Monday, September 5, 2016

დედა



თენდება, ვხედავ ცაზე
ვარსკვლავთ ნათელი ქრება.
ქარი ბუზღუნებს გარეთ,
დედაზე ზღაპარს ყვება...

წუხელ სიზმარში გნახე,
ჩემო ძვირფასო, დედა,
კვლავ მომეძალა დარდი,
გული ამივსო სევდამ...

წუხელ სიზმარში გნახე,
ჩემთან იყავი, დედა,
გულში მიკრავდი შენს შვილს...
ო, ამიცხადდეს ნეტა!..

ბავშვივით ვნატრობ ისევ,
ო, ამიცხადდეს ნეტა!..
არაფერი მსურს, ოღონდ,
ცოცხალი მყავდეს დედა!..

ოცნებით ვცდილობ თითქოს,
გულს მოვაცილო სევდა...
მწარეა სინამდვილე:
დედა აღარ მყავს, დედა!..

იმ ქვეყანიდან ვიცი,
ვერ დაბრუნდები ვეღარ.
ვიცი და უფრო მიკვირს,
რატომ დამტოვე, დედა?!.

მომენატრები ოდეს,
მხოლოდ შენს სახეს ვხედავ,
ვუცქერი მაგ შენს თვალებს,
შიგ დარიგებას ვხედავ...

იცოდე, დედი, შენს შვილს
უყვარდი სხვაზე მეტად,
იმედი გქონდეს ჩემი,
რომ არ შეგარცხვენ, დედა!..

------------------------
ქემო ქავთარი

No comments:

Post a Comment