Showing posts with label ათიანი რითმა. Show all posts
Showing posts with label ათიანი რითმა. Show all posts

Friday, October 15, 2021

შემოდგომა


უკვე ზაფხულიც შემომელია

და შემოდგომა სევდისფერია,

თმაში ჭაღარა გამომერია,

ცხოვრება მაინც მშვენიერია.

 

ღიმილზე მეტი ცრემლი მდენია,

ბევრი ჭრილობა არც მომრჩენია,

ზამთრამდე ცოტაც ხომ დამრჩენია,

ჯერ ყველაფერი არ მიმღერია.


----------------------

ქემო ქავთარი

Friday, June 25, 2021

კოცნა



 


ისე გიღიმის გრძნობა თვალებში,

ვით ვარსკვლავები შუაღამეში...

შენი კოცნა მწადს, სიყვარულით მთვრალს,

მიზიდავ, როგორც ცეცხლი ფარვანას.

 

მე კოცნების ზღვად გადავიქცევი,

აგედევნები უკან კვალდაკვალ,

ვნების მორევში ჩამოგიტყუებ,

რომ ერთი კოცნა მაინც წაგართვა.

 

მე ოცნებების ღრუბლად ვიქცევი,

ნატვრად დაღვრილი წვიმის წვეთები

დაგასველებენ, ჩუმად გეტყვიან,

როგორ მინდიხარ, როგორ მჭირდები...

 

მე მზის სხივებად გადავიქცევი,

მოვალ გაგათბობ, გაგახალისებ.

გეტყვი, რომ შენით სუნთქავს სამყარო

და თუ გიყვარვარ თვალს რად მარიდებ?..

 

თუ თმას გიწეწავს ანცი ნიავი,

თუკი მზის სხივი თვალებში გიმზერს,

თუ წვიმა ცდილობს გულში ჩაგიკრას

და ტუჩზე კოცნა სურთ თოვლის ფიფქებს,

 

მაშინ იცოდე, რომ ყველგან მე ვარ...

მე ვარ მზე, წვიმა, ქარიც და თოვლიც

შენ ვერ იმეტებ მე კი ჩუმ-ჩუმად

უკან დაგდევ და ყოველთვის გკოცნი.


-----------------
ქემო ქავთარი

Monday, April 26, 2021

მიმქრალ ბურუსში



ძილ-ღვიძილს შუა ფიქრებს ვაჩერებ,
მიმქრალ ბურუსში მცურავ სახეებს
დახუჭულ თვალებს მიღმა ვაცილებ...
რად ვხედავ სოფლის ბოლოს აჩრდილებს?
გარდაცვალებას ხომ არ ვაპირებ?!.
ყურებში ზარით ტირის სიჩუმე,
ალბათ მარილზე გაღმა მისტუმრებს...

ალბათ დრო დადგა.... ჰოდა წავიდეთ!
იქნებ იქ ყოფნა მაინც დაღირდეს...
რაღას ველოდო ჯანმორღვეული?..
შემომრჩენია სულზე სხეული,
ვით ტანს სამოსი ჩამოხეული.
არ ვუფრთხილდები, ვერ ვზრუნავ მისთვის,
მაგრამ წასვლამდე გამიძლებს, ვიცი...

მეტი არც მინდა, ჩემო ბატონო,
მაინც მიწაში უნდა დავტოვო, 
რადგანაც გვამი მძიმე ბარგია,
თუ სულს სხეულის გახდა სწადია,
ხიდზე გადასვლაც უკვე მადლია...
მარადისობას ელტვის გონება,
ღმერთო, მაღირსე სულის ცხონება!..



ქემო ქავთარი
-------------------

Wednesday, April 1, 2020

ავტობიოგრაფია



მე დავიბადე ღვინობისთვეში
მთებში ჩაძირულ ფასანაურში,
ტყე ფოთოლცვენის ყვითელი თქეშით
ეჯიბრებოდა არაგვს ხმაურში.

სასწორის სახლში გატეხა პური,
მზემ დაბადება ჩემი დალოცა...
ასპიროზისგან მართალი გული
და სიყვარულის ნიჭი გამომყვა.

ღირსების გრძნობა, ბუნებით ამაყს,
თავსწამომდგარმა მთებმა მაჩუქეს.
მთიულეთიდან მეძახის ახლაც
ჩემი ბავშვობა და სიჭაბუკე.

წლები მისდევდენ არაგვის ტალღებს,
სანამ ყმაწვილურ ჰანგზე ვმღეროდი,
ღამე ვარსკვლავებს მივდევდი ცაზე,
ლექსებსა ვწერდი და ვოცნებობდი.

მერე დაიმსხვრა ყველა ოცნება,
ნათელ მომავალს ჩაუქრეს შუქი.
არ გვაპატიეს თავისუფლება,
მტრად მოგვეკიდა „მოყვასი რუსი“.

გადახდა უნდა, ძმაო, მხედრულ ვალს,
როცა ქვეყანას დუშმანი გიჭამს,
არაგველების ნაშიერი ვარ
და თავდადება ღირსებად მიჩანს.

წავედი, ვლეწე ჩემი წილხვედრი
კალო ქვეყნისთვის ბრძოლის და შრომის,
ვიღვაწე ნიჭით, გამოცდილებით,
სხვასაც ავუნთე სანთელი ცოდნის.

მრავალწლიანი შრომა და ჯაფა
ერთ დღესაც წყალში გადამიყარეს,
უსამსახუროდ დამტოვეს განზრახ,
კუდის ქიცინი რომ ვერ ვისწავლე.

სამი წელია სამართალს ვეძებ,
რატომღაც ჩემი ჭიანურდება...
ვერა ქვეყანა ომს ვერ მოიგებს,
ვეტერანებს თუ არ უფრთხილდება!

ისევ ლექსებს ვწერ, სხვა რა საქმე მაქვს,
სიტყვებით ფრთხილად ვაზავებ ფერებს,
გამოვაქვეყნებ ალბათ ოდესღაც
და ზოგ კრიტიკოსს მოვუშლი ნერვებს.

ასე მივყვები დროის მდინარეს,
ჯერ ცოცხალი ვარ და მიჭრის გონი...
ყველაზე ძნელი მაინც ის არის,
საკუთარ თავთან მოიგო ომი.

სადაც იწყება, იქვე მთავრდება
ამ ქვეყნიური ჟივილ-ხმაური,
დიდი ხანია მე მელოდება
მთებში ჩაფლული ფასანაური.

01.04. 2020
ქემო ქავთარი

Monday, January 6, 2020

გათენებამდე


გათენებამდე ვმწყემსე ფიქრები,
საკუთარ ცხედარს ღამეს ვუთევდი,
მთაწმინდის იქით გადავყევ მთვარეს,
ჩემი ვარამი ვუთხარ უკლებლივ...

ისე ჩავფლულვარ არაფრის ქმნაში,
დრო აღარ მრჩება რამის კეთების,
უაზროდ ყოფნის პიკზე შემდგარი
ვუსმენ ხმას ჩემი ნერვების ფხრეწის.

ისე დამღალა არარაის ქმნამ,
არარაობა ისე მხრავს ძვლებში,
ისე შემზიზღდა ეს უძრაობა,
როგორც უტიფრად ნაქები ლექსი.

უსამართლობით ზურგგაშოლტილი
მღაღადებლის ხმა არავის ესმის,
მართალ სამართლის ძებნა-ლოდინში,
ლამის რომ ხმელად შეიქმნას ნედლიც.

საბედისწერო ბრძოლის ზღვარზე ვარ
და შინაგანი ჩამესმის ხმები:
„შენ გადარჩები, თუ გაიმარჯვებ
და გაიმარჯვებ, თუ გადარჩები!“

ჩაგორდა მთვარე მთაწმინდის იქით,
შარავანდედი ჰქონდა ღრუბელის...
ძილიც გამიტყდა მე - გულგატეხილს,
ფიქრში ვათიე ღამე წუხელის.



06.01.2020
ქემო ქავთარი
------------------

Wednesday, May 17, 2017

სასაფლაოზე


მთვარიან ღამეს, სასაფლაოზე
ურჩი ნიავი ეტრფოდა ღრუბელს
და ორი სოფლის გზაგასაყარზე
საფლავის ქვები ჯიუტად დუმდნენ.

მსუბუქ ნაბიჯებს მოსდევდა გზაზე
დაბლა გაშლილი ფოთლის შრაშუნი,
სატრფოს საფლავზე აწყობდა ვარდებს
თვალცრემლიანი, კოხტა ასული.

შავ მარმარილოს გადაჰფენოდა
ყმაწვილი კაცის სათნო ღიმილი,
ტანზე სამხედრო ფორმა შვენოდა,
თვალებს კი მზერა შევარდენივით.

თითქოს ამბობდა, ჩემი სიცოცხლე
მსხვერპლად შევწირე მე ჩემს სამშობლოს,
ისევ ვიბრძოლებ და თავს გავწირავ,
ღმერთმა ხელახლა რომ გამაცოცხლოს.

ისევ ტიროდა ლამაზი ქალი,
ჩუმი ჩურჩულით ცრემლებს ებრძოდა...
შენთვის ვიყავი დაბადებული,
გაცნობის დღიდან ასე მეგონა,

მაგრამ წახვედი, მტერთან ბრძოლაში
თავი გასწირე, გმირად იქეცი...
მე კი დავრჩი და სიკვდილსა ვნატრობ,
ჯვარდაუწერელ ქვრივად ვიქეცი.

მინდა, იმ ქვეყნად მოვიდე შენთან,
მაგრამ სიკვდილი ჯიბრზე არ მოდის...
ამდენმა გლოვამ სულმთლად გამთელა,
ასე ცხოვრება აღარ გამომდის.

დღეს ხელი მთხოვეს... იცი, ვუყვარვარ...
მეც მომწონს, ოღონდ შენსავით არა...
დავთანხმდე?.. მაშინ, იქაც დაგკარგავ...
როგორ მოვიქცე? მირჩიე, რა ვქნა!..

მთვარეს ღრუბელი ჩამოეფარა,
ხმელმა ფოთლებმა შრიალს უმატეს.
მებრძოლის სახე ჩრდილმა დაფარა,
ქარი ამბობდა ახლა მის სათქმელს...

ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარდი,
მე ჩემი გული მოგეცი ბინად...
ახლაც მიყვარხარ, თუმცა სხვაგვარად,
როგორც ქათქათა ღრუბელი ნიავს.

წადი, ძვირფასო!.. წადი, დათანხმდი!..
ქვეყნის წინაშე შენცა გაქვს ვალი.
გაბედნიერდი და უფლის ნებით,
გამოუზარდე ერს მომავალი!..

წადი, ძვირფასო!.. აქ ნუღარ მოხვალ!
აქ საუკუნოდ მეფობს წარსული...
ცრემლი შეიშრე, გეყოფა გლოვა!
ქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული.

აქ, ორი სოფლის გზაგასაყარზე,
სამარეები ჯიუტად დუმდნენ,
მთვარე ვარსკვლავებს მწყემსავდა ცაზე,
ურჩი ნიავი ეტრფოდა ღრუბელს...

მებრძოლი ბიჭის ქორული მზერა
საფლავის ქვას კვლავ შემორჩენოდა,
აცრემლებული კოხტა ასული
მკვდარ შეყვარებულს სთხოვდა შენდობას.


ქემო ქავთარი
-------------------

Thursday, February 16, 2017

ოლიკო



კვლავ მენატრება შენი ტიტინი,
ჩემო პატარა შვილო, ოლიკო...
გესაუბრები ხოლმე ფიქრებით
ისე, თითქოს შენც ჩემხელა იყო.

ჩემგან შორს მყოფი, მოცილებული,
ათასში ერთხელ ხედავ მამიკოს...
ასე აგვეწყო ცხოვრება, რა ვქნათ?..
უნდა მიმიხვდე, უნდა გამიგო!..

დავყურებ სურათს და მენატრები,
შენ მენატრები მე, სხვა არავინ...
მე მალე მოვალ, შვილო, მელოდე!..
შენ მელოდები მანდ, სხვა არავინ.

ოი, რამდენი თეთრი ღამე და
რამდენი სევდა, დარდი, ვარამი...
მე უშენობას, შენ უჩემობას,
ტანჯვას გვიქარგავს ბედი ქარაგმით.

პატარა ხარ და მაინც დიდი ხარ,
ეს ჩემი გული სავსეა შენით,
შენი პაწაწა ხელების სითბო
სიხარულია უთქმელი ენით.

გულს ნუ გაიტეხ, შვილო, იცოდე...
იმედით იყავ, იცხოვრე რწმენით,
შენი მამიკო შენით ხარობს და
თუ სევდიანობს ისევე შენით.

------------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, January 3, 2017

მეგობრის ხსოვნას



ჩემი ფიქრები ზეცას ერევა
და სამყაროში ეულად დაჰქრის...
მიკვირს, ძალა რომ ჯერ არ მელევა
უბედურებით ესოდენ დაღლილს...

ყოველი ღამე თეთრად თენდება
და სასთუმალთან ვხედავ შენს აჩრდილს,
გონება უხმოდ გესაუბრება,
იგონებს ნანახს და მწარედ განცდილს...

რა უდროო დროს გიმუხთლა ბედმა,
გაუმაძღარო სიტკბო-სიცოცხლით...
რომ ვერ გიშველე?.. რა უძლური ვარ...
ეს უმწეობა გულ-ღვიძლს მიკორტნის...

რად დამიქვრივე, ბიჭო, დაიკო?..
ახლა იმის დარდს, ვარამს ვინ მოსთვლის?
გული მოქუფრულ ზეცას უმსგავსე...
ცა ვერ გადიყრის ღრუბელს სიოთი.

სიყვარულსა და ძვირფას ოჯახში
სიკვდილი გახარებას არ აცდის
და უბედური ტანჯულ სიყვარულს,
მაგ შენს საფლავზე ცრემლებად დაღვრის...

შვილები მაინც არ შეგებრალა?..
ნეტავი, შეგახედა ამათთვის...
რა მწარე არის მშობლის სიკვდილი,
შენ მაინც გესმის, შენ ობლად გაზრდილს.

საით წახვედი, აღარ ბრუნდები...
შენს საფლავს ისევ ათოვს და აწვიმს,
რას ეუბნები შენს მშობელ მამას,
ან და-ძმას გულს რომ უსერავ დარდით?

ისევ იმ დღეებს, ისევ ვიხსენებ...
შენი თვალები, თვალები მახსოვს...
მე მევედრება, მე შემომყურებს,
რაღაცა უნდა, რაღაცასა მთხოვს...

შენი თვალების ჩუმი მუდარა
სულ თან დამყვება... რას მთხოვდი მაშინ?..
მე ჩამაბარე შენი შვილები,
ღმერთმა გაცხონოს იმ ქვეყნად, ამინ!..

---------------------
ქემო ქავთარი

Saturday, December 3, 2016

მე და მთვარე


მე და მთვარე დავმეგობრდით წუხელ,
მთელი ღამე გავათენეთ თეთრად,
ქუჩა-ქუჩა დავდიოდით ერთად,
დავეძებდით იმედსა და ნუგეშს...
დრო ითვლიდა საათებს და წუთებს,
უკან, ჩუმად მოგვყვებოდა ღამე,
ვარსკვლავები აცეცებდნენ თვალებს,
ქარი ფოთლებს მიაფრენდა სადღაც...
და ვუსმენდით ერთმანეთის ამბავს,
მე და ჩემი მეგობარი  მთვარე.

ძნელიაო სიყვარული, მითხრა...
თვითონ, თურმე, ცხრათვალა მზეს ეტრფის
და გულს უკლავს იმის თვალთა ეშხი.
არ მძინავსო მისი ნახვის დღიდან,
ლამის არის გავიქცეო ციდან...
უკან დასდევს, თურმე, დღე და ღამე.
მზე კეკლუცობს, ახლოს არ იკარებს...
დარდობს, ხან მთლად გაილევა დარდით,
ხან ბოღმისგან გაბერილი დადის
მზესთან გამიჯნურებული მთვარე.

გავუმხილე ჩემი სადარდელი,
მეგობარს გადავუშალე გული,
ვუთხარ, რომ მკლავს  უტყვი სიყვარული,
მოვუყევი შენზე ყველაფერი,
იცის, სევდამ რომ დამრია ხელი,
რომ მაწამებს შენი სილამაზე,
შენზე ფიქრში ვათევ ყველა ღამეს,
გიშველიო, მეგობრულად მითხრა,
მე ვნახავო და ვეტყვიო სიტყვას,
მაიმედებს მეგობრულად მთვარე...

------------------------
ქემო ქავთარი

Sunday, November 13, 2016

თითქოს უნდა გათენებულიყო...



თითქოს უნდა გათენებულიყო,
ცისკარმა გამოანათა ცაზე,
მაგრამ უცებ წყვდიადი ჩამოწვა,
უკუნი ღამე დაგვადგა თავზე...

გვეგონა, ყველას ასე გვეგონა,
თავისუფლება ავიღეთ ხელში,
ვამბობდით, აწი ჩვენ რაღა გვიჭირს,
ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის...

მართალი უთქვამთ წინაპრებს, ალბათ,
კაცი ბჭობს ღმერთი იცინის, მართლაც
თავისუფლად არვინ გვიშვებს, არა...
მოგვატყუეს ძალზე მწარედ, კვლავაც...

ტანჯვა-განსაცდელს ბოლო არ უჩანს,
რაც ბოროტებამ ხელი დაგვრია...
თავისუფლებას მოველით სუნთქვად,
სამშობლოვ ჩემო, დიდი ხანია...

ამოვა მზე ისევ, გამარჯვების,
დაგიბრუნდება ძველი დიდება,
გათენდება, რადგანაც ბოროტი
კეთილის ხელით შეიმუსრება...

გაბრწყინდება საქართველოს ზეცა,
თავისუფლება გაათბობს ჩვენს სულს.
ავდგეთ ფეხზე, საქართველოს შვილნო,
თაყვანი ვცეთ, სამშობლოს დიდებულს!

----------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, November 8, 2016

ბევრი გეძებე...


ბევრი გეძებე, ბოლოს გიპოვე...
გიპოვე აქვე, ჩემს გვერდით, ახლოს.
ბევრი ვიფიქრე, ბოლოს დავრწმუნდი,
მიყვარდი თურმე, ჩემო ძვირფასო...

თუ გიყვარს, უკვე ბედნიერი ხარ,
სხვაგვარად ფიქრობ, ცაში დაფრინავ...
ოცნებობ, ეტრფი, იმ ერთზე ფიქრობ,
რომლის გარეშეც აღარ ვარგიხარ.

მერე ნელ-ნელა ეჭვები გიპყრობს,
ნუთუ ვუყვარვარ?..  ან იქნებ არა?
მინდორში კრეფ და პენტავ გვირილებს...
ვუყვარვარ, არა, ვუყვარვარ, არა!..

ცალმხრივ სიყვარულს ბედნიერებად
მე ვერ აღვიქვამ... ვერ დავიჯერებ,
რომ არ გამწარდეს მთელი ცხოვრება,
თუკი შემიკრავ გამოწვდილ ხელებს.

რომ არ ვუყვარდე?.. ვფიქრობ და ვკრთები,
თითქოს მემსხვრევა ოცნების ფრთები,
გადავიღალე ფუჭი ფიქრებით,
გამოსავალთან სანამ მივედი.

ერთ მშვენიერ დღეს მოვედი შენთან,
ეს ჩემი გული გადაგიშალე...
პასუხი გთხოვე, მითხარი: არა!..
მივხვდი, სიმართლე რომ დამიმალე...

ახლა კი ვზივართ ერთად პირისპირ
და გეკითხები: გიყვარვარ კარგო?..
შენ შუბლს შეიკრავ, მეტყვი: არ გჯერა?
მე მეცინება, არ ვიცი რატომ...

--------------------
ქემო ქავთარი

Saturday, November 5, 2016

დავიგვიანე


დამიგვიანდა მოსვლა შენამდე,
შევფერხდი გზაზე, ვეღარ ვიარე...
მე, თურმე, ძლიერ დავიგვიანე,
შენ ჩემს მოსვლამდე სხვა შეიყვარე.

რა ძნელია, როცა იტანჯები
უიმედო სიყვარულით კაცი,
როცა იცი, შენზე არც კი ფიქრობს
შენთვის ერთადერთი წმინდა ხატი...

სხვას ეკუთვნის უკვე შენი გული,
მე ისევ შენს სილამაზეს ვეტრფი.
უშენობით შფოთავს ჩემი სული,
ისევ მხიბლავს მაგ თვალების ეშხი.

ისე, როგორც ხავსს წყალწაღებული,
უკანასკნელ იმედს ვეჭიდები.
იქნებ ქვეყნად მოხდეს სასწაული,
იქნებ ჩემსკენ მოგიბრუნდეს გული...

ანთებული სანთელივით იწვის,
დაჩაგრული ჩემი სიყვარული,
დასასრული აღარა აქვს ტანჯვას,
ლამის არის, ბოღმით გასკდეს გული.

რა ვიცოდი, თუკი შენი გული
უკვე სხვისი სიყვარულით ძგერდა,
რა ვიცოდი, თუკი შენი გული
ჩემს სიყვარულს არასოდეს დაიტევდა.

------------------------
ქემო ქავთარი

Thursday, November 3, 2016

დრო გამონახე...


დრო გამონახე და სადმე შემხვდი,
გავისეირნოთ ქუჩაში ფეხით...
სმენა დამიამე მიჯნურის ლექსით,
შემომანათე თვალები ეშხით...

ვნებით ამავსე და სავსე მკერდზე
იგრძენი ჩემი თვალების ცეცხლი...
მერე გაყუჩდი და უნებურად
ოდნავ ჩახსენი საკინძე ჩემთვის...

წამო, მომყევი, ბაღში შევიდეთ...
უშენოდ ცაზე ვარსკვლავებს ვერ ვთვლი...
მოგვიანებით დუქანს ვესტუმროთ,
ვივახშმოთ, ღვინოც დავლიოთ თეთრი!..

მე სადღეგრძელოს გეტყვი უნაზესს,
სახტად დარჩება თვით ტრფობის ღმერთი...
გრძნობას დაგისხამ, ჭიქით მოგაწვდი,
თუკი გიყვარვარ ბოლომდე შესვი!..

აგიფეთქდება ვნებად თვალებში
ჩემი ნდომის და სურვილის დენთი,
კეკლუც კისკისში აწკრიალდება
ჩუმი არშიყი ნასროლი ჩემთვის...

გულს ჩაგიდგება საამო სითბო,
თავს დახრი, ჩუმად, ჩურჩულით მეტყვი:
მიყვარხარ, მინდა, რომ სრულად გიგრძნო...
მიყვარხარ, მინდა სუნთქავდე ჩემში...

და აენთება ჩემი სხეული,
აბობოქრდება მშფოთავი სული...
მოვა ტალღებად, მოვა გრიგალად
უკიდეგანო ზღვა სიყვარულის...

გიჟმაჟი გრძნობა ისე იფეთქებს,
რომ შენს ბაგეზე კოცნად დამადნობს,
ვნების ქარცეცხლში ცოცხლად დამწვავს და
შენი ალერსით უღვთოდ დამათრობს...

შენ ჩემს მკლავებში ზეცას იპოვნი
და აფროდიტას სულში ჩახედავ...
მერე ინატრებ, რომ არ გათენდეს
და ჩემგან წასვლას ვეღარ გაბედავ...

-----------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, November 1, 2016

წვიმს...


წვიმს, ფანჯარაში იჭყიტებიან
ცნობისმოყვარე წვიმის წვეთები,
ცა ტირის, თითქოს,  მიწა სველია
ცრემლად დაღვრილი მლაშე ლექსებით.

წვიმის წვეთებში გამოკრთა სახე
და ცრემლით სავსე უძირო ტბები...
ტიროდი, თვალი ვერ იტევდა და
ჩამოგდიოდა ღაწვებზე ცრემლი..

წვიმს, ფანჯრის რაფას დახეთქებული
წვეთების  ხმები სიმშვიდეს მიფრთხობს...
და ცრემლით სავსე შენი თვალები
მეჩვენება, რომ ჩემს შველას ითხოვს.

შენ ნუ იტირებ, გულს ნუ მომიკლავ,
შენს ტირილზე ხომ მეც ავტირდები.
შენ არ გიჭირდეს, რა მინდა მე სხვა?..
თავს შემოგწირავ არც დავფიქრდები.

როგორ მოგხედო? რითი გიშველო?
ეგება გწყინდეს ჩემი ტრფიალი?..
სიყვარულზე რომ უარი მითხრა,
ბოღმით გასკდება გული ტიალი...

წვიმს, ფანჯარაში იჭყიტებიან
ცნობისმოყვარე წვიმის წვეთები,
ცა ტირის, თითქოს,  მიწა სველია
ცრემლად დაღვრილი მლაშე ლექსებით.

--------------------
ქემო ქავთარი


Tuesday, October 25, 2016

ღამეა მშვიდი...


ღამეა მშვიდი და სევდიანი,
სიჩუმე მეფობს, ბატონობს ირგვლივ,
ჩუმად ბუზღუნებს რატომღაც ქარი,
არაგვის წყნარი დუდუნიც ისმის...

თოვლს დაუფარავს ზვიადი მთები,
ცას შესევია ვარსკვლავთა ჯარი,
მთვარე მძინარე სოფელს დაჰნათის,
ღამეა მშვიდი, ლამაზი, წყნარი...

და ამ ღამეში ვეძებ სიმშვიდეს,
დავეხეტები სულაწეწილი,
ოი, ღმერთმანი, მშურს მე ამ ღამის,
სევდიანია და მაინც მშვიდი.

მთვარეს შევჩივლებ მე ჩემს გასაჭირს,
ვარსკვლავებს ვეტყვი, რა ლამაზი ხარ...
არაგვს გავანდობ გულის ტკივილებს,
რომ არც კი მისმენ, ისე გარბიხარ.

მე უშენობა მაფორიაქებს,
მაწამებს შენი თვალების ცეცხლი,
ისე მიზიდავ, რომ ვერ გცილდები,
ფარვანასავით ცეცხლის ალს ვეტრფი.

მე შენს სიყვარულს გამოვეკიდე,
სულ რომ გამირბის და მაინც მოვდევ...
ყოველი ღამე თეთრად თენდება,
შენზე ფიქრების ტყვედ უნდა მოვკვდე.

ღამეა მშვიდი და სევდიანი,
მთელ სოფელს სძინავს, მაგრამ მე არა...
მე ვისაც ძილი ასე მიყვარდა,
შენზე ფიქრებში, არ მძინავს, არა...

--------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, October 18, 2016

ისევ ის დარდი მკლავს...


ისევ ის დარდი მკლავს, ისევ მთვრალი
შენს ძებნას დავიწყებ შუაღამით.
ავიკლებ შენს უბანს ხეტიალით,
გულს სერავს ნაღველი და ვარამი...

დავდივარ, დაგეძებ, გელოდები
და გულში მე სულ შენ გეფერები.
შენს სახელს მაბოდებს დღე და ღამე,
ჩემი ცოდვით კვდება ცაზე მთვარე...

თვალები გიღიმის ეშხიანი...
რად მიღირს მე შენთან პაემანი?
ფიქრებით გამისკდეს ლამის თავი,
უშენოდ არ მძინავს გოგოვ ღამით...

ისევ ის დარდი მკლავს, ისევ მთვრალი
შენს ძებნას დავიწყებ შუაღამით.
ავიკლებ შენს უბანს ხეტიალით,
გულს სერავს ნაღველი და ვარამი.

--------------------
ქემო ქავთარი

Sunday, October 16, 2016

როცა უფალმა...



როცა უფალმა შექმნა ადამი,
მარტოობისთვის ვერ გაიმეტა.
ამოაცალა მას ნეკნის ძვალი,
რისგანაც ქალის შექმნა ინება...

იმ ნეკნის სახით, თვით ევა იშვა
ადამისაგან, როგორც ნაწილი
და დაიკავა ადამის გვერდით,
კაცობრიობის დედის ადგილი.

ამგვარად მისცა ღმერთმა საწყისი
პირველ სიყვარულს და პირველ ოჯახს...
პირველი ქალი, პირველი დედა
დასაბამს აძლევს ადამის მოდგმას...

მას შემდეგ, ვინც კი დაბადებულა,
ყველა დაკარგულ ნაწილს დაეძებს,
რათა არ დარჩეს მარტო, ეულად
და სიყვარულის გრძნობით შეერთდეს.

დაეძებს სიყვარულის სახელით
კაცი ნეკნს, ხოლო ქალი სანეკნეს,
რათა იპოვოს ნაწილმა მთელი,
კვლავაც ერთსულ და ერთხორცად ექცეს...

მეც დავეძებდი მთელი ცხოვრება
და ვპოულობდი ეშხიან თვალებს,
გულში ტრფობის ცეცხლს რომ ამინთებდა
და არ მაკლებდა ვნებიან ალერსს.

მე ვპოულობდი სითბოს, სიხარულს
დროებით, სანამ ვიყავით ერთად,
მაგრამ სიმშვიდე ჩემი სულისა
ვერ მოვიპოვე მანამდე ვერსად...

სანამ, ღვთის მადლით, შენ არ გიხილე,
უბრალოებით გაბრწყინებული,
ამ წუთისოფლის ხვატს გაქცეული
და სპეტაკ ჩრდილქვეშ შეფარებული...

დასაბამიდან შენ რომ გეძებდი,
მე მაშინ მივხვდი, მაშინ გავიგე,
ქვეცნობიერში რაღაც ამტკივდა
და საუბარი ნეკნზე დავიწყე...

მერე სიკეთით სავსე თვალებში
დავლანდე მთელი ჩემი ცხოვრება,
გადაგიშალე გული და მივხვდი,
რომ მე უშენოდ არ მეცხოვრება...

ნეკნი სანეკნეს თუკი შეხვდება,
ნაკლული როცა ხდება სრულიო,
ამბობენ, სწორედ იქ იბადება
მარადიული სიყვარულიო...

მე შენ გეძებდი მთელი ცხოვრება,
უშენოდ ყოფა ბინდისფერია...
ერთი მთელი ვარ მე შენთან ერთად,
გულში მიზიხარ ათი წელია!..

-------------------------------------
ქემო ქავთარი


Thursday, October 13, 2016

ცივ ღამეში...



ცივ ღამეში ბორგავს მთვრალი მთვარე,
ვეღარ უძლებს ჩემს ცრემლიან თვალებს,
უშენობა მტანჯავს და მაწამებს,
შენზედ ფიქრებს ვერსად დავემალე.

შენ მოხვედი, როგორც ზვავი თოვლის,
მოიტანე ქარიშხალი გრძნობის,
მაგიჟებდი ვნებიანი კოცნით,
მთელი ღამე ჩემს მკლავებში თრთოდი ...

მაოცებდა შენი სიყვარული,
მე კი ვერ გადაგიშალე გული...
არ გაღირსე სიტყვა საამური
და დამშორდი ჩემგან გულმოკლული.

ასე უცებ წახვედი და გაქრი,
გულში მძიმე იარად კი დამრჩი...
მომეძალა ნაღველი და დარდი,
ძალზე გვიან მივხვდი, რომ მიყვარდი.

---------------------
ქემო ქავთარი

Sunday, October 9, 2016

დარდიანი დარდიმანდი


მთელი ცხოვრება ერთი წამია,
გაჭენებული დრო და ჟამია...
ჩემი ცხოვრება დიდი დარდია
და დარდიანი მარტო დავდივარ.

ღვინოში ვახრჩობ დარდსა და ნაღველს,
არ ვარ გულქვა და არ ვარ უგულო,
არ შემიძლია, ფხიზელი თვალით,
ამ წუთისოფელს, როგორ ვუყურო?..

მთელი ცხოვრება ერთი წამია,
გაჭენებული დრო და ჟამია...
ჩემი ცხოვრება დიდი დარდია,
მე დარდიანი დარდიმანდი ვარ!

--------------------------
ქემო ქავთარი

Thursday, October 6, 2016

მარტო დარჩენა...



მარტო დარჩენა თითქოს მაშინებს,
ჩემი ფიქრები მე თვითონ მზარავს,
სხვებთან მხიარულს და ხალისიანს
სევდა-ნაღველი მთლიანად მფარავს...

რას აღარ ფიქრობს ჩემი გონება,
სიკვდილ-სიცოცხლეს, ცხოვრების ავ-კარგს...
ვიწრო ოთახის უშნო კედლები
თავზე მაყრიან ჩემსავე ვარამს.

ჩემს თავზე ვბრაზობ და აშლილ ნერვებს
ვეღარ ვიოკებ, ვეღარ ვჩერდები...
ასე მგონია, ჩემზე გამწყრალან
მთელი ოლიმპის ძველი ღმერთები...

და გამიქრება სულიდან სითბო,
გაიყინება მთლად სიყვარული,
აგრესია და მოძმეთა შური
ჩემშიც ყოფილა შემოპარული...

ოთახში მარტო, თვალდახუჭული,
თვალნათლივ ვგრძნობ ჩემს არარაობას...
უძლური ვცდილობ ფეხზე დადგომას
და არ ვაპირებ ამპარტავნობას.

მარტო დარჩენა თითქოს მაშინებს,
ჩემი ფიქრები მე თვითონ მზარავს,
სხვებთან მხიარულს და ხალისიანს
სევდა-ნაღველი მთლიანად მფარავს.

--------------------------

ქემო ქავთარი