714. გამოხდა ხანი მცირედი,
ან იქნებ ბევრიც ზოგისთვის,
დრო უცებ გადის საქმეში
და მიზოზინებს ლოდინში.
715. ტიტე შეუდგა სამზადისს
საბედისწერო ბრძოლისთვის,
მოსწრება უნდა ყველაფერს,
დრო გარბის, შენ არ მოგიცდის.
716. მოიხმო ბიძაშვილები,
უთხრა ჭინკების ამბავი,
რისხვა ჩაუდგათ თვალებში,
ააჟღარუნეს ფარ-ხმალი.
717. გეგმა გააცნო, იმსჯელეს,
ერთად განსაჯეს საქნარი,
მერე დაიწყეს შეკრება
ერთგულ მებრძოლთა ლაშქარის.
718. შეგროვდა რაზმი საწვრთნელად,
ტყეში გამართეს ბანაკი,
შეფიცულებმა იხმიეს
ფიცვერცხლჩათლილი არაყი.
719. ხამს საიდუმლოს შენახვა
თუნდაც სამარის კარამდის,
დედამც შაერთოს ცოლადა,
ვინც გულს გაივლოს ღალატი.
720. წურთნიდა ტიტე შეთქმულებს
აჩვევდა ხმალთა კვეთებას,
ცეცხლად ღვიოდა თვალებში
საბრძოლო სულისკვეთება.
721. არ იქნებოდა იოლი
ჭიჭიას სახლში შეღწევა,
უჩუმრად მისვლა, ჭინკებზე
მოულოდნელი შეტევა.
722. სახლს მიუჩინა მზვერავნი
თვალყურის მისადევნებლად,
აკვირდებოდნენ მცველების
განლაგებას და ქმედებას.
723. სახლს ვამბობ, მაგრამ რა სახლი?!.
ციხე-სიმაგრეს ედრება,
ზურგიან კოშკზე მიბმული
გალავანი გარს ევლება.
724. ბლომად უდგანან გუშაგნი
ვაჭარს სიმშვიდის მცველებად,
ალაყაფს მიღმა უჩუმრად
ვგონებ ხვლიკიც ვერ შეძვრება.
725. მაგრამ გამოცდილ ციხისთავს
მშვენივრად მოეხსენება,
რომ ყველა ციხე-სიმაგრეს
სისუსტე მოეძებნება.
726. მხოლოდ პოვნაა საჭირო
და სწორად გამოყენება,
ზუსტად დასახვა მიზნისა,
დროულად ამოქმედება.
727. გალავანს აღმოსავლეთით
გასდევდა ღრანტე კლდიანი,
ფრიალო კბოდეს შეზრდოდა
კედელი ოთხადლიანი.
728. ვერ შეჰბედავდა ზედ ასვლას
ვერც მეკლდეური ფხიანი,
ვიწრო კალაპოტს ებრძოდა
ღრმა ხევში წყალი ღრიალით.
729. არ ედგნენ მცველნი ამ კედელს,
არც მზირი თვალყურიანი,
თვითონ ბუნებას შეექმნა
აქ ზღუდე იმედიანი.
730. მაგრამ ხანდახან იქ ჩნდება
სისუსტე ოხერ-ტიალი,
სადაც ყველაზე ძლიერი
გგონია თავი ჭკვიანი.
731. გაღმა ნაპირიც კლდე იყო
პიტალო, უფრო მაღალი,
თავს ედგა ბრტყელი ზეგანი,
როგორც მეომრის ჩაჩქანი.
732. ზეგანზე ხშირი ტყე იყო
ტიტეს მზვერავთა საფარი,
ხელისგულივით მოჩანდა
ზემოდან ვაჭრის სახლ-კარი.
733. მთელი სამი თვე გაგრძელდა
დაკვირვება და თვალთვალი,
შეთქმულთა რაზმი მზად იყო,
მტრისთვის დაეცა თავზარი.
734. სამ თვეში სამთა თათბირი
სამჯერ ჩატარდა ბაღნარში,
ახალიც ბევრი ითქვა და
ძველიც რჩებოდა ძალაში.
735. შეთანხმდნენ ყველა დეტალზე,
სრულად დარწმუნდნენ ამაში,
დაიწყო სიკვდილ-სიცოცხლის
საბედისწერო თამაში.
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
No comments:
Post a Comment