Monday, October 31, 2016
ძნელია, როცა...
ძნელია, როცა ხელსა ჰკრავ სიხარულს,
როცა გიყვარს და არ გინდა გიყვარდეს,
როცა შენ ებრძვი, შენს სათუთ სიყვარულს,
გინდა მოკლა და თვითონვე დაობლდე...
მე შენს უძირო, თაფლჩაღვრილ თვალებში,
დიდხანს ვეძებდი კითხვებზე პასუხებს.
გულის სიღრმეში მიმალულ განცდებში,
ტრფობის ტკივილი შენც ხომ არ გაწუხებს?
სულში ჩაგხედე, თაფლის სარკეებით,
ჩემს თავს ვეძებდი შენს ოცნებებში,
ვნახე, მხატავდი ძმური მოფერებით,
ვნებაგამოცლილ უმწიკვლო ფერებში.
ნატვრა მომიკვდა, ჩემი სიყვარული
გულში დავმარხე, მიწა მივაყარე...
ვეღარ გავძელი, წავედი ტანჯული,
შენი თვალების იქით დავიმალე.
თუკი ებრძვი და ამარცხებ სიყვარულს,
მზად ხარ, მოკლა და თვითონვე დაობლდე,
მაშინ ამაოდ დაეძებ სიხარულს,
ტკივილი გტანჯავს და ცხოვრება გაოცებს...
-------------------
ქემო ქავთარი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment