Wednesday, May 17, 2017

სასაფლაოზე


მთვარიან ღამეს, სასაფლაოზე
ურჩი ნიავი ეტრფოდა ღრუბელს
და ორი სოფლის გზაგასაყარზე
საფლავის ქვები ჯიუტად დუმდნენ.

მსუბუქ ნაბიჯებს მოსდევდა გზაზე
დაბლა გაშლილი ფოთლის შრაშუნი,
სატრფოს საფლავზე აწყობდა ვარდებს
თვალცრემლიანი, კოხტა ასული.

შავ მარმარილოს გადაჰფენოდა
ყმაწვილი კაცის სათნო ღიმილი,
ტანზე სამხედრო ფორმა შვენოდა,
თვალებს კი მზერა შევარდენივით.

თითქოს ამბობდა, ჩემი სიცოცხლე
მსხვერპლად შევწირე მე ჩემს სამშობლოს,
ისევ ვიბრძოლებ და თავს გავწირავ,
ღმერთმა ხელახლა რომ გამაცოცხლოს.

ისევ ტიროდა ლამაზი ქალი,
ჩუმი ჩურჩულით ცრემლებს ებრძოდა...
შენთვის ვიყავი დაბადებული,
გაცნობის დღიდან ასე მეგონა,

მაგრამ წახვედი, მტერთან ბრძოლაში
თავი გასწირე, გმირად იქეცი...
მე კი დავრჩი და სიკვდილსა ვნატრობ,
ჯვარდაუწერელ ქვრივად ვიქეცი.

მინდა, იმ ქვეყნად მოვიდე შენთან,
მაგრამ სიკვდილი ჯიბრზე არ მოდის...
ამდენმა გლოვამ სულმთლად გამთელა,
ასე ცხოვრება აღარ გამომდის.

დღეს ხელი მთხოვეს... იცი, ვუყვარვარ...
მეც მომწონს, ოღონდ შენსავით არა...
დავთანხმდე?.. მაშინ, იქაც დაგკარგავ...
როგორ მოვიქცე? მირჩიე, რა ვქნა!..

მთვარეს ღრუბელი ჩამოეფარა,
ხმელმა ფოთლებმა შრიალს უმატეს.
მებრძოლის სახე ჩრდილმა დაფარა,
ქარი ამბობდა ახლა მის სათქმელს...

ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარდი,
მე ჩემი გული მოგეცი ბინად...
ახლაც მიყვარხარ, თუმცა სხვაგვარად,
როგორც ქათქათა ღრუბელი ნიავს.

წადი, ძვირფასო!.. წადი, დათანხმდი!..
ქვეყნის წინაშე შენცა გაქვს ვალი.
გაბედნიერდი და უფლის ნებით,
გამოუზარდე ერს მომავალი!..

წადი, ძვირფასო!.. აქ ნუღარ მოხვალ!
აქ საუკუნოდ მეფობს წარსული...
ცრემლი შეიშრე, გეყოფა გლოვა!
ქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული.

აქ, ორი სოფლის გზაგასაყარზე,
სამარეები ჯიუტად დუმდნენ,
მთვარე ვარსკვლავებს მწყემსავდა ცაზე,
ურჩი ნიავი ეტრფოდა ღრუბელს...

მებრძოლი ბიჭის ქორული მზერა
საფლავის ქვას კვლავ შემორჩენოდა,
აცრემლებული კოხტა ასული
მკვდარ შეყვარებულს სთხოვდა შენდობას.


ქემო ქავთარი
-------------------

Sunday, May 14, 2017

ერთი წუთით...



„ ერთი წუთით, ქალიშვილო,
მჩქეფარე გაზაფხულო!..
დიახ, დიახ... თქვენ მოგმართავთ,
მშვენიერო ასულო!..

თუ მიკადრებთ, იქნებ ცოტა
ყურადღება დამითმოთ?..
წინააღმდეგი ხომ არ ხართ,
ერთმანეთი გავიცნოთ?..

აქვე ახლოს კაფეა და...
გნებავთ, ყავა დავლიოთ?
გეჩქარებათ?.. მაშინ იქნებ
სახლამდე მიგაცილოთ?..

არა, როგორ გეკადრებათ,
მე სულაც არ ვწუხდები...
ერთი წუთით დამელოდეთ,
ახლავე დავბრუნდები!..

ეს ვარდები თქვენ მოგართვით,
მოგწონთ?.. ხომ ლამაზია?
მინდა გითხრათ, რომ ჩემს გულში
ტრფობის ცეცხლი ანთია...“

ასე მინდა, რომ ყოველდღე
სიყვარული აგიხსნა,
შეგხვდე, თავიდან გაგიცნო,
მერე გულში ჩაგიკრა,

ერთად ყოფნის ყოველი დღე
სიხარულით აგივსო...
დღეს თუ უკვე შემიყვარე,
ხვალ თავიდან დავიწყოთ!..

დამიჯერე, უფლის ნებით,
ყველა ნატვრა ახდება...
წლები გადის და სიყვარულს
წვეთიც კი არ აკლდება.


ქემო ქავთარი
--------------------

Friday, May 12, 2017

მე ქართველი ვარ


მე ქართველი ვარ, ამ ძარღვებში ქართული სისხლი
საუკუნეთა წიაღიდან მოედინება.
მრავალჭირვარამგამოვლილი, უხვად დაღვრილი,
ისევ ატარებს ჩემი ერის ნაკლს და ღირსებას.

მე ქართველი ვარ და ეს სისხლი ყოველდღე მტკივა,
რადგან ღამეა ქვეყანაში, რით ვერ გათენდა?..
ისევ კორტნიან ყვავ-ყორნები მშობლიურ მიწას.
რით ვერ ეღირსა დაჭრილ არწივს ცაში აფრენა?..

ისევ ღამეა, ისევ გვძინავს, ძილში ვიხრჩობით...
ეს რა ჭირი გვჭირს? ვინ დაგვწყევლა? რა გვემართება?
ცრუ დაპირებებს ბრმად ვიჯერებთ, ისევ ვენდობით
და ვერ ვისწავლეთ  ცუდისაგან კარგის გარჩევა.

ქვეყნის სიყვარულს ვინ გვასწავლის?!. გულზე მჯიღს ვიცემთ,
როცა შევთვრებით, გვახსენდება ერისშვილობა,
ლექსებს მივუძღვნით საქართველოს შეწირულ გმირებს
და ჩვენც ყანწების გამოცლაში ვიჩენთ გმირობას.

ერის ერთობა და სიმტკიცე თავს მაშინ იჩენს,
ნიაღვარი რომ მოვარდება და  მთლად წაგვლეკავს,
მანამდე ქვეყნის ინტერესებს ფარად მოვირგებთ
და დიდი ფულის საშოვნელად ტყეებს გავჩეხავთ.

დილეტანტიზმი გაიფურჩქნა, ყველა ბრძენკაცობს,
ვისაც კი ანდეს ხელმძღვანელი თანამდებობა.
მის სიბრძნესა და შემართებას თუ ვინმე არ სცნობს,
ჩამოიშორებს და მიუსჯის უმუშევრობას.

ვამბობთ, ქვეყანას ვაშენებთო, არადა ვანგრევთ...
თითოკაცობის მძიმე სენი რატომ დაგვჩემდა?
პურს მენახირეს ვაცხობინებთ, მეპურეს ვაგდებთ...
რად გვსიამოვნებს ერთმანეთის ფეხქვეშ გათელვა?

მგელი ცხვრის ტყავში გახვეულა, სამართალს არჩევს...
გადედლებული მამაკაცი  მორალს გვიკითხავს...
ქუჩაში მღვდელი ტაბურეტკით აქციას არბევს...
მერე კი გვიკვირს, ამ ქვეყნიდან რატომ მიდიან?!.

მე სისხლი მტკივა, რადგან ვხედავ მძლავრობს მამონა,
ყალბი სიკეთის  შირმის უკან დგას ანგარება,
რადგან სამართალს ასამარებს უსამართლობა,
რადგან ქვეყანა უფსკრულისკენ მიემართება!..


ქემო ქავთარი
----------------------