Friday, January 10, 2020
ქემო და ქავთარი
აზრთა საუფლოში, ფიქრის საცალფეხო
ბილიკს მიუყვება ორი მტერმოყვარე.
გონების წიაღში ერთად დაიბადნენ,
ელექტრონისა და პოზიტრონის მსგავსად.
ერთურთს ისე ჰგვანან, როგორც სხეულსა ჰგავს
მისი ანარეკლი ვერცხლისფერ სარკეში.
ერთი საწყისი აქვთ, ღირებულებები
ერთთავად საერთო და მიზანსწრაფვაც კი
თითქმის თანაბარი, თუმცა მიმართული
საპირისპიროდ და ერთმანეთის სამტროდ...
გაგიკვირდებათ და, მათ არ შეუძლიათ
ყოფნა-არსებობა ერთურთის გარეშე,
და მაინც მუდმივად ერთმანეთსა ჭამენ,
ამ სიტყვის ყველაზე მძაფრი მნიშვნელობით...
ან მატერია ნთქავს, სპობს და ანადგურებს
ანტიმატერიას, ან იქნებ პირიქით?..
და სულ ამტკიცებენ საწინააღმდეგოს
ერთმანეთისაგან ნიშნით გამიჯნულნი...
და სადაც აზრია, იქ ანტიაზრიც დგას,
სადაც ნათელია, ჩრდილიც ხომ იქ ჩნდება.
სარკაზმით შეკაზმულ კამათში იშვება
ხან ჭეშმარიტება და ხანაც აბსურდი.
პროზა პოეზიას შეჰყრია, შეჰბმია
და ვერც კი გაარჩევ, რომელი იმარჯვებს.
შეხედავ ერთის მხრივ, რიტმული პროზაა,
ან იქნებ მოთეთრო ლექსია - ვერბლანი.
რითმა შეუჭამა პროზამ პოეზიას,
თუმცა რიტმის ძალას დანებდა თვითონვე.
მგონი ამ ჭიდილში დიდი სინკრეტიზმი
მხატვრულად ბრუნდება ლიტერატურაში,
და თუ აზრი არის თავის ამპლუაში,
სახელებს არა აქვთ დიდი მნიშვნელობა.
თუკი ემოციამ შესძლო დაბადება,
ამ თეთრი ლექსისთვის იქნება მიღწევა,
რადგანაც ამგვარი დავწერე პირველად,
პროზა პოეზიას ჩახვეულ-ჩაფსკვნილი.
-------------------
10.01.2020
ქემო ქავთარი
Labels:
2020,
ვერბლანი,
თორმეტიანი რითმა,
პოეზია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment