Friday, November 6, 2026

მოვალ...


პოეტი მეგონა თავი,
მუზებთან ნადიმად მჯდომი,
სიტყვებს ვერ ვპოულობ ახლა,
რითმებს გაუმართავთ ომი.

ენა ვეღარ აღწერს გრძნობას,
ფიქრებით დაღლილა გონი,
გული ქვითინებს და მოთქვამს,
შენამდე გზა არის შორი.

ძარღვებში ჩერდება სისხლი,
წამები იწყებენ ზოზინს,
სული სხეულს ტოვებს თითქოს
და შენს საძებნელად მოდის.

საშველად გიხმობ და დუმხარ,
სევდა ჩაყინულა თოვლში,
ტრფობას გაურბიხარ ჩემსას,
ჩამჯდარხარ დარდების კოშკში.

თუკი ჩამომიშლი ნაწნავს,
შენს თმას ამოვყვები ლოცვით,
სულ მთლად გაგიფანტავ მაგ დარდს
ერთი სანატრელი კოცნით.

მეტყვი: ვეღარ ვუძლებ დუმილს
და შენს უსასრულო ლოდინს,
სიყვარულს გაფიცებ ჩემსას,
მოდი, უსათუოდ მოდი!..

მოვალ და აგაფრენ ცაში,
ღრუბლებზე გაგიშლი ლოგინს...
პოეტი მეგონა თავი,
სიტყვებს ვერ ვპოულობ მგონი...

_____________
ქემო ქავთარი

No comments:

Post a Comment