Sunday, September 29, 2024

სად იბადება?


 

არავინ იცის პოეზია სად იბადება,

ვერავინ მითხრა ლექსის წერა როგორ ვისწავლო,

როგორ შევიპყრო წამიერი მარადისობა

და სტრიქონებში გულის ფეთქვად გადმოვიტანო.


იდუმალია პოეზიის სიღრმე სიშორე,

ზვარაკად გულის სისხლს მოითხოვს აღმაფრენისთვის...

ვაჟა-ფშაველა ასპიტის ხორცს აჭმევს მინდიას,

სიკვდილის გზაზე შეაყენებს გადარჩენისთვის.


თუმცა სიცოცხლე, ხსნა კი არა, დიდი მსხვერპლია,

აღმატებული განსხვავების გაუცხოება,

გენიოსების ნააზრევი მასებს არ ესმის,

ქეთელაურებს სათემოში არ ეცხოვრება...


ბედისწერაა პოეტისთვის ნამდვილი ლექსი,

ტატოს მერანი თვალბედითი ყორნის ფიქრია...

ღვარცოფად მოდის საიდანღაც ლექსი მეწყერი,

ცოცხლად მარხავს  და არ აღირსებს საფლავს ტიციანს...


მაინც შემორჩა პოეზიას გვარი გრანელის,

Memento mori, ვით სიკვდილის ინდიქტიონი,

ღია სარკმლიდან ლურჯა ცხენებს გაჰყვა გადაღმა

და პოეზიის მეფედ მოკვდა გალაკტიონი.


მე პოეზიის დაბადება მინდა ვიხილო...

ჰეი, მუზებო, ნუ ჩამითვლით უმადურობად!..

მინდა, შევიგრძნო სიტყვის მადლით რითმად დაღვრილი, 

მდოგვის მარცვალში ჩატეული უსასრულობა.


ქემო ქავთარი

ძმის გულო



 შენ გაგიმარჯოს, ძმის გულო,

აგრემც დაგლოცავს უფალი!

მუდამ მხნედ მეგულებოდე

ლაღი და თავისუფალი...


შენ გენაცვალე, ძმის გულო,

მე ვიქნა შენი დამცველი,

შენი გულშემატკივარი

და შენი დარდის მაშველი!..


შენი ჭირიმე, ძმის გულო,

ფეთქავ ჩემი ძმის მკერდშია,

შენს ტკივილს, მე რომ მტკენოდა,

ღმერთმანი, მართლა მერჩია...


მიშგუ ლადაღ სი*, ძმის გულო,

შენიმც სიკეთე მესმოდეს,

ჩემი ძმის ერთგულობისთვის

ჩემი დღეებიც შენ გქონდეს!


ქემო ქავთარი


მიშგუ ლადაღ სი* - სვანური გამოთქმა, სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ჩემი დღეები შენ“

Monday, September 23, 2024

პარადოქსი



ასეთი ყოფილა ეს ცხოვრება,

ბერდები, გული არ იჯერებს...

გგონია, მთებს ისევ გადაირბენ,

მწვერვალზე შემდგარი იმღერებ.


ბებერი ხარისა რქებიც ხნავსო,

ამბობ და გულზე მჯიღს იზომებ,

წავალო სამშობლოს დაძახილზე,

საქართველოსთვის კვლავ ვიბრძოლებ...


არადა ჯან-ღონე აღარ მოგდევს,

გაწუხებს წნევა და წელკავი,

ვეღარც ძველებურად ვეღარ ხედავ,

აღარც ყურში გესმის, ღმერთმანი...


სად გაქრა მგლის მუხლი, ორბის მზერა?..

ჩაგიქრა ძალაც და სისხარტეც,

ჩაგაჭკნა ხელებში ჯეელობა,

გულში კი მაინც არ იზამთრებს.


არ მოგეჩვენება პარადოქსად

თუ ღრმად ჩასწვდები და იმსჯელებ,

ახალგაზრდობა რომ დაბერდება,

ახალგაზრდა რჩება სიბერე...


ქემო ქავთარი

Sunday, September 22, 2024

გაორება

 


ეს ტკბილ-მწარე შეგრძნებაა, ცხელიც, ცივიც თავისთავად...

ერთდროულად თავს როცა გრძნობ ამაყად და საცოდავად,

ემსგავსები თურმე ბალახს კლდის ნაპრალში ამომავალს...

ალბათ ასე გაიაზრა გაორება აფხაზავამ*.


მე კი ვფიქრობ, გაორება მუხტი არის არნახული,

ელექტრომაგნიტურ ველში გახლეჩილი პიროვნება,

ერთში კარგი, მეორეში მხოლოდ ცუდი დანახული

და მათ შორის უსაშველოდ დიდი ძაბვა იზომება...


თან გამრჯე და თან - ზარმაცი, მდიდარიც და უქონელიც,

უნიჭოც და ნიჭიერიც, ცოდვილიც და უცოდველიც,

ერთის მხრივ ბედი მიღიმის, მეორეს მხრივ ჯოხით მდევნის,

თითქოს არარაობა ვარ, მაგრამ მაინც ყველაფერი...


ხან ვარ საყრდენს მოკლებული უწონადში შეწონილი,

ამავე დროს სალი კლდე ვარ ცაში ლაღად ატყორცნილი,

ხან უძრავი ჭაობი ვარ, აქვე ზვავი მოწყვეტილი,

ხან ფლეიტის ხმას გამოვცემ, ხან ვგუგუნებ ორკესტრივით.


თან მიჭირს და თანაც მილხინს, ვტირი როცა ვმღერი მაშინ,

სიბერისკენ მივიჩქარი, გული შემრჩა მაინც ბავშვის,

ბევრი რამე შევისწავლე, ბევრიც დამეკარგა გზაში

და სამყაროს ამოცნობის სურვილი შემომრჩა თავში...


მე და ჩემი ალტერ ეგო, ღმერთო, ისე მოგვარიგე,

აზრთა სხვადასხვაობაში გავიზარდოთ ჯერ ორივე,

მერე ფიქრი შევაჯეროთ, ერთმანეთი არ დავჭამოთ,

საქვეყნო საქმე ვაკეთოთ და მტერი არ გავახაროთ!


ქემო ქავთარი


აფხაზავა* - იგულისხმება ნუგზარ აფხაზავა (ქართველი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში). მის კალამს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები:

„ გაორება
საოცარია კაცის არსება:
ვარ ერთდროულად ამაყიცა და ...
საცოდავიც - კლდეზე ამოსული ბალახივით.“

ნასაფლავართან ნაფიქრალი


შუაღამით უძილობის დასათრგუნად

გავუყვები პეტრე-პავლეს სასაფლაოს,

ერთ ბოთლ ღვინოს გავიყოლებ სიმბოლურად,

საიქიოს დავულოცავ სააქაოს...


მივაშურებ მე ტერენტის ნასაფლავარს,

იქ ბუჩქებში იადონი მუდამ გალობს,

იქ იგრძნობა კოსმიური სუნთქვა მკვდრეთის,

ცაზე მთვარე საცოდავად კონწიალობს...


საფლავის ქვას დაყრდნობილი დამიხვდება

თვით გრანელი იქ და არა ბუნდოვანი*,

სულიერი ნგრევის კვალით შევიცანი

ყველას ჭირისუფლად მდგარი უპოვარი...


ჩემო ქავთარ, საფლავ-საფლავ რას დაეძებ?..

ამას მკითხავს და თვალებში რომ ჩამხედავს,

ჩემზე უკეთ შენ იცი თქო, ვუპასუხებ

და ჭიქებში ჩამოვასხამ მშრალ საფერავს.


მერე ვიტყვით ორიოდე შესანდობარს,

ცოტა ნაღველს გადავიყრით გულებიდან,

პოეზიის ხარებს შევხსნით აპეურებს

და ლექსებად გამოვუშვებთ ურმებიდან...


ორი სოფლის შესაყართან დგას გოროზად

საფლავის ქვა, როგორც მიჯნა და სამანი,

ამ ქვეყნიდან გაქცეულებს ესღა გვრჩება,

არაფერიც აღარა გვაქვს დასამალი...


გავიხსენებთ მე ჩემსას და ის თავისას,

რომანს წრეში, ვნების ძაბრში გაქანებას...

ჩვენ ორივეს გვსურდა ზეცა უმაღლესი

და ერთმანეთს ვაბარებდით აღსარებას.


გათენდება, ჩემს სახეზე აცეკვდება

მზის სხივები, მოადგება ამ წამწამებს...

წუხელ სიზმრად ღვინოს ვსვამდი ტერენტისთან

და სურამში მასთან ერთად მეც მაწამეს.


ქემო ქავთარი



ბუნდოვანი* - იგულისხმება ქართველი პოეტი გიორგი კახიძე (ბუნდოვანი), რომელიც ტერენტი გრანელის საფლავის მცველის სახელითაა ცნობილი. ტერენტი გრანელის დიდუბის პანთეონში გადასვენების შემდეგ მან შეინარჩუნა ნასაფლავარი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.

Wednesday, September 18, 2024

სამყარო



იყო და არც იყო... არც ვიცით რა იყო...

იყო დრო, როდესაც თვითონ დროც არ იყო,

არ იყო არც სივრცე და არც მატერია,

ერთი სიტყვა იყო აზრის არტერია,

როცა არაფერში მთლად ყველაფერია,

იმჟამად მომხდარა დიდი აფეთქება,

რის გამოც სამყარომ შეძლო დაბადება...


და სანამ უფალი ბიბლიურ შვიდ დღეში

შექმნილს აჩუქებდა პირველ კაცს ედემში,

გადის მეთოთხმეტე მილიარდი წელი,

პარსეკებად იქცა უკვე ანგსტრემები,

კოსმოსური მტვრისგან იქმნა ვარსკვლავები,

მზე და დედამიწა, მთვარე და ცთომილნი...

ცად, ზღვად და ხმელეთზე სიცოცხლის რონინი...


და თუმცა განკითხვის ჟამი ახლოვდება,

ის ისევ იზრდება, მაინც ფართოვდება...

ერთურთს გაურბიან კვლავ გალაქტიკები,

ბნელი ენერგია ყოფილა მიზეზი

უსასრულობაში სამყაროს სინთეზის...

რაც უნდა ეცადო უთვლადი დათვალო,

მაინც გამოცანად დარჩება სამყარო.


ქემო ქავთარი

გადარჩენამდე



გაჭაღარავდა ალევის ქედი,

თოვლი მოსულა ფასანაურში...

ეს ერთი წელიც გადააგორა

დრომ ამქვეყნიურ აურზაურში.


გადაიარა წლებმა ქედდაქედ,

მოგონებები იწვის ბუხარში,

მოდის უჩინო, დამდევს ფეხდაფეხ,

საგზალს მილაგებს საღვთო გუდაში...


ამოალაგებს როგორც სამხილებს,

როცა წარმადგენს უფლის წინაშე

და ცოდვა-მადლის აწონვის მიზნით

ჩამოარიგებს ორსავ პინაზე...


არავინ იცის, რამდენი დარჩა

უზენაესის განაჩენამდე,

ცოტაც მადროვე, იქნებ მივიდე

ცოდვილი სულის გადარჩენამდე!..


ქემო ქავთარი

ნუღარ



თუ დამარხა სატრფომ გულში

ტრფობა შენდამი,

ნუღარ ელი, აღარ მოვა,

ნუღარ ეძახი!..


ასე როგორ გამიმეტე,

რატომ დამტანჯე?

ყოველღამე სიზმრად ვხედავ,

გოგოვ, მაგ თვალებს...


თუ დამარხა სატრფომ გულში

ტრფობა შენდამი,

ნუღარ ელი, აღარ მოვა,

ნუღარ ეძახი!..



ქემო ქავთარი

უძილო ღამე


წუხელ დამფრთხალი
ფაშატივით გამექცა ძილი,
გაღმა გორაკზე გავიდა და უბრად
მიყურა,
ამაოების უსახური ბნელი აჩრდილი
შემომეტმასნა შემპარავად და თან ჯიქურად...

ისევ უაზრო განშლადობით წვალობს გონება,
შფოთავს და ერთ აზრს იმეორებს - რა დროს ძილია?..
ფიქრებს არა აქვს კონკრეტული მიმართულება,
აქ ყველაფერი არაფერში ათქვეფილია...

გარდასულ დღეთა დაიწყება მერე მარულა,
ცხენების ნაცვლად მოგონება აჭენებს წამებს,
მრუმე ღამეში იფარფატებს დარდის ღამურა,
გამთენიისას ლექსს დავუწერ უძილო ღამეს.

ქემო ქავთარი