Friday, May 12, 2017
მე ქართველი ვარ
მე ქართველი ვარ, ამ ძარღვებში ქართული სისხლი
საუკუნეთა წიაღიდან მოედინება.
მრავალჭირვარამგამოვლილი, უხვად დაღვრილი,
ისევ ატარებს ჩემი ერის ნაკლს და ღირსებას.
მე ქართველი ვარ და ეს სისხლი ყოველდღე მტკივა,
რადგან ღამეა ქვეყანაში, რით ვერ გათენდა?..
ისევ კორტნიან ყვავ-ყორნები მშობლიურ მიწას.
რით ვერ ეღირსა დაჭრილ არწივს ცაში აფრენა?..
ისევ ღამეა, ისევ გვძინავს, ძილში ვიხრჩობით...
ეს რა ჭირი გვჭირს? ვინ დაგვწყევლა? რა გვემართება?
ცრუ დაპირებებს ბრმად ვიჯერებთ, ისევ ვენდობით
და ვერ ვისწავლეთ ცუდისაგან კარგის გარჩევა.
ქვეყნის სიყვარულს ვინ გვასწავლის?!. გულზე მჯიღს ვიცემთ,
როცა შევთვრებით, გვახსენდება ერისშვილობა,
ლექსებს მივუძღვნით საქართველოს შეწირულ გმირებს
და ჩვენც ყანწების გამოცლაში ვიჩენთ გმირობას.
ერის ერთობა და სიმტკიცე თავს მაშინ იჩენს,
ნიაღვარი რომ მოვარდება და მთლად წაგვლეკავს,
მანამდე ქვეყნის ინტერესებს ფარად მოვირგებთ
და დიდი ფულის საშოვნელად ტყეებს გავჩეხავთ.
დილეტანტიზმი გაიფურჩქნა, ყველა ბრძენკაცობს,
ვისაც კი ანდეს ხელმძღვანელი თანამდებობა.
მის სიბრძნესა და შემართებას თუ ვინმე არ სცნობს,
ჩამოიშორებს და მიუსჯის უმუშევრობას.
ვამბობთ, ქვეყანას ვაშენებთო, არადა ვანგრევთ...
თითოკაცობის მძიმე სენი რატომ დაგვჩემდა?
პურს მენახირეს ვაცხობინებთ, მეპურეს ვაგდებთ...
რად გვსიამოვნებს ერთმანეთის ფეხქვეშ გათელვა?
მგელი ცხვრის ტყავში გახვეულა, სამართალს არჩევს...
გადედლებული მამაკაცი მორალს გვიკითხავს...
ქუჩაში მღვდელი ტაბურეტკით აქციას არბევს...
მერე კი გვიკვირს, ამ ქვეყნიდან რატომ მიდიან?!.
მე სისხლი მტკივა, რადგან ვხედავ მძლავრობს მამონა,
ყალბი სიკეთის შირმის უკან დგას ანგარება,
რადგან სამართალს ასამარებს უსამართლობა,
რადგან ქვეყანა უფსკრულისკენ მიემართება!..
ქემო ქავთარი
----------------------
Labels:
ათსაქეთ,
თოთხმეტიანი რითმა,
ლირიკა,
პოეზია,
სამშობლო
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment