Wednesday, May 17, 2017

სასაფლაოზე


მთვარიან ღამეს, სასაფლაოზე
ურჩი ნიავი ეტრფოდა ღრუბელს
და ორი სოფლის გზაგასაყარზე
საფლავის ქვები ჯიუტად დუმდნენ.

მსუბუქ ნაბიჯებს მოსდევდა გზაზე
დაბლა გაშლილი ფოთლის შრაშუნი,
სატრფოს საფლავზე აწყობდა ვარდებს
თვალცრემლიანი, კოხტა ასული.

შავ მარმარილოს გადაჰფენოდა
ყმაწვილი კაცის სათნო ღიმილი,
ტანზე სამხედრო ფორმა შვენოდა,
თვალებს კი მზერა შევარდენივით.

თითქოს ამბობდა, ჩემი სიცოცხლე
მსხვერპლად შევწირე მე ჩემს სამშობლოს,
ისევ ვიბრძოლებ და თავს გავწირავ,
ღმერთმა ხელახლა რომ გამაცოცხლოს.

ისევ ტიროდა ლამაზი ქალი,
ჩუმი ჩურჩულით ცრემლებს ებრძოდა...
შენთვის ვიყავი დაბადებული,
გაცნობის დღიდან ასე მეგონა,

მაგრამ წახვედი, მტერთან ბრძოლაში
თავი გასწირე, გმირად იქეცი...
მე კი დავრჩი და სიკვდილსა ვნატრობ,
ჯვარდაუწერელ ქვრივად ვიქეცი.

მინდა, იმ ქვეყნად მოვიდე შენთან,
მაგრამ სიკვდილი ჯიბრზე არ მოდის...
ამდენმა გლოვამ სულმთლად გამთელა,
ასე ცხოვრება აღარ გამომდის.

დღეს ხელი მთხოვეს... იცი, ვუყვარვარ...
მეც მომწონს, ოღონდ შენსავით არა...
დავთანხმდე?.. მაშინ, იქაც დაგკარგავ...
როგორ მოვიქცე? მირჩიე, რა ვქნა!..

მთვარეს ღრუბელი ჩამოეფარა,
ხმელმა ფოთლებმა შრიალს უმატეს.
მებრძოლის სახე ჩრდილმა დაფარა,
ქარი ამბობდა ახლა მის სათქმელს...

ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარდი,
მე ჩემი გული მოგეცი ბინად...
ახლაც მიყვარხარ, თუმცა სხვაგვარად,
როგორც ქათქათა ღრუბელი ნიავს.

წადი, ძვირფასო!.. წადი, დათანხმდი!..
ქვეყნის წინაშე შენცა გაქვს ვალი.
გაბედნიერდი და უფლის ნებით,
გამოუზარდე ერს მომავალი!..

წადი, ძვირფასო!.. აქ ნუღარ მოხვალ!
აქ საუკუნოდ მეფობს წარსული...
ცრემლი შეიშრე, გეყოფა გლოვა!
ქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული.

აქ, ორი სოფლის გზაგასაყარზე,
სამარეები ჯიუტად დუმდნენ,
მთვარე ვარსკვლავებს მწყემსავდა ცაზე,
ურჩი ნიავი ეტრფოდა ღრუბელს...

მებრძოლი ბიჭის ქორული მზერა
საფლავის ქვას კვლავ შემორჩენოდა,
აცრემლებული კოხტა ასული
მკვდარ შეყვარებულს სთხოვდა შენდობას.


ქემო ქავთარი
-------------------

No comments:

Post a Comment