Showing posts with label ათამდე. Show all posts
Showing posts with label ათამდე. Show all posts

Sunday, December 4, 2016

ჩამოთოვა...


ჩამოთოვა უკვე მთაში.
ადრეული თოვლია...
ჟრუანტელი მივლის ტანში,
შენი კოცნა მგონია.

შენს შემოხედვას ვამსგავსე
თოვლში ჩამდნარი სხივი,
ჩამოურბენს თოვლიან მთებს
ათინათი ღიმილის.

ქარი შენსავით კისკისებს,
ექოდ დაქრის ხევდახევ,
აწკრიალებს ზანზალაკებს,
თითქოს გვიხმობს მე და შენ.

თოვლიან გზას მივუყვები,
შენთან ერთად, ღიღინით...
მომდევენ მოგონებები,
ფიქრი მათოვს ფიფქივით.

-------------------
ქემო ქავთარი

Friday, November 25, 2016

ტირის ღამეული სიჩუმე...


ტირის ღამეული სიჩუმე,
გრგვინავს მდუმარება ტაძრის,
ჩუმად სიყვარულზე ჩურჩულებს
ლოცვად მუხლმოყრილი კაცი...

უძირო თვალების ზმანება,
სევდა, ნაღველი და დარდი...
აწეწილ ფიქრებში არ ცხრება
უიღბლო სიყვარულის ლანდი.

ოდესღაც ბედნიერი დღეები,
ახლა კი ტკივილი მძაფრი...
კოშმარად ქცეული სიცოცხლე
ბორგავს და ნელ-ნელა გადის.

წარსულში გაფრენილან ფიქრები,
მისდევენ გულისსწორის აჩრდილს.
ქვითინებს ღამეული სიჩუმე,
გუგუნებს მდუმარება ტაძრის!..

---------------------
ქემო ქავთარი

Wednesday, November 16, 2016

ფიქრთა თარეში




ტანჯავს ამღვრეულ გონებას
ფიქრთა თარეში,
მოგონებები ჩნდება კვლავ
მრუმე ღამეში.
წრფელი გრძნობა და გულისთქმა
ტრფობა ხავერდი...
და ოცნებების სანთელი
ცრემლად ნაღვენთი...

პირველი კოცნა, პირველი
ცეკვა და ლექსი,
გრძნობის გამხელა, გახსნილი
გულის კარები...
თრთოდენ წითელი ვარდები
ჩუმი ალერსით,
მოგონებები ჩნდება კვლავ
მრუმე ღამეში.

----------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, November 15, 2016

როგორ ვცდებოდი...



როგორ ვცდებოდი მე, როცა მეგონა,
ვერვინ წამართმევდა შენს თავს.
თურმე სიყვარულსაც ყოლია მტერი,
ოცნების კოშკებს რომ ლეწავს...

მე, შენსკენ მომავალს, დამადებს ხუნდებს
და სადღაც საკანში მკეტავს,
შენ კი საპატარძლოს შავად შეგმოსავს
და დაგაახლოვებს ცრემლთან.

რატომ გაგვწირა წუთისოფელმა,
რად გაგვიმეტა ბედმა?..
მაგ ლამაზ თვალებს ისევ დავეძებ,
ღამეებს ვათენებ თეთრად.

---------------------
ქემო ქავთარი

Friday, November 4, 2016

ქარწაღებული


იდგა დეკემბერი, თოვლიან ტირიფებს
ქარი უბერტყავდა ტოტებს... ძირს ცვიოდა
თოვლი, თეთრი თოვლი ქუჩებს ათეთრებდა,
ხეებზე მობუზულ ბეღურებს სციოდათ.

ქარი ქუჩა-ქუჩა წითელ ვარდს ათრევდა,
გამხმარი ფურცლები გზადაგზა სცვიოდა.
შენი სიყვარულის სიმბოლო, რჩეული,
ახლა ქარს მიჰქონდა და მწარედ ტიროდა...

იდექ აივანზე და ჩუმად უმზერდი,
ქარი რომ ნავარდალს ტროტუარს ახლიდა,
ძველი სიყვარულის მოკვლა განიზრახე
და ახალ ცხოვრებას იწყებდი ამ დღიდან...

იდგა დეკემბერი... იქნებ ნოემბერი?..
ანდა იანვარი?.. იყოს სულერთია...
ჩემი დავიწყება უკვე გადაწყვიტეს,
იმ წვეულებაზე მე არ მიმელიან...

წლებმა გაიყოლა ბევრი წვეულება
შენი უგულობით გული გამიბზარე...
ალბათ, მაშინ შევცდი, მაშინ შევიშალე,
როცა სიცოცხლეზე მეტად შეგიყვარე...

ისევ დეკემბერი დადგა  და  აცივდა,
კიდევ ერთი წელი უჩუმრად გაფრინდა,
სტუმრები მოსულან და სუფრა გაშლილა,
შენს სადღეგრძელოზე ყანწები დაცლილა...

ვარდები გაჩუქეს, ფიქრი აგერია
და მოგონებები ნისლში ჩაგელია,
ცრემლები მოგადგა, გული გაგელია,
გულს ქარწაღებული ვარდი ჩაგრჩენია...

მორჩა წვეულება და შუაღამისას
მე სიზმრად გესტუმრე, სხვა გზა რომ არ იყო...
ნიაღვრად მოვარდა ნაკადი გრძნობისა
და კოცნა-ალერსის მდინარემ წაგიღო...

შფოთვით გაგეღვიძა, კანკალი დაგეწყო,
თითქოს მოთმინების ფიალა აგევსო,
ცრემლიან თვალებში ოცნება გაბრწყინდა
და ჩემი განდევნის სურვილი გაგიქრა...

ინატრე, სიზმრიდან ცხადში მოვსულიყავ,
ფიქრებით მეძახდი, მიხმობდი გონებით...
ციდან ვარსკვლავების სხივებს ჩამოვყევი,
როგორღაც შევძელი და მაინც მოვედი...

დიდხანს, მონატრებით თვალებში გიყურე,
კოცნად ვიქეცი და ტუჩებზე დაგაკვდი...
ტრფობის ოკეანე ერთად გადავცურეთ,
სულმთლად ჩაგისუნთქე და გულში გადამცდი.

ასე სუნთქვასავით როცა მჭირდებოდი,
ისევ გამექეცი, მაქციე წარსულად.
ჩემს გულში მზესავით ენთე და ვიწვოდი,
შენ სხვას ეკუთვნოდი, უთბობდი სასთუმალს...

ბევრჯერ გამებუტე, თუმცა კვლავ შევრიგდით,
ნაპარავ გრძნობებით ვთვრებოდი ლოთივით...
გულით გიყვარდი და გონებით მდევნიდი,
მაინც გადამაგდე დაცლილი ბოთლივით.

არ მინდა, შენს თვალებს ცრემლი ასველებდეს,
გული გტკიოდეს და დარდები გძალავდეს...
წავალ და საერთოდ უკვალოდ გავქრები,
ოღონდაც შენს სახეს ღიმილი ფარავდეს!..

სამყაროს გადაჰკრავს მუქი ჟოლოსფერი,
დრო თავად გამხდარა დროის მენეჯერი...
თვე თვეს გაჰყვება და მოვა ოქტომბერი,
მერე ნოემბერი და კვლავ დეკემბერი...

მოვა დეკემბერი, უფრო აცივდება,
კიდევ ერთი წელი ჩუმად გაფრინდება...
სტუმრები მოგივლენ, სუფრა გაიშლება,
შენი სადღეგრძელო ყანწით დაილევა...

ვარდებს გაჩუქებენ, ფიქრი აირევა...
სადღაც მოგონების ნისლი აიშლება,
ცრემლი მოგადგება, გული გეტკინება,
ქარს გატანებული ვარდი ატირდება...

მორჩება დღეობა, ხალხი აიშლება,
სიზმრად გესტუმრები, სხვა გზა არ იქნება.
კოცნით გაგაბრუებ, სუნთქვა შეგეკვრება,
გრძნობა და გონება ერთად აღელდება...

შფოთვით გაიღვიძებ, თრთოლვა აგიტყდება,
ცრემლიან თვალებში ვნება გაბრწყინდება.
მერე, მოთმინების ძაფი გაგიწყდება,
იტყვი: ვერ შევძელი შენი დავიწყება!..

--------------------
ქემო ქავთარი



Thursday, November 3, 2016

დრო გამონახე...


დრო გამონახე და სადმე შემხვდი,
გავისეირნოთ ქუჩაში ფეხით...
სმენა დამიამე მიჯნურის ლექსით,
შემომანათე თვალები ეშხით...

ვნებით ამავსე და სავსე მკერდზე
იგრძენი ჩემი თვალების ცეცხლი...
მერე გაყუჩდი და უნებურად
ოდნავ ჩახსენი საკინძე ჩემთვის...

წამო, მომყევი, ბაღში შევიდეთ...
უშენოდ ცაზე ვარსკვლავებს ვერ ვთვლი...
მოგვიანებით დუქანს ვესტუმროთ,
ვივახშმოთ, ღვინოც დავლიოთ თეთრი!..

მე სადღეგრძელოს გეტყვი უნაზესს,
სახტად დარჩება თვით ტრფობის ღმერთი...
გრძნობას დაგისხამ, ჭიქით მოგაწვდი,
თუკი გიყვარვარ ბოლომდე შესვი!..

აგიფეთქდება ვნებად თვალებში
ჩემი ნდომის და სურვილის დენთი,
კეკლუც კისკისში აწკრიალდება
ჩუმი არშიყი ნასროლი ჩემთვის...

გულს ჩაგიდგება საამო სითბო,
თავს დახრი, ჩუმად, ჩურჩულით მეტყვი:
მიყვარხარ, მინდა, რომ სრულად გიგრძნო...
მიყვარხარ, მინდა სუნთქავდე ჩემში...

და აენთება ჩემი სხეული,
აბობოქრდება მშფოთავი სული...
მოვა ტალღებად, მოვა გრიგალად
უკიდეგანო ზღვა სიყვარულის...

გიჟმაჟი გრძნობა ისე იფეთქებს,
რომ შენს ბაგეზე კოცნად დამადნობს,
ვნების ქარცეცხლში ცოცხლად დამწვავს და
შენი ალერსით უღვთოდ დამათრობს...

შენ ჩემს მკლავებში ზეცას იპოვნი
და აფროდიტას სულში ჩახედავ...
მერე ინატრებ, რომ არ გათენდეს
და ჩემგან წასვლას ვეღარ გაბედავ...

-----------------------
ქემო ქავთარი

Sunday, October 30, 2016

ასე უცნაურად...


ასე უცნაურად, რატომ მიყურებ?
ნუთუ, გეშინია ჩემი?..
შენი სილამაზის მოტრფიალე ვარ,
ეს გული სნეულია შენით...

მე შენთვის მინდა,
რაც ამ ქვეყნად სიკეთე ხარობს.
შენთვის ვმღერივარ,
შენთვისა ვწერ
ამ სიმღერებს, პატარა ქალო!..

თვალებში თაფლი
და შავ თმებზე ბნელი ღამე,
გაღიმება გარიჟრაჟივით...
ვარდის სურნელი
თავბრუს მახვევს და მიზიდავს
ჯადოსნური ანდამატივით.

ასე უცნაურად, რატომ მიყურებ?
ნუთუ, სულ არ გესმის ჩემი?..
შენი სილამაზის მოტრფიალე ვარ,
ეს გული სნეულია შენით...

-----------------------
ქემო ქავთარი

Friday, October 28, 2016

მენატრები


მენატრები ისევ,
ისევ, ისევ...
გელოდები ისევ ისე,
უნებურად გეძებ ისევ...
გაფრენილან წლები,
დარჩა მხოლოდ მოგონება,
ის ლამაზი დღენი
ისევ ტკბილად მაგონდება,
მაგონდება...

მაგ უძირო თვალებს,
ლამაზ თვალებს,
აბა, ვინ არ შეიყვარებს,
ანგელოზო გენაცვალე...
მახსოვს შენი სითბო,
მაგ ტუჩების სველი სიტკბო...
ახ, ნეტავი იმ დროს,
მაგრამ დრო თავისას ითხოვს,
ითხოვს...

ვარსკვალავიან ღამეს
სიყვარულით დავიღალეთ,
თავზე დაგვნათოდა მთვარე,
გვწვავდა ვნების ოკეანე,
ჩემს ხელებში თრთოდა,
ეგ შენი ლამაზი მკერდი,
უნაზესი გრძნობით
ზღვაში ცურავს თეთრი გედი,
თეთრი გედი...

---------------------
ქემო ქავთარი

Monday, October 17, 2016

ტატოს


მეც უვალ ბილიკებს მივყვები, ტატო,
და ავბედითობას ბედისას ვდარდობ...
ცხოვრებამ ეულად დამტოვა, მარტო,
ბნელიდან ნათელში გასვლას მეც ვნატრობ.

მინდა გავეკიდო მიჯნურის ამბორს...
ჩემს დარდებს და ტკივილს ვერავის ვანდობ,
ლამაზი ვარდები, მინდა, რომ დავრგო
და ჩემი ცხოვრებით ქვეყანას ვარგო...

მტკვარი მოდუდუნებს, რაღაცას ამბობს...
იქნება ჩემსავით ისიც კვლავ ნაღვლობს,
რომ აწმყო ძირმწარე ვარამით გვათრობს,
სინათლეს რომ ისევ სიბნელე აქრობს...

მივდევ შორს, წყვდიადში მომღიმარ მნათობს
და აკივლებული ყორანი მაკრთობს...
ქვეითად მავალი შენს მერანს ვნატრობ,
რომ ვერ მივაღწიო, ბოღმა დამახრჩობს.

მეც უვალ ბილიკებს მივყვები, ტატო,
და ავბედითობას ბედისას ვდარდობ...
ცხოვრებამ ეულად დამტოვა, მარტო,
ბნელიდან ნათელში გასვლას მეც ვნატრობ.

----------------------------
ქემო ქავთარი

Thursday, October 13, 2016

ცივ ღამეში...



ცივ ღამეში ბორგავს მთვრალი მთვარე,
ვეღარ უძლებს ჩემს ცრემლიან თვალებს,
უშენობა მტანჯავს და მაწამებს,
შენზედ ფიქრებს ვერსად დავემალე.

შენ მოხვედი, როგორც ზვავი თოვლის,
მოიტანე ქარიშხალი გრძნობის,
მაგიჟებდი ვნებიანი კოცნით,
მთელი ღამე ჩემს მკლავებში თრთოდი ...

მაოცებდა შენი სიყვარული,
მე კი ვერ გადაგიშალე გული...
არ გაღირსე სიტყვა საამური
და დამშორდი ჩემგან გულმოკლული.

ასე უცებ წახვედი და გაქრი,
გულში მძიმე იარად კი დამრჩი...
მომეძალა ნაღველი და დარდი,
ძალზე გვიან მივხვდი, რომ მიყვარდი.

---------------------
ქემო ქავთარი

Monday, October 10, 2016

ქვიშის საათში...


ქვიშის საათში მარცვალ-მარცვალ ცვივა წამები,
ქვიშად ქცეულა ეს სამყარო განაწამები...
თითქოს თან მდევენ, მიღიმიან შენი თვალები
და უკაცრიელ უდაბნოში რეკენ ზარები...

--------------------
ქემო ქავთარი

Sunday, October 9, 2016

დარდიანი დარდიმანდი


მთელი ცხოვრება ერთი წამია,
გაჭენებული დრო და ჟამია...
ჩემი ცხოვრება დიდი დარდია
და დარდიანი მარტო დავდივარ.

ღვინოში ვახრჩობ დარდსა და ნაღველს,
არ ვარ გულქვა და არ ვარ უგულო,
არ შემიძლია, ფხიზელი თვალით,
ამ წუთისოფელს, როგორ ვუყურო?..

მთელი ცხოვრება ერთი წამია,
გაჭენებული დრო და ჟამია...
ჩემი ცხოვრება დიდი დარდია,
მე დარდიანი დარდიმანდი ვარ!

--------------------------
ქემო ქავთარი

Saturday, October 8, 2016

გაფრენილან წლები...



გაფრენილან წლები, როგორც ფიქრები,
მიმავალნი შორს და არაფრისმთქმელნი...
დახლართული აზრით წვალობს გონება,
დრო კი მიდის, მიდის მიიზმორება.

ბედ-იღბალი იმნაირად ტრიალებს,
ვერც გაიგებ, როგორ გაგატიალებს,
მარტოობა გაგიახლებს იარებს,
ვეღარ იგრძნობ ამ ცხოვრების სიამეს.

ეს ცხოვრება გადაიქცა კოშმარად
და ქვეყანა დაემსგავსა ჯოჯოხეთს,
დარდისაგან თვით ბახუსიც დამთვრალა,
ჩემთან ერთად ქეიფობს და ქოთქოთებს...

ჩამოასხი, ერთიც უნდა დავლიო,
ეს ცხოვრება, რომ ქეიფში გავლიო,
ღვინის სმით და სევდიანი ღიღინით
გავათენო მივეგებო ალიონს...

--------------------------
ქემო ქავთარი

Thursday, September 1, 2016

გილოცავ შორიდან!..


შენი დაბადების დღე ისევ მოვიდა,
მე კეთილ სურვილებს გიგზავნი შორიდან.
ვწუხვარ, რომ ვერ მოვალ, ვარდებს ვერ მოგიტან,
გულში ვერ ჩაგიკრავ ანთებულს ტრფობისგან...

შენს თვალებს იდუმალ მზერას ვერ მოვტაცებ,
მთრთოლვარე ტუჩებს კი კოცნით ვერ გაგითბობ,
წელზე ხელს ვერ მოგხვევ, მუხლზე ვერ დაგისვამ,
ალერსით დამთვრალი გრძნობით რომ დაგიპყრო...

შენი დაბადების დღე ისევ მოვიდა,
სიზმრად გესტუმრები და გრძნობებს მოგიტან,
ზეცაში აგაფრენ შენი საწოლიდან
და ასე, სიყვარულს გაჩუქებ შორიდან.

---------------------
ქემო ქავთარი