Wednesday, November 11, 2026

მწუხრის კალო


მრუმე ღამე, მოქუფრული ცის კიდე,
ყორნის ფრთებით მოხაზული ირაო,
სევდის ტბებში ჩაძირული გიშერი,
მცველად წყვილი ფარშევანგის მარაო...

ლერწამისა რხევა-როკვა ნარნარი,
მადლი მიწის პურის ყანის სურნელში,
სამსხვერპლოზე დამხობილი თასები
მე მეძახის, ისევ მიწვევს დუელში...

ბნელ ღამეში აცეკვდება თითები,
ონავარი ქარი ღრუბლებს გაფანტავს,
ვარსკვლავები გამოკრთება თვალებში,
ვარდკოკორი ბაგეს გახსნის ლამაზად...

შემომცინა მარგალიტის მძივებმა,
ვაზის ყლორტი ჩამეხვია მხარ-მკლავში,
მტევან-მტევან ჩამოვკრიფე ალერსით,
დარდებს ვკლავდი მუქ ლალისფერ ბადაგში.

მოვილოცე სიყვარულის ზედაშე,
ხვავრიელი მიწის მადლი დავლოცე,
მწუხრის კალო ვლეწე კევრში შებმულმა,
თავთუხის ზვინს გულის პირზე ვაკოცე.

______________
ქემო ქავთარი

No comments:

Post a Comment