ხორისარიდან წვეთ-წვეთ ნაჟურო
ერეთოს არაგვის თავს ერთვები,
ღუდას, ლომისას ლოცვით ჩაუვლი
ქვეშეთთან ხადის წყალთან ერთდები.
მარცხნივ გხვდებიან ძმათა შვილები:
სონჩო, გვიდაქე, ფშარი, ჩირიკი.
ქვემოთ ხევშა და ქავთარათ ხევი
მგლურით მოდიან ვიწრო ბილიკით...
მარჯვნივ შინშები გეგებებიან
ალევის ქედის გამოზრდილები,
ჩოხელთ, ამირთ და ჩაბარუხის ხევს
თან მოჰყავთ ძმები და ძმისწულები.
ფასანაურთან შავი არაგვი
ლაშქარს გახვედრებს ძმური ერთობით,
წყალს გიმრავლებენ, ძალას გმატებენ
გუდამაყრელი თანამებრძოლნი.
ანანურამდე გზად დაგხვდებიან
ხანდო, ჭართალი, დგნალი, არყალა
ფშაველ-ხევსური ძმებიც მოსულან,
ჟინვალთან გულზვიადად დამდგარან...
ბარს ჩამოსული დინჯად მოღელავ,
ძმად შეფიცული მტკვარი მოგელის...
მცხეთაში მთიდან მოტანილ ამბავს
ჰყვები და გისმენს სვეტიცხოველი.
------------------------------
ქემო ქავთარი
No comments:
Post a Comment