Showing posts with label ბუნება. Show all posts
Showing posts with label ბუნება. Show all posts

Wednesday, May 27, 2020

მთიულური გაზაფხული

ალევის ქედის ძირში მიდგას ქვითკირის სახლი,
მამისეული ეზო-კარი სუნთქავს ხეებით,
მშობლების სითბო მიცოცხლდება ფოთოლთ შრიალში,
როცა არხევენ ტოტებს ჩემი ძუძუმტეები.

გადაიარა ყვავილობამ თეთრად ვაშლების,
შუა მაისში მოვარდისფროდ აყვავდა კომში,
მთებზე მიცოცავს გაზაფხულის მწვანე ხავერდი
და ზამთრის სუსხი იყუჟება მთის თხემზე თოვლში.

ცოტაც და ისიც ჩამოდნება მზე-წვიმისაგან,
წვეთ-წვეთ ნაჟური ნაკადულებს ააჩხრიალებს,
ხევებს ჩაჰყვება, აადიდებს არაგვის ტალღებს
და გაზაფხული ახლა ქვემოთ ჩაიგრიალებს.

მე აივნიდან თვალს ვადევნებ ამ გარდასახვას,
გაღნა ღვთიური მადლით ავსებს მზე მგზოვანის წვერს,
შავ არაგვს იქით, გაღმის გაღმა სპეტაკი ფარდა...
ნისლების კაბა ჩაუცვია გუდამაყრის ქედს.

ნეტავ რამდენჯერ დაიღვარა ქართული სისხლი,
დღეს მთიულური გაზაფხული რომ გვევგრძნო ცეცხლად?
აქ ჩაიარა უკვდავების გზაზე შემდგარმა
სამასმა გმირმა და სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად.

ღმერთო, დალოცე საქართველო, ეს მიწა წყალი
არ დაანებო სათარეშოდ მტერსა და დუშმანს,
მომეცი ძალა, კეთილ საქმეს მივუძღვნა თავი,
სიკვდილის შემდეგ ვალმოხდილი ვეახლო უფალს!
____________
ქემო ქავთარი

Wednesday, April 1, 2020

ავტობიოგრაფია



მე დავიბადე ღვინობისთვეში
მთებში ჩაძირულ ფასანაურში,
ტყე ფოთოლცვენის ყვითელი თქეშით
ეჯიბრებოდა არაგვს ხმაურში.

სასწორის სახლში გატეხა პური,
მზემ დაბადება ჩემი დალოცა...
ასპიროზისგან მართალი გული
და სიყვარულის ნიჭი გამომყვა.

ღირსების გრძნობა, ბუნებით ამაყს,
თავსწამომდგარმა მთებმა მაჩუქეს.
მთიულეთიდან მეძახის ახლაც
ჩემი ბავშვობა და სიჭაბუკე.

წლები მისდევდენ არაგვის ტალღებს,
სანამ ყმაწვილურ ჰანგზე ვმღეროდი,
ღამე ვარსკვლავებს მივდევდი ცაზე,
ლექსებსა ვწერდი და ვოცნებობდი.

მერე დაიმსხვრა ყველა ოცნება,
ნათელ მომავალს ჩაუქრეს შუქი.
არ გვაპატიეს თავისუფლება,
მტრად მოგვეკიდა „მოყვასი რუსი“.

გადახდა უნდა, ძმაო, მხედრულ ვალს,
როცა ქვეყანას დუშმანი გიჭამს,
არაგველების ნაშიერი ვარ
და თავდადება ღირსებად მიჩანს.

წავედი, ვლეწე ჩემი წილხვედრი
კალო ქვეყნისთვის ბრძოლის და შრომის,
ვიღვაწე ნიჭით, გამოცდილებით,
სხვასაც ავუნთე სანთელი ცოდნის.

მრავალწლიანი შრომა და ჯაფა
ერთ დღესაც წყალში გადამიყარეს,
უსამსახუროდ დამტოვეს განზრახ,
კუდის ქიცინი რომ ვერ ვისწავლე.

სამი წელია სამართალს ვეძებ,
რატომღაც ჩემი ჭიანურდება...
ვერა ქვეყანა ომს ვერ მოიგებს,
ვეტერანებს თუ არ უფრთხილდება!

ისევ ლექსებს ვწერ, სხვა რა საქმე მაქვს,
სიტყვებით ფრთხილად ვაზავებ ფერებს,
გამოვაქვეყნებ ალბათ ოდესღაც
და ზოგ კრიტიკოსს მოვუშლი ნერვებს.

ასე მივყვები დროის მდინარეს,
ჯერ ცოცხალი ვარ და მიჭრის გონი...
ყველაზე ძნელი მაინც ის არის,
საკუთარ თავთან მოიგო ომი.

სადაც იწყება, იქვე მთავრდება
ამ ქვეყნიური ჟივილ-ხმაური,
დიდი ხანია მე მელოდება
მთებში ჩაფლული ფასანაური.

01.04. 2020
ქემო ქავთარი

Sunday, December 4, 2016

ჩამოთოვა...


ჩამოთოვა უკვე მთაში.
ადრეული თოვლია...
ჟრუანტელი მივლის ტანში,
შენი კოცნა მგონია.

შენს შემოხედვას ვამსგავსე
თოვლში ჩამდნარი სხივი,
ჩამოურბენს თოვლიან მთებს
ათინათი ღიმილის.

ქარი შენსავით კისკისებს,
ექოდ დაქრის ხევდახევ,
აწკრიალებს ზანზალაკებს,
თითქოს გვიხმობს მე და შენ.

თოვლიან გზას მივუყვები,
შენთან ერთად, ღიღინით...
მომდევენ მოგონებები,
ფიქრი მათოვს ფიფქივით.

-------------------
ქემო ქავთარი

Saturday, November 26, 2016

დრო


დღეს ხომ ეს ბრბო,
ღმერთს რომ ვერ სცნობს,
ხეს სპობს, ბევრს ფლობს,
მეტს სთხოვს ერთ გონს...

ჩემს ქოხს, შენს ჯორს
ხელს ჰყოფს, მხეცს შობს,
ტეხს ტოტს, ტყეს ნორჩს
გლეჯს ყლორტს, სდევს დროს.

დრო კი შორს ქრის,
თოვლს ძირს რომ ყრის,
ფლობს ვის ცოლს ვინ,
ზოგს სჯის ორ გზის...

ლოთს სმის შნო სჭირს,
ბოთლს ცლის, ხორცს ჭრის,
ლომს ვინ სთხოვს შვილს?..
ღორს კი ხბო სცვლის.

დრო არ თხზავს ჭორს,
დროს თუ სურს, თოვს.
ის ცის პირს ზის,
ცივ ფიფქს ძირს შლის,

თოვლს ფენს ქედს, ბორცვს,
დრო დებს თეთრ ნოხს.
დრო ხომ თოვლს გმობს,
ნორჩ ყლორტს რომ სპობს...

-------------------
ქემო ქავთარი


Thursday, November 24, 2016

არაგვო...


არაგვო, ჩემო არაგვო,
არაგვო არაგვიანო,
სამასი გმირის მეგზურო
იჩქარე შე მადლიანო!..

არაგვო, შენი ტალღები
მორბიან, მოიჩქარიან,
მთაში გაზრდილო მებრძოლო,
ბარში რად მიგიხარია?..

არაგვო, შენ არ ჩერდები
არცარას დაემონები,
შენებურად მსურს ვიცხოვრო
მაგ წესით, მაგ გემოვნებით...

არაგვო, ჩემო არაგვო,
არაგვო არაგვიანო,
მთიდან ბარს მიხვალ მაშველად,
მიდი, არ დააგვიანო!..

---------------------
ქემო ქავთარი

Wednesday, November 23, 2016

ცისკარი


განთიადია, ამოსულა ცაზე ცისკარი,
ორი ნაბიჯით დაუსწრია მზის ამოსვლისთვის.
ყველა ვარსკვლავი მილეულა, წასვლას იჩქარის,
მზეს თითქოს ცეცხლი შეუნთია ჰორიზონტისთვის.

ცისკრის ვარსკვლავი ცის ტატნობზე ბოლომდე რჩება,
ვარსკვლავებს ითვლის და აჩქარებს, წასვლის ჟამია,
სანამ მზე თავის ცხრავე თვალით შემოიხედავს,
ყველას გარეკავს ღამისაკენ ხარიპარია.

ძველ ბაბილონში თურმე უკვე გაკვირდებოდნენ,
ძველ საბერძნეთში აფროდიტე გერქვა სახელად,
რომში ვენერას გიწოდებდნენ, გაღიარებდნენ
სიყვარულის და სილამაზის ტურფა ქალღმერთად.

ბევრი სახელით გიხსენიებთ საქართველოში,
როგორც ღამეთა მათენებელს, მთიებს გეძახით.
ხარიპარიაც შენა გქვია და ასპიროზიც,
ცთომილ-პლანეტას ჩვენ ვარსკვლავი რატომ შეგარქვით?..

მწუხრის ვარსკვლავიც შენ ყოფილხარ, ცისკრის ვარსკვლავო,
მუდამ, აისის ან დაისის, ვარდისფერს ეტრფი,
ხან მზის ჩასვლისას გვევლინები, მოგყავს საღამო,
ღამის მნათობებს ჩრდილავ შენი კაშკაშა ეშხით.

------------------------
ქემო ქავთარი

Friday, November 18, 2016

ზღვა


ცამ თქვა, ამ ზღვას რა სწადს ამ წამს?..
არ ჰგავს კარგ კაცს და არც წყნარ ტბას,
ქარს ჰკრავს ავ ფრთას, წყალს ძრავს, მთად დგამს,
გზად სვამს და ნთქავს წყალს, ქვას და სხვას...

ავს ან და კარგს, ხან კაცს, ხან ქალს,
ცხრა ძმას, სამ დას, ათ ტახს, რვა ზღარბს.
შავ თვალს და წარბს, თავს, ტანს და თმას,
ძვალს, ტყავს და მხარს კლავს, ჭამს და ხრავს...

ცამ თქვა, ზღვა სხვა წყალს სვამს ამ წამს.
ამ ქალს ტანს ბანს, რწყავს და არ კლავს...
ქალს ცა სწამს და ზღვა სწადს, რა ქნას?
ზღვა თმას ბანს და მთვრალ კაცს არ ჰგავს...

--------------------
ქემო ქავთარი

Saturday, October 1, 2016

აქ, დარიალში...



მოწმენდილ ცაზე ვარსკვლავების ჯარი მომდგარა...
თამბაქოს კვამლი ჩაძინების სურვილს აფერხებს.
ადიდებული თერგი თითქოს ყალყზე შემდგარა,
მორბის ღრიალით, დიდრონ ლოდებს კლდეებს ახეთქებს.

დაღლილ გონებას მოეძალა შენზე ფიქრები,
ძილი დაფრთხა და თერგს გაღმა ქედზე გავიდა...
აქ, დარიალში, ლექსებს გიწერ ახლა, ღვთის ნებით,
ასე მგონია, სულ მიყვარხარ, დასაბამიდან!..

-------------------
ქემო ქავთარი

Friday, September 30, 2016

ტყე შემოსილა მწვანედ...

  

ტყე შემოსილა მწვანედ,
ირგვლივ სიცოცხლე ფეთქავს,
გაზაფხულია, ახლა
უნდა ვხარობდეთ ერთად!..
ბაღში გაშლილა ვარდი,
ტყემალი ყვავის თეთრად,
მერცხლის ჭიკჭიკი ისმის
შაშვის ჭახჭახთან ერთად!..

ჩემს ცხოვრებაშიც ისმის
გაზაფხულის ხმა ლაღი,
ეს ახალგაზრდა გული
მაინც სავსეა დარდით...
შენ მხიარულობ კიდეც
და მღერის შენი ჩანგი...
ასე გარედან ჩანხარ,
შიგნით კი მეფობს დარდი.

გაზაფხულის მშვიდ ცაზე
შავი ღრუბელი მოსჩანს,
ჰა, უკვე თოვლი მოდის
და ჩემი გულიც მოთქვამს...
გამიჭაღარდა გული,
მწვანე ტყეს თოვლი მოსავს
სიკვდილის მოციქული
ჭაღარას აქეთ მოჰყავს...

დრო გადის, თოვლი შრება,
გაზაფხული კვლავ მოვა...
გულში ჭაღარა რჩება
სანამ სიკვდილი მოვა...


-------------------

ქემო ქავთარი


Saturday, September 24, 2016

ხორისარიდან...


ხორისარიდან წვეთ-წვეთ ნაჟურო
ერეთოს არაგვის თავს ერთვები,
ღუდას, ლომისას ლოცვით ჩაუვლი
ქვეშეთთან ხადის წყალთან ერთდები.

მარცხნივ გხვდებიან ძმათა შვილები:
სონჩო, გვიდაქე, ფშარი, ჩირიკი.
ქვემოთ ხევშა და ქავთარათ ხევი
მგლურით მოდიან ვიწრო ბილიკით...

მარჯვნივ შინშები გეგებებიან
ალევის ქედის გამოზრდილები,
ჩოხელთ, ამირთ და ჩაბარუხის ხევს
თან მოჰყავთ ძმები და ძმისწულები.

ფასანაურთან შავი არაგვი
ლაშქარს გახვედრებს ძმური ერთობით,
წყალს გიმრავლებენ, ძალას გმატებენ
გუდამაყრელი თანამებრძოლნი.

ანანურამდე გზად დაგხვდებიან
ხანდო, ჭართალი, დგნალი, არყალა
ფშაველ-ხევსური ძმებიც მოსულან,
ჟინვალთან გულზვიადად დამდგარან...


ბარს ჩამოსული დინჯად მოღელავ,
ძმად შეფიცული მტკვარი მოგელის...
მცხეთაში მთიდან მოტანილ ამბავს
ჰყვები და გისმენს სვეტიცხოველი.

------------------------------
ქემო ქავთარი

Saturday, September 10, 2016

ჩემო არაგვო


ჩემო არაგვო, შენი ზვირთები
თავბრუდამხვევი სისწრაფით მორბის.
შენი სისწრაფე შენი ძალაა,
მოუსვენარო, ვერ ჰგუობ ლოდინს.

ზვიადი ხარ და ძალზე ამაყი,
როგორც შენს თავზე დამყურე მთები...
მთაში გაზრდილო, რას ბუტბუტებენ
ეგ აქოჩრილი შენი ტალღები?

როგორ მინდა, რომ ჩემი ცხოვრებაც
ერთი პატარა არაგვი იყოს,
სწრაფად იაროს, სულ წინ იაროს,
არ გაყუჩდეს და არ გაირინდოს!..

თუნდ ბევრი შემხვდეს, ვით მთის მდინარეს,
ხელის შემშლელი დაბრკოლებები,
არ ვჩივი, ოღონდ მეც არაგვულად
ვიბრძოლო, ვკაფო სავალი გზები...

ჩემო არაგვო, შენ არ ჩერდები,
სიცხე-სიცივეს არ ემონები...
მეც შენებურად მინდა ვიცხოვრო,
მაგ სისწრაფით და მაგ გემოვნებით!..

----------------------
ქემო ქავთარი



Sunday, August 28, 2016

ოცნება


მიყვარს საღამო, როცა სიცივე
ტანში საამოდ სცრის,
თითქოს ბავშვს კარში გამოგდებულს,
ეს ზამთრის სუსხი მსჯის.

ირგვლივ თოვლია, მოწმენდილ ცაზე
მთვარე ვარსკვლავებს თვლის
და მეც მინდა, რომ ცაში გავფრინდე,
აღარ დავეშვა ძირს!…

მივუალერსებ ვარსკვლავებს ნაზად,
მთვარეს გადავხვევ ხელს...
და ასე, მათთან საიმტკბილობით,
დაველოდები მზეს.

ოცნებებიდან გამორკვეული
კვლავ გადავხედავ მთებს,
დავაკვირდები ვარსკვლავთა ციმციმს
და თეთრად მორთულ ტყეს…

წავალ და ისევ ვიხეტიალებ,
მალე ამოვა მზეც
და ოცნებებით თავბრუდახვეულს
დამათენდება მეც.

-----------------------
ქემო ქავთარი