Showing posts with label თორმეტიანი რითმა. Show all posts
Showing posts with label თორმეტიანი რითმა. Show all posts

Saturday, January 25, 2020

დონ კიხოტ დეციმა



ო, დიდო რაინდო, პოეტთა სადარო,
ღმერთმანი, არ გაკლდა მომსმენი, გამგონი.
ლექსებს ხომ შენც თხზავდი სხვადასხვა საზომით
და განა დეციმა არ სცადე არასდროს?!.
როცა სიყვარულმა გულს ცეცხლი დაანთო,
მაგრამ ჯადოქრობამ ულმობლად დაგცინა,
ბედი ფათერაკებს თავზე რომ გაყრიდა...
ბევრმა სცადა, თუმცა ვერავინ გაცდუნა,
დულსინეას ჩრდილქვეშ მრავალი გახუნდა,
სევდას გაერითმა სტროფი და ატირდა.

24.01.2020წ.
---------------
ქემო ქავთარი

Friday, January 10, 2020

ქემო და ქავთარი



აზრთა საუფლოში, ფიქრის საცალფეხო
ბილიკს მიუყვება ორი მტერმოყვარე.
გონების წიაღში ერთად დაიბადნენ,
ელექტრონისა და პოზიტრონის მსგავსად.

ერთურთს ისე ჰგვანან, როგორც სხეულსა ჰგავს
მისი ანარეკლი ვერცხლისფერ სარკეში.
ერთი საწყისი აქვთ, ღირებულებები
ერთთავად საერთო და მიზანსწრაფვაც კი

თითქმის თანაბარი, თუმცა მიმართული
საპირისპიროდ და ერთმანეთის სამტროდ...
გაგიკვირდებათ და, მათ არ შეუძლიათ
ყოფნა-არსებობა ერთურთის გარეშე,

და მაინც მუდმივად ერთმანეთსა ჭამენ,
ამ სიტყვის ყველაზე მძაფრი მნიშვნელობით...
ან მატერია ნთქავს, სპობს და ანადგურებს
ანტიმატერიას, ან იქნებ პირიქით?..

და სულ  ამტკიცებენ საწინააღმდეგოს
ერთმანეთისაგან ნიშნით გამიჯნულნი...
და სადაც აზრია, იქ ანტიაზრიც დგას,
სადაც ნათელია, ჩრდილიც ხომ იქ ჩნდება.

სარკაზმით შეკაზმულ კამათში იშვება
ხან ჭეშმარიტება და ხანაც აბსურდი.
პროზა პოეზიას შეჰყრია, შეჰბმია
და ვერც კი გაარჩევ, რომელი იმარჯვებს.

შეხედავ ერთის მხრივ, რიტმული პროზაა,
ან იქნებ მოთეთრო ლექსია - ვერბლანი.
რითმა შეუჭამა პროზამ პოეზიას,
თუმცა რიტმის ძალას დანებდა თვითონვე.

მგონი ამ ჭიდილში დიდი სინკრეტიზმი
მხატვრულად ბრუნდება ლიტერატურაში,
და თუ აზრი არის თავის ამპლუაში,
სახელებს არა აქვთ დიდი მნიშვნელობა.

თუკი ემოციამ შესძლო დაბადება,
ამ თეთრი ლექსისთვის იქნება მიღწევა,
რადგანაც ამგვარი დავწერე პირველად,
პროზა პოეზიას ჩახვეულ-ჩაფსკვნილი.

-------------------
10.01.2020
ქემო ქავთარი

Tuesday, November 29, 2016

ქორწილი


შარშანწინ უნახავს ეს გოგო პირველად,
მეჯვარედ ყოფილა დაქალის ქორწილში.
ისეთი იყოო, ვით მდედრი პანტერა,
მშვილდად მოზიდული მსხვერპლის მოლოდინში.

მზერა მოვტაცეო და შავ-შავ კაკლებში,
თურმე, ინტერესის სხივმა გაირბინა.
სახელი ვთხოვე და მიცქერსო თვალებში,
მიმხვდარა, გულმა რომ გულისკენ გაიწია.

მაშინ დაწყებულა, თურმე, სიყვარული,
დღეს რომ ამ ქორწილით გვირგვინი დაიდგა.
მაშინ დაიბადა, იგრძნო ორი გული
და მერე თანდათან ფესვები გაიდგა.

ჯერ მორიდებული, მორცხვი შეხვედრები...
პირველი კოცნა და მალვა სიყვარულის...
მერე, აჭიხვინდა ნაპარავი ცხენი,
ვეღარ დაიმალა გრძნობა დაფარული.

ხელის სათხოვნელად წინა თვეს ყოფილან,
მშობლების თანხმობაც ყოფილა ორმხრივი.
ნიშნობაც შემდგარა, იქვე დაგეგმილა
ეს ტრადიციული ქართული ქორწილი.

--------------------
ქემო ქავთარი

Friday, November 11, 2016

შენა ხარ ჩემი ხატი წმინდათ-წმინდა...


შენა ხარ ჩემი ხატი წმინდათ-წმინდა
და შენ რომ მწყალობდე, მე მხოლოდ ის მინდა.
მე შენზე ფიქრებით გაწამებული ვარ,
უტყვი სიყვარულით გზააბნეული ვარ...

მაგრამ შენ არ იცი, ვისთვის რადა ფასობ,
ვისთვის რადა ღირხარ, შენ არ იცი, კარგო...
შენ უცხო მშვენებით გაშლილი ვარდი ხარ,
ციდან მოწყვეტილი კოხტა ვარსკვლავი ხარ.

მე რომ ვერ მივწვდები, შენ ის მწვერვალი ხარ,
მე რომ არ მეკუთვნის, შენ ის ყვავილი ხარ,
შენამდე ვერ მოვალ, თუმცა სულ ახლოს ხარ,
ჩემთვის რომ არ მღერის შენ ის ბულბული ხარ...

და მე ამ ხატის წინ ისე ვიფერფლები,
ისე ვიღველფები, რომ შენ ვერც კი ხვდები.
თუკი არ ეწერა ბედი ჩვენს სიყვარულს,
ისევ ის მერჩია, რომ არ მყვარებოდი.

არა, აღარა მწამს ქვეყნად არაფერი,
მხოლოდ შენზე ვფიქრობ, შენგან ვიტანჯები.
შენი სიყვარული გულს ისე ედება,
ვიცი, არაფერი აღარ მეშველება...

----------------------
ქემო ქავთარი

Friday, November 4, 2016

ქარწაღებული


იდგა დეკემბერი, თოვლიან ტირიფებს
ქარი უბერტყავდა ტოტებს... ძირს ცვიოდა
თოვლი, თეთრი თოვლი ქუჩებს ათეთრებდა,
ხეებზე მობუზულ ბეღურებს სციოდათ.

ქარი ქუჩა-ქუჩა წითელ ვარდს ათრევდა,
გამხმარი ფურცლები გზადაგზა სცვიოდა.
შენი სიყვარულის სიმბოლო, რჩეული,
ახლა ქარს მიჰქონდა და მწარედ ტიროდა...

იდექ აივანზე და ჩუმად უმზერდი,
ქარი რომ ნავარდალს ტროტუარს ახლიდა,
ძველი სიყვარულის მოკვლა განიზრახე
და ახალ ცხოვრებას იწყებდი ამ დღიდან...

იდგა დეკემბერი... იქნებ ნოემბერი?..
ანდა იანვარი?.. იყოს სულერთია...
ჩემი დავიწყება უკვე გადაწყვიტეს,
იმ წვეულებაზე მე არ მიმელიან...

წლებმა გაიყოლა ბევრი წვეულება
შენი უგულობით გული გამიბზარე...
ალბათ, მაშინ შევცდი, მაშინ შევიშალე,
როცა სიცოცხლეზე მეტად შეგიყვარე...

ისევ დეკემბერი დადგა  და  აცივდა,
კიდევ ერთი წელი უჩუმრად გაფრინდა,
სტუმრები მოსულან და სუფრა გაშლილა,
შენს სადღეგრძელოზე ყანწები დაცლილა...

ვარდები გაჩუქეს, ფიქრი აგერია
და მოგონებები ნისლში ჩაგელია,
ცრემლები მოგადგა, გული გაგელია,
გულს ქარწაღებული ვარდი ჩაგრჩენია...

მორჩა წვეულება და შუაღამისას
მე სიზმრად გესტუმრე, სხვა გზა რომ არ იყო...
ნიაღვრად მოვარდა ნაკადი გრძნობისა
და კოცნა-ალერსის მდინარემ წაგიღო...

შფოთვით გაგეღვიძა, კანკალი დაგეწყო,
თითქოს მოთმინების ფიალა აგევსო,
ცრემლიან თვალებში ოცნება გაბრწყინდა
და ჩემი განდევნის სურვილი გაგიქრა...

ინატრე, სიზმრიდან ცხადში მოვსულიყავ,
ფიქრებით მეძახდი, მიხმობდი გონებით...
ციდან ვარსკვლავების სხივებს ჩამოვყევი,
როგორღაც შევძელი და მაინც მოვედი...

დიდხანს, მონატრებით თვალებში გიყურე,
კოცნად ვიქეცი და ტუჩებზე დაგაკვდი...
ტრფობის ოკეანე ერთად გადავცურეთ,
სულმთლად ჩაგისუნთქე და გულში გადამცდი.

ასე სუნთქვასავით როცა მჭირდებოდი,
ისევ გამექეცი, მაქციე წარსულად.
ჩემს გულში მზესავით ენთე და ვიწვოდი,
შენ სხვას ეკუთვნოდი, უთბობდი სასთუმალს...

ბევრჯერ გამებუტე, თუმცა კვლავ შევრიგდით,
ნაპარავ გრძნობებით ვთვრებოდი ლოთივით...
გულით გიყვარდი და გონებით მდევნიდი,
მაინც გადამაგდე დაცლილი ბოთლივით.

არ მინდა, შენს თვალებს ცრემლი ასველებდეს,
გული გტკიოდეს და დარდები გძალავდეს...
წავალ და საერთოდ უკვალოდ გავქრები,
ოღონდაც შენს სახეს ღიმილი ფარავდეს!..

სამყაროს გადაჰკრავს მუქი ჟოლოსფერი,
დრო თავად გამხდარა დროის მენეჯერი...
თვე თვეს გაჰყვება და მოვა ოქტომბერი,
მერე ნოემბერი და კვლავ დეკემბერი...

მოვა დეკემბერი, უფრო აცივდება,
კიდევ ერთი წელი ჩუმად გაფრინდება...
სტუმრები მოგივლენ, სუფრა გაიშლება,
შენი სადღეგრძელო ყანწით დაილევა...

ვარდებს გაჩუქებენ, ფიქრი აირევა...
სადღაც მოგონების ნისლი აიშლება,
ცრემლი მოგადგება, გული გეტკინება,
ქარს გატანებული ვარდი ატირდება...

მორჩება დღეობა, ხალხი აიშლება,
სიზმრად გესტუმრები, სხვა გზა არ იქნება.
კოცნით გაგაბრუებ, სუნთქვა შეგეკვრება,
გრძნობა და გონება ერთად აღელდება...

შფოთვით გაიღვიძებ, თრთოლვა აგიტყდება,
ცრემლიან თვალებში ვნება გაბრწყინდება.
მერე, მოთმინების ძაფი გაგიწყდება,
იტყვი: ვერ შევძელი შენი დავიწყება!..

--------------------
ქემო ქავთარი



Saturday, October 15, 2016

დაბადების დღე



დაბადების დღეს გილოცავ, მეგობარო!..
თვალები გიბრწყინავს, ღიმილად იღვრები.
დღეს ხომ შენს გარშემო ტრიალებს სამყარო,
ზოგს მართლა უყვარხარ, ზოგს ისევ ჭირდები...

ყველამ მოგილოცა, ვისაც გაახსენდა,
ვისაც არ ახსოვდა და ახლა გაიგო...
ვისაც ფეისბუქმა დროზე შეახსენა,
მილოცვა კედელზე სტატუსად დაგიდო.

ბევრმა დაგირეკა და ტკბილი სიტყვებით,
დიდი მონატრებით, გულთბილად დაგლოცა,
ზოგი გზაში შეგხვდა, ანდა სამსახურში,
გადაგეხვია და ძმურად გადაგკოცნა.

ზოგმა არ გაკადრა მილოცვა შორიდან,
შენთან მოენატრა ყოფნა და მოვიდა...
სითბო მოგიტანა გულით, გაგახარა
და მოგონებები თავს გადაგაყარა.

სუფრასთან, ღვინის სმით შემთვრალა გონება,
განვლილ წლებს აღიქვამ ლამაზ მოგონებად.
იცლება და ისევ ივსება დოქები,
გლოცავენ, გლოცავენ შენი მეგობრები...

დაბადების დღეს გილოცავ, მეგობარო!..
სიყვარულს, სიხარულს, სიკეთეს გისურვებ!..
დაგლოცოს უფალმა, სწორი გზით გატაროს
და დაგაძლევინოს ცხოვრების სირთულე!

----------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, October 11, 2016

უშენოდ სამყარო...



უშენოდ სამყარო სამყარო არ არის,
უშენოდ ცალად და ეულად დავდივარ.
შენ ნუ გეწყინება თუკი გავბრაზდები...
ხომ იცი, ბუზღუნა მთიული დათვი ვარ.

------------------------
ქემო ქავთარი

Monday, September 19, 2016

ალბათ მეძებდი...


ალბათ მეძებდი, ალბათ გეძებდი, გოგო,
წმინდა სიყვარულს ველოდით გულით, როგორც...
როგორც ყვავილი გაზაფხულს ელის ნარნარს,
შენც მელოდი და მეც დაგეძებდი, ალბათ...

ღმერთმა ინება და შეგვახვედრა ბედმა,
მერე კი მუდამ გვინდოდა ყოფნა ერთად...
მწვერვალებს მოსწყდა, აზვავდა სიყვარული,
გრძნობით აგვავსო და გაგვიბრუა გულნი...

თუკი გიყვარვარ, თუკი მიყვარხარ, მაშინ...
ერთი გვაქვს მაშინ სიხარულიც და დარდიც.
ერთად ყოფნა და ერთად ცხოვრება გვინდა,
რომ არ ჩაგვიქრეს ეს სიყვარული წმინდა.

ალბათ მეძებდი, ალბათ გეძებდი, გოგო,
წმინდა სიყვარულს ველოდით გულით, როგორც...
როგორც ყვავილი გაზაფხულს ელის ნარნარს,
შენც მელოდი და მეც დაგეძებდი, ალბათ...

--------------------
ქემო ქავთარი

Monday, September 12, 2016

მარტოობა



სევდიანი, დარდიანი, ნაღვლიანი
მარტოობა კაეშანის ლანდი არის...
არ იფიქროთ, მარტოობა კარგი არის!..
ტკივილია უსაშველო, ადრიანი.

ფიქრებია წარსულის და მოგონება,
განვლილ დღეთა ძახილი და შთაგონება,
მომავალის უიმედო მოლანდება,
მოშუშებულ იარათა განახლება...

სევდა, დარდი, ტკივილი და ისევ სევდა...
ამ დარდებში იმედი მთლად იკარგება
და უბედო ბედი ჩემი იქარგება...
მომავალიც მარტოობით ითანგება.

----------------------
ქემო ქავთარი

Thursday, September 1, 2016

გილოცავ შორიდან!..


შენი დაბადების დღე ისევ მოვიდა,
მე კეთილ სურვილებს გიგზავნი შორიდან.
ვწუხვარ, რომ ვერ მოვალ, ვარდებს ვერ მოგიტან,
გულში ვერ ჩაგიკრავ ანთებულს ტრფობისგან...

შენს თვალებს იდუმალ მზერას ვერ მოვტაცებ,
მთრთოლვარე ტუჩებს კი კოცნით ვერ გაგითბობ,
წელზე ხელს ვერ მოგხვევ, მუხლზე ვერ დაგისვამ,
ალერსით დამთვრალი გრძნობით რომ დაგიპყრო...

შენი დაბადების დღე ისევ მოვიდა,
სიზმრად გესტუმრები და გრძნობებს მოგიტან,
ზეცაში აგაფრენ შენი საწოლიდან
და ასე, სიყვარულს გაჩუქებ შორიდან.

---------------------
ქემო ქავთარი