Showing posts with label ოთხმოციანი. Show all posts
Showing posts with label ოთხმოციანი. Show all posts

Monday, December 5, 2016

სიყვარულისთვის?!.

   
     ლურჯად ლივლივებდა ზღვა. მოწმენდილ ცაზე ვარსკვლავები ციმციმებდნენ. ტალღების ხმაური არღვევდა მყუდროებას და ნიავიც ფოთლებს რაღაცას ეჩურჩულებოდა...
     ვარსკვლავებისგან ოდნავ განათებულ ნაპირზე ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა. მკრთალი სინათლე მის სახეს კიდევ უფრო ნაღვლიანს ხდიდა. ნელა მოდიოდა ჩაფიქრებული, სევდით სავსე. მივიდა ზღვასთან, გადახედა მის უსასრულო სივრცეს... მერე ნაპირზე მიბმული ნავი აუშვა და ზღვაში შევიდა.
     - სად მიდის ნეტა?!. - კითხულობდა ჩუმად ნიავი.
     - ჩემთან მოდის, ჩემთან!.. - პასუხობდა ზღვა.
     - რატომ, რისთვის?!. - უკვირდათ ფოთლებს.
     - სიკვდილს ეძებს, სიკვდილს!.. - იძახოდა ზეციდან ამ ბიჭის ბედის ვარსკვლავი...
     ნაპირიდან ოდნავშესამჩნევადღა მოჩანდა ნავიც და მენავეც. ის კი ისევ მონდომებით უსვამდა ნიჩბებს. ბოლოს გაჩერდა ნავი. ბიჭი ფეხზე წამოდგა, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა. კარგა ხანს იდგა ასე გაქვავებული, მხოლოდ ნავი ირწეოდა ზღვის ტალღებზე და არწევდა მასაც... მერე კი, წყალმა ერთი დაიდგაფუნა და ზღვამ შთანთქა ბიჭის სხეული.
     - თავი მოიკლა... -აჩურჩულდა ისევ ნიავი.
     - კი, მაგრამ რისთვის?!. - გაიკვირვეს ისევ ფოთლებმა.
     - სიყვარულისთვის!- ჩამოსძახათ ვარსკვლავმა ისევ.
     - სიყვარულისთვის?!.
     - ჰო, იმისთვის, რომ მოეკლა სიყვარული. უცნაურია, არა?..  რას იზამ?...  ზოგჯერ ასეც ხდება.
     - ზღვავ, შენ არ დაინდე იგი. - ხმა აღიმაღლა ნიავმა.
     - შენ მისი მკვლელი ხარ, მკვლელი... - აჰყვნენ ფოთლებიც.
     - მკვლელი, თუ მხსნელი?.. - მშვიდად იკითხა ზღვამ.
     - ჰო, შეიძლება მხსნელიც... - ჩაერია ისევ ვარსკვლავი. - მის სიკვდილს კი ნურავის დააბრალებთ. სიყვარულმა მოკლა იგი...
     მერე, სული განშორდა სხეულს, დაუსხლტა ზღვის ტალღებს და ცაში გაფრინდა...
     - თვითმკვლელობა ხომ ცოდვა არის?..
     - როგორ მიიღო ცოდვილი სული ზეცამ?..
     - დიდი ცოდვის ასაცილებლად პატარა ცოდვა ჩაიდინო - არაფერია!..
     - ასეა, ზოგჯერ სიყვარულიც ცოდვად ითვლება!..
     ბედის ვარსკვლავი, ნელ-ნელა გაფერმკლთალდა და ბოლოს გაქრა. საიქიოში ბედი არვის აღარ ჭირდება!..

----------------------
ქემო ქავთარი

Friday, December 2, 2016

უცხო ენები (სახუმარო)


ერთხელ პატარა თაგუნას
მოსწყინდა სოროში ჯდომა,
გასართობად გარეთ გამოგულავდა,
მაგრამ უცებ, თითქოს ბედად,
წინ კატა არ შეეფეთა?..
და კინაღამ შეგვიჭამა
ეს თაგუნა...
ვაი, ვაი, ვაი!..

თუმცა აქ ჩვენმა თაგუნამ,
ხერხი და ჭკუა იხმარა,
შეაბრალა თავი კატას
და მასლაათი გაუბა:
ჯერ ნუ შემჭამ, ძია კატა,
ხომ იცი, რომ შენს ხელში ვარ,
სიკვდილის წინ, გეხვეწები,
მათამაშე ფეხბურთი!..

ითათბირეს, გადაწყვიტეს,
სანაძლეოსაც ჩავიდნენ:
თაგვს დაურტყვამს კატა პენალტს,
თუ გაუტანს ხომ შეჭამა...
თუ არა და მაინც შეჭამს,
აბა კატა რის კატაა,
თუ თაგვი ვერ დაიჭირა,
თუ თაგვი ვერ დაიჭირა...
ვაი, ვაი, ვაი!..

ბურთს ასწორებს ძია კატა,
გამორბენი, მერე დარტყმა
და თაგუნას უშედეგო
ნახტომი...
გაიტანა გოლი კატამ,
მაგრამ თაგვი სადღაც გაქრა,
მაგრამ თაგვი სადღაც გაქრა...
ვაი, ვაი, ვაი!..

სოროში ზის ჩვენი თაგვი
და გულიანად იცინის,
მოატყუა, თურმე კატა,
რა იოლად, რა ადვილად...
გარეთ კატა გულზე სკდება,
თაგვმა როგორ გამაცურა?
ვახ, მე კატა არ ვყოფილვარ,
თავში არ მქონია ჭკუა...
ვაი, ვაი, ვაი!..

ადგა და კატამ დაიწყო,
უცებ ძაღლივით ყმუილი,
თაგვს ეგონა, მომაკითხა მურიამ...
დაამჟავა ალბათ კატა,
ახლა მიხმობს, გამო გარეთ,
გამო, გამო, თაგვო, ნუ გეშინია!..

გაცუნცულდა თაგვი გარეთ,
გაცუნცულდა და რა ნახა?..
იქვე დახვდა ძია კატა,
სტაცა ხელი გადასანსლა.
თაგვს ხომ თაგვი მიტომ ჰქვია,
რომ ის კატის საჭმელია,
რომ ის კატის საჭმელია...
ვაი, ვაი, ვაი!..

გაიჭიმა ძია კატა,
გაილოკა ულვაშები,
ეშხიანად, მადიანად,
გადისვა მუცელზე ხელი...
რა კარგია, რა ნაღდია
და როგორ გამოსადეგი,
როცა კაცმა იცი
უცხო ენები!..

----------------------
ქემო ქავთარი

Thursday, November 17, 2016

ბოდიში



მე მთელი ღამე გავათენე შენზე ფიქრებში,
ბოდიშს გიხდიდი, თუმცა ამას  შენ არ ისმენდი.
ბოდიშს გიხდიდა, პატიებას გთხოვდა ეს გული,
დამწვარი შენი სიყვარულით და დატანჯული.

სადარბაზომდე მიგაცილე, ბნელოდა შიგნით...
მეშინიაო, მითხარი და მეც შემოგყევი,
ხელი ჩამკიდე, მომეხუტე და ვერც კი მივხვდი,
როგორ ვიპოვე სუნთქვის მიღმა შენი ტუჩები.

კოცნის სიტკბო და ვნების ცეცხლი რომ შეიცანი,
მყისიერ შეკრთი, გაექეცი ჩემსა მკლავებსა...
რა ცუდი ბიჭი ყოფილხარო, ასე მითხარი,
თუმცა მანამდე საპასუხო კოცნა გაგექცა.

გთხოვ, მაპატიე, თუ გატკინა გული ამ კოცნამ,
თუ შეგაშფოთა, გეწყინა და ისევ გაღელვებს...
ერთხელ გაკოცე,  ერთადერთი კოცნა შემორჩა,
შენი სახელის ბოდებაში დაღლილ ბაგეებს.

მე მხოლოდ მსურდა, ჩამეხედა შენთვის თვალებში,
მინდოდა, ყურში ჩუმად მეთქვა, რომ მე მიყვარდი...
შენ ვერ მიმიხვდი, გამექეცი, გამინაწყენდი,
პატიებას გთხოვ, მომიტევე, დიდი ბოდიში!..

-------------------------
ქემო ქავთარი

Saturday, November 12, 2016

ქორწილია!..


ქორწილია!..  ჟამი თქვენი ბედნიერების...
ქორწილია!..  ვარდობის და ყვავილობის დღე...
თამადა ასწევს ჭიქას, რომ თქვენ გადღეგრძელოთ,
ახალყვავილნო, იხარეთ და იბედნიერეთ!..

ფეხზე ამდგარა ხალხი, თქვენს სადღეგრძელოს სვამს.
ყველა გლოცავთ და ყველა გულით გისურვებთ კარგს...
და მეც გისურვებთ, მუდამ გიყვარდეთ ერთმანეთი,
დაგლოცავთ ძველებურად და...  ტკბილად დამიბერდით!

არ შეგერცხვინოთ ერი და ჩვენი საქართველო!
არ დაივიწყოთ არა, მამული სასახელო!
პატივი ეცით მშობელს, ძმას გაუწიეთ ძმობა,
მოყვარეს უმოყვრეთ და მტერს არ მოაკლოთ მტრობა!..

ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ და არსობის პური,
გაგამრავლოთ და შვილები მრავლად დაგეზარდოთ!..
შეაბერდით ტკბილად ერთურთს, გაიხარეთ გულით,
შვილთა შვილთა შვილთა შვილის ქორწილიც გენახოთ!

წუთისოფელი ბუტია ბავშვს არა ჰგავს, ხალხო,
დღეს გაგებუტოს, ხვალ კი ისევ შენ გეთამაშოს...
რაც წავა, წავა, ის მეორედ არ დაბრუნდება
და ეს ქორწილიც არასოდეს განმეორდება.

მხოლოდ თქვენს გულში, თქვენს რწმენაში, თქვენს ოცნებაში
დარჩება ეს დღე დაუვიწყარ მოგონებებად,
გაუნელებელ სიყვარულით თუ იწვის გული,
ქორწინების დღე არასოდეს დაავიწყდება.

------------------------
ქემო ქავთარი

Friday, November 11, 2016

შენა ხარ ჩემი ხატი წმინდათ-წმინდა...


შენა ხარ ჩემი ხატი წმინდათ-წმინდა
და შენ რომ მწყალობდე, მე მხოლოდ ის მინდა.
მე შენზე ფიქრებით გაწამებული ვარ,
უტყვი სიყვარულით გზააბნეული ვარ...

მაგრამ შენ არ იცი, ვისთვის რადა ფასობ,
ვისთვის რადა ღირხარ, შენ არ იცი, კარგო...
შენ უცხო მშვენებით გაშლილი ვარდი ხარ,
ციდან მოწყვეტილი კოხტა ვარსკვლავი ხარ.

მე რომ ვერ მივწვდები, შენ ის მწვერვალი ხარ,
მე რომ არ მეკუთვნის, შენ ის ყვავილი ხარ,
შენამდე ვერ მოვალ, თუმცა სულ ახლოს ხარ,
ჩემთვის რომ არ მღერის შენ ის ბულბული ხარ...

და მე ამ ხატის წინ ისე ვიფერფლები,
ისე ვიღველფები, რომ შენ ვერც კი ხვდები.
თუკი არ ეწერა ბედი ჩვენს სიყვარულს,
ისევ ის მერჩია, რომ არ მყვარებოდი.

არა, აღარა მწამს ქვეყნად არაფერი,
მხოლოდ შენზე ვფიქრობ, შენგან ვიტანჯები.
შენი სიყვარული გულს ისე ედება,
ვიცი, არაფერი აღარ მეშველება...

----------------------
ქემო ქავთარი

Thursday, November 10, 2016

უბედურ კაცს...


უბედურ კაცს არასოდეს
გაუღიმებს, ალბათ, ბედი...
და მე, ბედი რომ მქონოდა,
შენ არ შემიყვარდებოდი.

სიყვარული, სატანჯველად
რომ გექცევა, მწარე არის,
მაგრამ მაინც შენს სიყვარულს
ამ გულიდან ვერვინ წაშლის...

ჩემი ღმერთი შენ ხარ მხოლოდ,
შენს მეტი მე არვინ არ მწამს.
შენთან ყოფნა სულს მიმშვიდებს,
უშენობა ძლიერ მტანჯავს...

შენი სილამაზით ვტკბები,
ეგ მშვენიერება მათრობს...
ნეტა, შენ ჩემზე ფიქრობდე,
ჩემთვის არსებობდე, კარგო!..

უბედურ კაცს არასოდეს
გაუღიმებს, ალბათ, ბედი...
და მე, ბედი რომ მქონოდა,
შენ არ შემიყვარდებოდი.

---------------------
ქემო ქავთარი

Sunday, November 6, 2016

წვიმდა



წვიმდა, როგორ წვიმდა,
გახსოვს?.. შენც ხომ გახსოვს...
იცი, როგორ მინდა
ის დრო ახლა, ამ დროს?..
გახსოვს იმ საღამოს,
ფეხით დავდიოდით,
იმ თავსხმა წვიმაში,
ჩვენ ხელჩაკიდულნი?..
თითქოს გვიხაროდა,
მაშინ ჩვენ ეს წვიმა,
თითქოს არც გვინდოდა,
რომ გამოედარა...
თითქოს ცა ტიროდა
და იმის ტირილზე,
ეს ჩემი გულიც რომ
ცრემლად იღვრებოდა...
თითქოს ბედნიერი,
მაინც უბედური,
მოთქვამდა ეს გული,
კვნესოდა, ტიროდა...
ჩემს გვერდით რომ იყავ,
მე ამით ვხარობდი,
გული კი სხვა რამეს მთხოვდა...
ის შენს გულს ითხოვდა
და მე კი ვუშლიდი,
ამიტომ ეს გული
კვნესოდა, თრთოდა.
წვიმდა, ძლიერ წვიმდა...
გახსოვს?.. ვიცი გახსოვს...
ნუთუ შენ არ გინდა,
ის დრო იყოს ამ დროს?..

-----------------------
ქემო ქავთარი

Saturday, November 5, 2016

დავიგვიანე


დამიგვიანდა მოსვლა შენამდე,
შევფერხდი გზაზე, ვეღარ ვიარე...
მე, თურმე, ძლიერ დავიგვიანე,
შენ ჩემს მოსვლამდე სხვა შეიყვარე.

რა ძნელია, როცა იტანჯები
უიმედო სიყვარულით კაცი,
როცა იცი, შენზე არც კი ფიქრობს
შენთვის ერთადერთი წმინდა ხატი...

სხვას ეკუთვნის უკვე შენი გული,
მე ისევ შენს სილამაზეს ვეტრფი.
უშენობით შფოთავს ჩემი სული,
ისევ მხიბლავს მაგ თვალების ეშხი.

ისე, როგორც ხავსს წყალწაღებული,
უკანასკნელ იმედს ვეჭიდები.
იქნებ ქვეყნად მოხდეს სასწაული,
იქნებ ჩემსკენ მოგიბრუნდეს გული...

ანთებული სანთელივით იწვის,
დაჩაგრული ჩემი სიყვარული,
დასასრული აღარა აქვს ტანჯვას,
ლამის არის, ბოღმით გასკდეს გული.

რა ვიცოდი, თუკი შენი გული
უკვე სხვისი სიყვარულით ძგერდა,
რა ვიცოდი, თუკი შენი გული
ჩემს სიყვარულს არასოდეს დაიტევდა.

------------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, November 1, 2016

წვიმს...


წვიმს, ფანჯარაში იჭყიტებიან
ცნობისმოყვარე წვიმის წვეთები,
ცა ტირის, თითქოს,  მიწა სველია
ცრემლად დაღვრილი მლაშე ლექსებით.

წვიმის წვეთებში გამოკრთა სახე
და ცრემლით სავსე უძირო ტბები...
ტიროდი, თვალი ვერ იტევდა და
ჩამოგდიოდა ღაწვებზე ცრემლი..

წვიმს, ფანჯრის რაფას დახეთქებული
წვეთების  ხმები სიმშვიდეს მიფრთხობს...
და ცრემლით სავსე შენი თვალები
მეჩვენება, რომ ჩემს შველას ითხოვს.

შენ ნუ იტირებ, გულს ნუ მომიკლავ,
შენს ტირილზე ხომ მეც ავტირდები.
შენ არ გიჭირდეს, რა მინდა მე სხვა?..
თავს შემოგწირავ არც დავფიქრდები.

როგორ მოგხედო? რითი გიშველო?
ეგება გწყინდეს ჩემი ტრფიალი?..
სიყვარულზე რომ უარი მითხრა,
ბოღმით გასკდება გული ტიალი...

წვიმს, ფანჯარაში იჭყიტებიან
ცნობისმოყვარე წვიმის წვეთები,
ცა ტირის, თითქოს,  მიწა სველია
ცრემლად დაღვრილი მლაშე ლექსებით.

--------------------
ქემო ქავთარი


Monday, October 31, 2016

ძნელია, როცა...



ძნელია, როცა ხელსა ჰკრავ სიხარულს,
როცა გიყვარს და არ გინდა გიყვარდეს,
როცა შენ ებრძვი, შენს სათუთ სიყვარულს,
გინდა მოკლა და თვითონვე დაობლდე...

მე შენს უძირო, თაფლჩაღვრილ თვალებში,
დიდხანს ვეძებდი კითხვებზე პასუხებს.
გულის სიღრმეში მიმალულ განცდებში,
ტრფობის ტკივილი შენც ხომ არ გაწუხებს?

სულში ჩაგხედე, თაფლის სარკეებით,
ჩემს თავს ვეძებდი შენს ოცნებებში,
ვნახე, მხატავდი ძმური მოფერებით,
ვნებაგამოცლილ უმწიკვლო ფერებში.

ნატვრა მომიკვდა, ჩემი სიყვარული
გულში დავმარხე, მიწა მივაყარე...
ვეღარ  გავძელი, წავედი ტანჯული,
შენი თვალების იქით დავიმალე.

თუკი ებრძვი და ამარცხებ სიყვარულს,
მზად ხარ, მოკლა და თვითონვე დაობლდე,
მაშინ ამაოდ დაეძებ სიხარულს,
ტკივილი გტანჯავს და ცხოვრება გაოცებს...

-------------------
ქემო ქავთარი

Thursday, October 27, 2016

შენზე ვფიქრობ...


შენზე ვფიქრობ დღე და ღამე,
ამ ფიქრებში არა მძინავს...
უთქმელობით ვიტანჯები,
უშენოდ  უბედური ვარ.

გულისნადებს ვერ ვამჟღავნებ,
მეშინია, ვერსად ვამბობ...
ჩემს სიყვარულს ისე ვმალავ,
სხვას კი არა, შენც ვერ განდობ.

ლექსებს გიწერ და  გიმღერი,
რითმებს ჩემებურად ვაწყობ,
შენ კი ვერაფერს ვერ ხვდები,
უთქმელად ვგლოვობ და ვდარდობ.

შორსა ვარ, თუ ახლოს შენგან,
სიგიჟემდე მენატრები...
მინდა დაგიკოცნო სახე
და ეგ ლამაზი თვალები.

მინდა ისე ჩაგეხუტო,
ჩემმა გულმა თვითონ გითხრას,
რომ ავად ვარ სიყვარულით,
მეყვარები დიდხანს, დიდხანს!..

--------------------
ქემო ქავთარი

Monday, October 24, 2016

წითელი ვარდები


წითელი ვარდები გიყვარდა,
მე კი არ მომქონდა შენთვის...
არ ვიცი, გწყინდა თუ არა,
ალბათ, მაპატიებს ღმერთი.

შენთვის სხვას მოჰქონდა ვარდები,
წითელი ვარდები, კარგო...
არ ვიცი, გიყვარდა, თუ არა,
მას კი არ უყვარდი ამ დროს.

მე შენგან მოკლული გული მაქვს,
შენ კი კვლავ მარიდებ თვალებს...
ალბათ, მას დარჩები, ძვირფასო,
ვინც შენთვის მეტ ვარდებს დაკრეფს.

რად გინდა ასეთი ვარდები,
მებაღის ტრფობას თუ არ გრძნობს?..
ფუჭია ვარდის სილამაზე,
თუ სიყვარული არ ათბობს!..

წითელი ვარდები გიყვარდა,
მე კი არ მომქონდა შენთვის...
არ ვიცი, გწყინდა თუ არა,
ალბათ მაპატიებს ღმერთი...

----------------------
ქემო ქავთარი

Thursday, October 20, 2016

ანგელოზო


სიზმრად გნახე, გენაცვალე,
თეთრი კაბა გემოსა,
თმაში თეთრი ყვავილებით,
ჰგავდი შენ ანგელოზსა...

ანგელოზო, ჩემო კარგო,
სად გეძებე, სად არა...
გეძებე და ვერსად გპოვე,
შენზე ფიქრმა დამღალა.

სად გეძებე, სად არა...
დარდმა ცრემლად დამღვარა,
მე შენმა სიყვარულმა
ცხრა მთა გადამატარა.

დავდიოდი, დაგეძებდი,
მაგრამ ვერსად გიპოვე.
მე შენი სანატრელი ხმა
ვერსად ვერ გავიგონე...

თურმე გვერდითა მყავდი და
მე კიდე სხვას ვეძებდი,
მე შენზე შეყვარებული
სხვა სიყვარულს ვეძებდი.

ვერ ვიპოვე, ვერა, ვერა,
შენისთანა მე ვერსად...
ბედნიერი მინდა იყო,
ჩემთვის და ჩემთან ერთად!

--------------------
ქემო ქავთარი

Wednesday, October 5, 2016

ჯარისკაცები



ჯარისკაცები მიდიან ფრონტზე
და მათი სახე ღიმილს მოუცავს...
ვინ იცის ნეტა ფაშისტის ტყვია,
რომელ იმათგანს სიკვდილს მოუტანს?

ვინ იცის აბა, ვის რა მოელის?..
ვინ მოკვდება და ვინ გადარჩება?
ვინ გაიხარებს შინ დაბრუნებით
და ვისი შვილი ობლად დარჩება?

იქნებ დაეცეს ზოგი ბრძოლაში,
ზოგი ბანაკში უნდა იტანჯოს,
ზოგი გადარჩეს მხოლოდ იმიტომ,
რომ ან მოკვდეს და ან გაიმარჯვოს!..

იქნება ზოგი ყუმბარამ მოკლას,
ან იქნებ ტყვიამ გულს გაუაროს...
იქნება ზოგი ტანკს შეუვარდეს,
ან ამბრაზურას გადაეფაროს.

რამდენი ტანჯვა და გასაჭირი
წინ ჩვენს მეომრებს ჩასაფრებია?..
რამდენი ბრძოლა და ტყვიათ სრბოლა,
სისხლის დაღვრით რომ იმუქრებიან?

მაგრამ გულადად და შემართებით,
ჯარისკაცები წინ მიიწევენ...
სამშობლოსათვის, მომავლისათვის,
მამულისათვის თავსაც დასდებენ!..

----------------------
ქემო ქავთარი

Friday, September 30, 2016

ტყე შემოსილა მწვანედ...

  

ტყე შემოსილა მწვანედ,
ირგვლივ სიცოცხლე ფეთქავს,
გაზაფხულია, ახლა
უნდა ვხარობდეთ ერთად!..
ბაღში გაშლილა ვარდი,
ტყემალი ყვავის თეთრად,
მერცხლის ჭიკჭიკი ისმის
შაშვის ჭახჭახთან ერთად!..

ჩემს ცხოვრებაშიც ისმის
გაზაფხულის ხმა ლაღი,
ეს ახალგაზრდა გული
მაინც სავსეა დარდით...
შენ მხიარულობ კიდეც
და მღერის შენი ჩანგი...
ასე გარედან ჩანხარ,
შიგნით კი მეფობს დარდი.

გაზაფხულის მშვიდ ცაზე
შავი ღრუბელი მოსჩანს,
ჰა, უკვე თოვლი მოდის
და ჩემი გულიც მოთქვამს...
გამიჭაღარდა გული,
მწვანე ტყეს თოვლი მოსავს
სიკვდილის მოციქული
ჭაღარას აქეთ მოჰყავს...

დრო გადის, თოვლი შრება,
გაზაფხული კვლავ მოვა...
გულში ჭაღარა რჩება
სანამ სიკვდილი მოვა...


-------------------

ქემო ქავთარი


Wednesday, September 28, 2016

ყველაფერი დაიკარგა... (რედაქტირებული)

ყველა ფერი დაიკარგა,
უფეროა ყველაფერი,
ჩაიარა დრომ და სივრცეს
შეაწმინდა სველი ხელი...

ნუთუ ჩაქრა ტრფობის ცეცხლი,
სიყვარული დაიფერფლა?..
ანთებული სანთელივით
ჩაიწვა და ჩაიღველფა?..

ცხოვრებისგან დატანჯულმა,
მე ვერც შენგან გავიხარე,
მომატყუე, ო, რა მწარედ,
და სიმართლე დამიმალე.

არ გიყვარდი, რად არ მითხარ,
რად დამიგე ქალო მახე?
ნეტა, სულ არ გამეცანი,
ნეტა, სულ არ დამენახე!

ასე ხდება, კაპიტანი
გემთან ერთად იღუპება...
თუ შენს გულში არ ვიყავი,
ჩემი გული მოგიკვდება.

ყველაფერი ამაოა,
აზრსა კარგავს ყველაფერი,
დრომ სივრცეზე შეიწმინდა
თავისი მსახვრალი ხელი...

-----------------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, September 27, 2016

მე შენმა მზერამ...



მე შენმა მზერამ გული გამიპო,
შენმა თვალებმა ასე დამსაჯეს.
მეც ერთი გაკოცე... რა მოხდა? რა იყო?
მე შენმა ტუჩებმა დამწვეს და დამდაგეს.

მე შენზე ფიქრმა მომაჯადოვა
და ლამის არის ჭკვიდან შემშალოს...
უარს ნუ მეტყვი!.. ვიცი ვერ ავიტან...
უარი არ მითხრა და აღარ დამტანჯო...

მე შენი სახე სულ თვალწინ მიდგას
აბა შენს ღიმილს რა დამავიწყებს?..
შენზე ფიქრებში ღამე არ მძინავს,
მე შენზე ფიქრი დღეც არ მასვენებს...

შენ ალბათ უკვე აღარ გახსოვარ,
აღარ გადარდებს შენ ის პირველი...
შენ სხვაგან ხარ და ალბათ სხვა გიყვარს,
ახლა მე უკვე აღარ გჭირდები.

--------------------------
ქემო ქავთარი

Monday, September 26, 2016

მე შენ მიყვარდი



მე შენ მიყვარდი,
შენთვის ვმღეროდი,
შენ კი დამტანჯე,
გული გამიპე,
მე შენ მიყვარდი...

მე სუნთქვასავით
რომ მჭირდებოდი,
შენ ვერც მამჩნევდი
და გულს მიკლავდი.
მე შენ მიყვარდი...

შენგან ტანჯული
შენზედ ვმღეროდი.
შენ ვერ ხვდებოდი,
რომ მე მიყვარდი.
მე შენ მიყვარდი...

იქნებ იცოდი,
ეს სიყვარულიც
გეჩვენებოდა
მთლად უაზრობად?
მე შენ მიყვარდი...

შენ სხვას ეტრფოდი,
ეს მე ვიცოდი
და სიყვარულის
ცეცხლში ვიწვოდი.
მე შენ მიყვარდი...

მაინც მიყვარდი,
და გიმღეროდი,
შენ არ იმჩნევდი,
ან ვერ ხვდებოდი,
მე შენ მიყვარდი...

---------------------------
ქემო ქავთარი

Thursday, September 22, 2016

თოვლის ფიფქი



ნელ-ნელა მოდის ციდან
პაწაწა თოვლის ფიფქი...
თუ შეუძლია, ნეტა,
მას ოცნება ან ფიქრი?..

ნელ-ნელა მოდის ციდან
და მას მოჰყვება სხვებიც...
თოვლმა დაფარა თეთრად
მდელოები და მთები.

ო, რა ლამაზად ბარდნის,
ო, რა ლამაზად თოვს...
თოვლის ფიფქები ნელა
მიზოზინობენ შორს...

ო, რა ლამაზად ბარდნის
და მეც შევხარი თოვლს...
ბაღში გოგონა დადის
და ის მიკარგავს გონს...

როცა გოგონა არ ჩანს,
ეს არემარე დუმს.
შემომაწვება დარდი,
და დამიმძიმებს გულს...

ფიფქი უკოცნის სახეს,
მე მაგ ფიფქების მშურს...
ისე მიყურებს, თითქოს
მე არ მიკლავდეს გულს.

ნელ-ნელა მოდის ციდან
პაწაწა თოვლის ფიფქი...
თუ შეუძლია, ნეტა,
მას ოცნება ან ფიქრი?..

-----------------------------
ქემო ქავთარი

Saturday, September 17, 2016

შენი ხომალდი...



შენი ხომალდი ნაპირს მოადგა,
მე ნავსადგურში გიცდი.
მე მთელი დღეა აქ გელოდები,
შენ, ალბათ, არც კი იცი.
მოდიხარ, მედიდურად მიყურებ,
გულში მედები ლახვრად.
მშობლიურ მხარეს ნახავ ცოტა ხნით
და მერე ისევ წახვალ...

შენი ხომალდი ზღვაში მიცურავს
და მას სდევს ჩემი ფიქრი,
მე შენგანა მაქვს გული მოკლული,
შენ, ალბათ, არც კი იცი.
ტალღებს გავანდე გულის ნადები,
ერთი მაინც ხომ იტყვის...
კვლავ იწვიმებს და ნაწვიმარ მთებზე
კვლავ ჩამოწვება ნისლი.

დიდი ხნის შემდეგ, კვლავ დაბრუნდები
ძებნას დამიწყებ ფიქრით,
მე ნავსადგურში აღარ დაგხვდები,
ვიქნები ცხრა მთას იქით...
და გაიხსენებ, რომ არსებობდა
ერთი სულელი ბიჭი...
ის შენ სიყვარულს გეფიცებოდა,
შენ არ გჯეროდა მისი.

--------------------
ქემო ქავთარი