თავი I - გამოცხადება
386. დრო მუდმივად მიდიოდა,
ვისთვის - ნელა, ვისთვის - მალე,
ზოგს ტანჯავდა, ზოგისთვის კი
სულ არ ტოვებდა ნაკვალევს.
387. დრო დგებოდა, გადმოჰფენდა
ცივ ზამთარში თოვლის საბნებს,
გაზაფხულზე ყვავილებად
აფეთქებდა ნუშს და ატმებს.
388. ზაფხულობით მთას და მდელოს
ფოთლებად ასხამდა მწვანეს,
ოქროსფრად აბიბინებდა
შემოდგომის პურის ყანებს...
389. გაზაფხული მოსულიყო,
გადაევლო თოვლს და ნამქერს,
გუთნეულის ოროველა
ხნულებად ავლებდა ნამღერს.
390. მშობელ მიწას შეჰხაროდა,
შრომობდა გლეხკაცი გამრჯე,
მაგრამ მტერი არ აცდიდა,
ცალი ხელი ედო ხმალზე.
391. იმხანად ტიტეს მხედრობა
იდგა ერთ ციხე-სიმაგრეს,
მარბიელთაგან იცავდა
ირგვლივ საზღვრისპირა მხარეს.
392. მათ იმედზე სოფლის მკვიდრნი
უფრო მშვიდად გრძნობდნენ თავებს,
უმალ მაშველს უგზავნიდნენ,
სადაც შემოჰკრავდნენ ზარებს.
393. ქართულ მიწას სდარაჯობდნენ,
ხმლის ქნევაში ღლიდნენ მკლავებს,
თუ მშვიდობით ღამდებოდა,
დილისთვის იკრებდნენ ძალებს.
394. ერთ ღამესაც, როს მშვიდობით
ამოგორდა ცაზე მთვარე,
ციხეს თავზე წამოადგა,
გაანათა არემარე.
395. ციხიონს მშვიდად ეძინა
ასვენებდა დაღლილ თვალებს,
მხოლოდ მორიგე გუშაგნი
ფხიზლობდნენ და ტეხდნენ ღამეს.
396. არ ეძინა არც ციხისთავს,
ფიქრებმა კვლავ გააწამეს,
დამფრთხალიყო ძილის რაში,
გასულიყო გაღმა მხარეს.
397. ციხის ქონგურებზე ისხდნენ
ვარსკვლავები მოკამკამე,
ტიტეს სარკმელში შემოძვრა
გაბადრული სავსე მთვარე.
398. უთხრა, ვიცი, არ გძინავსო,
გამოიხედეო გარეთ,
ერთი მოხუცი სტუმარი
მოსდგომიაო შენს კარებს.
399. გულს ახარებს სტუმრის მოსვლა,
მაგრამ როგორ შესძლო ნეტა,
დაცულ ციხე-სიმაგრეში
ასე შეუმჩნევლად შესვლა?!
400. იქნებ მართლაც არ სძინავსო,
არც ეშმაკს და არცა მტერსა?..
წამოფრინდა არწივივით,
ხმალი აჰყვა ტიტეს ხელსა.
401. ფართოდ გამოღებულ კარში
თვალი ჰკიდა თეთრ თმა-წვერსა,
კაცი თეთრი სამოსელით
აფრქვევდა უცხო ნათელსა.
402. ვინა ხარო, ჰკითხა მოხუცს,
არა ჰგავხარ ხორციელსა,
რა ჯადოქრობით გამოსცდი
ციხე-გალავანის მცველთა?..
403. სასიკეთოდ მოვსულვარო,
საქმე მაქვსო მხოლოდ შენთან,
ამბავს გეტყვი იმისთანას,
შენს ცხოვრებას უცვლის ფერსა.
404. თქვა მოხუცმა და თვალებში
მიაჩერდა მასპინძელსა,
სასიამოვნო ხმა ჰქონდა,
ბგერებად შლიდა ხავერდსა.
405. სიკეთის ნაკადსა ღვრიდა,
არა ჰგავდა ავის მქმნელსა,
ტიტემ სახლში მიიწვია,
მადლობა შესწირა ღმერთსა.
406. გათენებამდე ჰყვებოდა
სტუმარი თავის ამბებსა,
ჩუმად იჯდა მასპინძელი,
ფიქრით სჯიდა მონასმენსა.
თავი II - მონანიება
407. თქვა მოხუცმა: „ვხედავ გიკვირს,
მსგავსი არ გინახავს ადრე,
მე გარდაცვლილი სული ვარ,
უხორცოდ გამოგეცხადე.
408. ჩემო ტიტე, ერთმანეთთან
გვაკავშირებს ბევრი რამე,
მეც იმ სოფლად მიცხოვრია,
რომელშიც შენ გაიზარდე.
409. ბავშვობიდან მიზიდავდა
სიკეთე და სილამაზე,
კარგ მებაღედ ვითვლებოდი,
ვაშენებდი ყვავილნარებს.
410. ერთხანს ბედნიერიც ვიყავ,
როს სიყვარულს ვეზიარე,
ადრე დავქვრივდი, მას შემდეგ
გულს ვერავინ მივაკარე.
411. უშვილძიროდ ჩამოვბერდი,
მარტოობის ცრემლი ვღვარე,
მხოლოდ ჩემს ბაღს შევხაროდი,
წალკოტად რომ ავაყვავე.
412. დღე შრომაში გადიოდა,
ლოცვაში ვათევდი ღამეს,
გულში უფლის ხმა მესმოდა,
განა სხვა მინდოდა რამე?..
413. სხვაც მომეცა, ერთ დღეს ჩემი
ბაღის შუაგულში ვნახე,
მშობიარე დედამიწა
ვარდს და ტიტას როგორ ბადებს.
414. სიხარულით მივიღე და
შვილებივით გამოვზარდე,
უფლის საჩუქარი იყო
ეს ზღაპრული სილამაზე.
415. ენით ვერ აგიწერ, მაგრამ
შენც ხომ შენი თვალით ნახე
მშვენიერების მწვერვალზე
სხივმოსილი სიდიადე.
416. თქვენ ბავშვური უმეცრობით
მათ სიცოცხლე მოუსწრაფეთ,
სიკვდილის წინ გამხელილი
გრძნობა გულით დაიტაცეთ.
417. ის სიყვარული გადარჩა,
შეიცვალა იერსახე,
შემთხვევით არ შეხვედრია
შენი ტუჩი ვარდოს ბაგეს.
418. ცხოვრების აზრი წამართვით,
მერჩია, რომ მოგეკალით,
არც სიცოცხლის ძალა შემრჩა
უკვე ვიყავ ცოცხალ - მკვდარი.
419. მთელი გულით ვთხოვე უფალს,
ესმინა ჩემი ნათქვამი,
წყევლა დამცდა საშინელი,
გავბოროტდი ალბათ წამით.
420. მას შემდეგ წლები გავიდა,
ერთმანეთის ტრფობით იწვით,
მაგრამ თქვენი სიყვარული
არასოდეს თქმულა სიტყვით.
421. სულიც იქვე განვუტევე
ხორცი დარჩა წილად მიწის,
იქ წარვსდექი სამსჯავროზე
სამოთხეში შესვლის ფიქრით.
422. მაგრამ ღმერთმა მეც დამსაჯა,
რადგან სიტყვა დავძარ ავად,
აგერ უკვე ოცი წელი
სასუფევლის კართან ვდგავარ.
423. მთელი ცხოვრება ვცდილობდი
კეთილი საქმის ქმნას თავად,
ყველაფერი გადაწონა
ბოროტების ერთმა წამმა.
424. ვერა ჰპოვებს საიქიოს
დატანჯული სული შვებას,
სანამ თქვენი სიყვარული
ბოლომდე არ გაბრწყინდება.
425. იმ ქვეყნიდან სააქაოს
მომავლინეს, მომცეს ნება,
ეს ტანჯვა რომ დავასრულო
პატიებას ვითხოვ თქვენგან.
426. მიტევება ერთადერთი
სწორი გზაა, ჩემო ტიტე,
შურისგება მეც ვისურვე
და უფალი განვარისხე.
427. თქვენც დაგტანჯეთ, ჩემი სულიც
სამოთხის გზას ვერ ვაღირსე,
გულით ვნანობ შეცოდებას,
უგუნურად ნათქვამ სიტყვებს.
428. თუ შესძლებთ და მომიტევებთ,
წყევლაც გაქარწყლდება ასე,
ერთ არსებად შექმნილნი ხართ,
თქვენ ერთმანეთს ისე ავსებთ.“
429. ამ სიტყვების მოსმენაზე
ტიტეს მოექუფრა სახე,
ტუჩის კუთხეებში იგრძნო
ხანმოკლე ღიმილი მწარე.
430. უთხრა: „ერთობ გვიანია,
მოხუცო, შენი აქ მოსვლა,
იქ არ ვიცი, მაგრამ აქ კი
უქმად არ უვლია დროსა.
431. ახლა, ვარდოს გული სხვისი
სიყვარულით ფეთქავს როცა,
აღარ ახსოვს არც ის ბაღი
და აღარც პირველი კოცნა.
432. ნუთუ ფიქრობ, კიდევ რამედ
მიღირს მე მაგ წყევლის მოხსნა?!
როგორ გავუმჟღავნო გრძნობა
სხვა კაცის მოყვარულ ცოლსა?..
433. წამოვედი, გავერიდე,
გადვიხვეწე ასე შორსა,
მაგრამ მაინც ვერ ვივიწყებ,
მასზე ფიქრი მირევს გონსა.
434. მინდა იყოს ბედნიერი,
ამისთვის აღვავლენ ლოცვას,
მე კი ალბათ სიკვდილამდე
ვზიდავ მდუმარების ლოდსა.
435. ახლა ვხედავ, მიზეზი მაქვს,
მაგ წყევლისთვის გაზღვევინო,
მაგრამ არ მსურს შურისგებას
სათნოება ვათელინო.
436. გაპატიებ, უფრო მეტიც,
პატიებას აქეთ ვითხოვ,
შენს წინაშე ცოდვა მეც მაქვს,
არანაკლებ მძიმე, ვფიქრობ.
437. ვარდოს ნაცვლად ვერას გეტყვი,
ალბათ უნდა ჰკითხო თვითონ,
გისურვებდი, მარადიულ
სასუფეველს დაემკვიდრო!“
თავი III - ეშმაკის თხები
438. უსმინა მებაღის სულმა
შესაშური მოთმინებით,
მერე ისევ ამეტყველდა
მოსაუბრე ენამჭევრი:
439. „უნდა გითხრა, ციხისთავო,
შენ არ იცი კიდევ ბევრი,
ამ საქმეში ურევია
ბოროტი ძალების ხელი.
440. კაცთა მოდგმას გვიჭირს ვლეწოთ
ცხოვრება სიკეთის კევრით,
სადაც სიკეთე გვაკლდება,
ბოროტებაც იქა მღერის.
441. ჩვენს შეცდომებს ის იყენებს,
რომელი ვართ უცოდველი?
დამიჯერე, იმ სოფლიდან
უკეთ მოსჩანს ეს სოფელი!
442. სიკვდილს იქით თვალებს ვახელთ,
იქ სხვა ხედვას გვაძლევს ღმერთი,
ახლა ვხედავ იმას, რასაც
სიცოცხლეში ვერ ვამჩნევდი.
443. ეშმაკეული სულ ცდილობს,
რომ გვატაროს მრუდე გზებით,
ბევრს აცდუნებს ფუფუნებით
და იოლი წარმატებით.
444. ზოგნი სულსაც კი ჰყიდიან,
რათა მოიხვეჭონ მეტი,
ცოდვის მორევში ჩაფლულნი
ვერ ძღებიან ძარცვა - გლეჯით.
445. მათი სახით მრავლდებიან
ქვეყნად ჭინკა - მაქციები,
კაცის ტყავში გახვეული
ეშმაკის ერთგული თხები.
446. ბოროტ ზრახვებს ისრულებენ
შავბნელი რიტუალებით,
ორმაგი სახით ცხოვრობენ
ჩვენს გვერდით და ვერც კი ვხვდებით.
447. მხოლოდ სავსე მთვარის შუქზე
შიშვლდებიან მაქციები,
დემონურ სახეს იღებენ
კუდიანი მახინჯები.
448. დაცქვეტილი ყურები აქვთ,
წითლად უელავთ თვალები,
ბინძურ სიმყრალეს აფრქვევენ
დუჟმორეული ლაშებით.
449. ორ ფეხზე დგანან უკუღმა,
დაბაკუნობენ ჩლიქებით,
საზარლად იღრინებიან
სისხლში მოთხვრილი კბილებით.
450. ხელებზე ბასრ იარაღად
აქვთ ალესილი ბრჭყალები,
თავს რქები ადგათ, წოდების
და ძალის განმასხვავები.
451. თუ შეძლებ, ნახო ამ სახით
და თვალში გაეჩხირები,
მოგკლავენ, თუკი მათსავით
ეშმაკს არ მიეყიდები.
452. ასეთ ჭინკებს მოეწონათ
შენი სატრფო თურმე სარძლოდ,
ჭინკა ჭიჭიას გულშიც კი
დაუნთია ცეცხლი ვარდოს.
453. დატრიალდნენ, გამოცდილი
მაჭანკლები ნახეს სანდო,
ქალის სათხოვნად მისულან,
შენ რომ მთაში იყავ, მაგ დროს.
454. დედა ჭინკამ მონდომებით
დიდხანს ჩხიბა თურმე ჯადო,
სტუმრად მისულმა უჩუმრად
კერიის ცეცხლში ჩააგდო.
455. ბედის კლიტე ისე შეკრა,
საქმე იმგვარად მოაწყო,
რომ ჭიჭიას გარდა სხვისთვის
თანხმობა ვერ ეთქვა ვარდოს.
456. განზრახ ხმებიც დაუყარეს,
რომ ერთმანეთი უყვართო,
მშობლებსაც კი არწმუნებდნენ,
თქვენს ქალს ჩვენი ბალღი სწადსო.
457. მაგრამ, როცა ნახეს მაინც
უარზეა საპატარძლო,
მოიტაცეს მაშინ ძალით,
დაატყვევეს უსამართლოდ.
458. ჭიჭიაზე გათხოვება
სასჯელია მისთვის მარტო,
ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში
ცხოვრობს და სიკვდილსა ნატრობს.
459. ტყვედქმნილია ჭინკებისგან
შენი გულისსწორი ვარდო,
დღესაც ისევ შენ უყვარხარ,
წრფელი გულით შენზე დარდობს.
460. ახლა, როცა შეგიძლია
რეალობა დაინახო,
დროა, მხსნელად მოევლინო
და ჭინკებზე გაილაშქრო.“
თავი III - იმედის წისქვილი
461. ტიტე შესძრა მონაყოლმა,
ჩააფიქრა ამ ამბავმა
და იკითხა: „თუ ასეა,
მაშინ რატომ დამიმალა?
462. ან ჭიჭიას რად იცავდა,
ფარად რატომ აეფარა,
როცა მზად ვიყავი მისთვის
დამემსხვრია თავის ქალა?..“
463. ჩაეღიმა მებაღის სულს,
უთხრა: „მხოლოდ შენ გიცავდა,
არც კი იცი ეგ ნაბიჯი,
რა განსაცდელს მოგიტანდა.
464. დაემუქრნენ, დააშინეს,
ყველას მოვკლავთ, ვინც გიყვარსო,
შენი ტიტეთი დავიწყებთ,
ვეღარავინ დაგიცავსო.
465. საწამლავი შეგაპარეს
და სიკვდილს ებრძოდი გახსოვს?
მაშინ შენი განკურნება
უფლის ნებით შესძლო ვარდომ.
466. ცრემლებით დაგემშვიდობა,
უგრძნობი კოცნა გაგანდო,
დედაშენი დააფიცა,
ჩემს შესახებ არ უთხრათო.“
467. რა ისმინა ეს სიტყვები
ტიტეს ცრემლი მოეძალა,
საკუთარ თავზე გაბრაზდა,
თქვა: „ასე რამ დამაბრმავა?..
468. რად ვერ მივუხვდი, რომ ტყუილს
ამბობდა ჩემს დასაცავად
და თავისი ბედ-იღბალი
ჩემს სიცოცხლეს ანაცვალა?
469. ეს სიცოცხლე უიმისოდ
აღარ მიღირს არცა ჩალად,
დროა ჭიჭიას კისერზე
მოვსინჯო ჩემი ხმლის ძალა!“
470. მშვიდად მიუგო მოხუცმა:
„სჯობს ცხელ გულზე არ იჩქარო,
გირჩევნია, რომ მეტოქე
სათანადოდ შეისწავლო!
471. თუმცა ბრძოლის ოსტატი ხარ,
ვშიშობ ხმლით ვერ დაამარცხო,
არც იფიქრო, მისი სახით
ღირსეული მტერი ნახო!
472. ცივი გონებით განსაჯე,
თუ გსურს ზუსტად შეაფასო,
ჭიჭიასთვის ბევრი ჭინკა
გამოიდებს ალბათ თავსო.
473. შენ კი ვინ გყავს მოკავშირე?
ერთი მე და ერთიც ვარდო...
სხვასთან სიტყვაც კი არ დაგცდეს,
აღარავინ არის სანდო!
474. სოფელში უნდა დაბრუნდე,
კერაზე ცეცხლი აანთო,
სავსემთვარეობას მოდი,
ჩემს საფლავთან ნახავ სატრფოს.
475. დანარჩენს თვითონ ის გეტყვის,
როგორ იტანჯა და რას გრძნობს,
შენც შენ ამბავს მოუყვები,
სათქმელი ბევრი გაქვს, გატყობ.
476. ჩემი წასვლის დროც მოსულა,
უნდა გავყვე ცისკრის მნათობს,
ერთ თვეში ისევ შევხვდებით,
ღმერთმა ხელი მოგიმართოს!“
477. ესა თქვა და ისე გაქრა,
რომ დაეჭვდა ოდნავ ტიტე,
ცხადში ვნახე, თუ მძინავსო
და უცნაურ სიზმრებს მივდევ?!.
478. ირიჟრაჟა, აღმოსავლეთს
წითლად ეწვოდა ცის კიდე,
ახალი დღე წყალს ასხამდა
ტიტეს იმედის წისქვილზე.
479. მხრებიდან ჩამოიბერტყა
უთქმელი ტვირთის სიმძიმე,
სატრფოსთან შეყრის სურვილი
არ ასვენებდა მის ფიქრებს.
480. წავიდა სამეფო კარზე,
პატივისცემით მიიღეს,
წასვლა ითხოვა, გაუშვეს,
გზა დაულოცეს შინისკენ.
481. მიჰყვება ჩქარი ლაფშურით
ტიტეს თეთრონი ბილიკებს
და ბედისწერა უქარგავს
მომავლის უცნობ გვირისტებს.
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
No comments:
Post a Comment