თავი I - დაბადება
ამგვარად გავრცელდა ხალხში,
თუმცა რეალურად მოხდა
ერთხელ ყვავილების ბაღში.
2. ყოფილა მებაღე ერთი,
მოხუცი, მშრომელი კაცი,
ტყის პირას ცხოვრობდა მარტო,
ხით ნაგებ პატარა სახლში.
3. სახლის წინ ჰქონია ბაღი,
კოხტა ყვავილების ტევრი,
შრომობდა, ცხოვრობდა ჩუმად,
ღვთის სიყვარულით და რწმენით.
4. წამი მიჰყვებოდა წამებს,
წვეთს ემატებოდა წვეთი,
წალკოტს ედრებოდა ბაღი,
შრომას უფასებდა ღმერთი.
5. დრო ისე მიჰქროდა, როგორც
ნაბდით დაჭედილი ცხენი,
ხშირად უბრწყინავდა მოხუცს
თვალში სიხარულის ცრემლი.
6. სასწაულს ახდენდა თურმე,
დაკოჟრილ ხელების მადლი,
შრომა ამშვიდებდა ისევ,
მებაღეს შრომისგან დაღლილს.
7. თმაწვერდათოვლილი თეთრად
ბაღში სილამაზეს ზრდიდა,
მიწა თუ აძლევდა ძალას,
ღვთიურ მადლს იღებდა ციდან...
8. ერთხელაც გადაღლილ მოხუცს,
პირდაპირ წალკოტის ცენტრში,
ქვისთვის წამოუკრავს ფეხი
და ძირს დაბნევია თესლი.
9. წამოუკრეფია ხელით,
არ დაზარებია გარჯა,
მაგრამ შემოქმედის ნებით,
ორი მარცვალი ძირს დარჩა.
10. ობლად დარჩენილნი თურმე,
შეუფარებია მიწას,
მასვე უჭმევია პური,
წყალი უსმევია წვიმას.
11. მზის სხივს მიუცია სითბო,
ნანა უმღერია ნიავს
და უფლის შეწევნით, ობლის
კვერი გამომცხვარა გვიან.
12. განგებამ ინება ასე,
მადლი მოუვლინა ციდან
და დაფეხმძიმებულ მიწას
უშვია ვარდი და ტიტა.
13. არ გამოჰპარვია მოხუცს
ამ ახალშობილთა სუნთქვა
და როცა იხილა თვალით,
მადლობა შესწირა უფალს.
14. იქვე ჩაიმუხლა, რადგან
სხვაგვარად არა ქნა გულმა,
სიამით მიიღო წესად
ამ ჩვილ ყვავილებზე ზრუნვა.
15. დრო ისევ ითვლიდა წამებს,
შრომობდა მებაღე კვლავაც,
სიკეთეს თესავდა ბაღში
და ღმერთი აძლევდა ძალას.
16. აქვე იზრდებოდნენ ერთად
ჯერ ნორჩი ვარდი და ტიტა,
გულს რომ უხარებდნენ გამზრდელს,
ვინც მათ დასდგომოდა ძიძად.
17. დიდად აოცებდნენ მნახველს,
მსგავსი არ ენახათ სხვა დროს,
იდგნენ სხვებისათვის შორს და
ერთმანეთისათვის ახლოს.
18. ისე ახლოს იყვნენ თურმე,
რომ იკარგებოდა ზღვარი,
ფოთლებს შემოხვევდნენ ერთურთს
და ერთად სუნთქავდნენ ლამის.
19. სწრაფად იზრდებოდა ტიტა,
სიცოცხლის სიმბოლოდ ქმნილი,
არსით უკვდავების ხატი,
აზრით სიყვარულის ჩრდილი.
20. ტანად ჩამოჰგავდა ალვას,
მხარფოთოლგაშლილი განზე,
უფროსი ძმასავით სწუხდა,
ზრუნავდა ტანმორჩილ ვარდზე.
21. მერე კი გამოხდა ხანი,
ბაღში გადამწვანდა მდელო,
ვარდმაც აიყარა ტანი
და მოუძლიერდა ღერო.
22. წალკოტის მშვენებად იქცა,
თვალგულწარმტაცი და ტურფა,
სილამაზე იყო თვითონ
და სურნელოვანი სუნთქვა.
23. წითლად აფეთქებულ კოკორს
ენთო სიდიადის ცეცხლი,
ფურცლებად გახსნოდა ბაგე
სიყვარულისათვის შექმნილს.
24. უნაკლო, უმანკო ვარდი
ეკეკლუცებოდა მზის სხივს,
ღამით შესცქეროდა მთვარეს,
ბულბული მღეროდა მისთვის.
25. როცა ონავარი სიო
ჩამოუქროლებდა გვერდით,
ამაყად გაშლიდა ფოთლებს
და თავს შეიქცევდა ცეკვით.
26. სიო ჩურჩულებდა ჩუმად,
მრავალი გეტრფისო შორით,
ბევრმა დამაბარა თვითონ,
ბევრიც გავიგეო ჭორით.
27. ვარდი არ აძლევდა პასუხს,
მხარზე ეყრდნობოდა ტიტას,
ტუჩებს მიუტანდა ყურთან,
ეჭორავებოდა დიდხანს.
28. ტიტა კი უსმენდა წყნარად,
აძლევდა გონივრულ რჩევას,
უნდა დაფიქრდეო კარგად,
ნუ მიენდობიო ყველას.
29. რჩევით კი ურჩევდა, მაგრამ
გული ევსებოდა დარდით,
თვითონაც ვერ მიხვდა ტიტა,
როდის შეუყვარდა ვარდი.
30. მასთან სიახლოვე სითბოს,
სიხარულს უღვრიდა სულში,
ტანჯავდა უთქმელი გრძნობა,
სიყვარულს მარხავდა გულში.
31. დროდადრო ჰკითხავდა ფრთხილად,
იქნება გიყვარსო ვინმე...
არაო, ეტყოდა ვარდი,
თავს გადააქნევდა მძიმედ.
32. გულში კი ფიქრობდა: ნუთუ
ტიტა შეფარულად მეტრფის?!.
რატომ მიყურებსო ისე,
თითქოს თავს სწირავდეს ჩემთვის.
33. ხანდახან ბრაზობდა მასზე,
ეკლებით ჩხვლეტავდა განზრახ,
წყენას ივიწყებდა ტიტა
და უხმოდ იტანდა ტანჯვას.
34. თვალყურს ადევნებდა მშვიდად
გამზრდელი მებაღე გაზრდილთ
და მათი შემყურე გრძნობდა
წმინდა სიყვარულის აჩრდილს.
35. გულწრფელად ხარობდა, რადგან
არ ჰქონდა მიზეზი დარდის.
ერთხელაც იტყოდა ტიტა,
ოდესღაც იგრძნობდა ვარდიც,
36. როგორ უფეთქავდა თურმე
გული სიყვარულის ძალით,
ერთმანეთისათვის იყვნენ
დაბადებულები მაინც.
37. ბაღის შუაგულში იდგნენ,
გვერდიგვერდ არხევდნენ ფოთლებს.
დროის ბედაური სცემდა
გზას ნაბდით დაჭედილ ფლოქვებს.
თავი II - გარდასახვა
38. დრო მიდიოდა და მგონი
ცოტა ხნით შეყოვნდა გზაში,
მზე სხივებს აყრიდა მიწას,
ქარი ნავარდობდა ცაში.
39. დილით წასულიყო სადღაც,
მებაღე არ იყო სახლში,
როდესაც მოადგა წალკოტს
ორი ონავარი ბავშვი.
40. ბაღნარში ჩაფლული სახლი
არ იყო სოფლიდან ახლოს,
შემთხვევით გავლილი მგზავრი
აქ ვერ მოხვდებოდა ამ დროს.
41. არ ჰგავდნენ ბავშვები მგზავრებს,
არც მოხუც მებაღის სტუმრებს,
სოფლიდან მოსდევდნენ მარდად
ფერადი პეპლების გუნდებს.
42. ბავშვური სიცელქით ხტოდნენ,
ერთმანეთს ასწრებდნენ გზაში
და ვერც კი შენიშნეს, ისე
აღმოჩნდნენ ამ ზღაპრულ ბაღში.
43. დარბოდნენ, დასდევდნენ პეპლებს,
გარშემო აფრქვევდნენ სიცილს,
ყორნისფერთმიანი გოგო
და ქერაკულულა ბიჭი.
44. ფრთაჭრელი პეპელა, მათ წინ
რომ მიფარფატებდა ლაღად,
დანებდა მათრობელ სურნელს,
დაეშვა თვალწარმტაც ვარდთან.
45. ბავშვებიც შეჩერდნენ იქვე,
მკვირცხლად ჩაიმუხლა ბიჭმა,
პეპლისკენ წაიღო ხელი
და თითქმის ფრთაზეც კი მისწვდა.
46. ყვავილებს გადაჰკრა გულზე
მოთეთრო აჩრდილმა შიშის.
ვარდს გადაეფარა ტიტა,
უხმოდ მოკვდებოდა მისთვის.
47. გაექცა პეპელა საფრთხეს,
ძლივს კი შეელია სურნელს,
მაღლა მიიწევდა, თითქოს
სურდა შერეოდა ღრუბლებს.
48. უმზერდა მშვენიერ ყვავილთ
ორი დაბნეული ბავშვი.
თერთმეტის ყოფილა ბიჭი,
ხოლო გოგონა კი ათის.
49. მაგრამ აღმოაჩნდა მათაც
უძღები ბუნება კაცთა,
ტურფა სილამაზის ფლობის,
ტაცება ყოველთა კარგთა.
50. ისე მოიხიბლნენ მაშინ,
სულ მთლად დაებინდათ გონი
ცდუნებას ვერ სძლიეს ყრმათა,
თუმცა არც უცდიათ, მგონი.
51. ცუდის მოლოდინში შეცბა,
სამყარო დადუმდა წამით,
მზე ამოეფარა ღრუბელს,
წალკოტს მოარიდა თვალი.
52. მიწას კი აღმოხდა გმინვა,
იხილა სიკვდილის ლანდი,
როდესაც მოწყვიტა ბიჭმა
ტიტა და გოგომ კი ვარდი.
53. ბაღი გაიყინა თითქოს,
ჩაქრა სიხარულის ფერი,
შორს მყოფი მებაღის გულმა
შეიგრძნო ტკივილი მწველი.
54. არ ვიცი, განგების ძალით,
თუ შემთხვევით მოხდა ისე,
რომ გოგოს ეძახდნენ ვარდოს
და ბიჭს კი რქმევია ტიტე.
55. სოფელში ცხოვრობდნენ იქვე,
გზა რომ ჩაუყვება ფერდობს,
ერთი შედარებით მაღლა,
მეორე ცოტათი ქვემოთ.
56. ერთად იზრდებოდნენ, რადგან
ოჯახებით იყვნენ ახლოს,
მონადირის ბიჭი ტიტე
და მწყემსის გოგონა ვარდო.
57. სიცოცხლით აღსავსე ბავშვებს
უყვარდათ მინდორში ქროლვა,
სამყაროს შეცნობის ხიბლი,
სიახლის ძიების ლტოლვა.
58. მერე კი, ბედ-იღბლის ჩარხი
ასე დატრიალდა რადგან,
ჯადოსნურ ბაღნარში მოხვდნენ,
თვითონ გადაიქცნენ ზღაპრად.
59. ფესვებს მოწყვეტილი ვარდი
აფრქვევდა ჯადოსნურ სურნელს
და აღტაცებული ვარდო
ნაზ კოცნას ჩუქნიდა ფურცლებს.
60. ტიტე შეჰყურებდა, ტიტას
როგორ ეცვლებოდა ფერი,
გვირგვინად შესხმოდა კოკორს
ოქროსფრად მბრწყინავი მტვერი.
61. საამოდ გაუთბა ხელი,
გულში ჩაეღვარა სითბო,
უცხო ჟრუანტელის ტალღა
მთელ სხეულს მოედო, იგრძნო.
62. სხივჩამდგარ მომწვანო თვალებს
რატომღაც მოადგა ცრემლი,
უმზერდა, აფრქვევდა ალერსს
ვარდოს დათაფლული ტბები.
63. ნაზად მოეხვია გოგოს,
გულში ჩაიხუტა ფრთხილად,
ღაწვზე დაუპირა კოცნა,
ადრეც ხომ კოცნიდა ხშირად.
64. ამ დროს ამოხედა ვარდომ,
სახე მოაბრუნა მისკენ
და ტიტეს ტუჩები თრთოლვით
ვარდისფერ ბაგეებს მისწვდნენ.
65. აფარფატებული კოცნა
გოგონას დაადნა ტუჩზე,
ნაზი და საამო გრძნობა
თბილად დაეღვარა გულზე.
66. მის გამთბარ პატარა ხელში
ტრფობით გაიფურჩქნა ვარდი,
გაბრწყინდა ნათელი გრძნობით
თვითონ სიყვარულის ხატი.
67. ნამდვილ დედოფალსა ჰგავდა
სიდიადითა და განცდით,
გრძნობდა, რომ უყვარდა ტიტა,
როდესაც კარგავდა მაშინ.
68. როცა სიკვდილამდე უკვე
ძალიან ცოტა დრო დარჩა,
ბედნიერი იყო ტიტაც,
რადგან შეიყვარა ვარდმა...
69. და არ გაატანა სიკვდილს
დიდი სიყვარული ღმერთმა,
უმანკო ბავშვების სულში
დათესა სიკეთის თესლად.
70. ჯერ ვერც კი ხვდებოდნენ, ტრფობა
როგორ შეეპარათ გულში,
დღეს რაღაც გაიგეს, რისაც
არა უწყოდნენ რა გუშინ.
71. ბოლომდე ვერ ჩასწვდნენ ოღონდ
და ვერ გაიაზრეს სრულად,
სიხარულს, საამურ გრძნობას
რად ემატებოდა ჭმუნვა.
72. ან ეს მიმზიდველი ლტოლვა
რად ჰგავდა ამ ვარდის სურნელს?!.
სახელს ვერ არქმევდნენ გრძნობას,
მათ რომ უჩქროლებდა გულებს.
73. ჯერ კიდევ უცნობი გრძნობის,
უტყვი სიყვარულის ნიშნად,
ბიჭს ვარდი აჩუქა გოგომ
და ტიტა აჩუქა ბიჭმა.
74. მე შევინახავო ამ ვარდს,
ვარდოს ასე უთხრა ტიტემ,
რომ გავიზრდებიო მოვალ
და შენ გაჩუქებო ისევ.
75. მან კი დაუქნია თავი,
კარგიო, დათანხმდა ვარდო,
მეც დაგიბრუნებო ტიტას,
დაველოდებიო მაგ დროს.
76. რადგანაც გიყვებით ზღაპრად,
არ გაგიკვირდებათ მაშინ,
თუ გეტყვით, რომ კიდევ ერთი
სასწაული მოხდა ბაღში.
77. მას შემდეგ, რაც ტიტის გრძნობამ
ბავშვების სხეული განვლო,
ასე მიაღწია ვარდთან
და მისი ფიქრები ამცნო,
78. სულით დაახლოვდნენ თურმე
და ღმერთმა უბოძა ნიჭი,
ჩასწვდნენ ერთმანეთის აზრებს,
ერთგვარად იფიქრონ თითქმის.
79. ხელი ხელს ჩასჭიდეს, ასე
მდუმარედ გაუყვნენ ბილიკს,
აქ ზედმეტი იყო სიტყვა,
საკმარისი იყო ფიქრი.
თავი III - წყევლა
დრო მიჰყვა ცარგვალის ტრიალს,
დღეს რომ ჩაენაცვლა ღამე,
მებაღე დაბრუნდა გვიან.
81. დაღლილ-დაქანცული გზისგან
მაინც ვერ გაჩერდა სახლში,
ვეღარ მოუთმინა გულმა,
რომ არ გასულიყო ბაღში.
82. ცაზე ვარსკვლავების გუნდებს
ბჭობა გაემართათ ჩუმი,
ბნელი, დაბურული ტყიდან
მთვარეს ამოეყო ყური.
83. მოხუცი უხმობდა ყვავილთ,
ჰკითხავდა დღევანდელ ამბებს,
თავს იმძინარებდა ზოგი,
ზოგიც არიდებდა თვალებს.
84. რა სჭირთო, უკვირდა ძლიერ,
რად არ მპასუხობსო არვინ,
გული ცუდს უგრძნობდა, მოთქმით
ტიროდა სიჩუმე ღამის.
85. შუაგულ ბაღნარში შედგა,
ნანახმა თავზარი დასცა,
ნავარდალ, ნატიტარ ტოტებს
მხრები დაეხარათ დაბლა.
86. მუხლი მოეკვეთა მოხუცს,
დაემხო მიწაზე პირქვე,
მდუმარედ ატირდა ცრემლით,
ჩაჰყვა ტკივილიან ფიქრებს.
87. რა დავაშავეო, ღმერთო,
ვინ გამიმეტაო ასე,
ბაღის მაოხრებელ მძარცველს,
ნუთუ არ დაუდებ სასჯელს ?!
88. ძველ დროში ხომ ამის ჩამდენს
აკრავდნენ სირცხვილის ბოძზე,
ფეხებზე უწვავდნენ თითებს,
ან კისრით კიდებდნენ თოკზე.
89. მოხუცის გულითად ლოცვას
სწვავდა შურისგების ცეცხლი,
სიკეთით განწმენდილს, სპეტაკს
ზეცაში უსმენდა ღმერთი.
90. ინება უფალმა, უთხრა,
ღირსად შეგმოსავო მადლით,
მაგრამ ნუ მომთხოვო დასჯას
ორი უცოდველი ბავშვის.
91. რწმენა შერყეოდა მოხუცს,
სულმა ვერა ჰპოვა შვება,
გაზრდილებდაკარგულ გამზრდელს
მაინც დასცდენია წყევლა:
92. მათ ბედზე იაროს, ვინაც
წარმტაცა, მომისპო შვილნი,
მათსავით იტანჯონ დიდხანს
უტყვი სიყვარულის ჩრდილით.
93. ეს თქვა და დადუმდა მყისვე,
ზეცას მიაშტერა მზერა,
დასტურად ელოდა ნიშანს,
ღრუბლებს გაურბინა ელვამ.
94. მერე კი სიკვდილის ლანდმა,
ბაღში რომ დაძრწოდა იქვე,
თვალი გაუყარა თვალში,
გაუხსნა იმ ქვეყნის სივრცე.
95. მოვიდა ჟამიო, უთხრა,
გულზე მოუჭირა ხელი,
მომაკვდავს აღმოხდა, ღმერთო,
ნება აღსრულდესო შენი.
96. ვარსკვლავებს ეძინათ უკვე,
მთვარეს მორეოდა რული,
მოხუცმა მებაღემ დილით
ბაღში განუტევა სული.
97. მოკვდა მარტოსული ისე,
რომ არ უთხოვია შველა,
ეძებდა კითხვებზე პასუხს
მისი გაყინული მზერა.
98. ვის გულს შეიპყრობდა სევდა?
ვინ გადაუხდიდა ქელეხს?..
აღარავინ დარჩა ქვეყნად,
ვინც მისთვის დაღვრიდა ცრემლებს.
99. ბუნებამ იგლოვა იმ დღეს,
ცამ წვიმა აპკურა დიდხანს,
საღამოს იპოვა მწყემსმა,
იქვე მიაბარა მიწას.
100. დრო ისევ ითვლიდა წუთებს,
საათი მისდევდა საათს,
ყვავილებს აფენდა ბაღი
მოხუცი მებაღის საფლავს.
98. ვის გულს შეიპყრობდა სევდა?
ვინ გადაუხდიდა ქელეხს?..
აღარავინ დარჩა ქვეყნად,
ვინც მისთვის დაღვრიდა ცრემლებს.
99. ბუნებამ იგლოვა იმ დღეს,
ცამ წვიმა აპკურა დიდხანს,
საღამოს იპოვა მწყემსმა,
იქვე მიაბარა მიწას.
100. დრო ისევ ითვლიდა წუთებს,
საათი მისდევდა საათს,
ყვავილებს აფენდა ბაღი
მოხუცი მებაღის საფლავს.
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
No comments:
Post a Comment