Sunday, August 30, 2026

ჩემი წარსული


ისე ბობოქრობს, როგორც გრიგალი,
აჩქარებული ცხოვრების რიტმი,
ამქვეყნიური ორომტრიალი
გვაბორიალებს, პრობლემებს გვიქმნის.

ხელიდან გვტაცებს დროს ქარიშხალი...
ცხელი უკუნი, უხმო კივილი...
დაგვეძებს ბნელში ბოროტი თვალი,
სიკვდილი გვიდგას კვალში ჩრდილივით.

დროის ძებნაში დროა გასული,
იმ დროსაც თურმე ამ დროს ვებრძოდი,
ზურგზე მკიდია ჩემი წარსული,
როგორც დაჭრილი თანამებრძოლი.

ვიბრძვი მეგობრის გადასარჩენად,
მტერს გავურბივარ, ვზვერავ მიდამოს,
ჩვენ დრო არა გვაქვს შესასვენებლად,
ჭრილობები რომ ჩამოვიბანოთ.

გულშემზარავად ჩხავის ყორანი,
ზედმეტი ბარგი მოიშორეო,
წადი, ირწმუნე მხოლოდ მომავლის,
გეყო წარსულთან რაც იცხოვრეო.

როგორ დავტოვო ნაფიც-ნავერცხლი?
როგორ ჩავხედო მის ძმებს თვალებში?..
არ დავნებდებით, დავემგზავრებით
აწმყო-მომავალს ბრძოლის ქარ-ცეცხლში.

ადრეც დავბრუნდით ბევრი ომიდან,
მე ფეხზე ვდგავარ მისი წყალობით...
და აღსასრულის დრო თუ მოვიდა,
წავალთ ჩვენ ერთი გარდაცვალებით.

______________
ქემო ქავთარი

მრწამსი


მწამს ღმერთი, რომელი მეუფეობს მარადიულად,
მზე ცათა ყოველთა ხილულთა და არახილულთა,
სრულ არსთა განმრიგე, შემოქმედი ამა ქვეყნისა,
თვით მამა მპყრობელი საუკუნო საბრძანებლისა.

მწამს ერთი უფალი და ღვთის სიტყვა განკაცებული,
ძე ღვთისა, იესო, საიდუმლო გაცხადებული,
ცა მიწად მოსული, ქალწულისგან დაბადებული,
მზის სხივი სრულქმნილი, ჭეშმარიტად გაბრწყინებული.

ის მწყემსი კეთილი, კაცთა მოდგმის მხსნელი ცხებული,
ღვთის კრავი, გაყიდულ - ნაწამები, დამცირებული,
ძე კაცის, კაცთაგან ჯვარცმული და მოკვდინებული,
აქ მკვდრეთით აღმდგარი და ზეცაში ამაღლებული.

მწამს წყარო სიკეთის, სულიწმინდა მარადმყოფელი,
ვით მადლი ულევი, სიყვარული ცხოველმყოფელი,
არს შემძლე ყოველის, სრული გონი ყოვლის მომცველი,
გზა ბნელის დათრგუნვის, სამყაროში ნათლის მოფენის.

მწამს ღმერთი ერთარსი და სამება განუყოფელი,
ღვთის მადლი სიწმინდე და სიბრძნეა აუწონელი,
აქვს ნება კეთილი, სიყვარული განუზომელი,
კარს გახსნი, შემოვა შენს გულშიაც, თუკი მოელი.

_____________
ქემო ქავთარი

საქართველო გაიღვიძებს


ს
იმართლის ძალას არად აგდებს ძალის სიმართლე,
აღვირახსნილი უტიფრობა თესავს სიცრუეს,
ქართველი ერი, ბედნიერი, კვლავ თავს იტყუებს,
აბსურდის ტალღა ნაცარს აყრის ცოდნის სინათლეს,
როცა მონობას ვეგუებით, ხმას არ ვიმაღლებთ,
თავისუფლება გასაყიდად გვჭირდება მხოლოდ,
ვაი ჭკუისგან, დღევანდელი კვერცხითა ვცხოვრობთ,
ეროვნულ საქმეს საკუთარი ჯამიდან ვუმზერთ,
ლაჩრად ქცეულნი ვეფერებით დამპყრობლის უღელს,
ომი საკუთარ ღირსებასთან მოგვიღებს ბოლოს...

გამოიღვიძეთ, მიატოვეთ კომფორტის სორო!..
არ დავანებოთ საქართველო მტერსა და დუშმანს,
იმათ მივბაძოთ, ვისაც მართლა სამშობლო უყვარს,
ღვთის ნებით, იქნებ საღი აზრიც აღარ ჩავქოლოთ,
ვცადოთ ჩვენივე შეცდომები გამოვასწოროთ,
იქნებ გულთანაც მივიტანოთ მომავლის დარდი,
ძალა ვიპოვოთ, გავარჩიოთ ცუდისგან კარგი,
ერთმანეთისთვის ყურის გდება თუ შევიძელით,
ბოროტის ძლევას კვლავაც ნახავს მებრძოლი ერი
სიკეთისაგან, ღირსეული სიმართლის ძალით.

_______________
 ქემო ქავთარი