629. ვაჟი კი ისევ ნაამბობს
მისდევდა ჩაფიქრებული,
რატომღა დარჩი მათთანო,
ჰკითხავდა გაკვირვებული.
630. ვარდომ მიუგო: „ჭინკები,
სულგაყიდული მხეცები
ძალზე უფრთხიან გამჟღავნდეს
მათი ცხოვრების წესები.
631. ვერ მომკლეს, მაგრამ მუქარით
კვლავ აილესეს ენები,
დედ-მამას დამიხოცავდნენ
პირსისხლიანი მკვლელები.
632. დავრჩი, რძლად გამომაცხადეს,
ტყვედქმნილი სინამდვილეში,
რომ ჰკითხო, ისე ვუყვარვარ,
არ გამარჩევენ შვილებში.
633. ჭიჭია გაცოფებული
იყო ამგვარი ცვლილებით,
ითხოვდა მასთან მეცხოვრა
ცოლქმრული წესის მიხედვით.
634. მეჩხუბებოდა, მლანძღავდა
ბილწი, უშვერი სიტყვებით,
შეხებას ვერ მიბედავდა,
თრგუნავდა ჯვარის სხივები.
635. თავი და ბოლო არ ჰქონდა
იმის ყიამყრალ ლაქლაქსა,
ერთხელ მამაც კი შეესწრო
დავიდარაბას ამგვარსა.
636. ვერ მოითმინა, იფეთქა,
ხელი დასტაცა მაჟარსა,
არ შეგარჩენო, სულძაღლო,
ჩემი ასულის ჩაგვრასა.
637. სცადეო, ისიც ყვიროდა,
გულმკერდს უშვერდა ტყვიასა,
ვნახოთო, ვისი აჯობებს,
ვინ მიიღებსო ზიანსა.
638. სიმთვრალე ამამაცებდა
გულბოროტ, ლაჩარ ავკაცსა,
სიკვდილის ლანდი აეკრა
ფეხზე შემართულ ჩახმახსა.
639. მე ჩავუდექი შუაში,
ცრემლით ვევედრე მამასა,
ნუ დამღუპავ თქო და ცოდვას
ნუ შემყრი ამისთანასა.
640. თოფი დაუშვა, წავიდა,
დაბრუნდა მთა-იალაღსა,
ერთი თვის თავზე დაეცნენ
ჭინკები იმის ფარასა.
641. ყელგამოჭრილნი უნახავთ
დაფატრულ ცხვრების გროვასთან,
საუკეთესო მწყემსები,
ნაჩვევნი შრომა-ბრძოლასა.
642. ვერ დაადგინეს სიმართლე,
დაბრალდა მგლების ხროვასა,
გადაივიწყა სოფელმა,
როგორც კი მორჩა გლოვასა.
643. არა სჯეროდა მამაშენს,
ნადირობის დიდ ოსტატსა,
კვალი აიღო, მისდია
და ალბათ რამე მონახა,
644. ისეთი, რითაც შეძლებდა
მეგობრის მკვლელთა პოვნასა,
მაგრამ დაასწრეს და ის კლდეც
ჭინკების ხელით მოზვავდა.
645. ეს ამბავი ერთი წლის წინ
ჭიჭიას ჩემთან წამოსცდა,
თრიაქისგან გაბანგული
ვერ ხვდებოდა, რას ამბობდა.
646. ვეღარაფრით ავიტანე
მამის მკვლელთა სახლში ყოფნა,
გამოვიქეც დედაჩემთან,
მსურდა სიმართლის მოყოლა.
647. დედა დარდით გატეხილი
დამხვდა, ძლიერ შემეცოდა,
ნუ დაანგრევ შენს ოჯახსო,
ყოველ საღამოს რომ მთხოვდა.
648. არ ცხრებოდა საჭინკეთი,
მაქციების გულღრძო მოდგმა,
თუკი არ დავბრუნდებოდი,
მპირდებოდნენ დედის მოკვლას.
649. შევუთვალე: „თუ გაბედავთ
ჩემს ეზოსთან ახლოს მოსვლას,
მაიძულებთ, რომ სიმართლით
სავსე გუდას პირი მოვხსნა.“
650. ერთ თვეს ითმინეს ჭინკებმა,
დააწყვეს გეგმა მზაკვარი,
შუაღამისას მოვიდნენ,
ცეცხლს მისცეს ჩვენი სახლ-კარი.
651. შევნიშნე ალი ავარდა
უცებ გაჩაღდა ხანძარი,
გარედან მესმა ჩლიქების
ბაკაბუკი და ხარხარი.
652. უფალს შევთხოვე შეწევნა,
გადავიწერე პირჯვარი,
დედას მოვხვიე მკლავები,
როცა გაბრწყინდა ხის ჯვარი.
653. ნისლივით შემოგვევხვია
ნათელი ძალა იმგვარი,
ცეცხლმა ვერ დაგვწვა, უვნებლად
გამოვიარეთ ჭიშკარი.
654. ამ მონასტერში მოვედით,
მას შემდეგ დედა აქ არის,
მონაზვნად შედგა და უფალს
მიუძღვნა თავისი თავი.
655. ყველაფერი რომ ვუამბე,
ჩაფიქრდა, როგორც მისანი,
ცრემლები წამოუვიდა,
მითხრა ვნახეო სიზმარი:
656. „სულსა ღაფავდა ჭიჭია,
გახსნილი გულისფიცარით,
ხელ-ფეხზე ეზიდებოდნენ
აჩრდილნი ქვესკნელისანი.
657. იქვე ჯვრით ხელში იდექი
შეშინებული, დამფრთხალი,
წინ ტიტე აგფარებოდა,
სისხლში მოსვრილი ფარ-ხმალით.
658. მაშინ სხვაგვარად ვინიშნე,
ახლა კი ვხვდები რაც არის...
შემთხვევით არ მიგიღია
ღვთისაგან ძალა ამგვარი.
659. რადგან წილად გხვდა, გეხილა
ჭინკების სახე საზარი,
უნდა ამხილო ეშმაკის
ერთგული თხების ჰამქარი.
660. თუ ტიტეს ხელით გათლილა
ჯვარი სხივნათელ მართალი,
ვფიქრობ, რომ მხოლოდ ის შესძლებს,
მოსპოს ჭინკების ლაშქარი.“
661. ამის შემდეგ, შენს საძებრად
წამოსვლა რომ გადავწყვიტე,
მებაღის სული მესტუმრა
სალბუნად მოედო ფიქრებს.
662. ასე მითხრა: „ნუ იჩქარებ,
ჩემო ვარდო, ამას გირჩევ,
მე ვიზრუნებ, დრო რომ მოვა
თვითონვე მოგძებნოს ტიტემ.
663. შენ უკან უნდა დაბრუნდე,
ასე სჭირდება ჩვენს მიზნებს,
თავს მორჩილად მოაჩვენებ,
უკეთ შეისწავლი ჭინკებს.“
664. დავუჯერე და მას შემდეგ
გელოდები, ჩემო ტიტე,
ახლა აქ ხარ, ჩემთან ერთად,
და გულს კვლავ იმედით მივსებ.“
665. ჯერ ტკივილით ჩასწვდა გულში,
ტიტეს ვარდოს ნაამბობი,
მერე გონებას დაატყდა
მრისხანების ქარაშოტი.
666. ცოტა ხანში ღელვა დაცხრა,
შემართება გაჩნდა ბრძოლის,
სატრფოს დასახსნელად თუნდაც
დემონებთან ჰქონდეს ომი.
667. კეთილ-ბოროტის ბრძოლაში
თუ გზა აირჩიე სწორი,
ეშმაც ვერაფერს დაგაკლებს,
თუ ხარ უფლის გვერდით მდგომი.
668. სიყვარულით ჩაიხუტა
გულში ტიტემ გულისსწორი,
აქ, ერთმანეთის იმედად
ადრეც იდგნენ ბაღში ორნი.
669. ფსკერზე ჩაჰყვა თაფლის მორევს,
სუთქვას აჰყვა ვნების შტორმი,
მონატრებულ ბაგე-ტუჩზე
ფიფქივით დადნა ამბორი.
670. ფრთხილად გაუხსნა საკინძე,
მკერდზე იმ ხის ჯვარს ემთხვია,
ქალი, როგორც ვაზი ჭიგოს,
ჩაეკრა და ჩაეხვია.
671. სადღაც გაქრა ყველა ზღვარი,
დარჩა კოცნა-ალერსია,
სულმაც შვება იგრძნო, სხეულს
ნეტარება რომ ეწვია...
672. მოეფარა მთვარე ღრუბელს,
ცისკრის ვარსკვლავს გაეღიმა,
დრო კი ისევ დროს მისდევდა
და ვერაფრით დაეწია.
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
No comments:
Post a Comment