Showing posts with label თერთმეტიანი რითმა. Show all posts
Showing posts with label თერთმეტიანი რითმა. Show all posts

Monday, October 31, 2016

ძნელია, როცა...



ძნელია, როცა ხელსა ჰკრავ სიხარულს,
როცა გიყვარს და არ გინდა გიყვარდეს,
როცა შენ ებრძვი, შენს სათუთ სიყვარულს,
გინდა მოკლა და თვითონვე დაობლდე...

მე შენს უძირო, თაფლჩაღვრილ თვალებში,
დიდხანს ვეძებდი კითხვებზე პასუხებს.
გულის სიღრმეში მიმალულ განცდებში,
ტრფობის ტკივილი შენც ხომ არ გაწუხებს?

სულში ჩაგხედე, თაფლის სარკეებით,
ჩემს თავს ვეძებდი შენს ოცნებებში,
ვნახე, მხატავდი ძმური მოფერებით,
ვნებაგამოცლილ უმწიკვლო ფერებში.

ნატვრა მომიკვდა, ჩემი სიყვარული
გულში დავმარხე, მიწა მივაყარე...
ვეღარ  გავძელი, წავედი ტანჯული,
შენი თვალების იქით დავიმალე.

თუკი ებრძვი და ამარცხებ სიყვარულს,
მზად ხარ, მოკლა და თვითონვე დაობლდე,
მაშინ ამაოდ დაეძებ სიხარულს,
ტკივილი გტანჯავს და ცხოვრება გაოცებს...

-------------------
ქემო ქავთარი

Monday, October 17, 2016

ტატოს


მეც უვალ ბილიკებს მივყვები, ტატო,
და ავბედითობას ბედისას ვდარდობ...
ცხოვრებამ ეულად დამტოვა, მარტო,
ბნელიდან ნათელში გასვლას მეც ვნატრობ.

მინდა გავეკიდო მიჯნურის ამბორს...
ჩემს დარდებს და ტკივილს ვერავის ვანდობ,
ლამაზი ვარდები, მინდა, რომ დავრგო
და ჩემი ცხოვრებით ქვეყანას ვარგო...

მტკვარი მოდუდუნებს, რაღაცას ამბობს...
იქნება ჩემსავით ისიც კვლავ ნაღვლობს,
რომ აწმყო ძირმწარე ვარამით გვათრობს,
სინათლეს რომ ისევ სიბნელე აქრობს...

მივდევ შორს, წყვდიადში მომღიმარ მნათობს
და აკივლებული ყორანი მაკრთობს...
ქვეითად მავალი შენს მერანს ვნატრობ,
რომ ვერ მივაღწიო, ბოღმა დამახრჩობს.

მეც უვალ ბილიკებს მივყვები, ტატო,
და ავბედითობას ბედისას ვდარდობ...
ცხოვრებამ ეულად დამტოვა, მარტო,
ბნელიდან ნათელში გასვლას მეც ვნატრობ.

----------------------------
ქემო ქავთარი

Saturday, October 8, 2016

გაფრენილან წლები...



გაფრენილან წლები, როგორც ფიქრები,
მიმავალნი შორს და არაფრისმთქმელნი...
დახლართული აზრით წვალობს გონება,
დრო კი მიდის, მიდის მიიზმორება.

ბედ-იღბალი იმნაირად ტრიალებს,
ვერც გაიგებ, როგორ გაგატიალებს,
მარტოობა გაგიახლებს იარებს,
ვეღარ იგრძნობ ამ ცხოვრების სიამეს.

ეს ცხოვრება გადაიქცა კოშმარად
და ქვეყანა დაემსგავსა ჯოჯოხეთს,
დარდისაგან თვით ბახუსიც დამთვრალა,
ჩემთან ერთად ქეიფობს და ქოთქოთებს...

ჩამოასხი, ერთიც უნდა დავლიო,
ეს ცხოვრება, რომ ქეიფში გავლიო,
ღვინის სმით და სევდიანი ღიღინით
გავათენო მივეგებო ალიონს...

--------------------------
ქემო ქავთარი

Friday, September 23, 2016

წუწურაქი



ძუნწი კაცი, წუწურაქი, ქვაწვია
არც თავის თავს, არც სხვა ვინმეს არგია.
ფული უყვარს და აქვს კიდეც, ფაქტია...
ხარჯვის არა, დაგროვების კაცია.

სულ წუწუნებს და არ ხარჯავს არაფერს,
რას ფიქრობენ მასზე, სულ არ ანაღვლებს...
ბანკში შეაქვს, რომ არსებულ ანაბრებს
პროცენტები დაემატოს, გამრავლდეს...

წუწურაქო, იმის ფიქრში არ გძინავს,
დამარხული განძი ხომ არ დაგილპა,
ან შემთხვევით ბანკი ხომ არ გაკოტრდა,
ნაგროვები ფული ხომ არ აორთქლდა...

გვიან ღამით წვები და დილით დგები,
ფული გაქვს და მაინც შიმშილით კვდები...
შე ქვაწვია, რაღად გინდა ეგ ქონება,
თუკი მაინც უქონლობით მოკვდები?

ან რას უცდი, ან აქამდე რას უცადე?
როგორ გასძელ, ეგ ფული რომ არ დახარჯე?..
მიდი, ძუნწო, ეს ქვეყანა დაინახე,
ცოტა შენს თავს მოახმარე არ ინანებ!..

ფული მუდამ საჭიროა ოჯახისთვის,
დასახარჯად გაიმეტე , მოიხმარე,
უფალს მადლობა შესწირე შეწევნისთვის
მადლი ქენი, გაჭირვებულს დაეხმარე!..

შოთას უთქვამს, რასაც გასცემ შენიაო...
წუწურაქო, ეს სიბრძნე რად ვერ ისწავლე?..
ფულს კი ფასი მაშინა აქვს როცა ხარჯავ,
და ღვთის მადლით კეთილ საქმეს მოახმარებ.

--------------------
ქემო ქავთარი

Friday, September 9, 2016

წვეთ-წვეთად წვეთავდა ...



წვეთ-წვეთად წვეთავდა ყოველი წამი
და თითქოს ნელ-ნელა ჟონავდა ჟამი...
ო, ისე ჩქარობდა დრო, როგორც ქარი...
წლები გაფრინდა და ვერ მოვკარ თვალი.

უცებ შეიცვალა ცხოვრების დარი,
ბავშვურ ილუზიებს გაუჩნდა ბზარი...
ბედი ულმობელი ყოფილა, ავი...
ერთად ვერა სძოვენ მგელი და კრავი.

დიახ, ვარდისფერი გამუქდა უკვე,
ცხოვრება გართობა არ არის თურმე...
ჭაობი ყოფილა, ბინძური წუმპე...
განვლილ გზას დავტირი, ღამეებს ვუთევ.

---------------------
ქემო ქავთარი