Showing posts with label ქავთარაული. Show all posts
Showing posts with label ქავთარაული. Show all posts

Wednesday, May 12, 2021

ასწიეთ ფარდა!..


დამსხვრევა უნდა უმეცრების შავ-ბნელ ჩარჩოებს,

გაურკვევლობის საბურველი შიშს ასაზრდოებს.

ასწიეთ ფარდა, შემოუშვით ცოდნის სინათლე,

ამ ჩამოქუფრულ უფსკრულებს რომ ჩასწვდეს ძირამდე!

სიცრუისაგან გავარჩიოთ იქნებ სიმართლე...

სიკეთის ნერგი გავახაროთ გულში როგორმე,

ცხოვრების გზა რომ არ ვაქციოთ ბინძურ ორღობედ!


-------------------
ქემო ქავთარი

Monday, April 26, 2021

მიმქრალ ბურუსში



ძილ-ღვიძილს შუა ფიქრებს ვაჩერებ,
მიმქრალ ბურუსში მცურავ სახეებს
დახუჭულ თვალებს მიღმა ვაცილებ...
რად ვხედავ სოფლის ბოლოს აჩრდილებს?
გარდაცვალებას ხომ არ ვაპირებ?!.
ყურებში ზარით ტირის სიჩუმე,
ალბათ მარილზე გაღმა მისტუმრებს...

ალბათ დრო დადგა.... ჰოდა წავიდეთ!
იქნებ იქ ყოფნა მაინც დაღირდეს...
რაღას ველოდო ჯანმორღვეული?..
შემომრჩენია სულზე სხეული,
ვით ტანს სამოსი ჩამოხეული.
არ ვუფრთხილდები, ვერ ვზრუნავ მისთვის,
მაგრამ წასვლამდე გამიძლებს, ვიცი...

მეტი არც მინდა, ჩემო ბატონო,
მაინც მიწაში უნდა დავტოვო, 
რადგანაც გვამი მძიმე ბარგია,
თუ სულს სხეულის გახდა სწადია,
ხიდზე გადასვლაც უკვე მადლია...
მარადისობას ელტვის გონება,
ღმერთო, მაღირსე სულის ცხონება!..



ქემო ქავთარი
-------------------

Sunday, November 29, 2020

ღაღადისი



ამაოდ ვებრძვი სიცრუისგან დაბურულ სივრცეს,

ძალაგამოცლილს განშლადობის მორევი მითრევს.

ჭეშმარიტების ღაღადისი არ ისმინება

და ისე მძლავრობს მცდარი აზრის ტირაჟირება,

რომ გულმართალ კაცს უიმედოდ აგეტირება.

ჩვენს თვალწინ ხდება დღეს სიმართლის დევალვაცია,

კოხტად შეფუთულ ტყუილს უფრო კარგი ფასი აქვს.


ამ ყრუ სოფელში იქნებ არც ვართ ჩვენ მეტის ღირსნი,

დახარბებული ანგარებით ტყუილის თქმისთვის?..

გზააბნეული გონება კვლავ ფიქრებში დაძრწის,

ეგება ჰპოვოს მაინც სადმე სხივი სინათლის,

ჩვენს უკან სხვები რომ მოდიან, ისევ იმათთვის...

მართალი სიტყვა რომ როგორმე დარჩეს ჩვენთანა,

სიცრუის დუქნად რომ არ იქცეს მთელი ქვეყანა.


-------------------


ქემო ქავთარი

ქავთარაული



შვიდი სტრიქონი ავიღე და შევკარ ტაეპად,

სამმაგი რითმა ჩავაქსოვე ჟღერად გამებად.

პირველი ორი ერთმანეთთან შევახმატკბილე,

შემდეგი სამიც მსგავსად აწყობს ხმოვან ნაპირებს

და სტროფის ბოლოს კიდევ ორი ერთად გვაცილებს.

ალბათ მოჰყვება ამგვარ ფორმას დავა-ხმაური,

ლექსის ამ წყობას მე ვუწოდე ქავთარაული.


---------------

ქემო ქავთარი