Saturday, September 10, 2016

ჩემო არაგვო


ჩემო არაგვო, შენი ზვირთები
თავბრუდამხვევი სისწრაფით მორბის.
შენი სისწრაფე შენი ძალაა,
მოუსვენარო, ვერ ჰგუობ ლოდინს.

ზვიადი ხარ და ძალზე ამაყი,
როგორც შენს თავზე დამყურე მთები...
მთაში გაზრდილო, რას ბუტბუტებენ
ეგ აქოჩრილი შენი ტალღები?

როგორ მინდა, რომ ჩემი ცხოვრებაც
ერთი პატარა არაგვი იყოს,
სწრაფად იაროს, სულ წინ იაროს,
არ გაყუჩდეს და არ გაირინდოს!..

თუნდ ბევრი შემხვდეს, ვით მთის მდინარეს,
ხელის შემშლელი დაბრკოლებები,
არ ვჩივი, ოღონდ მეც არაგვულად
ვიბრძოლო, ვკაფო სავალი გზები...

ჩემო არაგვო, შენ არ ჩერდები,
სიცხე-სიცივეს არ ემონები...
მეც შენებურად მინდა ვიცხოვრო,
მაგ სისწრაფით და მაგ გემოვნებით!..

----------------------
ქემო ქავთარი



No comments:

Post a Comment