Wednesday, January 4, 2017
ირემს მიგიგავს...
ირემს მიგიგავს სიტურფე და მშვენიერება,
ძლიერ გიხდება ირემივით ყელმოღერება,
კეთილშობილი, ლამაზი და ისე ლაღი ხარ,
თავისუფლების ტრფობით მთვრალი ცალად დადიხარ...
როგორ გამშვენებს ალაგ-ალაგ კოხტა ხალები
და ირემივით ნაღვლიანი რომ გაქვს თვალები...
ნუ დაღონდები, გაიღიმე, ასე ჯობია,
შენ რომ იცინი, მზე ანათებს ასე მგონია...
ლაღო, ლამაზო, ხალიანო, ირმისთვალება,
სიყვარულისთვის შექმნილი ხარ, ასე თავნება...
მრავალი კაცი თავს გევლება, უკან დაგყვება,
როგორც ფარვანა, სანთლის ალს რომ ეტრფიალება.
დიდი, პატარა, შენი ტოლი, ყველა თან დაგდევს.
ნეტა ვიცოდე, რა აშტერებს მოხუცებს, ღლაპებს...
ასე, ყოველდღე, არ გაკლებენ საჩუქრებს, ვარდებს
და მომავალში გპირდებიან ედემის ბაღებს.
ყველა მოდის და შენი გულის დაპყრობას ცდილობს,
ზოგი ხელსა გთხოვს, ზოგიც გიწვევს სასიყვარულოდ,
ზოგი ქონებით თავს გაწონებს, ზოგი - ზრდილობით,
ზოგიც მუდმივი ყურადღებით, გვარიშვილობით...
მე არ ვყიდულობ შენთვის ვარდებს, არც სხვა საჩუქრებს.
გახსოვს ოდესღაც, მხოლოდ ერთი ტიტა გაჩუქე?
რა ვქნა, არ მყოფნის არც ქონება და არც ზრდილობა...
დაპირებებსაც უნდა თავის მიხვედრილობა.
არ მითხოვია, არა, შენთვის გული... არც ხელი...
მე მოვედი და მხოლოდ ჩემი გული გაჩუქე.
ჩემი გრძნობები ნიავს მოაქვს შენთან სიმღერით,
ჩემი ჩურუჩული და ალერსი ხომ არ გაწუხებს?..
მე არ დაგეძებ შენ ქუჩაში, ტყეში დავდივარ...
შენ ხარ პატარა ფურირემი დიდი ზღაპრიდან,
დაჭრილ ხარირემს სიყვარულის წყარო მწყურია
შენა ხარ ჩემი წყაროს თვალი საამურია...
ლაღო, ლამაზო, ხალიანო, ირმისთვალება,
შენი ალერსი უსაშველოდ მომენატრება.
პირველი კოცნის მოგონება ტუჩზე ამყვება,
როგორც პეპლების უნაზესი შეფარფატება.
---------------------
ქემო ქავთარი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment