლს აფრქვევენ.

111.  დრო ყველგან არის ყოველთვის,
         დროს ვერაფერი აჩერებს,
         დრო საათია, რომელიც
         სამყაროს ბრუნვას აჩვენებს.

112.  დრომ გადუქროლა იმ ბაღსაც
         და იმ სოფელსაც მახლობლად,
         მოხუცი მებაღის საფლავს
         ხან აწვიმდა, ხან ათოვდა.

113.  საფლავის ბორცვზე გაზაფხულს
         ლურჯი იები მოჰყავდა,
         ზაფხული წიაღს უთბობდა,
         მწვანე ბალახით მოსავდა.

114.  შემოდგომა მკერდს უფენდა
         ხმელი ფოთლების ხალიჩას,
         ზამთარში თოვლის საბანი
         უფრიალებდა ქარისგან.

115.  მებაღის ხელს მოკლებული
         ბაღი გაველდა, გაჯაგდა.
         საფლავსაც გადაუარა
         მიწამ და თითქმის არ ჩანდა.

116.  ტურფა ყვავილთა სინაზე
         დრომ გადათქერა ჭენებით,
         მაგრამ არა ქნა უფალმა
         წაშლა სიცოცხლის ფერების.

117.  ერთ ზაფხულს ბაღში გამოჩნდნენ
         მეუდაბნოე ბერები,
         მათთვის მიეცა მისია
         ღმერთს სამონასტრო შენების.

118.  მოვიდნენ, მიწა აკურთხეს,
         მებაღის სახლში დასახლდნენ,
         ბაღი ჯაგისგან გაწმინდეს,
         საახოე ტყე გაკაფეს.

119.  მოხუცის საფლავს გათლილი
         ქვის ლოდი ძეგლად დაადგეს,
         წარწერით: „ღმერთო აცხონე,
         მებაღის სული განათლდეს!“

120.  ტაძრის შენებას შეუდგნენ
         მონდომებით და მოთმენით...
         და ქრისტეს სახლის მშენებლებს
         წამოეშველათ სოფელი.

121.  ძალა რომ ერთობაშია,
         ბევრჯერ გამხდარან მოწმენი,
         გამრჯედ შრომობდნენ მხარდამხარ
         მართლმადიდებელ მლოცველნი.

122.  ქვა ქვაზე დადვეს, ქვითკირით
         ამოიყვანეს კედლები,
         თავს გადახურეს გუმბათი
         ღვთისადმი ლოცვა-ვედრებით.

123.  ტყის პირას ჩადგეს სენაკნი,
         იქვე პატარა ეკვდერი,
         შემოემატნენ მორჩილნი
         და მონაზონი დედები.

124.  დაიწყეს ეკლესიაში
         წირვა-ლოცვა და გალობა,
         მრევლმა იდინა სოფლიდან,
         ღმერთმა მოიღო წყალობა.

125.  თავისი ხელით იმკიდნენ
         სარჩოს და საბადებელსა,
         ღმერთს მსახურებდნენ ერთადერთს,
         სამყაროს დამბადებელსა.

126.  ააწყვეს ცოდნის სამჭედლო,
         დაიმოწაფეს ყმაწვილნი,
         ვისაც კი სწავლა სწყუროდა
         და ნიჭი ჰქონდა გახსნილი.

127.  მოვიდნენ ახალგაზრდები
         მწიგნობარ-მასწავლებლებთან,
         ვაჟნი ბერებთან სწავლობდნენ,
         ქალნი - მონაზონ დედებთან.

128.  ის ორი ბავშვიც, ოდესღაც
         ბაღში რომ სდევდნენ პეპლებსა,
         მშობლების ნება-სურვილით
         მოსულან ცოდნის ედემსა.

129.  მხოლოდშობილნი ჰყოლოდათ
         ტიტე და ვარდო დედებსა,
         მით უფრო მეტად ზრუნავდნენ,
         ელოდნენ კეთილ შედეგსა.

130.  რადგანაც ცოდნა ყველაზე
         უძვირფასესი განძია,
         წიგნიერების სანთელი,
         ვინც სწავლობს, მისთვის ანთია.

         თავი II - ყრმობის განცდები

131.  იმ დროში ვაჟებს მამები
         ბალღობიდანვე წურთნიდნენ,
         ხელჩართულ ბრძოლას აჩვევდნენ,
         ვარჯიშით ლამის სულს ხდიდნენ.

132.  ტიტეც სწავლობდა ფარ-შუბის,
         ხმლისა და ხანჯლის ხმარებას,
         მშვილდის მოზიდვას, გატყორცნილ
         ისრით სამიზნის დალეწვას.

133.  სანადიროდაც მიჰყავდა
         დროდადრო მამას ყმაწვილი,
         საფარში ღამეს ათევდა
         კლდეზე ცოცვისგან დაღლილი.

134.  ვარდო კი, დედის ნაუბარს
         გულისყურით რომ ისმენდა,
         საქალო საქმეს სწავლობდა,
         გამოცდილებას იძენდა.

135.  არ ზარმაცობდა შრომაში,
         ქსოვდა, ქარგავდა, კემსავდა,
         ხშირად მამასაც შველოდა,
         პატარა ბატკნებს მწყემსავდა.

136.  წამოზრდილიყვნენ ბავშვები,
         მშობლებს საქმეში შველოდნენ,
         უფროსთა აზრებს უსმენდნენ,
         უკვე დიდობას ჩემობდნენ.

137.  ბალღურად აღარ ანცობდნენ,
         მორცხვობით განზე დგებოდნენ,
         მოხვევნას, ზედმეტ შეხებას
         უფრთხოდნენ, ერიდებოდნენ.

138.  ოთხ წელზე მეტი გასულა,
         რაც ბაღში პეპლებს დასდევდნენ,
         თითქოს არც რამე შეცვლილა,
         მაგრამ თვითონ ხომ ამჩნევდნენ,

139.  როცა თვალი თვალს ხვდებოდა,
         გული გულისკენ იწევდა,
         იმ უნებური კოცნისკენ
         წასვლა იცოდნენ ფიქრებმა.

140.  გოგოს აკოკრილ გულმკერდზე
         ბიჭის მზერა რომ დნებოდა,
         გული კრთებოდა სიამით,
         ლამის მკერდიდან ხტებოდა.

141.  ვარდოს გაბუტულ ტუჩებზე
         პეპლების ლანდი ჩნდებოდა,
         მკერდს ჩაჰყვებოდა ფარფატით,
         პირდაპირ გულში ძვრებოდა.

142.  ერთად უნდოდათ ყოფნა და
         ერთმანეთის ხმის მოსმენა,
         უთქმელი გრძნობა მოჩანდა
         ფიქრებში დაღვრილ ოცნებად.

143.  ცოდნის სამჭედლო ტაძარშიც
         სასწავლად ერთად მოვიდნენ,
         ჭეშმარიტების გასაღებს
         აქ დაეძებდა ორივე.

144.  დილას სოფლიდან მოსდევდნენ
         მონასტრისაკენ შარაგზას,
         თანატოლ მოწაფეებთან
         ერთად ლაღობდნენ გზადაგზა.

145.  სწავლა ცალ-ცალკე უწევდათ,
         ერთად არ წვრთნიდნენ ქალ-ვაჟთა,
         შესვენებებზე ხვდებოდნენ,
         ბაღსაც სტუმრობდნენ ხანდახან.

146.  მოგონებებით ავსებდათ
         ჩავლა მებაღის საფლავთან,
         ერთურთის ფიქრში ხედავდნენ
         იმ ამბავს, აქ რომ გადახდათ.

147.  საღამოს ტაძრის ეზოში
         ერთი მეორეს უცდიდა,
         რომ ისევ ერთად გაევლოთ
         სულ რამდენიმე წუთის გზა.

148.  მიაცილებდა სახლამდე,
         გოგო მადლობას უხდიდა,
         დამშვიდობების მიზეზით
         ხანდახან კოცნას ჩუქნიდა.

149.  ლოყაზე აცეკვებული
         კოცნა ფიქრს საკენკს უყრიდა...
         ფიქრი მისდევდა იმ ამბორს,
         მოწყვეტილს ვარდოს ტუჩიდან.

150.  ხვდებოდა ტიტე, მის გულში
         ღმერთი სიყვარულს ფურჩქნიდა,
         მაგრამ სატრფოს ვერ ანდობდა,
         გრძნობის გამხელა უჭირდა.

151.  მონასტრის კედლების მიღმა,
         როგორც ჯადოსნურ ზღაპარში,
         ცოდნის მდინარეს ხაპავდნენ
         ყმაწვილნი წიგნის სწავლაში.

152.  დრო მიჰყვებოდა სტრიქონებს
         ასო-ბგერათა თამაშით,
         თვითონ უფალი სუნთქავდა
         ქართული ენის ანბანში.

153.  მოძღვარნი ფრთხილად სინჯავდნენ
         მოწაფეების ბუნებას,
         სულიერ საზრდოს აწვდიდნენ,
         რწმენა თრგუნავდა ცდუნებას.

154.  მუყაითობას აჩვევდნენ,
         გულის თვალებით ყურებას,
         ნიჭის მიხედვით ურჩევდნენ
         გონების წვრთნას და კურნებას.

155.  იმის მიხედვით, სურვილი
         და ნიჭი საით უწევდათ,
         აძლევდნენ ცოდნის გასაღებს,
         წიგნებს და კითხვის უფლებას.

156.  როდესაც ცოდნის მარცვალი
         ერწყმის ნოყიერ ნიადაგს,
         მწიფდება სიბრძნის თავთავი
         ხვავრიელ-ბარაქიანად.

157.  გამოცდილების კალოზე
         გაილეწება ბზიანად,
         განიავდება, დარჩება
         ბაჯაღლო ოქრო მთლიანად.

158.  თუ კაცი უფლის ბოძებულ
         სიბრძნეს გაიღებს სვიანად,
         გამოადგება ქვეყანას,
         იცხოვრებს ღირსებიანად,

159.  თუ კეთილ საქმეს მოახმარს
         ცოდნის აბჯარს და იარაღს,
         სასუფევლის გზა ეხსნება
         საიქიოსკენ მიმავალს.

160.  რითაც არ უნდა იარო,
         ანაფორით თუ ჩოხითა,
         ერისკაცობით იბრძოლებ,
         თუ ბერობაში ლოცვითა,

161.  ბოლო ერთია ყველასთვის,
         სიკვდილი მოვა შორითა,
         გკითხავს, ვის მხარეს იდექი
         კეთილ-ბოროტის ბრძოლისას...

162.  დრომ გადათვალა თვეები,
         თორმეტ-თორმეტი ოთხჯერა.
         ოთხ წელში უხვად გაიღეს
         ცოდნის მჭედელმა მოძღვრებმა.

163.  დრო დადგა, ცოდნის ტაძარი
         პირველ თაობას შორდება
         და ხმა სამრეკლოს ზარების
         გუგუნწკრიალებს ლოცვებად...

164.  ღმერთმა სწორი გზით გატაროთ,
         ისე გახარჯეთ ცხოვრება,
         იმ ქვეყანაში შეიძლოთ
         დაღლილი სულის ცხონება!


         თავი III - სიჭაბუკის ნათელი

165.  ბაღნარში შეკრებილიყვნენ
         ნამოწაფარი ბავშვები,
         სიმწიფეს მიტანებული
         გოგონები და ვაჟები.

166.  სინაზით მინდვრის ყვავილებს
         მოჰგავდნენ კოხტა ასულნი,
         ჭაბუკებს ქორ-შევარდენთა
         ხიბლი დაჰკრავდათ მაცდური.

167.  მინდვრის ყვავილთა თაიგულს
         შიგ ერთი ვარდი ერია,
         უცხო სიტურფით გაშლილი,
         ღვთაებრივ მშვენიერია.

168.  მზეთუნახავად გაზრდილი
         მზის დარი, მზისა ფერია,
         ბრწყინავდა ვარდო ტოლებში,
         ყელმოღერილი შველია.

169.  შავ თმაზე ღამე უკუნი,
         თვალებში თაფლი ერია,
         ღიმილით ჰგავდა განთიადს
         პირ-სახე ხორბლისფერია.

170.  ჩამოქნილ მკლავებს შვენოდა
         ხელზე ნატიფი თითები,
         სწორ მხრებს მოსდევდა აჩრდილი
         ეგვიპტის პირამიდების.

171.  თლილ ფეხებსა და მოქნილ წელს
         ავსებდა სრული ქმნილებით
         მკერდი კრეტელი ქალწულის
         უზადო პროპორციებით.

172.  ეს სილამაზე ხიბლავდა,
         სულს უშფოთებდა ჭაბუკებს,
         არ იშურებდნენ ვარდოსთვის
         ყურადღებას და საჩუქრებს.

173.  პირისპირ ვერ უბედავდნენ,
         რომ სიყვარული აეხსნათ,
         თავს აწონებდნენ, შორიდან
         უჟუჟუნებდნენ თვალებსა.

174.  მრავალი გული იწვოდა
         ლამაზი ქალის ტრფიალით,
         იდგა ერთურთთან ქიშპობა,
         ცემა-ტყეპა და ღრიალი.

175.  ზოგმა წერილი აფრინა,
         ზოგმა კი შუამავალი,
         მაგრამ დაჭრილი გულისთვის
         ვერავინ ჰპოვა წამალი.

176.  ვარდო გულგარეთ უსმენდა
         და ჯიუტად შუბლს იკრავდა,
         ქორ-შევარდენთა დევნისგან
         ერთი არწივი იცავდა.

177.  სულ თავს რომ დასტრიალებდა,
         სიყრმიდან მოყოლებული,
         ზღაპრულ მზეჭაბუკს მოჰგავდა
         თვალტანად დამშვენებული.

178.  მაღალი, მკვრივად ნაგები,
         ფოლადნაწრთობი სხეულით,
         დათვის ძალით და მგლის მუხლით,
         არწივის მზერით ცნეული.

179.  ბეჭბრტყელი, მხრებგანიერი,
         ფალავნებს შორის რჩეული,
         გულზვიადი და გულფიცხი,
         ჩხუბში მრისხანე ველური.

180.  მის მფარველობას შეყუჟულ
         ვარდოს ვინ გაუბედავდა
         ურიგო სიტყვას, ან თუნდაც
         უდიერ გამოხედვასა.

181.  ტიტეს უმხელდა ყველაფერს
         და ხშირად რჩევას ჰკითხავდა.
         სხვა ვინ ფიქრობდა მისგვარად?
         უფრო ერთგული ვინ ჰყავდა?

182.  ეს ერთგულება საამო
         ვალდებულებად მიაჩნდა
         ტიტეს და უთქმელ სიყვარულს
         გულისტკივილით იტანდა.

183.  ტურფა ასულის მშვენება
         ვნების ქარცეცხლში ახვევდა,
         ლამაზ სხეულთან შეხება
         მუხლებში ძალას ართმევდა.

184.  უყვარდა ისე ძლიერად,
         მისთვის სიცოცხლეს გასცემდა,
         მაგრამ რაღაცა უჩინო
         ენაზე ბორკილს ადებდა.

185.  ვერ უთხრა, ვერა, ვერასგზით,
         თუმცა, ბევრჯერ კი ეცადა,
         მოხუცი მებაღის წყევლა
         მის ბედს ამგვარად ჭედავდა.

186.  ვარდოს უკვირდა, მიჯნური
         რად არ უმხელდა სიყვარულს.
         ქალი ხომ ყოველთვისა გრძნობს
         ტრფიალს მისადმი მიმართულს.

187.  ასე მოსულან აქამდე,
         ისევ ამ ლამაზ ბაღნარში
         იდგნენ და ასე ეგონათ,
         ცხოვრობდნენ ნამდვილ ზღაპარში.

        თავი IV - სველი ტრფიალი

188.  სანამ ყმაწვილნი ამ ბაღში
         მომავლის გეგმებს აწყობდნენ,
         ცა მოიქუფრა, ღრუბლები
         ჩაშავდნენ, დაბლა ჩამოწვნენ.

189.  მსხვილ-მსხვილი წვიმის წვეთები
         ციდან მიწაზე ჩამოხტნენ,
         წამოიშალნენ ქალ-ვაჟნი,
         სოფლისკენ წასვლას ჩქარობდნენ.

190.  ფერდობს ქვემოთკენ ჩაუყვნენ,
         გზა მიდიოდა ტყის პირზე,
         დაიწყო ჭექა-ქუხილი,
         ელვამ გაბზარა ცის კიდე.

191.  ცას კალთა ჩამოეხია,
         წვიმამ იდინა თქრიალით
         და ჩამოუყვნენ ბილიკებს
         ნიაღვარები ჩხრიალით.

192.  წვიმას გაექცნენ მგზავრები,
         ტყეს მიაშურეს პირდაპირ,
         მხარგაშლილ ხეებს მიანდეს
         მშრალად დარჩენის იღბალი.

193.  დიდხანს იწვიმა ძლიერად,
         ფოთლები წყალს ვერ იჭერდა,
         ქარი ძვრებოდა ტოტებქვეშ
         და წვიმის ფარდას ითრევდა.

194.  თხემით ტერფამდე სველები
         მუხის ხეს შეფარებოდნენ,
         ტიტე და ვარდო სხვებსავით
         თქეშის გადავლას ელოდნენ.

195.  ვარდოს ტანს სველი სამოსი
         ეტმასნებოდა, ეკვროდა,
         ამხელდა მიმზიდველ სხეულს
         და ტიტეს გრძნობებს ებრძოდა.

196.  „ქაფში შობილი“ ქალღმერთის
         სველ ყელს თმა შემოხვეოდა
         და ვარდოს სახით ვაჟის წინ
         თვით აფროდიტე ზეობდა.

197.  ვარდის სურნელი ათრობდა,
         ნესტოებს ეფერებოდა
         და ჟრუანტელის ნაკადი
         გულს თრთოლვად ეძალებოდა.

198.  ქალს ცივმა ქარმა უბიძგა,
         მის მკლავებს შეფარებოდა
         და მისი მკერდის კანკალი
         ვაჟკაცის გულმკერდს სწვდებოდა.

199.  ტანჯავდა ტიტეს გონებას
         აბეზარ ფიქრთა თარეში,
         სიამით იძირებოდა
         სატრფოს თაფლისფერ თვალებში.

200.  მთელ სხეულს ნატვრად ჰქცეოდა
         კოხტა ქალწულის ალერსი,
         ერთი კოცნა და სიკვდილი
         ვარდოსთმებისფერ ღამეში.

201.  სველ თმაზე ვნება ცეკვავდა,
         გული გულისკენ იწევდა
         და ვარდკოკორა ბაგენი
         ამბორსაყოფად იწვევდა.

202.  გაუწყდა ძაფი მოთმენის,
         დაჰყვა მიმზიდველ ანდამატს,
         ცოტაც და სატრფოს ტუჩებზე
         მზე დადნებოდა თაკარა...

203.  მაგრამ შეაკრთო ასული
         ამხანაგების ძახილმა,
         გრძნობად მოსული პეპლების
         გუნდი დაფრთხა და გაფრინდა.

204.  ტიტეს ხელიდან გაუსხლტა,
         გამოძვრა მკლავებს ქვემოდან,
         ტუჩს აცდენილი კოცნა კი
         ყურის ბიბილოს შემორჩა.

205.  წვიმა შესუსტდა, ყმაწვილთაც
         წასვლა გაბედეს სახლებში,
         ტყიდან ფეხდაფეხ მოსდევდნენ
         ტკბილსაამური განცდები.

206.  დაბინდდა, წინ წასულიყვნენ
         თანატოლ-ამხანაგები,
         შეციებული ქალის მხრებს
         ათბობდნენ ვაჟის მკლავები.

207.  ძველ ღვინოსავით ათრობდა
         სველ თმებზე ჩუმი ალერსი,
         ბედნიერების სხივები
         ბრწყინავდნენ ვარდოს თვალებში.

208.  როცა ჭიშკართან შეჩერდნენ,
         მთვარემ გაშალა ჩრდილები,
         ფანჯრიდან იჭყიტებოდნენ
         პატარა ბიძაშვილები.

209.  ტიტემ მოიხსნა კისრიდან
         ხელით ნაკეთი ხის ჯვარი,
         ვარდოს ჩაუდო ხელში და
         გადაისახა პირჯვარი.

210.  უთხრა, მუდამ თან ატარე,
         დაგიცავს, დაგიფარავსო,
         ზოგჯერ ჩემთვისაც ილოცე,
         უფალი მოგცემს ძალასო.

211.  მერე იმ ხელზე აკოცა,
         სხვა ვერაფერი ვერ უთხრა.
         სათქმელის მეტი რა ჰქონდა,
         მაგრამ ენა კვლავ ეურჩა.

212.  ვარდომ კი დამშვიდობების
         კოცნა აჩუქა, წავიდა.
         არ სურდა, მაგრამ რა ექნა,
         დედა ეძახდა სახლიდან.

213.  ის ღამე თეთრად გათენდა,
         ძილი არცერთს არ ეწვია,
         გრძნობად განცდილი გონებას
         ფიქრებად შემოესია.

214.  გზაზე ხვდებოდა მომავალს,
         ოცნებანარევ ფერშია,
         აწმყო, გრძნობაში ჩაფლული,
         წარსულს რომ გამოეწვია.


         თავი V - გამხმარი იმედი

215.  განთიადისას მზის სხივებს
         დაასწრო ხარიპარიამ,
         ციდან უჩუმრად გარეკა
         ვარსკვლავთა ქარავანია.

216.  დილით შეუდგნენ სამზადისს
         მონადირენი ადრიან,
         ტიტეც მიჰყვება მამამისს,
         მთაჭიუხებში გადიან.

217.  ადრეც დალაშქრა მრავალჯერ
         ჯიხვთა დევნაში ჭიუხნი,
         არ აშინებდა ბრგე ჭაბუკს
         დაბრკოლებები სიუხვით.

218.  სულ მუდამ იქით იწევდა,
         სადაც ხიფათი დიდია,
         სადაც სიკვდილი თან დაგდევს,
         სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია.

219.  ახლა კი, როცა სიყვარულს
         გაევსო მისთვის ირგვლივ ცა,
         გული სატრფოსკენ უწევდა,
         ნახვამდე წუთებს ითვლიდა.

220.  მაგრამ რუსთველის სიბრძნეზე
         გაზრდილს ნასწავლი ჰქონია:
         „სჯობს საყვარელსა უჩვენე,
         საქმენი საგმირონია.“

221.  წავიდა, ნადირობაც ხომ
         ვაჟკაცობა და ომია,
         მთელი თვე ნადირს დასდევდა,
         როგორც მშიერი ლომია.

222.  მგლისმუხლას კლდეზე ცოცვაში
         ვერვინ დაუდო ტოლია,
         მიზანს ხვდებოდა, რამდენიც
         მის ხირიმს გაუსროლია.

223.  გულით დაჰქონდა ტკივილი
         და სიტკბო ჩუმი ტრფობისა,
         ქარაფებს ეფინებოდა
         ზმანება გულისწორისა.

224.  ფიქრი დამძიმდა ქვასავით,
         დარდი ნაყოფად მოისხა.
         ოცნებად გადაჰქცეოდა
         ამოთქმა უტყვი გრძნობისა.

225.  მწვერვალებიდან ჩამოჰყვა
         დრო საცალფეხო ბილიკებს
         და დადგა ჟამი მშვიდობით
         მობრუნებისა შინისკენ.

226.  სოფელში ღამით დაბრუნდნენ,
         ცხენურემდატვირთულები,
         დააბინავეს ნადავლი,
         საქმე სჯობს განასრულები.

227.  გაახალისეს ჯალაბნი
         უვნებლად შინ დაბრუნებით,
         დაწვნენ და ძილად მივიდნენ
         თბილ ლოგინს დანატრულები.
  
228.  ტიტემ კი, სანამ სასთუმალს
         თავს მიანდობდა დაღლილი,
         მონახა მცირე ზარდახშა,
         ნაჩუქურთმები, გათლილი.

229.  შიგ ვარდის ნეშტი ესვენა,
         სიცოცხლის სუნთქვას გაყრილი,
         იმ სიდიადის ხატისგან
         დარჩენილიყო აჩრდილი.

230.  გახსნა ზარდახშა, გამხმარი
         ცხედარი ხელში აიღო,
         მოგონებები გაცოცხლდა,
         ფიქრმა წარსულში წაიღო.

231.  ზღაპარიყო და რადგანაც
         თან იყო, თანაც არ იყო,
         გამხმარმა ვარდმა შესძლო და
         ლაპარაკიც კი დაიწყო...

232.  და უთხრა ტიტეს, მე ვიცი
         შენს გულს რა ცეცხლი სდაგავსო,
         ეგ სიყვარული ძლიერ ჰგავს
         ჩემს თავს გადამხდარ ამბავსო.

233.  მეც ხომ უთქმელად ვუყვარდი
         იმ ტიტას, შენებრ ტანადსო,
         ვგრძნობდი ქალური გუმანით,
         თუმცა არ უთქვამს არასდროს.

234.  სანამ ის დღე არ დაგვიდგა,
         საბედისწერო, საზარო,
         თქვენთან რომ ბედმა შეგვყარა,
         ჯადოსნურ მწკრივში დაგვაწყო.

235.  მანდ გაცხადდაო სათქმელი,
         სიკვდილის ჩრდილქვეშ გამანდო.
         მივხვდი, თურმე მეც მიყვარდა,
         კი მივხვდი, მაგრამ რაღა დროს...

236.  თქვენც იგივე გჭირთ და თუ გსურს,
         გრძნობის გამხელას ეღირსოთ,
         იმ მწკრივში ჩავდგეთ ხელახლა,
         ოთხივე უნდა  შეგვკრიბო!

237.  ტიტე მიხვდა, რომ დრო დადგა,
         დანაპირები აღსრულდეს,
         ეს ვარდი ვარდოს აჩუქოს,
         ის კი იმ ტიტას აჩუქებს.


         თავი VI - მწარე ტყუილი

238.  მეორე დილას, ის იყო
         ადგა და წასვლას ფიქრობდა,
         სატრფოს ოჯახში გაგზავნა
         თვით მამამისმა ინდომა.

239.  წესადა ჰქონდა, ამ წესის
         შესაბამისად იღწვოდა,
         ნანადირევის მიტანა
         მეგობრისათვის იცოდა.

240.  წავიდა ტიტე, მეცხვარეს
         მამისგან ძღვენი მიართვა.
         შინ მხოლოდ ვარდო დაუხვდა,
         გულს ცეცხლი აუბრიალდა.

241.  შეიპატიჟა ასულმა
         სადილად ხალისიანად,
         საუბარს შეჰყვნენ და გრძნობა
         გონების კედლებს მიაწვა...

242.  და გადაწყვიტა ჭაბუკმა,
         ახლა უნდა თქვას სათქმელი,
         თუნდ ფეხქვეშ მიწა გაუსკდეს,
         არ არის მეტის დამთმენი.

243.  გულჯიბეს ამოარიდა
         სათუთად თან ნატარები,
         ვარდი სრულიად გამხმარი,
         ყვავილურ გარდაცვალებით.

244.  გახსოვსო?.. ჰკითხა გულისწორს,
         წლების წინ მისახსოვრეო,
         მაშინ მე ტიტა გაჩუქე,
         სიტყვა ვთქვით ფიცის სწორეო,

245.  რომ შეგვენახა ორივეს
         იმ ძვირფასი დღის სახსოვრად
         და დაბრუნებაც გვენება,
         როს შევიცნობდით ამ გრძნობას...

246.  ვარდომ კი უთხრა, არ მახსოვს
         არც ტიტა და არც ვარდიო,
         განა რა სიტყვას ვიტყოდით
         ორი უჭკუო ბალღიო?!.

247.  ტიტე შეაკრთო ნათქვამმა,
         თუ ვარდოს მართლა არ ახსოვს,
         მაშინ ტყუილად მოსდევდა
         მთელი ცხოვრება ამ ამბორს.

248.  ჩასდია თაფლის მორევში,
         თვალები ტყუილს ამხელდა,
         გული გაიპო ორად და
         ნაპრალში რისხვა გახელდა.

249.  ნუთუ, ვერც წვიმას იხსენებ
         მუხის ქვეშ გრძნობად დაღვრილსო?!.
         მახსოვს და ისე დავსველდით,
         გასახსენებლად არც ღირსო!..

250.  ამ სიტყვებს როცა ამბობდნენ,
         გულში ოცნება კვდებოდა,
         ალბათ მათ გრძნობას გამხელა
         არასდროს ეღირსებოდა.

251. სიმწრით მომუშტულ ხელებში
         ვარდი დაიფშვნა ბედშავი,
         ბასრი ეკლებით დაფხრიწა
         სულის სიმშვიდის ზეწარი.

252.  ჯიუტი იყო ვარდო და
         არ ღირდა კითხვა თავიდან.
         ამაყი იყო ტიტე და
         ადგა, უსიტყვოდ წავიდა...

253.  ნისლი ჩაუდგა თვალებში,
         ძარღვებში სისხლი გაცივდა,
         გული უკანა რჩებოდა,
         ფეხის გადადგმა გაჭირდა.

254.  მიდიოდა და თან მძიმე
         დუმილის ლოდი მიჰქონდა,
         ფიქრებს მისდევდა გონება,
         კითხვებზე პასუხს ითხოვდა.

255.  მიხვდა, რომ ქალმა, რატომღაც,
         სიმართლის თქმა არ ინდომა,
         სიცრუის ანარეკლი ხომ,
         თვალებში მუდამ იგრძნობა.

256.  ვერ გაერკვია ბოლომდე
         ამგვარად ქცევის მიზეზში,
         აქამდე მისთვის ტყუილი
         არ უთქვამს ვარდოს მისდღემში.


         თავი VII - ამაო რისხვა

257.  შინ მისულს დედის ნათქვამმა
         მთლად აუწეწა ფიქრები,
         ეჭვი გაღვივდა, მოაწყდნენ
         გულს მრისხანების ზვირთები.

258.  თურმე გაღმელი ქორვაჭრის
         უფროს შვილს ჭიჭიასაო,
         თვალი დაუდგამს ვარდოსთვის
         და ცოლად შერთვა სწადსაო.

259.  მოსულან ქალის სათხოვნად,
         მამა იქებდა თავსაო,
         დიდძალ ქონების პატრონი
         რას გავუჭირვებ რძალსაო?..

260.  არც გოგო არის გულგრილი,
         თუ დავუჯერებთ ბალღსაო,
         რაკი ერთურთი ინდომეს,
         ჩვენ ნუ შევუკრავთ გზასაო!..

261.  უსმენდა ტიტე დედას და
         ბოღმა ხელს ყელში უჭერდა,
         სისხლი მიაწვა საფეთქლებს,
         გული ძალუმად უცემდა.

262.  რისხვამ იფეთქა თვალებში,
         მტრის სახე ნათლად უჩვენა
         და ამღვრეული გონება
         ჭიჭიას მოკვლას ურჩევდა.

263.  ცოტაღა უკლდა, ეხუვლა
         მთას მოწყვეტილი ზვავივით,
         სახლთან მისჭროდა ჭიჭიას,
         გარეთ გაეხმო ძახილით:

264.  „სამტროდ მოვსულვარ, თან მახლავს
         სიკვდილის შავი აჩრდილი,
         არა ყოფილა ამ ცის ქვეშ
         ორივესათვის ადგილი!

265.  ერთერთმა დღესვე შევავსოთ
         სამარე ჩვენთვის გათხრილი,
         გამოდი, თუ კაცი გქვია,
         თუ არ გახურავს მანდილი!“

266.  თუ არ გამოვა, მიუხტეს
         შემოუჩეჩქვოს თავ-პირი,
         გამოათრიოს წკმუტუნით
         წუნკალი ძუკნა ძაღლივით!

267.  გაჰკიდოს ხელი ფეხებში,
         ათრიოს ჯღაბის ტყავივით,
         ფეხით გასრისოს უგულოდ,
         მურდალი ბეღლის თაგვივით!..

268.  ასეც იზამდა გულფიცხი,
         მუქარად შემართულიყო,
         ისევ ვარდოზე ფიქრი რომ,
         მაშველად არ მოსულიყო.

269.  მხოლოდ მის გამო ცდილობდა,
         ზღვარს რომ არ გადასულიყო,
         მის იქით, თუნდაც ქვეყანა
         ამ წუთას დაქცეულიყო.

270.  ფიქრობდა, ნეტავ რას იზამს,
         ვის შველას შესთხოვს ღმერთსაო?
         ვის გადარჩენას ინატრებს?..
         ვის მკერდზე დაღვრის ცრემლსაო?

271.  იქნება მართლა ის უყვარს,
         მისთვის იღერებს ყელსაო,
         მას უძღვნის თავის გრძნობებსა,
         არ ემდურება ბედსაო.

272.  მაშინ როგორღა ავღმართო
         იმის რჩეულზე ხელიო?!.
         თუ უყვარს, როგორ მოვუკლა,
         ვარგუნო სიმწრის დღენიო?..

273.  ვაჟკაცმა, როგორ ვადინო
         სატრფოს თვალთაგან ცრემლიო,
         ჩემს თავს არ ვჩივი, ოღონდაც
         ეგ იყოს ბედნიერიო.

274.  ჩამოუბნელდა ფიქრებში,
         ვეღარ აანთო ლამპარი
         და უპასუხოდ დარჩენილ
         კითხვებს მობეზრდათ წანწალი.

275.  იმ დღეს დამთავრდა ტიტესთვის
         ბედნიერების ზღაპარი,
         ვარდომ განგმირა თავისი
         გულმავიწყობის ლახვარით.

         თავი VIII - უგრძნობი კოცნა

276.  დარდით ლოგინად ჩავარდა,
         გულს გლეჯდა უხმო ვარამი,
         სული ბორგავდა ბედკრული,
         სხეულს გაჰქონდა კანკალი.

277.  სულმთლად გათანგა ხურვებამ,
         ოჯახს დაეცა თავზარი,
         მამა სიმწრისგან გმინავდა,
         დედა მოსთქვამდა საწყალი.

278.  უგონოდ იწვა სნეული,
         თითქოს ამ ქვეყნად არ იყო,
         სულში ქარიშხალს ებრძოდა,
         გული მღელვარე ზღვა იყო.

279.  ერთ დღესაც ტიტეს ოთახის
         კარი ჭრიალით გაიღო,
         თბილი გრძნობა რამ შემოჰყვა
         მოსულს და სახლი გაივსო.

280.  მივიდა ვარდო ტიტესთან,
         თავსასთუმალთან დაუჯდა,
         ცხელ შუბლზე ხელი დაადო,
         თითები გრძნობდნენ ალმურსა.

281.  ჯერ მაჯისცემა გასინჯა,
         ქუთუთოები გაუხსნა,
         დიდხანს უცქირა გუგებში,
         თვალებში ცრემლი გაუკრთა.

282.  მერე შვილსნეულ დედისკენ
         მიბრუნდა, გულში ჩაეკრა,
         ნუგეშისცემას ცდილობდა,
         მაგრამ ტირილს ვერ გაექცა.

283.  ერთხანს უსიტყვოდ იტირა,
         ჩუმად იწმენდდა თვალებსა,
         თავს იკავებდა, თუმცაღა
         ტკივილს ითმენდა მწარესა.

284.  კრძალვით თქვა, როცა ვსწავლობდი
         ტაძარში მედიცინასო,
         ერთ წიგნში ვნახე, თუ როგორ
         კურნავენ ამ სატკივარსო.

285.  თუ ნებას მომცემთ, წავალო,
         იქნება იმ წიგნს მივაგნო,
         იქ მოვამზადებ მალამოს,
         ვუწამლებ რომ მოვიტანო.

286.  წადიო, უთხრეს, ღმერთმა ქნას,
         იპოვნო რამე საშველი,
         გული შეგტკივა ტიტესთვის,
         დაგლოცავს ქვეყნის გამჩენი!..

287.  მეორე დილას მოვიდა
         მთლად თეთრად ღამენათევი,
         მარტო დარჩენა ითხოვა,
         აანთო წმინდა სანთელი.

288.  ჯერ გულმხურვალედ ილოცა,
         შველა ითხოვა უფლისგან,
         მერე მალამოს შეზელვა
         დაიწყო ფართო შუბლიდან.

289.  ქვემოთ ჩამოჰყვა სახეზე
         ღაწვებს, ცხვირსა და ტუჩნიკაპს,
         ეფერებოდა გაშლილ მკერდს,
         გულით ალერსსა სჩუქნიდა.

290.  მორჩა კურნებას და თრთოლვით
         ცხელ ბაგეებზე აკოცა,
         ნეტა კი გრძნობდე მიჯნურო,
         სატრფოს ნაჩუქარ ამბორსა!..

291.  წასვლისას უთხრა დედამისს:
         „ხვალ სააქაოს წამოვა,
         ნუ ეტყვით, ჩემს აქ ყოფნასა,
         თორემ უკუღმა გამოვა!..“

292.  მეორე დღესვე მოვიდა
         გონზე და ფეხზე წამოდგა.
         წამალმა ქნა თუ კოცნამა?
         ღმერთმა გაიგოს, რა მოხდა!..

293.  გამოჯანმრთელდა, გულში კი
         დარდს გაეშალა კარავი.
         არ ინახულა ვარდომ და...
         ნუთუ არ უთხრა არავინ?!.

294.  მოკეთდა, სოფლად გავიდა,
         იქვე გაიგო ამბავი,
         ჭიჭიასაგან უტიფრად
         ვარდოს კვალდაკვალ წანწალის.

295.  კვირას წირვაზე წავიდა,
         ვარდოს უცდიდა გზაშია,
         თავისი თვალით იხილა,
         ჭიჭია ედგა კვალშია...

296.  და უთხრა ვარდოს, არ მომწონს,
         დაგდევს და სახელს გიტეხსო,
         მითხარი, თუკი გაწუხებს,
         ეხლავ დავუმტვრევ თითებსო.

297.  თუ გიყვარს, ეგეც მითხარი!
         იქნება აძლევ იმედსო?..
         შენმა მზემ, არ მემეტები,
         მაგას უზრდიდე შვილებსო!..

298.  პასუხი ესმა, ნუ მკითხავ,
         ნურც დაიფიცებ ჩემზეო,
         თუ ჩემი ხათრი კიდევ გაქვს,
         გთხოვ, თავი დაანებეო!..

299.  ცოცხლად გათავდა... უკვირდა,
         როგორღა ვდგავარ ფეხზეო...
         იქნებ სიკვდილი სჯობია,
         რომ არ ვიფიქრო შენზეო?..

300.  სულში ჩამოწვა ტკივილი,
         დუმილის ლოდი მოგორდა
         და ამ წუთიდან დაიწყო
         ტიტესთვის სულით ობლობა.

301.  დრომ ისევ ჩამოიქროლა,
         თან ვარდის მტვერი მოჰქონდა,
         ეშმა სიყვარულს ებრძოდა,
         ის წყევლა ისევ ცოცხლობდა.


       ნაწილი III - თორმეტწლიანი სიშორე

        თავი I - უფლის განგება

302.  თავიდან, როცა ჯერ კიდევ
         სამყაროც არ არსებობდა,
         სიტყვა ყოფილა უფალთან
         და მასთან ერთად ზეობდა.

303.  სულ ერთ სიტყვაში იტევდა
         ღმერთი სამყაროს ერთობას,
         იმ პირველყოფილ ქაოსში
         უტყვი უკუნი მეფობდა.

304.  მერე ითქვა და აღსრულდა...
         სიტყვა ღვთის ნებას შერწყმოდა,
         იქმნა ნათელი, მნათობთა
         სხივი მიწასა სწვდებოდა.

305.  დღე ღამისაგან განსხვავდა,
         ცას მიწა განშორებოდა,
         შეიქმნა არსი ყოველი,
         თვისი სახელი ეწოდა.

306.  ზეცაში ანგელოზების
         გუნდი ღვთის გვერდით დგებოდა,
         ამპარტავნობდა ზოგი და
         ქვესკნელს დაცემაც ხდებოდა.

307.  ხიბლში ჩავარდნილ ლუციფერს
         თავი ღვთის დარი ეგონა,
         მას შემდეგ მოყოლებული
         კეთილს ბოროტი ებრძოდა.

308.  ედემის ბაღში აცდუნა
         ევა ბოროტმა ქვემძრომმა,
         ღვთის სახე-ხატად შექმნილმა
         ადამმაც მაშინ შესცოდა.

309.  შერისხულ ადამის მოდგმას
         სამოთხის კარი დაეხშო,
         ცოდვილი წუთისოფელი
         მძიმე სასჯელად დაედო.

310.  ამქვეყნიური ცხოვრების
         საზღვრად სიკვდილი გაევლო,
         მის იქით სულის ცხონება
         იმედის ცეცხლად დაენთო.

311.  ღმერთია უკიდეგანო
         სიკეთე ყოვლისმომცველი,
         უზენაესი მსაჯული,
         სასჯელ-შენდობის მომცემი.

312.  ამქვეყნად კეთილი საქმე
         ღვთის ნებით ხდება ყოველი,
         თუმცა მისივე დაშვებით
         ბევრი რამ ცუდიც მოგველის.

313.  რუსთაველს უთქვამს, რაც უფალს
         არ სწადდეს, არ იქნებისო,
         არცარა საქმედ მოხდება,
         არც სიტყვად არ ითქმებისო.

314.  მე მითქვამს, თუკი ამ სიბრძნეს
         ჭეშმარიტებად შევიცნობთ,
         რწმენას სიღრმეში ჩავწვდებით
         და უფალს გულით შევიგრძნობთ.

315.  შოთას სიტყვებში ჩამდგარა
         ნათელი უფლის ნებისა,
         თუმცაღა ხშირად გვაკვირვებს
         უკუღმართობა ბედისა,

316.  ღირსეულ კაცთა დაჩაგვრით,
         უტიფართ აღზევებითა...
         ნუთუ ღვთის ნებით დგინდება
         ბოროტმა სძლიოს კეთილსა?!

317.  თუ ღმერთი სიყვარულია,
         თუ სიყვარულით ვცხონდებით,
         მაშინ რად სტანჯავს მიჯნურთა,
         გრძნობას რად უკლავს გონებით?!.

318.  ზოგჯერ, მართალ კაცს რომ უჭირს,
         ორპირი ხარობს ქონებით,
         ესეც კი უფლის დაშვებით
         ხდება და მხოლოდ დროებით...

319.  ღმერთს ნუ ვგმობთ, თუნდაც ვხედავდეთ
         რომ უსამართლოდ ვისჯებით!
         ნუ განვსჯით უფლის სამართალს
         ამ ქვეყნის განზომილებით!

320.  ღვთისათვის კაცნი ისე ვართ,
         როგორც მამასთან შვილები
         და თუ განსაცდელს მოგვივლენს,
         სულს გვიწრთობს გამოცდილებით!

321.  ამქვეყნად თუ არ მოგვეზღო
         დამსახურების მიხედვით,
         იქ ვერ ავცდებით სამართალს,
         იმქვეყნად გარდაცვლილები!..

322.  უფალი მეფობს, განაგებს
         მისგანვე შექმნილ სამყაროს,
         მან უკეთ იცის, ვინ ვისთან
         შეჰყაროს ანდა გაჰყაროს!

323.  როდის ატიროს ცრემლითა,
         როდის სიამით ახაროს...
         სუყველას თავის ჯვარს აძლევს,
         რომ სიკვდილამდე ატაროს.

         თავი II - ხალიბური ხმალი


324.  განგებამ ტიტეს და ვარდოს
         ცხოვრების გზებიც გაჰყარა
         და წლები ისე გავიდა,
         ერთმანეთს არ გააკარა.

325.  ზოდიაქოთა ხომლებმა
         მრავალჯერ შეჰკრეს კამარა
         და თორმეტი თვე თორმეტჯერ
         მზემ ცის თაღს შემოატარა.

326.  მოკლედ გიამბობთ, რა მოხდა
         ამ თორმეტი წლის მანძილზე,
         შემდეგ კი ზღაპრის დასასრულს
         ერთად შევუხსნათ საკინძე.

327.  საქართველოს ხომ ოდითგან,
         ჟამთასვლის ყოველ ნაბიჯზე,
         მტერი ეხვია გარშემო,
         სულის მოთქმას არ აცდიდნენ.

328.  იმხანად თურქნი და სპარსნი
         მამულს ხელიდან გვაცლიდნენ,
         ლეკთა თარეშიც გახშირდა,
         ქართლ-კახეთი მთლად აიკლეს.

329.  შეგროვდა მცირე ლაშქარი
         ბატონიშვილის ძახილზე,
         მოთარეშეთა რაზმები
         ამოირჩია სამიზნედ.

330.  დასდევდა პატარა კახი
         მარბიელ ლეკთა აჩრდილებს,
         ებრძოდა ხმალშემართული,
         აყრევინებდა თავ-კისერს.

331.  მორიგე ჯარის საქმენი
         ტიტეს ყურამდეც მივიდა,
         თავის გზაც იქით დალანდა
         სიკვდილთან შეყრის ჟინითა.

332.  ფიქრობდა: „წავალ, იქნება
         სულს შვება მივცე იმითა,
         რომ ვემსახურო სამშობლოს
         მახვილით ამოწვდილითა.

333.  იქნებ მტრის სისხლში ჩავახრჩო,
         ბოღმა რომ დამაქვს გულითა,
         გავერიდები ამ სოფელს,
         თორემ ვივსები შურითა.

334.  ვერ გადავიტან, ვხედავდე,
         ანდა ვისმენდე ყურითა,
         ჩემს ნაცვლად სხვა რომ ათბობდეს,
         ვარდოს გულს სიყვარულითა.

335.  ამგვარად უნდა გავექცე
         სატრფოსთან შეყრის წყურვილსა,
         დრო მოვა, სიკვდილს შევხვდები
         ბრძოლაში სიხარულითა.“

336.  მშობლებს გაანდო განზრახვა,
         წასვლის ნებართვა ითხოვა,
         დედას ცრემლები მოადგა
         და გულში დარდმა ითოვა.

337.  მამა ჩაფიქრდა მცირე ხანს,
         სიმშვიდე გამოიზოგა,
         ფიქრებში კარგად წონიდა,
         სანამდე რამეს იტყოდა.

338.  მერე ჩამოხსნა კედლიდან
         პაპის ნაქონი მახვილი,
         მრავალგზის ბრძოლამოვლილი,
         მტრის სისხლის ღვრაში დაცდილი...

339.  და უთხრა ტიტეს: „აქ არის
         ქართული გენი ჩაღვრილი,
         ეს ხალიბური ხმალია,
         რკინისმკვეთელი ნამდვილი.

340.  ჩვენს დიდ წინაპარს აჩუქა
         თვით სააკაძე გიორგიმ,
         მეც მემსახურა პირნათლად,
         შენ გჩუქნი მამაშვილობით.

341.  ღირსეულ კაცად გაზრდილხარ,
         კურთხევას ითხოვ ზრდილობით,
         წადი, შენც გაწევს კისერზე
         ვალი მამულიშვილობის!

342.  მე, რაც შემეძლო, გასწავლე,
         ვხედავ, რომ მეტი გჭირდება,
         სამშობლოს უნდა შესწირო
         ცოდნაც და გამოცდილებაც!

343.  თუკი ერის ხსნა მოითხოვს
         და თუ უფალმა ინება,
         მამულისათვის სიცოცხლეც
         სიამით გაიწირება!..“

344.  ეს თქვა და ცოლს გადახედა,
         თითქოს მის დასტურს ელოდა,
         დედის თვალებს კვლავ ცრემლების
         სისველე შემორჩენოდა.

345.  წამოდგა ხელებგაშლილი,
         რომ პირმშოს გადახვეოდა,
         ცდილობდა, ხმაში ჩამდგარი
         კანკალი არ შემჩნეოდა.

346.  უთხრა, ძნელია დედისთვის
         ამ დარდთან გამკლავებაო,
         მაგრამ შვილებს ხომ სამშობლოს
         უზრდის ქართველი დედაო.

347.  მამულს თუ დაცვა სჭირდება,
         ერს უნდა გამრავლებაო,
         მე მხოლოდ იმას ვინატრებ,
         შენს შვილს მომასწროს ღმერთმაო!..

342.  გახსოვდეს, მუდამ მოგელის
         ეს მშობლიური კერაო!
         წადი, უფალი გფარავდეს,
         აღსრულდეს მისი ნებაო!

349.  მეორე დღესვე აკრიფა
         თოფ-იარაღი, აბჯარი,
         გაუდგა გზას და მოძებნა
         ბატონიშვილის ლაშქარი.

350.  მივიდა, უთხრა: „მეც მერჩის
         გული, არა ვარ ჯაბანი,
         თქვენთან ერთად მსურს გავწიო
         მტერთან ბრძოლაში ჭაპანი.“

351.  მიიღეს მორიგე ჯარში,
         მალე გაითქვა სახელი,
         კაცს ჯაჭვიანად ჰკვეთავდა
         იმისი ხმალის ნამღერი.

352.  მთლად დახელოვნდა ბრძოლაში
         ლეკთა თავზარის დამცემი,
         გულისხმიერი რაინდი,
         გაჭირვებულთა მაშველი.

353.  მერე კი, როცა ერეკლე
         ნადირ-შაჰს მძევლად ხლებოდა,
         ტიტეც მის ათასკაციან
         ლაშქარში ირიცხებოდა.

354.  მალედვე, როცა სპარსელთა
         ჯარი ინდოეთს ებრძოდა,
         სხვის ომში წინამბრძოლობა
         ისევ ქართველებს რგებოდათ.

355.  ისე იომეს გურჯებმა,
         რომ მტერს მოსთხარეს თვალები,
         ბევრ ციხე-ქალაქს უმტვრიეს
         რკინით ნაჭედი კარები.

356.  სხვისთვის იპყრობდნენ და მაინც
         არ დაუზოგავთ თავები,
         აქ სჭირდებოდა სამშობლოს
         მათი ხმლები და ფარები.

357.  დრო გავიდა და დაბრუნდნენ
         შინ იღბლიანი მგზავრები,
         უცხო მიწაზე წანწალით
         დაქანცულ-დამაშვრალები.

358.  ვინც ვერ დაბრუნდა, მათ წილად
         ცრემლებსა ღვრიდნენ ქალები
         და სევდანარევ ხმაწყობით
         ტაძრებში რეკდნენ ზარები.


         თავი III - ეული ობოლი

359.  ტიტეს სოფელშიც ამღერდა
         ზარების ხმაზე სამრეკლო,
         მაგრამ, ვაი, რომ მის სახლში
         კერაზე ცეცხლი არ ენთო...

360.  წინ შეხვდნენ ბიძაშვილები,
         ტიტეს მოსვლა რომ გაეგოთ,
         ცუდი ამბების მთხრობელთა
         თავები მხრებში ჩაერგოთ.

361.  უთხრეს: „აღარ გყავს მშობლები,
         უმუხთლათ წუთისოფელმა,
         ღმერთმა არგუნოთ მათ სულებს
         იმ ქვეყნად ნათლის მოფენა.

362.  შარშანწინ მთაში მამაშენს
         თურმე გზად კლდე ჩამოექცა,
         იმსხვერპლა ზედ დაცემულმა
         ქვის ლოდმა, ვერ გამოექცა.

363.  დაქვრივებული მეუღლე
         გულს ასკდებოდა, ტიროდა,
         ქმარმკვდარი ომში წასული
         შვილის ბედს უფრო ჩიოდა.

364.  ერთ წელს გაუძლო ამ ვარამს
         ძაძით მოსილმა იგლოვა,
         წლისთავზე უფლის წინაშე
         სულის ცხონება ითხოვა.“

365.  თითქოს ასპიტმა დაგესლა,
         გულს ისე მოხვდა ნათქვამი,
         ტიტეს ძარღვებში ჩაგუბდა
         სისხლის მაგიერ ბალღამი.

366.  ერთი თვე დარჩა სოფელში
         დარდს გაუშალა კარავი,
         მარტოობაში გლოვობდა,
         არ გაიკარა არავინ.

367.  მწარე სიმართლეს აყრიდა
         თავზე მშობლების საფლავი,
         უმშობლოდ ვეღარ თბებოდა
         ეს მშობლიური სახლ-კარი.

368.  ისიც შეიტყო, რომ ვარდოს
         ქმრად აერჩია ვაჭარი,
         ჭიჭიას კერას ათბობდა
         მისი სიტურფის ღადარი.

369.  მიხვდა, რომ ვერ იცხოვრებდა
         ამ სოფლის აღმართ-დაღმართით,
         სახლის კარები აფიცრა,
         აიკრა გუდა-ნაბადი...

370.  და ისევ წასვლა არჩია
         პატარა კახის ლაშქარში,
         ბრძოლას ნაჩვევი მახვილი
         ვერ ისვენებდა ქარქაშში.

371.  ამასობაში ერეკლე
         კახეთის მეფედ აკურთხეს
         და ისევ ხმლით დაერია
         მტრის საცეცებს და მარწუხებს.

372.  მოუხმო თანამებრძოლებს,
         სამშობლოს ერთგულ მსახურებს,
         მტერს რა დაულევს ქართველებს,
         ან ბრძოლას ვინ დაასრულებს.

373.  ტიტეც იქ იყო ყოველთვის,
         სადაც სამშობლოს უჭირდა,
         მამის ნაჩუქარ ხმალივით
         ჭკუა-გონებაც უჭრიდა.

374.  ცოდნა და გამოცდილება
         ნიჭს გზას აძლევდა, ფურჩქნიდა,
         მეფის ერთგული რაინდის
         წინსვლა არავის უკვირდა.

375.  დაოსტატებულს ციხეთა
         აღება-დაცვის საქმეში,
         ციხისთავობას ანდობდნენ
         ხშირად სხვადასხვა მხარეში.

376.  სასურველ სასიძოდ თვლიდნენ,
         სტუმრად იწვევდნენ სახლებში
         და ხშირად გრძნობა კრთებოდა
         ტურფა ასულთა თვალებში.

377.  თავს აწონებდნენ ციხისთავს,
         ან დასაწუნი რა ჰქონდათ?..
         მაგრამ გული კი ურჩობდა
         ვარდოს სიყვარულს არ თმობდა.

378.  თავს არ აკადრა ტყუილი,
         არცერთს ცოლობა არ სთხოვა,
         თუმცა იოლად შეეძლო
         მათი გულების დაპყრობა.

379.  უსიყვარულოდ ოჯახში
         არ ექნებოდა თანხმობა
         და მარტოხელა მგელივით
         ისევ ეულად დაძრწოდა.

380.  რადგანაც ჰორმონთა ჯარი
         მის ორგანიზმზეც ლაშქრობდა,
         დროდადრო მასაც უწევდა
         ლამაზმანებში გართობა.

381.  როდესაც ქალის ალერსში
         სხეული ვნებას აცხრობდა,
         გრძნობამორეულ გონებას
         სატრფოს ხატება აკრთობდა.

382.  ვნებადაშრეტილს თვალნათლივ
         ახსენდებოდა ბავშვობა,
         პეპლების შეფარფატება
         მის ტუჩებს ისევ ახსოვდათ.

383.  უთქმელი გრძნობა სასჯელად
         მთელი ცხოვრება დაჰქონდა,
         თორმეტწლიანმა სიშორემ
         სევდასთან დააახლოვა.

384.  დაღონებული ღვინოში
         ცდილობდა დარდის დახრჩობას,
         ისევ იმ კოცნას მისდევდა
         და სიყმაწვილეს ნატრობდა.

385.  მაგრამ დროს უკან, წარსულში
         წასასვლელი გზა არ ჰქონდა,
         დღე დღეს მისდევდა, წელი - წელს,
         დრო მომავლისკენ გარბოდა.


       ნაწილი IV - თეთრი აჩრდილი

         თავი I - გამოცხადება

386.  დრო მუდმივად მიდიოდა,
         ვისთვის - ნელა, ვისთვის - მალე,
         ზოგს ტანჯავდა, ზოგისთვის კი
         სულ არ ტოვებდა ნაკვალევს.

387.  დრო დგებოდა, გადმოჰფენდა
         ცივ ზამთარში თოვლის საბნებს,
         გაზაფხულზე ყვავილებად
         აფეთქებდა ნუშს და ატმებს.

388.  ზაფხულობით მთას და მდელოს
         ფოთლებად ასხამდა მწვანეს,
         ოქროსფრად აბიბინებდა
         შემოდგომის პურის ყანებს...

389.  გაზაფხული მოსულიყო,
         გადაევლო თოვლს და ნამქერს,
         გუთნეულის ოროველა
         ხნულებად ავლებდა ნამღერს.

390.  მშობელ მიწას შეჰხაროდა,
         შრომობდა გლეხკაცი გამრჯე,
         მაგრამ მტერი არ აცდიდა,
         ცალი ხელი ედო ხმალზე.

391.  იმხანად ტიტეს მხედრობა
         იდგა ერთ ციხე-სიმაგრეს,
         მარბიელთაგან იცავდა
         ირგვლივ საზღვრისპირა მხარეს.

392.  მათ იმედზე სოფლის მკვიდრნი
         უფრო მშვიდად გრძნობდნენ თავებს,
         უმალ მაშველს უგზავნიდნენ,
         სადაც შემოჰკრავდნენ ზარებს.

393.  ქართულ მიწას სდარაჯობდნენ,
         ხმლის ქნევაში ღლიდნენ მკლავებს,
         თუ მშვიდობით ღამდებოდა,
         დილისთვის იკრებდნენ ძალებს.

394.  ერთ ღამესაც, როს მშვიდობით
         ამოგორდა ცაზე მთვარე,
         ციხეს თავზე წამოადგა,
         გაანათა არემარე.

395.  ციხიონს მშვიდად ეძინა
         ასვენებდა დაღლილ თვალებს,
         მხოლოდ მორიგე გუშაგნი
         ფხიზლობდნენ და ტეხდნენ ღამეს.

396.  არ ეძინა არც ციხისთავს,
         ფიქრებმა კვლავ გააწამეს,
         დამფრთხალიყო ძილის რაში,
         გასულიყო გაღმა მხარეს.

397.  ციხის ქონგურებზე ისხდნენ
         ვარსკვლავები მოკამკამე,
         ტიტეს სარკმელში შემოძვრა
         გაბადრული სავსე მთვარე.

398.  უთხრა, ვიცი, არ გძინავსო,
         გამოიხედეო გარეთ,
         ერთი მოხუცი სტუმარი
         მოსდგომიაო შენს კარებს.

399.  გულს ახარებს სტუმრის მოსვლა,
         მაგრამ როგორ შესძლო ნეტა,
         დაცულ ციხე-სიმაგრეში
         ასე შეუმჩნევლად შესვლა?!

400.  იქნებ მართლაც არ სძინავსო,
         არც ეშმაკს და არცა მტერსა?..
         წამოფრინდა არწივივით,
         ხმალი აჰყვა ტიტეს ხელსა.

401.  ფართოდ გამოღებულ კარში
         თვალი ჰკიდა თეთრ თმა-წვერსა,
         კაცი თეთრი სამოსელით
         აფრქვევდა უცხო ნათელსა.

402.  ვინა ხარო, ჰკითხა მოხუცს,
         არა ჰგავხარ ხორციელსა,
         რა ჯადოქრობით გამოსცდი
         ციხე-გალავანის მცველთა?..

403.  სასიკეთოდ მოვსულვარო,
         საქმე მაქვსო მხოლოდ შენთან,
         ამბავს გეტყვი იმისთანას,
         შენს ცხოვრებას უცვლის ფერსა.

404.  თქვა მოხუცმა და თვალებში
         მიაჩერდა მასპინძელსა,
         სასიამოვნო ხმა ჰქონდა,
         ბგერებად შლიდა ხავერდსა.

405.  სიკეთის ნაკადსა ღვრიდა,
         არა ჰგავდა ავის მქმნელსა,
         ტიტემ სახლში მიიწვია,
         მადლობა შესწირა ღმერთსა.

406.  გათენებამდე ჰყვებოდა
         სტუმარი თავის ამბებსა,
         ჩუმად იჯდა მასპინძელი,
         ფიქრით სჯიდა მონასმენსა.


         თავი II - მონანიება

407.  თქვა მოხუცმა: „ვხედავ გიკვირს,
         მსგავსი არ გინახავს ადრე,
         მე გარდაცვლილი სული ვარ,
         უხორცოდ გამოგეცხადე.

408.  ჩემო ტიტე, ერთმანეთთან
         გვაკავშირებს ბევრი რამე,
         მეც იმ სოფლად მიცხოვრია,
         რომელშიც შენ გაიზარდე.

409.  ბავშვობიდან მიზიდავდა
         სიკეთე და სილამაზე,
         კარგ მებაღედ ვითვლებოდი,
         ვაშენებდი ყვავილნარებს.

410.  ერთხანს ბედნიერიც ვიყავ,
         როს სიყვარულს ვეზიარე,
         ადრე დავქვრივდი, მას შემდეგ
         გულს ვერავინ მივაკარე.

411.  უშვილძიროდ ჩამოვბერდი,
         მარტოობის ცრემლი ვღვარე,
         მხოლოდ ჩემს ბაღს შევხაროდი,
         წალკოტად რომ ავაყვავე.

412.  დღე შრომაში გადიოდა,
         ლოცვაში ვათევდი ღამეს,
         გულში უფლის ხმა მესმოდა,
         განა სხვა მინდოდა რამე?..

413.  სხვაც მომეცა, ერთ დღეს ჩემი
         ბაღის შუაგულში ვნახე,
         მშობიარე დედამიწა
         ვარდს და ტიტას როგორ ბადებს.

414.  სიხარულით მივიღე და
         შვილებივით გამოვზარდე,
         უფლის საჩუქარი იყო
         ეს ზღაპრული სილამაზე.

415.  ენით ვერ აგიწერ, მაგრამ
         შენც ხომ შენი თვალით ნახე
         მშვენიერების მწვერვალზე
         სხივმოსილი სიდიადე.

416.  თქვენ ბავშვური უმეცრობით
         მათ სიცოცხლე მოუსწრაფეთ,
         სიკვდილის წინ გამხელილი
         გრძნობა გულით დაიტაცეთ.

417.  ის სიყვარული გადარჩა,
         შეიცვალა იერსახე,
         შემთხვევით არ შეხვედრია
         შენი ტუჩი ვარდოს ბაგეს.

418.  ცხოვრების აზრი წამართვით,
         მერჩია, რომ მოგეკალით,
         არც სიცოცხლის ძალა შემრჩა
         უკვე ვიყავ ცოცხალ - მკვდარი.

419.  მთელი გულით ვთხოვე უფალს,
         ესმინა ჩემი ნათქვამი,
         წყევლა დამცდა საშინელი,
         გავბოროტდი ალბათ წამით.

420.  მას შემდეგ წლები გავიდა,
         ერთმანეთის ტრფობით იწვით,
         მაგრამ თქვენი სიყვარული
         არასოდეს თქმულა სიტყვით.

421.  სულიც იქვე განვუტევე
         ხორცი დარჩა წილად მიწის,
         იქ წარვსდექი სამსჯავროზე
         სამოთხეში შესვლის ფიქრით.

422.  მაგრამ ღმერთმა მეც დამსაჯა,
         რადგან სიტყვა დავძარ ავად,
         აგერ უკვე ოცი წელი
         სასუფევლის კართან ვდგავარ.

423.  მთელი ცხოვრება ვცდილობდი
         კეთილი საქმის ქმნას თავად,
         ყველაფერი გადაწონა
         ბოროტების ერთმა წამმა.

424.  ვერა ჰპოვებს საიქიოს
         დატანჯული სული შვებას,
         სანამ თქვენი სიყვარული
         ბოლომდე არ გაბრწყინდება.

425.  იმ ქვეყნიდან სააქაოს
         მომავლინეს, მომცეს ნება,
         ეს ტანჯვა რომ დავასრულო
         პატიებას ვითხოვ თქვენგან.

426.  მიტევება ერთადერთი
         სწორი გზაა, ჩემო ტიტე,
         შურისგება მეც ვისურვე
         და უფალი განვარისხე.

427.  თქვენც დაგტანჯეთ, ჩემი სულიც
         სამოთხის გზას ვერ ვაღირსე,
         გულით ვნანობ შეცოდებას,
         უგუნურად ნათქვამ სიტყვებს.

428.  თუ შესძლებთ და მომიტევებთ,
         წყევლაც გაქარწყლდება ასე,
         ერთ არსებად შექმნილნი ხართ,
         თქვენ ერთმანეთს ისე ავსებთ.“

429.  ამ სიტყვების მოსმენაზე
         ტიტეს მოექუფრა სახე,
         ტუჩის კუთხეებში იგრძნო
         ხანმოკლე ღიმილი მწარე.
                      
430.  უთხრა: „ერთობ გვიანია,
         მოხუცო, შენი აქ მოსვლა,
         იქ არ ვიცი, მაგრამ აქ კი
         უქმად არ უვლია დროსა.

431.  ახლა, ვარდოს გული სხვისი
         სიყვარულით ფეთქავს როცა,
         აღარ ახსოვს არც ის ბაღი
         და აღარც პირველი კოცნა.

432.  ნუთუ ფიქრობ, კიდევ რამედ
         მიღირს მე მაგ წყევლის მოხსნა?!
         როგორ გავუმჟღავნო გრძნობა
         სხვა კაცის მოყვარულ ცოლსა?..

433.  წამოვედი, გავერიდე,
         გადვიხვეწე ასე შორსა,
         მაგრამ მაინც ვერ ვივიწყებ,
         მასზე ფიქრი მირევს გონსა.

434.  მინდა იყოს ბედნიერი,
         ამისთვის აღვავლენ ლოცვას,
         მე კი ალბათ სიკვდილამდე
         ვზიდავ მდუმარების ლოდსა.

435.  ახლა ვხედავ, მიზეზი მაქვს,
         მაგ წყევლისთვის გაზღვევინო,
         მაგრამ არ მსურს შურისგებას
         სათნოება ვათელინო.

436.  გაპატიებ, უფრო მეტიც,
         პატიებას აქეთ ვითხოვ,
         შენს წინაშე ცოდვა მეც მაქვს,
         არანაკლებ მძიმე, ვფიქრობ.

437.  ვარდოს ნაცვლად ვერას გეტყვი,
         ალბათ უნდა ჰკითხო თვითონ,
         გისურვებდი, მარადიულ
         სასუფეველს დაემკვიდრო!“

          თავი III - ეშმაკის თხები

438.  უსმინა მებაღის სულმა
         შესაშური მოთმინებით,
         მერე ისევ ამეტყველდა
         მოსაუბრე ენამჭევრი:

439.  „უნდა გითხრა, ციხისთავო,
         შენ არ იცი კიდევ ბევრი,
         ამ საქმეში ურევია
         ბოროტი ძალების ხელი.

440.  კაცთა მოდგმას გვიჭირს ვლეწოთ
         ცხოვრება სიკეთის კევრით,
         სადაც სიკეთე გვაკლდება,
         ბოროტებაც იქა მღერის.

441.  ჩვენს შეცდომებს ის იყენებს,
         რომელი ვართ უცოდველი?
         დამიჯერე, იმ სოფლიდან
         უკეთ მოსჩანს ეს სოფელი!

442.  სიკვდილს იქით თვალებს ვახელთ,
         იქ სხვა ხედვას გვაძლევს ღმერთი,
         ახლა ვხედავ იმას, რასაც
         სიცოცხლეში ვერ ვამჩნევდი.

443.  ეშმაკეული სულ ცდილობს,
         რომ გვატაროს მრუდე გზებით,
         ბევრს აცდუნებს ფუფუნებით
         და იოლი წარმატებით.

444.  ზოგნი სულსაც კი ჰყიდიან,
         რათა მოიხვეჭონ მეტი,
         ცოდვის მორევში ჩაფლულნი
         ვერ ძღებიან ძარცვა - გლეჯით.

445.  მათი სახით მრავლდებიან
         ქვეყნად ჭინკა - მაქციები,
         კაცის ტყავში გახვეული
         ეშმაკის ერთგული თხები.

446.  ბოროტ ზრახვებს ისრულებენ
         შავბნელი რიტუალებით,
         ორმაგი სახით ცხოვრობენ
         ჩვენს გვერდით და ვერც კი ვხვდებით.

447.  მხოლოდ სავსე მთვარის შუქზე
         შიშვლდებიან მაქციები,
         დემონურ სახეს იღებენ
         კუდიანი მახინჯები.

448.  დაცქვეტილი ყურები აქვთ,
         წითლად უელავთ თვალები,
         ბინძურ სიმყრალეს აფრქვევენ
         დუჟმორეული ლაშებით.

449.  ორ ფეხზე დგანან უკუღმა,
         დაბაკუნობენ ჩლიქებით,
         საზარლად იღრინებიან
         სისხლში მოთხვრილი კბილებით.

450.  ხელებზე ბასრ იარაღად
         აქვთ ალესილი ბრჭყალები,
         თავს რქები ადგათ, წოდების
         და ძალის განმასხვავები.

451.  თუ შეძლებ, ნახო ამ სახით
         და თვალში გაეჩხირები,
         მოგკლავენ, თუკი მათსავით
         ეშმაკს არ მიეყიდები.

452.  ასეთ ჭინკებს მოეწონათ
         შენი სატრფო თურმე სარძლოდ,
         ჭინკა ჭიჭიას გულშიც კი
         დაუნთია ცეცხლი ვარდოს.

453.  დატრიალდნენ, გამოცდილი
         მაჭანკლები ნახეს სანდო,
         ქალის სათხოვნად მისულან,
         შენ რომ მთაში იყავ, მაგ დროს.

454.  დედა ჭინკამ მონდომებით
         დიდხანს ჩხიბა თურმე ჯადო,
         სტუმრად მისულმა უჩუმრად
         კერიის ცეცხლში ჩააგდო.

455.  ბედის კლიტე ისე შეკრა,
         საქმე იმგვარად მოაწყო,
         რომ ჭიჭიას გარდა სხვისთვის
         თანხმობა ვერ ეთქვა ვარდოს.

456.  განზრახ ხმებიც დაუყარეს,
         რომ ერთმანეთი უყვართო,
         მშობლებსაც კი არწმუნებდნენ,
         თქვენს ქალს ჩვენი ბალღი სწადსო.

457.  მაგრამ, როცა ნახეს მაინც
         უარზეა საპატარძლო,
         მოიტაცეს მაშინ ძალით,
         დაატყვევეს უსამართლოდ.

458.  ჭიჭიაზე გათხოვება
         სასჯელია მისთვის მარტო,
         ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში
         ცხოვრობს და სიკვდილსა ნატრობს.

459.  ტყვედქმნილია ჭინკებისგან
         შენი გულისსწორი ვარდო,
         დღესაც ისევ შენ უყვარხარ,
         წრფელი გულით შენზე დარდობს.

460.  ახლა, როცა შეგიძლია
         რეალობა დაინახო,
         დროა, მხსნელად მოევლინო
         და ჭინკებზე გაილაშქრო.“

         თავი III - იმედის წისქვილი

461.  ტიტე შესძრა მონაყოლმა,
         ჩააფიქრა ამ ამბავმა
         და იკითხა: „თუ ასეა,
         მაშინ რატომ დამიმალა?

462.  ან ჭიჭიას რად იცავდა,
         ფარად რატომ აეფარა,
         როცა მზად ვიყავი მისთვის
         დამემსხვრია თავის ქალა?..“

463.  ჩაეღიმა მებაღის სულს,
         უთხრა: „მხოლოდ შენ გიცავდა,
         არც კი იცი ეგ ნაბიჯი,
         რა განსაცდელს მოგიტანდა.

464.  დაემუქრნენ, დააშინეს,
         ყველას მოვკლავთ, ვინც გიყვარსო,
         შენი ტიტეთი დავიწყებთ,
         ვეღარავინ დაგიცავსო.

465.  საწამლავი შეგაპარეს
         და სიკვდილს ებრძოდი გახსოვს?
         მაშინ შენი განკურნება
         უფლის ნებით შესძლო ვარდომ.

466.  ცრემლებით დაგემშვიდობა,
         უგრძნობი კოცნა გაგანდო,
         დედაშენი დააფიცა,
         ჩემს შესახებ არ უთხრათო.“

467.  რა ისმინა ეს სიტყვები
         ტიტეს ცრემლი მოეძალა,
         საკუთარ თავზე გაბრაზდა,
         თქვა: „ასე რამ დამაბრმავა?..

468.  რად ვერ მივუხვდი, რომ ტყუილს
         ამბობდა ჩემს დასაცავად
         და თავისი ბედ-იღბალი
         ჩემს სიცოცხლეს ანაცვალა?

469.  ეს სიცოცხლე უიმისოდ
         აღარ მიღირს არცა ჩალად,
         დროა ჭიჭიას კისერზე
         მოვსინჯო ჩემი ხმლის ძალა!“

470.  მშვიდად მიუგო მოხუცმა:
         „სჯობს ცხელ გულზე არ იჩქარო,
         გირჩევნია, რომ მეტოქე
         სათანადოდ შეისწავლო!

471.  თუმცა ბრძოლის ოსტატი ხარ,
         ვშიშობ ხმლით ვერ დაამარცხო,
         არც იფიქრო, მისი სახით
         ღირსეული მტერი ნახო!

472.  ცივი გონებით განსაჯე,
         თუ გსურს ზუსტად შეაფასო,
         ჭიჭიასთვის ბევრი ჭინკა
         გამოიდებს ალბათ თავსო.

473.  შენ კი ვინ გყავს მოკავშირე?
         ერთი მე და ერთიც ვარდო...
         სხვასთან სიტყვაც კი არ დაგცდეს,
         აღარავინ არის სანდო!

474.  სოფელში უნდა დაბრუნდე,
         კერაზე ცეცხლი აანთო,
         სავსემთვარეობას მოდი,
         ჩემს საფლავთან ნახავ სატრფოს.

475.  დანარჩენს თვითონ ის გეტყვის,
         როგორ იტანჯა და რას გრძნობს,
         შენც შენ ამბავს მოუყვები,
         სათქმელი ბევრი გაქვს, გატყობ.

476.  ჩემი წასვლის დროც მოსულა,
         უნდა გავყვე ცისკრის მნათობს,
         ერთ თვეში ისევ შევხვდებით,
         ღმერთმა ხელი მოგიმართოს!“

477.  ესა თქვა და ისე გაქრა,
         რომ დაეჭვდა ოდნავ ტიტე,
         ცხადში ვნახე, თუ მძინავსო
         და უცნაურ სიზმრებს მივდევ?!.

478.  ირიჟრაჟა, აღმოსავლეთს
         წითლად ეწვოდა ცის კიდე,
         ახალი დღე წყალს ასხამდა
         ტიტეს იმედის წისქვილზე.

479.  მხრებიდან ჩამოიბერტყა
         უთქმელი ტვირთის სიმძიმე,
         სატრფოსთან შეყრის სურვილი
         არ ასვენებდა მის ფიქრებს.

480.  წავიდა სამეფო კარზე,
         პატივისცემით მიიღეს,
         წასვლა ითხოვა, გაუშვეს,
         გზა დაულოცეს შინისკენ.

481.  მიჰყვება ჩქარი ლაფშურით
         ტიტეს თეთრონი ბილიკებს
         და ბედისწერა უქარგავს
         მომავლის უცნობ გვირისტებს.


        ნაწილი V - დაბრუნება

         თავი I - გაციებული ღადარი

482.  დაბრუნდა ტიტე სოფელში,
         მდუმარედ დახვდა სახლ-კარი,
         უჟამურ სევდას ებრძოდნენ
         კედლები ტკივილჩამდგარნი.

483.  ეზოში მწვანედ ღელავდა
         მოზღვავებული შამბნარი,
         უკაცურობის დასტური
         ებრაულ წყევლის მაგვარი.

484.  კერიას შემორჩენოდა
         გაციებული ღადარი,
         აბლაბუდებში გახვეულ
         ოთახს გაჰქონდა კანკალი.

485.  კარგახანს იდგა უსიტყვოდ
         დროისშეგრძნებაგამქრალი,
         უსმენდა როგორ კვნესოდა
         სახლი სიცოცხლეჩამკვდარი.

486.  მერე ნელ-ნელა დალაგდა
         მთლად არეული ჟამკარი,
         ადგა და საქმეს შეუდგა,
         გამრჯედ გაშალა მხარ-მკლავი.

487.  გაასუფთავა, გაწმინდა
         წლების მტვერი და ნაცარი,
         ცეცხლი აანთო, საღამოს
         მარტოკამ ჭამა ვახშამი.

488.  დილით კი ცელი გამართა,
         ეზოს დაატყო გზა-კვალი,
         გარეთ მერეღა გავიდა,
         იკითხა სოფლის ამბავი...

489.  დიდი ხნის წასულს ბევრი რამ
         დაუხვდა განსხვავებული,
         მის არყოფნაში მომხდარი,
         შექმნილი, დაბადებული.

490.  ბევრიც იმქვეყნად წასული,
         შავ მიწას მიბარებული,
         ბევრისთვის თვითონ აღმოჩნდა
         უცხო და დავიწყებული.

491.  გალაღდნენ ბიძაშვილები,
         რომ ნახეს დაბრუნებული,
         სამღვთო თქვეს, საკლავი დაკლეს
         ტიტეს სახელზე შეთქმული.

492.  სუფრა გაშალეს, ალხინეს
         სოფელი სტუმრად წვეული,
         აწმყომ დალია წარსული
         ღვინოში გადარეული.

493.  სოფელს თავისი წესი აქვს,
         თავის ცხოვრების ფერხული,
         აფასებს კეთილ მეზობელს
         გლეხკაცი მიწის ერთგული.

494.  მხარში უდგანან ერთმანეთს
         შრომის უღელში შებმულნი,
         ახალმოსახლეთ შველასაც
         არიან შეპირებულნი.

495.  მოსწონდათ კარგი მებრძოლი,
         კაცი ღირსებით შემკული,
         მით უფრო, ახლახანს იყო
         ომიდან დაბრუნებული.

496.  თავად რომ ყველას შველოდა
         სხვის დარდით შეწუხებული,
         კეთილი საქმის კეთებით
         რჩებოდა გახარებული.

497.  არ აწუხებდა არავის
         სიმდაბლით გამორჩეული,
         დიდად არც სტუმრიანობდა
         მარტო ცხოვრებას ჩვეული.

498.  გულს დარდი შემოსჩვეოდა,
         ფიქრს შერეოდა სამსალა,
         ვერსად ვერ შეხვდა გულისსწორს,
         იღბალმა ისევ აწვალა.

499.  შემთხვევით არვის წამოსცდა,
         განგებ ეკითხა, არ სწადდა,
         და ალალბედზე ეძებდა
         ვარდოს ასავალ-დასავალს.

500.  ყოველ კვირა დღეს ტაძრისკენ
         გზას მიჰყვებოდა, რადგანაც
         იმედი ჰქონდა, წირვაზე
         მისულს მაინცა ნახავდა.

501.  მერე კი ბაღში კარგახანს
         იდგა მებაღის საფლავთან,
         გულს მოლოდინი სტანჯავდა,
         ვარდო კი მაინც არ ჩანდა.

502.  ყოველღამ ცას შესცქეროდა,
         მთვარის გავსებას ელოდა,
         მებაღის სულის ნათქვამი
         ქვეშეცნეულად სჯეროდა.

503.  ნაკლული მთვარე სირცხვილით
         ღრუბლებში ემალებოდა,
         თავს ზემოთ ძალა არ მაქვსო,
         გულწრფელად ეუბნებოდა.


         თავი II - შეხვედრა

504.  მოხუცის სტუმრობის შემდეგ
         შვიდი დღე ოთხჯერ გავიდა,
         ღერძის ირგვლივ ოცდარვაჯერ
         გადაგორდა დედამიწა.

505.  ამასობაში კი მთვარემ
         ერთი სრული წრე აღრიცხა,
         ჯერ დარდისგან გაილია,
         მერე ივსებოდა დიდხანს.

506.  ბოლოს ისე გაიბადრა,
         სიხარულით ცას ეწია,
         ბაღისკენ მიმავალ ტიტეს
         შუა გზაზე დაეწია.

507.  უკან გაჰყვა ფეხაკრეფით,
         შარაგზაზე გაეფინა,
         ხეთა კორომში გამოძვრა
         ათინათად დაებნია.

508.  ბაღში შეჰყვა და ყვავილებს
         ჩაეკონა, ჩაეხვია,
         საფლავის წინ შემდგარ ტიტეს
         მოგონებად დაეფრქვია...

509.  აქ დაიწყო ყველაფერი,
         ნორჩ გულებს გრძნობა ეწვია
         და უთქმელი სიყვარული
         ერთ კოცნაში ჩაეტია.

510.  იდგა ვაჟი მთვარის შუქზე
         ცრემლი ედგა თვალებშია,
         სადაც იყო მოვიდოდა,
         ის ვინც სიცოცხლეს ერჩია.

511.  მთვარე მიხვდა მიჯნურთ შორის
         მისი ყოფნა ზედმეტია,
         მორიდებით განზე გადგა
         და ღრუბლებში გაეხვია.

512.  გაირინდა არემარე,
         ირგვლივ ჩქამიც არ ისმოდა,
         ნიავმა სუნთქვა შეიკრა,
         ფოთოლიც კი არ იძვროდა.

513.  დრო შეჩერდა თითქოს წამით,
         რა ეფიქრა არ იცოდა,
         გრძნობდა, ოცი წლის წინანდელ
         წყევლას ყავლი გასდიოდა.

514.  ბილიკზე ქალი გამოჩნდა
         მონასტრის კარიბჭის მხრიდან,
         ყელმოღერილ ირემს ჰგავდა,
         ბაღნარში რომ შემოვიდა.

515.  შეამჩნია ვაჟმა, უმალ
         შესახვედრად წამოვიდა,
         ქალმაც ნაბიჯს აუჩქარა
         და ჩრდილიდან გამოვიდა.

516.  ვარსკვლავები აწრიალდნენ,
         ლამის ჩამოცვივდნენ ციდან,
         საროსტანას ყვავილების
         მთელი გუნდი ქედს უხრიდა.

517.  მთვარეს სულმა წასძლია და
         ქალის სახეს მოეფინა,
         სხივმოსილმა სილამაზემ
         მისი ნათელი დაჩრდილა.

518.  აუჩქროლდა ვარდოს გული,
         მკერდში ვეღარ დაეტია,
         თავის ტოლსწორი შეიცნო,
         ტანმაც მისკენ გაიწია.

519.  მივიდა, ნოტიო თვალნი
         ვაჟს სახეში შეაფრქვია,
         მკერდს ჩაეკრა და მკლავები
         ყელ-კისერზე შემოხვია.

520.  სუნთქვა სუნთქვას შეერია,
         მკერდმა მკერდი რომ გაათბო,
         ტუჩთან ტუჩი შეერთდა და
         ჟრუანტელი აჰყვა ამბორს.

521.  ძარღვებში სისხლს შეერია
         და ვნების ცეცხლი დაანთო,
         მთელ სხეულში ჩაიღვარა,
         გულმა გულს გრძნობა გაანდო...

522.  და აღმოხდა მაშინ ტიტეს:
         „მიყვარხარო, ჩემო ვარდო,
         ჩემთვის ქმნილო ბედისწერავ,
         ჩემო ოცნებავ და დარდო!..

523.  ახლობელო, შორეულო,
         გულო გრძნობამორეულო,
         ჩემსავით გადარეულო,
         ჩემი სულის ორეულო,

524.  წყევლა ჰკლავდა ჩვენს სიყვარულს,
         მაგრამ გადარჩა, გაუძლო.
         ახლა, გინდა მიწა გასკდეს,
         შენს თავს არავის დავუთმობ...“

525.  ქალმა უთხრა: „მეც მიყვარხარ,
         მე შენში ვარ, შენ კი ჩემში,
         შენს გარეშე ეს სიცოცხლე
         ტანჯვა არის მხოლოდ ჩემთვის.

526.  ბედნიერი მაშინ ვიყავ,
         როცა შენ მედექი გვერდში,
         მუდამ ვგრძნობდი, რომ გიყვარდი,
         ვკითხულობდი შენს ფიქრებში.“

527.  ნათქვამი ეამა ტიტეს,
         შემოხვია წელზე ხელი,
         იქვე ძელსკამზე ჩამოსხდნენ,
         სასაუბრო ჰქონდათ ბევრი.

528.  მერე სთხოვა: „მომიყევი,
         როგორ მოხდა ყველაფერი!..
         როგორ აღმოჩნდა ჭინკების
         ხელში ქალი მშვენიერი?..“


       ნაწილი VI - ვარდოს ნაამბობი

        თავი I - ტაძრისკენ ლტოლვა

529.  ვარდომ მიუგო: „ხომ გახსოვს,
         მამაშენს რომ გაჰყევ მთაში,
         იმ დღეს გამოჩნდნენ ჭიჭიას
         მაჭანკლები ჩვენს ოჯახში.

530.  მოკლედ უთხრა მამამ მაშინ,
         ნაადრევად გარჯილხართო,
         დედისერთა ასული მყავს,
         ჯერ ვერ გავათხოვებ ქალსო.

531.  რომ წავიდნენ, მერე მიხმო,
         შენი აზრის ცოდნა მწადსო,
         თუკი ერთმანეთი გიყვართ,
         გაგაყოლებ ვაჭრის ბალღსო.

532.  ვუპასუხე, ჯერ არავინ
         არ მომწონს თქო მამაჩემო,
         ნუ ინებებ, ძალით შემრთო
         ქმარი და ჯვარი დამწერო!..

533.  გაეცინა, მაშ სასიძოს
         უშენოდ არ ავარჩევო,
         ოღონდაც ამასობაში
         შინაბერად არ დამრჩეო.

534.  მეორედ უკვე ჭიჭიას
         მშობლები თვითონ მოვიდნენ,
         ურცხვად იკვეხდნენ ქონებას,
         ოქრო-ვერცხლითა სწონიდნენ.

535.  დაპირებებით აგვავსეს,
         საიდან აღარ მოგვიდგნენ,
         მამა კვლავ უარზე იდგა
         და ვერაფერზე მორიგდნენ.

536.  შემდეგ მოსვლაზე შემთხვევით
         ჭიჭიას დედას წავასწარ,
         კერაზე ანთებულ ცეცხლში
         ჰყრიდა დაძონძილ ნაბადსა.

537.  არ დაუმალავს, იქ მითხრა,
         ჯადოს ვკრავო იმდაგვარსა,
         თავბოლოს ვერვინ გაუგებს,
         ვერ გახსნისო ჩემს ნახლართსა.

538.  ვერასდროს შეეყრებიო
         ჭიჭიას გარდა სხვა ქმარსა,
         ყველა მოკვდებაო, ვისაც
         უწილადებ ტრფობის ალსა.

539.  შემეშინდა, დედას ვუთხარ,
         არ დამიჯერა, გაბრაზდა,
         სასიძოს დასაწუნებლად
         ჰყვებიო ასეთ ზღაპარსა...

540.  ვატყობდი, რომ ჯადო უკვე
         თავის საქმეს აკეთებდა,
         მშობლებიდან დაწყებული
         ყველა ჭიჭიას მიქებდა.

541.  წავედი, მოძღვარს შევჩივლე,
         მომისმინა, გამამხნევა,
         უფლის მიმართ ვილოცოთო,
         შევთხოვოთო ხსნა და შველა.

542.  წამომყვა, სახლი აკურთხა,
         ევედრა სამყაროს გამჩენს.
         ებრძოდა ბოროტი ძალა
         აიაზმასა და სანთელს.

543.  ღმერთმა აცხონოს, ემსხვერპლა
         უანგარო კეთილ საქმეს,
         დილით სენაკში ბერებმა
         თურმე გარდაცვლილი ნახეს.

544.  ისევ მოადგა მზაკვარი
         სადედამთილო ჩვენს ეზოს,
         მშობლების უჩუმრად მკითხა,
         რატომ მარიდებ თვალებსო.

545.  რომ იცოდე, იმ საწყალი
         მღვდელის ცოდვა შენ გადევსო,
         ყველა, ვისაც შველასა სთხოვ,
         მის ბედს გაიზიარებსო.

546.  შიშმა შემიპყრო, დამთრგუნა,
         მიზეზს კი ვერსად ვამბობდი,
         მამასაც ვეღარ შევბედე,
         მის სიცოცხლეზე ვდარდობდი.

547.  ჭიჭიას დედის მუქარას
         მინდოდა სადმე გავცლოდი
         და მაჭანკლების მოსვლაზე
         უკვე სახლიდან გავრბოდი.

548.  გული ტაძრისკენ მიწევდა,
         მონასტერში მოვდიოდი,
         მონაზონ დედებთან ერთად
         გულმხურვალედ ვლოცულობდი.

549.  გადავწყვიტე, რომ მონასტერს
         სამუდამოდ შევხიზნოდი
         და ასკეტური ცხოვრების
         სირთულეებს შევდგომოდი.

550.  დამეთრგუნა ყოველგვარი
         ხორციელი სიხარული,
         უთქმელ გრძნობად შემენახა
         გულში შენი სიყვარული.

551.  ამიტომაც განზრახ ცივად
         შეგხვდი, როცა დამიბრუნდი
         და ტყუილით გაიძულე,
         შეგექცია ჩემთვის ზურგი.

552.  არაფერი დამვიწყნია,
         თუმც იმ დღეს სხვაგვარად გითხარ,
         ახლაც კი შენახული მაქვს
         შენი ნაჩუქარი ტიტა.

553.  რომ მოგწამლეს, იმ დღეს თვითონ
         კუდიანმა ჯიბრით მითხრა,
         შენი ტიტე სულს ღაფავსო,
         ვეღარ გააწევსო დიდხანს.

554.  უფლის მადლით, მე შევძელი
         მაშინ შენი გადარჩენა,
         ჩემი თხოვნით დაგიმალეს,
         დაგტოვე ჩემზე ნაწყენად.

555.  მერე ერთხელ გთხოვე კიდეც,
         ისევ შენს გადასარჩენად,
         დაეხსენ თქო, არ მაწუხებს
         ჭიჭიასგან კუდში დევნა.

556.  წახვედი და დავრჩი ობლად,
         მფარველობას მოკლებული,
         მარტოდმარტო, ვით ყვავილი
         კლდის ნაპრალში ამოსული.

557.  ბოროტებით გავსილიყო
         ცა საავდროდ მოქუფრული
         და წალეკვას მიპირებდა
         დელგმა ჩემზედ წამოსული.

558.  საფრთხეს ვგრძნობდი, ჭიჭიასთან
         შეხვედრას ვერიდებოდი,
         მარტო სიარულს ვუფრთხოდი,
         მეშინოდა, არ ვიმჩნევდი.

559.  ვესწრაფვოდი ტაძრად მისვლას
         სამონაზვნე მორჩილებით,
         მაგრამ სხვაგვარად საზღვრავდა
         ჩემს ბედს თურმე შემოქმედი.


         თავი II - მოტაცება

560.  ერთ საღამოს, არემარე
         რომ ისხამდა ბინდის ფერსა,
         სოფლის გზას მივუყვებოდი
         მეზობლის გოგოსთან ერთად.

561.  რატომღაც უკან მრჩებოდა
         და განზრახ ითრევდა ფეხსა,
         ვაჩქარებდი, არ მინდოდა,
         რომ გზაში მოესწრო ბნელსა.

562.  უცებ ვიგრძენ მისი ხელის
         თითები შემეხო ყელსა,
         ნათლობის ჯვარს წაეტანა,
         ხელად შეაწყვიტა ძეწკვსა.

563.  შეტრიალდა და უკანვე
         სირბილით აუყვა სერსა,
         ახსნა ვერსით მოვუძებნე,
         მის უმსგავსო საქციელსა.

564.  გზა განვაგრძე და მალედვე
         შიშისაგან ელდა მეცა,
         როცა ცხვირწინ შევეფეთე
         ჭიჭიას მღვრიე თვალებსა.

565.  ისეთ ადგილას დამიხვდა,
         სულ რომ არ ჩანდა სოფლიდან,
         მივხვდი, ჩემი თანამგზავრიც
         ამ გარეწარს მოესყიდა.

566.  ხელი მტაცა და მაჯაზე
         გამეტებით მომიჭირა,
         კრიჭაშეკრულმა ვერ შევძელ,
         რომ საშველად დამეყვირა.

567.  სილა შემოვკარ და სახე
         ჩამოვახოკე ფრჩხილებით,
         მწარე ღმუილი აღმოხდა,
         გააღრჭიალა კბილები.

568.  სახე იცვალა, მეჩვენა
         ურჩხულის შეხედულებით,
         არსი შევიცან ჩემს თავზე
         დამტყდარი უბედურების.

569.  წინ მედგა ჭინკა-მაქცია
         საზარო აგებულებით,
         გულწასული ძირს დავეცი,
         თვალთ დამიბნელდა სრულებით.

570.  ვიგრძენი, როგორ შეიხსნა
         სულმა სხეულის ხუნდები,
         მეგონა უკვე გათავდა
         ამ სოფლად ყოფნის წუთები.

571.  არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავ
         გრძნობამიხდილდაკარგული,
         რა ძალამ შემომაბრუნა
         ლამის ხიდზე გადასული.

572.  გონს მოვედი ბნელ სარდაფში
         გაკოჭილი, პირაკრული,
         თავი საფლავში მეგონა
         ცოცხლად ჩაფლულ-დამარხული.

573.  მაღლა ხალხი ხმაურობდა,
         კარგად რომ დავუგდე ყური,
         საუბარიც გავარჩიე
         ჭერს ზემოდან ჩამოსული.

574.  ხმა ვიცანი დედაჩემის,
         გაბზარული, დაზაფრული,
         მაჩვენეთო ჩემი შვილი,
         სადა გყავთო დამალული.

575.  უპასუხეს, რომ ჭიჭიას
         არ ვყავდი მოტაცებული,
         თურმე ნებით გავყოლივარ
         სიყვარულით ფრთაშესხმული

576.  და რადგანაც მშობლებისგან
         ვყოფილვარ დაშინებული,
         ჩემი თხოვნითვე აღმოვჩნდი
         სოფლიდან გარიდებული.

577.  გატყუებენ თქო, ვყვიროდი,
         აქა ვარ გამომწყვდეული,
         პირსახვევს ვერა სცდებოდნენ
         სიტყვები ბრაზმორეული.

578.  წავიდა დედა მტირალი,
         უტიფრად მოტყუებული,
         ვაი თუ დაიჯერა თქო,
         ვფიქრობდი შეშფოთებული.

579.  მომაკითხეს ცოტა ხანში
         ჭიჭიამ და დედამისმა,
         კაცის ტყავში გახვეული
         ჭინკები შეიცნო ფიქრმა.

580.  მოვიდა სადედამთილო,
         სკამზე მიბმულს წინ დამიდგა,
         დამცინავად გამიღიმა
         და ნიშნის მოგებით მკითხა,

581.  რად ურჩობო, მწყემსის ქალო,
         ხომ არ მიწუნებო ბიჭსა,
         გაფრთხილებდი თუ გახსოვსო,
         რომ ყოველთვის ვაღწევ მიზანს.

582.  ამ ჯურღმულში დაგალპობო,
         გაყურყუტებ კიდევ დიდხანს,
         სანამ თანხმობას არ იტყვი
         ჩემს ვაჟთან შეუღლებისას.

583.  თუ ისურვებ მის ცოლობას,
         მოიბრუნებ ჩვენსკენ პირსა,
         არაფერი მოგაკლდება,
         გემოს ნახავ ცხოვრებისას.

584.  დამიჯერე, მორჩილებით
         გახდიო ერთგული რძალი,
         ისეთ ქორწილს გადაგიხდით,
         რომ მტერს დაუდგესო თვალი.

585.  წესითა და რიგით უნდა
         შექმნათ ოჯახი ახალი,
         ნებით უნდა დაიწიდნო,
         შეიყვარო შენი ქმარი.

586.  ერთურთს ვერ მიგაკარებთო,
         შეიკავოთ უნდა თავი,
         სანამ არ ჩატარდებაო
         საქორწილო რიტუალი.

587.  ვუსმენდი და მძვინვარებდა
         გულში ზიზღის ქარიშხალი,
         ჭინკა ჭიჭიას სარეცელს
         მახარბებდა ეს ავქალი.

588.  არასოდეს გავხდებოდი
         მისი, თუნდაც მოვეკალი,
         მაგრამ ვფიქრობდი, როგორმე
         მეპოვნა გამოსავალი.

589.  შევეცადე დრო მომეგო,
         თანხმობა ვუთხარ კანკალით,
         ვტიროდი, ცრემლებსა ვღვრიდი
         ძალადობისგან გამტყდარი.

590.  უარს ღვთის სახლში ვიტყოდი,
         დასრულდებოდა კოშმარი,
         ჯვარს ძალით ხომ არ დამწერდა
         ქრისტეს მსახური მოძღვარი.

591.  სამამამთილოს მიმგვარეს,
         როგორც სამსხვერპლო ბატკანი,
         მუშტარის თვალით მსინჯავდა
         თვითკმაყოფილი ვაჭარი.

592.  კარგიაო, ბრძანა, რაკი
         ნებით ხდება ჩვენი რძალი,
         დიდხანს ნუღარ გადავდებთო,
         მომზადდესო რიტუალი.

593.  მერე ვახშმად მიმიწვიეს
         გამაცნეს მთელი ოჯახი,
         მოსასვენებლად დამითმეს
         ერთი პატარა ოთახი.

594.  განვმარტოვდი, მოვიძიე
         ჯვარი შენი ნაჩუქარი,
         გულის ჯიბით რომ დამქონდა
         ანდამატი სანუკვარი.

595.  ვილოცე მუხლმოდრეკილმა,
         უფალს შევავედრე თავი,
         ღამე თეთრად გავათენე,
         შიშით ვერ მოვხუჭე თვალი.

596.  გათენდა და აზუზუნდა
         სახლი ფუტკრების სკასავით,
         დიდი სამზადისი ჰქონდათ,
         მისვლა-მოსვლა და ხავხავი.

597.  მოვიდა დიასახლისი,
         ღიმილს აფრქვევდა ალქაჯი,
         თან თეთრი კაბა მოჰქონდა
         ოქრომკედულით ნაქარგი.

598.  მასთანვე სხვა სამოსელიც,
         ერთიც ბეჭედი ალმასის,
         გამოეწყვეო, მიბრძანა,
         ქმარს რომ შეხვდეო ლამაზი.

599.  ჩავიცვი, ბედმა სარკიდან
         მწარედ დამცინა ქარაგმით,
         გულს შენი ჯვარი მეკიდა,
         ტანს კაბა ჭინკის პატარძლის.

600.  ცოტაც გავძლებ თქო, ვფიქრობდი,
         და როცა მივალთ ტაძარში,
         თავს რომ დავაღწევ ტყვეობას,
         გავცვლი მონაზვნის კაბაში.

         თავი III - რიტუალი

 601.  კაცი ბჭობს, ღმერთი იცინის,
         თურმე ტყუილად არ თქმულა,
         და ჩემი ვარაუდები,
         სამწუხაროდ, არ ასრულდა.

602.  მაზლებმა წამომიყვანეს,
         სახლის გარეთ არც გავსულვართ,
         ერთ დიდ დარბაზში აღმოვჩნდი,
         ვიგრძენი საქმე გართულდა.

603.  რომ შევედით, ჩემს ზურგს უკან
         ხმაურით დაკეტეს კარი,
         ტაძრის ნაცვლად თავი მგონი
         ჯოჯოხეთში ამოვყავი.

604.  ცხელოდა, სუნთქვა მიჭირდა,
         ლიცლიცებდა ცეცხლის ალი
         და ყრუ კედლებზე ხრჩოლავდა
         ათიოდე ჩირაღდანი.

605.  ცენტრში ენთო შუაცეცხლი,
         ზედადგარზე დიდი ქვაბით
         ბლანტის სითხე თუხთუხებდა
         ასდიოდა ოხშივარი.

606.  ამ სიმყრალეს თან ერთვოდა
         თრიაქის სუნი და კვამლი,
         ხარბად რომ შეექცეოდა
         ერთთავად ყველა სტუმარი.

607.  ცეცხლის წინ ქვის იატაკზე
         მოჩანდა ნაკვეთ-ნაღარი,
         წრეში  ჩახაზულ-ჩასმული
         ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

608.  მის ზემოთ თავხეს ეხატა
         ზუსტად იგივე ნიშანი,
         ზედ ჯაჭვით ჩამოეკიდათ
         თავდაღმა შავი ციკანი.

609.  რიტუალისთვის ზვარაკად
         შეთქმული, სიკვდილმისჯილი,
         შველას ამაოდ ითხოვდა
         საწყალობელი კიკინით.

610.  ჩემს გამოჩენას იქ მყოფნი
         შეხვდნენ ტაშით და ყიჟინით,
         იკრიჭებოდა ჭიჭია
         იონჯანაჭამ ვირივით.

611.  მიმიყვანეს და მის გვერდით
         რომ მიმიჩინეს ადგილი,
         მივხვდი თავს დამტრიალებდა
         ეშმაკეულის აჩრდილი.

612.  წრე შეკრეს ჩვენს გარეშემო,
         როკავდნენ ხელებგაწვდილნი,
         გაურკვეველი სიტყვების
         მონოტონური ძახილით.

613.  ხელხანჯნლიანი ვაჭარი
         იდგა ვარსკვლავის შუაში,
         ქაჯურად რასმე ამბობდა
         ბელადის როლ-ამპლუაში.

614.  ციკნის ყელს ძარღვი გადუხსნა,
         სისხლმა იდინა სურაში,
         მიაძღა, ამოითხვარა
         ტუჩნიკაპი და ულვაში.

615.  ცოლსაც დაუსხა, იმანაც
         ჩაიმხო სავსე ფიალა
         და მერე სისხლის სმურებმა
         სტუმრებში ჩამოიარა.

616.  ხარბად დააცხრნენ სასმისებს
         დიდიან პატარიანად,
         პირსისხლიანი ბრბო იყო
         ეშმაკის მონა მთლიანად.

617.  უხმო ვაჭარმა ჭიჭიას,
         უცხო თასი რამ გადასცა,
         თვალი გავკიდე შორიდან
         შიგთავსის წითლად ლაპლაპსა.

618.  დადუმდა მთელი დარბაზი,
         თითქოს ელოდა ამ წამსა
         და ყურადღებით უსმენდა
         ვაჭარბელადის ნათქვამსა:

619.  „მივიღოთ ახალი წევრი
         ამ ჩვენს გილდია ჰამქარსა,
         დიდ ბატონს მიეყიდება,
         ნებით დაიდგამს თავს რქასა.

620.  სულის სანაცვლოდ მიიღებს
         მომხვეჭველობის ძალასა,
         გაიგებს სხვისთვის დაფარულს,
         ცხოვრებას მოხდის ღალასა.“

621.  მომიახლოვდა ჭიჭია
         მამის სიტყვების გამგონი,
         მივხვდი საითაც დაქანდა
         ბედ-იღბლის მრუდე სასწორი.

622.  სისხლიან თასს მაძალებდა
         სინდის ნამუსის არმქონი,
         ხელი ვკარ, ზედ გადავასხი,
         ვიყვირე მთელი ძალ-ღონით:

623.  „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის,
         ის არის ჩემი პატრონი,
         დაგლახვროთ წმინდა გიორგიმ,
         თქვენცა და თქვენი ბატონიც!“

624.  განრისხდა, ხელი წამტაცა,
         ჩამომახია საკინძე,
         გამოჩნდა ჯვარი ჩემს მკერდზე
         სხივს რომ აფრქვევდა საკვირველს.

625.  მერე იმატა ნათელმა
         და შიშისაგან აკივლდნენ,
         გარშემომყოფი ჭინკები
         კაცის ტყავისგან გაშიშვლდნენ.

626.  ახლოს ვერ მეკარებოდნენ,
         ხმებს გამოსცემდნენ საშინელს,
         კედლებს ფხოჭნიდნენ ბრჭყალებით,
         კარი გახსნეს და გაცვივდნენ.

627.  ამგვარად მიხსნა უფალმა
         ჯვრის მადლით ღვთივკურთხეულით,
         მას შემდეგ არც შემხებია
         ჭიჭიას ბილწი სხეული.“

628.  ეს თქვა და ერთხანს დადუმდა
         თვალებზე ცრემლმორეული,
         ტიტეს მკლავებში გაყუჩდა
         მის სითბოს მონატრებული.

        თავი IV - ტყვედქმნილი რძალი

629.  ვაჟი კი ისევ ნაამბობს
         მისდევდა ჩაფიქრებული,
         რატომღა დარჩი მათთანო,
         ჰკითხავდა გაკვირვებული.

630.  ვარდომ მიუგო: „ჭინკები,
         სულგაყიდული მხეცები
         ძალზე უფრთხიან გამჟღავნდეს
         მათი ცხოვრების წესები.

631.  ვერ მომკლეს, მაგრამ მუქარით
         კვლავ აილესეს ენები,
         დედ-მამას დამიხოცავდნენ
         პირსისხლიანი მკვლელები.

632.  დავრჩი, რძლად გამომაცხადეს,
         ტყვედქმნილი სინამდვილეში,
         რომ ჰკითხო, ისე ვუყვარვარ,
         არ გამარჩევენ შვილებში.

633.  ჭიჭია გაცოფებული
         იყო ამგვარი ცვლილებით,
         ითხოვდა მასთან მეცხოვრა
         ცოლქმრული წესის მიხედვით.

634.  მეჩხუბებოდა, მლანძღავდა
         ბილწი, უშვერი სიტყვებით,
         შეხებას ვერ მიბედავდა,
         თრგუნავდა ჯვარის სხივები.

635.  თავი და ბოლო არ ჰქონდა
         იმის ყიამყრალ ლაქლაქსა,
         ერთხელ მამაც კი შეესწრო
         დავიდარაბას ამგვარსა.

636.  ვერ მოითმინა, იფეთქა,
         ხელი დასტაცა მაჟარსა,
         არ შეგარჩენო, სულძაღლო,
         ჩემი ასულის ჩაგვრასა.

637.  სცადეო, ისიც ყვიროდა,
         გულმკერდს უშვერდა ტყვიასა,
         ვნახოთო, ვისი აჯობებს,
         ვინ მიიღებსო ზიანსა.

638.  სიმთვრალე ამამაცებდა
         გულბოროტ, ლაჩარ ავკაცსა,
         სიკვდილის ლანდი აეკრა
         ფეხზე შემართულ ჩახმახსა.

639.  მე ჩავუდექი შუაში,
         ცრემლით ვევედრე მამასა,
         ნუ დამღუპავ თქო და ცოდვას
         ნუ შემყრი ამისთანასა.

640.  თოფი დაუშვა, წავიდა,
         დაბრუნდა მთა-იალაღსა,
         ერთი თვის თავზე დაეცნენ
         ჭინკები იმის ფარასა.

641.  ყელგამოჭრილნი უნახავთ
         დაფატრულ ცხვრების გროვასთან,
         საუკეთესო მწყემსები,
         ნაჩვევნი შრომა-ბრძოლასა.

642.  ვერ დაადგინეს სიმართლე,
         დაბრალდა მგლების ხროვასა,
         გადაივიწყა სოფელმა,
         როგორც კი მორჩა გლოვასა.

643.  არა სჯეროდა მამაშენს,
         ნადირობის დიდ ოსტატსა,
         კვალი აიღო, მისდია
         და ალბათ რამე მონახა,

644.  ისეთი, რითაც შეძლებდა
         მეგობრის მკვლელთა პოვნასა,
         მაგრამ დაასწრეს და ის კლდეც
         ჭინკების ხელით მოზვავდა.

645.  ეს ამბავი ერთი წლის წინ
         ჭიჭიას ჩემთან წამოსცდა,
         თრიაქისგან გაბანგული
         ვერ ხვდებოდა, რას ამბობდა.

646.  ვეღარაფრით ავიტანე
         მამის მკვლელთა სახლში ყოფნა,
         გამოვიქეც დედაჩემთან,
         მსურდა სიმართლის მოყოლა.

647.  დედა დარდით გატეხილი
         დამხვდა, ძლიერ შემეცოდა,
         ნუ დაანგრევ შენს ოჯახსო,
         ყოველ საღამოს რომ მთხოვდა.

648.  არ ცხრებოდა საჭინკეთი,
         მაქციების გულღრძო მოდგმა,
         თუკი არ დავბრუნდებოდი,
         მპირდებოდნენ დედის მოკვლას.

649.  შევუთვალე: „თუ გაბედავთ
         ჩემს ეზოსთან ახლოს მოსვლას,
         მაიძულებთ, რომ სიმართლით
         სავსე გუდას პირი მოვხსნა.“

650.  ერთ თვეს ითმინეს ჭინკებმა,
         დააწყვეს გეგმა მზაკვარი,
         შუაღამისას მოვიდნენ,
         ცეცხლს მისცეს ჩვენი სახლ-კარი.

651.  შევნიშნე ალი ავარდა
         უცებ გაჩაღდა ხანძარი,
         გარედან მესმა ჩლიქების
         ბაკაბუკი და ხარხარი.

652.  უფალს შევთხოვე შეწევნა,
         გადავიწერე პირჯვარი,
         დედას მოვხვიე მკლავები,
         როცა გაბრწყინდა ხის ჯვარი.

653.  ნისლივით შემოგვევხვია
         ნათელი ძალა იმგვარი,
         ცეცხლმა ვერ დაგვწვა, უვნებლად
         გამოვიარეთ ჭიშკარი.

654.  ამ მონასტერში მოვედით,
         მას შემდეგ დედა აქ არის,
         მონაზვნად შედგა და უფალს
         მიუძღვნა თავისი თავი.

655.  ყველაფერი რომ ვუამბე,
         ჩაფიქრდა, როგორც მისანი,
         ცრემლები წამოუვიდა,
         მითხრა ვნახეო სიზმარი:

656.  „სულსა ღაფავდა ჭიჭია,
         გახსნილი გულისფიცარით,
         ხელ-ფეხზე ეზიდებოდნენ
         აჩრდილნი ქვესკნელისანი.

657.  იქვე ჯვრით ხელში იდექი
         შეშინებული, დამფრთხალი,
         წინ ტიტე აგფარებოდა,
         სისხლში მოსვრილი ფარ-ხმალით.

658.  მაშინ სხვაგვარად ვინიშნე,
         ახლა კი ვხვდები რაც არის...
         შემთხვევით არ მიგიღია
         ღვთისაგან ძალა ამგვარი.

659.  რადგან წილად გხვდა, გეხილა
         ჭინკების სახე საზარი,
         უნდა ამხილო ეშმაკის
         ერთგული თხების ჰამქარი.

660.  თუ ტიტეს ხელით გათლილა
         ჯვარი სხივნათელ მართალი,
         ვფიქრობ, რომ მხოლოდ ის შესძლებს,
         მოსპოს ჭინკების ლაშქარი.“

661.  ამის შემდეგ, შენს საძებრად
         წამოსვლა რომ გადავწყვიტე,
         მებაღის სული მესტუმრა
         სალბუნად მოედო ფიქრებს.

662.  ასე მითხრა: „ნუ იჩქარებ,
         ჩემო ვარდო, ამას გირჩევ,
         მე ვიზრუნებ, დრო რომ მოვა
         თვითონვე მოგძებნოს ტიტემ.

663.  შენ უკან უნდა დაბრუნდე,
         ასე სჭირდება ჩვენს მიზნებს,
         თავს მორჩილად მოაჩვენებ,
         უკეთ შეისწავლი ჭინკებს.“

664.  დავუჯერე და მას შემდეგ
         გელოდები, ჩემო ტიტე,
         ახლა აქ ხარ, ჩემთან ერთად,
         და გულს კვლავ იმედით მივსებ.“

665.  ჯერ ტკივილით ჩასწვდა გულში,
         ტიტეს ვარდოს ნაამბობი,
         მერე გონებას დაატყდა
         მრისხანების ქარაშოტი.

666.  ცოტა ხანში ღელვა დაცხრა,
         შემართება გაჩნდა ბრძოლის,
         სატრფოს დასახსნელად თუნდაც
         დემონებთან ჰქონდეს ომი.

667.  კეთილ-ბოროტის ბრძოლაში
         თუ გზა აირჩიე სწორი,
         ეშმაც ვერაფერს დაგაკლებს,
         თუ ხარ უფლის გვერდით მდგომი.

668.  სიყვარულით ჩაიხუტა
         გულში ტიტემ გულისსწორი,
         აქ, ერთმანეთის იმედად
         ადრეც იდგნენ ბაღში ორნი.

669.  ფსკერზე ჩაჰყვა თაფლის მორევს,
         სუთქვას აჰყვა ვნების შტორმი,
         მონატრებულ ბაგე-ტუჩზე
         ფიფქივით დადნა ამბორი.

670.  ფრთხილად გაუხსნა საკინძე,
         მკერდზე იმ ხის ჯვარს ემთხვია,
         ქალი, როგორც ვაზი ჭიგოს,
         ჩაეკრა და ჩაეხვია.

671.  სადღაც გაქრა ყველა ზღვარი,
         დარჩა კოცნა-ალერსია,
         სულმაც შვება იგრძნო, სხეულს
         ნეტარება რომ ეწვია...

672.  მოეფარა მთვარე ღრუბელს,
         ცისკრის ვარსკვლავს გაეღიმა,
         დრო კი ისევ დროს მისდევდა
         და ვერაფრით დაეწია.


      ნაწილი VII - სიკეთის ომი

        თავი I - სამთა თათბირი

673.  დრომ იდინა, გადათვალა
         წუთები და საათები,
         მთვარე მორჩა აღმა გორვას
         და დაეშვა დასავლეთით.

674.  ბაღში ჩუმად ჩურჩულებდნენ
         ჭორიკანა ყვავილები,
         გაოცებას ვერ მალავდნენ
         ემოციით დაღლილები.

675.  საფლავის ქვასთან შენიშნეს
         სული ამ ბაღის შემქმნელი,
         თმა-წვერსა და სამოსელზე
         დაფენილი თეთრი ფერით.

676.  აშრიალდნენ სიხარულით,
         ხვდებოდნენ ტოტების ქნევით,
         მებაღის სული ტკბებოდა
         ტურფა ყვავილნარის მზერით.

677.  წამოვიდა, ცაცხვის ძირში
         ქალ-ვაჟს ჩამოართვა ხელი,
         ჩამოჯდა და საუბარი
         წამოიწყო ტკბილი ენით:

678.  „ვხედავ, ერთად ყოფნით ხარობს
         გრძნობით სავსე ორი გული,
         ჩემი უგუნური ქცევით
         უსამართლოდ დაჩაგრული.

679.  მადლობა ღმერთს, არ გასწირა
         საარაკო სიყვარული,
         ერთ არსებად შეგკრათ ისევ,
         დიდი ხნით დაშორებულნი.

680.  რადგან ახლა უკვე იცით,
         რისთვის ხართ მოწოდებულნი,
         მიხვდებით, რომ ჯერ შორს არის
         ბედნიერი დასასრული.

681.  ერთად უნდა მოვიფიქროთ
         და დავსახოთ გეგმა სრული,
         ჭინკა-მაქციების მოდგმას
         დავუყენოთ აღსასრული.“

682.  ტიტემ უთხრა: „მე მზადა ვარ,
         ჩემი თავი არ დავზოგო,
         თუნდაც ქვესკნელამდე ვდიო,
         სათითაოდ ამოვხოცო.

683.  მაგრამ ვშიშობ, არ მომცემენ
         სანადიროდ ამდენ დროსო,
         ერთბაშად შემომიტევენ,
         ვერ გავწვდები მთლიან ბრბოსო.

684.  მცირე რაზმი დამჭირდება,
         შევკრიბავ და თვითონ გავწვრთნი,
         ეჭვის გასაფანტად ვიტყვით,
         მივდივართო მეფის ჯარში.

685.  საიმედო ხალხი გვინდა,
         ფეხი არ ჩადგან ღალატში,
         ვარდომ უნდა მოგვცეს სია,
         ვინ ტრიალებს მათ ხროვაში.

686.  მოიწონეს ტიტეს აზრი,
         მერე ვარდომ თქვა სათქმელი:
         „კაცთა შორისაც ბევრია
         ჭინკების თანამზრახველი.

687.  ეს მოსყიდული მონები,
         ანგარებით მთლად სავსენი,
         ფულის გულისთვის ათასგვარ
         სისაძაგლეზე წამსვლელნი.

688.  არ იციან ვის ჰმონებენ,
         თავზე ჯერ არ ადგათ რქები,
         არც არასდროს უნახიათ
         სახე ჭინკა-მაქციების.

689.  მაგრამ ბინძურ საქმეებში
         არიან ხელგასვრილები,
         არ იქნება მათი ნდობა,
         მტერს ჰქონდეს მათი იმედი.“

690.  მშვიდად უსმინა მოხუცმა,
         მერე სითბო დადნა ხმაში
         და თქვა: „ნუ ვენდობით, მაგრამ
         ნურც ამოვიღებთ მიზანში.

691.  მაგათაც უნდა მიეცეთ
         სულის გადარჩენის შანსი,
         სიკეთით უნდა დავლეწოთ
         ბოროტების ყველა ჩარხი.

692.  ჯერ ვაჩვენოთ ავსულების
         საზარელი სახე ცხადში,
         მერე იქნებ ჩვენს მხარეზეც
         დადგნენ გადამწყვეტ ბრძოლაში.

693.  არ ივარგებს, თუკი ჭინკებს
         ამოვხოცავთ კაცის ტყავში,
         ვეღარაფრით დავამტკიცებთ
         ჩვენს სიმართლეს ხალხის თვალში.

694.  ამიტომაც ბრძოლა გველის
         ურჩხულებთან ძალზე მკაცრი,
         თავს დავესხათ, როცა ყველა
         იქნება დემონის სახით.“

695.  ტიტემ კი თქვა: „მაშ მოგვიწევს,
         დაველოდოთ სავსე მთვარეს
         და როგორმე გავარკვიოთ,
         სად იქნებიან მაგ ღამეს.“

696.  ვარდომ მიუგო: „ძნელია
         წინასწარ მიუხვდე რამეს,
         კაცის თვალს ერიდებიან,
         ხშირად არც გადიან გარეთ.

697.  თავისებურად ღრეობენ,
         ხარშავენ ათას სიმყრალეს,
         მაგ დღეს მეც თავს მარიდებენ,
         დედის ნახვის ნებას მრთავენ.

698.  არაფერი გამოგვივა,
         თუკი ხერხი არ ვიხმარეთ,
         სადმე ყველას ერთიანად
         თავი თუ არ მოვუყარეთ.

699.  ვფიქრობ, დავთანხმდე ჭიჭიას,
         დავპირდე, რომ ჯვარს განვაგდებ,
         სიხარულით მიიღებენ
         და რიტუალს დანიშნავენ.

700.  ყველა მოვა ალბათ მაშინ,
         ვინ გამოტოვებს იმ წამებს,
         ჭინკების ურჩ პატარძალს რომ
         საბოლოოდ გასტეხავენ.

701.  თუ შევძელი და მალულად
         ჯვარი შიგნით შევიტანე,
         გაბრწყინდება სხივნათელი,
         ჭინკებს დაუბრმავებს თვალებს.

702.  ამ დროს მოხვალთ შეფიცულნი,
         შემოანგრევთ მუხის კარებს,
         მეც მიხსნით და მაქციების
         მოდგმასაც დაასამარებთ.“

703.  „კარგიაო, უთხრა ტიტემ,
         უკეთეს გზას ვერ მოვნახავთ,
         მაგრამ დიდ რისკსაც შეიცავს
         მარტო დარჩენა ხროვასთან.

704.  უჩუმრად უნდა გამოვცდეთ,
         სახლის მცველად მდგომ მონათა
         და ზუსტად დროზე მოვიდეთ,
         რომ აზრი ჰქონდეს ბრძოლასა.

705.  გამოსვლაც დროული გვმართებს,
         უნდა დავუსხლტეთ მდევარსა,
         თავდასხმას როგორც შეიტყობს
         სოფელი მისცემს შველასა.

706.  დრო არ გვექნება იმისთვის,
         სიმართლე ვუხსნათ ყველასა,
         ძმათა ომს უნდა გავექცეთ,
         უაზრო სისხლის დენასა.“

707.  „ასე სჯობსო, თქვა მოხუცმა,
         გაერიდეთ, წადით მთაში,
         მე ვიზრუნებ იმისთვის, რომ
         სიმართლე გავრცელდეს ხალხში.

708.  მონასტრის ბერ-მონაზვნები
         ამომიდგებიან მხარში,
         განგაშის ზარს დავარისხებთ,
         ხალხს შევკრებთ ეკლესიაში.

709.  უფლის ნებით აღიკვეთოს,
         ეგებ ჭინკების პარპაში,
         კეთილმა სძლიოს ბოროტსა,
         როგორცა თქმულა ზღაპარში.“

710.  სათქმელი ითქვა ბოლომდე,
         დასრულდა სამთა თათბირი,
         დათქვეს შემდეგი შეხვედრის
         დრო-ჟამიცა და ადგილიც.

711.  ჩამავალ მთვარის სხივებში
         გაქრა მებაღის აჩრდილი,
         მერე ქალ-ვაჟმაც დასძლია
         ერთად დარჩენის წადილი.

712.  განშორების გრძელ კოცნაში
         ღელავდა გრძნობა განცდილი,
         ორივე გულში მომავლის
         იმედი იყო ჩაღვრილი..

713  მერე აჩქარდნენ წამები,
         წუთებმა ზომეს მანძილი,
         დრომ მოიხურა თავისი
         უჩინმაჩინის მანდილი.

        თავი II - შეფიცულები

714.  გამოხდა ხანი მცირედი,
         ან იქნებ ბევრიც ზოგისთვის,
         დრო უცებ გადის საქმეში
         და მიზოზინებს ლოდინში.

715.  ტიტე შეუდგა სამზადისს
         საბედისწერო ბრძოლისთვის,
         მოსწრება უნდა ყველაფერს,
         დრო გარბის, შენ არ მოგიცდის.

716.  მოიხმო ბიძაშვილები,
         უთხრა ჭინკების ამბავი,
         რისხვა ჩაუდგათ თვალებში,
         ააჟღარუნეს ფარ-ხმალი.

717.  გეგმა გააცნო, იმსჯელეს,
         ერთად განსაჯეს საქნარი,
         მერე დაიწყეს შეკრება
         ერთგულ მებრძოლთა ლაშქარის.

718.  შეგროვდა რაზმი საწვრთნელად,
         ტყეში გამართეს ბანაკი,
         შეფიცულებმა იხმიეს
         ფიცვერცხლჩათლილი არაყი.

719.  ხამს საიდუმლოს შენახვა
         თუნდაც სამარის კარამდის,
         დედამც შაერთოს ცოლადა,
         ვინც გულს გაივლოს ღალატი.

720.  წურთნიდა ტიტე შეთქმულებს
         აჩვევდა ხმალთა კვეთებას,
         ცეცხლად ღვიოდა თვალებში
         საბრძოლო სულისკვეთება.

721.  არ იქნებოდა იოლი
         ჭიჭიას სახლში შეღწევა,
         უჩუმრად მისვლა, ჭინკებზე
         მოულოდნელი შეტევა.

722.  სახლს მიუჩინა მზვერავნი
         თვალყურის მისადევნებლად,
         აკვირდებოდნენ მცველების
         განლაგებას და ქმედებას.

723.  სახლს ვამბობ, მაგრამ რა სახლი?!.
         ციხე-სიმაგრეს ედრება,
         ზურგიან კოშკზე მიბმული
         გალავანი გარს ევლება.

724.  ბლომად უდგანან გუშაგნი
         ვაჭარს სიმშვიდის მცველებად,
         ალაყაფს მიღმა უჩუმრად
         ვგონებ ხვლიკიც ვერ შეძვრება.

725.  მაგრამ გამოცდილ ციხისთავს
         მშვენივრად მოეხსენება,
         რომ ყველა ციხე-სიმაგრეს
         სისუსტე მოეძებნება.

726.  მხოლოდ პოვნაა საჭირო
         და სწორად გამოყენება,
         ზუსტად დასახვა მიზნისა,
         დროულად ამოქმედება.

727.  გალავანს აღმოსავლეთით
         გასდევდა ღრანტე კლდიანი,
         ფრიალო კბოდეს შეზრდოდა
         კედელი ოთხადლიანი.

728.  ვერ შეჰბედავდა ზედ ასვლას
         ვერც მეკლდეური ფხიანი,
         ვიწრო კალაპოტს ებრძოდა
         ღრმა ხევში წყალი ღრიალით.

729.  არ ედგნენ მცველნი ამ კედელს,
         არც მზირი თვალყურიანი,
         თვითონ ბუნებას შეექმნა
         აქ ზღუდე იმედიანი.

730.  მაგრამ ხანდახან იქ ჩნდება
         სისუსტე ოხერ-ტიალი,
         სადაც ყველაზე ძლიერი
         გგონია თავი ჭკვიანი.

731.  გაღმა ნაპირიც კლდე იყო
         პიტალო, უფრო მაღალი,
         თავს ედგა ბრტყელი ზეგანი,
         როგორც მეომრის ჩაჩქანი.

732.  ზეგანზე ხშირი ტყე იყო
         ტიტეს მზვერავთა საფარი,
         ხელისგულივით მოჩანდა
         ზემოდან ვაჭრის სახლ-კარი.

733.  მთელი სამი თვე გაგრძელდა
         დაკვირვება და თვალთვალი,
         შეთქმულთა რაზმი მზად იყო,
         მტრისთვის დაეცა თავზარი.

734.  სამ თვეში სამთა თათბირი
         სამჯერ ჩატარდა ბაღნარში,
         ახალიც ბევრი ითქვა და
         ძველიც რჩებოდა ძალაში.

735.  შეთანხმდნენ ყველა დეტალზე,
         სრულად დარწმუნდნენ ამაში,
         დაიწყო სიკვდილ-სიცოცხლის
         საბედისწერო თამაში.

        თავი III - ჯვართან განშორება

736.  მოვიდა ჟამი, როს ვარდომ
         დრო შეურჩია ჭიჭიას
         და როგორც იქნა დათანხმდა
         შეერთებოდა გილდიას.

737.  გატყდაო ბოლოსდაბოლოს,
         ხარობდა ვაჭრის შვილია,
         სწყუროდა ჯიუტი ცოლის
         დამორჩილების ჟინია.

738.  წავიდა გახარებული,
         მშობლებს დაუფრთხო ძილია,
         ითხოვდა წესით და რიგით
         მიეღო თავის წილია.

739.  ვაჭარმა ბრძანა მზადება
         სარიტუალო ლხინისა,
         ეჩქარებოდა მოწმენდა
         სირცხვილნაჭამი პირისა.

740.  დედა ჭინკა კი საკმაოდ
         დაეჭვდა რძლის სურვილითა,
         რად გადაწყვიტა დათმოსო
         ეს შეუვალი თილისმა.

741.  იქნება მახეს გვიგებსო,
         სწონიდა ფიქრს სიფრთხილითა,
         ვაითუ თვალნი დაგვთხაროს
         ავისმმუსვრელი სხივითა.

742.  მოიხმო რძალი, მიზეზნი
         გულდაგულ გამოიკითხა,
         რატომღა მოისურვეო
         ეშმასთვის სულის მიყიდვა.

743.  ვარდომ მიუგო: „მივხვდიო,
         არა მაქვს გზა თქვენს იქითა,
         დამთრგუნეთ, უხვად ამავსეთ
         განსაცდელით და ჭირითა.

744.  ქალი ვარ, ვჭკნები ვით ვარდი,
         სულმთლად დამზრალი ყინვითა,
         მინდა მეღირსოს დედობა
         და სიყვარული შვილისა.“

745.  დაფიქრდა, სიმართლეს ჰგავდა
         უტეხი რძალის ნათქვამი,
         დედობა არის ქალისთვის
         ბედნიერების საგზალი.

746.  „რაკი ასეა, მოგიწევს
         ცეცხლში ჩაგდება მაგ ჯვარის,
         თუ ჩვენნაირი გახდები,
         რაში გჭირდება აბჯარი?“

747.  მიუხვდა ვარდო, რა ფიქრებს
         შეეპყრო ჭინკა ავქალი,
         შიში მოთოკა სიმშვიდემ
         და უთხრა სიტყვა ამგვარი:

748.  „ცეცხლი ვერ დასწვავს, მაგ ჯვარში
         არის ღვთის მადლი ჩამდგარი,
         ხომ გახსოვს, გადამარჩინა,
         როცა დამიწვით სახლ-კარი.

749.  მხოლოდ დედაჩემს გადავცემ,
         რომ გახდეს მისი დამცავი
         და ვეღარასდროს გაბედოთ
         მის სიახლოვეს ხავხავი.

750.  ეს არის ჩემი პირობა,
         ღიად გითხარი მართალი,
         სხვაფრივ არ განვეშორები,
         ისევ ის იყოს, რაც არის!“

751.  კარგიო, ბოლოს დათანხმდა,
         ლედი დემონა - ავქალი,
         პირობა რომ არ გასტეხო,
         მომიწევს შენი თვალთვალი.

752.  რიტუალამდე რომ უკან
         არ დაიბრუნო რაღაც გზით,
         გაგჩხრეკთო სანამ შეგმოსავთ
         კაბით ჭინკების პატარძლის.

753.  სხვა გზა არ ჰქონდა და დედას
         მოუხმო ვარდომ წინა დღეს,
         ჯვარს განეშორა, უმწეოდ
         დარჩა ჭინკების წინაშე.

754.  წავიდა დედა და ჯვარი
         ტიტეს გადასცა იმავ დღეს,
         ის შეიტანდა დარბაზში
         ჭინკების მმუსვრელ სხივნათელს.


        თავი IV - ჭინკების შემუსვრა

755.  გათენდა დილა, სისხლისფრად
         აენთო ცაზე აისი,
         მზე ამობრწყინდა ტატნობზე,
         მიწას მოჰფინა ხალისი.

756.  გადმოეფინა მდელოებს,
         სხივი შეაბა ნამის ღილს,
         შეთქმულთა ბანაკს შეავლო
         ცხრა თვალის მზერა თავის მხრივ.

757.  აბჯარს ისხამდნენ მებრძოლნი,
         ცხენებს კაზმავდნენ თავისთვის,
         ჭინკებთან ბრძოლის სამზადისს
         იჭერდნენ შუაღამისთვის.

758.  მერე მოვიდა ხუცესი,
         დალოცა შეფიცულები,
         აზიარა და სიმშვიდით
         შეჯავშნა მათი სულები.

759.  ამხედრდნენ და გზას გაუდგნენ
         უფლის შეწევნის იმედით,
         უჩუმრად რომ დაიკავონ
         საწყისი პოზიციები.

760.  გადანაწილდნენ ჯგუფებად
         დავალებების მიხედვით,
         ჩუმად იარეს ცალცალკე,
         უსიტყვოდ, ხელის ნიშნებით.

761.  ორ ჯგუფს მიზნად აქვს, კონტროლზე
         ჰყავდეს მეზობლად მცხოვრებნი
         და შეკრას ჭიჭიას სოფლის
         თავ-ბოლო მისადგომები.

762.  მესამე ჯგუფში ჩამდგარან
         რაზმის მთავარი ძალები,
         მათ უნდა განვლონ როგორმე
         ის ალაყაფის კარები.

763.  მეოთხე ჯგუფს კი თვით ტიტე
         მიუძღვის, როგორც კლდის ვეფხვი,
         სულ ოთხი კაცი მიჰყვება,
         ძალგულოვანი მისებრი.

764.  ხევ-ხევ შეუყვნენ ფერდობს და
         იმალებოდნენ ნისლებში,
         ბინდისას ზეგანზე იყვნენ,
         იმ თავჩაჩქანა მთის წვერში.

765.  იქ დახვდათ ორი მზვერავი,
         სულ შვიდნი იყვნენ, ღვთის ნებით,
         მსუბუქად აღჭურვილები,
         ხმლით, მშვილდითა და ისრებით.

766.  ზვერავდა ტიტე საჭინკეთს,
         ვარდოს ხედავდა ფიქრებით,
         იდგა მაშველის იმედად,
         გარშემორტყმული ჭინკებით.

767.  მალევ დაიწყეს მზადება,
         დაბლა გაშალეს ნაბდები,
         შინდის ხის გრძელი კომბლებით
         გამართეს აფრონავები.

768.  ფრენის ამ ტექნოლოგიას
         იცნობდნენ პაპის პაპები,
         ტიტეს მამისგან ესწავლა
         ეს საიდუმლო მანევრი.

769.  ამ გზით გაჰყავდათ ალყიდან
         წინაპრებს თურმე ბალღები,
         თავად იბრძოდნენ ბოლომდე
         გადადებული თავებით.

770.  მერე გამოჩნდა ზეგანზე
         მებაღის სულის ნათელი,
         ნიშანი იყო დაწყების,
         ხელში ეჭირა სანთელი.

771.  ცაზე ბრწყინავდა წითელი
         მარიხი და ასპიროზი,
         ომისა და სიყვარულის
         სიმბოლონი ძველ მითოსში.

772.  გადმოეშვა მთის წვერიდან
         შვიდნაბადა აფრიონი,
         ჭინკების ქორწილს ეწვია
         ულოდნელი მაყრიონი.

773.  გალავანს შიგნით დაეშვნენ,
         თვალიც კი ვერ მოჰკრეს მგონი,
         საფრთხეს ჯერ კიდევ ვერ გრძნობდნენ
         კედლის გუშაგებად მდგომნი.

774.  გაქრნენ ღამის სიბნელეში,
         აჩრდილებად გადაიქცნენ,
         გუშაგების შესაპყრობად
         ნადირობა წამოიწყეს.

775.  ჯერ ზურგიან კოშკს დაეცნენ,
         მერე მიჰყვნენ კედლის მზირებს,
         ძილმორეული მცველები
         მთქნარებით აღებდნენ პირებს.

776.  გაკოჭეს შეპყრობილები,
         არ დაღვრილა წვეთი სისხლი,
         პირები ამოუქოლეს,
         ხმა არ მიეწვდინათ სხვისთვის.

777.  გალავნის კარი გააღეს
         ძირითადი ძალებისთვის,
         გრიგალივით შემოიჭრა
         მხედრიონი ეზოს შიგნით.

778.  მოვარდა ტიტეს ტაიჭი,
         პატრონს მისცა ზურგი თვისი,
         გაუძღვა სიკეთის მხედრებს
         ბოროტების დათრგუნვისთვის.

779.  გონზე მოსვლა არ აცალეს,
         განაიარაღეს მცველნი,
         თეთრონმა დარბაზის კარი
         შელეწა ფლოქვების ცემით.

780.  ტიტეს ხელში გაცისკროვნდა
         უფლის ნებით ჯვარნათელი
         და ჯოჯოხეთურ ჯურღმულში
         ატყდა დიდი ღრიანცელი.

781.  დემონურ სახეს იღებდნენ
         ბილწი ჭინკა-მაქციები,
         ბოროტების მესვეურნი,
         სიკეთისგან დაცლილები.

782.  ამ ეშმაკეულ თხებს შორის,
         მაქცია ჭიჭიას გვერდით
         იდგა ვარდო მშვენიერი,
         როგორც ანგელოზი თეთრი.

783.  გაუტეხელ საპატარძლოს
         წაეტანა გულღრძო მხეცი,
         დასაგლეჯად გაიმეტა
         დუჟმორეული კბილ-ეშვით.

784.  მიუსწრო ტიტემ და ურჩხულს
         ფარი მიახალა რქებში,
         ვარდოს ზედ გადაეფარა,
         ჯვარმფარველი მისცა ხელში.

785.  აამღერა ხალიბური,
         ცეცხლი ჩაუდგა მკლავებში,
         დაჰკრა, მკერდი შეუნგრია
         დაადინა სისხლის თქეში.
  
786.  შეიქმნა ომი ფიცხელი,
         კეთილი ბოროტს სწვდა ყელში,
         გასაქცევი გზა არ მისცა
         ჰბუგავდა ბრძოლის ქარ-ცეცხლში.

787.  იბრძოდნენ თავგანწირულად
         ერთნი ხმლით, სხვანი ბრჭყალებით,
         ერთურთს ჰკაფავდნენ, სანამდე
         შემორჩენოდათ ძალები.

788.  ბრწყინავდა ჯვარი და ჭინკებს
         მთლად ეთხრებოდათ თვალები,
         ბოლოს უკლებლივ დაგორდა
         მათი რქიანი თავები.

         თავი V - სისხლს გარიდება


789.  წასვლის დრო იყო, ამხედრდნენ
         ცხენებზე გადარჩენილნი...
         სოფლის ბოლოდან მოჰქონდა
         შიკრიკს ტიტესთვის წერილი:

790.  „იჩქარეთ, ვეღარ ვაკავებთ,
         მდევარი იწევს მგელივით,
         სისხლისღვრას მაინც ვერ ავცდით,
         მოგვაწყდნენ უღვთო მტერივით.

791.  გამოგქცევიათ ჩაუში,
         ხოხვით უვლია გველივით,
         ენაც ასპიტის ჰქონია,
         გიხსენიებდა მკვლელივით.

792.  ხმა გაგივრცელა, ჭიჭიას
         ტიტემ წაართვა ცოლიო,
         სახლში მიეჭრა საწყალ ქალს
         მოუკლა გულის სწორიო.

793.  ხალხი განრისხდა, აისხა
         იარაღი და  თორნიო,
         ყვიროდნენ გადავიხადოთ
         სინდის-ნამუსის ომიო.

794.  გზა შევუკარით, არ ვუშვებთ,
         გავმაგრდით ხიდის ყურთანა,
         მაგრამ დიდხანს ვერ გავუძლებთ,
         გადით, მოგყვებით უკანა!“

795.  გაგზავნა ტიტემ შიკრიკი,
         უკან დახევა უბრძანა,
         გაუძღვა თანამებრძოლებს,
         სოფელს სხვა მხრიდან უგანა.

796.  გაღმა გავიდნენ ჭენებით
         უგუნურობით დევნილნი
         ტიტეს მიჰყავდა ქალვარდი,
         ჯოჯოხეთს გადარჩენილი.

797.  წინ შემოესვა თეთრონზე,
         სატრფო მკერდს შემოფენილი,
         მის ბედისწერად შექმნილი,
         სუფთა კამკამა ცრემლივით.

798.  ტაძარში ზარს არისხებდნენ,
         სოფელს უხმობდნენ ბერები,
         ხალხს სიმართლე რომ აცნობონ,
         იქმნენ დევნილთა მშველელნი.

799.  „იქნება მაგათ უსმინონ,
         მიხვდნენ, არა ვართ მკვლელები,
         სიკეთისათვის მებრძოლებს
         არ შეგვაწმინდონ ხელები.

800.  ავსულთა შემმუსვრელნი ვართ,
         ტყვედქმნილი ქალის მხსნელები,
         ნახონ ჭინკების გვამები
         და დაიმოკლონ ენები.

801.  იქ დაცემული გმირები
         იგლოვონ გულის ცრემლებით,
         უფალს მადლობა შესწირონ
         რომ გამარჯვება შევძელით!

802.  მე წავალ, გაგერიდებით
         თუკი არ შეგეფერებით,
         თუნდაც სალ კლდეზე ვიცხოვრებ,
         დავტკბები სატრფოს ფერებით.

803.  არა მინდა რა, თან მყავდეს
         გულით და სულით ჩემფერი,
         გვეყოფა ბედნიერებად,
         თუკი ერთმანეთს შევრჩებით“

804.  ამას ფიქრობდა ტიტე და
         ფიქრს ჰყავდა თავის გამგონი.
         ვარდოს კი ახსენდებოდა
         ის დღე პირველი ამბორის.

805.  იქ შეაბიჯეს ზღაპარში,
         დაძრეს ბედ-იღბლის სასწორი,
         რა დრო გასულა მას შემდეგ?!.
         ხან ახლოს იყვნენ, ხან შორით...

806.  დრონი მეფობენ, მიჰქრიან
         ვით გადამფრენი წერონი,
         დროში იცვლება ყოველი
         სამყარო, მთა და მდელონი.

807.  მხოლოდ სიყვარულს ვერა სცვლის
         მისი ტკბილმწარე გემონი,
         რადგანაც თვითონ ღმერთია,
         ვერ დაამარცხებს დემონი.

808.  დრო მიდიოდა და სეზონს
         ენაცვლებოდა სეზონი,
         დროის ბედაურს მისდევდა
         ტიტეს ფეხკავშა თეთრონი.


                        ****

809.  დასრულდა ესე ამბავი
         ჩემს მიერ ზღაპრად ნათქვამი,
         ჭირიც და ლხინიც აქ იყო,
         ქატოც, ფქვილიც და შაქარიც.

810.  აქ იყო, იქნებ არც იყო,
         ზღაპრული ტყუილ-მართალი,
         ვგონებ მკითხველმა იპოვოს
         ჭეშმარიტების მარცვალი.

811.  კარგ მთქმელსა კარგი გამგონი
         სჭირდება, როგორც ბაღს წყალი,
         ამქვეყნიური დიდების
         ძებნით არა ვარ მაშვრალი.

812.  იქ რა იქნება, ვიხილავთ,
         ყველას იქით გვაქვს გზა-კვალი,
         შენდობით მომიგონოდეთ
         ავტორი - ქემო ქავთარი!

No comments:

Post a Comment