Tuesday, September 20, 2016

გულგატეხილი ყველაფერზე...


გულგატეხილი ყველაფერზე
ფიქრების ჯაჭვს ვახვევ და ვახვევ,
ასე მგონია, დავსნეულდი,
დარდს და ნაღველს თავს ვეღარ ვართმევ...
თითქოს მომწყვიტეს მე სამყაროს
და ღამეებს წყვდიადში ვათევ,
ვერ შევეგუე ამ ცხოვრებას,
ხან ის მათრევს და ხან მე მივათრევ...

წრფელი გულით და წმინდა ნიჭით,
დიდი შრომით ანთებულ სანთელს,
ჭაობი ვრცელი და უძრავი
გარს აკრია... ლამის, რომ ჩაქრეს...
დრო მეფეთ მეფე ,მბრძანებელი,
უცნაურად არიგებს საქმეს,
ზოგჯერ მებაღე, ვარდს რომ სთესავს,
სანაცვლოდ კრეფს ეკალს და ბარდებს...

თუ შეგხვედრიათ ან გიგრძვნიათ
ამაო სიბრძნე და სივალალე?..
რომ უგუნური ბატონობდეს
და ვეზირად რეგვენი ჰყავდეს...
მწარე ნაღველი ფიქრი მძიმე
გულს მისერავს, ლამის სულს მართმევს...
ვერ შევეგუე ამ ცხოვრებას,
ხან ის მათრევს და ხან მე მივათრევ.


--------------------
ქემო ქავთარი

No comments:

Post a Comment