Showing posts with label ელეგია. Show all posts
Showing posts with label ელეგია. Show all posts

Monday, January 6, 2020

გათენებამდე


გათენებამდე ვმწყემსე ფიქრები,
საკუთარ ცხედარს ღამეს ვუთევდი,
მთაწმინდის იქით გადავყევ მთვარეს,
ჩემი ვარამი ვუთხარ უკლებლივ...

ისე ჩავფლულვარ არაფრის ქმნაში,
დრო აღარ მრჩება რამის კეთების,
უაზროდ ყოფნის პიკზე შემდგარი
ვუსმენ ხმას ჩემი ნერვების ფხრეწის.

ისე დამღალა არარაის ქმნამ,
არარაობა ისე მხრავს ძვლებში,
ისე შემზიზღდა ეს უძრაობა,
როგორც უტიფრად ნაქები ლექსი.

უსამართლობით ზურგგაშოლტილი
მღაღადებლის ხმა არავის ესმის,
მართალ სამართლის ძებნა-ლოდინში,
ლამის რომ ხმელად შეიქმნას ნედლიც.

საბედისწერო ბრძოლის ზღვარზე ვარ
და შინაგანი ჩამესმის ხმები:
„შენ გადარჩები, თუ გაიმარჯვებ
და გაიმარჯვებ, თუ გადარჩები!“

ჩაგორდა მთვარე მთაწმინდის იქით,
შარავანდედი ჰქონდა ღრუბელის...
ძილიც გამიტყდა მე - გულგატეხილს,
ფიქრში ვათიე ღამე წუხელის.



06.01.2020
ქემო ქავთარი
------------------

Sunday, November 27, 2016

სისხლის წვიმა...



სისხლის წვიმა მოდის ჩემი ოცნებების ბაღში,
შხამი მიდუღს სისხლის ნაცვლად ალბათ ყველა ძარღვში,
ცრემლის ღვარი და ნაღველი მეღვრება მე გულში,
ცხრაჯერ ვკვდები მე დარდისგან, სევდისაგან წუთში...

ცა ჩამოიქცა ჩემს თავზე და დამეცა მეხი,
არ მეგონა, ასე ძლიერ გამწირავდა ღმერთი...
გამოვიტანეთ სახლიდან მხრებით ორი კუბო,
ორჯერ ბაგემ იგრძნო მშობლის ცივი შუბლის სითბო.

მამის სიკვდილმა მე გულზე დამცა მძიმე ლოდი,
დედის სიკვდილმა იგი ხომ სულმთლად დამიმძიმა...
გულიდან წვეთ-წვეთ მდის სისხლი და შიგ სულში მოდის,
ლამის დავიხრჩო ჩემს სისხლში და ვერსად გავრბივარ...

თავში ფიქრი მიდუღს მძიმე, გულში კი ვარამი,
როგორ გადიტანოს სულმა ამხელა ზარალი?..
სამუდამოდ გაბატონდა ჩემში ალბათ დარდი,
ჩემი ოცნების ბაღებს კვლავ სისხლის წვიმა აწვიმს!..

--------------------------
ქემო ქავთარი

Wednesday, November 2, 2016

ჰეი, სიკვდილო!..


უჩინარი ხარ, ვერ გხედავდი და შორს მეგონე,
აქვე ყოფილხარ, კუდში დამდევ, თურმე, სიკვდილო!..
ბევრი კაი ყმა წაიყვანე და მე დამტოვე...
ვერ გამიგია, ვიცინო თუ უნდა ვიტირო.

ერთი ბოლო აქვს მდიდარს, ღარიბს, კეთილს და ბოროტს,
სუსტსა და ძლიერს... ცას და მიწას ვინ შერჩენია?..
აქ წუთისოფლის სტუმრები ვართ, დროებით ვცხოვრობთ,
ყველა მოკვდება, ქვეყანაზე ვინც გაჩენილა...

ჰეი, სიკვდილო, სანამ წავალთ თხოვნა მაქვს ერთი,
სულეთს მისულმა, რაღაცა ხომ უნდა ვაკეთო...
ისეთი საქმე მომინახე, დაგლოცავს ღმერთი,
იმ ქვეყნიდანაც ვემსახურო ჩემს საქართველოს!..

----------------------
ქემო ქავთარი

Monday, October 17, 2016

ტატოს


მეც უვალ ბილიკებს მივყვები, ტატო,
და ავბედითობას ბედისას ვდარდობ...
ცხოვრებამ ეულად დამტოვა, მარტო,
ბნელიდან ნათელში გასვლას მეც ვნატრობ.

მინდა გავეკიდო მიჯნურის ამბორს...
ჩემს დარდებს და ტკივილს ვერავის ვანდობ,
ლამაზი ვარდები, მინდა, რომ დავრგო
და ჩემი ცხოვრებით ქვეყანას ვარგო...

მტკვარი მოდუდუნებს, რაღაცას ამბობს...
იქნება ჩემსავით ისიც კვლავ ნაღვლობს,
რომ აწმყო ძირმწარე ვარამით გვათრობს,
სინათლეს რომ ისევ სიბნელე აქრობს...

მივდევ შორს, წყვდიადში მომღიმარ მნათობს
და აკივლებული ყორანი მაკრთობს...
ქვეითად მავალი შენს მერანს ვნატრობ,
რომ ვერ მივაღწიო, ბოღმა დამახრჩობს.

მეც უვალ ბილიკებს მივყვები, ტატო,
და ავბედითობას ბედისას ვდარდობ...
ცხოვრებამ ეულად დამტოვა, მარტო,
ბნელიდან ნათელში გასვლას მეც ვნატრობ.

----------------------------
ქემო ქავთარი

Sunday, October 9, 2016

დარდიანი დარდიმანდი


მთელი ცხოვრება ერთი წამია,
გაჭენებული დრო და ჟამია...
ჩემი ცხოვრება დიდი დარდია
და დარდიანი მარტო დავდივარ.

ღვინოში ვახრჩობ დარდსა და ნაღველს,
არ ვარ გულქვა და არ ვარ უგულო,
არ შემიძლია, ფხიზელი თვალით,
ამ წუთისოფელს, როგორ ვუყურო?..

მთელი ცხოვრება ერთი წამია,
გაჭენებული დრო და ჟამია...
ჩემი ცხოვრება დიდი დარდია,
მე დარდიანი დარდიმანდი ვარ!

--------------------------
ქემო ქავთარი

Saturday, October 8, 2016

გაფრენილან წლები...



გაფრენილან წლები, როგორც ფიქრები,
მიმავალნი შორს და არაფრისმთქმელნი...
დახლართული აზრით წვალობს გონება,
დრო კი მიდის, მიდის მიიზმორება.

ბედ-იღბალი იმნაირად ტრიალებს,
ვერც გაიგებ, როგორ გაგატიალებს,
მარტოობა გაგიახლებს იარებს,
ვეღარ იგრძნობ ამ ცხოვრების სიამეს.

ეს ცხოვრება გადაიქცა კოშმარად
და ქვეყანა დაემსგავსა ჯოჯოხეთს,
დარდისაგან თვით ბახუსიც დამთვრალა,
ჩემთან ერთად ქეიფობს და ქოთქოთებს...

ჩამოასხი, ერთიც უნდა დავლიო,
ეს ცხოვრება, რომ ქეიფში გავლიო,
ღვინის სმით და სევდიანი ღიღინით
გავათენო მივეგებო ალიონს...

--------------------------
ქემო ქავთარი

Friday, October 7, 2016

მთვარის ნათელი არემარეს...


მთვარის ნათელი არემარეს მკრთალად ანათებს,
ვარსკვლავთა გუნდი ღამის მნათობს ლაზათსა მატებს...
გონება ებრძვის ამ ცხოვრების აღმართ-დაღმართებს,
მაგრამ ამაოდ... ეჰ, თავის თავს რასმე დაჰმართებს...

მე ვეღარ ვუცქერ უშფოთველად თეთრ თოვლის ფიფქებს,
ვერც მოწმენდილ ცას, ვერც გაშლილ ზღვას, ვერც ნაძვის გირჩებს...
აზრთა ჭიდილი ჩემს გონებას უფრო ღრმად ითრევს,
ვერვინ მიხვდება, რა სენი მჭირს და ვერას მირჩევს.

ღმერთო, მომეცი ძალა, ჩავწვდე ცხოვრების სიღრმეს!..
სამყაროს არსი და საწყისი შევიცნო იქნებ...
მოწყალე თვალით გადმოხედე ჩემს აზრს და ფიქრებს,
სადაც დუღს გონი უდიდესი, მიმმართე იქეთ!..

მთვარის ნათელი არემარეს მკრთალად ანათებს,
ვარსკვლავთა გუნდი ღამის მნათობს ლაზათსა მატებს...
გონება ებრძვის ამ ცხოვრების აღმართ-დაღმართებს,
მაგრამ ამაოდ... ეჰ, თავის თავს რასმე დაჰმართებს...

-----------------------
ქემო ქავთარი

Thursday, October 6, 2016

მარტო დარჩენა...



მარტო დარჩენა თითქოს მაშინებს,
ჩემი ფიქრები მე თვითონ მზარავს,
სხვებთან მხიარულს და ხალისიანს
სევდა-ნაღველი მთლიანად მფარავს...

რას აღარ ფიქრობს ჩემი გონება,
სიკვდილ-სიცოცხლეს, ცხოვრების ავ-კარგს...
ვიწრო ოთახის უშნო კედლები
თავზე მაყრიან ჩემსავე ვარამს.

ჩემს თავზე ვბრაზობ და აშლილ ნერვებს
ვეღარ ვიოკებ, ვეღარ ვჩერდები...
ასე მგონია, ჩემზე გამწყრალან
მთელი ოლიმპის ძველი ღმერთები...

და გამიქრება სულიდან სითბო,
გაიყინება მთლად სიყვარული,
აგრესია და მოძმეთა შური
ჩემშიც ყოფილა შემოპარული...

ოთახში მარტო, თვალდახუჭული,
თვალნათლივ ვგრძნობ ჩემს არარაობას...
უძლური ვცდილობ ფეხზე დადგომას
და არ ვაპირებ ამპარტავნობას.

მარტო დარჩენა თითქოს მაშინებს,
ჩემი ფიქრები მე თვითონ მზარავს,
სხვებთან მხიარულს და ხალისიანს
სევდა-ნაღველი მთლიანად მფარავს.

--------------------------

ქემო ქავთარი

Monday, October 3, 2016

არ ვიცი, რა მჭირს...



არ ვიცი, რა მჭირს ვერ გამიგია,
რატომ გაივსო ნაღველით გული?..
თითქოს დავმძიმდი მეტი დარდისგან,
რაღაცამ თითქოს დაბორკა სული...

საქმე ათასი, ფიქრი ულევი,
განსჯა, ჭოჭმანი და სინანული...
უაზრო ყოფა, უმიზნო ლტოლვა,
არც სიყვარული, არც სიხარული...

კეთება იმის, რაც არ გიზიდავს,
რაც არ ჭირდება არავის, მაგრამ
სხვა გზა არ არის, ამ გზით დაღლილი
ძვირფას დროს ასე უბრალოდ ვკარგავ...

თავს ძალას ვატან და არ ვჩერდები,
მივაპობ მღვრიე ცხოვრების ტალღებს,
არა, ადვილად ბედს არ ვნებდები,
თუმც განსაცდელი სულ კუდში დამდევს...

არა, დინებას მე არ გავყვები,
მაინც გავიტან ცხოვრების ლელოს...
გავალ გაღმა და ბაგირს გავიტან,
რომ ამ ბაგირმა სხვასაც უშველოს.

--------------------------
ქემო ქავთარი

Friday, September 30, 2016

ტყე შემოსილა მწვანედ...

  

ტყე შემოსილა მწვანედ,
ირგვლივ სიცოცხლე ფეთქავს,
გაზაფხულია, ახლა
უნდა ვხარობდეთ ერთად!..
ბაღში გაშლილა ვარდი,
ტყემალი ყვავის თეთრად,
მერცხლის ჭიკჭიკი ისმის
შაშვის ჭახჭახთან ერთად!..

ჩემს ცხოვრებაშიც ისმის
გაზაფხულის ხმა ლაღი,
ეს ახალგაზრდა გული
მაინც სავსეა დარდით...
შენ მხიარულობ კიდეც
და მღერის შენი ჩანგი...
ასე გარედან ჩანხარ,
შიგნით კი მეფობს დარდი.

გაზაფხულის მშვიდ ცაზე
შავი ღრუბელი მოსჩანს,
ჰა, უკვე თოვლი მოდის
და ჩემი გულიც მოთქვამს...
გამიჭაღარდა გული,
მწვანე ტყეს თოვლი მოსავს
სიკვდილის მოციქული
ჭაღარას აქეთ მოჰყავს...

დრო გადის, თოვლი შრება,
გაზაფხული კვლავ მოვა...
გულში ჭაღარა რჩება
სანამ სიკვდილი მოვა...


-------------------

ქემო ქავთარი


Sunday, September 25, 2016

ვაი, თუ...



ვაი, თუ ნებისყოფა მღალატობს,
ვაი, თუ გავურბივარ ცხოვრებას...
რა ვქნა, რომ ვერ ვპოულობ ვერა ფონს,
რა ვუყო ამ ამღვრეულ გონებას?..

რა ვუყო, დამაწვა გულს ნაღველი...
მწარეა სევდა, ცხოვრება ძნელი...
გაფრინდა ბავშვური ვარდისფერი
და დარჩა ტკივილი ბევრზე ბევრი.

ტკივილი წარსულში მიღებული,
კვალი რომ დამიტოვა უხეში...
აწმყო, მომავალი უბედური,
ლამის რომ წამართვას ნუგეში.

---------------------------
ქემო ქავთარი

Thursday, September 22, 2016

თოვლის ფიფქი



ნელ-ნელა მოდის ციდან
პაწაწა თოვლის ფიფქი...
თუ შეუძლია, ნეტა,
მას ოცნება ან ფიქრი?..

ნელ-ნელა მოდის ციდან
და მას მოჰყვება სხვებიც...
თოვლმა დაფარა თეთრად
მდელოები და მთები.

ო, რა ლამაზად ბარდნის,
ო, რა ლამაზად თოვს...
თოვლის ფიფქები ნელა
მიზოზინობენ შორს...

ო, რა ლამაზად ბარდნის
და მეც შევხარი თოვლს...
ბაღში გოგონა დადის
და ის მიკარგავს გონს...

როცა გოგონა არ ჩანს,
ეს არემარე დუმს.
შემომაწვება დარდი,
და დამიმძიმებს გულს...

ფიფქი უკოცნის სახეს,
მე მაგ ფიფქების მშურს...
ისე მიყურებს, თითქოს
მე არ მიკლავდეს გულს.

ნელ-ნელა მოდის ციდან
პაწაწა თოვლის ფიფქი...
თუ შეუძლია, ნეტა,
მას ოცნება ან ფიქრი?..

-----------------------------
ქემო ქავთარი

Wednesday, September 21, 2016

უფულო კაცი...



უფულო კაცი სუსტია, თურმე,
არ გააჩნია, არა აქვს ძალა...
უფულოს კაცად არ გთვლიან, თურმე,
ფული ყოფილა ცხოვრების ღალა...

ფული ყოფილა მთელი ქონება
და თუ არა გაქვს საკმაო თანხა,
არა რა არის შენი ცხოვრება,
ვერ იარსებებ, შორს ვერსად წახვალ...

--------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, September 20, 2016

გულგატეხილი ყველაფერზე...


გულგატეხილი ყველაფერზე
ფიქრების ჯაჭვს ვახვევ და ვახვევ,
ასე მგონია, დავსნეულდი,
დარდს და ნაღველს თავს ვეღარ ვართმევ...
თითქოს მომწყვიტეს მე სამყაროს
და ღამეებს წყვდიადში ვათევ,
ვერ შევეგუე ამ ცხოვრებას,
ხან ის მათრევს და ხან მე მივათრევ...

წრფელი გულით და წმინდა ნიჭით,
დიდი შრომით ანთებულ სანთელს,
ჭაობი ვრცელი და უძრავი
გარს აკრია... ლამის, რომ ჩაქრეს...
დრო მეფეთ მეფე ,მბრძანებელი,
უცნაურად არიგებს საქმეს,
ზოგჯერ მებაღე, ვარდს რომ სთესავს,
სანაცვლოდ კრეფს ეკალს და ბარდებს...

თუ შეგხვედრიათ ან გიგრძვნიათ
ამაო სიბრძნე და სივალალე?..
რომ უგუნური ბატონობდეს
და ვეზირად რეგვენი ჰყავდეს...
მწარე ნაღველი ფიქრი მძიმე
გულს მისერავს, ლამის სულს მართმევს...
ვერ შევეგუე ამ ცხოვრებას,
ხან ის მათრევს და ხან მე მივათრევ.


--------------------
ქემო ქავთარი

Friday, September 16, 2016

წუთისოფელი


ვზივარ და ვფიქრობ; რა არის ეს წუთისოფელი?..
დაიბადები, ამ ქვეყანას მოევლინები...
უნდა იჩქარო, გსურს კეთება თუცა რამისა,
ამ ქვეყანაზე ხელმეორედ ვერ დაბრუნდები...

არ უნდა ჰკარგო დრო, არც ერთი წუთი, არც წამი,
ნურც ფიქრს მიიჩვევ, არც ძილმა არ მოგწყვიტოს თავი...
განა ძილში რა  ცოცხლები ვართ?.. ვართ ისევ მკვდარნი...
მძინარე მებრძოლს დაკარგული აქვს თვისი თავი.

ან ბევრი ფიქრი რას გვარგია?.. გვარგია რამეს?..
თუ გაგვიჩნდება საფიქრალი, ვიტეხავთ თავებს...
იმას არ ვამბობ, არ ვიფიქროთ სულ არაფერზე
და ყველაფერით მიჯაჭვულნი ვიყოთ ჩვენ ღმერთზე.

დავბერდებით, ასეთები არ ვიქნებით აღარა...
როს სიკვდილის მოციქული გვესტუმრება, ჭაღარა,
დავფიქრდებით, რა ვაკეთეთ?.. ზოგმა რა და ზოგმა რა...
მოვა მიქელ-გაბრიელი... გვეშველება?... აღარა!..

--------------------
ქემო ქავთარი

Thursday, September 15, 2016

უფორმო ფორმა...


უფორმო ფორმა, უაზრო აზრი,
შორს ჰორიზონტზე თეთრი ღრუბლები...
ფიქრთა ნაკადი უძრავად დაჰქრის,
მეც მათ მივყვები, ვეღარ ვბრუნდები.

გაორებული თავს ვეღარა ვცნობ,
ვერ გამიგია, რა მსურს რა არა,
დაკარგულ დროის მძიმე ტკივილს ვგრძნობ
ამდენი ტანჯვა ნუთუ არ კმარა?..

ლურჯი ცის ფონზე ღრუბლის ფთილები
კვლავ ნაირნაირ სახეებს ხატავს...
ჭაობში მდგარი ღმერთს შევღაღადებ,
ცაში გაფრენის სურვილი მდაგავს.

--------------------
ქემო ქავთარი


Tuesday, September 13, 2016

ნურაფერს მეტყვი!


ისევ ბუნდოვნად ჩანს მომავალი,
წინ ვერ მივიწევ და ადგილს ვტკეპნი,
ნისლი ჩამოწვა ჩემს ცხოვრებაში
და ვეღარ ვარჩევ, სადაა გზები...

ამ უგზოურში საით წავიდე?
შემომეკვეცა ოცნების ფრთები...
მე უცაბედად კვლავ დავღონდები,
ვერაფერს მირჩევ, ნურაფერს მეტყვი!

ასე დაბნეულს მნახავს ბახუსი,
ფიალას მაწვდის ქეიფის ღმერთი,
დავლევ, ვიმღერებ, ისიც ბანს მომცემს...
ღვინოს ვსვამ, მაგრამ დარდისგან ვთვრები.

დარდი აწმყოსი, დარდი წარსულის,
ამაოდ წყალში ჩაყრილი წლები...
ნუთუ იმდენად განწირული ვარ,
რომ არც მომავლის მქონდეს იმედი?..

გზააბნეული და განწირული
ამაოდ ვიბრძვი, ამაოდ ვთვრები,
კვლავ დავღონდები და გავყუჩდები...
ვერაფერს მირჩევ, ნურაფერს მეტყვი!

--------------------
ქემო ქავთარი

Monday, September 12, 2016

მარტოობა



სევდიანი, დარდიანი, ნაღვლიანი
მარტოობა კაეშანის ლანდი არის...
არ იფიქროთ, მარტოობა კარგი არის!..
ტკივილია უსაშველო, ადრიანი.

ფიქრებია წარსულის და მოგონება,
განვლილ დღეთა ძახილი და შთაგონება,
მომავალის უიმედო მოლანდება,
მოშუშებულ იარათა განახლება...

სევდა, დარდი, ტკივილი და ისევ სევდა...
ამ დარდებში იმედი მთლად იკარგება
და უბედო ბედი ჩემი იქარგება...
მომავალიც მარტოობით ითანგება.

----------------------
ქემო ქავთარი

Friday, September 9, 2016

წვეთ-წვეთად წვეთავდა ...



წვეთ-წვეთად წვეთავდა ყოველი წამი
და თითქოს ნელ-ნელა ჟონავდა ჟამი...
ო, ისე ჩქარობდა დრო, როგორც ქარი...
წლები გაფრინდა და ვერ მოვკარ თვალი.

უცებ შეიცვალა ცხოვრების დარი,
ბავშვურ ილუზიებს გაუჩნდა ბზარი...
ბედი ულმობელი ყოფილა, ავი...
ერთად ვერა სძოვენ მგელი და კრავი.

დიახ, ვარდისფერი გამუქდა უკვე,
ცხოვრება გართობა არ არის თურმე...
ჭაობი ყოფილა, ბინძური წუმპე...
განვლილ გზას დავტირი, ღამეებს ვუთევ.

---------------------
ქემო ქავთარი

Thursday, September 8, 2016

მარტო ვარ, სულ მარტო...



მარტო ვარ, სულ მარტო...
მარტო ვარ, სულ მარტო
დავიარები ობლად.
დავდივარ, დავდივარ
სულ ასე დავდივარ...
არცა ვტირი, არც ვოხრავ...

ბედმა ეს მარგუნა
და რაკი მარგუნა,
შევურიგდები ბედსაც...
და თუკი გაჭირდა,
თუ უფრო გაჭირდა,
ავიტან უფრო მეტსაც...

მაგრამ სადღაც აქ,
გულის სიღრმეში
მეც მაქვს პატარა დარდი...
მავანი მდიდრდება
და „ეს ახალგაზრდა“
ისევ ისეთი დადის...

დავდივარ, დავდივარ
და გულში დარდი მაქვს,
დრო კი გადის და გადის...
ქვეყანა შენდება
მზე კი ძველებურად
ხან ამოდის ხან ჩადის.

ბედის ბორბალი
სწრაფად ტრიალებს,
არ ვიცით ვის რა გველის,
მაგრამ იმედი
უნდა ღვიოდეს,
იმედი გვქონდეს წრფელი!

---------------------
ქემო ქავთარი