ისე ბობოქრობს, როგორც გრიგალი,
აჩქარებული ცხოვრების რიტმი,
ამქვეყნიური ორომტრიალი
გვაბორიალებს, პრობლემებს გვიქმნის.
ხელიდან გვტაცებს დროს ქარიშხალი...
ცხელი უკუნი, უხმო კივილი...
დაგვეძებს ბნელში ბოროტი თვალი,
სიკვდილი გვიდგას კვალში ჩრდილივით.
დროის ძებნაში დროა გასული,
იმ დროსაც თურმე ამ დროს ვებრძოდი,
ზურგზე მკიდია ჩემი წარსული,
როგორც დაჭრილი თანამებრძოლი.
ვიბრძვი მეგობრის გადასარჩენად,
მტერს გავურბივარ, ვზვერავ მიდამოს,
ჩვენ დრო არა გვაქვს შესასვენებლად,
ჭრილობები რომ ჩამოვიბანოთ.
გულშემზარავად ჩხავის ყორანი,
ზედმეტი ბარგი მოიშორეო,
წადი, ირწმუნე მხოლოდ მომავლის,
გეყო წარსულთან რაც იცხოვრეო.
როგორ დავტოვო ნაფიც-ნავერცხლი?
როგორ ჩავხედო მის ძმებს თვალებში?..
არ დავნებდებით, დავემგზავრებით
აწმყო-მომავალს ბრძოლის ქარ-ცეცხლში.
ადრეც დავბრუნდით ბევრი ომიდან,
მე ფეხზე ვდგავარ მისი წყალობით...
და აღსასრულის დრო თუ მოვიდა,
წავალთ ჩვენ ერთი გარდაცვალებით.
______________
ქემო ქავთარი

No comments:
Post a Comment