Friday, September 6, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი V - დაბრუნება, თავი II - შეხვედრა


504.  მოხუცის სტუმრობის შემდეგ
         შვიდი დღე ოთხჯერ გავიდა,
         ღერძის ირგვლივ ოცდარვაჯერ
         გადაგორდა დედამიწა.

505.  ამასობაში კი მთვარემ
         ერთი სრული წრე აღრიცხა,
         ჯერ დარდისგან გაილია,
         მერე ივსებოდა დიდხანს.

506.  ბოლოს ისე გაიბადრა,
         სიხარულით ცას ეწია,
         ბაღისკენ მიმავალ ტიტეს
         შუა გზაზე დაეწია.

507.  უკან გაჰყვა ფეხაკრეფით,
         შარაგზაზე გაეფინა,
         ხეთა კორომში გამოძვრა
         ათინათად დაებნია.

508.  ბაღში შეჰყვა და ყვავილებს
         ჩაეკონა, ჩაეხვია,
         საფლავის წინ შემდგარ ტიტეს
         მოგონებად დაეფრქვია...

509.  აქ დაიწყო ყველაფერი,
         ნორჩ გულებს გრძნობა ეწვია
         და უთქმელი სიყვარული
         ერთ კოცნაში ჩაეტია.

510.  იდგა ვაჟი მთვარის შუქზე
         ცრემლი ედგა თვალებშია,
         სადაც იყო მოვიდოდა,
         ის ვინც სიცოცხლეს ერჩია.

511.  მთვარე მიხვდა მიჯნურთ შორის
         მისი ყოფნა ზედმეტია,
         მორიდებით განზე გადგა
         და ღრუბლებში გაეხვია.

512.  გაირინდა არემარე,
         ირგვლივ ჩქამიც არ ისმოდა,
         ნიავმა სუნთქვა შეიკრა,
         ფოთოლიც კი არ იძვროდა.

513.  დრო შეჩერდა თითქოს წამით,
         რა ეფიქრა არ იცოდა,
         გრძნობდა, ოცი წლის წინანდელ
         წყევლას ყავლი გასდიოდა.

514.  ბილიკზე ქალი გამოჩნდა
         მონასტრის კარიბჭის მხრიდან,
         ყელმოღერილ ირემს ჰგავდა,
         ბაღნარში რომ შემოვიდა.

515.  შეამჩნია ვაჟმა, უმალ
         შესახვედრად წამოვიდა,
         ქალმაც ნაბიჯს აუჩქარა
         და ჩრდილიდან გამოვიდა.

516.  ვარსკვლავები აწრიალდნენ,
         ლამის ჩამოცვივდნენ ციდან,
         საროსტანას ყვავილების
         მთელი გუნდი ქედს უხრიდა.

517.  მთვარეს სულმა წასძლია და
         ქალის სახეს მოეფინა,
         სხივმოსილმა სილამაზემ
         მისი ნათელი დაჩრდილა.

518.  აუჩქროლდა ვარდოს გული,
         მკერდში ვეღარ დაეტია,
         თავის ტოლსწორი შეიცნო,
         ტანმაც მისკენ გაიწია.

519.  მივიდა, ნოტიო თვალნი
         ვაჟს სახეში შეაფრქვია,
         მკერდს ჩაეკრა და მკლავები
         ყელ-კისერზე შემოხვია.

520.  სუნთქვა სუნთქვას შეერია,
         მკერდმა მკერდი რომ გაათბო,
         ტუჩთან ტუჩი შეერთდა და
         ჟრუანტელი აჰყვა ამბორს.

521.  ძარღვებში სისხლს შეერია
         და ვნების ცეცხლი დაანთო,
         მთელ სხეულში ჩაიღვარა,
         გულმა გულს გრძნობა გაანდო...

522.  და აღმოხდა მაშინ ტიტეს:
         „მიყვარხარო, ჩემო ვარდო,
         ჩემთვის ქმნილო ბედისწერავ,
         ჩემო ოცნებავ და დარდო!..

523.  ახლობელო, შორეულო,
         გულო გრძნობამორეულო,
         ჩემსავით გადარეულო,
         ჩემი სულის ორეულო,

524.  წყევლა ჰკლავდა ჩვენს სიყვარულს,
         მაგრამ გადარჩა, გაუძლო.
         ახლა, გინდა მიწა გასკდეს,
         შენს თავს არავის დავუთმობ...“

525.  ქალმა უთხრა: „მეც მიყვარხარ,
         მე შენში ვარ, შენ კი ჩემში,
         შენს გარეშე ეს სიცოცხლე
         ტანჯვა არის მხოლოდ ჩემთვის.

526.  ბედნიერი მაშინ ვიყავ,
         როცა შენ მედექი გვერდში,
         მუდამ ვგრძნობდი, რომ გიყვარდი,
         ვკითხულობდი შენს ფიქრებში.“

527.  ნათქვამი ეამა ტიტეს,
         შემოხვია წელზე ხელი,
         იქვე ძელსკამზე ჩამოსხდნენ,
         სასაუბრო ჰქონდათ ბევრი.

528.  მერე სთხოვა: „მომიყევი,
         როგორ მოხდა ყველაფერი!..
         როგორ აღმოჩნდა ჭინკების
         ხელში ქალი მშვენიერი?..“

(მეხუთე ნაწილის დასასრული)
(გაგრძელება იქნება)

*****************
ქემო ქავთარი




No comments:

Post a Comment