Friday, October 7, 2016

მთვარის ნათელი არემარეს...


მთვარის ნათელი არემარეს მკრთალად ანათებს,
ვარსკვლავთა გუნდი ღამის მნათობს ლაზათსა მატებს...
გონება ებრძვის ამ ცხოვრების აღმართ-დაღმართებს,
მაგრამ ამაოდ... ეჰ, თავის თავს რასმე დაჰმართებს...

მე ვეღარ ვუცქერ უშფოთველად თეთრ თოვლის ფიფქებს,
ვერც მოწმენდილ ცას, ვერც გაშლილ ზღვას, ვერც ნაძვის გირჩებს...
აზრთა ჭიდილი ჩემს გონებას უფრო ღრმად ითრევს,
ვერვინ მიხვდება, რა სენი მჭირს და ვერას მირჩევს.

ღმერთო, მომეცი ძალა, ჩავწვდე ცხოვრების სიღრმეს!..
სამყაროს არსი და საწყისი შევიცნო იქნებ...
მოწყალე თვალით გადმოხედე ჩემს აზრს და ფიქრებს,
სადაც დუღს გონი უდიდესი, მიმმართე იქეთ!..

მთვარის ნათელი არემარეს მკრთალად ანათებს,
ვარსკვლავთა გუნდი ღამის მნათობს ლაზათსა მატებს...
გონება ებრძვის ამ ცხოვრების აღმართ-დაღმართებს,
მაგრამ ამაოდ... ეჰ, თავის თავს რასმე დაჰმართებს...

-----------------------
ქემო ქავთარი

No comments:

Post a Comment