Wednesday, September 14, 2016

ფასანაური


მთიდან მოხეთქილი ზვავი  თუ არ გინახავს,
არ გინახია მაშინ შენ ფასანაური...
გაცოფებული არაგვი თუ არ გინახავს,
არ გინახია, აბა მაშ,  ფასანაური...
მხოლოდ შორიდან მოგიკრავს თვალი,
ვერ გაგიცნია ფასანაური...

თუკი ყოფილხარ ჩაბარუხში ანდა ბულვარდზე,
წიფორშიც ღამე გითევია, ბიბილიანშიც...
თუკი გინახავს ცხვედიათი, დიხჩო, ბახანი,
არაგვის ჭალა მოგივლია მარტოკას ღამით,
მაშინ მიხვდები რა ყოფილა, რა სილამაზე
და რა სილაღე ფასანაური...

თუ ოშპიტელში ოშპიტლობა გიზეიმია ,
ლომისის ნიშთან დაგიკლია წყვილი ბატკანი,
ნახევარკუნძულზე თუ ღამით გიქეიფია,
ან თეთრ დუქანში გაგიშლია სუფრა ზღაპარი,
მაშინ გაიგებ რა ყოფილა ფასანაური,
რა სილაღე და რა სიყვარული...

ღამით ქუჩაში ლოთბიჭები თუ შეგხვედრიან
დარდიმანდული სიმღერებით, ღვინის ბოთლებით,
შეყვარებული წყვილის ფიცი თუკი გსმენია
და ხმა ორღობის სიბნელეში ჩუმი კოცნების,
მაშინ გცოდნია რად ყოფილა ზღვა სიხარული...
ზღვა სიყვარული, ფასანაური...

--------------------
ქემო ქავთარი

No comments:

Post a Comment