438. უსმინა მებაღის სულმა
შესაშური მოთმინებით,
მერე ისევ ამეტყველდა
მოსაუბრე ენამჭევრი:
439. „უნდა გითხრა, ციხისთავო,
შენ არ იცი კიდევ ბევრი,
ამ საქმეში ურევია
ბოროტი ძალების ხელი.
440. კაცთა მოდგმას გვიჭირს ვლეწოთ
ცხოვრება სიკეთის კევრით,
სადაც სიკეთე გვაკლდება,
ბოროტებაც იქა მღერის.
441. ჩვენს შეცდომებს ის იყენებს,
რომელი ვართ უცოდველი?
დამიჯერე, იმ სოფლიდან
უკეთ მოსჩანს ეს სოფელი!
442. სიკვდილს იქით თვალებს ვახელთ,
იქ სხვა ხედვას გვაძლევს ღმერთი,
ახლა ვხედავ იმას, რასაც
სიცოცხლეში ვერ ვამჩნევდი.
443. ეშმაკეული სულ ცდილობს,
რომ გვატაროს მრუდე გზებით,
ბევრს აცდუნებს ფუფუნებით
და იოლი წარმატებით.
444. ზოგნი სულსაც კი ჰყიდიან,
რათა მოიხვეჭონ მეტი,
ცოდვის მორევში ჩაფლულნი
ვერ ძღებიან ძარცვა - გლეჯით.
445. მათი სახით მრავლდებიან
ქვეყნად ჭინკა - მაქციები,
კაცის ტყავში გახვეული
ეშმაკის ერთგული თხები.
446. ბოროტ ზრახვებს ისრულებენ
შავბნელი რიტუალებით,
ორმაგი სახით ცხოვრობენ
ჩვენს გვერდით და ვერც კი ვხვდებით.
447. მხოლოდ სავსე მთვარის შუქზე
შიშვლდებიან მაქციები,
დემონურ სახეს იღებენ
კუდიანი მახინჯები.
448. დაცქვეტილი ყურები აქვთ,
წითლად უელავთ თვალები,
ბინძურ სიმყრალეს აფრქვევენ
დუჟმორეული ლაშებით.
449. ორ ფეხზე დგანან უკუღმა,
დაბაკუნობენ ჩლიქებით,
საზარლად იღრინებიან
სისხლში მოთხვრილი კბილებით.
450. ხელებზე ბასრ იარაღად
აქვთ ალესილი ბრჭყალები,
თავს რქები ადგათ, წოდების
და ძალის განმასხვავები.
451. თუ შეძლებ, ნახო ამ სახით
და თვალში გაეჩხირები,
მოგკლავენ, თუკი მათსავით
ეშმაკს არ მიეყიდები.
452. ასეთ ჭინკებს მოეწონათ
შენი სატრფო თურმე სარძლოდ,
ჭინკა ჭიჭიას გულშიც კი
დაუნთია ცეცხლი ვარდოს.
453. დატრიალდნენ, გამოცდილი
მაჭანკლები ნახეს სანდო,
ქალის სათხოვნად მისულან,
შენ რომ მთაში იყავ, მაგ დროს.
454. დედა ჭინკამ მონდომებით
დიდხანს ჩხიბა თურმე ჯადო,
სტუმრად მისულმა უჩუმრად
კერიის ცეცხლში ჩააგდო.
455. ბედის კლიტე ისე შეკრა,
საქმე იმგვარად მოაწყო,
რომ ჭიჭიას გარდა სხვისთვის
თანხმობა ვერ ეთქვა ვარდოს.
456. განზრახ ხმებიც დაუყარეს,
რომ ერთმანეთი უყვართო,
მშობლებსაც კი არწმუნებდნენ,
თქვენს ქალს ჩვენი ბალღი სწადსო.
457. მაგრამ, როცა ნახეს მაინც
უარზეა საპატარძლო,
მოიტაცეს მაშინ ძალით,
დაატყვევეს უსამართლოდ.
458. ჭიჭიაზე გათხოვება
სასჯელია მისთვის მარტო,
ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში
ცხოვრობს და სიკვდილსა ნატრობს.
459. ტყვედქმნილია ჭინკებისგან
შენი გულისსწორი ვარდო,
დღესაც ისევ შენ უყვარხარ,
წრფელი გულით შენზე დარდობს.
460. ახლა, როცა შეგიძლია
რეალობა დაინახო,
დროა, მხსნელად მოევლინო
და ჭინკებზე გაილაშქრო.“
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
No comments:
Post a Comment