Sunday, September 1, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი IV - თეთრი აჩრდილი, თავი I - გამოცხადება


386.  დრო მუდმივად მიდიოდა,
         ვისთვის - ნელა, ვისთვის - მალე,
         ზოგს ტანჯავდა, ზოგისთვის კი
         სულ არ ტოვებდა ნაკვალევს.

387.  დრო დგებოდა, გადმოჰფენდა
         ცივ ზამთარში თოვლის საბნებს,
         გაზაფხულზე ყვავილებად
         აფეთქებდა ნუშს და ატმებს.

388.  ზაფხულობით მთას და მდელოს
         ფოთლებად ასხამდა მწვანეს,
         ოქროსფრად აბიბინებდა
         შემოდგომის პურის ყანებს...

389.  გაზაფხული მოსულიყო,
         გადაევლო თოვლს და ნამქერს,
         გუთნეულის ოროველა
         ხნულებად ავლებდა ნამღერს.

390.  მშობელ მიწას შეჰხაროდა,
         შრომობდა გლეხკაცი გამრჯე,
         მაგრამ მტერი არ აცდიდა,
         ცალი ხელი ედო ხმალზე.

391.  იმხანად ტიტეს მხედრობა
         იდგა ერთ ციხე-სიმაგრეს,
         მარბიელთაგან იცავდა
         ირგვლივ საზღვრისპირა მხარეს.

392.  მათ იმედზე სოფლის მკვიდრნი
         უფრო მშვიდად გრძნობდნენ თავებს,
         უმალ მაშველს უგზავნიდნენ,
         სადაც შემოჰკრავდნენ ზარებს.

393.  ქართულ მიწას სდარაჯობდნენ,
         ხმლის ქნევაში ღლიდნენ მკლავებს,
         თუ მშვიდობით ღამდებოდა,
         დილისთვის იკრებდნენ ძალებს.

394.  ერთ ღამესაც, როს მშვიდობით
         ამოგორდა ცაზე მთვარე,
         ციხეს თავზე წამოადგა,
         გაანათა არემარე.

395.  ციხიონს მშვიდად ეძინა
         ასვენებდა დაღლილ თვალებს,
         მხოლოდ მორიგე გუშაგნი
         ფხიზლობდნენ და ტეხდნენ ღამეს.

396.  არ ეძინა არც ციხისთავს,
         ფიქრებმა კვლავ გააწამეს,
         დამფრთხალიყო ძილის რაში,
         გასულიყო გაღმა მხარეს.

397.  ციხის ქონგურებზე ისხდნენ
         ვარსკვლავები მოკამკამე,
         ტიტეს სარკმელში შემოძვრა
         გაბადრული სავსე მთვარე.

398.  უთხრა, ვიცი, არ გძინავსო,
         გამოიხედეო გარეთ,
         ერთი მოხუცი სტუმარი
         მოსდგომიაო შენს კარებს.

399.  გულს ახარებს სტუმრის მოსვლა,
         მაგრამ როგორ შესძლო ნეტა,
         დაცულ ციხე-სიმაგრეში
         ასე შეუმჩნევლად შესვლა?!

400.  იქნებ მართლაც არ სძინავსო,
         არც ეშმაკს და არცა მტერსა?..
         წამოფრინდა არწივივით,
         ხმალი აჰყვა ტიტეს ხელსა.

401.  ფართოდ გამოღებულ კარში
         თვალი ჰკიდა თეთრ თმა-წვერსა,
         კაცი თეთრი სამოსელით
         აფრქვევდა უცხო ნათელსა.

402.  ვინა ხარო, ჰკითხა მოხუცს,
         არა ჰგავხარ ხორციელსა,
         რა ჯადოქრობით გამოსცდი
         ციხე-გალავანის მცველთა?..

403.  სასიკეთოდ მოვსულვარო,
         საქმე მაქვსო მხოლოდ შენთან,
         ამბავს გეტყვი იმისთანას,
         შენს ცხოვრებას უცვლის ფერსა.

404.  თქვა მოხუცმა და თვალებში
         მიაჩერდა მასპინძელსა,
         სასიამოვნო ხმა ჰქონდა,
         ბგერებად შლიდა ხავერდსა.

405.  სიკეთის ნაკადსა ღვრიდა,
         არა ჰგავდა ავის მქმნელსა,
         ტიტემ სახლში მიიწვია,
         მადლობა შესწირა ღმერთსა.

406.  გათენებამდე ჰყვებოდა
         სტუმარი თავის ამბებსა,
         ჩუმად იჯდა მასპინძელი,
         ფიქრით სჯიდა მონასმენსა.


(გაგრძელება იქნება)

*************
ქემო ქავთარი

No comments:

Post a Comment