Saturday, April 4, 2020

მასპინძელი



ო, პარდონ მუსიე... მომიტევეთ!.. ხომ არ გაწუხებთ?
თუ კი ინებებთ ორიოდე რჩევას გაჩუქებთ.
ჩვენ ქართველები პატივსა გცემთ დიდად ფრანცუზებს,
თუმც თქვენ კრუასანს მიირთმევთ და ჩვენ კი ნაზუქებს.

ბუენას ტარდეს კაბალერო!.. თქვენც აქ ყოფილხართ,
იბერიელო, ჩვენ ხომ ერთი შტოდან მოვდივართ?..
ჰეი, გუტენ თაგ ფროილაინ!.. რუჯი მოგიხდათ...
მუსტაფა ბეი, ხოშგელდინიზ!.. ველქამ!.. მოდით აქ!

ჰელოუ მისტერ!.. ჩაო სინიორა!.. ბარო ახპერჯან!
აქეთ მობრძანდით ყველას ერთად გეტყვით სათქმელსა.
ჯერ ქართულ ღვინოს გაგასინჯებთ ღვთიურ სასმელსა,
სუფრის კულტურას ვერ შეხვდებით სხვაგან ასეთსა.

დავაი ვანია, ნალივაი!.. მე ვარ თამადა...
გადახდილია, თქვენ ნუ სწუხხართ, არ ღირს ამადა,
გაგვათანაბროს სიყვარულის დიდმა ძალამა...
მიროპე არმენ!.. მამედას ნუ უბღვერ ავადა!

ისტორია გვაქვს უძველესი, ალბათ გსმენიათ,
ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში მასპინძელნი ვართ,
სტუმრად მოსულნი გვიყვარს, მაგრამ მტერიც ბევრია,
ხორუმსაც ვცეკვავთ და ჩაკრულოს ისევ ვმღერივართ.

მოდი, იხილე საქართველო, ჩუნგო ჰანიო,
თავი იგრძენი როგორც სახლში, ძმაო, ამიგო,
მაგრამ გახსოვდეს, სტუმარი ხარ, უნდა გაიგო...
იმ წყალს ნუ ამღვრევ, ხვალე ჩვენ რომ უნდა დავლიოთ.

პატივი ეცი ჩემი ქვეყნის ადათს და კანონს,
ტყეს ნუ მიჩეხავ, ნუ დამიშრობ ანკარა წყაროს,
ეცადე, რომ გულს ბილწი ზრახვა არ გააკარო
და ქართულ მიწას ნუ მომტაცებ ჩემო სტუმარო!

ნაწილი ძალით გამოგვტაცა მტერმა ხელიდან,
მავთულხლართები მოცოცავენ ჩრდილოეთიდან,
დანარჩენს აგერ ფულზე ყიდის ვაიელიტა,
მგონი დროა, რომ გამოვფხიზლდეთ ამიერიდან.

სტუმართმოყვარე მასპინძელნო, ძმანო ქართველნო,
სტუმრის სტატუსით მოძალადემ რომ არ გაგვთელოს,
ფიალის გარდა გამჭრიახი გონიც ვაჩვენოთ
და ქართლის დედის უქარქაშო ხმალი ავლესოთ.

ჩემი სათქმელი, დაგენაცვლე შალომ, ეს არის,
ყველა სტუმარი განურჩევლად მიყვარს ღმერთმანი,
სანამ დაიწყებს მბრძანებლობას ჩემსავე სახლში,
სანამ სტუმარი ღვთისაა და არა ეშმაკის.

ნალეი ვანია!.. ეს შეავსე, განსხვავებული,
სადღეგრძელო მაქვს გულში ლექსად ამღერებული,,
ღმერთმა დალოცოს ის სტუმარი გამორჩეული,
ვისაც უხარის საქართველო გაბრწყინებული!

_____________
ქემო ქავთარი

No comments:

Post a Comment