Sunday, August 3, 2025

დავით გურამიშვილი

 

მირგოროდიდან კრემენჩუგში* მიდის მოხუცი,

თეთრ ცხენზე მჯდომი და შემკული თეთრი თმა-წვერით,

ორი წლის უკან შეუსრულდა უკვე ოთხმოცი

და ცალი თვალით ძლივსღა ხედავს, გზას რომ გასცქერის.

 

მიდის მოხუცი და ფიქრებში წარსულსა ფურცლავს...

ეჰ, ცრუ საწუთრომ რაოდენი ჭირი არგუნა,

შორს გადმოხვეწილს საქართველო სტკიოდა გულს და

სიცოცხლე ისე გაილია, შინ ვერ დაბრუნდა.

 

თავის ბავშვობა აგონდება გორის უბანში*,

მამაპაპური სამყოფელი გურამიშვილთა...

ო, რა სასტიკი ძნელბედობის დრო იყო მაშინ,

გარეშე მტერთა მოძალება, ძმათა სისხლისღვრა.

 

დანაწევრებულ საქართველოს ისე ძიძგნიდნენ

თურქნი და სპარსნი, როგორც სისხლისმსმელი სვავები,

ქართლსა და კახეთს, სათარეშოდ მეტად მიმზიდველს,

ლეკნი და ოსნი ესეოდნენ ვით ჭილყვავები.

 

შაჰის ბრძანებით ქართლის მეფე ავღანთ მუსრავდა*,

ქართლში ძმისწული მისი ვახტანგ ჯანიშინობდა*,

სულხან-საბასგან გამოწვრთნილი თავს არ ზოგავდა*

და საქართველოს აღშენებას გულით ცდილობდა...

 

როგორც გიორგი, ქაიხოსროც* კვდება ავღანეთს,

ხოლო ვახტანგი არ მიიღებს რადგანაც ისლამს,

ქართლის მეფობას შაჰი მის ძმას გადააბარებს,

იასეს*, ანუ მაჰმადიან ალიყული-ხანს.

 

დადგა და მყისვე ძმის ნაშენებს დაუწყო ნგრევა,

მის ხელში ძნიად ასცდებოდა ქართლს გათათრება...

ისევ ვახტანგი დათმობს ქრისტეს სჯულს სიტყვიერად,

რათა შეიძლოს ქრისტიანად ქართლმა დარჩენა.

 

მეფედ დაბრუნდა ტყვეობიდან და უკუაგდო

ნაძალადევად მიღებული მაჰმადის რჯული,

მფარველს ეძებდა და ჩრდილოეთს თვალნი მიაპყრო,

რუსთა ხელმწიფის დაპირებებს დაუგდო ყური.

 

მერე შეფარვით საირანოდ შეკრბა ლაშქარი,

განჯაში რუსთა მოლოდინში ლეკებს ებრძოდა,

სამი თვის შემდეგ მოუტანეს ნასი ამბავი*,

ომის ერთი წლით გადადება მეფეს ეცნობა.

 

მაინც გაცხადდა დაფარული და შაჰ-თამაზთან*

შესმენამ მალე მიაღწია ვერაგულ მიზანს,

დიდად განრისხდა ყაენი და ქართლი გადასცა

კახეთის მეფე კონსტანტინე მამადყული-ხანს.

 

თავიდან თურმე არ ისურვა კახთა ბატონმა

ძმათა სისხლისღვრა და ვახტანგთან სცადა ერთობა,

თუმცა ძმობის ფიცს უნდობლობამ ისევ აჯობა,

რადგან გულმღვრიე იასე კვლავ იბლისს* შეკვროდა.

 

ღვარძლმა იხარა უკუღმართად ნახნავ-ნაფარცხში,

ბრმად ქცეულ კახთა შემოტევა ნახა თბილისმა,

მედგრად დაუხვდნენ ქართლელები ციხე-ქალაქში

და გამარჯვებას ჰქონდა გემო ქართლის ჭირისა.

 

გაბრუნდა უკან კონსტანტინე* გაწბილებული,

იხმო სპარსნი და ჭარის ლეკნი დასახმარებლად,

კვლავ შემოადგა დედაქალაქს განრისხებული,

ქართული სისხლი ღვარა მტრისა გასახარებლად.

 

მერე ოსმალო წამოვიდა ქართლის „საშველად“

დაისაკუთრა თბილისიც და გორის ციხეცა,

ვახტანგი რუსეთს გადავიდა პეტრეს* იმედად,

ხოლო იასეს, აწ მუსტაფას, ქართლი მიეცა.

 

არ გატყდა ქართლი, აჯანყდა და იხმო კახეთიც,

თუშ-ფშავ-ხევსურნიც მოსულიყვნენ თურქთა სამუსრად,

გორის ციხეზე დაიგეშნენ ნაფიც-ნავერცხლნი,

ატენთან* ერთობ სისხლისმღვრელი ბრძოლა გახურდა.

 

პირველით სძლიეს და გაჩენის დღეც აწყევლინეს

შეურაცხმყოფელთ ქართულ მიწის, ქრისტეს სჯულისა,

მაგრამ იასე მტრის მაშველად მოსვლას შეიძლებს,

მოღალატე და გამყიდველი ქართლის გულისა.

 

„ვაი იმ დღისა დამსწრებსა“* და მნახველს დავითსა,

ხმლის ვადას შერჩა მტრის სისხლი და გულს კი სამსალა*,

აწიოკებულ ქართლში გლოვის ტირილი იდგა,

უფალი გვსჯიდა, რადგან ცოდვამ მადლი დასძალა.

 

ახლაც ყურებში უდგას მოხუცს ქართლის გოდება,

ამ მოგონებებს ყოველ ჯერზე ცრემლის გემო აქვს,

ლოცვას აღავლენს, სინანულში გაჰყავს ცხოვრება,

საქართველოსთვის უფლისაგან ითხოვს შენდობას...

 

მიდის მოხუცი, ჩორთით მიჰყავს თეთრი იაბო,

ორმოციოდე ვერსის გავლამ უკვე დაღალა,

ცხოვრების გზაზე ბედისწერამ სად არ მიაგდო,

სოფლის ბოლომდე მუხლის ჩახრაც არ დააცალა.

 

დასასვენებლად დაქვეითდა წყაროსთან მგზავრი,

პური გატეხა და ცოტა ხნით თვალიც მილულა,

წარსულის ნისლი აედევნა ისევ სიზმარში

და ნახა, ლეკნი ჩასდგომოდნენ კვალში მალულად.

 

ეზმანა მისი სიჭაბუკე, ლამისყანაში*

როგორ შეიპყრეს და დაღესტნის გზას გაუყენეს,

ხაროში გდება ოსოქოლოს*, როგორც საფლავში,

ტანჯვა-წამების შავი დღენი რომ გაუთენეს.

 

გაქცევა სცადა, დაიჭირეს, უფრო აწამეს,

არა მისცეს რა, არც საჭმელი, არც ტანსაცმელი,

ტყვედ გაჰყიდიან, თუ იცოცხლა ოღონდ მანამდე,

ყურმოჭრილ მონის ბედი ელის და განსაცდელი.

 

სიკვდილის პირას მისულა და ლოცვად უთქვია:

„მიხსენ ცხოვარი წყმენდილიო“* კეთილო მწყემსო,

სიკვდილ-სიცოცხლე ღვთის განგება არის სრულიად,

მომკალ ხორცითა, ოღონდ სულით ნუ წარმწყმედ ღმერთო*.

 

შემწედ შეექმნენ მზეთა-მზე და მზე სიმართლისა*,

მხნეს და ჩქარს წყაროს განუხეთქავს მთა და გორია,

კვლავ გაქცეულა და უვლია ღამ-ღამ მალვითა,

სანამ თერგის პირს რუსთა სოფელს არ მისდგომია...

 

და რა იხილეს ქრისტიანთა მოყვასი იგი,

მიუსაფარი, დავრდომილი უცხო ტომელი,

არ დაიშურეს მზრუნველობა და სითბო მისთვის,

მოენედ* თურმე იანვარა იხმეს ფხოველი...

 

წასვლა ინება მადლიერმა ხიზანმა* ბოლოს,

თუმცა თერგს აღმა შეჰყოლოდა ვეღარ გაბედა

და მიაშურა ჯერ აშტარხანს*, მერე კი მოსკოვს,

რუსეთში მყოფი ქართველების კვალის საძებნად.

 

ეახლა ვახტანგს, შეუერთდა ქართველთა კრებულს,

ჯაბადარბაშის* უწყალობა მეფემ სახელო*,

იმპერატრიცის* დაპირებით დაიმედებულს

სჯეროდა, ფეხზე დადგებაო კვლავ საქართველო.

 

თუმცა საწუთრო დარუბანდში ჩასულ ქართველებს

აჩვენებს ქართლის ბედის ჩარხის მრუდე საბრუნავს,

უზურპატორი ნადირ შაჰი* იმდენს ახერხებს,

რომ რუსთა ჯარი უბრძოლველად დათმობს დარუბანდს*.

 

შემოეყარა კაეშანი  და გულმჭმუნვარი

ვახტანგ მეექვსე სამუდამოდ დარჩა აშტარხანს,

იმედდაშრეტილს აღარ შერჩა ბრძოლის უნარი,

ქართლის სამეფოს საზრუნავი მიანდო ბაქარს*.

 

დაემშვიდობა მეფე ერთგულ თანამებრძოლებს,

მადლიერებას მოჰყვებოდა კილო ბოდიშის,

ზოგი მათგანი გზას გაუდგა საქართველოსკენ,

ბატონიშვილთან დარჩა ზოგიც რუსთა ლოდინში.

 

ორი წლის შემდეგ, აღესრულა როცა ვახტანგი,

როს ქართლის მეფემ  მიაბარა სული უფალსა,

ქართველნი რუსთა ქვეშევრდომნი გამხდარან მაშინ

და ასეული შეუქმნიათ ქართველ ჰუსართა.

 

ქართული ჟინით ბრძოლა რუსთა იმპერიისთვის,

ხან პრუსიაში, ხან შვედეთში, ხან ოსმალეთში...

ტყვედ ჩავარდნილა პორუჩიკი* გურამიშვილი

და მაგდებურგში* ორი წელი დაჰყო ციხეში.

 

ტყვეობამ, ომმა, ჭრილობებმა თავისი ქნა და

ჯანგატეხილმა სამსახური ვეღარ განაგრძო,

მამული ჰქონდა მირგოროდში და იქ დასახლდა,

მეურნეობა აღადგინა, საქმე ააწყო.

 

ავალიშვილის ქალი ჰყავდა მეუღლედ დავითს,

სრულად ავსებდა სიყვარულით მას ტატიანა,

ბედნიერებას აკლდა ერთი მისხალი მაინც,

უშვილძირობა აკვნესებდა გულს დარდიანად.

 

ვერ გააგრძელა თავის ჯიში, თავის ჯილაგი,

შთამომავლობა ვერ დატოვა ამ ქვეყანაზე,

ვინ დაიტირებს, ვინ იგლოვებს თვალცრემლიანი,

ეპიტაფიას ვინ წააწერს საფლავის ქვაზე?..

 

მიდის მოხუცი, მიუყვება მტვრიან შარაგზას,

კრემენჩუგამდე ორიოდე ვერსიღა დარჩა,

პოტიომკინის* სასახლეში მიდის, რადგანაც

ბატონიშვილი მირიანი* სტუმრობსო გრაფთან.

 

მიდის და მიაქვს გურამიშვილს „დავითიანი“,

საქართველოში რომ გაგზავნოს მოსანათლავად,

თავის ქმნილება, წიგნი იგი სიტყვამზიანი,

არ ემეტება უცხოეთში დასაკარგავად.

 

მას მიაბარა ყველაფერი ბრძენმა პოეტმა,

თავისი ცოდნაც, ნიჭიცა და გამოცდილებაც,

აქ არის ქართლის ჭირიცა და მისი ცხოვრებაც,

მისი ლოცვანი აღვლენილი ღვთის სადიდებლად.

 

არ დაადარა თავის ლექსი რუსთველის შაირს,

სიღრმისეული გააზრებით შექმნილს ბრძენთათვის,

შეუძეძვავი ხე დაგვირგო ამ წიგნის სახით,

რათა იოლი გახდეს სწავლა მოსწავლეთათვის.

 

აქვე საწუთროს სამდურავიც გვითხრა მგოსანმა,

მერე სიკვდილთან პაექრობაც კი გაგვიმართა,

თავის ანდერძში პატიება გვთხოვა ცოდვათა,

და ჩვენს გულებში სიყვარულის სხივი მიმართა.


და როგორც დავით მეფსალმუნემ მისი დავითნი,

გურამიშვილმაც დაგვიტოვა „დავითიანი“

მირგოროდიდან კრემენჩუგში მიდის დავითი,

საქართველოში ჩამოიტანს წიგნს მირიანი.


----------------- 

ქემო  ქავთარი



განმარტებები:

მირგოროდი და კრემეჩუგი * - ქალაქებია უკრაინაში;

გორის უბანი* - სოფელი საგურამოს თემში;

ქართლის მეფე ავღანთ მუსრავდა* - იგულისხმება გიორგი XI,  ქართლის მეფე 1676-1688 და 1703-1709ბწლებში;

ქართლში ძმისწული მისი ვახტანგ ჯანიშინობდა* - იგულისხმება ვახტანგ VI, ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714 წლებში; ქართლის მეფე 1716-1724 წლებში

სულხან-საბასგან გამოწვრთნილი* - სულხან-საბა ორბელიანი იყო ვახტანგ VI -ის აღმზრდელი.

ქაიხოსრო* - ქართლის მეფე 1709-1711 წლებში, ვახტანგ VI -ის ძმა;

იასე* - ქართლის მეფე 1714-1716 და 1724-1727 წლებში, იგივე იესე, იგივე ალიყული-ხანი, იგივე მუსტაფა ფაშა;

ნასი ამბავი* - ცუდი ამბავი;

შაჰ-თამაზი* -. ირანის შაჰი 1729–1732 წლებში (შაჰ-ჰუსეინის ვაჟი);

იბლის* - ისლამური მითოლოგიის სატანა, ბოროტების განსახიერება;

კონსტანტინე* - კონსტანტინე II  (მამადყული-ხანი), კახეთის მეფე 1722-1732 წლებში;

პეტრე* - პეტრე დიდი, რუსეთის იმპერატორი 1721-1725 წლებში;

ატენი* - სოფელი ქართლში, გორის ციხის მახლობლად;

„ვაი იმ დღისა დამსწრებსა“* - ციტატა დავითიანიდან;

სამსალა* - შხამი, ძლიერი საწამლავი;

ლამისყანა* - სოფელი შიდა ქართლში;

ოსოქოლო* - სოფელი დაღესტანში;

„მიხსენ ცხოვარი წყმენდილი“* -ციტატა დავითიანიდან;

„მომკალ ხორცითა, ოღონდ ნუ წარმწყმედ სულითა“* - ციტატა დავითიანიდან;

მზეთა-მზე და მზე სიმართლისა* - გურამიშვილი დავითიანში მზეთა-მზეს უწოდებს მამა ღმერთს, ხოლო მზე სიმართლისას უწოდებს იესო ქრისტეს;

მოენე* - თარჯიმანი;

ხიზანი* - შეხიზნული, შეფარებული ადამიანი;

აშტარხანი* - დღევანდელი ქალაქი ასტრახანი;

ჯაბადარბაში* - იარაღის საწყობის უფროსი;

სახელო* - თანამდებობა

იმპერატრიცა* - იგულისხმება რუსეთის იმპერატორი ანა (1730-1740წწ);

უზურპატორი ნადირ შაჰი* - იგულისხმება ირანის შაჰი 1736 -1747 წლებში, იგივე თამაზ ყული ხანი, რომელმაც უკანონოდ ჩაიგდო ხელში ირანის ტახტი.

დარუბანდი*  - ქალაქი დაღესტანში, დღევანდელი დერბენტი.

ბაქარი* - ვახტანგ VI -ის შვილი;

პორუჩიკი* - სამხედრო წოდება იმდროინდელი რუსეთის ჯარში;

მაგდებურგი* - ქალაქი დღევანდელ გერმანიაში;

პოტიომკინი* - იგულისხმება გრაფი პავლე პოტიომკინი, რომელმაც ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს;

ბატონიშვილი მირიანი* -  ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ძე, შედიოდა იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ერეკლე II-მ გაგზავნა პეტერბურგს 1783 ტრაქტატის დადებასთან დაკავშირებით.

Wednesday, December 25, 2024

დონატელო


გენიოსი მოქანდაკის სტატუსით,
ადრეული რენესანსის წიაღში,
ქვაფენილზე ხის ქოშების ბაკუნით
დონატელო დადის ფლორენციაში...

ამ ქანდაქარს* იცნობს მთელი ტოსკანა,
ლიგურია, უმბრია და ლაციო*,
ქვაში გრძნობის ამღერების ოსტატმა
ბევრი ძეგლი შექმნა თურმე საჩინო.

მარმარილოს და ბრინჯაოს „დავითი“*,
პადუაში მდგომი „გატამელატა“ *,
ხეში ქმნილი „მარიამ ეგვიპტელი“*
კვადროჩენტოს* მწვერვალებად ელავდა.

სწრაფი ხელით, გამჭრიახი გონებით
ირჯებოდა ძალზე ხარისხიანად,
არ ტკბებოდა სიმდიდრით და ქონებით,
ხელოვნებას ეკუთვნოდა მთლიანად.

იმხანად კი ფლორენციის მმართველი
გახლდათ თურმე თვით კოზიმო მედიჩი*,
დონატელოს მეგობარი, მფარველი,
მეცენატი ბევრი შემოქმედისთვის...

და მმართველმა ერთხელ თავის მეგობარს
მიუყვანა გენუელი* ვაჭარი,
ამ სოვდაგარს შეძენა სურს, ეტყობა,
დონატელოს შექმნილ ნაქანდაკარის.

შეუკვეთა ძეგლი წმინდა ლავრენტის*
და ოსტატი თავის საქმეს შეუდგა,
ქვაში მთავარდიაკონის განცდების
კვეთას სულ თვე-ნახევარი მოუნდა...

და როს უკვე სრულქმნილ პორტრეტს უმზერდა
ვაჭარმა მასში შედევრი შეიცნო,
მარმარილოს ბაგე შეკრთა თითქოს და 
ნაღვერდალის სიმხურვალეც შეიგრძნო.

ფასი ჰკითხა სოვდაგარმა ოსტატს და 
დონატელომ თქვა თანხა მიზერული,
ძვირია, მაგის ნახევარს მოგცემო,
აწუწუნდა ვაჭრობას მიჩვეული.

ძვირიაო?!. გაიკვირვა, იწყინა,
და თვალებში მრისხანება აიმღვრა,
ვერანდიდან დაბლა გადმოგდებული 
მარმარილო გულსაკლავად დაიმსხვრა.

სხვა ნახეო უკეთესის შემქმნელი,
ჩემს ნახელავს შენ ვერასდროს შესწვდები,
მე კი ახალს გავაკეთებ ოდესღაც
და მყიდველში ასე აღარ შევცდები.

სოვდაგარი მიხვდა, როგორ მოტყუვდა,
თუმც გვიანი იყო თითზე კბენანი,
წამოვიდა სხვა სკულპტორი მოძებნა
და შეკვეთა მისცა ბანკო დი ნანის*

მუშაობა ექვს თვეზე მეტს გაგრძელდა
და როდესაც დასრულება ეღირსა,
გენუელმა მოითხოვა ჯიუტად,
შეფასება დონატელოს ეკისრა.

ვაჭრის გული ვერ იმეტებს ფლორინებს*,
იმედოვნებს ახლა მაინც მოიგებს,
არ ჰგონია დონატელომ სხვის ნაშრომს
თავისაზე მეტი ფასი დაადოს.

თუმცა ისევ მწარედ შეცდა, რადგანაც
დონატელომ უცნაურად განსაჯა,
ათჯერ ძვირად შეაფასა და ამით
გენუელი კიდევ ერთხელ დასაჯა.

ეგ როგორო, განა შენს ნაქანდაკარს
ეს პორტრეტი ათჯერ აღემატება?..
დონატომ კი უთხრა - არ გეკადრება
მოქანდაკის შრომის არ დაფასება...

იცი, რამდენი იწვალა დი ნანიმ 
ამ ლამაზი ქანდაკების შექმნაზე?..
ან რაოდენ მძიმე შრომა დაჭირდა
კომპოზიციის ამგვარად შეკვრაზე?..

განა შენ კი არ წვალობო, კითხულობს
სოვდაგარი მხოლოდ ერთი იმედით,
იქნებ გული მოუბრუნდეს დონატოს,
შეღავათი მისცეს, თუნდაც მცირედი...

მე უფლისგან ბოძებული ნიჭი მაქვს,
აქვე დიდი ვალიც მადევს ამისთვის,
ამიტომაც სულ ღიღინით ვმუშაობ,
კი არ ვწვალობ, ნეტარებას განვიცდი...

და ვპოულობ უზომო აღმაფრენას,
როგორც სული საუფლოში შესვლისას,
არვინაა ისე თავისუფალი,
ვით ნამდვილი ხელოვანი შექმნისას.

კაცობრიობას ვაჩუქებ შედევრებს,
სანამ სიცოცხლე სულმთლად არ ჩაქრება,
ზუსტად ვიცი, დონატელოს სახელი
რომ მსოფლიო ისტორიას დარჩება.

მერე ჩემზე ლეგენდებს მოყვებიან
და ერთ-ერთში შეიძლება შენც მოხვდე,
თუმცა გენუელი ვაჭრის სახელი,
შეიძლება არც არავის ახსოვდეს.

ბოლოს მაინც ორივ იმას მოვიმკით,
რაც მიგვაჩნდა პატივად და ღირსებად,
შენ - აქაურ სიმდიდრეს და ქონებას,
დონატელო - საუკუნო დიდებას...

გენიოსი მოქანდაკის სტატუსით
ადრეული რენესანსის წიაღში,
ქვაფენილზე ხის ქოშების ბაკუნით
დონატელო დადის ფლორენციაში.

_____________
ქემო ქავთარი




განმარტებები:

ქანდაქარი* - იგივეა რაც მოქანდაკე.

ტოსკანა, ლიგურია, უმბრია და ლაციო* - იტალიის რეგიონები

მარმარილოს და ბრინჯაოს „დავითი“* - იგულისხმება დონატელოს ორი ქანდაკება, ორივეს სახელია „დავითი“. აქედან ერთი მარმარილოშია ნაკვეთი, ხოლო მეორე ჩამოსხმულია ბრინჯაოში.

„გატამელატა“* - დონატელოს მიერ შექმნილი ქანდაკება, რომელიც დგას ქალაქ პადუაში.

„მარიამ ეგვიპტელი“* - იგულისხმება დონატელოს მიერ შექმნილი ქანდაკება, რომელშიც მასალად ხეა გამოყენებული.

კვადროჩენტო* - იტალიური რენესანსის ერთ-ერთი პერიოდი (1400 -1499 წწ)

კოზიმო მედიჩი * - ფლორენციის პირველი მმართველი მედიჩების დინასტიიდან.

გენუა* - იგულისხმება გენუის რესპუბლიკა, ქალაქი სახელმწიფო იტალიაში, ახლანდელი ლიგურიის რეგიონი.

წმინდა ლავრენტი* - წმინდა მოწამე მთავარდიაკონი ლავრენტი, რომელიც აწამეს 258 წელს. მრავალ სხვა მეთოდთან ერთად გამოიყენეს გავარვარებულ ნაღვერდალზე დაწვენაც.

ბანკო დი ნანი* - დონატელოს თანამედროვე  მოქანდაკე ფლორენციაში.

ფლორინი* - ძველებური ფლორენციული  ოქროს ან ვერცხლის ფული.


Sunday, October 6, 2024

შოთას შაირი

 




პოეზიის მწვერვალზე დგას დიდი სიბრძნე განარითმი,

რა ძალამ და მადლმა შექმნა ეს ობოლი მარგალიტი?..

რატომ მეტი არ დაწერა იმ სულმნათმა, რად არ ვიცით,

ერთი ცდა ვით იმყოფინა ამოდენა აღმასვლისთვის?


მეცხრე საუკუნეს ითვლის გენიოსის გამოცანა,

სიყვარულში იცნო ღმერთი მიჯნურმა და მეგობარმა...

ხალხმა ვეფხისტყაოსანი სულ ხელის-ხელ აგოგმანა,

რუსთველის სულისკვეთება შეიცნო და შეიყვარა.


„შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი“...

პოეზიის გაკვეთილებს გვაძლევს აქვე დიდოსტატი,

„ლექსთა გრძელთა თქმა“ სჭირდება, რომ მელექსე იყოს კარგი,

გრძელი სიტყვის მოკლედ თქმაა მოშაირის ცნობის თარგი.


ბევრი კარგი პოეტი გვყავს, თუმცა შოთას დარი - არა,

ბუმბერაზი მოშაირე უკვდავებას ეზიარა,

თავისი პირმშო ქმნილება ისე მაღლა აიტანა,

რომ ვერავინ ვერ დაწერა ჯერ შაირი ამისთანა.


ქემო ქავთარი

Sunday, September 29, 2024

სად იბადება?


 

არავინ იცის პოეზია სად იბადება,

ვერავინ მითხრა ლექსის წერა როგორ ვისწავლო,

როგორ შევიპყრო წამიერი მარადისობა

და სტრიქონებში გულის ფეთქვად გადმოვიტანო.


იდუმალია პოეზიის სიღრმე სიშორე,

ზვარაკად გულის სისხლს მოითხოვს აღმაფრენისთვის...

ვაჟა-ფშაველა ასპიტის ხორცს აჭმევს მინდიას,

სიკვდილის გზაზე შეაყენებს გადარჩენისთვის.


თუმცა სიცოცხლე, ხსნა კი არა, დიდი მსხვერპლია,

აღმატებული განსხვავების გაუცხოება,

გენიოსების ნააზრევი მასებს არ ესმის,

ქეთელაურებს სათემოში არ ეცხოვრება...


ბედისწერაა პოეტისთვის ნამდვილი ლექსი,

ტატოს მერანი თვალბედითი ყორნის ფიქრია...

ღვარცოფად მოდის საიდანღაც ლექსი მეწყერი,

ცოცხლად მარხავს  და არ აღირსებს საფლავს ტიციანს...


მაინც შემორჩა პოეზიას გვარი გრანელის,

Memento mori, ვით სიკვდილის ინდიქტიონი,

ღია სარკმლიდან ლურჯა ცხენებს მისდევს გადაღმა

და პოეზიის მეფედ კვდება გალაკტიონი.


მე პოეზიის დაბადება მინდა ვიხილო...

ჰეი, მუზებო, ნუ ჩამითვლით უმადურობად!..

მინდა, შევიგრძნო სიტყვის მადლით რითმად დაღვრილი, 

მდოგვის მარცვალში ჩატეული უსასრულობა.


ქემო ქავთარი

ძმის გულო



 შენ გაგიმარჯოს, ძმის გულო,

აგრემც დაგლოცავს უფალი!

მუდამ მხნედ მეგულებოდე

ლაღი და თავისუფალი...


შენ გენაცვალე, ძმის გულო,

მე ვიქნა შენი დამცველი,

შენი გულშემატკივარი

და შენი დარდის მაშველი!..


შენი ჭირიმე, ძმის გულო,

ფეთქავ ჩემი ძმის მკერდშია,

შენს ტკივილს, მე რომ მტკენოდა,

ღმერთმანი, მართლა მერჩია...


მიშგუ ლადაღ სი*, ძმის გულო,

შენიმც სიკეთე მესმოდეს,

ჩემი ძმის ერთგულობისთვის

ჩემი დღეებიც შენ გქონდეს!


ქემო ქავთარი


მიშგუ ლადაღ სი* - სვანური გამოთქმა, სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ჩემი დღეები შენ“

Monday, September 23, 2024

პარადოქსი



ასეთი ყოფილა ეს ცხოვრება,

ბერდები, გული არ იჯერებს...

გგონია, მთებს ისევ გადაირბენ,

მწვერვალზე შემდგარი იმღერებ.


ბებერი ხარისა რქებიც ხნავსო,

ამბობ და გულზე მჯიღს იზომებ,

წავალო სამშობლოს დაძახილზე,

საქართველოსთვის კვლავ ვიბრძოლებ...


არადა ჯან-ღონე აღარ მოგდევს,

გაწუხებს წნევა და წელკავი,

ვეღარც ძველებურად ვეღარ ხედავ,

აღარც ყურში გესმის, ღმერთმანი...


სად გაქრა მგლის მუხლი, ორბის მზერა?..

ჩაგიქრა ძალაც და სისხარტეც,

ჩაგაჭკნა ხელებში ჯეელობა,

გულში კი მაინც არ იზამთრებს.


არ მოგეჩვენება პარადოქსად

თუ ღრმად ჩასწვდები და იმსჯელებ,

ახალგაზრდობა რომ დაბერდება,

ახალგაზრდა რჩება სიბერე...


ქემო ქავთარი

Sunday, September 22, 2024

გაორება

 


ეს ტკბილ-მწარე შეგრძნებაა, ცხელიც, ცივიც თავისთავად...

ერთდროულად თავს როცა გრძნობ ამაყად და საცოდავად,

ემსგავსები თურმე ბალახს კლდის ნაპრალში ამომავალს...

ალბათ ასე გაიაზრა გაორება აფხაზავამ*.


მე კი ვფიქრობ, გაორება მუხტი არის არნახული,

ელექტრომაგნიტურ ველში გახლეჩილი პიროვნება,

ერთში კარგი, მეორეში მხოლოდ ცუდი დანახული

და მათ შორის უსაშველოდ დიდი ძაბვა იზომება...


თან გამრჯე და თან - ზარმაცი, მდიდარიც და უქონელიც,

უნიჭოც და ნიჭიერიც, ცოდვილიც და უცოდველიც,

ერთის მხრივ ბედი მიღიმის, მეორეს მხრივ ჯოხით მდევნის,

თითქოს არარაობა ვარ, მაგრამ მაინც ყველაფერი...


ხან ვარ საყრდენს მოკლებული უწონადში შეწონილი,

ამავე დროს სალი კლდე ვარ ცაში ლაღად ატყორცნილი,

ხან უძრავი ჭაობი ვარ, აქვე ზვავი მოწყვეტილი,

ხან ფლეიტის ხმას გამოვცემ, ხან ვგუგუნებ ორკესტრივით.


თან მიჭირს და თანაც მილხინს, ვტირი როცა ვმღერი მაშინ,

სიბერისკენ მივიჩქარი, გული შემრჩა მაინც ბავშვის,

ბევრი რამე შევისწავლე, ბევრიც დამეკარგა გზაში

და სამყაროს ამოცნობის სურვილი შემომრჩა თავში...


ღმერთო, მე და ალტერ ეგო იმნაირად მოგვარიგე,

აზრთა სხვადასხვაობაში გავიზარდოთ ჯერ ორივე,

მერე ფიქრი შევაჯეროთ, ერთმანეთი არ დავჭამოთ,

საქვეყნო საქმე ვაკეთოთ და მტერი არ გავახაროთ!


ქემო ქავთარი


აფხაზავა* - იგულისხმება ნუგზარ აფხაზავა (ქართველი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში). მის კალამს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები:

„ გაორება
საოცარია კაცის არსება:
ვარ ერთდროულად ამაყიცა და ...
საცოდავიც - კლდეზე ამოსული ბალახივით.“

ნასაფლავართან ნაფიქრალი


შუაღამით უძილობის დასათრგუნად

გავუყვები პეტრე-პავლეს სასაფლაოს,

ერთ ბოთლ ღვინოს გავიყოლებ სიმბოლურად,

საიქიოს დავულოცავ სააქაოს...


მივაშურებ მე ტერენტის ნასაფლავარს,

იქ ბუჩქებში იადონი მუდამ გალობს,

იქ იგრძნობა კოსმიური სუნთქვა მკვდრეთის,

ცაზე მთვარე საცოდავად კონწიალობს...


საფლავის ქვას დაყრდნობილი დამიხვდება

თვით გრანელი იქ და არა ბუნდოვანი*,

სულიერი ნგრევის კვალით შევიცანი

ყველას ჭირისუფლად მდგარი უპოვარი...


ჩემო ქავთარ, საფლავ-საფლავ რას დაეძებ?..

ამას მკითხავს და თვალებში რომ ჩამხედავს,

ჩემზე უკეთ შენ იცი თქო, ვუპასუხებ

და ჭიქებში ჩამოვასხამ მშრალ საფერავს.


მერე ვიტყვით ორიოდე შესანდობარს,

ცოტა ნაღველს გადავიყრით გულებიდან,

პოეზიის ხარებს შევხსნით აპეურებს

და ლექსებად გამოვუშვებთ ურმებიდან...


ორი სოფლის შესაყართან დგას გოროზად

საფლავის ქვა, როგორც მიჯნა და სამანი,

ამ ქვეყნიდან გაქცეულებს ესღა გვრჩება,

არაფერიც აღარა გვაქვს დასამალი...


გავიხსენებთ მე ჩემსას და ის თავისას,

რომანს წრეში, ვნების ძაბრში გაქანებას...

ჩვენ ორივეს გვსურდა ზეცა უმაღლესი

და ერთმანეთს ვაბარებდით აღსარებას.


გათენდება,  მზის სხივები აცეკვდება

ჩემს სახეზე, მოადგება ამ წამწამებს...

წუხელ სიზმრად ღვინოს ვსვამდი ტერენტისთან

და სურამში მასთან ერთად მეც მაწამეს.


ქემო ქავთარი



ბუნდოვანი* - იგულისხმება ქართველი პოეტი გიორგი კახიძე (ბუნდოვანი), რომელიც ტერენტი გრანელის საფლავის მცველის სახელითაა ცნობილი. ტერენტი გრანელის დიდუბის პანთეონში გადასვენების შემდეგ მან შეინარჩუნა ნასაფლავარი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.

Wednesday, September 18, 2024

სამყარო



იყო და არც იყო... არც ვიცით რა იყო...

იყო დრო, როდესაც თვითონ დროც არ იყო,

არ იყო არც სივრცე და არც მატერია,

ერთი სიტყვა იყო აზრის არტერია,

როცა არაფერში მთლად ყველაფერია,

იმჟამად მომხდარა დიდი აფეთქება,

რის გამოც სამყარომ შეძლო დაბადება...


და სანამ უფალი ბიბლიურ შვიდ დღეში

შექმნილს აჩუქებდა პირველ კაცს ედემში,

გადის მეთოთხმეტე მილიარდი წელი,

პარსეკებად იქცა უკვე ანგსტრემები,

კოსმოსური მტვრისგან იქმნა ვარსკვლავები,

მზე და დედამიწა, მთვარე და ცთომილნი...

ცად, ზღვად და ხმელეთზე სიცოცხლის რონინი...


და თუმცა განკითხვის ჟამი ახლოვდება,

ის ისევ იზრდება, მაინც ფართოვდება...

ერთურთს გაურბიან კვლავ გალაქტიკები,

ბნელი ენერგია ყოფილა მიზეზი

უსასრულობაში სამყაროს სინთეზის...

რაც უნდა ეცადო უთვლადი დათვალო,

მაინც გამოცანად დარჩება სამყარო.


ქემო ქავთარი

გადარჩენამდე



გაჭაღარავდა ალევის ქედი,

თოვლი მოსულა ფასანაურში...

ეს ერთი წელიც გადააგორა

დრომ ამქვეყნიურ აურზაურში.


გადაიარა წლებმა ქედდაქედ,

მოგონებები იწვის ბუხარში,

მოდის უჩინო, დამდევს ფეხდაფეხ,

საგზალს მილაგებს საღვთო გუდაში...


ამოალაგებს როგორც სამხილებს,

როცა წარმადგენს უფლის წინაშე

და ცოდვა-მადლის აწონვის მიზნით

ჩამოარიგებს ორსავ პინაზე...


არავინ იცის, რამდენი დარჩა

უზენაესის განაჩენამდე,

ცოტაც მადროვე, იქნებ მივიდე

ცოდვილი სულის გადარჩენამდე!..


ქემო ქავთარი

ნუღარ



თუ დამარხა სატრფომ გულში

ტრფობა შენდამი,

ნუღარ ელი, აღარ მოვა,

ნუღარ ეძახი!..


ასე როგორ გამიმეტე,

რატომ დამტანჯე?

ყოველღამე სიზმრად ვხედავ,

გოგოვ, მაგ თვალებს...


თუ დამარხა სატრფომ გულში

ტრფობა შენდამი,

ნუღარ ელი, აღარ მოვა,

ნუღარ ეძახი!..



ქემო ქავთარი

უძილო ღამე


წუხელ დამფრთხალი
ფაშატივით გამექცა ძილი,
გაღმა გორაკზე გავიდა და უბრად
მიყურა,
ამაოების უსახური ბნელი აჩრდილი
შემომეტმასნა შემპარავად და თან ჯიქურად...

ისევ უაზრო განშლადობით წვალობს გონება,
შფოთავს და ერთ აზრს იმეორებს - რა დროს ძილია?..
ფიქრებს არა აქვს კონკრეტული მიმართულება,
აქ ყველაფერი არაფერში ათქვეფილია...

გარდასულ დღეთა დაიწყება მერე მარულა,
ცხენების ნაცვლად მოგონება აჭენებს წამებს,
მრუმე ღამეში იფარფატებს დარდის ღამურა,
გამთენიისას ლექსს დავუწერ უძილო ღამეს.

ქემო ქავთარი