მწამს ღმერთი, რომელი მეუფეობს მარადიულად,
მზე ცათა ყოველთა ხილულთა და არახილულთა,
სრულ არსთა განმრიგე, შემოქმედი ამა ქვეყნისა,
თვით მამა მპყრობელი საუკუნო საბრძანებლისა.
მწამს ერთი უფალი და ღვთის სიტყვა განკაცებული,
ძე ღვთისა, იესო, საიდუმლო გაცხადებული,
ცა მიწად მოსული, ქალწულისგან დაბადებული,
მზის სხივი სრულქმნილი, ჭეშმარიტად გაბრწყინებული.
ის მწყემსი კეთილი, კაცთა მოდგმის მხსნელი ცხებული,
ღვთის კრავი, გაყიდულ - ნაწამები, დამცირებული,
ძე კაცის, კაცთაგან ჯვარცმული და მოკვდინებული,
აქ მკვდრეთით აღმდგარი და ზეცაში ამაღლებული.
ვით მადლი ულევი, სიყვარული ცხოველმყოფელი,
არს შემძლე ყოველის, სრული გონი ყოვლის მომცველი,
გზა ბნელის დათრგუნვის, სამყაროში ნათლის მოფენის.
მწამს ღმერთი ერთარსი და სამება განუყოფელი,
ღვთის მადლი სიწმინდე და სიბრძნეა აუწონელი,
აქვს ნება კეთილი, სიყვარული განუზომელი,
კარს გახსნი, შემოვა შენს გულშიაც, თუკი მოელი.
_____________
ქემო ქავთარი

No comments:
Post a Comment