Saturday, August 27, 2016

ჩემი ცხოვრება


ჩემი ცხოვრება დაბინდული ფერია მხოლოდ
და არეული ოცნებების მწარე სურვილი...
მთელი ცხოვრება მე უიღბლო ცხოვრებით ვცხოვრობ,
ჩრდილჩაწოლილად ღრღნის გონებას უნდო დუმილი.
დაიმსხვრა ყველა საწადელი… შვება სად ვპოვო?
ვერ დავემალე უგულობას, უდარდელობას…
და ისე, როგორც დონ კიხოტი, უაზროდ ვომობ,
ვებრძვი ბოროტის აღზევებას, უღირსთ ზეობას.
ჩემი ცხოვრება ტკივილია რთული წარსულის,
აწმყო – მზადება უფრო რთული მომავლისათვის.
ჩემი ლექსები ძახილია გადაკარგულის,
წყვდიადში ნათელს, რომ დაეძებს მოყვასისათვის...
მზე გაილია თითქოს ჩემთვის, აღარ არსებობს,
ცივი სიბნელე ტანზე მიჭერს თავის მარწუხებს.
გულში თუ ჩაქრა სითბო, მაშინ აღარ ვარსებობ,
მაშინ სიცოცხლე ჩემი, თვითონ მე შემაწუხებს...
და სანამ გულში ისევ ღვივის მცირე ნათელი,
სანამ იმედი მთლად ბოლომდე არ ჩამქრობია,
მინდა ავანთო სალოცავად წმინდა სანთელი…
ღმერთო, როდემდე ავიტანო ეს აგონია?!.

-----------------------------
ქემო ქავთარი

No comments:

Post a Comment