თავი I - ჟამსაბრუნავი
101. სამყარო ბრუნავს, ტრიალებს,
არაფერია უძრავი,
ჟამთა სვლას, დროის მსვლელობას
თვალყურს ადევნებს უფალი.
102. ოქროსფერ ეტლში შეუბამს
დროს დარახტული რაშები,
ნაბდით დაჭედილ ფლოქვებით,
ქაფმოდებული ლაშებით.
103. დრო დაჰქრის მთელ სამყაროში,
თან დააქვს თავის საზომი,
ეტლში დევს ქვიშის საათი,
დროის მთვლელი და გამზომი.
104. ქვიშას ჩამოსდევს წამები,
სხდებიან სამოც-სამოცად,
წუთებად შეჯგუფებულნი
ერთმანეთს ჰგვანან საოცრად.
105. სამოცად დგანან წუთებიც,
ამგვარად ქმნიან საათებს,
წესად აქვთ, ამ წესის გარდა
არ დაგიდევენ არაფერს.
106. საათთა რაოდენობა,
როცა მიაღწევს ოცდაოთხს,
დღეღამედ გადაგორდება
ცარგვალის ბრუნვა დროდადრო.
107. დღე ღამეს ცვლის და ღამე დღეს
ოცდაათ-ოცდათერთმეტად,
ერთ რიგში ჩამწკრივებულნი
გზას აგრძელებენ თვეებად.
108. სამი თვე მოაქვს გაზაფხულს,
ზაფხული ითვლის სამსაცო,
სამს შემოდგომა პატრონობს,
სამიც რგებია ზამთარსო.
109. ოთხივ სეზონი თორმეტ თვეს
წლად შეჰკრავენ და მოდიან,
წლებიც მისდევენ ერთმანეთს,
ყველა ერთგვარი როდია...
110. ზოგჯერ დღე წლებად მიღოღავს,
ზოგჯერ წლები წამს ასწრებენ,
მიჰქრიან ბედაურები,
თვალებიდან ცეცხლს აფრქვევენ.
111. დრო ყველგან არის ყოველთვის,
დროს ვერაფერი აჩერებს,
დრო საათია, რომელიც
სამყაროს ბრუნვას აჩვენებს.
112. დრომ გადუქროლა იმ ბაღსაც
და იმ სოფელსაც მახლობლად,
მოხუცი მებაღის საფლავს
ხან აწვიმდა, ხან ათოვდა.
113. საფლავის ბორცვზე გაზაფხულს
ლურჯი იები მოჰყავდა,
ზაფხული წიაღს უთბობდა,
მწვანე ბალახით მოსავდა.
114. შემოდგომა მკერდს უფენდა
ხმელი ფოთლების ხალიჩას,
ზამთარში თოვლის საბანი
უფრიალებდა ქარისგან.
115. მებაღის ხელს მოკლებული
ბაღი გაველდა, გაჯაგდა.
საფლავსაც გადაუარა
მიწამ და თითქმის არ ჩანდა.
116. ტურფა ყვავილთა სინაზე
დრომ გადათქერა ჭენებით,
მაგრამ არა ქნა უფალმა
წაშლა სიცოცხლის ფერების.
117. ერთ ზაფხულს ბაღში გამოჩნდნენ
მეუდაბნოე ბერები,
მათთვის მიეცა მისია
ღმერთს სამონასტრო შენების.
118. მოვიდნენ, მიწა აკურთხეს,
მებაღის სახლში დასახლდნენ,
ბაღი ჯაგისგან გაწმინდეს,
საახოე ტყე გაკაფეს.
119. მოხუცის საფლავს გათლილი
ქვის ლოდი ძეგლად დაადგეს,
წარწერით: „ღმერთო აცხონე,
მებაღის სული განათლდეს!“
120. ტაძრის შენებას შეუდგნენ
მონდომებით და მოთმენით...
და ქრისტეს სახლის მშენებლებს
წამოეშველათ სოფელი.
121. ძალა რომ ერთობაშია,
ბევრჯერ გამხდარან მოწმენი,
გამრჯედ შრომობდნენ მხარდამხარ
მართლმადიდებელ მლოცველნი.
122. ქვა ქვაზე დადვეს, ქვითკირით
ამოიყვანეს კედლები,
თავს გადახურეს გუმბათი
ღვთისადმი ლოცვა-ვედრებით.
123. ტყის პირას ჩადგეს სენაკნი,
იქვე პატარა ეკვდერი,
შემოემატნენ მორჩილნი
და მონაზონი დედები.
124. დაიწყეს ეკლესიაში
წირვა-ლოცვა და გალობა,
მრევლმა იდინა სოფლიდან,
ღმერთმა მოიღო წყალობა.
125. თავისი ხელით იმკიდნენ
სარჩოს და საბადებელსა,
ღმერთს მსახურებდნენ ერთადერთს,
სამყაროს დამბადებელსა.
126. ააწყვეს ცოდნის სამჭედლო,
დაიმოწაფეს ყმაწვილნი,
ვისაც კი სწავლა სწყუროდა
და ნიჭი ჰქონდა გახსნილი.
127. მოვიდნენ ახალგაზრდები
მწიგნობარ-მასწავლებლებთან,
ვაჟნი ბერებთან სწავლობდნენ,
ქალნი - მონაზონ დედებთან.
128. ის ორი ბავშვიც, ოდესღაც
ბაღში რომ სდევდნენ პეპლებსა,
მშობლების ნება-სურვილით
მოსულან ცოდნის ედემსა.
129. მხოლოდშობილნი ჰყოლოდათ
ტიტე და ვარდო დედებსა,
მით უფრო მეტად ზრუნავდნენ,
ელოდნენ კეთილ შედეგსა.
130. რადგანაც ცოდნა ყველაზე
უძვირფასესი განძია,
წიგნიერების სანთელი,
ვინც სწავლობს, მისთვის ანთია.
თავი II - ყრმობის განცდები
131. იმ დროში ვაჟებს მამები
ბალღობიდანვე წურთნიდნენ,
ხელჩართულ ბრძოლას აჩვევდნენ,
ვარჯიშით ლამის სულს ხდიდნენ.
132. ტიტეც სწავლობდა ფარ-შუბის,
ხმლისა და ხანჯლის ხმარებას,
მშვილდის მოზიდვას, გატყორცნილ
ისრით სამიზნის დალეწვას.
133. სანადიროდაც მიჰყავდა
დროდადრო მამას ყმაწვილი,
საფარში ღამეს ათევდა
კლდეზე ცოცვისგან დაღლილი.
134. ვარდო კი, დედის ნაუბარს
გულისყურით რომ ისმენდა,
საქალო საქმეს სწავლობდა,
გამოცდილებას იძენდა.
135. არ ზარმაცობდა შრომაში,
ქსოვდა, ქარგავდა, კემსავდა,
ხშირად მამასაც შველოდა,
პატარა ბატკნებს მწყემსავდა.
136. წამოზრდილიყვნენ ბავშვები,
მშობლებს საქმეში შველოდნენ,
უფროსთა აზრებს უსმენდნენ,
უკვე დიდობას ჩემობდნენ.
137. ბალღურად აღარ ანცობდნენ,
მორცხვობით განზე დგებოდნენ,
მოხვევნას, ზედმეტ შეხებას
უფრთხოდნენ, ერიდებოდნენ.
138. ოთხ წელზე მეტი გასულა,
რაც ბაღში პეპლებს დასდევდნენ,
თითქოს არც რამე შეცვლილა,
მაგრამ თვითონ ხომ ამჩნევდნენ,
139. როცა თვალი თვალს ხვდებოდა,
გული გულისკენ იწევდა,
იმ უნებური კოცნისკენ
წასვლა იცოდნენ ფიქრებმა.
140. გოგოს აკოკრილ გულმკერდზე
ბიჭის მზერა რომ დნებოდა,
გული კრთებოდა სიამით,
ლამის მკერდიდან ხტებოდა.
141. ვარდოს გაბუტულ ტუჩებზე
პეპლების ლანდი ჩნდებოდა,
მკერდს ჩაჰყვებოდა ფარფატით,
პირდაპირ გულში ძვრებოდა.
142. ერთად უნდოდათ ყოფნა და
ერთმანეთის ხმის მოსმენა,
უთქმელი გრძნობა მოჩანდა
ფიქრებში დაღვრილ ოცნებად.
143. ცოდნის სამჭედლო ტაძარშიც
სასწავლად ერთად მოვიდნენ,
ჭეშმარიტების გასაღებს
აქ დაეძებდა ორივე.
144. დილას სოფლიდან მოსდევდნენ
მონასტრისაკენ შარაგზას,
თანატოლ მოწაფეებთან
ერთად ლაღობდნენ გზადაგზა.
145. სწავლა ცალ-ცალკე უწევდათ,
ერთად არ წვრთნიდნენ ქალ-ვაჟთა,
შესვენებებზე ხვდებოდნენ,
ბაღსაც სტუმრობდნენ ხანდახან.
146. მოგონებებით ავსებდათ
ჩავლა მებაღის საფლავთან,
ერთურთის ფიქრში ხედავდნენ
იმ ამბავს, აქ რომ გადახდათ.
147. საღამოს ტაძრის ეზოში
ერთი მეორეს უცდიდა,
რომ ისევ ერთად გაევლოთ
სულ რამდენიმე წუთის გზა.
148. მიაცილებდა სახლამდე,
გოგო მადლობას უხდიდა,
დამშვიდობების მიზეზით
ხანდახან კოცნას ჩუქნიდა.
149. ლოყაზე აცეკვებული
კოცნა ფიქრს საკენკს უყრიდა...
ფიქრი მისდევდა იმ ამბორს,
მოწყვეტილს ვარდოს ტუჩიდან.
150. ხვდებოდა ტიტე, მის გულში
ღმერთი სიყვარულს ფურჩქნიდა,
მაგრამ სატრფოს ვერ ანდობდა,
გრძნობის გამხელა უჭირდა.
151. მონასტრის კედლების მიღმა,
როგორც ჯადოსნურ ზღაპარში,
ცოდნის მდინარეს ხაპავდნენ
ყმაწვილნი წიგნის სწავლაში.
152. დრო მიჰყვებოდა სტრიქონებს
ასო-ბგერათა თამაშით,
თვითონ უფალი სუნთქავდა
ქართული ენის ანბანში.
153. მოძღვარნი ფრთხილად სინჯავდნენ
მოწაფეების ბუნებას,
სულიერ საზრდოს აწვდიდნენ,
რწმენა თრგუნავდა ცდუნებას.
154. მუყაითობას აჩვევდნენ,
გულის თვალებით ყურებას,
ნიჭის მიხედვით ურჩევდნენ
გონების წვრთნას და კურნებას.
155. იმის მიხედვით, სურვილი
და ნიჭი საით უწევდათ,
აძლევდნენ ცოდნის გასაღებს,
წიგნებს და კითხვის უფლებას.
156. როდესაც ცოდნის მარცვალი
ერწყმის ნოყიერ ნიადაგს,
მწიფდება სიბრძნის თავთავი
ხვავრიელ-ბარაქიანად.
157. გამოცდილების კალოზე
გაილეწება ბზიანად,
განიავდება, დარჩება
ბაჯაღლო ოქრო მთლიანად.
158. თუ კაცი უფლის ბოძებულ
სიბრძნეს გაიღებს სვიანად,
გამოადგება ქვეყანას,
იცხოვრებს ღირსებიანად,
159. თუ კეთილ საქმეს მოახმარს
ცოდნის აბჯარს და იარაღს,
სასუფევლის გზა ეხსნება
საიქიოსკენ მიმავალს.
160. რითაც არ უნდა იარო,
ანაფორით თუ ჩოხითა,
ერისკაცობით იბრძოლებ,
თუ ბერობაში ლოცვითა,
161. ბოლო ერთია ყველასთვის,
სიკვდილი მოვა შორითა,
გკითხავს, ვის მხარეს იდექი
კეთილ-ბოროტის ბრძოლისას...
162. დრომ გადათვალა თვეები,
თორმეტ-თორმეტი ოთხჯერა.
ოთხ წელში უხვად გაიღეს
ცოდნის მჭედელმა მოძღვრებმა.
163. დრო დადგა, ცოდნის ტაძარი
პირველ თაობას შორდება
და ხმა სამრეკლოს ზარების
გუგუნწკრიალებს ლოცვებად...
164. ღმერთმა სწორი გზით გატაროთ,
ისე გახარჯეთ ცხოვრება,
იმ ქვეყანაში შეიძლოთ
დაღლილი სულის ცხონება!
თავი III - სიჭაბუკის ნათელი
ნამოწაფარი ბავშვები,
სიმწიფეს მიტანებული
გოგონები და ვაჟები.
166. სინაზით მინდვრის ყვავილებს
მოჰგავდნენ კოხტა ასულნი,
ჭაბუკებს ქორ-შევარდენთა
ხიბლი დაჰკრავდათ მაცდური.
167. მინდვრის ყვავილთა თაიგულს
შიგ ერთი ვარდი ერია,
უცხო სიტურფით გაშლილი,
ღვთაებრივ მშვენიერია.
168. მზეთუნახავად გაზრდილი
მზის დარი, მზისა ფერია,
ბრწყინავდა ვარდო ტოლებში,
ყელმოღერილი შველია.
169. შავ თმაზე ღამე უკუნი,
თვალებში თაფლი ერია,
ღიმილით ჰგავდა განთიადს
პირ-სახე ხორბლისფერია.
170. ჩამოქნილ მკლავებს შვენოდა
ხელზე ნატიფი თითები,
სწორ მხრებს მოსდევდა აჩრდილი
ეგვიპტის პირამიდების.
171. თლილ ფეხებსა და მოქნილ წელს
ავსებდა სრული ქმნილებით
მკერდი კრეტელი ქალწულის
უზადო პროპორციებით.
172. ეს სილამაზე ხიბლავდა,
სულს უშფოთებდა ჭაბუკებს,
არ იშურებდნენ ვარდოსთვის
ყურადღებას და საჩუქრებს.
173. პირისპირ ვერ უბედავდნენ,
რომ სიყვარული აეხსნათ,
თავს აწონებდნენ, შორიდან
უჟუჟუნებდნენ თვალებსა.
174. მრავალი გული იწვოდა
ლამაზი ქალის ტრფიალით,
იდგა ერთურთთან ქიშპობა,
ცემა-ტყეპა და ღრიალი.
175. ზოგმა წერილი აფრინა,
ზოგმა კი შუამავალი,
მაგრამ დაჭრილი გულისთვის
ვერავინ ჰპოვა წამალი.
176. ვარდო გულგარეთ უსმენდა
და ჯიუტად შუბლს იკრავდა,
ქორ-შევარდენთა დევნისგან
ერთი არწივი იცავდა.
177. სულ თავს რომ დასტრიალებდა,
სიყრმიდან მოყოლებული,
ზღაპრულ მზეჭაბუკს მოჰგავდა
თვალტანად დამშვენებული.
178. მაღალი, მკვრივად ნაგები,
ფოლადნაწრთობი სხეულით,
დათვის ძალით და მგლის მუხლით,
არწივის მზერით ცნეული.
179. ბეჭბრტყელი, მხრებგანიერი,
ფალავნებს შორის რჩეული,
გულზვიადი და გულფიცხი,
ჩხუბში მრისხანე ველური.
180. მის მფარველობას შეყუჟულ
ვარდოს ვინ გაუბედავდა
ურიგო სიტყვას, ან თუნდაც
უდიერ გამოხედვასა.
181. ტიტეს უმხელდა ყველაფერს
და ხშირად რჩევას ჰკითხავდა.
სხვა ვინ ფიქრობდა მისგვარად?
უფრო ერთგული ვინ ჰყავდა?
182. ეს ერთგულება საამო
ვალდებულებად მიაჩნდა
ტიტეს და უთქმელ სიყვარულს
გულისტკივილით იტანდა.
183. ტურფა ასულის მშვენება
ვნების ქარცეცხლში ახვევდა,
ლამაზ სხეულთან შეხება
მუხლებში ძალას ართმევდა.
184. უყვარდა ისე ძლიერად,
მისთვის სიცოცხლეს გასცემდა,
მაგრამ რაღაცა უჩინო
ენაზე ბორკილს ადებდა.
185. ვერ უთხრა, ვერა, ვერასგზით,
თუმცა, ბევრჯერ კი ეცადა,
მოხუცი მებაღის წყევლა
მის ბედს ამგვარად ჭედავდა.
186. ვარდოს უკვირდა, მიჯნური
რად არ უმხელდა სიყვარულს.
ქალი ხომ ყოველთვისა გრძნობს
ტრფიალს მისადმი მიმართულს.
187. ასე მოსულან აქამდე,
ისევ ამ ლამაზ ბაღნარში
იდგნენ და ასე ეგონათ,
ცხოვრობდნენ ნამდვილ ზღაპარში.
თავი IV - სველი ტრფიალი
188. სანამ ყმაწვილნი ამ ბაღში
მომავლის გეგმებს აწყობდნენ,
ცა მოიქუფრა, ღრუბლები
ჩაშავდნენ, დაბლა ჩამოწვნენ.
189. მსხვილ-მსხვილი წვიმის წვეთები
ციდან მიწაზე ჩამოხტნენ,
წამოიშალნენ ქალ-ვაჟნი,
სოფლისკენ წასვლას ჩქარობდნენ.
190. ფერდობს ქვემოთკენ ჩაუყვნენ,
გზა მიდიოდა ტყის პირზე,
დაიწყო ჭექა-ქუხილი,
ელვამ გაბზარა ცის კიდე.
191. ცას კალთა ჩამოეხია,
წვიმამ იდინა თქრიალით
და ჩამოუყვნენ ბილიკებს
ნიაღვარები ჩხრიალით.
192. წვიმას გაექცნენ მგზავრები,
ტყეს მიაშურეს პირდაპირ,
მხარგაშლილ ხეებს მიანდეს
მშრალად დარჩენის იღბალი.
193. დიდხანს იწვიმა ძლიერად,
ფოთლები წყალს ვერ იჭერდა,
ქარი ძვრებოდა ტოტებქვეშ
და წვიმის ფარდას ითრევდა.
194. თხემით ტერფამდე სველები
მუხის ხეს შეფარებოდნენ,
ტიტე და ვარდო სხვებსავით
თქეშის გადავლას ელოდნენ.
195. ვარდოს ტანს სველი სამოსი
ეტმასნებოდა, ეკვროდა,
ამხელდა მიმზიდველ სხეულს
და ტიტეს გრძნობებს ებრძოდა.
196. „ქაფში შობილი“ ქალღმერთის
სველ ყელს თმა შემოხვეოდა
და ვარდოს სახით ვაჟის წინ
თვით აფროდიტე ზეობდა.
197. ვარდის სურნელი ათრობდა,
ნესტოებს ეფერებოდა
და ჟრუანტელის ნაკადი
გულს თრთოლვად ეძალებოდა.
198. ქალს ცივმა ქარმა უბიძგა,
მის მკლავებს შეფარებოდა
და მისი მკერდის კანკალი
ვაჟკაცის გულმკერდს სწვდებოდა.
199. ტანჯავდა ტიტეს გონებას
აბეზარ ფიქრთა თარეში,
სიამით იძირებოდა
სატრფოს თაფლისფერ თვალებში.
200. მთელ სხეულს ნატვრად ჰქცეოდა
კოხტა ქალწულის ალერსი,
ერთი კოცნა და სიკვდილი
ვარდოსთმებისფერ ღამეში.
201. სველ თმაზე ვნება ცეკვავდა,
გული გულისკენ იწევდა
და ვარდკოკორა ბაგენი
ამბორსაყოფად იწვევდა.
202. გაუწყდა ძაფი მოთმენის,
დაჰყვა მიმზიდველ ანდამატს,
ცოტაც და სატრფოს ტუჩებზე
მზე დადნებოდა თაკარა...
203. მაგრამ შეაკრთო ასული
ამხანაგების ძახილმა,
გრძნობად მოსული პეპლების
გუნდი დაფრთხა და გაფრინდა.
204. ტიტეს ხელიდან გაუსხლტა,
გამოძვრა მკლავებს ქვემოდან,
ტუჩს აცდენილი კოცნა კი
ყურის ბიბილოს შემორჩა.
205. წვიმა შესუსტდა, ყმაწვილთაც
წასვლა გაბედეს სახლებში,
ტყიდან ფეხდაფეხ მოსდევდნენ
ტკბილსაამური განცდები.
206. დაბინდდა, წინ წასულიყვნენ
თანატოლ-ამხანაგები,
შეციებული ქალის მხრებს
ათბობდნენ ვაჟის მკლავები.
207. ძველ ღვინოსავით ათრობდა
სველ თმებზე ჩუმი ალერსი,
ბედნიერების სხივები
ბრწყინავდნენ ვარდოს თვალებში.
208. როცა ჭიშკართან შეჩერდნენ,
მთვარემ გაშალა ჩრდილები,
ფანჯრიდან იჭყიტებოდნენ
პატარა ბიძაშვილები.
209. ტიტემ მოიხსნა კისრიდან
ხელით ნაკეთი ხის ჯვარი,
ვარდოს ჩაუდო ხელში და
გადაისახა პირჯვარი.
210. უთხრა, მუდამ თან ატარე,
დაგიცავს, დაგიფარავსო,
ზოგჯერ ჩემთვისაც ილოცე,
უფალი მოგცემს ძალასო.
211. მერე იმ ხელზე აკოცა,
სხვა ვერაფერი ვერ უთხრა.
სათქმელის მეტი რა ჰქონდა,
მაგრამ ენა კვლავ ეურჩა.
212. ვარდომ კი დამშვიდობების
კოცნა აჩუქა, წავიდა.
არ სურდა, მაგრამ რა ექნა,
დედა ეძახდა სახლიდან.
213. ის ღამე თეთრად გათენდა,
ძილი არცერთს არ ეწვია,
გრძნობად განცდილი გონებას
ფიქრებად შემოესია.
214. გზაზე ხვდებოდა მომავალს,
ოცნებანარევ ფერშია,
აწმყო, გრძნობაში ჩაფლული,
წარსულს რომ გამოეწვია.
თავი V - გამხმარი იმედი
დაასწრო ხარიპარიამ,
ციდან უჩუმრად გარეკა
ვარსკვლავთა ქარავანია.
216. დილით შეუდგნენ სამზადისს
მონადირენი ადრიან,
ტიტეც მიჰყვება მამამისს,
მთაჭიუხებში გადიან.
217. ადრეც დალაშქრა მრავალჯერ
ჯიხვთა დევნაში ჭიუხნი,
არ აშინებდა ბრგე ჭაბუკს
დაბრკოლებები სიუხვით.
218. სულ მუდამ იქით იწევდა,
სადაც ხიფათი დიდია,
სადაც სიკვდილი თან დაგდევს,
სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია.
219. ახლა კი, როცა სიყვარულს
გაევსო მისთვის ირგვლივ ცა,
გული სატრფოსკენ უწევდა,
ნახვამდე წუთებს ითვლიდა.
220. მაგრამ რუსთველის სიბრძნეზე
გაზრდილს ნასწავლი ჰქონია:
„სჯობს საყვარელსა უჩვენე,
საქმენი საგმირონია.“
221. წავიდა, ნადირობაც ხომ
ვაჟკაცობა და ომია,
მთელი თვე ნადირს დასდევდა,
როგორც მშიერი ლომია.
222. მგლისმუხლას კლდეზე ცოცვაში
ვერვინ დაუდო ტოლია,
მიზანს ხვდებოდა, რამდენიც
მის ხირიმს გაუსროლია.
223. გულით დაჰქონდა ტკივილი
და სიტკბო ჩუმი ტრფობისა,
ქარაფებს ეფინებოდა
ზმანება გულისწორისა.
224. ფიქრი დამძიმდა ქვასავით,
დარდი ნაყოფად მოისხა.
ოცნებად გადაჰქცეოდა
ამოთქმა უტყვი გრძნობისა.
225. მწვერვალებიდან ჩამოჰყვა
დრო საცალფეხო ბილიკებს
და დადგა ჟამი მშვიდობით
მობრუნებისა შინისკენ.
226. სოფელში ღამით დაბრუნდნენ,
ცხენურემდატვირთულები,
დააბინავეს ნადავლი,
საქმე სჯობს განასრულები.
227. გაახალისეს ჯალაბნი
უვნებლად შინ დაბრუნებით,
დაწვნენ და ძილად მივიდნენ
თბილ ლოგინს დანატრულები.
228. ტიტემ კი, სანამ სასთუმალს
თავს მიანდობდა დაღლილი,
მონახა მცირე ზარდახშა,
ნაჩუქურთმები, გათლილი.
229. შიგ ვარდის ნეშტი ესვენა,
სიცოცხლის სუნთქვას გაყრილი,
იმ სიდიადის ხატისგან
დარჩენილიყო აჩრდილი.
230. გახსნა ზარდახშა, გამხმარი
ცხედარი ხელში აიღო,
მოგონებები გაცოცხლდა,
ფიქრმა წარსულში წაიღო.
231. ზღაპარიყო და რადგანაც
თან იყო, თანაც არ იყო,
გამხმარმა ვარდმა შესძლო და
ლაპარაკიც კი დაიწყო...
232. და უთხრა ტიტეს, მე ვიცი
შენს გულს რა ცეცხლი სდაგავსო,
ეგ სიყვარული ძლიერ ჰგავს
ჩემს თავს გადამხდარ ამბავსო.
233. მეც ხომ უთქმელად ვუყვარდი
იმ ტიტას, შენებრ ტანადსო,
ვგრძნობდი ქალური გუმანით,
თუმცა არ უთქვამს არასდროს.
234. სანამ ის დღე არ დაგვიდგა,
საბედისწერო, საზარო,
თქვენთან რომ ბედმა შეგვყარა,
ჯადოსნურ მწკრივში დაგვაწყო.
235. მანდ გაცხადდაო სათქმელი,
სიკვდილის ჩრდილქვეშ გამანდო.
მივხვდი, თურმე მეც მიყვარდა,
კი მივხვდი, მაგრამ რაღა დროს...
236. თქვენც იგივე გჭირთ და თუ გსურს,
გრძნობის გამხელას ეღირსოთ,
იმ მწკრივში ჩავდგეთ ხელახლა,
ოთხივე უნდა შეგვკრიბო!
237. ტიტე მიხვდა, რომ დრო დადგა,
დანაპირები აღსრულდეს,
ეს ვარდი ვარდოს აჩუქოს,
ის კი იმ ტიტას აჩუქებს.
თავი VI - მწარე ტყუილი
ადგა და წასვლას ფიქრობდა,
სატრფოს ოჯახში გაგზავნა
თვით მამამისმა ინდომა.
239. წესადა ჰქონდა, ამ წესის
შესაბამისად იღწვოდა,
ნანადირევის მიტანა
მეგობრისათვის იცოდა.
240. წავიდა ტიტე, მეცხვარეს
მამისგან ძღვენი მიართვა.
შინ მხოლოდ ვარდო დაუხვდა,
გულს ცეცხლი აუბრიალდა.
241. შეიპატიჟა ასულმა
სადილად ხალისიანად,
საუბარს შეჰყვნენ და გრძნობა
გონების კედლებს მიაწვა...
242. და გადაწყვიტა ჭაბუკმა,
ახლა უნდა თქვას სათქმელი,
თუნდ ფეხქვეშ მიწა გაუსკდეს,
არ არის მეტის დამთმენი.
243. გულჯიბეს ამოარიდა
სათუთად თან ნატარები,
ვარდი სრულიად გამხმარი,
ყვავილურ გარდაცვალებით.
244. გახსოვსო?.. ჰკითხა გულისწორს,
წლების წინ მისახსოვრეო,
მაშინ მე ტიტა გაჩუქე,
სიტყვა ვთქვით ფიცის სწორეო,
245. რომ შეგვენახა ორივეს
იმ ძვირფასი დღის სახსოვრად
და დაბრუნებაც გვენება,
როს შევიცნობდით ამ გრძნობას...
246. ვარდომ კი უთხრა, არ მახსოვს
არც ტიტა და არც ვარდიო,
განა რა სიტყვას ვიტყოდით
ორი უჭკუო ბალღიო?!.
247. ტიტე შეაკრთო ნათქვამმა,
თუ ვარდოს მართლა არ ახსოვს,
მაშინ ტყუილად მოსდევდა
მთელი ცხოვრება ამ ამბორს.
248. ჩასდია თაფლის მორევში,
თვალები ტყუილს ამხელდა,
გული გაიპო ორად და
ნაპრალში რისხვა გახელდა.
249. ნუთუ, ვერც წვიმას იხსენებ
მუხის ქვეშ გრძნობად დაღვრილსო?!.
მახსოვს და ისე დავსველდით,
გასახსენებლად არც ღირსო!..
250. ამ სიტყვებს როცა ამბობდნენ,
გულში ოცნება კვდებოდა,
ალბათ მათ გრძნობას გამხელა
არასდროს ეღირსებოდა.
251. სიმწრით მომუშტულ ხელებში
ვარდი დაიფშვნა ბედშავი,
ბასრი ეკლებით დაფხრიწა
სულის სიმშვიდის ზეწარი.
252. ჯიუტი იყო ვარდო და
არ ღირდა კითხვა თავიდან.
ამაყი იყო ტიტე და
ადგა, უსიტყვოდ წავიდა...
253. ნისლი ჩაუდგა თვალებში,
ძარღვებში სისხლი გაცივდა,
გული უკანა რჩებოდა,
ფეხის გადადგმა გაჭირდა.
254. მიდიოდა და თან მძიმე
დუმილის ლოდი მიჰქონდა,
ფიქრებს მისდევდა გონება,
კითხვებზე პასუხს ითხოვდა.
255. მიხვდა, რომ ქალმა, რატომღაც,
სიმართლის თქმა არ ინდომა,
სიცრუის ანარეკლი ხომ,
თვალებში მუდამ იგრძნობა.
256. ვერ გაერკვია ბოლომდე
ამგვარად ქცევის მიზეზში,
აქამდე მისთვის ტყუილი
არ უთქვამს ვარდოს მისდღემში.
თავი VII - ამაო რისხვა
მთლად აუწეწა ფიქრები,
ეჭვი გაღვივდა, მოაწყდნენ
გულს მრისხანების ზვირთები.
258. თურმე გაღმელი ქორვაჭრის
უფროს შვილს ჭიჭიასაო,
თვალი დაუდგამს ვარდოსთვის
და ცოლად შერთვა სწადსაო.
259. მოსულან ქალის სათხოვნად,
მამა იქებდა თავსაო,
დიდძალ ქონების პატრონი
რას გავუჭირვებ რძალსაო?..
260. არც გოგო არის გულგრილი,
თუ დავუჯერებთ ბალღსაო,
რაკი ერთურთი ინდომეს,
ჩვენ ნუ შევუკრავთ გზასაო!..
261. უსმენდა ტიტე დედას და
ბოღმა ხელს ყელში უჭერდა,
სისხლი მიაწვა საფეთქლებს,
გული ძალუმად უცემდა.
262. რისხვამ იფეთქა თვალებში,
მტრის სახე ნათლად უჩვენა
და ამღვრეული გონება
ჭიჭიას მოკვლას ურჩევდა.
263. ცოტაღა უკლდა, ეხუვლა
მთას მოწყვეტილი ზვავივით,
სახლთან მისჭროდა ჭიჭიას,
გარეთ გაეხმო ძახილით:
264. „სამტროდ მოვსულვარ, თან მახლავს
სიკვდილის შავი აჩრდილი,
არა ყოფილა ამ ცის ქვეშ
ორივესათვის ადგილი!
265. ერთერთმა დღესვე შევავსოთ
სამარე ჩვენთვის გათხრილი,
გამოდი, თუ კაცი გქვია,
თუ არ გახურავს მანდილი!“
266. თუ არ გამოვა, მიუხტეს
შემოუჩეჩქვოს თავ-პირი,
გამოათრიოს წკმუტუნით
წუნკალი ძუკნა ძაღლივით!
267. გაჰკიდოს ხელი ფეხებში,
ათრიოს ჯღაბის ტყავივით,
ფეხით გასრისოს უგულოდ,
მურდალი ბეღლის თაგვივით!..
268. ასეც იზამდა გულფიცხი,
მუქარად შემართულიყო,
ისევ ვარდოზე ფიქრი რომ,
მაშველად არ მოსულიყო.
269. მხოლოდ მის გამო ცდილობდა,
ზღვარს რომ არ გადასულიყო,
მის იქით, თუნდაც ქვეყანა
ამ წუთას დაქცეულიყო.
270. ფიქრობდა, ნეტავ რას იზამს,
ვის შველას შესთხოვს ღმერთსაო?
ვის გადარჩენას ინატრებს?..
ვის მკერდზე დაღვრის ცრემლსაო?
271. იქნება მართლა ის უყვარს,
მისთვის იღერებს ყელსაო,
მას უძღვნის თავის გრძნობებსა,
არ ემდურება ბედსაო.
272. მაშინ როგორღა ავღმართო
იმის რჩეულზე ხელიო?!.
თუ უყვარს, როგორ მოვუკლა,
ვარგუნო სიმწრის დღენიო?..
273. ვაჟკაცმა, როგორ ვადინო
სატრფოს თვალთაგან ცრემლიო,
ჩემს თავს არ ვჩივი, ოღონდაც
ეგ იყოს ბედნიერიო.
274. ჩამოუბნელდა ფიქრებში,
ვეღარ აანთო ლამპარი
და უპასუხოდ დარჩენილ
კითხვებს მობეზრდათ წანწალი.
275. იმ დღეს დამთავრდა ტიტესთვის
ბედნიერების ზღაპარი,
ვარდომ განგმირა თავისი
გულმავიწყობის ლახვარით.
თავი VIII - უგრძნობი კოცნა
გულს გლეჯდა უხმო ვარამი,
სული ბორგავდა ბედკრული,
სხეულს გაჰქონდა კანკალი.
277. სულმთლად გათანგა ხურვებამ,
ოჯახს დაეცა თავზარი,
მამა სიმწრისგან გმინავდა,
დედა მოსთქვამდა საწყალი.
278. უგონოდ იწვა სნეული,
თითქოს ამ ქვეყნად არ იყო,
სულში ქარიშხალს ებრძოდა,
გული მღელვარე ზღვა იყო.
279. ერთ დღესაც ტიტეს ოთახის
კარი ჭრიალით გაიღო,
თბილი გრძნობა რამ შემოჰყვა
მოსულს და სახლი გაივსო.
280. მივიდა ვარდო ტიტესთან,
თავსასთუმალთან დაუჯდა,
ცხელ შუბლზე ხელი დაადო,
თითები გრძნობდნენ ალმურსა.
281. ჯერ მაჯისცემა გასინჯა,
ქუთუთოები გაუხსნა,
დიდხანს უცქირა გუგებში,
თვალებში ცრემლი გაუკრთა.
282. მერე შვილსნეულ დედისკენ
მიბრუნდა, გულში ჩაეკრა,
ნუგეშისცემას ცდილობდა,
მაგრამ ტირილს ვერ გაექცა.
283. ერთხანს უსიტყვოდ იტირა,
ჩუმად იწმენდდა თვალებსა,
თავს იკავებდა, თუმცაღა
ტკივილს ითმენდა მწარესა.
284. კრძალვით თქვა, როცა ვსწავლობდი
ტაძარში მედიცინასო,
ერთ წიგნში ვნახე, თუ როგორ
კურნავენ ამ სატკივარსო.
285. თუ ნებას მომცემთ, წავალო,
იქნება იმ წიგნს მივაგნო,
იქ მოვამზადებ მალამოს,
ვუწამლებ რომ მოვიტანო.
286. წადიო, უთხრეს, ღმერთმა ქნას,
იპოვნო რამე საშველი,
გული შეგტკივა ტიტესთვის,
დაგლოცავს ქვეყნის გამჩენი!..
287. მეორე დილას მოვიდა
მთლად თეთრად ღამენათევი,
მარტო დარჩენა ითხოვა,
აანთო წმინდა სანთელი.
288. ჯერ გულმხურვალედ ილოცა,
შველა ითხოვა უფლისგან,
მერე მალამოს შეზელვა
დაიწყო ფართო შუბლიდან.
289. ქვემოთ ჩამოჰყვა სახეზე
ღაწვებს, ცხვირსა და ტუჩნიკაპს,
ეფერებოდა გაშლილ მკერდს,
გულით ალერსსა სჩუქნიდა.
290. მორჩა კურნებას და თრთოლვით
ცხელ ბაგეებზე აკოცა,
ნეტა კი გრძნობდე მიჯნურო,
სატრფოს ნაჩუქარ ამბორსა!..
291. წასვლისას უთხრა დედამისს:
„ხვალ სააქაოს წამოვა,
ნუ ეტყვით, ჩემს აქ ყოფნასა,
თორემ უკუღმა გამოვა!..“
292. მეორე დღესვე მოვიდა
გონზე და ფეხზე წამოდგა.
წამალმა ქნა თუ კოცნამა?
ღმერთმა გაიგოს, რა მოხდა!..
293. გამოჯანმრთელდა, გულში კი
დარდს გაეშალა კარავი.
არ ინახულა ვარდომ და...
ნუთუ არ უთხრა არავინ?!.
294. მოკეთდა, სოფლად გავიდა,
იქვე გაიგო ამბავი,
ჭიჭიასაგან უტიფრად
ვარდოს კვალდაკვალ წანწალის.
295. კვირას წირვაზე წავიდა,
ვარდოს უცდიდა გზაშია,
თავისი თვალით იხილა,
ჭიჭია ედგა კვალშია...
296. და უთხრა ვარდოს, არ მომწონს,
დაგდევს და სახელს გიტეხსო,
მითხარი, თუკი გაწუხებს,
ეხლავ დავუმტვრევ თითებსო.
297. თუ გიყვარს, ეგეც მითხარი!
იქნება აძლევ იმედსო?..
შენმა მზემ, არ მემეტები,
მაგას უზრდიდე შვილებსო!..
298. პასუხი ესმა, ნუ მკითხავ,
ნურც დაიფიცებ ჩემზეო,
თუ ჩემი ხათრი კიდევ გაქვს,
გთხოვ, თავი დაანებეო!..
299. ცოცხლად გათავდა... უკვირდა,
როგორღა ვდგავარ ფეხზეო...
იქნებ სიკვდილი სჯობია,
რომ არ ვიფიქრო შენზეო?..
300. სულში ჩამოწვა ტკივილი,
დუმილის ლოდი მოგორდა
და ამ წუთიდან დაიწყო
ტიტესთვის სულით ობლობა.
301. დრომ ისევ ჩამოიქროლა,
თან ვარდის მტვერი მოჰქონდა,
ეშმა სიყვარულს ებრძოდა,
ის წყევლა ისევ ცოცხლობდა.
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
No comments:
Post a Comment