Monday, December 30, 2019
„1984“
შიშის მომგვრელი მომავალი,
ვით უსულოდ შთენილი ხორცი...
დრო გააჩერა ორუელმა
„ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხში“.
იყო დიდი ძმის ულვაშები,
ღმერთს ებრძოდნენ იმ სამყაროში,
სადაც სიცრუე სიმართლეა
და მშვიდობის აზრი დევს ომში.
იყო დასმენა პარტიისთვის
და შვილები მშობლებს სწირავდნენ...
წარსულის შეცვლა-გადაწერა
არ უჭირდათ წითელ ტირანებს.
იყო და არის კვლავ ორაზრი,
სიძულვილიც ისევ მძვინვარებს,
ხვალ ფიქრის კონტროლს დაიწყებენ,
დაიჭერენ აზრკრიმინალებს.
თუ დავიჯერებთ, ორჯერ ორი
ხან ხუთია და ხანაც სამი,
მზეზეც გავგზავნით კოსმონავტებს,
ჩავლენ კიდეც, ოღონდაც ღამით...
ღმერთმა ნუ ქნას და თუკი დადგა
საღი აზრის ჩაქრობის ჟამი,
ქვეყანა მაშინ „გაბრწყინდება“
უმეცრების დიადი ძალით.
-------------------
ქემო ქავთარი
Labels:
ათსაქეთ,
მიძღვნა,
პოეზია,
ცხრიანი რითმა
Location:
Tbilisi, Georgia
Thursday, December 12, 2019
გურამ დოჩანაშვილს
შენ გამოგონილ სამყაროში დახატე ღმერთი,
კეთილ-ბოროტის ბრძოლას წერდა მზე შუქჩრდილებით,
მიწას შეზელილ რეალობას სუნთქვად შეასხი
თავისუფლების მოპოვების მცირე იმედი.
ალეგორიის დიდოსტატო, პოეტურ პროზით
გაბრუებული მიიყოლე გვერდით მკითხველი,
ასე გაგვანდე საბოლოოდ ღვთითბოძებული
სიტყვა, რომელიც სამოსელი არის პირველი.
-------------------
ქემო ქავთარი
Friday, November 22, 2019
ჯუთა
წამამყევ, ლუხუმო!
ხევს უნდა გადვიდეთ,
ციხიონს ავხედოთ ჯუთას...
ეჰ, ციხე კიარა,
ჯუთელ მენაპირეს
კოშკიც კი აღარსად უდგას...
თეთრონი შაკაზმე!
ჭაუხზე ანთებულ
ალიონს ავუსწროთ,მსურსა,
საქმე საქმედა ვქნათ,
ძმობილსაც განახვებ,
აამებ ზეზვაის გულსა...
იღიმის ლუხუმი,
ფიქრით ატრიალებს
თეთრი ჰაილუქსის „რულსა“:
ნუთუ ისევ წარსულს
მისტირი, ქავთარო,
გარდასულ დროის თუ გშურსა?!
დღეს ვინღა იგონებს
კოშკზე ანთებული
ცეცხლის კვამლსა და შუქსა?!.
დრო გამოიცვალა,
ახლა ტელეფონს და
რადიოს უგდებენ ყურსა...
გამოღმა გავჩერდით,
ხევსურთა სოფელი
გაღმა შეფენილა ფერდზე.
ქვის ლოდზე ჯვარი დგას,
და ნაკურთხ ჯუთისწყალს
პეშვით ჩამოვიღვრი მკერდზე...
გავცქერი კლდის ქიმებს,
ჰკოცნიან მზის სხივებს,
ნათელი ჩამოსდევს ქედებს.
ხევში გადმოხვეწილ
ხევსურთა ბალღები
ადათით უზრდია დედებს...
ჰოდა, ამ ადათით,
სტუმარს გაუშვებენ
სუფრის გაუშლელად განა?..
ვიღაცამ იქნება
იკადროს კიდევაც,
მაგრამ ზეზვაი კი არა...
მით უფრო, უხარის
ბარელი ხევსურის,
ძმობილი ლუხუმის ნახვა,
სახლისკენ მიგვიძღვის,
ხინკალ ჩაყარაო
ჭინჭარაულის ქალმა.
თამადობს ზეზვაი,
ლექსად აჟღრიალებს
ხევსურულ კილოკავსა,
ერთ კოშკ მეც მინდაო
ჩემთვის ავიშენო,
დაუჟინებია მთვრალსა...
რა დროს კოშკიაო,
ბუზღუნებს ლუხუმი,
კარისკენ აპარებს თვალსა...
მძღოლია, ვერა სვამს,
წასვლას ეშურება,
დროზე გავუდგეთო გზასა...
სამჯერ გავიდა და
ყოველ შემოსვლაზე
ზეზვა ფეხზე მდგარი დახვდა,
მოხვე მშვიდობითა?..
კითხვად მიაგება
ადათი წინაპართა.
დაჯე, რას დგებიო,
მოვედ, სად წავალო,
სხვა წესი ჰქონია ბარსა...
ეწყინა მასპინძელს,
სახეზე შევატყვე,
მაგრამ არაფერი არ თქვა.
ხევსურული წესით
ფეხზე უდგებიან
შემოსულ პატარა ბალღსაც...
მერე მე გავედი
და როცა დავბრუნდი,
ისევ იგივე ქნა ზეზვამ,
მე შევეხმიანე,
დამხვდი მშვიდობით თქო,
მშვიდობა მოგცეს თქო ღმერთმა.
სახე გაუბრწყინდა,
მთიულო ქავთარო,
მთაში გაზრდილი ხარ შენცა,
ამ ბარელს რა ვუყოთ,
წესი დაუკარგავს
შორს გაჰქცევიაო მთებსა...
ისევ გარბიანო,
ჯუთასაც სტოვებენ,
უჭირს აქ გაძლება ბევრსა...
მე კი არ წავალო,
აქა ვჭირდებიო
სოფელს და ქვეყანას ჩემსას...
საყველაწმინდოს ვსვამთ,
სახლიდან გასვლამდე
ვხვდებით საკართანოს წესსაც.
კარებში ჩამდგარა
დოქით მასპინძელი,
ფიალას გვაძალებს ერთსაც...
ჭაუხებს კოშკებზე
კოცონი ჩაუქრათ,
ბინდმა მოიტანა სევდა,
არხოტის ყელს იქით
თვითონ არხოტია
შვილებგაფანტული დედა...
ღმერთო, დააბრუნე
არხვატსა შვილები!
ქართველნი ამრავლე ქვეყნად!
საქართველოსათვის
რწმენით დაზრდილები,
ხსნად მოევლინონ და შველად!
მას შემდეგ იდინა
დრომ წუთ-საათებად,
დღეებად, თვეებად, წლებად...
აღარ მყავს თეთრონი
და აღარც საქმე მაქვს,
ხევს გამოვეკიდო მდევრად.
სხვა ცხენი შავკაზმე,
ფიქრები გავრითმე,
გული არ მივეცი სევდას...
წამოდი, ლუხუმო,
ჯუთაში წავიდეთ,
კოშკი აუგია ზეზვას!
----------------
ქემო ქავთარი
Sunday, November 3, 2019
მეგობრული სამდურავი
ხომ არ მემდურებით მეგობრებო?
ხომ არ აიყარეთ ჩემზე გული?
მე მოსვლა გთხოვეთ და არ მოხვედით,
ჩემთან არ გატეხეთ ლუკმა პური.
მიზეზებს რა დალევს ქვეყანაზე?
არც თავის მართლება არის ძნელი...
ერთმა ვმუშაობო, მეორემ შორსა ვარო,
მესამემ სულ არ თქვა არაფერი.
მეოთხემ ბიზნესს ვერ ვტოვებო,
მეხუთეს უსვია გუშინ ქვევრით,
მეექვსემ კი მითხრა, წამლებს ვსვამო,
ექიმს დავყავარო უკვე ხელით...
მიზეზ-მიზეზო... თავის მართლებას
სჯობდა, წამოსვლა მართლა გეცადათ...
მე თქვენთან მსურდა გული გამეხსნა,
მცირედი ლხინი გადამეხადა.
აფერისტობა ხომ არ ისწავლეთ?
იქნებ აღარ ხართ ის, ვინც იყავით?..
ნუთუ ცხოვრებამ ნირი გიცვალათ,
ჩამოგაფარათ ყალბი ნიღაბი?..
ან იქნებ მე არ ჩამთვალეთ ღირსად,
არა მკადრულობთ, რომ გიმასპინძლოთ?..
ქარმა წაიღო ის მეგობრობა
და დაბრუნებას ტყუილად ვცდილობ?!.
მონდომებაა ხალხნო მთავარი
და მონდომება მგონი არ გინდათ...
ხომ არ დაბერდით, ერთი ადგილის
გამოძრავება რომ აღარ გინდათ?..
რა გიყოთ, აბა თვითონ მითხარით,
რა ვიფიქრო და როგორ მოვიქცე?
ხვალ რომელიმემ, რომ დამპატიჟოთ,
გავატარო და მეც არ მოვიდე?!
*************
ქემო ქავთარი
*************
ქემო ქავთარი
Tuesday, September 17, 2019
სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი VII - სიკეთის ომი, თავი V - სისხლს გარიდება
789. წასვლის დრო იყო, ამხედრდნენ
ცხენებზე გადარჩენილნი...
სოფლის ბოლოდან მოჰქონდა
შიკრიკს ტიტესთვის წერილი:
790. „იჩქარეთ, ვეღარ ვაკავებთ,
მდევარი იწევს მგელივით,
სისხლისღვრას მაინც ვერ ავცდით,
მოგვაწყდნენ უღვთო მტერივით.
791. გამოგქცევიათ ჩაუში,
ხოხვით უვლია გველივით,
ენაც ასპიტის ჰქონია,
გიხსენიებდა მკვლელივით.
792. ხმა გაგივრცელა, ჭიჭიას
ტიტემ წაართვა ცოლიო,
სახლში მიეჭრა საწყალ ქალს
მოუკლა გულის სწორიო.
793. ხალხი განრისხდა, აისხა
იარაღი და თორნიო,
ყვიროდნენ გადავიხადოთ
სინდის-ნამუსის ომიო.
794. გზა შევუკარით, არ ვუშვებთ,
გავმაგრდით ხიდის ყურთანა,
მაგრამ დიდხანს ვერ გავუძლებთ,
გადით, მოგყვებით უკანა!“
795. გაგზავნა ტიტემ შიკრიკი,
უკან დახევა უბრძანა,
გაუძღვა თანამებრძოლებს,
სოფელს სხვა მხრიდან უგანა.
796. გაღმა გავიდნენ ჭენებით
უგუნურობით დევნილნი
ტიტეს მიჰყავდა ქალვარდი,
ჯოჯოხეთს გადარჩენილი.
797. წინ შემოესვა თეთრონზე,
სატრფო მკერდს შემოფენილი,
მის ბედისწერად შექმნილი,
სუფთა კამკამა ცრემლივით.
798. ტაძარში ზარს არისხებდნენ,
სოფელს უხმობდნენ ბერები,
ხალხს სიმართლე რომ აცნობონ,
იქმნენ დევნილთა მშველელნი.
799. „იქნება მაგათ უსმინონ,
მიხვდნენ, არა ვართ მკვლელები,
სიკეთისათვის მებრძოლებს
არ შეგვაწმინდონ ხელები.
800. ავსულთა შემმუსვრელნი ვართ,
ტყვედქმნილი ქალის მხსნელები,
ნახონ ჭინკების გვამები
და დაიმოკლონ ენები.
801. იქ დაცემული გმირები
იგლოვონ გულის ცრემლებით,
უფალს მადლობა შესწირონ
რომ გამარჯვება შევძელით!
802. მე წავალ, გაგერიდებით
თუკი არ შეგეფერებით,
თუნდაც სალ კლდეზე ვიცხოვრებ,
დავტკბები სატრფოს ფერებით.
803. არა მინდა რა, თან მყავდეს
გულით და სულით ჩემფერი,
გვეყოფა ბედნიერებად,
თუკი ერთმანეთს შევრჩებით“
804. ამას ფიქრობდა ტიტე და
ფიქრს ჰყავდა თავის გამგონი.
ვარდოს კი ახსენდებოდა
ის დღე პირველი ამბორის.
805. იქ შეაბიჯეს ზღაპარში,
დაძრეს ბედ-იღბლის სასწორი,
რა დრო გასულა მას შემდეგ?!.
ხან ახლოს იყვნენ, ხან შორით...
806. დრონი მეფობენ, მიჰქრიან
ვით გადამფრენი წერონი,
დროში იცვლება ყოველი
სამყარო, მთა და მდელონი.
807. მხოლოდ სიყვარულს ვერა სცვლის
მისი ტკბილმწარე გემონი,
რადგანაც თვითონ ღმერთია,
ვერ დაამარცხებს დემონი.
808. დრო მიდიოდა და სეზონს
ენაცვლებოდა სეზონი,
დროის ბედაურს მისდევდა
ტიტეს ფეხკავშა თეთრონი.
****
809. დასრულდა ესე ამბავი
ჩემს მიერ ზღაპრად ნათქვამი,
ჭირიც და ლხინიც აქ იყო,
ქატოც, ფქვილიც და შაქარიც.
810. აქ იყო, იქნებ არც იყო,
ზღაპრული ტყუილ-მართალი,
ვგონებ მკითხველმა იპოვოს
ჭეშმარიტების მარცვალი.
811. კარგ მთქმელსა კარგი გამგონი
სჭირდება, როგორც ბაღს წყალი,
ამქვეყნიური დიდების
ძებნით არა ვარ მაშვრალი.
812. იქ რა იქნება, ვიხილავთ,
ყველას იქით გვაქვს გზა-კვალი,
შენდობით მომიგონოდეთ
ავტორი - ქემო ქავთარი!
(დასასრული)
(დასასრული)
*************
ქემო ქავთარი
Monday, September 16, 2019
სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი VII - სიკეთის ომი, თავი IV - ჭინკების შემუსვრა
755. გათენდა დილა, სისხლისფრად
აენთო ცაზე აისი,
მზე ამობრწყინდა ტატნობზე,
მიწას მოჰფინა ხალისი.
756. გადმოეფინა მდელოებს,
სხივი შეაბა ნამის ღილს,
შეთქმულთა ბანაკს შეავლო
ცხრა თვალის მზერა თავის მხრივ.
757. აბჯარს ისხამდნენ მებრძოლნი,
ცხენებს კაზმავდნენ თავისთვის,
ჭინკებთან ბრძოლის სამზადისს
იჭერდნენ შუაღამისთვის.
758. მერე მოვიდა ხუცესი,
დალოცა შეფიცულები,
აზიარა და სიმშვიდით
შეჯავშნა მათი სულები.
759. ამხედრდნენ და გზას გაუდგნენ
უფლის შეწევნის იმედით,
უჩუმრად რომ დაიკავონ
საწყისი პოზიციები.
760. გადანაწილდნენ ჯგუფებად
დავალებების მიხედვით,
ჩუმად იარეს ცალცალკე,
უსიტყვოდ, ხელის ნიშნებით.
761. ორ ჯგუფს მიზნად აქვს, კონტროლზე
ჰყავდეს მეზობლად მცხოვრებნი
და შეკრას ჭიჭიას სოფლის
თავ-ბოლო მისადგომები.
762. მესამე ჯგუფში ჩამდგარან
რაზმის მთავარი ძალები,
მათ უნდა განვლონ როგორმე
ის ალაყაფის კარები.
763. მეოთხე ჯგუფს კი თვით ტიტე
მიუძღვის, როგორც კლდის ვეფხვი,
სულ ოთხი კაცი მიჰყვება,
ძალგულოვანი მისებრი.
764. ხევ-ხევ შეუყვნენ ფერდობს და
იმალებოდნენ ნისლებში,
ბინდისას ზეგანზე იყვნენ,
იმ თავჩაჩქანა მთის წვერში.
765. იქ დახვდათ ორი მზვერავი,
სულ შვიდნი იყვნენ, ღვთის ნებით,
მსუბუქად აღჭურვილები,
ხმლით, მშვილდითა და ისრებით.
766. ზვერავდა ტიტე საჭინკეთს,
ვარდოს ხედავდა ფიქრებით,
იდგა მაშველის იმედად,
გარშემორტყმული ჭინკებით.
767. მალევ დაიწყეს მზადება,
დაბლა გაშალეს ნაბდები,
შინდის ხის გრძელი კომბლებით
გამართეს აფრონავები.
768. ფრენის ამ ტექნოლოგიას
იცნობდნენ პაპის პაპები,
ტიტეს მამისგან ესწავლა
ეს საიდუმლო მანევრი.
769. მთიდან მთას გადაფრინდიან
საჩქარო ამბის წამღებნი,
ამ გზით გაჰყავდათ ალყიდან
სამშვიდობოზე ბალღები.
770. დათქმულ დროს, მთვარის გვერდით რომ
კეკლუცობდა ასპიროზი,
მარიხმა კი სისხლიანი
ხმლით მონიშნა ჰორიზონტი,
771. მებაღის სულის ნათელი
გამოჩნდა საბრძოლო დროშით,
ნიშნად პირველი შეტევის
ავსულთა შემმუსვრელ ომში.
772. გადმოეშვა მთის წვერიდან
შვიდნაბადა აფრიონი,
ჭინკების ქორწილს ეწვია
ულოდნელი მაყრიონი.
773. გალავანს შიგნით დაეშვნენ,
თვალიც კი ვერ მოჰკრეს მგონი,
საფრთხეს ჯერ კიდევ ვერ გრძნობდნენ
კედლის გუშაგებად მდგომნი.
774. გაქრნენ ღამის სიბნელეში,
აჩრდილებად გადაიქცნენ,
გუშაგების შესაპყრობად
ნადირობა წამოიწყეს.
775. ჯერ ზურგიან კოშკს დაეცნენ,
მერე მიჰყვნენ კედლის მზირებს,
ძილმორეული მცველები
მთქნარებით აღებდნენ პირებს.
776. გაკოჭეს შეპყრობილები,
არ დაღვრილა წვეთი სისხლი,
პირები ამოუქოლეს,
ხმა არ მიეწვდინათ სხვისთვის.
777. გალავნის კარი გააღეს
ძირითადი ძალებისთვის,
გრიგალივით შემოიჭრა
მხედრიონი ეზოს შიგნით.
778. მოვარდა ტიტეს ტაიჭი,
პატრონს მისცა ზურგი თვისი,
გაუძღვა სიკეთის მხედრებს
ბოროტების დათრგუნვისთვის.
779. გონზე მოსვლა არ აცალეს,
განაიარაღეს მცველნი,
თეთრონმა დარბაზის კარი
შელეწა ფლოქვების ცემით.
780. ტიტეს ხელში გაცისკროვნდა
უფლის ნებით ჯვარნათელი
და ჯოჯოხეთურ ჯურღმულში
ატყდა დიდი ღრიანცელი.
781. დემონურ სახეს იღებდნენ
ბილწი ჭინკა-მაქციები,
ბოროტების მესვეურნი,
სიკეთისგან დაცლილები.
782. ამ ეშმაკეულ თხებს შორის,
მაქცია ჭიჭიას გვერდით
იდგა ვარდო მშვენიერი,
როგორც ანგელოზი თეთრი.
783. გაუტეხელ საპატარძლოს
წაეტანა გულღრძო მხეცი,
დასაგლეჯად გაიმეტა
დუჟმორეული კბილ-ეშვით.
784. მიუსწრო ტიტემ და ურჩხულს
ფარი მიახალა რქებში,
ვარდოს ზედ გადაეფარა,
ჯვარმფარველი მისცა ხელში.
785. აამღერა ხალიბური,
ცეცხლი ჩაუდგა მკლავებში,
დაჰკრა, მკერდი შეუნგრია
დაადინა სისხლის თქეში.
786. შეიქმნა ომი ფიცხელი,
კეთილი ბოროტს სწვდა ყელში,
გასაქცევი გზა არ მისცა
ჰბუგავდა ბრძოლის ქარ-ცეცხლში.
787. იბრძოდნენ თავგანწირულად
ერთნი ხმლით, სხვანი ბრჭყალებით,
ერთურთს ჰკაფავდნენ, სანამდე
შემორჩენოდათ ძალები.
788. ბრწყინავდა ჯვარი და ჭინკებს
მთლად ეთხრებოდათ თვალები,
ბოლოს უკლებლივ დაგორდა
მათი რქიანი თავები.
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
Sunday, September 15, 2019
სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი VII - სიკეთის ომი, თავი III - ჯვართან განშორება
736. მოვიდა ჟამი, როს ვარდომ
დრო შეურჩია ჭიჭიას
და როგორც იქნა დათანხმდა
შეერთებოდა გილდიას.
737. გატყდაო ბოლოსდაბოლოს,
ხარობდა ვაჭრის შვილია,
სწყუროდა ჯიუტი ცოლის
დამორჩილების ჟინია.
738. წავიდა გახარებული,
მშობლებს დაუფრთხო ძილია,
ითხოვდა წესით და რიგით
მიეღო თავის წილია.
739. ვაჭარმა ბრძანა მზადება
სარიტუალო ლხინისა,
ეჩქარებოდა მოწმენდა
სირცხვილნაჭამი პირისა.
740. დედა ჭინკა კი საკმაოდ
დაეჭვდა რძლის სურვილითა,
რად გადაწყვიტა დათმოსო
ეს შეუვალი თილისმა.
741. იქნება მახეს გვიგებსო,
სწონიდა ფიქრს სიფრთხილითა,
ვაითუ თვალნი დაგვთხაროს
ავისმმუსვრელი სხივითა.
742. მოიხმო რძალი, მიზეზნი
გულდაგულ გამოიკითხა,
რატომღა მოისურვეო
ეშმასთვის სულის მიყიდვა.
743. ვარდომ მიუგო: „მივხვდიო,
არა მაქვს გზა თქვენს იქითა,
დამთრგუნეთ, უხვად ამავსეთ
განსაცდელით და ჭირითა.
744. ქალი ვარ, ვჭკნები ვით ვარდი,
სულმთლად დამზრალი ყინვითა,
მინდა მეღირსოს დედობა
და სიყვარული შვილისა.“
745. დაფიქრდა, სიმართლეს ჰგავდა
უტეხი რძალის ნათქვამი,
დედობა არის ქალისთვის
ბედნიერების საგზალი.
746. „რაკი ასეა, მოგიწევს
ცეცხლში ჩაგდება მაგ ჯვარის,
თუ ჩვენნაირი გახდები,
რაში გჭირდება აბჯარი?“
747. მიუხვდა ვარდო, რა ფიქრებს
შეეპყრო ჭინკა ავქალი,
შიში მოთოკა სიმშვიდემ
და უთხრა სიტყვა ამგვარი:
748. „ცეცხლი ვერ დასწვავს, მაგ ჯვარში
არის ღვთის მადლი ჩამდგარი,
ხომ გახსოვს, გადამარჩინა,
როცა დამიწვით სახლ-კარი.
749. მხოლოდ დედაჩემს გადავცემ,
რომ გახდეს მისი დამცავი
და ვეღარასდროს გაბედოთ
მის სიახლოვეს ხავხავი.
750. ეს არის ჩემი პირობა,
ღიად გითხარი მართალი,
სხვაფრივ არ განვეშორები,
ისევ ის იყოს, რაც არის!“
751. კარგიო, ბოლოს დათანხმდა,
ლედი დემონა - ავქალი,
პირობა რომ არ გასტეხო,
მომიწევს შენი თვალთვალი.
752. რიტუალამდე რომ უკან
არ დაიბრუნო რაღაც გზით,
გაგჩხრეკთო სანამ შეგმოსავთ
კაბით ჭინკების პატარძლის.
753. სხვა გზა არ ჰქონდა და დედას
მოუხმო ვარდომ წინა დღეს,
ჯვარს განეშორა, უმწეოდ
დარჩა ჭინკების წინაშე.
754. წავიდა დედა და ჯვარი
ტიტეს გადასცა იმავ დღეს,
ის შეიტანდა დარბაზში
ჭინკების მმუსვრელ სხივნათელს.
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
Thursday, September 12, 2019
სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი VII - სიკეთის ომი, თავი II - შეფიცულები
714. გამოხდა ხანი მცირედი,
ან იქნებ ბევრიც ზოგისთვის,
დრო უცებ გადის საქმეში
და მიზოზინებს ლოდინში.
715. ტიტე შეუდგა სამზადისს
საბედისწერო ბრძოლისთვის,
მოსწრება უნდა ყველაფერს,
დრო გარბის, შენ არ მოგიცდის.
716. მოიხმო ბიძაშვილები,
უთხრა ჭინკების ამბავი,
რისხვა ჩაუდგათ თვალებში,
ააჟღარუნეს ფარ-ხმალი.
717. გეგმა გააცნო, იმსჯელეს,
ერთად განსაჯეს საქნარი,
მერე დაიწყეს შეკრება
ერთგულ მებრძოლთა ლაშქარის.
718. შეგროვდა რაზმი საწვრთნელად,
ტყეში გამართეს ბანაკი,
შეფიცულებმა იხმიეს
ფიცვერცხლჩათლილი არაყი.
719. ხამს საიდუმლოს შენახვა
თუნდაც სამარის კარამდის,
დედამც შაერთოს ცოლადა,
ვინც გულს გაივლოს ღალატი.
720. წურთნიდა ტიტე შეთქმულებს
აჩვევდა ხმალთა კვეთებას,
ცეცხლად ღვიოდა თვალებში
საბრძოლო სულისკვეთება.
721. არ იქნებოდა იოლი
ჭიჭიას სახლში შეღწევა,
უჩუმრად მისვლა, ჭინკებზე
მოულოდნელი შეტევა.
722. სახლს მიუჩინა მზვერავნი
თვალყურის მისადევნებლად,
აკვირდებოდნენ მცველების
განლაგებას და ქმედებას.
723. სახლს ვამბობ, მაგრამ რა სახლი?!.
ციხე-სიმაგრეს ედრება,
ზურგიან კოშკზე მიბმული
გალავანი გარს ევლება.
724. ბლომად უდგანან გუშაგნი
ვაჭარს სიმშვიდის მცველებად,
ალაყაფს მიღმა უჩუმრად
ვგონებ ხვლიკიც ვერ შეძვრება.
725. მაგრამ გამოცდილ ციხისთავს
მშვენივრად მოეხსენება,
რომ ყველა ციხე-სიმაგრეს
სისუსტე მოეძებნება.
726. მხოლოდ პოვნაა საჭირო
და სწორად გამოყენება,
ზუსტად დასახვა მიზნისა,
დროულად ამოქმედება.
727. გალავანს აღმოსავლეთით
გასდევდა ღრანტე კლდიანი,
ფრიალო კბოდეს შეზრდოდა
კედელი ოთხადლიანი.
728. ვერ შეჰბედავდა ზედ ასვლას
ვერც მეკლდეური ფხიანი,
ვიწრო კალაპოტს ებრძოდა
ღრმა ხევში წყალი ღრიალით.
729. არ ედგნენ მცველნი ამ კედელს,
არც მზირი თვალყურიანი,
თვითონ ბუნებას შეექმნა
აქ ზღუდე იმედიანი.
730. მაგრამ ხანდახან იქ ჩნდება
სისუსტე ოხერ-ტიალი,
სადაც ყველაზე ძლიერი
გგონია თავი ჭკვიანი.
731. გაღმა ნაპირიც კლდე იყო
პიტალო, უფრო მაღალი,
თავს ედგა ბრტყელი ზეგანი,
როგორც მეომრის ჩაჩქანი.
732. ზეგანზე ხშირი ტყე იყო
ტიტეს მზვერავთა საფარი,
ხელისგულივით მოჩანდა
ზემოდან ვაჭრის სახლ-კარი.
733. მთელი სამი თვე გაგრძელდა
დაკვირვება და თვალთვალი,
შეთქმულთა რაზმი მზად იყო,
მტრისთვის დაეცა თავზარი.
734. სამ თვეში სამთა თათბირი
სამჯერ ჩატარდა ბაღნარში,
ახალიც ბევრი ითქვა და
ძველიც რჩებოდა ძალაში.
735. შეთანხმდნენ ყველა დეტალზე,
სრულად დარწმუნდნენ ამაში,
დაიწყო სიკვდილ-სიცოცხლის
საბედისწერო თამაში.
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
Wednesday, September 11, 2019
სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი VII - სიკეთის ომი, თავი I - სამთა თათბირი
673. დრომ იდინა, გადათვალა
წუთები და საათები,
მთვარე მორჩა აღმა გორვას
და დაეშვა დასავლეთით.
674. ბაღში ჩუმად ჩურჩულებდნენ
ჭორიკანა ყვავილები,
გაოცებას ვერ მალავდნენ
ემოციით დაღლილები.
675. საფლავის ქვასთან შენიშნეს
სული ამ ბაღის შემქმნელი,
თმა-წვერსა და სამოსელზე
დაფენილი თეთრი ფერით.
676. აშრიალდნენ სიხარულით,
ხვდებოდნენ ტოტების ქნევით,
მებაღის სული ტკბებოდა
ტურფა ყვავილნარის მზერით.
677. წამოვიდა, ცაცხვის ძირში
ქალ-ვაჟს ჩამოართვა ხელი,
ჩამოჯდა და საუბარი
წამოიწყო ტკბილი ენით:
678. „ვხედავ, ერთად ყოფნით ხარობს
გრძნობით სავსე ორი გული,
ჩემი უგუნური ქცევით
უსამართლოდ დაჩაგრული.
679. მადლობა ღმერთს, არ გასწირა
საარაკო სიყვარული,
ერთ არსებად შეგკრათ ისევ,
დიდი ხნით დაშორებულნი.
680. რადგან ახლა უკვე იცით,
რისთვის ხართ მოწოდებულნი,
მიხვდებით, რომ ჯერ შორს არის
ბედნიერი დასასრული.
681. ერთად უნდა მოვიფიქროთ
და დავსახოთ გეგმა სრული,
ჭინკა-მაქციების მოდგმას
დავუყენოთ აღსასრული.“
682. ტიტემ უთხრა: „მე მზადა ვარ,
ჩემი თავი არ დავზოგო,
თუნდაც ქვესკნელამდე ვდიო,
სათითაოდ ამოვხოცო.
683. მაგრამ ვშიშობ, არ მომცემენ
სანადიროდ ამდენ დროსო,
ერთბაშად შემომიტევენ,
ვერ გავწვდები მთლიან ბრბოსო.
684. მცირე რაზმი დამჭირდება,
შევკრიბავ და თვითონ გავწვრთნი,
ეჭვის გასაფანტად ვიტყვით,
მივდივართო მეფის ჯარში.
685. საიმედო ხალხი გვინდა,
ფეხი არ ჩადგან ღალატში,
ვარდომ უნდა მოგვცეს სია,
ვინ ტრიალებს მათ ხროვაში.
686. მოიწონეს ტიტეს აზრი,
მერე ვარდომ თქვა სათქმელი:
„კაცთა შორისაც ბევრია
ჭინკების თანამზრახველი.
687. ეს მოსყიდული მონები,
ანგარებით მთლად სავსენი,
ფულის გულისთვის ათასგვარ
სისაძაგლეზე წამსვლელნი.
688. არ იციან ვის ჰმონებენ,
თავზე ჯერ არ ადგათ რქები,
არც არასდროს უნახიათ
სახე ჭინკა-მაქციების.
689. მაგრამ ბინძურ საქმეებში
არიან ხელგასვრილები,
არ იქნება მათი ნდობა,
მტერს ჰქონდეს მათი იმედი.“
690. მშვიდად უსმინა მოხუცმა,
მერე სითბო დადნა ხმაში
და თქვა: „ნუ ვენდობით, მაგრამ
ნურც ამოვიღებთ მიზანში.
691. მაგათაც უნდა მიეცეთ
სულის გადარჩენის შანსი,
სიკეთით უნდა დავლეწოთ
ბოროტების ყველა ჩარხი.
692. ჯერ ვაჩვენოთ ავსულების
საზარელი სახე ცხადში,
მერე იქნებ ჩვენს მხარეზეც
დადგნენ გადამწყვეტ ბრძოლაში.
693. არ ივარგებს, თუკი ჭინკებს
ამოვხოცავთ კაცის ტყავში,
ვეღარაფრით დავამტკიცებთ
ჩვენს სიმართლეს ხალხის თვალში.
694. ამიტომაც ბრძოლა გველის
ურჩხულებთან ძალზე მკაცრი,
თავს დავესხათ, როცა ყველა
იქნება დემონის სახით.“
695. ტიტემ კი თქვა: „მაშ მოგვიწევს,
დაველოდოთ სავსე მთვარეს
და როგორმე გავარკვიოთ,
სად იქნებიან მაგ ღამეს.“
696. ვარდომ მიუგო: „ძნელია
წინასწარ მიუხვდე რამეს,
კაცის თვალს ერიდებიან,
ხშირად არც გადიან გარეთ.
697. თავისებურად ღრეობენ,
ხარშავენ ათას სიმყრალეს,
მაგ დღეს მეც თავს მარიდებენ,
დედის ნახვის ნებას მრთავენ.
698. არაფერი გამოგვივა,
თუკი ხერხი არ ვიხმარეთ,
სადმე ყველას ერთიანად
თავი თუ არ მოვუყარეთ.
699. ვფიქრობ, დავთანხმდე ჭიჭიას,
დავპირდე, რომ ჯვარს განვაგდებ,
სიხარულით მიიღებენ
და რიტუალს დანიშნავენ.
700. ყველა მოვა ალბათ მაშინ,
ვინ გამოტოვებს იმ წამებს,
ჭინკების ურჩ პატარძალს რომ
საბოლოოდ გასტეხავენ.
701. თუ შევძელი და მალულად
ჯვარი შიგნით შევიტანე,
გაბრწყინდება სხივნათელი,
ჭინკებს დაუბრმავებს თვალებს.
702. ამ დროს მოხვალთ შეფიცულნი,
შემოანგრევთ მუხის კარებს,
მეც მიხსნით და მაქციების
მოდგმასაც დაასამარებთ.“
703. „კარგიაო, უთხრა ტიტემ,
უკეთეს გზას ვერ მოვნახავთ,
მაგრამ დიდ რისკსაც შეიცავს
მარტო დარჩენა ხროვასთან.
704. უჩუმრად უნდა გამოვცდეთ,
სახლის მცველად მდგომ მონათა
და ზუსტად დროზე მოვიდეთ,
რომ აზრი ჰქონდეს ბრძოლასა.
705. გამოსვლაც დროული გვმართებს,
უნდა დავუსხლტეთ მდევარსა,
თავდასხმას როგორც შეიტყობს
სოფელი მისცემს შველასა.
706. დრო არ გვექნება იმისთვის,
სიმართლე ვუხსნათ ყველასა,
ძმათა ომს უნდა გავექცეთ,
უაზრო სისხლის დენასა.“
707. „ასე სჯობსო, თქვა მოხუცმა,
გაერიდეთ, წადით მთაში,
მე ვიზრუნებ იმისთვის, რომ
სიმართლე გავრცელდეს ხალხში.
708. მონასტრის ბერ-მონაზვნები
ამომიდგებიან მხარში,
განგაშის ზარს დავარისხებთ,
ხალხს შევკრებთ ეკლესიაში.
709. უფლის ნებით აღიკვეთოს,
ეგებ ჭინკების პარპაში,
კეთილმა სძლიოს ბოროტსა,
როგორცა თქმულა ზღაპარში.“
710. სათქმელი ითქვა ბოლომდე,
დასრულდა სამთა თათბირი,
დათქვეს შემდეგი შეხვედრის
დრო-ჟამიცა და ადგილიც.
711. ჩამავალ მთვარის სხივებში
გაქრა მებაღის აჩრდილი,
მერე ქალ-ვაჟმაც დასძლია
ერთად დარჩენის წადილი.
712. განშორების გრძელ კოცნაში
ღელავდა გრძნობა განცდილი,
ორივე გულში მომავლის
იმედი იყო ჩაღვრილი.
713 მერე აჩქარდნენ წამები,
წუთებმა ზომეს მანძილი,
დრომ მოიხურა თავისი
უჩინმაჩინის მანდილი.
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
Tuesday, September 10, 2019
სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი VI - ვარდოს ნაამბობი, თავი IV - ტყვედქმნილი რძალი
629. ვაჟი კი ისევ ნაამბობს
მისდევდა ჩაფიქრებული,
რატომღა დარჩი მათთანო,
ჰკითხავდა გაკვირვებული.
630. ვარდომ მიუგო: „ჭინკები,
სულგაყიდული მხეცები
ძალზე უფრთხიან გამჟღავნდეს
მათი ცხოვრების წესები.
631. ვერ მომკლეს, მაგრამ მუქარით
კვლავ აილესეს ენები,
დედ-მამას დამიხოცავდნენ
პირსისხლიანი მკვლელები.
632. დავრჩი, რძლად გამომაცხადეს,
ტყვედქმნილი სინამდვილეში,
რომ ჰკითხო, ისე ვუყვარვარ,
არ გამარჩევენ შვილებში.
633. ჭიჭია გაცოფებული
იყო ამგვარი ცვლილებით,
ითხოვდა მასთან მეცხოვრა
ცოლქმრული წესის მიხედვით.
634. მეჩხუბებოდა, მლანძღავდა
ბილწი, უშვერი სიტყვებით,
შეხებას ვერ მიბედავდა,
თრგუნავდა ჯვარის სხივები.
635. თავი და ბოლო არ ჰქონდა
იმის ყიამყრალ ლაქლაქსა,
ერთხელ მამაც კი შეესწრო
დავიდარაბას ამგვარსა.
636. ვერ მოითმინა, იფეთქა,
ხელი დასტაცა მაჟარსა,
არ შეგარჩენო, სულძაღლო,
ჩემი ასულის ჩაგვრასა.
637. სცადეო, ისიც ყვიროდა,
გულმკერდს უშვერდა ტყვიასა,
ვნახოთო, ვისი აჯობებს,
ვინ მიიღებსო ზიანსა.
638. სიმთვრალე ამამაცებდა
გულბოროტ, ლაჩარ ავკაცსა,
სიკვდილის ლანდი აეკრა
ფეხზე შემართულ ჩახმახსა.
639. მე ჩავუდექი შუაში,
ცრემლით ვევედრე მამასა,
ნუ დამღუპავ თქო და ცოდვას
ნუ შემყრი ამისთანასა.
640. თოფი დაუშვა, წავიდა,
დაბრუნდა მთა-იალაღსა,
ერთი თვის თავზე დაეცნენ
ჭინკები იმის ფარასა.
641. ყელგამოჭრილნი უნახავთ
დაფატრულ ცხვრების გროვასთან,
საუკეთესო მწყემსები,
ნაჩვევნი შრომა-ბრძოლასა.
642. ვერ დაადგინეს სიმართლე,
დაბრალდა მგლების ხროვასა,
გადაივიწყა სოფელმა,
როგორც კი მორჩა გლოვასა.
643. არა სჯეროდა მამაშენს,
ნადირობის დიდ ოსტატსა,
კვალი აიღო, მისდია
და ალბათ რამე მონახა,
644. ისეთი, რითაც შეძლებდა
მეგობრის მკვლელთა პოვნასა,
მაგრამ დაასწრეს და ის კლდეც
ჭინკების ხელით მოზვავდა.
645. ეს ამბავი ერთი წლის წინ
ჭიჭიას ჩემთან წამოსცდა,
თრიაქისგან გაბანგული
ვერ ხვდებოდა, რას ამბობდა.
646. ვეღარაფრით ავიტანე
მამის მკვლელთა სახლში ყოფნა,
გამოვიქეც დედაჩემთან,
მსურდა სიმართლის მოყოლა.
647. დედა დარდით გატეხილი
დამხვდა, ძლიერ შემეცოდა,
ნუ დაანგრევ შენს ოჯახსო,
ყოველ საღამოს რომ მთხოვდა.
648. არ ცხრებოდა საჭინკეთი,
მაქციების გულღრძო მოდგმა,
თუკი არ დავბრუნდებოდი,
მპირდებოდნენ დედის მოკვლას.
649. შევუთვალე: „თუ გაბედავთ
ჩემს ეზოსთან ახლოს მოსვლას,
მაიძულებთ, რომ სიმართლით
სავსე გუდას პირი მოვხსნა.“
650. ერთ თვეს ითმინეს ჭინკებმა,
დააწყვეს გეგმა მზაკვარი,
შუაღამისას მოვიდნენ,
ცეცხლს მისცეს ჩვენი სახლ-კარი.
651. შევნიშნე ალი ავარდა
უცებ გაჩაღდა ხანძარი,
გარედან მესმა ჩლიქების
ბაკაბუკი და ხარხარი.
652. უფალს შევთხოვე შეწევნა,
გადავიწერე პირჯვარი,
დედას მოვხვიე მკლავები,
როცა გაბრწყინდა ხის ჯვარი.
653. ნისლივით შემოგვევხვია
ნათელი ძალა იმგვარი,
ცეცხლმა ვერ დაგვწვა, უვნებლად
გამოვიარეთ ჭიშკარი.
654. ამ მონასტერში მოვედით,
მას შემდეგ დედა აქ არის,
მონაზვნად შედგა და უფალს
მიუძღვნა თავისი თავი.
655. ყველაფერი რომ ვუამბე,
ჩაფიქრდა, როგორც მისანი,
ცრემლები წამოუვიდა,
მითხრა ვნახეო სიზმარი:
656. „სულსა ღაფავდა ჭიჭია,
გახსნილი გულისფიცარით,
ხელ-ფეხზე ეზიდებოდნენ
აჩრდილნი ქვესკნელისანი.
657. იქვე ჯვრით ხელში იდექი
შეშინებული, დამფრთხალი,
წინ ტიტე აგფარებოდა,
სისხლში მოსვრილი ფარ-ხმალით.
658. მაშინ სხვაგვარად ვინიშნე,
ახლა კი ვხვდები რაც არის...
შემთხვევით არ მიგიღია
ღვთისაგან ძალა ამგვარი.
659. რადგან წილად გხვდა, გეხილა
ჭინკების სახე საზარი,
უნდა ამხილო ეშმაკის
ერთგული თხების ჰამქარი.
660. თუ ტიტეს ხელით გათლილა
ჯვარი სხივნათელ მართალი,
ვფიქრობ, რომ მხოლოდ ის შესძლებს,
მოსპოს ჭინკების ლაშქარი.“
661. ამის შემდეგ, შენს საძებრად
წამოსვლა რომ გადავწყვიტე,
მებაღის სული მესტუმრა
სალბუნად მოედო ფიქრებს.
662. ასე მითხრა: „ნუ იჩქარებ,
ჩემო ვარდო, ამას გირჩევ,
მე ვიზრუნებ, დრო რომ მოვა
თვითონვე მოგძებნოს ტიტემ.
663. შენ უკან უნდა დაბრუნდე,
ასე სჭირდება ჩვენს მიზნებს,
თავს მორჩილად მოაჩვენებ,
უკეთ შეისწავლი ჭინკებს.“
664. დავუჯერე და მას შემდეგ
გელოდები, ჩემო ტიტე,
ახლა აქ ხარ, ჩემთან ერთად,
და გულს კვლავ იმედით მივსებ.“
665. ჯერ ტკივილით ჩასწვდა გულში,
ტიტეს ვარდოს ნაამბობი,
მერე გონებას დაატყდა
მრისხანების ქარაშოტი.
666. ცოტა ხანში ღელვა დაცხრა,
შემართება გაჩნდა ბრძოლის,
სატრფოს დასახსნელად თუნდაც
დემონებთან ჰქონდეს ომი.
667. კეთილ-ბოროტის ბრძოლაში
თუ გზა აირჩიე სწორი,
ეშმაც ვერაფერს დაგაკლებს,
თუ ხარ უფლის გვერდით მდგომი.
668. სიყვარულით ჩაიხუტა
გულში ტიტემ გულისსწორი,
აქ, ერთმანეთის იმედად
ადრეც იდგნენ ბაღში ორნი.
669. ფსკერზე ჩაჰყვა თაფლის მორევს,
სუთქვას აჰყვა ვნების შტორმი,
მონატრებულ ბაგე-ტუჩზე
ფიფქივით დადნა ამბორი.
670. ფრთხილად გაუხსნა საკინძე,
მკერდზე იმ ხის ჯვარს ემთხვია,
ქალი, როგორც ვაზი ჭიგოს,
ჩაეკრა და ჩაეხვია.
671. სადღაც გაქრა ყველა ზღვარი,
დარჩა კოცნა-ალერსია,
სულმაც შვება იგრძნო, სხეულს
ნეტარება რომ ეწვია...
672. მოეფარა მთვარე ღრუბელს,
ცისკრის ვარსკვლავს გაეღიმა,
დრო კი ისევ დროს მისდევდა
და ვერაფრით დაეწია.
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
მისდევდა ჩაფიქრებული,
რატომღა დარჩი მათთანო,
ჰკითხავდა გაკვირვებული.
630. ვარდომ მიუგო: „ჭინკები,
სულგაყიდული მხეცები
ძალზე უფრთხიან გამჟღავნდეს
მათი ცხოვრების წესები.
631. ვერ მომკლეს, მაგრამ მუქარით
კვლავ აილესეს ენები,
დედ-მამას დამიხოცავდნენ
პირსისხლიანი მკვლელები.
632. დავრჩი, რძლად გამომაცხადეს,
ტყვედქმნილი სინამდვილეში,
რომ ჰკითხო, ისე ვუყვარვარ,
არ გამარჩევენ შვილებში.
633. ჭიჭია გაცოფებული
იყო ამგვარი ცვლილებით,
ითხოვდა მასთან მეცხოვრა
ცოლქმრული წესის მიხედვით.
634. მეჩხუბებოდა, მლანძღავდა
ბილწი, უშვერი სიტყვებით,
შეხებას ვერ მიბედავდა,
თრგუნავდა ჯვარის სხივები.
635. თავი და ბოლო არ ჰქონდა
იმის ყიამყრალ ლაქლაქსა,
ერთხელ მამაც კი შეესწრო
დავიდარაბას ამგვარსა.
636. ვერ მოითმინა, იფეთქა,
ხელი დასტაცა მაჟარსა,
არ შეგარჩენო, სულძაღლო,
ჩემი ასულის ჩაგვრასა.
637. სცადეო, ისიც ყვიროდა,
გულმკერდს უშვერდა ტყვიასა,
ვნახოთო, ვისი აჯობებს,
ვინ მიიღებსო ზიანსა.
638. სიმთვრალე ამამაცებდა
გულბოროტ, ლაჩარ ავკაცსა,
სიკვდილის ლანდი აეკრა
ფეხზე შემართულ ჩახმახსა.
639. მე ჩავუდექი შუაში,
ცრემლით ვევედრე მამასა,
ნუ დამღუპავ თქო და ცოდვას
ნუ შემყრი ამისთანასა.
640. თოფი დაუშვა, წავიდა,
დაბრუნდა მთა-იალაღსა,
ერთი თვის თავზე დაეცნენ
ჭინკები იმის ფარასა.
641. ყელგამოჭრილნი უნახავთ
დაფატრულ ცხვრების გროვასთან,
საუკეთესო მწყემსები,
ნაჩვევნი შრომა-ბრძოლასა.
642. ვერ დაადგინეს სიმართლე,
დაბრალდა მგლების ხროვასა,
გადაივიწყა სოფელმა,
როგორც კი მორჩა გლოვასა.
643. არა სჯეროდა მამაშენს,
ნადირობის დიდ ოსტატსა,
კვალი აიღო, მისდია
და ალბათ რამე მონახა,
644. ისეთი, რითაც შეძლებდა
მეგობრის მკვლელთა პოვნასა,
მაგრამ დაასწრეს და ის კლდეც
ჭინკების ხელით მოზვავდა.
645. ეს ამბავი ერთი წლის წინ
ჭიჭიას ჩემთან წამოსცდა,
თრიაქისგან გაბანგული
ვერ ხვდებოდა, რას ამბობდა.
646. ვეღარაფრით ავიტანე
მამის მკვლელთა სახლში ყოფნა,
გამოვიქეც დედაჩემთან,
მსურდა სიმართლის მოყოლა.
647. დედა დარდით გატეხილი
დამხვდა, ძლიერ შემეცოდა,
ნუ დაანგრევ შენს ოჯახსო,
ყოველ საღამოს რომ მთხოვდა.
648. არ ცხრებოდა საჭინკეთი,
მაქციების გულღრძო მოდგმა,
თუკი არ დავბრუნდებოდი,
მპირდებოდნენ დედის მოკვლას.
649. შევუთვალე: „თუ გაბედავთ
ჩემს ეზოსთან ახლოს მოსვლას,
მაიძულებთ, რომ სიმართლით
სავსე გუდას პირი მოვხსნა.“
650. ერთ თვეს ითმინეს ჭინკებმა,
დააწყვეს გეგმა მზაკვარი,
შუაღამისას მოვიდნენ,
ცეცხლს მისცეს ჩვენი სახლ-კარი.
651. შევნიშნე ალი ავარდა
უცებ გაჩაღდა ხანძარი,
გარედან მესმა ჩლიქების
ბაკაბუკი და ხარხარი.
652. უფალს შევთხოვე შეწევნა,
გადავიწერე პირჯვარი,
დედას მოვხვიე მკლავები,
როცა გაბრწყინდა ხის ჯვარი.
653. ნისლივით შემოგვევხვია
ნათელი ძალა იმგვარი,
ცეცხლმა ვერ დაგვწვა, უვნებლად
გამოვიარეთ ჭიშკარი.
654. ამ მონასტერში მოვედით,
მას შემდეგ დედა აქ არის,
მონაზვნად შედგა და უფალს
მიუძღვნა თავისი თავი.
655. ყველაფერი რომ ვუამბე,
ჩაფიქრდა, როგორც მისანი,
ცრემლები წამოუვიდა,
მითხრა ვნახეო სიზმარი:
656. „სულსა ღაფავდა ჭიჭია,
გახსნილი გულისფიცარით,
ხელ-ფეხზე ეზიდებოდნენ
აჩრდილნი ქვესკნელისანი.
657. იქვე ჯვრით ხელში იდექი
შეშინებული, დამფრთხალი,
წინ ტიტე აგფარებოდა,
სისხლში მოსვრილი ფარ-ხმალით.
658. მაშინ სხვაგვარად ვინიშნე,
ახლა კი ვხვდები რაც არის...
შემთხვევით არ მიგიღია
ღვთისაგან ძალა ამგვარი.
659. რადგან წილად გხვდა, გეხილა
ჭინკების სახე საზარი,
უნდა ამხილო ეშმაკის
ერთგული თხების ჰამქარი.
660. თუ ტიტეს ხელით გათლილა
ჯვარი სხივნათელ მართალი,
ვფიქრობ, რომ მხოლოდ ის შესძლებს,
მოსპოს ჭინკების ლაშქარი.“
661. ამის შემდეგ, შენს საძებრად
წამოსვლა რომ გადავწყვიტე,
მებაღის სული მესტუმრა
სალბუნად მოედო ფიქრებს.
662. ასე მითხრა: „ნუ იჩქარებ,
ჩემო ვარდო, ამას გირჩევ,
მე ვიზრუნებ, დრო რომ მოვა
თვითონვე მოგძებნოს ტიტემ.
663. შენ უკან უნდა დაბრუნდე,
ასე სჭირდება ჩვენს მიზნებს,
თავს მორჩილად მოაჩვენებ,
უკეთ შეისწავლი ჭინკებს.“
664. დავუჯერე და მას შემდეგ
გელოდები, ჩემო ტიტე,
ახლა აქ ხარ, ჩემთან ერთად,
და გულს კვლავ იმედით მივსებ.“
665. ჯერ ტკივილით ჩასწვდა გულში,
ტიტეს ვარდოს ნაამბობი,
მერე გონებას დაატყდა
მრისხანების ქარაშოტი.
666. ცოტა ხანში ღელვა დაცხრა,
შემართება გაჩნდა ბრძოლის,
სატრფოს დასახსნელად თუნდაც
დემონებთან ჰქონდეს ომი.
667. კეთილ-ბოროტის ბრძოლაში
თუ გზა აირჩიე სწორი,
ეშმაც ვერაფერს დაგაკლებს,
თუ ხარ უფლის გვერდით მდგომი.
668. სიყვარულით ჩაიხუტა
გულში ტიტემ გულისსწორი,
აქ, ერთმანეთის იმედად
ადრეც იდგნენ ბაღში ორნი.
669. ფსკერზე ჩაჰყვა თაფლის მორევს,
სუთქვას აჰყვა ვნების შტორმი,
მონატრებულ ბაგე-ტუჩზე
ფიფქივით დადნა ამბორი.
670. ფრთხილად გაუხსნა საკინძე,
მკერდზე იმ ხის ჯვარს ემთხვია,
ქალი, როგორც ვაზი ჭიგოს,
ჩაეკრა და ჩაეხვია.
671. სადღაც გაქრა ყველა ზღვარი,
დარჩა კოცნა-ალერსია,
სულმაც შვება იგრძნო, სხეულს
ნეტარება რომ ეწვია...
672. მოეფარა მთვარე ღრუბელს,
ცისკრის ვარსკვლავს გაეღიმა,
დრო კი ისევ დროს მისდევდა
და ვერაფრით დაეწია.
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
Monday, September 9, 2019
სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი VI - ვარდოს ნაამბობი, თავი III - რიტუალი
601. კაცი ბჭობს, ღმერთი იცინის,
თურმე ტყუილად არ თქმულა,
და ჩემი ვარაუდები,
სამწუხაროდ, არ ასრულდა.
602. მაზლებმა წამომიყვანეს,
სახლის გარეთ არც გავსულვართ,
ერთ დიდ დარბაზში აღმოვჩნდი,
ვიგრძენი საქმე გართულდა.
603. რომ შევედით, ჩემს ზურგს უკან
ხმაურით დაკეტეს კარი,
ტაძრის ნაცვლად თავი მგონი
ჯოჯოხეთში ამოვყავი.
604. ცხელოდა, სუნთქვა მიჭირდა,
ლიცლიცებდა ცეცხლის ალი
და ყრუ კედლებზე ხრჩოლავდა
ათიოდე ჩირაღდანი.
605. ცენტრში ენთო შუაცეცხლი,
ზედადგარზე დიდი ქვაბით
ბლანტი სითხე თუხთუხებდა
ასდიოდა ოხშივარი.
606. ამ სიმყრალეს თან ერთვოდა
თრიაქის სუნი და კვამლი,
ხარბად რომ შეექცეოდა
ერთთავად ყველა სტუმარი.
607. ცეცხლის წინ ქვის იატაკზე
მოჩანდა ნაკვეთ-ნაღარი,
წრეში ჩახაზულ-ჩასმული
ხუთქიმიანი ვარსკვლავი.
608. მის ზემოთ თავხეს ეხატა
ზუსტად იგივე ნიშანი,
ზედ ჯაჭვით ჩამოეკიდათ
თავდაღმა შავი ციკანი.
609. რიტუალისთვის ზვარაკად
შეთქმული, სიკვდილმისჯილი,
შველას ამაოდ ითხოვდა
საწყალობელი კიკინით.
610. ჩემს გამოჩენას იქ მყოფნი
შეხვდნენ ტაშით და ყიჟინით,
იკრიჭებოდა ჭიჭია
იონჯანაჭამ ვირივით.
611. მიმიყვანეს და მის გვერდით
რომ მიმიჩინეს ადგილი,
მივხვდი თავს დამტრიალებდა
ეშმაკეულის აჩრდილი.
612. წრე შეკრეს ჩვენს გარეშემო,
როკავდნენ ხელებგაწვდილნი,
გაურკვეველი სიტყვების
მონოტონური ძახილით.
613. ხელხანჯნლიანი ვაჭარი
იდგა ვარსკვლავის შუაში,
ქაჯურად რასმე ამბობდა
ბელადის როლ-ამპლუაში.
614. ციკნის ყელს ძარღვი გადუხსნა,
სისხლმა იდინა სურაში,
მიაძღა, ამოითხვარა
ტუჩნიკაპი და ულვაში.
615. ცოლსაც დაუსხა, იმანაც
ჩაიმხო სავსე ფიალა
და მერე სისხლის სმურებმა
სტუმრებში ჩამოიარა.
616. ხარბად დააცხრნენ სასმისებს
დიდიან პატარიანად,
პირსისხლიანი ბრბო იყო
ეშმაკის მონა მთლიანად.
617. უხმო ვაჭარმა ჭიჭიას,
უცხო თასი რამ გადასცა,
თვალი გავკიდე შორიდან
შიგთავსის წითლად ლაპლაპსა.
618. დადუმდა მთელი დარბაზი,
თითქოს ელოდა ამ წამსა
და ყურადღებით უსმენდა
ვაჭარბელადის ნათქვამსა:
619. „მივიღოთ ახალი წევრი
ამ ჩვენს გილდია ჰამქარსა,
დიდ ბატონს მიეყიდება,
ნებით დაიდგამს თავს რქასა.
620. სულის სანაცვლოდ მიიღებს
მომხვეჭველობის ძალასა,
გაიგებს სხვისთვის დაფარულს,
ცხოვრებას მოხდის ღალასა.“
621. მომიახლოვდა ჭიჭია
მამის სიტყვების გამგონი,
მივხვდი საითაც დაქანდა
ბედ-იღბლის მრუდე სასწორი.
622. სისხლიან თასს მაძალებდა
სინდის ნამუსის არმქონი,
ხელი ვკარ, ზედ გადავასხი,
ვიყვირე მთელი ძალ-ღონით:
623. „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის,
ის არის ჩემი პატრონი,
დაგლახვროთ წმინდა გიორგიმ,
თქვენცა და თქვენი ბატონიც!“
624. განრისხდა, ხელი წამტაცა,
ჩამომახია საკინძე,
გამოჩნდა ჯვარი ჩემს მკერდზე
სხივს რომ აფრქვევდა საკვირველს.
625. მერე იმატა ნათელმა
და შიშისაგან აკივლდნენ,
გარშემომყოფი ჭინკები
კაცის ტყავისგან გაშიშვლდნენ.
626. ახლოს ვერ მეკარებოდნენ,
ხმებს გამოსცემდნენ საშინელს,
კედლებს ფხოჭნიდნენ ბრჭყალებით,
კარი გახსნეს და გაცვივდნენ.
627. ამგვარად მიხსნა უფალმა
ჯვრის მადლით ღვთივკურთხეულით,
მას შემდეგ არც შემხებია
ჭიჭიას ბილწი სხეული.“
628. ეს თქვა და ერთხანს დადუმდა
თვალებზე ცრემლმორეული,
ტიტეს მკლავებში გაყუჩდა
მის სითბოს მონატრებული.
(გაგრძელება იქნება)
*******************
ქემო ქავთარი
Subscribe to:
Posts (Atom)