Thursday, January 30, 2020

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი VI - ვარდოს ნაამბობი


თავი I - ტაძრისკენ ლტოლვა


529.  ვარდომ მიუგო: „ხომ გახსოვს,
         მამაშენს რომ გაჰყევ მთაში,
         იმ დღეს გამოჩნდნენ ჭიჭიას
         მაჭანკლები ჩვენს ოჯახში.

530.  მოკლედ უთხრა მამამ მაშინ,
         ნაადრევად გარჯილხართო,
         დედისერთა ასული მყავს,
         ჯერ ვერ გავათხოვებ ქალსო.

531.  რომ წავიდნენ, მერე მიხმო,
         შენი აზრის ცოდნა მწადსო,
         თუკი ერთმანეთი გიყვართ,
         გაგაყოლებ ვაჭრის ბალღსო.

532.  ვუპასუხე, ჯერ არავინ
         არ მომწონს თქო მამაჩემო,
         ნუ ინებებ, ძალით შემრთო
         ქმარი და ჯვარი დამწერო!..

533.  გაეცინა, მაშ სასიძოს
         უშენოდ არ ავარჩევო,
         ოღონდაც ამასობაში
         შინაბერად არ დამრჩეო.

534.  მეორედ უკვე ჭიჭიას
         მშობლები თვითონ მოვიდნენ,
         ურცხვად იკვეხდნენ ქონებას,
         ოქრო-ვერცხლითა სწონიდნენ.

535.  დაპირებებით აგვავსეს,
         საიდან აღარ მოგვიდგნენ,
         მამა კვლავ უარზე იდგა
         და ვერაფერზე მორიგდნენ.

536.  შემდეგ მოსვლაზე შემთხვევით
         ჭიჭიას დედას წავასწარ,
         კერაზე ანთებულ ცეცხლში
         ჰყრიდა დაძონძილ ნაბადსა.

537.  არ დაუმალავს, იქ მითხრა,
         ჯადოს ვკრავო იმდაგვარსა,
         თავბოლოს ვერვინ გაუგებს,
         ვერ გახსნისო ჩემს ნახლართსა.

538.  ვერასდროს შეეყრებიო
         ჭიჭიას გარდა სხვა ქმარსა,
         ყველა მოკვდებაო, ვისაც
         უწილადებ ტრფობის ალსა.

539.  შემეშინდა, დედას ვუთხარ,
         არ დამიჯერა, გაბრაზდა,
         სასიძოს დასაწუნებლად
         ჰყვებიო ასეთ ზღაპარსა...

540.  ვატყობდი, რომ ჯადო უკვე
         თავის საქმეს აკეთებდა,
         მშობლებიდან დაწყებული
         ყველა ჭიჭიას მიქებდა.

541.  წავედი, მოძღვარს შევჩივლე,
         მომისმინა, გამამხნევა,
         უფლის მიმართ ვილოცოთო,
         შევთხოვოთო ხსნა და შველა.

542.  წამომყვა, სახლი აკურთხა,
         ევედრა სამყაროს გამჩენს.
         ებრძოდა ბოროტი ძალა
         აიაზმასა და სანთელს.

543.  ღმერთმა აცხონოს, ემსხვერპლა
         უანგარო კეთილ საქმეს,
         დილით სენაკში ბერებმა
         თურმე გარდაცვლილი ნახეს.

544.  ისევ მოადგა მზაკვარი
         სადედამთილო ჩვენს ეზოს,
         მშობლების უჩუმრად მკითხა,
         რატომ მარიდებ თვალებსო.

545.  რომ იცოდე, იმ საწყალი
         მღვდელის ცოდვა შენ გადევსო,
         ყველა, ვისაც შველასა სთხოვ,
         მის ბედს გაიზიარებსო.

546.  შიშმა შემიპყრო, დამთრგუნა,
         მიზეზს კი ვერსად ვამბობდი,
         მამასაც ვეღარ შევბედე,
         მის სიცოცხლეზე ვდარდობდი.

547.  ჭიჭიას დედის მუქარას
         მინდოდა სადმე გავცლოდი
         და მაჭანკლების მოსვლაზე
         უკვე სახლიდან გავრბოდი.

548.  გული ტაძრისკენ მიწევდა,
         მონასტერში მოვდიოდი,
         მონაზონ დედებთან ერთად
         გულმხურვალედ ვლოცულობდი.

549.  გადავწყვიტე, რომ მონასტერს
         სამუდამოდ შევხიზნოდი
         და ასკეტური ცხოვრების
         სირთულეებს შევდგომოდი.

550.  დამეთრგუნა ყოველგვარი
         ხორციელი სიხარული,
         უთქმელ გრძნობად შემენახა
         გულში შენი სიყვარული.

551.  ამიტომაც განზრახ ცივად
         შეგხვდი, როცა დამიბრუნდი
         და ტყუილით გაიძულე,
         შეგექცია ჩემთვის ზურგი.

552.  არაფერი დამვიწყნია,
         თუმც იმ დღეს სხვაგვარად გითხარ,
         ახლაც კი შენახული მაქვს
         შენი ნაჩუქარი ტიტა.

553.  რომ მოგწამლეს, იმ დღეს თვითონ
         კუდიანმა ჯიბრით მითხრა,
         შენი ტიტე სულს ღაფავსო,
         ვეღარ გააწევსო დიდხანს.

554.  უფლის მადლით, მე შევძელი
         მაშინ შენი გადარჩენა,
         ჩემი თხოვნით დაგიმალეს,
         დაგტოვე ჩემზე ნაწყენად.

555.  მერე ერთხელ გთხოვე კიდეც,
         ისევ შენს გადასარჩენად,
         დაეხსენ თქო, არ მაწუხებს
         ჭიჭიასგან კუდში დევნა.

556.  წახვედი და დავრჩი ობლად,
         მფარველობას მოკლებული,
         მარტოდმარტო, ვით ყვავილი
         კლდის ნაპრალში ამოსული.

557.  ბოროტებით გავსილიყო
         ცა საავდროდ მოქუფრული
         და წალეკვას მიპირებდა
         დელგმა ჩემზედ წამოსული.

558.  საფრთხეს ვგრძნობდი, ჭიჭიასთან
         შეხვედრას ვერიდებოდი,
         მარტო სიარულს ვუფრთხოდი,
         მეშინოდა, არ ვიმჩნევდი.

559.  ვესწრაფვოდი ტაძრად მისვლას
         სამონაზვნე მორჩილებით,
         მაგრამ სხვაგვარად საზღვრავდა
         ჩემს ბედს თურმე შემოქმედი.


თავი II - მოტაცება


560.  ერთ საღამოს, არემარე
         რომ ისხამდა ბინდის ფერსა,
         სოფლის გზას მივუყვებოდი
         მეზობლის გოგოსთან ერთად.

561.  რატომღაც უკან მრჩებოდა
         და განზრახ ითრევდა ფეხსა,
         ვაჩქარებდი, არ მინდოდა,
         რომ გზაში მოესწრო ბნელსა.

562.  უცებ ვიგრძენ მისი ხელის
         თითები შემეხო ყელსა,
         ნათლობის ჯვარს წაეტანა,
         ხელად შეაწყვიტა ძეწკვსა.

563.  შეტრიალდა და უკანვე
         სირბილით აუყვა სერსა,
         ახსნა ვერსით მოვუძებნე,
         მის უმსგავსო საქციელსა.

564.  გზა განვაგრძე და მალედვე
         შიშისაგან ელდა მეცა,
         როცა ცხვირწინ შევეფეთე
         ჭიჭიას მღვრიე თვალებსა.

565.  ისეთ ადგილას დამიხვდა,
         სულ რომ არ ჩანდა სოფლიდან,
         მივხვდი, ჩემი თანამგზავრიც
         ამ გარეწარს მოესყიდა.

566.  ხელი მტაცა და მაჯაზე
         გამეტებით მომიჭირა,
         კრიჭაშეკრულმა ვერ შევძელ,
         რომ საშველად დამეყვირა.

567.  სილა შემოვკარ და სახე
         ჩამოვახოკე ფრჩხილებით,
         მწარე ღმუილი აღმოხდა,
         გააღრჭიალა კბილები.

568.  სახე იცვალა, მეჩვენა
         ურჩხულის შეხედულებით,
         არსი შევიცან ჩემს თავზე
         დამტყდარი უბედურების.

569.  წინ მედგა ჭინკა-მაქცია
         საზარო აგებულებით,
         გულწასული ძირს დავეცი,
         თვალთ დამიბნელდა სრულებით.

570.  ვიგრძენი, როგორ შეიხსნა
         სულმა სხეულის ხუნდები,
         მეგონა უკვე გათავდა
         ამ სოფლად ყოფნის წუთები.

571.  არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავ
         გრძნობამიხდილდაკარგული,
         რა ძალამ შემომაბრუნა
         ლამის ხიდზე გადასული.

572.  გონს მოვედი ბნელ სარდაფში
         გაკოჭილი, პირაკრული,
         თავი საფლავში მეგონა
         ცოცხლად ჩაფლულ-დამარხული.

573.  მაღლა ხალხი ხმაურობდა,
         კარგად რომ დავუგდე ყური,
         საუბარიც გავარჩიე
         ჭერს ზემოდან ჩამოსული.

574.  ხმა ვიცანი დედაჩემის,
         გაბზარული, დაზაფრული,
         მაჩვენეთო ჩემი შვილი,
         სადა გყავთო დამალული.

575.  უპასუხეს, რომ ჭიჭიას
         არ ვყავდი მოტაცებული,
         თურმე ნებით გავყოლივარ
         სიყვარულით ფრთაშესხმული

576.  და რადგანაც მშობლებისგან
         ვყოფილვარ დაშინებული,
         ჩემი თხოვნითვე აღმოვჩნდი
         სოფლიდან გარიდებული.

577.  გატყუებენ თქო, ვყვიროდი,
         აქა ვარ გამომწყვდეული,
         პირსახვევს ვერა სცდებოდნენ
         სიტყვები ბრაზმორეული.

578.  წავიდა დედა მტირალი,
         უტიფრად მოტყუებული,
         ვაი თუ დაიჯერა თქო,
         ვფიქრობდი შეშფოთებული.

579.  მომაკითხეს ცოტა ხანში
         ჭიჭიამ და დედამისმა,
         კაცის ტყავში გახვეული
         ჭინკები შეიცნო ფიქრმა.

580.  მოვიდა სადედამთილო,
         სკამზე მიბმულს წინ დამიდგა,
         დამცინავად გამიღიმა
         და ნიშნის მოგებით მკითხა,

581.  რად ურჩობო, მწყემსის ქალო,
         ხომ არ მიწუნებო ბიჭსა,
         გაფრთხილებდი თუ გახსოვსო,
         რომ ყოველთვის ვაღწევ მიზანს.

582.  ამ ჯურღმულში დაგალპობო,
         გაყურყუტებ კიდევ დიდხანს,
         სანამ თანხმობას არ იტყვი
         ჩემს ვაჟთან შეუღლებისას.

583.  თუ ისურვებ მის ცოლობას,
         მოიბრუნებ ჩვენსკენ პირსა,
         არაფერი მოგაკლდება,
         გემოს ნახავ ცხოვრებისას.

584.  დამიჯერე, მორჩილებით
         გახდიო ერთგული რძალი,
         ისეთ ქორწილს გადაგიხდით,
         რომ მტერს დაუდგესო თვალი.

585.  წესითა და რიგით უნდა
         შექმნათ ოჯახი ახალი,
         ნებით უნდა დაიწიდნო,
         შეიყვარო შენი ქმარი.

586.  ერთურთს ვერ მიგაკარებთო,
         შეიკავოთ უნდა თავი,
         სანამ არ ჩატარდებაო
         საქორწილო რიტუალი.

587.  ვუსმენდი და მძვინვარებდა
         გულში ზიზღის ქარიშხალი,
         ჭინკა ჭიჭიას სარეცელს
         მახარბებდა ეს ავქალი.

588.  არასოდეს გავხდებოდი
         მისი, თუნდაც მოვეკალი,
         მაგრამ ვფიქრობდი, როგორმე
         მეპოვნა გამოსავალი.

589.  შევეცადე დრო მომეგო,
         თანხმობა ვუთხარ კანკალით,
         ვტიროდი, ცრემლებსა ვღვრიდი
         ძალადობისგან გამტყდარი.

590.  უარს ღვთის სახლში ვიტყოდი,
         დასრულდებოდა კოშმარი,
         ჯვარს ძალით ხომ არ დამწერდა
         ქრისტეს მსახური მოძღვარი.

591.  სამამამთილოს მიმგვარეს,
         როგორც სამსხვერპლო ბატკანი,
         მუშტარის თვალით მსინჯავდა
         თვითკმაყოფილი ვაჭარი.

592.  კარგიაო, ბრძანა, რაკი
         ნებით ხდება ჩვენი რძალი,
         დიდხანს ნუღარ გადავდებთო,
         მომზადდესო რიტუალი.

593.  მერე ვახშმად მიმიწვიეს
         გამაცნეს მთელი ოჯახი,
         მოსასვენებლად დამითმეს
         ერთი პატარა ოთახი.

594.  განვმარტოვდი, მოვიძიე
         ჯვარი შენი ნაჩუქარი,
         გულის ჯიბით რომ დამქონდა
         ანდამატი სანუკვარი.

595.  ვილოცე მუხლმოდრეკილმა,
         უფალს შევავედრე თავი,
         ღამე თეთრად გავათენე,
         შიშით ვერ მოვხუჭე თვალი.

596.  გათენდა და აზუზუნდა
         სახლი ფუტკრების სკასავით,
         დიდი სამზადისი ჰქონდათ,
         მისვლა-მოსვლა და ხავხავი.

597.  მოვიდა დიასახლისი,
         ღიმილს აფრქვევდა ალქაჯი,
         თან თეთრი კაბა მოჰქონდა
         ოქრომკედულით ნაქარგი.

598.  მასთანვე სხვა სამოსელიც,
         ერთიც ბეჭედი ალმასის,
         გამოეწყვეო, მიბრძანა,
         ქმარს რომ შეხვდეო ლამაზი.

599.  ჩავიცვი, ბედმა სარკიდან
         მწარედ დამცინა ქარაგმით,
         გულს შენი ჯვარი მეკიდა,
         ტანს კაბა ჭინკის პატარძლის.

600.  ცოტაც გავძლებ თქო, ვფიქრობდი,
         და როცა მივალთ ტაძარში,
         თავს რომ დავაღწევ ტყვეობას,
         გავცვლი მონაზვნის კაბაში.


თავი III - რიტუალი


 601.  კაცი ბჭობს, ღმერთი იცინის,
         თურმე ტყუილად არ თქმულა,
         და ჩემი ვარაუდები,
         სამწუხაროდ, არ ასრულდა.

602.  მაზლებმა წამომიყვანეს,
         სახლის გარეთ არც გავსულვართ,
         ერთ დიდ დარბაზში აღმოვჩნდი,
         ვიგრძენი საქმე გართულდა.

603.  რომ შევედით, ჩემს ზურგს უკან
         ხმაურით დაკეტეს კარი,
         ტაძრის ნაცვლად თავი მგონი
         ჯოჯოხეთში ამოვყავი.

604.  ცხელოდა, სუნთქვა მიჭირდა,
         ლიცლიცებდა ცეცხლის ალი
         და ყრუ კედლებზე ხრჩოლავდა
         ათიოდე ჩირაღდანი.

605.  ცენტრში ენთო შუაცეცხლი,
         ზედადგარზე დიდი ქვაბით
         ბლანტის სითხე თუხთუხებდა
         ასდიოდა ოხშივარი.

606.  ამ სიმყრალეს თან ერთვოდა
         თრიაქის სუნი და კვამლი,
         ხარბად რომ შეექცეოდა
         ერთთავად ყველა სტუმარი.

607.  ცეცხლის წინ ქვის იატაკზე
         მოჩანდა ნაკვეთ-ნაღარი,
         წრეში  ჩახაზულ-ჩასმული
         ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

608.  მის ზემოთ თავხეს ეხატა
         ზუსტად იგივე ნიშანი,
         ზედ ჯაჭვით ჩამოეკიდათ
         თავდაღმა შავი ციკანი.

609.  რიტუალისთვის ზვარაკად
         შეთქმული, სიკვდილმისჯილი,
         შველას ამაოდ ითხოვდა
         საწყალობელი კიკინით.

610.  ჩემს გამოჩენას იქ მყოფნი
         შეხვდნენ ტაშით და ყიჟინით,
         იკრიჭებოდა ჭიჭია
         იონჯანაჭამ ვირივით.

611.  მიმიყვანეს და მის გვერდით
         რომ მიმიჩინეს ადგილი,
         მივხვდი თავს დამტრიალებდა
         ეშმაკეულის აჩრდილი.

612.  წრე შეკრეს ჩვენს გარეშემო,
         როკავდნენ ხელებგაწვდილნი,
         გაურკვეველი სიტყვების
         მონოტონური ძახილით.

613.  ხელხანჯნლიანი ვაჭარი
         იდგა ვარსკვლავის შუაში,
         ქაჯურად რასმე ამბობდა
         ბელადის როლ-ამპლუაში.

614.  ციკნის ყელს ძარღვი გადუხსნა,
         სისხლმა იდინა სურაში,
         მიაძღა, ამოითხვარა
         ტუჩნიკაპი და ულვაში.

615.  ცოლსაც დაუსხა, იმანაც
         ჩაიმხო სავსე ფიალა
         და მერე სისხლის სმურებმა
         სტუმრებში ჩამოიარა.

616.  ხარბად დააცხრნენ სასმისებს
         დიდიან პატარიანად,
         პირსისხლიანი ბრბო იყო
         ეშმაკის მონა მთლიანად.

617.  უხმო ვაჭარმა ჭიჭიას,
         უცხო თასი რამ გადასცა,
         თვალი გავკიდე შორიდან
         შიგთავსის წითლად ლაპლაპსა.

618.  დადუმდა მთელი დარბაზი,
         თითქოს ელოდა ამ წამსა
         და ყურადღებით უსმენდა
         ვაჭარბელადის ნათქვამსა:

619.  „მივიღოთ ახალი წევრი
         ამ ჩვენს გილდია ჰამქარსა,
         დიდ ბატონს მიეყიდება,
         ნებით დაიდგამს თავს რქასა.

620.  სულის სანაცვლოდ მიიღებს
         მომხვეჭველობის ძალასა,
         გაიგებს სხვისთვის დაფარულს,
         ცხოვრებას მოხდის ღალასა.“

621.  მომიახლოვდა ჭიჭია
         მამის სიტყვების გამგონი,
         მივხვდი საითაც დაქანდა
         ბედ-იღბლის მრუდე სასწორი.

622.  სისხლიან თასს მაძალებდა
         სინდის ნამუსის არმქონი,
         ხელი ვკარ, ზედ გადავასხი,
         ვიყვირე მთელი ძალ-ღონით:

623.  „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის,
         ის არის ჩემი პატრონი,
         დაგლახვროთ წმინდა გიორგიმ,
         თქვენცა და თქვენი ბატონიც!“

624.  განრისხდა, ხელი წამტაცა,
         ჩამომახია საკინძე,
         გამოჩნდა ჯვარი ჩემს მკერდზე
         სხივს რომ აფრქვევდა საკვირველს.

625.  მერე იმატა ნათელმა
         და შიშისაგან აკივლდნენ,
         გარშემომყოფი ჭინკები
         კაცის ტყავისგან გაშიშვლდნენ.

626.  ახლოს ვერ მეკარებოდნენ,
         ხმებს გამოსცემდნენ საშინელს,
         კედლებს ფხოჭნიდნენ ბრჭყალებით,
         კარი გახსნეს და გაცვივდნენ.

627.  ამგვარად მიხსნა უფალმა
         ჯვრის მადლით ღვთივკურთხეულით,
         მას შემდეგ არც შემხებია
         ჭიჭიას ბილწი სხეული.“

628.  ეს თქვა და ერთხანს დადუმდა
         თვალებზე ცრემლმორეული,
         ტიტეს მკლავებში გაყუჩდა
         მის სითბოს მონატრებული.


თავი IV - ტყვედქმნილი რძალი


629.  ვაჟი კი ისევ ნაამბობს
         მისდევდა ჩაფიქრებული,
         რატომღა დარჩი მათთანო,
         ჰკითხავდა გაკვირვებული.

630.  ვარდომ მიუგო: „ჭინკები,
         სულგაყიდული მხეცები
         ძალზე უფრთხიან გამჟღავნდეს
         მათი ცხოვრების წესები.

631.  ვერ მომკლეს, მაგრამ მუქარით
         კვლავ აილესეს ენები,
         დედ-მამას დამიხოცავდნენ
         პირსისხლიანი მკვლელები.

632.  დავრჩი, რძლად გამომაცხადეს,
         ტყვედქმნილი სინამდვილეში,
         რომ ჰკითხო, ისე ვუყვარვარ,
         არ გამარჩევენ შვილებში.

633.  ჭიჭია გაცოფებული
         იყო ამგვარი ცვლილებით,
         ითხოვდა მასთან მეცხოვრა
         ცოლქმრული წესის მიხედვით.

634.  მეჩხუბებოდა, მლანძღავდა
         ბილწი, უშვერი სიტყვებით,
         შეხებას ვერ მიბედავდა,
         თრგუნავდა ჯვარის სხივები.

635.  თავი და ბოლო არ ჰქონდა
         იმის ყიამყრალ ლაქლაქსა,
         ერთხელ მამაც კი შეესწრო
         დავიდარაბას ამგვარსა.

636.  ვერ მოითმინა, იფეთქა,
         ხელი დასტაცა მაჟარსა,
         არ შეგარჩენო, სულძაღლო,
         ჩემი ასულის ჩაგვრასა.

637.  სცადეო, ისიც ყვიროდა,
         გულმკერდს უშვერდა ტყვიასა,
         ვნახოთო, ვისი აჯობებს,
         ვინ მიიღებსო ზიანსა.

638.  სიმთვრალე ამამაცებდა
         გულბოროტ, ლაჩარ ავკაცსა,
         სიკვდილის ლანდი აეკრა
         ფეხზე შემართულ ჩახმახსა.

639.  მე ჩავუდექი შუაში,
         ცრემლით ვევედრე მამასა,
         ნუ დამღუპავ თქო და ცოდვას
         ნუ შემყრი ამისთანასა.

640.  თოფი დაუშვა, წავიდა,
         დაბრუნდა მთა-იალაღსა,
         ერთი თვის თავზე დაეცნენ
         ჭინკები იმის ფარასა.

641.  ყელგამოჭრილნი უნახავთ
         დაფატრულ ცხვრების გროვასთან,
         საუკეთესო მწყემსები,
         ნაჩვევნი შრომა-ბრძოლასა.

642.  ვერ დაადგინეს სიმართლე,
         დაბრალდა მგლების ხროვასა,
         გადაივიწყა სოფელმა,
         როგორც კი მორჩა გლოვასა.

643.  არა სჯეროდა მამაშენს,
         ნადირობის დიდ ოსტატსა,
         კვალი აიღო, მისდია
         და ალბათ რამე მონახა,

644.  ისეთი, რითაც შეძლებდა
         მეგობრის მკვლელთა პოვნასა,
         მაგრამ დაასწრეს და ის კლდეც
         ჭინკების ხელით მოზვავდა.

645.  ეს ამბავი ერთი წლის წინ
         ჭიჭიას ჩემთან წამოსცდა,
         თრიაქისგან გაბანგული
         ვერ ხვდებოდა, რას ამბობდა.

646.  ვეღარაფრით ავიტანე
         მამის მკვლელთა სახლში ყოფნა,
         გამოვიქეც დედაჩემთან,
         მსურდა სიმართლის მოყოლა.

647.  დედა დარდით გატეხილი
         დამხვდა, ძლიერ შემეცოდა,
         ნუ დაანგრევ შენს ოჯახსო,
         ყოველ საღამოს რომ მთხოვდა.

648.  არ ცხრებოდა საჭინკეთი,
         მაქციების გულღრძო მოდგმა,
         თუკი არ დავბრუნდებოდი,
         მპირდებოდნენ დედის მოკვლას.

649.  შევუთვალე: „თუ გაბედავთ
         ჩემს ეზოსთან ახლოს მოსვლას,
         მაიძულებთ, რომ სიმართლით
         სავსე გუდას პირი მოვხსნა.“

650.  ერთ თვეს ითმინეს ჭინკებმა,
         დააწყვეს გეგმა მზაკვარი,
         შუაღამისას მოვიდნენ,
         ცეცხლს მისცეს ჩვენი სახლ-კარი.

651.  შევნიშნე ალი ავარდა
         უცებ გაჩაღდა ხანძარი,
         გარედან მესმა ჩლიქების
         ბაკაბუკი და ხარხარი.

652.  უფალს შევთხოვე შეწევნა,
         გადავიწერე პირჯვარი,
         დედას მოვხვიე მკლავები,
         როცა გაბრწყინდა ხის ჯვარი.

653.  ნისლივით შემოგვევხვია
         ნათელი ძალა იმგვარი,
         ცეცხლმა ვერ დაგვწვა, უვნებლად
         გამოვიარეთ ჭიშკარი.

654.  ამ მონასტერში მოვედით,
         მას შემდეგ დედა აქ არის,
         მონაზვნად შედგა და უფალს
         მიუძღვნა თავისი თავი.

655.  ყველაფერი რომ ვუამბე,
         ჩაფიქრდა, როგორც მისანი,
         ცრემლები წამოუვიდა,
         მითხრა ვნახეო სიზმარი:

656.  „სულსა ღაფავდა ჭიჭია,
         გახსნილი გულისფიცარით,
         ხელ-ფეხზე ეზიდებოდნენ
         აჩრდილნი ქვესკნელისანი.

657.  იქვე ჯვრით ხელში იდექი
         შეშინებული, დამფრთხალი,
         წინ ტიტე აგფარებოდა,
         სისხლში მოსვრილი ფარ-ხმალით.

658.  მაშინ სხვაგვარად ვინიშნე,
         ახლა კი ვხვდები რაც არის...
         შემთხვევით არ მიგიღია
         ღვთისაგან ძალა ამგვარი.

659.  რადგან წილად გხვდა, გეხილა
         ჭინკების სახე საზარი,
         უნდა ამხილო ეშმაკის
         ერთგული თხების ჰამქარი.

660.  თუ ტიტეს ხელით გათლილა
         ჯვარი სხივნათელ მართალი,
         ვფიქრობ, რომ მხოლოდ ის შესძლებს,
         მოსპოს ჭინკების ლაშქარი.“

661.  ამის შემდეგ, შენს საძებრად
         წამოსვლა რომ გადავწყვიტე,
         მებაღის სული მესტუმრა
         სალბუნად მოედო ფიქრებს.

662.  ასე მითხრა: „ნუ იჩქარებ,
         ჩემო ვარდო, ამას გირჩევ,
         მე ვიზრუნებ, დრო რომ მოვა
         თვითონვე მოგძებნოს ტიტემ.

663.  შენ უკან უნდა დაბრუნდე,
         ასე სჭირდება ჩვენს მიზნებს,
         თავს მორჩილად მოაჩვენებ,
         უკეთ შეისწავლი ჭინკებს.“

664.  დავუჯერე და მას შემდეგ
         გელოდები, ჩემო ტიტე,
         ახლა აქ ხარ, ჩემთან ერთად,
         და გულს კვლავ იმედით მივსებ.“

665.  ჯერ ტკივილით ჩასწვდა გულში,
         ტიტეს ვარდოს ნაამბობი,
         მერე გონებას დაატყდა
         მრისხანების ქარაშოტი.

666.  ცოტა ხანში ღელვა დაცხრა,
         შემართება გაჩნდა ბრძოლის,
         სატრფოს დასახსნელად თუნდაც
         დემონებთან ჰქონდეს ომი.

667.  კეთილ-ბოროტის ბრძოლაში
         თუ გზა აირჩიე სწორი,
         ეშმაც ვერაფერს დაგაკლებს,
         თუ ხარ უფლის გვერდით მდგომი.

668.  სიყვარულით ჩაიხუტა
         გულში ტიტემ გულისსწორი,
         აქ, ერთმანეთის იმედად
         ადრეც იდგნენ ბაღში ორნი.

669.  ფსკერზე ჩაჰყვა თაფლის მორევს,
         სუთქვას აჰყვა ვნების შტორმი,
         მონატრებულ ბაგე-ტუჩზე
         ფიფქივით დადნა ამბორი.

670.  ფრთხილად გაუხსნა საკინძე,
         მკერდზე იმ ხის ჯვარს ემთხვია,
         ქალი, როგორც ვაზი ჭიგოს,
         ჩაეკრა და ჩაეხვია.

671.  სადღაც გაქრა ყველა ზღვარი,
         დარჩა კოცნა-ალერსია,
         სულმაც შვება იგრძნო, სხეულს
         ნეტარება რომ ეწვია...

672.  მოეფარა მთვარე ღრუბელს,
         ცისკრის ვარსკვლავს გაეღიმა,
         დრო კი ისევ დროს მისდევდა
         და ვერაფრით დაეწია.


(გაგრძელება იქნება)

*************
ქემო ქავთარი

           






No comments:

Post a Comment