Showing posts with label ოთხმოცდაათიანი. Show all posts
Showing posts with label ოთხმოცდაათიანი. Show all posts
Friday, December 29, 2017
არ დაიჯერო!
არ დაიჯერო, რომ გეტყვიან ისე მიყვარხარ,
მირჩევნიხარო სუყველასო, საკუთარ ძმასაც...
არ დაიჯერო, არა მეთქი ისეთი კაცის,
ძმა რომ არ უყვარს, რომ არ იცის იმისი ფასი!..
ფლიდი ყოფილა და უგულო, თუ ღალატობს ძმას,
ხვალ შენც გაგყიდის ისე, როგორც უპატრონო თხას.
ქემო ქავთარი
Thursday, April 6, 2017
პითაგორა (მეგობრული შარჟი)
ბავშვობაში, მაგ შენს თავში
გადაბრუნდა შარიკი
და გაგიჩნდა სიყვარული
უცებ მათემატიკის...
და იმ დღიდან დაიღუპე,
სულ წახვედი ხელიდან,
„სკანავსა“ და „თოფურიას“
არ იშორებ გვერდიდან.
ჭიათურის სიამაყე
მაღლივ კორპუსს ეწვიე,
გიჟი გიჟებთან მიხვედი,
სხვა ბედს ვერსად ეწიე.
მაშ, „მეხმატის“ ფაკულტეტზე
რად ეძიე ადგილი,
იდეალად თუ არ გყავდა
ვაჟა დავითაშვილი?!.
მეტისმეტმა სწავლამ, ძმაო,
აგირია გონება,
ღვინის სმა დარდმა გასწავლა,
სიგარეტის ბოლებაც...
ლექტორების მაგალითზე
თუკი გინდა იცხოვრო,
ჭოღოშვილზე უკეთესი
სხვა ვინ გინდა იპოვო?..
ნეტა ვინ ხარ?.. რა ტიპი ხარ?..
რა აზრის და რა ნიჭის?..
პითაგორად წოდებულო,
ინჩქიტიძე დავითი!..
სხვის შმოტკებში გაზმანულო,
ეგ პრიჩოსკაც გიხდება...
ვერის ბაღში პაემანი,
ნაშებთან თუ ლოთებთან?..
ძმაკაცებიც ისეთი გყავს,
რომ ვინ გინდა ინატრო?..
გიჟი მენო და აკოფა,
ასტრონომა მიხაკო,
მეხანიკი ალიკია
და სულელი ბორია,
მუმუკა, თუ პროფესორა...
რამოდენა დონეა?..
პითაგორა, პითაგორა,
აფსუს, რა სახელს არცხვენ?..
რას იზამდა ის საწყალი,
ახლა შენ რომ გხედავდეს?..
სირცხვილისგან, დარდისაგან
ძალზე შეწუხდებოდა
და საფლავში ერთი ცხრაჯერ,
ქე გადაბრუნდებოდა...
-------------------
ქემო ქავთარი
Thursday, February 16, 2017
ოლიკო

კვლავ მენატრება შენი ტიტინი,
ჩემო პატარა შვილო, ოლიკო...
გესაუბრები ხოლმე ფიქრებით
ისე, თითქოს შენც ჩემხელა იყო.
ჩემგან შორს მყოფი, მოცილებული,
ათასში ერთხელ ხედავ მამიკოს...
ასე აგვეწყო ცხოვრება, რა ვქნათ?..
უნდა მიმიხვდე, უნდა გამიგო!..
დავყურებ სურათს და მენატრები,
შენ მენატრები მე, სხვა არავინ...
მე მალე მოვალ, შვილო, მელოდე!..
შენ მელოდები მანდ, სხვა არავინ.
ოი, რამდენი თეთრი ღამე და
რამდენი სევდა, დარდი, ვარამი...
მე უშენობას, შენ უჩემობას,
ტანჯვას გვიქარგავს ბედი ქარაგმით.
პატარა ხარ და მაინც დიდი ხარ,
ეს ჩემი გული სავსეა შენით,
შენი პაწაწა ხელების სითბო
სიხარულია უთქმელი ენით.
გულს ნუ გაიტეხ, შვილო, იცოდე...
იმედით იყავ, იცხოვრე რწმენით,
შენი მამიკო შენით ხარობს და
თუ სევდიანობს ისევე შენით.
------------------------
ქემო ქავთარი
Wednesday, January 4, 2017
ირემს მიგიგავს...
ირემს მიგიგავს სიტურფე და მშვენიერება,
ძლიერ გიხდება ირემივით ყელმოღერება,
კეთილშობილი, ლამაზი და ისე ლაღი ხარ,
თავისუფლების ტრფობით მთვრალი ცალად დადიხარ...
როგორ გამშვენებს ალაგ-ალაგ კოხტა ხალები
და ირემივით ნაღვლიანი რომ გაქვს თვალები...
ნუ დაღონდები, გაიღიმე, ასე ჯობია,
შენ რომ იცინი, მზე ანათებს ასე მგონია...
ლაღო, ლამაზო, ხალიანო, ირმისთვალება,
სიყვარულისთვის შექმნილი ხარ, ასე თავნება...
მრავალი კაცი თავს გევლება, უკან დაგყვება,
როგორც ფარვანა, სანთლის ალს რომ ეტრფიალება.
დიდი, პატარა, შენი ტოლი, ყველა თან დაგდევს.
ნეტა ვიცოდე, რა აშტერებს მოხუცებს, ღლაპებს...
ასე, ყოველდღე, არ გაკლებენ საჩუქრებს, ვარდებს
და მომავალში გპირდებიან ედემის ბაღებს.
ყველა მოდის და შენი გულის დაპყრობას ცდილობს,
ზოგი ხელსა გთხოვს, ზოგიც გიწვევს სასიყვარულოდ,
ზოგი ქონებით თავს გაწონებს, ზოგი - ზრდილობით,
ზოგიც მუდმივი ყურადღებით, გვარიშვილობით...
მე არ ვყიდულობ შენთვის ვარდებს, არც სხვა საჩუქრებს.
გახსოვს ოდესღაც, მხოლოდ ერთი ტიტა გაჩუქე?
რა ვქნა, არ მყოფნის არც ქონება და არც ზრდილობა...
დაპირებებსაც უნდა თავის მიხვედრილობა.
არ მითხოვია, არა, შენთვის გული... არც ხელი...
მე მოვედი და მხოლოდ ჩემი გული გაჩუქე.
ჩემი გრძნობები ნიავს მოაქვს შენთან სიმღერით,
ჩემი ჩურუჩული და ალერსი ხომ არ გაწუხებს?..
მე არ დაგეძებ შენ ქუჩაში, ტყეში დავდივარ...
შენ ხარ პატარა ფურირემი დიდი ზღაპრიდან,
დაჭრილ ხარირემს სიყვარულის წყარო მწყურია
შენა ხარ ჩემი წყაროს თვალი საამურია...
ლაღო, ლამაზო, ხალიანო, ირმისთვალება,
შენი ალერსი უსაშველოდ მომენატრება.
პირველი კოცნის მოგონება ტუჩზე ამყვება,
როგორც პეპლების უნაზესი შეფარფატება.
---------------------
ქემო ქავთარი
Tuesday, January 3, 2017
მეგობრის ხსოვნას

ჩემი ფიქრები ზეცას ერევა
და სამყაროში ეულად დაჰქრის...
მიკვირს, ძალა რომ ჯერ არ მელევა
უბედურებით ესოდენ დაღლილს...
ყოველი ღამე თეთრად თენდება
და სასთუმალთან ვხედავ შენს აჩრდილს,
გონება უხმოდ გესაუბრება,
იგონებს ნანახს და მწარედ განცდილს...
რა უდროო დროს გიმუხთლა ბედმა,
გაუმაძღარო სიტკბო-სიცოცხლით...
რომ ვერ გიშველე?.. რა უძლური ვარ...
ეს უმწეობა გულ-ღვიძლს მიკორტნის...
რად დამიქვრივე, ბიჭო, დაიკო?..
ახლა იმის დარდს, ვარამს ვინ მოსთვლის?
გული მოქუფრულ ზეცას უმსგავსე...
ცა ვერ გადიყრის ღრუბელს სიოთი.
სიყვარულსა და ძვირფას ოჯახში
სიკვდილი გახარებას არ აცდის
და უბედური ტანჯულ სიყვარულს,
მაგ შენს საფლავზე ცრემლებად დაღვრის...
შვილები მაინც არ შეგებრალა?..
ნეტავი, შეგახედა ამათთვის...
რა მწარე არის მშობლის სიკვდილი,
შენ მაინც გესმის, შენ ობლად გაზრდილს.
საით წახვედი, აღარ ბრუნდები...
შენს საფლავს ისევ ათოვს და აწვიმს,
რას ეუბნები შენს მშობელ მამას,
ან და-ძმას გულს რომ უსერავ დარდით?
ისევ იმ დღეებს, ისევ ვიხსენებ...
შენი თვალები, თვალები მახსოვს...
მე მევედრება, მე შემომყურებს,
რაღაცა უნდა, რაღაცასა მთხოვს...
შენი თვალების ჩუმი მუდარა
სულ თან დამყვება... რას მთხოვდი მაშინ?..
მე ჩამაბარე შენი შვილები,
ღმერთმა გაცხონოს იმ ქვეყნად, ამინ!..
---------------------
ქემო ქავთარი
Tuesday, December 6, 2016
ჭიათურა
ერთი პატარა მხარეა, ძალზე მადლიანია,
ჭიათურა იმერლების დიდი სიამაყეა.
მაღაროთა ქალაქია... ო, რა მარგანეცია!..
საბაგირო გზების, მართლაც, დიდი კომბინაცია...
ხომ გინახავთ ქუთაისი, ანდა კიდევ საჩხერე?..
ჭიათურა ჩვენს იმერეთს უფრო ძლიერ ამშვენებს.
ყველა სულდგმულს, უკვდავ-მოკვდავს თავის სითბოს აჩვენებს,
მონატრებულს მისი ხილვა მაგიჟებს და მახელებს...
ჭიათურას რომ ვშორდები, თვალზე ცრემლი მადგება.
ჭილოვანში ბუხუტისთან ქეიფი მენატრება,
ქუჩა-ქუჩა ხეტიალი, მოდი-ნახეს ხატება...
ნაგუთში რომ დროს ატარებ, მთელ ცხოვრებას გაგყვება.
------------------------
ქემო ქავთარი
Saturday, December 3, 2016
მე და მთვარე
მე და მთვარე დავმეგობრდით წუხელ,
მთელი ღამე გავათენეთ თეთრად,
ქუჩა-ქუჩა დავდიოდით ერთად,
დავეძებდით იმედსა და ნუგეშს...
დრო ითვლიდა საათებს და წუთებს,
უკან, ჩუმად მოგვყვებოდა ღამე,
ვარსკვლავები აცეცებდნენ თვალებს,
ქარი ფოთლებს მიაფრენდა სადღაც...
და ვუსმენდით ერთმანეთის ამბავს,
მე და ჩემი მეგობარი მთვარე.
ძნელიაო სიყვარული, მითხრა...
თვითონ, თურმე, ცხრათვალა მზეს ეტრფის
და გულს უკლავს იმის თვალთა ეშხი.
არ მძინავსო მისი ნახვის დღიდან,
ლამის არის გავიქცეო ციდან...
უკან დასდევს, თურმე, დღე და ღამე.
მზე კეკლუცობს, ახლოს არ იკარებს...
დარდობს, ხან მთლად გაილევა დარდით,
ხან ბოღმისგან გაბერილი დადის
მზესთან გამიჯნურებული მთვარე.
მეგობარს გადავუშალე გული,
ვუთხარ, რომ მკლავს უტყვი სიყვარული,
მოვუყევი შენზე ყველაფერი,
იცის, სევდამ რომ დამრია ხელი,
რომ მაწამებს შენი სილამაზე,
შენზე ფიქრში ვათევ ყველა ღამეს,
გიშველიო, მეგობრულად მითხრა,
მე ვნახავო და ვეტყვიო სიტყვას,
მაიმედებს მეგობრულად მთვარე...
------------------------
ქემო ქავთარი
Monday, November 28, 2016
სად მიხვალ? (მეგობრის ხსოვნას)
სად მიხვალ ასე ადრიანად, სად გეჩქარება?
ჯერ ოცდასამიც არ გასულა შენი მოსვლიდან.
ცოტა ხანს კიდევ შეიცადე, დარჩი ცოლ-შვილთან!
ამბობ, რომ დედა და დაიკო გელის იმ ქვეყნად...
მამა გეძახის, მე წავალო, მათ მე მივხედავ...
გული დაღლილა, გულის ფეთქვა უფრო სუსტდება...
მეძინებაო, თქვი და წასვლის ითხოვე ნება,
ღიმილით შეხვდი აღსასრულს და სიკვდილს დასცინე,
მოკლე სიცოცხლე ჩაამთავრე, გასცდი ნაპირებს
ამ ქვეყანისა ... და იმ ქვეყნად გაცხონოს ღმერთმა!..
----------------------
ქემო ქავთარი
Sunday, November 27, 2016
სისხლის წვიმა...
სისხლის წვიმა მოდის ჩემი ოცნებების ბაღში,
შხამი მიდუღს სისხლის ნაცვლად ალბათ ყველა ძარღვში,
ცრემლის ღვარი და ნაღველი მეღვრება მე გულში,
ცხრაჯერ ვკვდები მე დარდისგან, სევდისაგან წუთში...
ცა ჩამოიქცა ჩემს თავზე და დამეცა მეხი,
არ მეგონა, ასე ძლიერ გამწირავდა ღმერთი...
გამოვიტანეთ სახლიდან მხრებით ორი კუბო,
ორჯერ ბაგემ იგრძნო მშობლის ცივი შუბლის სითბო.
მამის სიკვდილმა მე გულზე დამცა მძიმე ლოდი,
დედის სიკვდილმა იგი ხომ სულმთლად დამიმძიმა...
გულიდან წვეთ-წვეთ მდის სისხლი და შიგ სულში მოდის,
ლამის დავიხრჩო ჩემს სისხლში და ვერსად გავრბივარ...
თავში ფიქრი მიდუღს მძიმე, გულში კი ვარამი,
როგორ გადიტანოს სულმა ამხელა ზარალი?..
სამუდამოდ გაბატონდა ჩემში ალბათ დარდი,
ჩემი ოცნების ბაღებს კვლავ სისხლის წვიმა აწვიმს!..
--------------------------
ქემო ქავთარი
Monday, November 14, 2016
შენს ხსოვნას, მამი!..
ღამის სიჩუმე, ნელი სიო, ფოთოლთ შრიალი,
მოწმენდილ ცაზე დანახული ვარსკვლავთა ჯარი
ფიქრებს მიწეწავს, დარდებს მმატებს და გულს მიმძიმებს,
შენს თავს მაგონებს, უშენობას, ძვირფასო მამი...
მომაგონდება შენი სახე, შენი ღიმილი,
მე არ მეგონა, თუ დაგძლევდა მამი სიკვდილი...
მე ახლა ვიგრძენ უმამობა ყველაზე მეტად,
შენმა დაკარგვამ დამიტოვა ცრემლი, ტირილი...
მამავ, შენა ხარ შვილის ხმალიც, ურყევი ფარიც.
უმამობა, ეს უძლურობის ნიშანი არის,
მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ისევ მიცავ, ისევ მიფარავ,
შენს გასაკეთარს მე მივხედავ, გჯეროდეს მამი!
დავიჩოქები შენს საფლავთან, დაჰბერავს ქარი...
შენი სისხლი ჩქეფს ჩემს ძარღვებში... უტეხი, მყარი...
ვინც შენ გიყვარდა შევიყვარებ, ვინც გძულდა მეც მძულს,
სიკეთეს ვუზამ კაგს და ცუდს კი ... მის დედას ვაი...
შენდობას გეტყვი, მოგიგონებ, ჭიქას წაგიქცევ,
ღვინის წვეთებით დასველდება შენი საფლავი...
შენს სასახელოდ, რასაც შევძლებ, მე გავაკეთებ,
მთელ ჩემს ცხოვრებას მე მივუძღვნი შენს ხსოვნას, მამი!..
-------------------
ქემო ქავთარი
Sunday, November 13, 2016
თითქოს უნდა გათენებულიყო...

თითქოს უნდა გათენებულიყო,
ცისკარმა გამოანათა ცაზე,
მაგრამ უცებ წყვდიადი ჩამოწვა,
უკუნი ღამე დაგვადგა თავზე...
გვეგონა, ყველას ასე გვეგონა,
თავისუფლება ავიღეთ ხელში,
ვამბობდით, აწი ჩვენ რაღა გვიჭირს,
ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის...
მართალი უთქვამთ წინაპრებს, ალბათ,
კაცი ბჭობს ღმერთი იცინის, მართლაც
თავისუფლად არვინ გვიშვებს, არა...
მოგვატყუეს ძალზე მწარედ, კვლავაც...
ტანჯვა-განსაცდელს ბოლო არ უჩანს,
რაც ბოროტებამ ხელი დაგვრია...
თავისუფლებას მოველით სუნთქვად,
სამშობლოვ ჩემო, დიდი ხანია...
ამოვა მზე ისევ, გამარჯვების,
დაგიბრუნდება ძველი დიდება,
გათენდება, რადგანაც ბოროტი
კეთილის ხელით შეიმუსრება...
გაბრწყინდება საქართველოს ზეცა,
თავისუფლება გაათბობს ჩვენს სულს.
ავდგეთ ფეხზე, საქართველოს შვილნო,
თაყვანი ვცეთ, სამშობლოს დიდებულს!
----------------------
ქემო ქავთარი
Wednesday, November 9, 2016
ისევ ღამე არის...
ისევ ღამე არის
და მოწმენდილი ცა
ისევ მოჭედილა
კოხტა ვარსკვლავებით,
ისევ ისე, ჩუმად
ჩურჩულებს ნიავი
და მას ძველებურად
უსმენენ ფოთლები.
ღამის სიჩუმეში
ისევ იდუმალად,
წყნარად შრიალებენ
ისევ ზღვის ტალღები,
ზღვაო, შენი შორი,
უსასრულო სივრცე
თავისკენ მიხმობს
და თავისკენ მეძახის!..
მხოლოდ მე შევცვლილვარ,
ჩემს თავს ვეღარა ვცნობ!..
ამდენი წვალება
მეყო უკვე, კარგო,
დასასრული აქვს ყველაფერს
და მეც დავასრულებ
ტანჯვა წამებას,
სიყვარულს და
თვითონ სიცოცხლეს...
--------------------------
ქემო ქავთარი
Tuesday, November 8, 2016
ბევრი გეძებე...
ბევრი გეძებე, ბოლოს გიპოვე...
გიპოვე აქვე, ჩემს გვერდით, ახლოს.
ბევრი ვიფიქრე, ბოლოს დავრწმუნდი,
მიყვარდი თურმე, ჩემო ძვირფასო...
თუ გიყვარს, უკვე ბედნიერი ხარ,
სხვაგვარად ფიქრობ, ცაში დაფრინავ...
ოცნებობ, ეტრფი, იმ ერთზე ფიქრობ,
რომლის გარეშეც აღარ ვარგიხარ.
მერე ნელ-ნელა ეჭვები გიპყრობს,
ნუთუ ვუყვარვარ?.. ან იქნებ არა?
მინდორში კრეფ და პენტავ გვირილებს...
ვუყვარვარ, არა, ვუყვარვარ, არა!..
ცალმხრივ სიყვარულს ბედნიერებად
მე ვერ აღვიქვამ... ვერ დავიჯერებ,
რომ არ გამწარდეს მთელი ცხოვრება,
თუკი შემიკრავ გამოწვდილ ხელებს.
რომ არ ვუყვარდე?.. ვფიქრობ და ვკრთები,
თითქოს მემსხვრევა ოცნების ფრთები,
გადავიღალე ფუჭი ფიქრებით,
გამოსავალთან სანამ მივედი.
ერთ მშვენიერ დღეს მოვედი შენთან,
ეს ჩემი გული გადაგიშალე...
პასუხი გთხოვე, მითხარი: არა!..
მივხვდი, სიმართლე რომ დამიმალე...
ახლა კი ვზივართ ერთად პირისპირ
და გეკითხები: გიყვარვარ კარგო?..
შენ შუბლს შეიკრავ, მეტყვი: არ გჯერა?
მე მეცინება, არ ვიცი რატომ...
--------------------
ქემო ქავთარი
Monday, November 7, 2016
ბუტია და თავნება

შემიყვარდა ერთი გოგო,
ბუტია და თავნება,
ო, ღმერთმანი, არ ვიცოდი,
თუკი გამაწამებდა.
რა ვიცოდი, დამტანჯავდა
ჩემი გოგო თავნება...
მის დევნაში დავიღალე,
დამეწყვიტა ნერვები...
მოდი ჩემთან, გენაცვალე,
მოდი მოგეფერები!..
გაკოცებ და გეწყინება,
წახვალ, დამემალები...
მე კი გული მეტკინება
შენგან განაწამები,
მე ისევ მომენატრება
ეგ ლამაზი თვალები...
არა, აღარ გამებუტო,
ნუღარ დამემალები!..
მეტი აღარ მომანატრო
ეგ უძირო თვალები!..
------------------------
ქემო ქავთარი
Saturday, October 29, 2016
შენს ქუჩაზე...

შენს ქუჩაზე ყველა მიცნობს, ალბათ,
შენს კვალდაკვალ იმდენს დავდივარ,
სადაც გინდა გადამაგდოს ქარმა,
მაინც შენს ქუჩაზე მოვდივარ.
ცეცხლს მიკიდებს ორი გიშრის თვალი,
დღე და ღამე შენთან ყოფნა მწადს...
უკან დაგდევ, სიყვარულით მთვრალი,
ყოველ ღამე სიზმრად გჩუქნი ზღვას.
ასე წმინდა, სპეტაკი და ნაზი,
ასე კარგი, რად ხარ, გოგოვ, რად?..
ასე ჯერ არ მყვარებია არვინ,
ვერ გივიწყებ ვერანაირად.
თუ მომისმენ, გავბედავ და გეტყვი,
ჩემი დიდი მონატრება ხარ...
თუ მიკადრებ, მე ვიცოცხლებ შენთვის,
გულს გაჩუქებ, შემოგწირავ თავს.
შენს ქუჩაზე, ხვალ თუ ისევ შევხვდით,
გიშრის მზერას გავუსწორებ თვალს,
გეტყვი ჩემი სიყვარულის ამბავს,
ჩემსავით ვერ ეყვარები სხვას!..
---------------------
ქემო ქავთარი
Wednesday, October 26, 2016
ჩემი ოცნების გოგონა ხარ...
ჩემი ოცნების
გოგონა ხარ,
გულით გატარებ.
სადმე შეგხვდები
პაემანზე,
ვნებით აგავსებ.
მოგეფერები,
დაგიკოცნი
ლამაზ დალალებს...
ბავშვები გიყვარს?
მე გაჩუქებ
სათუთ პატარებს!
--------------------
ქემო ქავთარი
Tuesday, October 25, 2016
ღამეა მშვიდი...
ღამეა მშვიდი და სევდიანი,
სიჩუმე მეფობს, ბატონობს ირგვლივ,
ჩუმად ბუზღუნებს რატომღაც ქარი,
არაგვის წყნარი დუდუნიც ისმის...
თოვლს დაუფარავს ზვიადი მთები,
ცას შესევია ვარსკვლავთა ჯარი,
მთვარე მძინარე სოფელს დაჰნათის,
ღამეა მშვიდი, ლამაზი, წყნარი...
და ამ ღამეში ვეძებ სიმშვიდეს,
დავეხეტები სულაწეწილი,
ოი, ღმერთმანი, მშურს მე ამ ღამის,
სევდიანია და მაინც მშვიდი.
მთვარეს შევჩივლებ მე ჩემს გასაჭირს,
ვარსკვლავებს ვეტყვი, რა ლამაზი ხარ...
არაგვს გავანდობ გულის ტკივილებს,
რომ არც კი მისმენ, ისე გარბიხარ.
მე უშენობა მაფორიაქებს,
მაწამებს შენი თვალების ცეცხლი,
ისე მიზიდავ, რომ ვერ გცილდები,
ფარვანასავით ცეცხლის ალს ვეტრფი.
მე შენს სიყვარულს გამოვეკიდე,
სულ რომ გამირბის და მაინც მოვდევ...
ყოველი ღამე თეთრად თენდება,
შენზე ფიქრების ტყვედ უნდა მოვკვდე.
ღამეა მშვიდი და სევდიანი,
მთელ სოფელს სძინავს, მაგრამ მე არა...
მე ვისაც ძილი ასე მიყვარდა,
შენზე ფიქრებში, არ მძინავს, არა...
--------------------
ქემო ქავთარი
Sunday, October 23, 2016
უშენობას ვეღარ ვუძლებ...

უშენობას ვეღარ ვუძლებ,
გოგოვ, გოგოვ შავთვალებავ!..
ახ, ნეტავი არ მენახე,
სულ დამღუპა მაგ თვალებმა...
სად გეძებო, სად გიპოვო?..
მოვიარე მთლად ქვეყანა...
მზე და მთვარე შევაწუხე,
ვარსკვლავთ ვერსად გპოვეს, განა...
ნუთუ მართლა მომეჩვენე, სიზმარი ხარ,
ანდა ზღაპრის კოხტა მზეთუნახავი?..
დღე და ღამე, გოგოვ, მე შენს ძებნაში ვარ,
დღე და ღამე მაგ თვალების დევნაში...
შენზე ფიქრით, შენზე დარდით, სიმღერებით...
ხეტიალში ღამეები მითენებია.
დამენახე მაინც სადმე, რად მაწვალებ?..
ასე ძლიერ ჯერ არავინ მომნატრებია.
----------------------
ქემო ქავთარი
Saturday, October 22, 2016
გარეთ წვიმს და ქარია...

გარეთ წვიმს და ქარია,
მენატრები ძალიან,
სევდამ ხელი დამრია,
ჩემს გულშიც ავდარია,
მაგ თვალების ბრალია...
ჩემი გულის დარდი ხარ,
შენს კვალდაკვალ დავდივარ,
უშენოდ არ ვვარგივარ,
თუ შენს გულში არ ვზივარ,
ცხოვრებას რა აზრი აქვს?..
ეგ თვალები, გიშრისფერი,
მე რად მიკლავს გულს?..
სევდიან სითბოს რომ მმატებს,
რად მიწეწავს სულს?
ნუთუ მართლა შემიყვარდი,
გოგოვ, ლამაზო,
ჩემი გულის მარგალიტო,
ლალო, ალმასო...
ვერ გიბედავ, რომ ეს გული
გადაგიშალო,
მერე რა ვქნა შენი ნახვა
რომ დამიშალო,
რომ გამწირო, გამიმეტო,
რომ არ მიკადრო,
აღარ გნახავ. უნდა სადმე
გადავიკარგო...
----------------------
ქემო ქავთარი
Friday, October 21, 2016
ღვინის სმა და სიმღერა
არც არაფერს ვაშავებ და არც ბევრ რამეს ვაკეთებ...
მიყვარს, ვეტრფი და შევხარი, ვადიდებ და ვაღმერთებ
ძმაკაცებთან ღვინის სმას და ქუჩა-ქუჩა ხეტიალს,
უძილო მთვარის ხილვას და სიმღერის თქმას ეშხიანს...
რა ვუყოთ, რომ ასეთი ვარ?.. ბევრი თუ ვერ გამიგებს,
ნუ მიწყენთ და ნუ დამძრახავთ, ჩემს ცოდვას ნუ დაიდებთ...
გამომთვრალი დარდი დამაქვს უბან-უბან ამ გულით,
დავლევ და მსურს ძაღლ ცხოვრებას ვუთავაზო პანღური...
ღვინო დარდებს გამიქარვებს, სიმღერა ხალისს მომგვრის
და ნაღვლიან ამ ჩემს გულზე ია-ვარდი ამოდის,
მაგრამ მხოლოდ იქა ვმღერი, სადაც ჩემი სიმღერა
ესმით და უცხო არ არის, ჩემი გიტარის სჯერათ...
გულის გაშლა მომინდება, სიმღერა, აცეკვება
და თუ ადრე სევდა მკლავდა, სულმთლად დამავიწყდება...
თქვენც, თუ ვინმე შეგაწუხათ ბევრმა დარდმა, ფიქრებმა...
უებარი წამალია ღვინის სმა და სიმღერა!
---------------------
ქემო ქავთარი
Subscribe to:
Posts (Atom)
.jpg)











